QronikaPlus
სახლი წყალში, 3 ბავშვი, მამა, ბებო და ფეხმძიმე დედა

სახლი წყალში, 3 ბავშვი, მამა, ბებო და ფეხმძიმე დედა

2016-09-11 08:27:50

სახლში სანამ შეხვალთ, ეზოში წყალი დგას, თანაც იმხელა, უნდა იმარჯვოთ, რომ თითქმის ტბაში არ ჩავარდეთ... ისიც აგვისტოში, წვიმის შემდგომ პერიოდში... საცხოვრებლის მთელი ტერიტორია ჭაობია. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ სახლში შეხვალთ, რომელიც აგურის საყრდენებზე დგას, წყალში რომ არ ჩაიძიროს. ეზოში ორი ქათამი დარბის, გვერდზე სარეცხის თოკია გაკიდებული, ზედ რამდენიმე მცირე ზომის შორტით გადაფენილი. მიხვდებით, რომ ოჯახში ბავშვები ჰყავთ, თან არა ერთი, არამედ _ სამი. მეოთხეს მალე ელოდებიან. ეს ვარდოსანიძეების ოჯახია. დასავლეთ საქართველოში თუ მოხვდებით და ქალაქ ხობის დათვალიერებას გადაწყვეტთ, სოფელი ზემო ქვალონიც მოინახულეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ღირსშესანიშნაობით არ გამოირჩევა, საინტერესო ადამიანებს მაინც გაიცნობთ. ჰოდა, სანამ ხობამდე მიხვალთ, ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, მჭიდროდ მიდგმულ სახლებს შორის, ერთი მოგხვდებათ თვალში _ ისიც დამწვარი და მიტოვებული. ამ სახლის პირდაპირ არანაკლებ შელახული, ქვის სამაგრებზე შემდგარი ერთსართულიანი აგურის სახლია, რომლის გვერდითაც უკვე იმ მეგრულ ოდას ნახავთ, საიდანაც ხსენებული სამი ბავშვის ხმა ყოველდღე ისმის. ესენი არიან თამარი, ოთარი და თეონა. 2015 წლის 2 იანვარს მოკლე ჩართვა მოხდა და სახლი დაეწვათ. იმ დილითვე დაწერეს განცხადება, გამგეობას მიმართეს დახმარებისთვის. როგორც თავად ამბობენ, მხოლოდ 2-3 თვის შემდეგ დაეხმარნენ ერთჯერადად და ისიც მხოლოდ 500 ლარით, _ ჩვენს ბიუჯტს მეტი არ შეუძლიაო, _ უთქვამთ. ამასობაში ერთ-ერთი შვილი, ოთარი, ავად გახდა და დედაქალაქში გადაიყვანეს სამკურნალოდ, მამა სამუშაოდ ქობულეთში წავიდა. „იმ პერიოდში შეჩერებული გვქონდა სოციალური დახმარება. მანამდე ყველასთვის ერთი და იგივე თანხა იყო, მხოლოდ ოჯახის უფროსს ეძლეოდა ოდნავ მეტი. ახლა ჩვენ 390 ლარი გვაქვს ჯამში, რაც, რა თქმა უნდა, არასაკმარისია. ფიზიკურად ვმუშაობ, თუ რამე გამოჩნდება. თვიდან თვემდე მაღაზიებში ვალებით გაგვაქვს თავი. ამ ოჯახში, სადაც ახლა ვიმყოფებით, 15 წლის მანძილზე არავინ ცხოვრობდა, თან იმ პირობით შემოგვიშვეს, რომ მიწა სახლის პატრონს უნდოდა და ვერ გამოვიყენებთ. 3 თვეა, აქ ვართ. ზამთარში გასათბობად შეშის ღუმელს დავანთებთ, ალბათ. სოციალურ დახმარებას რაც შეეხება, წელიწადი და 3 თვე არ გვეძლეოდა. ბავშვი ავად რომ გახდა, იმ პერიოდში სოციალურის სესხი გვქონდა გამოტანილი, მეუღლის _ მაია გვასალიას სახელზე იყო, თავდებად კი მე და დედაჩემს, დალი წიფურიას მოგვაწერინეს ხელი. როცა სოციალური შემიჩერდა, თანხას დედაჩემს პენსიიდან აჭრიდნენ. მაშინ საერთოდ არაფერი გვქონდა, მხოლოდ ის, რასაც მე ვიმუშავებდი ფიზიკურად“, _ ამბობს ვარლამ ვარდოსანიძე, ბავშვების მამა. მიწა, რომელზედაც ცხოვრობენ, ფაქტობრივად, ჭაობია და ეზოში, უბრალოდ, უნაყოფო ხეების გარდა, არაფერი შეგხვდებათ. ბავშვის სამკურნალოდ წაყვანის შემდეგ ისინი პერიოდულად სტუმრობდნენ თავიანთ საცხოვრებელს, თუმცა იგი დამწვარი იყო და ოჯახი ვარლამის ძმასთან ცხოვრობდა (დამწვარი სახლის წინ რომ ერთსართულიანი, ტრიალ მინდორში მდგარი სახლი ვახსენე, იქ). ეს დროდადრო სტუმრობა არ დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც სოციალური აგენტი ამ ადამიანების საცხოვრისის აღსაწერად და ქულების მოსანიჭებლად მოდიოდა. ისინი უკვე საცხოვრებლის გარეშე იყვნენ და ამიტომ ბაზაში დაფიქსირებულები არ გახლდნენ, კომისიის ხელახლა მოწვევა იყო საჭირო, თუმცა ვინაიდან ოჯახის წევრები გახიზნულები იყვნენ და აგენტმაც მათთან გასაუბრება ვერ მოახერხა, დაიწერა ოქმი, რის საფუძველზეც მათ დროებით შეუწყდათ დახმარება. ოჯახს რომ დროულად ხელახლა გადამოწმება მოეთხოვა და განცხადება დაეწერა, დაუნიშნავდნენ კიდეც, მაგრამ ისინი სოფელში არ იყვნენ და, შესაბამისად, ამის შესახებაც არაფერი იცოდნენ. სწორედ ამიტომ შეუწყდათ მათ სოციალური დახმარებაც. გარკვეული დროის შემდეგ ოჯახმა ოთარის მკურნალობის კურსი დროებით შეაჩერა და თავიანთ დამწვარ სახლს დაუბრუნდა, მაგრამ ვინაიდან იქ ყოფნა ფიზიკურად შეუძლებელი იყო, ახლობელმა ის სახლი დაუთმო, ახლა რომ უკავიათ. ჰოდა, ცხოვრობს ახლა ამ ოჯახში მეოთხე ბავშვის მომლოდინე წყვილი და ბებო, რომელიც თავისი შვილიშვილების კეთილდღეობაზე ოცნებობს და ამ იმედით გამგეობას აკითხავს ხოლმე. „ქრონიკა+“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სოციალური დაცვის სააგენტოს ოფიციალური პასუხით დაინტერესდა და სწორედ ამ თემაზე მათ კითხვებით მიმართა. როგორც გამგეობაში განაცხადეს, ვარდოსანიძეების ოჯახმა მათთან სახლის დაწვის თაობაზე განცხადება შეიტანა და შესაბამისი დახმარებაც ამავე მუხლის მიხედვით მიიღო. ოჯახს არ უხსენებია მრავალშვილიანობა და მსგავსი პრობლემები, ამიტომ შესაძლებლობის ფარგლებში გამგეობა მათ ფულადი ანაზღაურებით დაეხმარა. 500 ლარი კი ის თანხაა, რომელიც, ამ შემთხვევაში, ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამომდინარე, ყველაზე ოპტიმალური იყო. გამგეობაში ასევე აღნიშნეს, რომ თუკი ქალბატონი მაია განაცხადს შემოიტანს, როგორც მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი დედა, საქმეს შესაბამისი მუხლით მიუდგებიან და შესაძლოა, დაეხმარონ კიდეც... თუმცა ეს მომავლის საქმეა. რაც შეეხება სოციალური დაცვის სააგენტოს, აქ ხელმძღვანელი რამდენიმე თვის დანიშნულია და მან ყველა ფაქტი გადაამოწმა, რაც აღნიშნულ საქმეს ეხებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სოციალური აგენტის ადგილზე მისვლის დროს ოჯახის არც ერთი წევრი სახლში არ იმყოფებოდა. ასე, დაახლოებით, სამჯერ განმეორდა, რის შემდეგაც მათ დახმარება შეუწყდათ, თუმცა იგი 3 თვის წინათ აღუდგინეს. „ჩვენი მოთხოვნაა, თუ ვინმეზე შესაძლებელია ხმის მიწვდენა, უბრალოდ, ბავშვებისთვის ვითხოვ თავშესაფარს. ელემენტარული რომ გვქონდეს, ან რემონტი გამაკეთებინონ, ან თავშესაფარი. ბევრჯერ გამიგია, რომ სოციალურად დაუცველებისთვის და ლტოლვილებისთვის შენდებოდა ბინები და გადაეცემოდათ, ჩვენც ამ კატეგორიას მივეკუთვნებით, სოციალურად დაუცველი, ღია ცის ქვეშ დარჩენილი, მრავალშვილიანი ოჯახი ვართ. ერთადერთი თხოვნა შვილების თავშესაფარია“, _ ამბობს ვარლამი. ფაქტი ერთია, ვარდოსანიძეები უკიდურეს სიღარიბეში, სხვის სახლში ცხოვრობენ. ექვსსულიანი ოჯახი მალე ახალ წევრს ელოდება. მათ მხოლოდ ახლად დანიშნული სოციალური დახმარება და ალალბედზე გამოჩენილი სამუშაო აქვთ. როდესაც სახლიდან გამოვედი, ისევ სასწაულებრივად გადავურჩი „ტბაში“ ჩავარდნას, კართან კი სამი ცისფერთვალება ბავშვი მაცილებდა.    

                                                                                                                    ნინო ტაბაღუა

 

გაზიარება