არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ინიციატივით ორგანიზებული ეკონომიკური ფორუმი, რომელიც რამდენიმე დღის წინათ გაიმართა, „ქრონიკა+“-თან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა შეაფასეს.
გიორგი ახვლედიანი _ „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველო“:
_ ჩვენი პარტია ამ ფორუმზე არ მიუწვევიათ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის საუბრის ტონს, ყურში მოსახვედრი იყო არაადეკვატური ტონი ბიზნესმენებთან მიმართებით. ზოგადად, ბიზნესი ყველაზე საშიში სფეროა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ეს ყოველთვის ასე იყო. ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ბიზნესმენები, ზოგადად, ყველაზე მშიშარა საზოგადოებრივი ფენაა. როცა ბევრი გაქვს დასაკარგი, გეშინია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი არ დაკარგო. არა მარტო ბიზნესმენებთან, საერთოდ, არც ერთ სოციალურ ჯგუფთან ასეთი საუბარი, თითის ქნევა, ახლა წახვალ და ხმებს მოიტან, თუ არადა, დაგავიწყდათ, რას გიშვრებოდათ სააკაშვილიო, იმის მანიშნებელი იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდა, ცუდ დღეში არის, რადგან საჭირო გახდა ასეთი თითის ქნევებით, ტონითა და ფორმით მოთხოვნა ბიზნესმენებისთვის, რომ ნათესავებისა და თანამშრომლების ხმები მოიტანეთო. ამან წარმოაჩინა ის, რომ „ქართული ოცნების“ ელექტორული მდგომარეობა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. რაც შეეხება გამონათქვამებს და ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას, არაერთხელ გვითქვამს „დემოკრატიულ მოძრაობას“ და საზოგადოებისთვისაც მიგვინიშნებია, რომ ბიძინა ივანიშვილი აშკარად ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს, აშკარად არ აქვს წარმოდგენა იმ პრობლემებზე, რომელშიც საქართველოა ეკონომიკური თვალსაზრისით. სამაგიეროდ, მისგან მოვისმინეთ, თუ როგორ გავუსწარით შეერთებულ შტატებს. ძალიან ცუდად მენიშნა და სიმპტომატურია, როდესაც ხელისუფლების პირველი პირები ასეთ აბსურდებში გადავარდებიან ხოლმე, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელისუფლებო ვერტიკალში ვერ არის საქმე კარგად. შესაბამისად, ბევრი არაადეკვატურობის ფონზე მოვისმინეთ კიდევ ერთი არაადეკვატური დამოკიდებულება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან მძიმე რეიტინგულ მდგომარეობაშია. ეს იმის მაჩვენებელია, რომ 65%-დან 30%-ზე რომ ჩამოხვალ და თან ამ პროცენტით ამაყობ, ძალიან სასაცილო მდგომარეობაა, შესაბამისად, „ოცნება“ შეეცდება, როგორმე მაჟორიტარებით მოიპოვოს საპარლამენტო უმრავლესობა, რასაც 4 წლის განმავლობაში ვამბობდით მთელი ინტერპარტიული ჯგუფი და საარჩევნო სისტემის ცვლილებას ვითხოვდით.
დავით ონოფრიშვილი _ „თავისუფალი დემოკრატები“:
_ ჩემი პარტიის ეკონომიკური პროგრამის ავტორი ვარ და ასე ვიყავი მიწვეული. ვისაუბრე ამ საკითხებზე, თუ რა გვიწერია ჩვენს პროგრამაში, როგორ გვგონია, რომ განვახორციელებთ. ამავე დროს, კრიტიკულად შევაფასე, რისი გაკეთება შეიძლებოდა ამ ოთხ წელიწადში, რა დაპირება იყო და რა ვერ გაკეთდა. საუბარი იყო, ასევე, რა გაკეთდა, რა პოტენციალი არის მომავალი ოთხი წლის განმავლობაში და შემდგომ რისი გაკეთება შეიძლება? ამ ნაწილზეც ჩემი აზრი გამოვთქვი. პირველი 15 წუთი ყველამ მოისმინა, რა კითხვებიც დასვა ივანიშვილმა, _ წინა ხელისუფლების დროს გრძნობდა თავს კარგად ბიზნესი, თუ ახალი ხელისუფლების დროს? თუ ახალი ხელისუფლების დროს, მაშინ გამოეხატათ აზრი და, ზოგადად, ხმამაღლა ეთქვათ საზოგადოებაში. ჩემი აზრით, ეს ადამიანები თუ ჩათვლიდნენ საჭიროდ, ისედაც იტყოდნენ და ზედმეტი იყო ამის მოთხოვნა, გინდა თუ არა, აზრი გამოთქვითო. ეს ბიზნესფორუმი გახლდათ და, ზოგადად, პოლიტიკური აქცენტების გაკეთება არ იყო საჭირო. ასეთი ბიზნესფორუმები ქვეყანაში ტარდება, სხვადასხვა ორგანიზატორი არის, მაგრამ, ცხადია, დრო არ იყო კარგი. როდესაც არჩევნებამდე ორი კვირა რჩება, გინდა-არ გინდა, ასეთი ფორუმების პოლიტიზება ხდება, ამიტომ სჯობს, სხვა პერიოდში გაიმართოს ხოლმე, როდესაც უფრო ცივი გონებით ხდება მსჯელობა და პერსპექტივის გაანალიზება.
რომან გოცირიძე _ „ნაციონალური მოძრაობა“:
_ მიწვეული ვიყავი, მაგრამ არ ვიცი, პარტიიდან მიმიწვიეს, თუ პერსონალურად? მე პირველ ფორუმზეც მიმიწვიეს, მაგრამ 15 წუთში მიგვატოვა ივანიშვილმა და წავიდა. შეურაცხმყოფელი იყო მისი საქციელი, ისეთი სიტყვებით მიგვატოვა, _ ახლა მე წავალ, თქვენ უფრო ლაღად ილაპარაკებთო. არადა, ესწრებოდა მთავრობა, ექსპერტები, ბიზნესი და ა. შ. როგორც ქვეყნის ნამდვილი მმართველი, ისე იქცეოდა, თუმცა ოფიციალური სახელმწიფო პოსტი არ ეკავა. ამიტომ იგივე სიტყვები გავიმეორე და მეც დავტოვე ფორუმი. მეორედაც მიმიწვიეს, მაგრამ ის არ გამოცხადდა. ეს იყო საზოგადოებაზე ერთ-ერთი არაფორმალური მოქმედების ბერკეტი, სამღვდელოების გარდა, მასში მონაწილეობდა საზოგადოების ყველა ფენა და ეს რეალურად მთავრობის დამცირებაა, როდესაც არაფორმალური მმართველი ითხოვდა გაწეული მუშაობის ანგარიშს. ეს არის ბიზნესის შეურაცხყოფა, დატუქსვა და ის, რაც ბოლო მე-5 ფორუმზე მოხდა, საერთოდ იყო ენით აუწერელი, როდესაც დაავალა, რომ თანამშრომლებზე მოეხდინათ ზემოქმედება არჩევნების პროცესში. როგორც პარტიებს ჰყავს კოორდინატორები, დადიან და პარტიებს ეხმარებიან, ასეთ ბიზნესკოორდინატორებად მოინდომა ბიზნესმენების გამოყენება, რაც ბიზნესისთვის შეურაცხმყოფელია. როდესაც ეკონომიკურ ფორუმზე პარტიის წარმომადგენლები მიდიან, ეს გაუმართლებელია. როდესაც, პრაქტიკულად, პარტიულ შეკრებაზე მიდიან და ამით საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში, თითქოს დამოუკიდებელ ადამიანთა თავყრილობაა, სინამდვილეში რომ არა ამ ტიპის ადამიანები, გამოჩნდებოდა ამ ორგანიზაციის ნამდვილი სახე, ანუ მართული ხალხი. უცნაურია, ასეთ ღონისძიებაში პარტიების მონაწილეობა. არ ვიცი, ვის რა ვალდებულება აქვს, დაახლოებით ასე ჩანდა, ოღონდ მოდით და მაკრიტიკეთ, რამდენიც გინდათ. რაც შეეხება ჩემს გამონათქვამებს, რატომ უნდა მივიდე და ვისთან უნდა მივიდე და ვეახლო? მე ჩემი ცხოვრება მაქვს გავლილი და ჩემი კაპიტალი მაქვს, რომელიც ფინანსურად არ ითვლება. ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან ვიყავი პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმული და ჩემთვის სახელი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამ. მე ვუფრთხილდები რეპუტაციას და არასდროს არ მივალ ისეთ გარემოცვაში და შეხვედრაზე, რომელსაც ქვეყნისთვის არავითარი სარგებელი არ მოაქვს.
გოჩა თედორაძე _ „პატრიოტთა ალიანსი“:
_ ამ ფორუმზე „პატრიოტთა ალიანსი“ მიწვეული არ ყოფილა. ეს იყო მოჩვენება საზოგადოებისთვის იმისა, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის ეკონომიკური განვითარების კუთხით და რეალურად ბიზნესმენებისგან იმის მოთხოვნა და აღიარება, რომ ამ ქვეყანაში ამ კუთხით ყველაფერი კარგად არის, რომელიც უნდა დაინახოს ყველამ, მათ შორის, ბიზნესმენებმა, რომელთაც მერე უნდა დაიყვანონ იმ ადამიანებამდე, რომლებიც დასაქმებულები ჰყავთ. რეალურად, ეს იყო „ქართული ოცნებისთვის“ საარჩევნო კამპანიის გაგრძელება, მეტი არაფერი.
ზურაბ ტყემალაძე _ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“:
_ ჩვენი პარტია არ იყო მიწვეული, მაგრამ ძალიან კარგი შეხვედრა იყო, ძალიან ნორმალური მესიჯები გაჟღერდა. ბატონმა ბიძინამ კიდევ ერთხელ შეახსენა ბიზნესმენებსა და დამსწრე საზოგადოებას, რომ ყველამ უნდა დაინახოს ის სიკეთე, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდა: ის, რომ მეწარმეებზე აღარ არსებობს ზეწოლა; ის, რომ აღარავინ ართმევს ქონებას; ის, რომ მეწარმეები აღარ არიან ტერორის ქვეშ ეს ყველამ უნდა იცოდეს კიდეც და ახსოვდეს. მათაც ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ თუ არ უნდათ ძველი დანაშაულებრივი ხელისუფლება კიდევ დაბრუნდეს, მიიღონ გადაწყვეტილება, მხარი დაუჭირონ ვისაც უნდათ, მაგრამ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება.
გიორგი გუგავა _ „ლეიბორისტული პარტია“:
_ ჩვენ მიწვევა არ გვქონია. მან იქ დითირამბის სამღერლად შემოიკრიბა თავისი ე. წ. ექსპერტები და პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, როგორ დაატერორა ბიზნესმენები. განცხადებებს აკეთებდა იქ, როგორც მაფიოზური კლანის ლიდერი დონ ბიძინა ჭორვილელი. კბილებში ცრავდა, გრძნოდა რა თავის პოლიტიკურ დასასრულს და გაკოტრებულია საზოგადოების თვალში, ამიტომ ცდილობდა, რისხვა გადაეტეხა ბიზნესმენებზე და ბრძანებებს გასცემდა, _ დაავალეთ თქვენს თანამშრომლებს, ნაცნობ-მეგობრებს, რომ ხმა მისცენ „ქართულ ოცნებას“, თორემ დედას გიტირებთო, _ დაახლოებით ასეთი იყო ფაბულა ამ შეხვედრისა. ვუყურებთ, რომ მან ნელ-ნელა დაკარგა სახე, ისტერიკაში გადავიდა, ალბათ, აკვიატების ნაირსახეობაა, როდესაც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ქვეყნის მტრად გამოაცხადა და დღესაც ვუყურეთ, ნახევარსაათიანი ტირადა წაიკითხა. ეს, ერთი მხრივ, გასაგებია, დაპირისპირების მთავარი პოლუსი სწორედ ჩვენ ვართ და კარგად გრძნობს ჩვენს მაღალ რეიტინგს და ამითაა შეშფოთებული, მაგრამ, მეორე მხრივ, მისი ასეთი ქმედებები ნიშნავს, რომ ეს არის დასაღუპად განწირული ადამიანის ისტერიკა.
თამაზ მეჭიაური _ „თამაზ მეჭიაური _ ერთიანი საქართველოსთვის“:
_ ჩვენი პარტია არ ყოფილა მიწვეული ამ ფორუმზე. ისედაც გადართული ვარ სხვა საკითხებზე, მთიან რეგიონებში დავდივარ, მოსახლეობას ვხვდები და ნაკლებად ვადევნებ თვალყურს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რადგან ფიზიკურად ამის საშუალება არ გამაჩნია.
თამარ ბატიაშვილი