პოლიტიკური პარტიები თანდათან გვიმხელენ იმ პირთა ვინაობას, რომლებიც ქუთაისის 3 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატის მოპოვებას შეეცდებიან. „ქართული ოცნების“ შემდეგ რჩეულები „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაასახელა. კანდიდატების ვინაობა ყოფილი სამთავრობო გუნდის წევრებმა ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში გაამჟღავნეს. დავით ბაქრაძის განცხადებით, ქუთაისის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის, რომ პარტიამ აქ 3 ისეთი პიროვნება შეარჩია, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში სერიოზული სიტყვა ეთქმის. გიგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე და გიორგი თევდორაძე გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან. მათ ამის იმედს ის ამომრჩეველი აძლევს, რომელიც „ქართული ოცნების“ საქმიანობით უკმაყოფილებას არ მალავს.
აკაკი ბობოხიძე:
_ ვფიქრობთ, რომ ქუთაისს „ქართული ოცნების“ წართმეული იდეა უნდა დავუბრუნოთ _ ქუთაისი საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი. იმედი მაქვს, რომ ქუთაისი და ქუთათურები გაისიგრძეგანებენ ამ იდეის აუცილებლობას ქალაქისთვის. ამომრჩეველი მიხვდება ამ იდეის მნიშვნელობას არა მარტო ქუთაისისთვის, არამედ დასავლეთ საქართველოსთვის. ამას სთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ ქალაქს და სწორედ ამიტომ პარტიამ მისი რიგებიდან ის კანდიდატები გამოუშვა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ღებულობენ გადაწყვეტილებას და მონაწილეობას ყველა ამ გადაწყვეტილების განხორციელებაში.
_ როგორ შეაფასებთ იმ კანდიდატებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ სახელით დაგიპირისპირდებიან?
_ მე ვიცნობ ამ ადამიანებს. მათთან პიროვნულად არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია. ისინი გაცილებით უკეთესი ქართველებიც კი არიან, ვიდრე მე, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ამ ადამიანებს არათუ პოლიტიკასთან, ერთმანეთთანაც კი არაფერი აერთიანებს. ჩვენ კი ვართ ერთი პოლიტიკური გუნდი და ქალაქისთვის პოლიტიკური შეთავაზება გვაქვს. ჩვენგან განსხვავებით, მე არ ვიცი, როგორ მონაწილეობას მიიღებენ ეს ადამინები იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც მომავალში „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიიღოს გამარჯვების, ან დამარცხების შემთხვევაში.
_ ქუთაისში საუბრობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდა მოეძებნა უკონკურენტო კანდიდატები.
_ არ ვიცი. ან ვერ მოძებნეს, ან იფიქრეს, რომ ქუთაისი ერთი ჩვეულებრივი ქალაქია. ამ გადაწყვეტილებას სხვას ვერაფერს დავარქმევდი. როგორც თავად ამბობენ, მომავალში დეპუტატებმა მონაწილეობა არ უნდა მიიღონ მუნიციპალურ საქმიანობაში. მაშინ მე ამ ადამიანების პოლიტიკური შეხედულებების, პოლიტიკური გეგმების შესახებ, უბრალოდ, არაფერი მსმენია. თუ ვცდები, ბედნიერი ვიქნები. მინდა, რომ ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, საქართველოს პარლამენტმა და ქვეყანამ მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე პირები უნდა მიიღოს და არა ადამიანები, რომლებიც მომავალ პარლამენტში სტატისტებად და მხოლოდ ხელის ამწევებად დასხდებიან. მე არ ვიცი ამ ნაწილში მათ საქმიანობაზე.
_ მაგრამ თქვენ იცით კობა ნარჩემაშვილი...
_ ნარჩემაშვილი ვიცი, მაგრამ მის პოლიტიკურ გემოვნებას არ ვემხრობი. დანარჩენი ორი ადამიანის პოლიტიკური გემოვნების შესახებ, უბრალოდ, ინფორმაციას არ ვფლობ. რთული სათქმელია, ეს ადამიანები სამომავლოდ წარმატებული პოლიტიკოსები იქნებიან, თუ ისეთივე შეუმჩნევლები, როგორებითაც სავსეა საქართველოს დღევანდელი პარლამენტი.
გიორგი თევდორაძე:
_ ვფიქრობ, რომ ეს 4-წლიანი პერიოდი საკმაოდ თვალსაჩინო და მწარე მაგალითი იყო უუნარობის, უძრაობის, ერთ ადგილზე გაყინვის და არა წინ წასვლის. დროა, არჩევანი გავაკეთოთ კომპეტენციის, გამოცდილების, პროფესიონალიზმის, ინტელექტის სასარგებლოდ. ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ რაც ჩამოვთვალე, ეს უნარები ყველაზე მეტად აკუმულირებულია იმ გუნდში, რომელსაც მე წარმოვადგენ. ის შეცდომებიც კი, რომლებიც არსებოდა, დღეს ჩვენი მწარე, მაგრამ მაინც გამოცდილებაა. ამ გამოცდილების გათვალისწინებით ყველას ვარწმუნებ, რომ აღარ გავიმეორებთ ამ შეცდომებს. თუკი ჩვენ გვინდა წინსვლა, ევროპა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საპარლამენტო დედაქალაქად ქუთაისი, ჩვენს შვილებს რეალურად ჰქონდეთ პერსპექტივა და სამუშაო ადგილები, მაშინ ამომრჩეველმა მხარი უნდა დაუჭიროს „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენ მზად ვართ, ქვეყანა ამ მძიმე სიტუაციიდან გამოვიყვანოთ.
_ თქვენ ქუთაისის მერი იყავით. როგორ შეაფასებთ ქალაქის ამჟამინდელი თვითმმართველობის საქმიანობას?
_ ქალაქის ამჟამინდელი ხელისუფლების საქმიანობიდან დარჩება მხოლოდ უსაფრთხოების კუნძულები, რამდენიმე ადგილას გადაჩიჩქნილი ქუჩა და წყალმომარაგების სამუშაოები, რომელიც, ჯერ კიდევ, 2013 წლის შემდეგ უნდა დასრულებულიყო. პირდაპირ ვერავის დავადანაშაულებ. კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვერც ქუთაისის მმართველობა იქნება, ვერც რუსთავის და ვერც ბოლნისის. დღეს ქვეყანაში არის უუნარობის ხელისუფლება და მისი გამოძახილია თითოეული ადგილობრივი თვითმმართველობა.
გიგი წერეთელი:
_ საუბრობენ, რომ თქვენი შანსები მცირეა, რადგან ქუთაისელი არ ხართ.
_ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩემთვის. ჩემი გვარის ადამიანს ჰკითხოთ, ქუთაისელი არ ხართო?.. ქუთაისელი ვარ ბოლო 4 წელია. თუკი ჩემი ოჯახის ისტორიას გადავხედავთ, ძალიან ბევრი ჩემი წინაპარი ქუთაისთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ქუთაისს სჭირდება რეალურად გადაქცევა საქართველოს პოლიტიკურ ცენტრად და რეალურ დედაქალაქად _ ის, რაც იყო ჩვენი ამოცანა და პროექტი, რისთვისაც საქართველოს პარლამენტი ქუთაისში გადმოვიდა და არა მარტო პარლამენტი. ეს იქნება ჩემი და იმ გუნდის ამოცანა, რომელიც ქუთაისში „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს. მთავარია, ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ქუთაისი დღეს ცხოვრობს უარესად, ვიდრე 2012 წელს. ქუთაისი უნდა იყოს საინტერესო ქალაქი. სხვა გამოსავალი არ არის. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და ეს გამარჯვება უნდა გახდეს ქალაქის აღორძინების დასაწყისი.
მმართველი გუნდის მხარდამჭერთა განცხადებით, მათ მიერ წამოყენებულ კანდიდატებს „ნაციონალური მოძრაობა“ კონკურენციას ვერ გაუწევს. ამ მოსაზრებას, ბუნებრივია, ყოფილი სახელისუფლებლო პარტიის გულშემატკივრები არ იზიარებენ, მაგრამ დამშვიდების საბაბი არც ერთ მათგანს არ უნდა ჰქონდეს. აღნიშნული პოლიტიკური მოძრაობების მესვეურთ სხვა პარტიების მიერ შერჩეული კანდიდატები ავიწყდებათ, რომლებმაც, ადვილი შესაძლებელია, უპრობლემოდ გაიტანონ ლელო. რამდენად წონიანი წარმომადგენლები ეყოლებათ კონკურენტებს და რას დაჰპირდებიან ისინი ქუთაისელ ამომრჩევლებს, სულ მალე გახდება ცნობილი.
ხვიჩა მაღლაკელიძე