წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები ქუთაისში ამომრჩეველთა დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდა. საკუთარი პოზიცია, 2012 წელთან შედარებით, ამჯერად, 12%-ით ნაკლებმა ქუთაისელმა დააფიქსირა.
საარჩევნო ყუთებთან მხოლოდ 66 011 ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც საერთო რაოდენობის 42%-ს შეადგენს. სულ საპარლამენტო ქალაქში 161709 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
საარჩევნო პროცედურა ქალაქში არსებულ 129 უბანში კანონით დადგენილ დროს დაიწყო და რაიმე სახის სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა არც უამისოდ ჩაუვლია დღეს. 28-ე საარჩევნო უბანში, რატომღაც, ერთით მეტი სარეგისტრაციო ბეჭედი აღმოჩნდა, რომელიც დაილუქა და დღის ბოლოს საოლქო კომისიას გადაეცა. მცირე სახის დარღვევები სხვა უბნებზეც დაფიქსირდა, მაგრამ არჩევნების შედეგებზე მას რაიმე სახის გავლენა არ მოუხდენია. მოსახლეობა კმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ წინასწარი პროგნოზი მოსალოდნელი არეულობის შესახებ არ გამართლდა, თუმცა სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. 90-ე საარჩევნო უბანთან მომხდარმა დაპირისპირებამ ნათლად დაგვანახვა, რომ საარჩევნო სუბიექტები სამართლებრივ სივრცეს გასცდნენ და ქუჩური მეთოდებით საქმის გარჩევა პრაქტიკაში გამოიყენეს. „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი წერეთელმა, რომელიც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მისი კონკურენტის, კობა ნარჩემაშვილის სასარგებლოდ სიტუაციის დაძაბვაში დაადანაშაულა. წერეთელთან ერთად უბანთან გამართული ბრძოლის მონაწილეები, ძალაუნებურად, ჟურნალისტებიც გახდნენ. გიგი წერეთლისკენ მიმართულმა იერიშის ტალღამ მედიის წარმომადგენლებსაც გადაუარა. ჟურნალისტებს უცნობი პირები, სიტყვიერთან ერთად, ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. შედეგად, დაპირისპირებას ერთ-ერთი ტელევიზიის კამერა შეეწირა. საბოლოო ჯამში, წარმოქმნილ აურზაურს არც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის სასარგებლოდ უმუშავია და არც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის შედეგებზე მოუხდენია სასურველი გავლენა. წერეთელი და ნარჩემაშვილი ერთმანეთს ისევ დაუპირისპირდებიან. მნიშვნელოვანია, რომ მათ მსგავსად ვერც ორ დანარჩენ საარჩევნო ოლქში გადალახეს ბარიერი მაჟორიტარობის კანდიდატებმა, რის გამოც ქუთაისელებს არჩევანის გაკეთება მეორე ტურში კვლავ მოუწევთ.
ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანთან განვითარებული მოვლენების შემდეგ ჟურნალისტებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მათ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდეს, პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს ხელი არ შეუშალონ, ხოლო სამართალდამცველ ორგანოებს ფაქტის დროულად გამოძიებისკენ და დამნაშავეთა დასჯისკენ მიუთითეს.
აღნიშნული აურზაურის დროს საარჩევნო უბანთან იმყოფებოდა იმერეთის ვიცე-გუბერნატორი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ჭიღვარია. როგორც „ქრონიკა+“-სთან საუბრისას მან განაცხადა, ტერიტორიაზე შტაბიდან მიღებული იმ ინფორმაციის საფუძველზე აღმოჩნდა, რომლის მიხედვითაც გარკვეული პირები დესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობდნენ. ჭიღვარიას თქმით, არჩევნების დღეს ქალაქში გადაადგილდებოდა ორი ავტომობილი, რომელშიც მსხდარი ადამიანები ცდილობდნენ მოსახლეობის პროვოკაციაზე წამოგებას. კერძოდ, ისინი გააჩერებდნენ ავტომობილებს, შეაგინებდნენ მოქალაქეებს და შემდეგ გარბოდნენ. ვიცე-გუბერნატორი აცხადებს, რომ დებოშის ორგანიზატორები მისი საარჩევნო შტაბის წევრები არ ყოფილან, ხოლო საგამოძიებო პროცესის წარმართვისთვის იგი მზადაა, შესაბამის სტრუქტურებს მის ხელთ არსებული ყველა ინორმაცია მიაწოდოს.
საარჩევნო დღე მძიმედ დასრულდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მაჟორიტარობის კანდიდატისთვის, დიმიტრი მხეიძისთვის, რომლის სიმამრიც, მამუკა ფრუიძე, თაბუკაშვილის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. დაზარალებულს ხელის ამპუტაცია დასჭირდა.
ქუთაისში არჩევნების შედეგით უკმაყოფილოა „პატრიოთტა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი 49-ე საარჩევნო ოლქში, გოგი წულაია:
„ეს ქვეყანა მებრალება „ნაციონალების“ მობრუნებისთვის, თორემ „ოცნება“ ღირსია, მეორე ტური წააგოს. 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. ყველა ნორმალურ ქვეყანაში არჩევნების შემდეგ რაღაც უკეთესობისკენ იცვლება, ჩვენ კი კატასტროფა მივიღეთ. ამომრჩევლის მოსყიდვას ვერც ამჯერად გადაურჩა საქართველო. საარჩევნო უბნებთან არმისვლით ქუთაისელებს რამდენიმე წლის შემდეგ, მათი სიზარმაცის გამო, ქაოსში გადავარდნილ ქვეყანაში მოუწევთ ცხოვრება და საყვედურების დაფიქსირება შემდეგ უკვე გვიან იქნება.
გოგი წულაიას მოსაზრებას იზიარებს „რესპუბლიკელთა“ მაჟორიტარობის კანდიდატი _ ნატო ქათამაძე:
_ იყო ყიდვა-გაყიდვა. ვინც მეტი გადაიხადა, ხმაც იმან მიიღო. „ოცნებამ“ გამოიყენა ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი. არაფერს ვსაუბრობ კანდიდატზე, რომელიც 100-100 ლარობით უხდიდა ადამიანებს. ხოლო რაც შეეხება აკაკი ბობოხიძეს, თუ მას ამ ქალაქში ხმას მისცემდა ვინმე, აღარ მეგონა. სასაცილოა, რომ ზოგმა ისეთმა კანდიდატმაც მიიღო ხმა, რომელსაც ქუჩაში გამარჯობასაც არ ეუბნებიან.
_ ფულის გადახდაზე როცა საუბრობთ, „ოცნების“ კანდიდატს, დიმიტრი მხეიძეს გულისხმობთ?
_ დიახ. არ შემიძლია, მათი ნებართვის გარეშე დავასახელო ეს ადამიანები, მაგრამ ვიცი, რომ არჩევნებამდე 2-3 დღით ადრე რამდენიმე პირს, დახმარების სახით, ფული გადაუხადა.
ქუთაისის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გასულიყო. პრაქტიკულად, მათმა გაუაზრებელმა მოქმედებამ სერიოზულად ახეირა აღნიშნული პოლიტიკური ძალა.
ამ არჩევანით ქუთაისმა წააგო ის, რომ ადამიანები კიდევ უფრო დაკარგავენ ნდობას არჩევნების მიმართ და შემდეგში კიდევ უფრო მცირე პროცენტი გამოცხადდება საარჩევნო ყუთთან.
არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ქუთაისში დამდგარ რეალობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ფართო დისკუსია მიმდინარეობს. მართალია, პროპორციულ არჩევნებში იმერეთის ადმინისტრაციულ ცენტრში „ქართულმა ოცნებამ“ კონკურენტების დამარცხება შეძლო, მაგრამ არა ისეთი შედეგით, რასაც პროგნოზირებდნენ. ქუთაისელთა ერთი ნაწილის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ მხარდამჭერთა შემცირება პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის სურვილს უკავშირდება. ამომრჩევლები მიიჩნევენ, რომ თუკი „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება არ შეცვალა და ხმამაღლა არ დააფიქსირა ქალაქისთვის საპარლამენტო სტატუსის შენარჩუნების თაობაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მისთვის შედეგი გაცილებით არასასურველი იქნება.
ხვიჩა ვაშაყმაძე