QronikaPlus
მზია მასწავლებელი და პლატოს სანატორიუმში გაზრდილი პოლიტიკოსები!

მზია მასწავლებელი და პლატოს სანატორიუმში გაზრდილი პოლიტიკოსები!

2016-09-10 08:55:37

ბორჯომის პარკის მიმართულებით მიმავალი გზის დასაწყისში პოლიციელებმა შემაჩერეს და მანქანით გადაადგილების უფლება აღარ მომცეს. იქით მხოლოდ ნაცნობ მძღოლებსა და ძვირადღირებული ავტომანქანების მფლობელებს უშვებდნენ _ ისეთებს, ფული და გავლენა ზედ რომ აწერიათ. პოლიციელებზე გაბრაზებულმა მარცხნივ გადავუხვიე და ე. წ. პლატოს ასასვლელისკენ გავწიე. რამდენიმე მეტრში, გზაზე, შავებში ჩაცმული ქალი შევნიშნე, ხელში პლასტმასის ცარიელი ბოთლი ეჭირა და ზემოთ წამიყვანეო, _ ხელით მანიშნებდა. ცხადია, მანქანა გავუჩერე, გზაზე კი გავარკვიე, რომ ცივი წყლის მოსატანად მიდიოდა ტყეში... ჩემი მგზავრი ყოფილი პედაგოგი, პოეტი, უამრავი ლექსის ავტორი და პრობლემებით დახუნძლული ქალბატონი, მზია ლომსაძე აღმოჩნდა. ტყეში გასეირნების შემდგომ სახლში მიმიპატიჟა, სადაც პირველად მისი ოთხფეხა მეგობრები შემომეგებნენ. როგორც მასპინძელმა მითხრა, ამჟამად სკოლაში აღარ მოღვაწეობს და უპატრონო, შემოკედლებულ ძაღლებს უვლის, აპურებს, პატრონობს, რის გამოც მეზობლებთან პრობლემები ხშირად ექმნება, თუმცა მისი შევიწროება კიდევ უფრო ადრიდან დაწყებულა. მზია მასწავლებლის სახლში საშინელი ნესტისა და სიდუხჭირის სუნი ტრიალებდა. უკეთესი მდგომარეობა არც მის ქოხში აღმოჩნდა, რომელიც  სოფელ სადგერში აქვს, თუმცა მისი პატრონი და ხელის წამშველებელი არავინ არის. მზია მასწავლებელთან კიდევ ის იყო მნიშვნელოვანი, რომ მისი სახლის ყოველი კედლიდან თუ კუთხე-კუნჭულიდან მიხეილ სააკაშვილი მიყურებდა. ყოფილი პრეზიდენტისადმი სიყვარული მას არც დაუმალავს და ისიც მითხრა, რომ, ერთ დროს, მისი პედაგოგიც იყო. ახლად გაცნობილ ყოფილ პედაგოგს სოფელ სადგერშიც გავყევი, სადაც მას ფიცრული ქოხი აქვს. ეს ინტერვიუც იქ, მისი ხელით გაკეთებულ ქვის სკამებზე ჩამომსხდრებმა ჩავწერეთ. იგი საკუთარი პრობლემებისა და ხელისუფლების გულგრილობის შესახებ მესაუბრა.   მზია ლომსაძე: _ სადგერი არის ჩემი დედულეთი. ამ სოფელში 24 წელი სკოლის გამგე ვიყავი, მანამდე კი სასკოლო ინსპექტორად ვიმუშავე ბორჯომში. იმ პერიოდში განათლების განყოფილების გამგე იყო ბაგრატ მინჯია _ ძალიან მკაცრი, მომთხოვნი ხელმძღვანელი. მამა რომ გარდამეცვალა, ამის მერე გადმოვედი ამ სოფელში სამუშაოდ, რადგან მამა აქ დავკრძალეთ. ქართული ენის სპეციალისტი ვარ, აქ კი მხოლოდ დაწყებითი სკოლა იყო და ჩემი პროფილიც შეიცვალა. სადგერიდან ჩემი წასვლის შემდეგ, 5 წელიწადში, ეს დაწყებითი სკოლა დაიხურა. ქარში, ავდარში, წვიმაში, თოვლში ყოველდღიურად კილომეტრებს გამოვდიოდი ბორჯომიდან და ერთი დღეც არ გამიცდენია ბავშვებისთვის. უძრაობის წლები რომ ერქვა, სულ ფეხით დავდიოდი. გზაზე ასფალტიც კი არ იყო და ბავშვებისთვის გაკვეთილები რომ ჩამეტარებინა, ღრმულებზე, თხრილებზე, გაუბედურებულ გზაზე, უშუქობაში, დილის 7 საათზე გამოვდიოდი ბორჯომიდან. სადგერის ქოხში საცხოვრებელი პირობები არ იყო, ბორჯომში კი მაშინ უკეთესად ვიყავი. რაც მთავარია, კანალიზაცია სახლში მოწესრიგებული მქონდა. დედა იმის გამო გარდამეცვალა, მეზობელმა კანალიზაცია რომ მოთხარა და დააზიანა. ბევრი ინერვიულა. ლექსებს მე-4 კლასიდან ვწერდი და დედაჩემი იყო ჩემი ლექსების პირველი კრიტიკოსი. ლექსების სამი კრებულის აკინძვა მოვახერხე, რაშიც ბიძაშვილი დამეხმარა. 2-ჯერ მოვხვდი ავტოავარიაში. ღვთის წყალობით, გამოვედი მდგომარეობიდან, მაგრამ ტყიდან საშეშე მასალის მოტანა არ შემიძლია. ვერც ვთხოვ ვინმეს შეშის მოტანას. პენსიაც არაფერში მყოფნის. ორჯერ რომ გასვენებაში წავიდე და შესაწირი მივიტანო, დავეხმარო ადამიანს გაჭირვებაში, ფული უკვე დახარჯულია, ამიტომ მთელი წელი ჩამოყრილ, პატარა ტოტებს და ნაგავს ვაგროვებ, ზამთარში რომ დავწვა. გასულ წელს 60 ტომარა შევაგროვე, წელს უკვე 47 მაქვს. მიშამ პენსია რომ დაგვიმატა, მაშინ ვთქვი, მის სახსოვრად ბეჭედი და ჯვარი უნდა ვიყიდო-მეთქი და ასეც გავაკეთე. ორივე ნივთს სულ თან ვატარებ, ისე მიყვარს. _ ყოფილი პრეზიდენტის ფოტოებით გაქვთ ბორჯომის სახლი გავსებული. ასე რამ შეგაყვარათ? _ შეუძლებელია, მას დავიწყებოდა ის წლები, როცა პლატოზე ისვენებდა და აღმზრდელად მზია მასწავლებელი ჰყავდა. გაკვეთილის დაწყებამდე ბავშვები სწავლის აზარტში შემყავდა და ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტეს“ შესავალს ვასმენინებდი. არც დავიწყებია. როცა ხელისუფლებაში მისი გუნდი მოვიდა, ეს მელოდია არაერთხელ გამოიყენეს, რაც მათი ბავშვობის შთაბეჭდილების შედეგი იყო, დარწმუნებული ვარ. ალბათ გიკვირთ, მრავლობითში რომ ვსაუბრობ: პლატოზე, ბავშვობაში, მისი გუნდის სხვა წევრებიც ისვენებდნენ და მათი აღმზრდელიც ვიყავი. ფეხბურთს ვათამაშებდი ხოლმე ბავშვებს. ასევე მქონდა ჭადრაკის დაფები და სერიოზულ შეჯიბრებებს ვმართავდი. იმ პერიოდში ბორჯომში ჩამოსული იყო უწმინდესი და სრულიად შემთხვევით მასთან აღმოვჩნდი. შემეკითხა, _ რატომ დაიწყე ზაფხულში დედათა და ბავშვთა პანსიონატში მუშაობა, დასვენება არ გინდოდაო? ვუპასუხე, _ მაინტერესებდა, ჩემს რესპუბლიკაში როგორი ბავშვები არიან და როგორ ახალგაზრდებთან მომიწევს სიბერის გატარება-მეთქი. სიმართლე ვუთხარი ილია მეორეს, რომელმაც კითხვა შემომიბრუნა, _ მაინც, როგორი ბავშვები არიანო? ვუპასუხე, _ ალესილი მაკრატლებივით არიან-მეთქი. მართლაც ასეთი კარგები იყვნენ. სწორედ მაშინ უფალმა იმ ხალხს შემახვედრა, რომელთაც შემდგომ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ფურცელი უნდა გადაეშალათ. პლატოს ზაფხულის სანატორიუმში ჩემი აღსაზრდელები სხვადასხვა დროს იყვნენ: მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ბარამიძე, გიგი უგულავა... ერთხელ ბორჯომში შევხვდი ოპოზიციის წარმომადგენელ გია თორთლაძეს, რომელსაც ვუთხარი, რომ პედაგოგი ვიყავი. შემომხედა და მაშინვე მომიგო, _ პლატოზე მუშაობდით, არაო? როგორც ჩანს, მიცნო და ისიც ჩემი აღსაზრდელი იყო პლატოს სანატორიუმში. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის ბავშვობაც კარგად მახსოვს. _ მიშას ბავშვობაზე მომიყევით, როგორ დაგამახსოვრდათ ის პლატოს სანატორიუმიდან? _ მიშას გაცნობა საინტერესოდ მოხდა: ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, 21 დეკემბერს დაბადებული ბავშვი მოვიდა ჩვენს სანატორიუმშიო. 21 დეკემბერი სტალინის დაბადების დღეც იყო და ვუთხარი, რომ ეს ბავშვი ჩემთან მოეყვანათ. 10-11 წლის კაფანდარა ბიჭი იყო. სხვათა შორის, მისი უფროსი შვილი _ ედუარდი, ამ ასაკში რომ იყო, ძალიან ჰგავდა მამამისის ბავშვობას. საკმაოდ მორიდებული და ზრდილობიანი ბავშვი გახლდათ მიშა. პროვინციელი მასწავლებლისთვის ხომ შეიძლება, არც დაეჯერებინა, მაგრამ რასაც ვეუბნებოდი, უსიტყვოდ აკეთებდა. შეიძლება, მე ვცდები, მაგრამ ასე მგონია, მიშას ხელისუფლების წევრებიდან ბევრი ერთმანეთს სწორედ ამ სანატორიუმიდან იცნობდა. ბეჟუაშვილებიც იქ ისვენებდნენ.  სანატორიუმის ბავშვები მოკლე გზით ხშირად დამყავდა გოგირდის აბანოებზე. როცა სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა და პარკში მოვიდა, გოგირდის აბანოებისკენ წავიდა. იქიდან პლატოზე გადასვლა სწორედ იმ ბილიკით გადაწყვიტა, რომლითაც მე ჩამყავდა ხოლმე აბანოებთან. შეაჩერეს და უთხრეს, _ მანდ არ არის ასასვლელი, არ შეიძლებაო. _ ვიცი მე ეს გზები, რას მასწავლითო? მაშინ შევხვდი მას. დამინახა თუ არა, შუბლზე მიიდო ხელი. ამ ჟესტს ბავშვობაშიც იყენებდა და მეც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს იყო ის მიშა, რომელსაც ბავშვობაში ფეხბურთს ვათამაშებდი ბორჯომში, პლატოს ტყეში. „ვარდების რევოლუციამდე“  გარდამეცვალა დედა. მაშინ აღარ ვმუშაობდი, არც პენსია მქონდა, არანაირი დახმარება არ გამაჩნდა და ახლობლებსაც უჭირდათ. მამიდაშვილმა მითხრა, _ სოფელში ამოდი და კარტოფილს გამოგატანო. ავტობუსში ვერ ავედი, რადგან ფული არ მქონდა. გზაზე დავდექი და ვიფიქრე, იქნებ, რომელიმე ღვთისნიერმა გამიჩეროს-მეთქი. „ტოიოტამ“ გამიჩერა. ახალგაზრდები იყვნენ და გზაზე რომ ვისაუბრეთ, ბევრ რამეზე გამოიჩინეს დაინტერესება. ასე აღმოვაჩინე ისინი ქვაბისხევის მონასტერში. ესენი იყვნენ „კმარას“ ბიჭები. მონასტერში რომ შევიყვანე, ირგვლივ საკმევლის საოცარი სურნელი იდგა. მას შემდეგ სულ ვფიქრობ, შეიძლება სწორედ იქ, ქვაბისხევის მონასტერში მოხდა სააკაშვილის ხელისუფლების კურთხევა, რადგან ბევრი რამ ვინატრეთ და ვისურვეთ ერთად. ალბათ ის წლებიც, ის პრობლემებიც  უნდა გაგვევლო, რომ უკეთ გვცოდნოდა, ვინ ვინ იყო. ომმაც და „ნაციონალების“ ხელისუფლებიდან წასვლამაც ბევრი ადამიანის სახე გამოავლინა. ამ ბიჭებიდან ერთ-ერთი მერე ბორჯომში შემხვდა. მითხრა, _ მიშამ ყველაფერი ისე ვერ წაიყვანა, როგორც საჭირო იყოო. სხვებმა ააცდინეს სამართლის გზას და სხვების გამო მოხდა ეს ყველაფერი. სააკაშვილს კიდევ ერთხელ შევხვდი. გარს ხალხი ჰყავდა შემოხვეული. წერილს ვაფრიალებდი და ვიძახდი: მიშა, მიშა! დაცვა მასთან არ მიშვებდა, მაგრამ ჩემი ხმა რომ გაიგონა, ულაყივით გაარღვია ხალხის კორდონი, მოვიდა, მოფრიალე წერილი გამტაცა და ჯიბეში ჩაიდო. მასაც ვწერდი, რომ ჩემი სახლის საძირკველი ჩამოშლილი იყო მეზობლის თოფის სროლით. _ ახლა თქვენი პრობლემების შესახებ უფრო დეტალურად მესაუბრეთ. რადგან იგივე პრობლემები კვლავ გაქვთ, ე. ი. სააკაშვილი არ დაგეხმარათ. რა ხდება, ვინ გავიწროებთ, ვინ არ გაქცევთ ყურადღებას? ყველაფერი მომიყევით... _ მეზობელმა თოფის სროლით დამიზიანა საძირკველი, მერე კი „შიფერები“ მოაფარა, რაც ჩაიდინა, ყველამ რომ არ დაინახოს. ამ ადამიანებმა ისეთი რამ დამაბრალეს, 6-წლიან ციხეში მიშვებდნენ ტყუილად. ვინც ამას აკეთებდა, ის მოსამართლე მიშამ გაათავისუფლა სამსახურიდან და პროკურორიც ზედ მიაყოლა, რომელმაც სიმართლე ძალიან კარგად იცოდა და მალავდა. იგივე დამართა ჩემ წინააღმდეგ საქმეში გარეულ კიდევ რამდენიმე ადამიანს, თუმცა ეს ხალხი დღეს ბორჯომში ისევ ბაირამობს და ზოგიერთს კენჭისყრაც კი უნდოდა. არ ვიცი, როდის მოვა ნამდვილი სამართალი ჩვენს ქვეყანაში. _ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ბევრი ცუდი რამ მოხდა: ხალხს ციხეებში ყრიდნენ უსამართლოდ, ქონებას ართმევდნენ, აწამებდნენ. უამრავი პოლიტიკური პატიმარი იყო ქვეყანაში. ნულოვანი ტოლერანტობაც ხომ მიშას მოგონილია და მასზე აზრი რომ არ შეგეცვალათ, ეს ყველაფერი მოგწონდათ? _ უამრავი ხელისუფლება გამოვიცვალე და პირადად ჩემ მიმართ სამართალი მხოლოდ სააკაშვილის დროს მოქმედებდა. თქვენი აზრით, ვინ აწამებდა პატიმრებს? ან ვინ ართმევდა ქონებას ხალხს? რა თქმა უნდა, ის ადამიანები, რომლებიც ისხდნენ იმ უწყებებში, რომლებშიც არ უნდა ყოფილიყვნენ. ისინი ამას იმიტომ სჩადიოდნენ, რომ უნდოდათ, საქმე გაეფუჭებინათ იმ მთავრობისთვის, რომელშიც თავადაც იყვნენ. თავი დროზე იცით, ვინ გაუფუჭა კომუნისტებს საქმე? _ ნეოკომუნისტებმა, რომლებიც შეიპარნენ მათთან, დაამხეს ქვეყანა და მერე ამას ზეიმობდნენ, რადგან იქიდან გამორჩენა მიიღეს. როდესაც მანტიას ატარებ და გარკვეული ვალდებულება გაქვს აღებული, სიმართლის გზით უნდა იარო და ყველაფერი აკეთო, რათა ეს მანტია არ შეარცხვინო. ასე ვიცხოვრე პირადად მე, 24 წელი საშინელ გზაზე ვიარე, მაგრამ ბავშვებს ერთი დღეც არ ვუღალატე. ციხიჯვარში პირველი ქართული სკოლა გავხსენი მჟავანაძის პერიოდში, რომელსაც ახლა ყველა ეპატრონება და მზია მასწავლებელი აღარც ახსოვთ. ეს ის დრო იყო, როცა ქართველ მშობლებსაც კი ბავშვები რუსულ სკოლებში შეჰყავდათ იმ იმედით, რუსეთში გააგრძელებენ სწავლასო. ბერძნები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, მერე მადლობას მიხდიდნენ, _ თქვენ რომ არა, ჩვენს შვილებს ქართული არ ეცოდინებოდათო. მე მასწავლებლის მანტია მემოსა და ამ ტვირთს პატიოსნად ვატარებდი. სამწუხაროდ, ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის. _ თქვენ ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობთ, ამის მიზეზი რა არის? ამაზე მესაუბრეთ... _ ესეც, ალბათ, ღვთის ნებაა. ახლა აღსარებასავით გეტყვით ერთ რამეს: ერთხელ ბორჯომში უწმინდესი ჩამოვიდა და ამბიონიდან გამოგვიცხადა, თქვენს მტერზეც ილოცეთ და არავისი ცუდად ყოფნა არ ისურვოთო. ისე ვიყავი გამწარებული ჩემი მდგომარეობით, დავიწყევლე, _ ჩემნაირი მტერი მოგცეს ღმერთმა და ნახავ, როგორ ილოცებ-მეთქი. მართლაც გამოჩნდა ასეთი მტერი პუტინის სახით. ჩავიდა ეს ხანდაზმული კაცი მოსკოვში, მაგრამ უშედეგოდ. პუტინი არის არამზადა, თანამედროვე ანტიქრისტე და ვამპირი, ხოლო ვინც მისი სიყვარულითა და დავალებით მოქმედებს, ანტიქრისტეს შლეგია, მაგრამ ყველა აუცილებლად მიიღებს მისაგებელს. ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება და ჩემი თქვენთან შეხვედრაც ასეა. ყველა საქმეს ღვთის ნებით ვაკეთებთ, მაგრამ კეთილსინდისიერად უნდა ვაკეთოთ, ეს არის მთავარი. ხომ ხედავთ, ჩემს ორივე სახლში რამდენი ძაღლია. დაჭრილი, დაავადებული, ოჯახებიდან გამოგდებული ძაღლები მომყავს სახლში. ერთი პერიოდი 18 ძაღლს ვუვლიდი. ერთხელ ორი გადაყრილი ლეკვი ვნახე. ისე წკმუტუნებდნენ და ტიროდნენ უდედობას, ვიფიქრე, ესენი რომ არ წავიყვანო და არ მივხედო, არაადამიანი ვიქნები-მეთქი. დედა ასე მეუბნებოდა, _ შვილო, ჩემი ლუკმა აჭამე მაგათ, ოღონდ არ დატოვო და უპატრონობისთვის არ გაწიროო. ამათი მაგალითითაც ვხედავ, რომ უფალი თავის ლუკმას ყველას უგზავნის. ხომ ხედავთ, მე თავად მიჭირს, მაგრამ ჩემი ოთხფეხა მეგობრები რომ ვარჩინო, ამის საშუალებას მაინც მაძლევს. ისინი განსაკუთრებული არსებები არიან, ყველაფერი ესმით და გრძნობენ. 6 წელია, არც ხორცს ვჭამ და არც თევზს. რასაც სული უდგას, ტირის და სიცოცხლესთან განშორებას განიცდის, რასაც სისხლი გამოსდის და ენანება სიცოცხლის დატოვება, მის ხორცს ვერ შევჭამ. უპატრონოთა სასადილოში დადიოდა ერთი ქალი, რომელიც ბალახზე ფეხს არასდროს დგამდა და ამბობდა, _ ის ყველაფერს გრძნობს, ფეხი რომ დავადგა, ეტკინებაო. ჩემს ეზოში მეც არ ვჭრი მცენარეებს. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ადამიანური ბუნება, მაგრამ ის გარდაიქმნა ისეთად, როგორსაც ახლა ვხედავთ _ გახდა დაუნდობელი და უგულო. ხალხი ეკლესიაში დადის, ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარება და მერე პურს ყრის. ეს პური აღარ არის ქრისტეს ხორცი? რატომ უნდა გადააგდო? ასეთი „მორწმუნეების“ გადაყრილი სარჩოთი იკვებებიან ჩემი ოთხფეხა მეგობრებიც. ჩემს პრობლემებზე არაერთხელ მკითხეთ, ამიტომ მოკლედ გეტყვით: დედის სიკვდილის მერე უნდა დამეკანონებინა მშობლების ქონება, რადგან მათი ერთადერთი შვილი ვიყავი, მაგრამ კუთვნილების ნამდვილი საბუთი სათანადო უწყებებში დამიმალეს. ასე გაგრძელდა 2004 წლამდე. სააკაშვილის დროს მივაღწიე მხოლოდ, რომ ეს საბუთები მენახა და აღმოჩნდა, რომ მეზობელს ბორჯომში სახლი და ეზო თავის გვარზე გაუფორმებია მავანთა დახმარებით. გადაკეთებული დოკუმენტი ხელთ ვიგდე, ნამდვილი სახლში გვქონდა და დავიწყე ბრძოლა კუთვნილების დასაბრუნებლად, რასაც მოჰყვა უამრავი ნერვიულობა, ტკივილი, უსამართლობა, შეურაცხყოფა... რომელიც ამ პერიოდამდე გრძელდება და დასასრული არ უჩანს. ბორჯომის ყოფილმა გამგებელმა უფლება მისცა, ჩემს ადგილში მშენებლობა ეწარმოებინათ და ცემენტის კედელი აეშენებინათ. ჩემი სახლის კედლები დამინგრიეს, იქ სიბინძურეებს ასხამენ, სუნსა და უბედურებაში მაცხოვრებენ და სამართალს ვერ ვპოულობ, რადგან მათი მფარველები მაღალჩინოსნები იყვნენ. ახლა მათი გვარ-სახელების დასახელება არ მინდა, რადგან ზოგიერთმა უკვე მიიღო მისაღები. _ ახალი ხელისუფლება არ გეხმარებათ სიმართლის მიღწევაში? _ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ... ამჟამინდელ გამგებელს გადასწორებული დოკუმენტიც და ნამდვილიც ვაჩვენე. მიყვირა, _ ახლავე აქედან წაიღეო! და პოლიციას გამოუძახა, _ გაიყვანეთო! ამ ორმეტრიანი კაცისთვის განა რა უნდა დამეშავებინა, ჩემი რომ შეეშინდა? მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელიც არავის არც კი უსმენს და რომელ დახმარებაზეა საუბარი?! _ ასეთ საშინელ პირობებში რომ ცხოვრობთ, სინესტის გამო ჭერი თავზე გექცევათ, ოთახებში საშინელი სუნი დგას... ეს იციან და არ გეხმარებიან? _ დიახ, იციან. რამდენჯერმე მოვიდნენ, მაგრამ ცნობა დაწერეს, სახლში ნიაღვრები იწურებაო. მართლა ასე რომ იყოს, როგორმე მოვითმენდი, მაგრამ ჯიბრით ხდება ეს ყველაფერი და საგულდაგულოდ მრეცხავენ ათასი უბედურებით! თუმცა ამის შემჩერებელი და ჩემი მომხედავი რომ არავინ არის, ამის გამო მწყდება გული. კუთვნილი მიწაც წამართვეს და დარჩენილ სახლშიც არ მაძლევენ ნორმალურად ცხოვრების საშუალებას. მიუხედავად ყველაფრისა, მჯერა, სიმართლე არ დაიკარგება. ამას წინათ ერთმა მამაომ ჩემი მოსწავლის ციხეში ნათქვამი გადმოგვცა: ნაძვი ტირის, არ მოჭრათო. ეს იმ ბიჭს ბავშვობაში მე ვასწავლე. ყოველთვის ვეუბნებოდი მოსწავლეებს, _ დედი, ხე ცოცხალი არსებაა, არასდროს მოჭრათ, რადგან მანაც იცის ტირილი-მეთქი. ასე რომ, სიმართლე არ იკარგება და ზოგჯერ ციხიდან და ჯურღმულიდანაც კი გაიგონებ მის ხმას. ბიბლია და სახარება გვასწავლის, მართალნი გადარჩებიან და დაიმკვიდრებენ ქვეყანასო და მეც ამის იმედით ვარ.  

                                                                                                         ნელი ვარდიაშვილი

გაზიარება