QronikaPlus
„მოფხიზლდი და მერე მოდი!“ _ არჩევნების შედეგები და კურიოზები აჭარაში

„მოფხიზლდი და მერე მოდი!“ _ არჩევნების შედეგები და კურიოზები აჭარაში

2016-10-14 09:44:16

აჭარა 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტთან ერთად უმაღლესი საბჭოს წევრებსაც ირჩევდა, ამიტომ, არც იყო გასაკვირი, რომ ეს რეგიონიც განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა. სპეციალურად უმაღლესი საბჭოს არჩევნების გამო სხვა ფერის ბიულეტენები დაიბეჭდა და დილიდანვე აჭარაში ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობა ფიქსირდებოდა, თუმცა, რასაკვირველია, ინციდენტების გარეშე არჩევნების დღეს არ ჩაუვლია. ლევან ვარშალომიძის დაბრუნება ბათუმში წინასაარჩევნოდ, მას დახვედრილი უამრავი ხალხი, წინასაარჩევნო განწყობები, სადაც მოსახლეობა ღიად აკრიტიკებდა როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონის ხელისუფლებას, გაწბილებული მოსახლეობა, „უპატრონო ბათუმი“ _ როგორც რამდენიმე გვერდი იტყობინებოდა ფეისბუქზე, ასევე, დღევანდელი ხელისუფლების სახედ მიჩნეული „ოცნების ქალაქი“ ბათუმის გარეუბანში, სადაც, წესით, კომფორტული სახლები და ინფრასტრუქტურა უნდა აშენებულიყო, აჩენდა მოლოდინს, რომ „ქართულ ოცნებას“ ბათუმში საკმაოდ გაუჭირდებოდა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჭიდილში ბევრგან დამარცხდებოდა. საბოლოოდ და ძირითადად, ასეც მოხდა. აჭარის რეგიონში ნაჩვენები არცთუ სახარბიელო შედეგები, ამ ეტაპზე, ალბათ, ნაკლებად ადარდებს აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს, რომელმაც დეპუტატობა გაინაღდა: ის „ქართული ოცნების“ სიაში 21-ე ნომრადაა შეყვანილი. ამაგი დაუფასდა ასევე უმაღლესი საბჭოს წევრს, სვეტლანა კუდბას, რომელიც „ოცნების“ სიაში 38-ე ნომერი იყო. აჭარაში არსებული 254 უბნიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებას“, პროპორციული სისტემით, 27 უბანზე მოუგო. ყველაზე მეტი - 186 ხმით „ენმ“-მ ქობულეთის ერთ-ერთ უბანზე მოიგო, ხოლო ბათუმის ერთ უბანში სხვაობა „ენმ“-ს სასარგებლოდ 168 იყო. არ გეგონოთ, რომ ეს სრულიად ბათუმის განწყობაა _ სხვა უბანში „ენმ“-მ მხოლოდ ერთი ხმით მოახერხა გამარჯვება, ისევ ბათუმში. იყო ოლქი ბათუმში, სადაც 24 უბნის ხმებია დათვლილი, 17 უბანია დასათვლელი და სადაც „ენმ“-ს ერთ უბანშიც კი  ვერ დაამარცხა „ქართული ოცნება“. აღსანიშნავია, რომ 50%-იანი ბარიერის გადალახვა აჭარის მასშტაბით მხოლოდ ერთმა კანდიდატმა მოახერხა: ცესკოს წინასწარი მონაცემებით 73-ე მაჟორიტარულ ოლქში (ქედა, შუახევი, ხულო) „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ანზორ ბოლქვაძემ, ხმების, დაახლოებით, 52% მიიღო. აჭარის სხვა მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტური, ისევე როგორც სამეგრელოსა და საქართველოს თითქმის ყველა სხვა რეგიონში,  „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის უნდა გაიმართოს. სხვა ოლქებში აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატების მაჩვენებლები ასეთია: ფატი ხალვაში _ 41,52%; ლევან ბეჟანიძე _ 39,85%; მუხრან ვახტანგაძე _ 44,46%, კობა ნაკაიძე _ 40,14%; ილია ნაკაშიძე _ 42,44%. რაც შეეხება აჭარის უმაღლეს საბჭოს, 8 ოქტომბრის არჩევნებში, უსკოს წინასწარი მონაცემებით, ვერც ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა ვერ გადალახა ბარიერი. შესაბამისად, მეორე ტურში უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოპოვებას შეეცდებიან ისევ და ისევ „ქართული ოცნებისა“ და ენმ-ს კანდიდატები, მათ შორის, ვახტანგ წულაძე, ილია ვერძაძე, ნუგზარ სურმანიძე, მერაბ კარანაძე და ხვიჩა შარაშიძე. პროპორციული სისტემით მანდატების განაწილების შედეგებიც აჭარის უმაღლეს საბჭოში უკვე ცნობილია. წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმები ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება“ _ 44.77% (46602 ხმა); „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ _ 30.01% (31241 ხმა); „ნინო ბურჯანაძე _ დემოკრატიული მოძრაობა“ _ 5.87% (6107 ხმა); „პატრიოტთა ალიანსი“ – 5.77% (6003). როგორც ვხედავთ, მონაცემები მთელი საქართველოს მასშტაბისგან აშკარად განსხვავებულია, თუმცა ორი მთავარი პოლიტიკური ძალა აქაც ნათელია. ამავე დროს, ნინო ბურჯანაძისა და ირმა ინაშვილის ცალ-ცალკე მტკიცება წინასაარჩევნოდ, აჭარაში უამრავი ადამიანი გვიჭერს მხარსო, ნაწილობრივ მართალიც აღმოჩნდა. აჭარის საკანონმდებლო ორგანოში კი ორივე პარტია იქნება წარმოდგენლი. ფაქტობრივად, თუ იმ მოცემულობას გავითვალისწინებთ, რომ „ენმ“ თავს ერთადერთ პროდასავლურ ძალად მიიჩნევს, მას აჭარის უმაღლეს საბჭოში, სავარაუდოდ, სამ პოლიტიკურ ძალასთან მოუწევს პაექრობა და რაიმე საკითხის გატანა გაუჭირდება. კაცმა რომ თქვას, აჭარაში ამ კუთხით ბევრად უფრო რთული სიტუაციაა, ვიდრე ზოგადად, საქართველოს პარლამენტში... რაც შეეხება მოსახლეობის აქტივობას, ის ქვეყნის სხვა რეგიონებისგან დიდად არ განსხვავდებოდა: არჩევნებზე გამოცხადდა 162 076 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 52,5%-ია. სულ აჭარაში 25 საარჩევნო სუბიექტი იყო დარეგისტრირებული. ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებთან ერთად, აჭარაში ერთი სპეცუბანიც მოქმედებდა, სადაც 72 პირი იყო რეგისტრირებული _ სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებაში. რაც შეეხება უშუალოდ 8 ოქტომბერს და იმას, როგორ მიმდინარეობდა არჩევნების დღე და საარჩევნო პროცესი აჭარაში, ამ შემთხვევაში, ბოლოდან დავიწყოთ: უბნების დახურვის შემდეგ, 20 საათზე ბათუმში, „ქართული ოცნების“ ოფისში სათავო ოფისს მიბაძეს და ოთხი ტელეკომპანიის მიერ გამოცხადებული ეგზიტპოლის შედეგები იზეიმეს, რომლის მიხედვითაც „ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 53% მიიღო. ამ ცნობას შეკრებილები ტაშითა და შეძახილებით შეხვდნენ. სხვათა შორის, აჭარაში ამომრჩევლების მაღალი აქტივობა რიგითი ამომრჩევლის დონეზე დაყვანილ ერთ შემთხვევაშიც კარგად ჩანს: ბათუმის 71-ე უბანში, როცა ერთ-ერთ ამომრჩეველ ქალს უთხრეს, რომ სიაში არ არის, ის ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახებაც კი დასჭირდა. „ყველა არჩევნებში მაქვს მიღებული მონაწილეობა, როგორ თუ სიაში არ ვარ?“ _ ლუღლუღებდა ის და ენის ქვეშ ვალიდოლს აწვალებდა. სასწრაფო დახმარების მოსვლის შემდეგ ამომრჩეველი მომჯობინდა, თუმცა მაინც გაურკვეველი დარჩა, იყო თუ არა იმ უბნის ამომრჩეველი და თუ იყო, რატომ არ აღმოჩნდა მისი გვარი სიაში? სხვა უბანში კი ამომრჩევლის აქტიურობა ვერც ბახუსმა დაჩრდილა. ეს ხულოში, მე-18 უბანზე მოხდა. ამომრჩევლის ნასვამ მდგომარეობაში გამოჩენა ერთ-ერთმა დამკვირვებელმა გააპროტესტა, რასაც კომისიის თავმჯდომარე დაეთანხმა და მოქალაქეს მიმართა: „მოფხიზლდი და მერე მოდი“. ამან გაჭრა და მოქალაქემ კი დატოვა უბანი პროტესტის გარეშე, მაგრამ კანონით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეს არ ეკრძალება არჩევანის გაკეთება და ხმის მიცემა. ამომრჩევლის აქტივობას უკავშირდება ასევე ერთი ტრაგიკული შემთხვევაც, რომელიც ბათუმში მოხდა: მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე საარჩევნო უბანთან 85 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ეს მაშინ მოხდა, როცა ის უბნიდან გამოვიდა და კიბეებზე ჩასვლისას წაიქცა. სასწრაფო დახმარებას მოხუცი გარდაცვლილი დახვდა. როგორც გაირკვა, ის ავადმყოფობდა, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა. დაპირისპირება და სიტყვიერი შელაპარაკება იყო ბათუმის 51-ე უბანთან, სადაც დავით ბერძენიშვილი იმყოფებოდა. ამჯერად ბერძენიშვილმა მობილიზებული ჯგუფები გააპროტესტა: მისი თქმით, სხვადასხვა უბანთან მობილიზებული იყვნენ „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც სპეციალურ სიებში აღნიშნავენ ამ უბანზე გამოცხადებულ და არგამოცხადებულ ამომრჩევლებს, რათა შემდგომში დაეშინებინათ ისინი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააკანონა ეს მახინჯი პრაქტიკა, ასეთი ჯგუფები იდგა მაშინაც უბნებთან, სიებით ხელში, ურეკავდნენ ტელეფონზე და აშინებდნენ ამომრჩევლებს. ეს პრაქტიკა გადმოიტანა „ქართულმა ოცნებამ“. ის ხალხი, რომლებიც ახლა სხედან ფურცლებით, აღწერენ, ვინ არ მოვიდა ამ უბნის ამომრჩევლებიდან, ვის რა პრობლემა აქვს, ამ პრობლემას გადაუჭრიან თუ გაურთულებენ. ზუსტად ისე იქცევიან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იქცეოდნენ“, _ თქვა მან. არჩევნების პროცესის მიმდინარეობაზე პრეტენზიებს თავისუფალი დემოკრატებიც გამოთქვამდნენ, თუმცა რამდენიმე უბანზე მათი საჩივარი არ მიიღეს. აღსანიშნავია ისიც, რომ არჩევნების პროცესის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“, ოფისის პარალელურად, აქტივისტები ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთანაც შეიკრიბნენ და თავიანთ წარმატებას აღნიშნავდნენ. მათ მიტანილი ჰქონდათ დროშები, ისმოდა მუსიკა, ზოგიერთი პირდაპირ პარკში ცეკვავდა. მოკლედ, ორივე მხარე გამარჯვებას ზეიმობდა და ეს მაშინ, როცა წინასწარ არაფერი იყო ცნობილი. ზოგადი დასკვნით კი არჩევნები აჭარაში მშვიდ ვითარებაში წარიმართა. ჯერჯერობით უცნობია, რას აპირებს „ენმ“ აჭარაში: საქართველოს პარლამენტის ბოიკოტის შემთხვევაში ასევე ბოიკოტს გამოუცხადებს უმაღლეს საბჭოს, თუ მეორე ტურში მხარდამჭერთა მობილიზებისთვის დაიწყებს მზადებას?  

                                                                                                                     ლაშა ბერულავა

 

გაზიარება