ბ-ნო გიორგი!
მოგახსენებთ, რომ ვარ მსჯავრდადებული და სასჯელს ვიხდი #5 პენიტენციურ დაწესებულებაში. გასამართლებული ვარ 182-ე და 194-ე მუხლებით და სასჯელის ზომად განმესაზღვრა 10 წლით პატიმრობა. აქვე გეტყვით, რომ 194-ე მუხლი, რომელიც 5-თვიანი გამოძიების შედეგად წამიყენა პროკურატურამ, არათუ ახლოს არის საქმეში არსებულ რომელიმე ქმედებასთან, არამედ ცალსახად ამტკიცებს, რომ პროკურატურა საკმაოდ უგნურია ფინანსური მუხლების შინაარსში და კონკრეტულად ჩემს შემთხვევაში პროკურორის „ფანატიზმის“ შედეგია 194-ე მუხლით ჩემი გასამართლება.
ახლა კი პირდაპირ გადავალ სათქმელზე და წინასწარ გიხდით ბოდიშს ემოციური წერილისთვის. იმედი მაქვს, ამჯერად მაინც გავხდები პასუხისა და ყურადღების ღირსი.
მე გწერთ „წყალმომარაგების კომპანიის“ გახმაურებულ კორუფციულ საქმეზე, რომლის მიხედვითაც მთავარმა ბუღალტერმა (ანუ მე) 2300000 ლარი მიითვისა ისე, რომ ამის შესახებ კომპანიაში ვერავინ გაიგო. აქვე დავძენ, რომ ზემოთ ხსენებული სქემა მიმდინარეობდა ყოველდღიურ რეჟიმში, თითქმის, 2 წლის განმავლობაში. თავად გამოიტანეთ დასკვნა, შესაძლებელია თუ არა, მთავარმა ბუღალტერმა მოახერხოს ასეთი რამ: 2800-კაციან უზარმაზარ კომპანიაში, სადაც არსებობს ფინანსური დირექტორი და მის საკურატოროში შედის 2 დეპარტამენტი და 5-6 სამმართველო, რომელიც ფინანსური აღრიცხვიანობის მექანიზმებით ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ურთიერთკონტროლირებადია თითოეული ფინანსური ოპერაცია და ყოველთვიური ფინანსური ნაშთები და შედეგები. სამწუხაროდ, დღევანდელმა პროკურატურამ 5-თვიანი შრომატევადი და ობიექტური გამოძიების შედეგად ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მთავარი ბუღალტრის ბრალდებულობის უდიდესი როლი გამოკვეთა და ჩემი მოადგილისა და ჩემი მეუღლის (რომელიც კომპანიაში არ მუშაობდა) ჯგუფის წევრებად დასახელება შეძლო. სწორედ ჩემი მოადგილის აღიარება საპროცესო შეთანხმების შეთავაზების გამო გამოიყენეს 194-ე მუხლის ერთადერთ მტკიცებულებად ჩემი და ჩემი მეუღლის წინააღმდეგ და ორივეს 10-წლიანი პატიმრობა მოგვისაჯეს. ეს თვით პროკურატურას სჭირდებოდა თავისი ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად და ზუსტად ამიტომ გააფორმეს საპროცესო შეთანხმება ჩემს მოადგილესთან ზარალის დაფარვის გარეშე.
აღარ მოგაწყენთ თავს საქმის დეტალების გადმოცემით, რადგან უამრავია და თუ დაინტერესდებით, შეგიძლიათ უყუროთ „რუსთავი 2“-ზე გასულ გადაცემებს: „არჩევანს“ (5-07-16) და „P. S. “-ს (03-07-16), სადაც თავად მქონდა სატელეფონო ჩართვები; ასევე 2 სტატია დაიბეჭდა გაზეთ „ქრონიკა+“-ში (26-07-16 და 09-08-16) და მოვახერხე გამესაჯაროებინა საქმის დეტალები, რომლებიც პროკურატურისთვის, თურმე, არაფრის მომცემია და გამოძიება არათუ გონივრული ლოგიკით წარმართეს, არამედ არაგონივრული, პრიმიტიული არგუმენტებით და დღეს, სწორედ ამ „სამართლიანი“ პროკურატურის წყალობით, 4 შვილის დედა ციხეში ვარ, ხოლო წყალმომარაგების კომპანიის გენერალური დირექტორი, არჩილ ცაბუტაშვილი, წესიერი და უდანაშაულო ადამიანივით გარეთ დაბრძანდება. იცით, რატომ? არ ვიცი, რამდენად ხართ საქმის კურსში, რომ ბ-ნი არჩილ ცაბუტაშვილი ზვიად ჯანყარაშვილის ბავშვობის მეგობარია. თქვენს წინამორბედს, ბ-ნ ი. ღარიბაშვილს, პირადად მივწერე წერილი, სადაც უამრავი ფაქტი დავუსახელე და ვთხოვე, რომ თუკი მთავარი დამნაშავისთვის, არჩილ ცაბუტაშვილისთვის შეიძლებოდა ხელის დაფარება და არდაჭერა, ასევე ეზრუნათ ჩემზეც და გაეთვალისწინებინათ ჩემი 3 მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც ერთი სრულწლოვანი (23 წლის) ძმის და 64 წლის პენსიონერი და ავადმყოფი ბებიის ამარა არიან დარჩენილები. თუმცა ამაოდ, არანაირი გათვალისწინებისა და ლოიალობის ღირსი არ გავხდი.
ახლა პირდაპირ მოგმართავთ, როგორც პრემიერ-მინისტრს და გთხოვთ, მიპასუხოთ, როგორ უნდა მოვიქცე ჩემს შემთხვევაში? მე არ ვამბობ, რომ უდანაშაულო ვარ, მაგრამ მთავარი დამნაშავე თუ გარეთ დაბრძანდება, მხოლოდ მე უნდა მოვიხადო სასჯელი? ჩემი შვილები უდედმამოდ არიან, უამრავი პრობლემა აქვთ და რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ მხოლოდ ჩემი პასუხისგებაში მიცემა? პროკურატურამ, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, სასამართლომ იცით, რამდენი უკანონობა დამანახვა? თვალებში ურცხვად მიყურებდნენ სასამართლო პროცესზე პროკურორი და გამომძიებელი, უტიფრად ამტკიცებდნენ ისეთ რაღაცებს, რაც არ ყოფილა და უარყოფდნენ იმ უკანონო ქმედებებს, რომლებიც ჩემ მიმართ გამოიყენეს. მთელი რიგი ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტი იყო, რა არ იღონეს ჩემი ნდობის მოსაპოვებლად, მოიპოვეს კიდეც, ვენდე, გულწრფელად ვუამბე ყველაფერი, ვთხოვდი და ვუხსნიდი დეტალურად, რა როგორ გამოეძიათ, რათა დამტკიცებულიყო სქემის დამკვეთი და ორგანიზატორი, მაგრამ ამაოდ... მომატყუეს და შეასრულეს ზედა ეშელონის დავალება, რომლის მიხედვითაც ევალებოდათ გამოძიების ისე წარმართვა, რომ ი. ღარიბაშვილისა და ზ. ჯანყარაშვილის ძმაკაცის _ ცაბუტაშვილის ბრალდებულება არ გამოეკვეთათ. ეს არ არის უკანონობა? ეს არის სამართლიანი პროკურატურა და გამოძიება? ადამიანის წამება მარტო „ცოცხები“ და ცემა-ტყეპა გგონიათ? ფსიქოლოგიური ზეწოლა ნაკლები წამებაა? მორალურად გამანადგურეს, ისე გამიმეტეს და ისე მომექცნენ, განსაკუთრებით საგამოძიებო პერიოდში, როცა ოჯახთან კომუნიკაცია შეზღუდული გაქვს და ადვოკატის იმედად ხარ, _ ადვოკატის, რომელიც ზ. ჯამასპიშვილმა (ანტიკორუფციულის უფროსი) თავისი შემოთავაზების მიხედვით ამაყვანინა და ვისი მეშვეობითაც გამოძიების პერიოდში ჩუმად ყოფნას მთხოვდნენ, მარწმუნებდნენ, მათთვის დამეჯერებინა და ისე მაწერინებდნენ ჩვენებებს, რის სანაცვლოდაც საპროცესო გარიგებას მპირდებოდნენ. მაგრამ ფინალში მოტყუებული დავრჩი, გამწირეს, როგორც თავად ცაბუტაშვილმა ასევე დღევანდელმა სამართალდამცველმა ორგანოებმა.
იცით, კიდევ რა ამყარებს იმას, რომ ცაბუტაშვილს ჯანყარაშვილი და ღარიბაშვილი მფარველობდნენ? _ დავუშვათ, ყველაფერი ისეა, როგორც პროკურატურამ გამიიძია, ანუ მე მოვახერხე და მივითვისე 2 მლნ-ზე მეტი თანხა. მაშინ სამსახურებრივი გულგრილობით მაინც ხომ უნდა დაისაჯონ გენერალური და ფინანსური დირექტორები?
თუნდაც ის, რომ პროკურატურას არ ჰქონია მიზანი და ინტერესი, ზარალის დაფარვაზე მაქსიმალურად ეზრუნა. ასეთ შემთხვევაში გამოძიებასაც ობიექტურად წარმართავდა და იმ თანხებითაც დაინტერესდებოდა, რომელიც კომპანიის გენდირექტორს აღმოაჩნდა ოფიციალური, დეკლარირებული შემოსავლის გარდა. 100 ათას აშშ დოლარზე მეტი (მხოლოდ 1 წლის განმავლობაში ბრენდულ მაღაზიებში) დახარჯული თანხის მტკიცებულება დევს საქმეში და ამ თანხის წარმოშობის კანონიერების გარკვევა სახელმწიფო ბრალმდებელს აზრადაც არ მოსვლია. მედიტ-აუდიტებს, რომლებიც პირადი საბანკო ანგარიშების ამონაწერების ფინანსურ ანალიზზე მუშაობდნენ, არც კი გადასცეს დასამუშავებლად ცაბუტაშვილის ზემოთ ხსენებული თანხების ამონაწერი. საინტერესოა, რატომ იყო ასეთი არაობიექტური პროკურატურა? მათი პროფესიონალური სისუსტის გამო, თუ კიდევ ერთხელ მყარდება ცაბუტაშვილის მფარველობის გონივრული ეჭვი?
გამოძიების პერიოდში ჩემ მიმართ გამოვლენილი კანონდარღვევების შესახებ ვაცნობე გენერალურ ინსპექციას. მათ გადამამისამართეს პროკურატურასთან. შემდეგ ბ-ნ გ. ბადაშვილს ყველაფერი დეტალურად მივწერე, თუმცა უშედეგოდ, პასუხისა და ყურადღების ღირსად არც მან მიმიჩნია.
დაბოლოს, ბ-ნო გიორგი! კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს ასეთი ემოციური წერილისთვის, მაგრამ იმდენ უსამართლობას შევეჩეხე, ძნელია ჩაყლაპო და შეეგუო ამ ყველაფერს. იმედი მაქვს, თქვენი დამოკიდებულება ჩემდამი ადამიანური იქნება: გაითვალისწინებთ, რომ ვარ 4 შვილის დედა, რომელთაგან ერთს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს და მიშუამდგომლებთ პროკურატურასთან, რათა ჩემთანაც გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება და დროულად დავუბრუნდე შვილებს. ისედაც შერჩევითი სამართლის მსხვერპლი ვარ და გთხოვთ, თქვენ მაინც გამოიჩინოთ ობიექტურობა და ჰუმანურობა ჩემ მიმართ. აქვე დავამატებ, რომ, ამ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოში ჩემი საქმის განხილვა მიმდინარეობს.
პატიმრობაში ჩემი ყოფნის პერიოდში (1 წელი 7 თვე) არაერთხელ ვიხილე შემთხვევა, როცა გაცილებით მძიმე, სასტიკ და ძალადობრივ დანაშაულებზე გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ბრალდებულებთან. აქედან გამომდიანრე, არაფერს ვითხოვ ისეთს, რაც კანონით დაუშვებელია. გთხოვთ, თქვენ მაინც დაუსვათ წერტილი ჩემს შერჩევითი სამართლის მსხვერპლად ყოფნას და გვაჩუქოთ ახალი ცხოვრების შანსი მე და ჩემს შვილებს. მართლა მთელი გულწრფელობით ვნანობ, რომ კორუფციულ საქმეში გავერიე, თუმცა ამ დანაშაულის არც ორგანიზატორი ვიყავი და არც წარსული მქონია ისეთი, რომ არ ვიყო საპროცესო შეთანხმების ღირსი და არ ვიმსახურებდე ერთ შანსს.
დამნაშავე ვარ, მაგრამ კანონის წინაშე ხომ ყველა თანასწორი ვართ? ობიექტურად ან ყველა დამნაშავე დაისაჯოს, ან მეც დამაბრუნეთ ჩემს შვილებთან...
ჩვენ ხომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც თავისუფლება ხელშეუხებელია, კანონი უზენაესია, სადაც ადამიანი მთავრი ღირებულებაა...
იმედი მაქვს თქვენი სამართლიანობისა და ჰუმანურობის!
პატივისცემით: თ. ფხოველიშვილი.
12.09.2016წ.