QronikaPlus
სოფლის მეურნეობის სამინისტროს კორუფციული სქემა _ რატომ დაზარალდნენ კახელი მევენახეები?!

სოფლის მეურნეობის სამინისტროს კორუფციული სქემა _ რატომ დაზარალდნენ კახელი მევენახეები?!

2016-10-06 12:42:49

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდას მკვიდრი, დიანა ქართლელიშვილი, რომელიც ღვინის ქარხნისგან დაზარალებული მევენახეა და მის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ორი კვირის წინათ გამოიტანა, „ქრონიკა+“-თან სკანდალურ სქემაზე საუბრობს, რომლის მეშვეობითაც კახელი მევენახეები დაზარალდნენ. ქართლელიშვილის თქმით, ეს სქემა სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა და ამის უკან ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იდგა.   „ქრონიკა+“-ს დიანა ქართლელიშვილი ესაუბრება: _ ჩემს საქმეზე სასამართლო ჩატარდა ივლისის ბოლოს, რადგან პრემიერ-მინისტრის მოთხოვნა იყო. სანამ მთავრობის სხდომაზე დაზარალებული მევენახეების საკითხი გაჟღერდებოდა და გიორგი კვირიკაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრს ამ პრობლემის მოგვარებას დაავალებდა, მანამდე პირადად მე მივაწოდე მას ინფორმაცია ამ საქმის შესახებ. სასამართლო პროცესი დასრულდა, მაგრამ მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება 10 დღით გადადო. ამ ხნის განმავლობაში, პროკურორის მეშვეობით, სასამართლოზე ზეწოლა მიმდინარეობდა ღვინის ეროვნული სააგენტოს დავალებით, რომ ჩემს საქმეზე საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოსულიყო, რათა კუთვნილი 27 000 ლარი ვერ ამეღო. მაგრამ რადგან საქმეში არსებობს ყველა მტკიცებულება, რომ ყურძენი ჩემი იყო და ქვითრები გაყალბდა, მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო და თანხა მე მომაკუთვნა. _ რა შუაშია თქვენს საქმეზე ღვინის ეროვნული სააგენტო, რატომ ახორციელებდა იგი ზეწოლას? _ ზუსტად არ მახსოვს, 2013 თუ 2014 წლებში, ქარხანა „ჰელიოს+“, სადაც ყურძენი ჩავაბარე, გახლდათ საკონსერვო ქარხანა, რომელიც გადაკეთდა ღვინის ქარხნად. ეს ქარხანა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს გამოაცხადეს როგორც სახელმწიფო საწარმო, რომელიც ყურძენს მიიღებდა, მანამდე ეს ქარხანა არ ფუნქციონირებდა. ამის შემდეგ დაიწყო მითქმა-მოთქმა იმაზე, რომ აქ იყო მთავრობის ინტერესი. ეს ქარხანა ყველა დანარჩენ ქარხნებს კონკურენციას უწევდა: სხვა ქარხნებში თუ 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენი ღირდა 2 ლარამდე, „ჰელიოს+“-ში, რომლის დირექტორია როზმან რუსია, მის ქარხანაში საწყისი ფასი იყო 2,50-დან 3,50 ლარამდე. ბუნებრივია, მევენახეებს ერჩიათ, ყურძენი მაღალ ფასად ჩაებარებინათ, ვიდრე სხვა ქარხნებში, მაგრამ რისკი მაღალი იყო, რომელიც გვიან გაირკვა. ეს იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს სქემა, როზმან რუსია ქარხანაში საერთოდ არ ჩნდებოდა, მისი ბუღალტერი იღებდა ყურძენს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰყავდა ვინმე თელაველი გიორგი, რომელიც მათი წარმომადგენელი იყო და არა სამინისტროს თანამშრომელი. ის ზედამხედველობას უწევდა მაკლერებს, რომლებიც კახეთის ყველა რაიონში ჰყავდათ გაგზავნილები, ყველა ქარხანაზე იყვნენ მიმაგრებულები და ყალბი ცნობებით აბარებდნენ ყურძენს. მაკლერებს კილოგრამ ყურძენზე 5 თეთრს უხდიდნენ, დანარჩენი თანხა კი თელაველ გიორგისთან მიდიოდა, მისი მეშვეობით სოფლის მეურნეობის მინისტრი იღებდა თუ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ეს არავინ იცის. ასე მოხდა ხაშმშიც, ამ სოფლის ღვინის ქარხანაზე მაკლერები ჩავარდნენ, რომლებიც კონკრეტულად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოიხსნა და პასუხისგებაში არავინ მიუციათ. გურჯაანში, ლაგოდეხსა და ყვარელში არც ერთი მაკლერი არ მისცეს პასუხისგებაში, იმ დროს, როცა გაყალბებისა და თაღლითობის მუხლები მსუბუქი დანაშაული არ არის. არა მარტო ის მაკლერი, რომელმაც ჩემი ქვითრები გააყალბა, სხვა მაკლერებსაც ათავისუფლებდა პროკურატურა. ჩემი მაკლერიც ჩავარდა, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროკურატურასთან ერთად მოაგვარა საქმე. პროკურატურამ ცალკე მოითბო ხელი ქარხნიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხომ, თავისთავად, იმის სანაცვლოდ, რომ მაკლერს სიმართლე არ ეთქვა, თუნდაც ღვინის ქარხნის დირექტორს, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა ყურძენთან და მისი ბუღალტერი იბარებდა. ეს იცოდა მინისტრმა დანელიამაც, მისმა მოადგილე დავითაშვილმაც და ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი სამანიშვილმაც. როდესაც გაყალბება მოხდა, პირველად მივმართე სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ვუხსნიდი, რა ხდებოდა, როგორ ყალბდებოდა, თვითონ მაკლერებისგან ვიცოდი, რომ ხელშეუხებლები იყვნენ და ჩემთან სატელეფონო საუბარში როზმან რუსიამ არაერთხელ აღნიშნა, _ თუ პოლიციაში განცხადებას შეიტან, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხალხი მყავს, დამიცავენ და ამ თანხას არ გადავიხდიო. ამას ადასტურებდნენ ის მაკლერებიც, რომლებთანაც შეხება მქონდა. ყველას გავესაუბრე და დამიდასტურეს, რომ ისინი სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან დაქირავებულები იყვნენ და ჩავარდნის შემთხვევაში პასუხისმგებლობას იღებდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი. ეს რომ ვიცოდი, ამიტომ მივმართე პირველად სოფლის მეურნეობის სამინისტროს. საქმის მოგვარება გიორგი სამანიშვილს დაავალეს, რომელსაც პირადად შევხვდი. ერთი შეხედვით, მან გულთან ძალიან მიიტანა ეს ამბავი, იმ წუთიდან ვიცოდი, რომ ეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სქემა იყო, რომელსაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი მფარველობდა, მათ მწვანე შუქი ჰქონდათ ანთებული კახეთში ყველანაირ სიყალბეზე. სამანიშვილმა მითხრა, რომ როზმან რუსიას ან მის ბუღალტერს დაუკავშირდებოდა და შეეცდებოდა გაერკვია, რა ხდებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით. თუმცა ასეთი რამეც მითხრა: თუ სასამართლოში იჩივლებ, ეს პროცესი წლები გაჭიანურდება, არ გინდა გამოძიებისა და სასამართლოს გზით სიარულიო. ამ შემთხვევაში გამოიკვეთა თვითონ სამანიშვილის ინტერესი, რომ ასეთ ელემენტარულ საქმეზე, როდესაც გამოძიებამ ერთ კვირაში დაადგინა, რომ გაყალბება მოხდა და საქმეში მაკლერის აღიარებითი ჩვენებაც დევს, რატომ უნდა დასჭირვებოდა წლები საქმის განხილვისთვის გურჯაანის სასამართლოს, რომელსაც არცთუ ისე ბევრი საქმე აქვს, ან ეს საიდან იცოდა გიორგი სამანიშვილმა?! ანუ თავიდანვე დათესა იმის შიში, რომ პროცესი წლები არ დასრულდებოდა და სასამართლოსთვის არ მიმემართა. რამდენიმე დღეში დამირეკა და მითხრა, რომ როზმან რუსია არ იყო ქვეყანაში და ბუღალტერი რას გადაიხდიდა, თუ ქარხნის დირექტორი არ მისცემდა თანხას? მითხრა, რომ რუსია უკრაინაში იყო წასული, წაღებული ჰქონდა ღვინო და თანხა უნდა ჩამოეტანა. იძულებული გავხდი, პოლიციისთვის მიმემართა და ვითხოვე, რომ საკუთარი თვალით მენახა, ჰქონდა თუ არა გადაკვეთილი საზღვარი როზმან რუსიას? აღმოჩნდა, რომ რუსიას საზღვარი არ ჰქონდა გადაკვეთილი და სენაკში იმალებოდა. ამის შემდეგ პროკურატურამ ყველაფერი იკადრა, რაც კი შეიძლებოდა, რომ ეკადრა: ქარხნის დაზარალებულად ცნობა, გამომძიებლის შვებულებაში თუ ბიულეტენზე გაშვება და ა. შ. სასამართლოში ისე გადაგზავნეს საქმე, რომ მე მოწმის სტატუსით ვიყავი და რუსია  _ დაზარალებული. არანაირ მასალაზე ხელი არ მიმიწვდებოდა. როდესაც გურჯაანის პროკურორ ღვედაშვილს შევხვდი, ვუთხარი, თუ რაიონს გავცდებოდი, პროკურატურას დავადანაშაულებდი და  სიმართლეს ვიტყოდი, რაც რეალურად მოხდა. შემდეგ საოლქო პროკურატურას მივმართე და პროკურორს ვუთხარი, რომ მთავარ პროკურატურაში ვაპირებდი წასვლას. ისინი ეცადნენ, რომ საქმე მოეგვარებინათ, ოღონდ ეს ამბავი მთავარ პროკურორამდე არ მიმეტანა, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან საქმე უკვე სასამართლოში იყო გადაგზავნილი და დაზარალებულად ქარხანა იყო ცნობილი. ამის შემდეგ მთავარ პროკურატურაში გადავინაცვლე, ირაკლი შოთაძე ჩაერთო, რომელმაც ძალიან იაქტიურა. განაჩენი რომ ჩემ სასარგებლოდ დადგა, მისი დამსახურებაა. ზუსტად ამ დროს წააგო სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩემთან ბრძოლა. _ წინა მასალებში ამბობდით, რომ სასამართლოშიც გქონდათ პრობლემები და პროცესი 2 წლის მანძილზე ჭიანურდებოდა... _ დიახ, როდესაც პროკურატურამ საქმე ჩემ საარგებლოდ გადაწყვიტა, სასამართლოში სამოქალაქო წესით შევიტანე სარჩელი, რასაც მოჰყვა დიდი პრობლემები. უნდოდათ, საქმე განუხილველად დაეტოვებინათ. მათი სქემის მიხედვით, საქმის განხილვა არ უნდა დაწყებულიყო და მე არ უნდა მომეგო ეს პროცესი. გახსოვთ, ალბათ, იუსტიციის საბჭოს მდივანსაც მივმართე და 2 წელი დასჭირდა, რომ აქამდე მივსულიყავით. გადაწყვეტილების გამოტანის პროცესში მოსამართლეზე დიდი ზეწოლა მიმდინარეობდა, მაგრამ მოსამართლეს ვინაიდან ყველა მტკიცებულება ჰქონდა იმისა, რომ მე მართალი ვიყავი, გადაწყვეტილება ჩემ სასარგებლოდ გამოვიდა. პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩემი მოწმეები დაეშინებინა. მძღოლები, ორი ადგილობრივი ადვოკატი გადაიბირა და ყველაფერს ცდილობდნენ, რომ  პროცესი გაჭიანურებულიყო. 2 აგვისტოს მოსამართლემ 15:00 საათზე ჩანიშნა პროცესი, რომ გადაწყვეტილება გამოეცხადებინა, მაგრამ მთელი დღე გაწელა დრო, მოსამართლე იმაში კი არ იყო ჩამოსაყალიბებელი, რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო, აიძულებდნენ, ჩემი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა ნანა ჩალათაშვილმა მოსამართლის მანტია დაიცვა. _ კონკრეტულად, ვინ ახორციელებდა მოსამართლეზე ზეწოლას? _ აგიხსნით: პრემიერმა კვირიკაშვილმა, როდესაც ამ საქმის მოგვარება დანელიას დაავალა, მინისტრმა, თავის მხრივ, გიორგი სამანიშვილს დაავალა, რომ ეს ამბავი მოეგვარებინა. ნამდვილად არ მეგონა, რომ ამ საქმის მოგვარებას სამანიშვილს დაავალებდნენ, რადგან თავიდანვე მასზე ვეჭვობდი და თუ კიდევ ჩარევდნენ, არ მეგონა. სამანიშვილმა დამირეკა და საქმის ვითარებაში გარკვევა მთხოვა. მასთან სამსახურში მივედი, მისვლის წუთიდან  შევატყვე, როდესაც საქმის დეტალებს ვუყვებოდი, რომ გადაწყვეტილება ჩემ სასარგებლოდ იყო გამოტანილი. ჯერ არ იყო სასამართლო დასრულებული, მაგრამ რა შედეგები შეიძლებოდა დამდგარიყო, რომ მოსამართლე ვერანაირად ვერ გამოიტანდა ჩემ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას, სულ მეკამათებოდა, რომ შეიძლება განაჩენი შენი სასარგებლოა, შეიძლება ბევრი მტკიცებულება გაქვს, მაგრამ მოსამართლე თავისი რწმენით იღებს გადაწყვეტილებას, შეიძლება შენი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოვიდეს და ამას უნდა შეეგუოო. ამ დროს ეს ადამიანი მოვლენილია ვითომ დასახმარებლად და როზმან რუსიას იცავს, რომ მას, თურმე, ღვინო გაუფუჭდა და არ გაიყიდება. რუსია ძალიან გაჭირვებულია, ქარხანას აღარ ამუშავებს, ყურძენს აღარ იღებს, მგონი, საქართველოშიც არ არის, მის წარმომადგენელს რა შეუძლია? წლებია, არ მინახავს... მოკლედ, მიდის ისეთი საუბარი, რომ სამანიშვილი უფრო ქარხნის ადვოკატი გამოდის, ვიდრე ჩემი. მერე იურისტი მოიწვია, რომელიც კითხვებს მისვამდა, რომ საქმეში გარკვეულიყო. ბოლოს უთხრა, _ ბატონო გიორგი, არ ვიცი, რა მოხდება სასამართლოზე, მაგრამ რაც ახლა მოვისმინე, ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არ არსებობს, გამამტყუნებელი იყოს სასამართლოს გადაწყვეტილებაო. ვატყობ, რომ სამანიშვილი ნერვიულობს. ვიცი, რა წვლილი მიუძღვის მხოლოდ ჩემს საქმეში კი არა, მთლიანად კახელი  მევენახეების დაზარალებაში და ამ დროს თავდაჯერებულად მელაპარაკება, თითქოს ცდილობდა დამხმარებოდა, რომ თანხა მიმეღო, რეალურად კი მარწმუნებდა, რომ ვერანაირად გამოვიდოდა ჩემი სასარგებლო გადაწყვეტილება. იქიდან იმ პირობით წამოვედი, რომ როზმან რუსიას დაუკავშირდებოდა, თუ ვერა, მის ბუღალტერს მაინც. მითხრა, სანამ სასამართლო არ დასრულდებოდა, მაინც ვერ დამეხმარებოდა. აი, როგორ მუშაობს სასამართლო, არ სრულდება ეს პროცესები, თორემ თუ დასრულდება და გამამართლებელი გადაწყვეტილება გამოვა, სამინისტრო აუცილებლად დაგეხმარება, რომ თანხა აიღოო. სამანიშვილმა, ფაქტობრივად, ხელი გაიშვირა სასამართლოსკენ. სამართლოს იმიტომ ამოეფარა, რომ რომელი დაზარალებულის საქმეც სასამართლოშია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქმეს აწყობს პროკურატურაში და მათი მეშვეობით ხდება ამ ყველაფრის მოგვარება _ მოსამართლეებზე ზეწოლა, რომ საერთოდ არ დაიწყოს საქმის განხილვა, ან პროცესები ისე გაჭიანურდეს, რომ დასასრული არ ჰქონდეს, ხალხი შეწუხდეს და თავი დაანებოს, რაც ჩემ შემთხვევაში არ მოხდა, რადგან ვერ დამღალეს.  სამანიშვილი სასამართლოს იმ იმედით ამოეფარა, რომ საქმის განხილვა კიდევ წლები გაგრძელდებოდა. პირობა დადო, თუ გადაწყვეტილებას მომიტან და გაგამართლებენ, რაც ეგონა, რომ არასოდეს მოხდებოდა, სამინისტრო დაგეხმარება, რომ ღვინო გაიყიდოს და იმ თანხით აგინაზღაურდეთ, ან ქარხნის ქონებიდანო. მოკლედ, დიდი იმედით გამომისტუმრა და მითხრა, სასამართლო პროცესი რომ დასრულდება, დამირეკე და შემატყობინეო. დასრულდა პროცესი, ჯერ არ ვიცოდი, რა გადაწყვეტილება იქნებოდა, მაგრამ დავურეკე და ინფორმაცია მივაწოდე. აინტერესებს, მე რა რწმენა მაქვს? მგონია თუ არა, რომ ჩემი სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება? ამაზე საუბარი კამათში გადაგვეზარდა. გავაფრთხილე, რომ თუ მოსამართლე 1% მაინც დაუშვებდა და ჩემ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას გამოიტანდა, უკვე სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასკენ და მისკენ, გიორგი სამანიშვილისკენ გავიშვერდი ხელს. მათ დავადანაშაულებდი, რადგან ძალიან ბევრი რამ ვიცოდი მათი ამ სქემის შესახებ. ეს მისთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა. ალბათ, ფიქრობდა, რომ ამ 2 წლის განმავლობაში მხოლოდ მოსამართლესთან და პროკურორთან მქონდა პრობლემა. როცა აღმოაჩინა, რომ ვიცოდი, ამ 2 წლის განმავლობაში პროკურორისა და მოსამართლის ზურგს უკან ვინ იდგა, მისთვის ეს ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა, ანუ მე მას ვუთხარი, რომ ეს იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს სქემა და კახეთში თუ რამე გაყალბებული ყურძენი იყო, ყველაფრის უკან იდგნენ ისინი. თავის დროზე, ამაზე ღარიბაშვილმა აუნთო მწვანე შუქი. რაც ღარიბაშვილი გადადგა, ეს ქარხანა არ გახსნილა და ყურძენს არ იღებს. რატომ, ხომ საეჭვოა? კვირიკაშვილმა დაუშალა, რომ ქარხანამ არ იმუშაოსო? მაგრამ ვეღარ გააყალბებენ, რადგან ეს იყო თვითონ მთავრობის სქემა, რაშიც ჩართული იყო სოფლის მეურნეობის სამინისტრო. იმიტომ გადმოისროლა დანელიამ 2 წელია, სამანიშვილი კახეთში რთველის შტაბის უფროსად, რომ მან იცის, ვის რა აქვს დავალებული, რომელ პროკურორს და რომელ მოსამართლეს. რატომ 2 წელი სამანიშვილი იმის მერე, რაც ეს საქმე გავახმაურე და არა სხვა?! იმიტომ, რომ სამანიშვილმა კარგად იცის, რა აქვთ გაკეთებული, ხვდება მევენახეებს და ტყუილი დაპირებებით კვებავს მათ, როგორც მე, თუ დაგისრულდებათ სასამართლოო, მაგრამ არც დაუსრულდებათ, ვისი საქმის განხილვაც არ არის დაწყებული, არც დაიწყებენ და ეს პროცესი არ დასრულდება! მე მაქვს შეხება ამ მევენახეებთან, მაგრამ პრესასთან არ ლაპარაკობენ, ეშინიათ. ასეთი მიდგომით მათ სამინისტრო თანხას არ გადაუხდის. სამანიშვილმა მევენახეებს 15 თეთრის გადახდა შესთავაზა. ხალხს, რომელთაც 10-15 ათასი ლარის ყურძენი აქვს ჩაბარებული, კილოგრამზე 15 თეთრს სთავაზობს, საბოლოო ჯამში 500 ლარი რომ გამოუვათ, გააჩუმოს მევენახეები და სასამართლოში საქმე გაიყინოს. ვემზადებოდი, როდესაც სამანიშვილს შევხვდი, იმ 15 თეთრს მეც შემომთავაზებდა, მაგრამ ვერ გაბედა. მოკლედ, მე და სამანიშვილი კონფლიქტით დავშორდით. დავპირდი, რომ ამ საქმეს აუცილებლად გავახმაურებდი და ყველა გაიგებდა. _ შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები? _ მეორე დღეს აღელვებული ხმით მირეკავს სამანიშვილი და მეუბნება: დიანა, რამდენია შენი თანხა გადასახდელი? ახლა ვზივარ, უნდა დავაჯამო და დავიანგარიშო, კონკრეტულად ქვითრებში რა არის მითითებული რომ მითხრა, სანამ მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ ავანაზღაუროთო. მაინტერესებს ძალიან, რას აჯამებდა სამანიშვილი, როცა ვუთხარი, რომ სიმართლეს გავაჟღერებდი, მაშინ რატომ დაიწყო დაანგარიშება, მე ამ ფულს ვედავები ქარხანას და არა სამანიშვილს, რატომ ჩათვალა თავი ვალდებულად, რომ თვითონ უნდა გადაეხადა ეს თანხა?! იმიტომ მიიჩნია თავი ვალდებულად, რომ ყველა ქარხანას ყადაღა ადევს, ღვინო და არაყი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა გაყიდოს და დაზარალებული მევენახეები გაისტუმროს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გაყალბებული საბუთებით ჩაბარებულია ქინძმარაულის ჯიშის ყურძნად, ევროპის ქვეყნებში ქინძმარაული ყველაზე ძვირადღირებული ღვინოა, ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მევენახეებს ეს ვალი 10-15 თეთრით გაუსტუმროს. არ უნდათ, რომ ღვინიდან და არყიდან შემოსული თანხა ისევ მევენახეებს დაუბრუნონ. აბა, რატომ გაყალბდა, თუ ამ თანხას ისევ უკან დააბრუნებენ?! _ სასამართლომ ხომ გამოიტანა თქვენ სასარგებლოდ გადაწყვეტილება, ახლა რა პოზიცია აქვს სამინისტროს? _ 2 აგვისტოს, დღის ბოლოს, როგორ იქნა, მოსამართლემ გვაღირსა პასუხი და გვითხრა, რომ ჩემ მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილება გამოიტანა და ქარხანას სრულად დაეკისრა 27 000 ლარის გადახდა. მაკლერს, სოსო ხუტიაშვილს, ჩემთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნია იმიტომ, რომ ამ თანხას ღვინის ეროვნული სააგენტო მას არ მისცემს. ზურგს უკან არის ამოფარებული გიორგი სამანიშვილი და ეს საქმე, ძირითადად, დავალებული აქვს ვინმე თელაველ გიორგის, რომ ხუტიაშვილს ასაჩივრებინოს. ამ სქემის უკან დგას სამანიშვილი, რომელიც მის შესრულებას ვინმე გიორგის ავალებს. ეს გიორგი პროკურატურაშიც იყო დაკითხვაზე, ძალიან ბევრჯერ დამირეკა და მეხვეწებოდა, ჩემი საწინააღმდეგო ჩვენება არ მისცეო. ადრე მასალაშიც აღვნიშნეთ, ჩემი ყურძნის ქვითრები მაკლერ ხუტიაშვილს მან წაართვა, როცა ამ საკითხზე დავურეკე, ქვითრების სანაცვლოდ 20 000 ლარი მომთხოვა. ეს ის გიორგი ბრძანდება. დამირეკა და მითხრა, ჩემი საწინააღმდეგო ჩვენება არ მისცე პროკურატურაში, მე არაფერ შუაში ვარ, არანაირ თანხას არ მოვითხოვ, ქვითრებსაც ვაბრუნებ და თქვენთან არანაირ შეხებაში არ ვიქნებიო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაბრაზებული ვიყავი, რადგან ქვითრები დაბრუნდა და ჩემ სასარგებლოდ გამოვიდა განაჩენი, ეს ბიჭი საერთოდ არ მიხსენებია. რადგან ეს ბიჭი არ ვახსენე, ახლა სამანიშვილთან ერთად ჩართულია ისევ და ფარად მაკლერ ხუტიაშვილს იყენებენ, რომელსაც ბავშვების გამოსაკვები თანხა არ გააჩნია, იმდენად გაჭირვებულია და წარმოგიდგენიათ, 2 წლის განმავლობაში ადვოკატის ხარჯებს ისტუმრებს, დიდი რაოდენობის ბაჟს იხდის სასამართლოში და ამ ადამიანს შემოსავალი ერთი თეთრიც კი არ აქვს. ეს ხომ აბსურდია, რომ ხუტიაშვილი ამდენ ხარჯს იხდიდეს! მოსამართლემ საკმაოდ კარგად დაასაბუთა ეს საქმე და ჩემი საქმიდან მაკლერი ხუტიაშვილი საერთოდ ჩამოაცილა, რადგან ვერანაირი კავშირი ვერ ნახა ჩვენს საქმეს შორის. ხუტიაშვილი თვითონ აღიარებს, რომ ჩემთვის არანაირი თანხა არ გადმოუცია და სასამართლო 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა იმის გამო, რომ თითქოს მან ვიღაცას ფული გამოატანა ჩვენთვის გადმოსაცემად. 25 აგვისტოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ავიღე და როგორც სამანიშვილმა მითხრა, თელავის შტაბში იყვნენ ჩამოსულები სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, გადაწყვეტილება იქ უნდა მიმეტანა. გადავეცი  შტაბის უფროსის მოადგილეს და ვუთხარი, რომ მათ ზარს ველოდებოდი. აქამდე რომ სამანიშვილი თვითონ მირეკავდა და ჩემთვის ასანაზღაურებელ თანხას ითვლიდა, სასამართლოს გადაწყვეტილების გადაცემის შემდეგ მთლად დაიკარგა. მისი დასახმარებელი არაფერი მჭირს, უბრალოდ, სადამდე გაქაჩავდა ამ თამაშს, ის მაინტერესებდა. მე თვითონ დავურეკე მეორე დღეს და მიპასუხა, _ ვერ ვუკავშირდები ვერც რუსიას და ვერც ბუღალტერს, ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის დავა და ამაში ვერ ჩავერევიო. შეგნებულად ვუთხარი, მაშინ სააღსრულებო ფურცელს ავიღებ, ისედაც დაყადაღებულია ქარხანა, რაღაც გაიყიდება და ჩემს თანხას ამოვიღებ-მეთქი. კითხვა შემომიბრუნა, _ სააღსრულებო ფურცელს ასე მალე მოგცემენო? სპეციალურად ვუთხარი, _ გასაჩივრების ვადა 16-ში სრულდება, თან მოსამართლე და მისი თანაშემწე შვებულებაში არიან და 16-ში გამოდიან სამსახურში. ვიცოდი, რომ მანამდე ვერ ავიღებდი. ჩვენი საუბრიდან რამდენიმე წუთში სასამართლოდან მირეკავენ და მეუბნებიან, _ სააღსრულებო ფურცელს ვერ მოგცემთ, რადგან გადაწყვეტილება ხუტიაშვილმა გაასაჩივრაო. საინტერესოა, ხუტიაშვილი როგორ ასაჩივრებს, როდესაც ჩემს საქმესთან კავშირი არ აქვს და ცალკეა გამოყოფილი მისი საქმე, ან ქარხანას როგორ უნდა გაესაჩივრებინა, როდესაც საქმეში აღიარება დევს, რომ თანხა მათი გადასახდელია? ასაჩივრებს მაკლერი, რომელიც ბრალდებული არის და რომელიც აღიარებს, რომ ქვითრები გააყალბა. მივმართე სასამართლოს კანცელარიას, მაგრამ არის თუ არა გასაჩივრებული, ამ დრომდე პასუხი არ მოუციათ. თუ მართლა გასაჩივრებულია, დიდი ალბათობაა, რომ სააპელაციო სასამართლომ არც მიიღოს საქმე წარმოებაში. უბრალოდ, სამანიშვილს ეგონა, რომ მეორე დღეს სააღსრულებო ფურცლის აღება შემეძლო. დაიბნა, გამორიცხული არ არის, თვითონ დაერეკა სასამართლოში, რომ ჩემთვის ასეთი პასუხი გაეცათ. სამანიშვილი დროის გაწელვაზე მუშაობს, თორემ რეალურად შედეგს ვერავინ შეცვლის. _ ახლა რას აპირებთ? _ ამ ამბავს აუცილებლად გაიგებს პრემიერი კვირიკაშვილი, ამაზე უკვე ვიზრუნე, ჩვენი საუბრის შემდეგ მის ადმინისტრაციაში მივდივარ. ამ ყველაფრის უკან რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო დგას და ამ საქმის მოგვარებას ისევ იმ ადამიანებს ავალებენ, რომლებმაც ამდენი მევენახე აზარალეს, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება, თუ არ იქნება მისი ინტერესი, რომ ეს პროცესები დასრულდეს. ჩემს საქმეზე უკვე აღარ ვლაპარაკობ, პროცესი მოგებული მაქვს. გასაჩივრების შემთხვევაში, უბრალოდ, ხარჯს დაიმატებენ, რადგან იმ ანაზღაურებას მოვითხოვ, რაც ორი წლის მანძილზე ზარალი მომადგა და ამ თანხას დაიმატებენ, მეტი არაფერი.   „ქრონიკა+“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, გიორგი სამანიშვილს დაუკავშირდა: _ ამ საქმესაც ვიცნობ, დიანასაც და არ მეგონა, თუ ასეთი წარმოდგენა ჰქონდა ამ თემაზე. ზოგადად, ვიცი, რაც მოხდა, სასამართლო კი 2 წელი გაგრძელდა, მაგრამ ლოგიკურად დასრულდა. დიანას არასოდეს უთქვამს, რომ ვინმემ რაღაც სქემა შეიმუშავა. დიანას საქმე საკმაოდ მარტივი იყო, იქ გახლდათ ერთი შუამავალი, რომელიც ჩაბარების დროს იყო ჩართული და იმან ვერ გადაიხადა ფული. არანაირი სქემა და შეთქმულების თეორია არ შემიმჩნევია, ამიტომ ამ საკითხზეც დიანას ჩვენთან არაფერი უთქვამს. სასაცილოა, უბრალოდ, ამაზე რომ კომენტარი გავაკეთო. ძალიან მარტივი საქმეა: ერთი პიროვნება უჩიოდა მეორე იურიდიულ პირს, სასამართლო დასრულდა, არც პრემიერ-მინისტრი, არც სამინისტრო აქ არ ჩარეულა. მხოლოდ სასამართლო მიმდინარეობდა. დიანა ჩვენთან მოდიოდა, საქმის კურსში გვაყენებდა, ჩვენ ყოველთვის ვეუბნებოდით, რომ ეს იყო სასამართლოს პრეროგატივა და როგორც ადამიანები, ვინტერესდებოდით საქმის მიმდინარეობით. დიანა რეგულარულად გვაწვდიდა ინფორმაციას, არანაირი ჩარევა, არც ოფიციალური, არც არაოფიციალური მხრიდან არ ყოფილა. ჩვენ, უბრალოდ, საქმის კურსში ვართ, როგორც ადამიანები ცვლიან ინფორმაციას ამ დარგში, ჩვენც ასე ვიყავით. არც პრემიერ-მინისტრის დავალება ყოფილა ამ საკითხზე, რაზედაც პრემიერმა ისაუბრა, ის არის აბსოლუტურად სხვა თემა, დიანას ქეისი აბსოლუტურად განსხვავებულია. ამიტომ გაბრაზებულმა, ალბათ, სისულელეები ილაპარაკა, მეტს ვერაფერს ვიტყვი. რაც თქვენ მითხარით, ამ საკითხებს ერთმანეთში ბმა არ აქვს, მით უმეტეს, სქემაზე მესაუბრებით. არ ვიცი, რა გითხრათ. წარმოდგენა არ მაქვს, რაზეა ლაპარაკი. კავშირი არ აქვს ამ საქმესა და იმას, რაც თქვენ მომიყვეით.   „ქრონიკა+“ სოფლის მეურნეობის მინისტრთან დაკავშირებას ცდილობდა, მაგრამ, როგორც გვაცნობეს, ის ამჟამად ჩინეთში იმყოფება.  

                                                                                                         თამარ ბატიაშვილი

     

გაზიარება