8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება. ამომრჩეველი ტელეეკრანებიდან ნაირ-ნაირ დაპირებას ისმენს, მაგრამ მის მიმართ დიდ ენთუზიაზმს არ იჩენს. განვლილი წლების განმავლობაში კარგი ცხოვრების დაპირება ბევრი იყო, ნათქვამი სიტყვის რეალურ შესრულებაზე კი რა მოგახსენოთ?! ამის პირდაპირი შედეგია, რომ ქართველი ამომრჩევლის უდიდეს ნაწილს ჯერაც ვერ გადაუწყვეტია, ვის უნდა მისცეს ხმა ოქტომბრის კენჭისყრაზე, იმდენად ძლიერია ნიჰილისტური დამოკიდებულება სამამულო პოლიტიკოსებისა და, ზოგადად, პოლიტიკური ელიტის მიმართ. ალბათ, კიდევ ბევრი დრო დასჭირდება ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენას. პარტიები უკვე კარდაკარ სიარულსა და მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრებზე გადავიდნენ. „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ერთდროულად, რამდენიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი. ეს ის კენჭისყრაა, სადაც ვერავინ იტყვის, პროცესი რა შედეგებით დასრულდება.
„ქრონიკა+“-ს მიმდინარე საარჩევნო პროცესზე ესაუბრება „მშვიდობისა და დემოკრატიის კავკასიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, ექსპერტი გია ნოდია:
_ ბატონო გია, როგორ შეაფასებთ მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესს, რა დამახასიათებელ ნიშნებს გამოჰყოფდით?
_ ორიგინალური არ ვიქნები და ერთი ნიშანი ისაა, რომ, რეალურად, განსაკუთრებით მაღალია გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა. ეს ქართველი ელექტორატისთვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო, რომ ხშირად ხალხი ბოლო მომენტში იღებდა გადაწყვეტილებას. წელს აღნიშნული ნიშანი უფრო გამოკვეთილია. ეს, ალბათ, დღვანდელობის მთავარი მომენტია. ეს გადაუწყვეტელობა ის გახლავთ, რომ, ერთი მხრივ, ორი ლიდერი არის გამოკვეთილი, მაგრამ ამ ლიდერებს მაღალი ნეგატიური რეიტინგიც აქვთ. ანუ ბევრი ამომრჩეველია, რომელსაც მათთვის ხმის მიცემა არ უნდა.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩვენთვის უფრო დამახასიათებელია, რომ ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მაინც ორი ძირითადი მოთამაშისგან ერთ-ერთს ირჩევს. ასევე 2003 წლის გამოცდილება გვაქვს, როდესაც ხმები ბევრ პარტიაზე უფრო თანაბრად განაწილდა. ასე რომ, ძნელია ამ თვალსაზრისითაც ვიწინასწარმეტყველოთ. საბოლოოდ, ხალხი მაინც ამ ორ პარტიაზე დაფიქსირდება („ქართულ ოცნება“-„ნაციონალურ მოძრაობაზე“), თუ ხმები უფრო მეტად გაიყოფა. თითქოს, ბოლო გამოკითხვები ისეა, რომ ეს მესამე ძალები, მაინცდამაინც, კარგ შედეგებს ვერ აჩვენებენ: პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ალასანია, „პატრიოტთა ალიანსი“ და ა. შ., მაგრამ, მაინც, ამ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გათვალისწინებით, აღნიშნულ გამოკითხვებზე დაყრდნობა ძნელია.
_ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გაერთიანება ახსენეთ. რა ხდება აღნიშნული პარტიის გარშემო, თქვენ როგორ ფიქრობთ?
_ პაატა ბურჭულაძის მხრიდან ძალიან პარადოქსული ქცევა იყო იმ თვალსაზრისით, რომ მან ჯერ შექმნა თავისი პარტია, მოძრაობა და შემდეგ ბევრი ადამიანი, ვინც ამ პარტიაში იყო, გვერდზე გასწია. ფაქტობრივად, იმ სხვა პარტიების ლოკომოტივი გახდა _ „გირჩის“, „ვაშაძის“, „ახალი მემარჯვენეების“. მისთვის ეს თითქოს მომგებიანი არ უნდა ყოფილიყო. მომგებიანი იყო პირველი ვარიანტი. შეიძლება, ეს ყველაფერი წამგებიანი აღმოჩნდეს მისივე რეიტინგისთვის. როგორც ჩანს, ხალხს ის უფრო მოსწონდა, როგორც არაპოლიტიკური, ასეთი გამოცდილების არმქონე პირი და ა. შ., რომ ასეთი ხალხი მის პარტიაში უფრო მეტი იქნებოდა. მაგრამ ამ სიტუაციაში, რაც ასახსნელად შეიძლება გამოგვადგეს, ისაა, რომ ბურჭულაძეს ფინანსურად გაუჭირდა და ამ პარტიებმა რაღაც თანხა შემოუტანეს, მათ უკან ფინანსური რესურსი იყო წარმოდგენილი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მისი ძირითადი მოტივი ყოფილიყო, რატომაც შეცვალა სტრატეგია ზაფხულის განმავლობაში. მაგრამ მეც მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი მისთვის პოპულარობის თვალსაზრისით მომგებიანი ნაბიჯი არ იყო.
_ ამ ეტაპზე პარტიები (მათ შორის, „ოცნება“-„ნაციონალები“) რამდენად კარგად ახერხებენ საკუთარი პოზიციების ამომრჩევლებამდე მიტანას?
_ მაინცდამაინც ვერ ახერხებენ, რადგან ეს ნიჰილიზმი პოლიტიკოსებისადმი და, ზოგადად, პოლიტიკური კლასის მიმართ დაუძლეველია. რომ მოეხერხებინათ და უფრო წარმატებული ყოფილიყვნენ, მაშინ უფრო მკაფიო სურათი გვექნებოდა იმ თვალსაზრისით, თუ ვინ ვის უჭერს მხარს.
_ რა სურს საზოგადოებას, რომ დღეს პოლიტიკოსებისგან, პოლიტიკური ელიტისგან მიიღოს?
_ არ მგონია, რომ თვითონ საზოგადოება ამაში ჩამოყალიბებული იყოს. ცხადია, ხალხს კარგი ცხოვრება უნდა; რაღაცნაირად, იმას შეჩვეულია, რომ ვიღაც მოვა და ამ კარგ ცხოვრებას უზრუნველყოფს. სწორედ ამ განწყობით მისცა ხმა ელექტორატმა „ქართულ ოცნებას“. ხალხში ერთგვარი სასწაულის მოლოდინი მაინც არის. დღეს საზოგადოება ამ სასწაულის, იმედის თვალსაზრისით, იმედგაცრუებულია. ძირითადი მოთამაშეები მაინც ისინი არიან, რომლებიც უკვე ყოფილან ხელისუფლებაში და, როგორც ჩანს, მოსახლეობის დიდი ნაწილი მთლიანად კმაყოფილი არც ერთით არ არის. რაკი ამომრჩევლის დიდი ნაწილი შეუჩვეველია იმაზე ფიქრს, თუ როგორ, რა მეთოდებით უნდა მიაღწიოს ქვეყანამ პროგრესს (უბრლოდ, ენდობიან, რომ ვიღაც ძალიან ჭკვიანი მოვა ხელისუფლებაში და ყველა პრობლემას გადაწყვეტს), თვითონ მოსახლეობა ნაკლებად ჩართულია, თუ რა მეთოდებით უნდა გაუმჯობესდეს ქვეყანაში ცხოვრება. ამის გამო ხალხსაც, საზოგადოებასაც არ აქვს მკაფიო წარმოდგენა იმაზე, თუ რა სურს, პრინციპში, პოლიტიკოსებისგან, გარდა იმ ძალიან ზოგადი დამოკიდებულებისა, რომ პოლიტიკოსები უნდა ზრუნავდნენ ხალხზე და რაღაც პრობლემებს წყვეტდნენ.
_ როგორ, რა გზით უნდა ჩაერთოს საზოგადოება აქტიურად აღნიშნულ პროცესში?
_ ცხადია, ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის. ყველაზე კარგი მეთოდი ფართო გაგებით სამოქალაქო საზოგადოებაა, ანუ თვითონ არსებულ პოლიტიკურ პარტიებში უნდა აქტიურობდეს ამომრჩეველი, იმ პარტიებში, რომლებიც მისთვის უფრო საინტერესო და მისაღებია და არა, მაინცდამაინც, იმ მოტივით, რომ მერე იმ პარტიის მეშვეობით რაღაც თანამდებობას მიიღებს; არამედ იმ აზრით, რომ საზოგადოებას, ამომრჩეველს რაღაც რომ უნდა, იმ პარტიის პროგრამასა და მოქმედებებზე რაღაც გავლენა მოახდინოს. მეორე მხრივ, რასაც სამოქალაქო ასოციაციები ჰქვია, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ვუწოდებთ, საქართველოში ისინი, ძირითადად, პროფესიონალები არიან, რომლებიც გრანტებს იღებენ და რაღაც საქმეებს აკეთებენ. შეიძლება, ხშირად, კარგ საქმეებსაც აკეთებენ, მაგრამ ამ საქმეებში ფართო საზოგადოება ან არ არის ჩართული, ან ნაკლებად არის გამოხატული. ამიტომ იქ, სადაც ვამბობთ, რომ საზოგადოება შედარებით უფრო ჩართულია, სწორედ ამის მეშვეობით არის ჩართული, ანუ პარტიებში, სამოქალაქო ასოციაციებში, ან რაღაც მოძრაობებში მონაწილეობით. უბრალოდ, თუ სახლში ზიხარ და ელოდები, რომ შენთან პარტია როდის მოვა და თვალებში როდის ჩაგხედავს, რასაკვირველია, ეს პროცესში ეფექტიანი მონაწილეობა არ არის.
_ ზემოთ სასწაულის მოლოდინი ახსენეთ, დღეს „ქართული ოცნების“ ლოზუნგი, ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, რამდენად დამაჯერებლად ჟღერს?
_ საერთოდ, „ოცნებას“, ამ თვალსაზრისით, საკმაოდ უჭირს. მას ძალიან ამბიციური დაპირებები ჰქონდა, ამასთანავე, კონკრეტულიც. მართალია, თვითონ „ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველა ეს დაპირება შევასრულეთო, მაგრამ მოსახლეობა არ მიიჩნევს, რომ მათ ეს დანაპირებები შეასრულეს. ახლა მათი დანაპირები გაცილებით აბსტრაქტული და ზოგადია. სწრაფი განვითარება ზოგადი ნათქვამია, მხოლოდ სიტყვებია. რაღაც გაგებით მათი ახლანდელი, ზოგადი დაპირებები უფრო იმას ემსგავსება, რისთვისაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქტიურად აკრიტიკებდნენ. ვთქვათ, იმით ამაყობენ, რომ ქვეყანაში ბევრი ტურისტი შემოდის, რაც ძალიან კარგია, მაგრამ მანამდე „ნაციონალურ მოძრაობას“ დასცინოდნენ, _ ამ ტურიზმით ქვეყანას ხომ ვერ ავაყვავებთო? ან პრემიერი კვირიკაშვილი იმაზე საუბრობს, რომ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება, რაღაც გზების მშენებლობა და სხვ. სწორედ ამაზე აკეთებდა აქცენტს „ნაციონალური მოძრაობა“ და მერე მას ეუბნებოდნენ, _ ასფალტი ვჭამოთო? და ა. შ.რაღაც ორიგინალური და ახალი იდეები „ქართული ოცნებიდან“ არ მოდის, ის იდეები, რომლებიც ხალხს გაუქარწყლებდა იმ იმედგაცრუებას, რაც მან 2012 წლის შემდეგ მიიღო.
_ ამ ეტაპზე რომელ პოლიტიკურ ძალებს აქვთ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შანსი და როგორი პარლამენტი შეიძლება მივიღოთ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ?
_ ცალსახად შეგვიძლია, ამ ორ ძალაზე ვთქვათ, რომელზედაც უკვე ვისაუბრეთ. კიდევ რამდენიმეა, რომელთაგან, რეალურად, ყველას აქვს შანსი. ეს არის პაატა ბურჭულაძის გაერთიანება „სახელმწიფო ხალხისათვის“, ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“, „პატრიოტთა ალიანსი“. შედარებით მეტი შანსი, ალბათ, ამ სამ პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს. ასევე „ლეიბორისტებსა“ და ნინო ბურჯანაძესაც აქვთ შანსები. დანარჩენს, მგონია, რომ უფრო ნაკლებად აქვს პარლამენტში მოხვედრის პერსპექტივები. გამორიცხული არ არის, ჩამოთვლილთაგან ყველა მოხვდეს პარლამენტში. ასევე შეიძლება ორი, ან სამი პარტია მოხვდეს.
_ შეგვიძლია, 8 ოქტომბრის შემდეგ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესაძლებლობაზე ვისაუბროთ?
_ რასაკვირველია. ცხადია, ასე თუ ისე პატიოსანი არჩევნების შემთხვევაში, ვერავინ მოიგებს დიდი უპირატესობით, 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებს არჩევნების პროპორციულ ნაწილში. პარტიებს, რომლებიც გამარჯვებაში დარწმუნებული არიან, უფრო მეტად „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობაშიც“, მაჟორიტარების ხარჯზე გამარჯვების იმედი აქვთ. ამ იმედმა შეიძლება, არ გაამართლოს. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, საჭირო იყოს კოალიციური მთავრობის შექმნა. არ გამოვრიცხავ, რომ, რეალურად, ეს ძალიან რთული პროცესი იყოს, რადგან წინასაარჩევნოდ პარტიები მკვეთრად უპირისპირდებიან ერთმანეთს. არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, არამედ ყველა ყველასგან ცდილობს მაქსიმალურ დისტანცირებას. მესამე პარტიები ცდილობენ, რომ ორივესგან, „ნაციონალური მოძრაობისგანაც“ დისტანცირებული იყვნენ და „ქართული ოცნებისგანაც“. მაგრამ კოალიცია იმას ნიშნავს, რომ ისინი ან „ქართულ ოცნებასთან“ უნდა შევიდნენ კოალიციაში, ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
_ მიმდინარე საარჩევნო პროცესი იქნება თუ არა პროგრესული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე?
_ რა თქმა უნდა, შეიძლება პროგრესი აღმოჩნდეს, მაგრამ ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი, რადგან უკვე არსებობს ძალადობის ბევრი ფაქტი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ. ბევრი ჩივილია განხორციელებულ ზეწოლაზე კანდიდატებისა თუ ამომრჩევლების მიმართ, მოსყიდვაზე და ა.შ.
გელა მამულაშვილი