QronikaPlus
„ეკლექტური გირჩსახელმწიფო” და მსოფლიო ბანის სერაპატიზმი აჭარაში

„ეკლექტური გირჩსახელმწიფო” და მსოფლიო ბანის სერაპატიზმი აჭარაში

2016-09-10 08:41:38

მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ვნებები, არც მეტი არც ნაკლები, უძაღლო ქვეყნის კატების კაკაფონიაში გადის. არტისტულ სცენას შეჩვეული და აპლოდისმენტებში ჩაკარგული, რატომღაც, ჯიუტად ფიქრობს, რომ თუ სხვამ შეძლო პოლიტავანსცენის დაპყრობა, ბურჭულაძე, როგორც მომავალი პრემიერი, რატომ უნდა დაკარგოს საქართველომ? პრინციპში, ქვეყანას, რომელსაც ,,გამოიბიარდებულ“ ჯაჭვლიანზე არ უთქვამს უარი, ან თუნდაც ,,კაც-თალიბანზე“, რომელსაც მინისტრობის შანსიც კი მისცა, რა მოხდა, ჰყავდეს მსოფლიო ბანი, რომელმაც ,,ბაბოჩკა“ მოიხსნა, გახეხილი ჯინსით დადის და ჯერ თავს არწმუნებს, მერე კი ამომრჩეველს, რომ სახელმწიფოს ხალხისთვის აშენებს? თუ ჯაჭვლიანმა 4 წელი საკანონმდებლო ორგანო ,,დაამშვენა“ და ელექტორატს მხოლოდ ორი ფრაზით დაამახსოვრა თავი: „მე იბიარდზე ვერ ვიქნებოდი, იმიტომ რომ ერთგული მეუღლე ვარ“ და მეორე: „ნუ, ბლატაობ, შე, ჩმორო“, _ ახალი მოწვევის პარლამენტში პაატა ბურჭულაძე ცნობილი გამონათქვამით მიდის: „ვამაყობ, რომ მსოფლიოში, როგორც რუს ბანს მიცნობენ“ და „ის, რომ რუსეთი ოკუპანტია, სქართველოს ბრალიც არის“! და ეს მაშინ, როცა შენ ქართველი ხარ, ხოლო შენი ქვეყნის 22% ოკუპირებული აქვს რუსეთს, როცა საქართველოს ჰყავს „შინდისის გმირები“ და გიორგი ანწუხელიძე, ბევრი ქართველი, რომელიც, მსოფლიო ბანისგან განსხვავებით, რუსი მაყურებლის წინაშე „ბისზე“ არ გამოსულა, რუს ჯარისკაცსა და რუსულ ტანკს სიცოცხლე შესწირა. ბურჭულაძის ფენომენით აღტკინებულნი თუ იმასაც დასძენენ, რომ სამაგიეროდ, აურაცხელი ქველმოქმედება გაწია და ბევრი ოჯახი გადაარჩენა, ფაქტი ჯიუტია, _ მსოფლიო ბანმა გრძელვადიანი კაპიტალი ჩადო ქველმოქმედებაში და ადრიანად დაიწყო ზრუნვა პოლიტიკურ ცხოვრებაზე. მაგალითი ცხვირწინ ჰქონდა _ ბიძინა ივანიშვილი _ მანაც ათეული წლით ადრე დაიწყო ქველმოქმედებაში დასაბანდებელ დივიდენდებზე ზრუნვა და „ქველმოქმედიდან“ _ „ერთმმართველად“ ჩამოყალიბდა.... ანუ ეს ის შემთხვევაა, როცა ლოგიკა არსსაც სცდება, ფორმასაც და შინაარსსაც. სამაგიეროდ, ააშკარავებს ყველაზე მთავარს _ უანგარო ქველმოქმედება, არადივიდენდური კაპიტალის ჩადება დროებითია, სამუდამო მხოლოდ მიზანია, რომლის მისაღწევად ყველა საშუალების გამოყენება ბოლოს გამართლებულია. ეს ნაღდი ქართული პოლიტიკაა _ არავინ არაფერს გასცემს, თუ არ მიიღო... ეს შესავალი მხოლოდ იმ აუცილებლობით იყო გამოწვეული, რომ მოახლოებულ არჩევნებზე კიდევ ერთხელ გვეთქვა, ვინ არის „მეორე შალიაპინად“ და „კამერზინგერად“ ცნობილი ბანი პაატა ბურჭულაძე, რომელსაც მსოფლიო ტაშს უკრავს, თავად კი „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერის, გიორგი თარგამაძის კომპლექსი სტანჯავს. რა შუაშია „ნაციონალური მოძრაობის“ წარსული პოლიტიკური ცხოვრების სატელიტური თანამეინახე? რატომ უქმნის მხოლოდ გიორგი თარგამაძის ფაქტორი უხერხულობას და კომფორტულად გრძნობს თავს ჯაფარიძე-ხაჩიძე-კუბლაშვილი-ვაშაძის გარემოცვაში? ამ და ბევრ სხვა დეტალზე, თუ რა ხდება ბანის პარტიულ ოფისში, რომელიც აჭარის რეგიონშია განთავსებული, იმ კონფიდენციალური ინფორმაციების საშუალებით შეიტყობთ, რომელსაც „ქრონიკა+“-ს აწვდიან და, გარკვეული მიზეზების გამო, ეს ადამიანები საკუთარი გვარ-სახელის გახმიანებისგან თავს იკავებენ. თუმცა, ბურჭულაძის დაპირების არ იყოს, თუ თავს არ დაანებებენ პარტიის წარმომადგენლების თვალთვალს, ჩანაწერებს გავასაჯაროებთო, ჩვენი კონფიდენციალური წყაროებიც თანახმა არიან, აუცილებლობის შემთხვევაში, ყველაფერზე ღიად და ფაქტებით ისაუბრონ. ახლა კი მხოლოდ ამბები, რომლებიც „ქრონიკა+“-ისთვის გახდა ცნობილი: აჭარაში პერიოდული ჩასვლები მსოფლიო ბანმა, ჯერ კიდევ, ნოემბრიდან დაიწყო. მართალია, მაშინ ადგილობრივი ორგანიზაცია დაკომპლექტებული არ ჰქონდა, რადგან მისი მასშტაბი მხოლოდ ფონდის საქმიანობის საზღვრებში ჯდებოდა, თუმცა ინფორმაციულ დონეზე მოკავშირეები ადვილად იპოვა. ისინი იყვნენ „ქრისტიან-დემოკრატების“ აჭარის ორგანიზაციის ყოფილი სახეები.  როგორც „ქრონიკა+“-ს უცხადებენ, ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებთან შეთანხმების გარეშეც ადგილობრივი სტაფი არ უნდა შექმნილიყო. რატომღაც, მაშინ პაატა ბურჭულაძეს ზედმეტი არც კითხვა დაუსვამს და არც განსაკუთრებული პარტიული საქმიანობა ჩაუტარებია. თუ ვინმემ თავიც შეიწუხა, დაიტვირთა და ღამეები ათენა, ეს თარგამაძის გუნდის ყოფილი წევრები იყვნენ. თუმცა ამ „პატარა ნაკლსაც“ ხელი არ შეუშლია პაატა ბურჭულაძისთვის, გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ მიეღო. იმ დრომდე მაინც, ვიდრე ბათუმში მის კარზე გამოჩნდებოდნენ ადგილობრივებისთვის კარგად ცნობილი ფარტენაძეები _ გიგა ფარტენაძე, რომელიც ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ დაინიშნა და მისი ბიძა, ბადრი ფარტენაძე, რომელსაც ბურჭულაძის პარტიაში საკვანძო პოზიცია არ ეჭირა, მაგრამ „რუხი კარდინალის“ სტატუსს ამაყად ატარებდა. ფარტენაძეების ბურჭულაძის კარზე გამოჩენას, როგორც „ქრონიკა+“-ს უცხადებენ, იმთავითვე მოჰყვა წარსულის გახსენება _ ბადრი ფარტენაძეს ადგილობრივები, როგორც უმაღლესი საბჭოს დეპუტატს „ნაციონალების“ კვოტიდან, ასევე ძმებ ახალაიების უახლოეს ძმაკაცად იცნობდნენ. ყოფილ მმართველ გუნდთან ასოცირებულმა ფარტენაძეებმა იმდენი გააკეთეს, გიორგი თარგამაძის გუნდის წევრები უმტკივნეულოდ მოიშორეს იმ იარლიყით, რომ ქდმელები იყვნენ და თავად ისე გაიმაგრეს პოზიციები „ნაციონალებთან“ დაძმაკაცებულ-დამეგობრებულებმა, ბოლოს საკუთარი გუნდიც მიიყვანეს ბურჭულაძის, ჯერ კიდევ, ჩამოუყალიბებელ პარტიულ ორგანიზაციაში. ლოკალურ პოლიტიკაში „მავრის საქმეები“ ბაჩუკი ჩხეიძემ და გია გარსოშვილმა _ უსკოს  თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, შეასრულეს და აჭარამ ასლან აბაშიძის შემდეგ, მსოფლიო ბანის ეკლექტურ გაერთიანებაში, „ბაბუს დროინდელი“ ზონდერი, მალხაზ კალანდაძე მიითვალა. როგორც „ქრონიკა+“-ს უყვებიან, კალანდაძის აქტივზე ყველაზე გახმაურებული და სკანდალური საქმეცაა. მართალია, ძიებამ ვერ დაუდასტურა, მაგრამ ბრალი ედებოდა  უმაღლეს საბჭოში დეპუტატობის დროს უკრაინელი ქალის გაუპატიურება. საქმის ჩაფარცხვაში ვინ დაეხმარა, არავინ იცის. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მალხაზ კალანდაძეს მაშინ „ნაციონალები“ დაეხმარნენ, დაზარალებულიც გააჩუმეს და თავად „ლევანია ჯანგავაძედ“ მონათლული დეპუტატი უსკოს წევრად გადაიყვანეს საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით. „ქრონიკა+“-თან ადგილობრივები იმაზეც აკეთებენ აქცენტს, რომ კალანდაძე ყველასგან გამორჩეული აგრესიული ხასიათითაა ცნობილი და განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს ერჩის. ბოლოს კი ყველაფერი ისე დაალაგა ყველაზე გვიან მისულმა მსოფლიო ბანის კარზე, წინამორბედები, მათ შორის, ფარტენაძე- ჩხეიძე ჩახსნა და გვერდით მერაბ ტყეშელაშვილი დაიყენა. არც ეს პროცესები გაუგია და დეტალებით დაინტერესებულა პაატა ბურჭულაძე, რომელსაც მოსაკითხიც და მოსაძიებელიც გაცილებით მეტი ჰქონდა. მაგრამ როცა ოფისში დასაქმებულებს თვეობით ხელფასს არ უხდი, მიუხედავად ამისა, მაინც აიძულებ, პარტიული შტაბის ე. წ. გამნიავებლები შაბათ-კვირასაც გამოცხადდნენ, თან არც კარდაკარის პროცესში მონაწილეობ, არც ბუკლეტებს ბეჭდავ და არც ბანერებზე ზრუნავ, ცოტა არ იყოს, უცნაურია. თუმცა იქ, სადაც „ბაბუს“ ნაზონდერალი კალანდაძე პარტიის ოფისში იარაღით დადის და მის თანაგუნდელებთან „ტარებისა და გამოყენების უფლებით“ მარიაჟობს, ადგილობრივებს ძალიან უკვირთ, რატომ  კეტავს დარაბებს „შეიარაღებული“ კალანდაძე, როცა მათი ოფისის წინ ლევან ვარშალომიძეს მოჰკრავს თვალს?! სამაგიეროდ, დიდი გული ოფისში აქვს, სადაც მსოფლიო ბანს ეწევა ტონალობაში და თანაგუნდელებს მაღალ რეგისტრში უყვირის, ტუქსავს და ჭკუას ასწავლის... ამასობაში კი „სახელმწიფო ხალხისთვის“ ბევრმა აქტივისტმა დატოვა და ბევრიც კლანურმა ჯგუფმა, უბრალოდ, დაბლოკა. ის, რომ არც ჭკუის მასწავლებელი ჰყავს პაატა ბურჭულაძეს და არც ერთგული ადგილობრივი კადრები პარტიულ შტაბში, ამასაც ბათუმის მცხოვრებლები უყვებიან „ქრონიკა+“-ს. სულ ახლახან გამართული „საზეიმო შეხვედრაც“ არ დავიწყებიათ, კერძოდ, მაჟორიტარების წარდგენის თემა, რომელიც ბოლომდე ჯაფარიძე-ვაშაძესთან შეთანხმებული განახორციელა. ეტყობა, ამ უკანასკნელ ტანდემსაც უჭირს აზრიან, ადგილობრივ სტაფში, თორემ დაარიგებდნენ მავანთ, რომ ფრაზის: „აჭარლები არ არიან წამყვან თანამდებობებზე“ გაჟღერება, მინიმუმ, სეპარატისტულ ნიშნებს შეიცავს და მაქსიმუმ, პოლიტიკურ სიბეცეს, რის გამოც კარგა ხანს დასცინოდნენ ახალ „ეკლექტურ გირჩსახელმწიფოს“, რომელსაც ამჟამად ოთხი თაობის ბათუმელი მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ჰყავს!  

                                                                                                                        მარიამ ბალანჩივაძე

   

გაზიარება