საქართველოს სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელმა, ირინე ფხოველიშვილმა, რამდენიმე დღეა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საკონსტიტუციო სარჩელი ეხება სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების კანონთან შეუსაბამო და დისკრიმინაციულ გადასახადს, რომელიც 2010 წლიდან 4-5-ჯერ გაიზარდა და მიწის ხარისხსა და კატეგორიას არ ითვალისწინებს.
რა შეღავათი ექნებათ მიწის მფლობელებს, თუ სარჩელი დაკმაყოფილდა? რა ეტაპზეა საძოვრების რეაბილიტაციის პროცესი? არსებობს თუ არა რისკები მიწის რეფორმაზე, რომელიც 1-ლი აგვისტოდან უნდა ამოქმედდეს?
ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ირინე ფხოველიშვილი ესაუბრება:
_ კონკრეტულად რას ითვალისწინებს თქვენი კონსტიტუციური სარჩელი? თუ სასამართლომ თქვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა, რა შეღავათი ექნება იმ ადამიანებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწეობენ?
_ ჩემი კონსტიტუციური სარჩელი ეხება სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების კანონთან შეუსაბამო და დისკრიმინაციულ გადასახადს, რომელიც 2010 წლიდან 4-5-ჯერ გაიზრდა და არ ითვალისწინებს მიწის ხარისხსა და კატეგორიას, რაც შემდეგი გახლავთ:
• 2010 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი დიფერენცირებული იყო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის ხარისხის მიხედვით, ანუ კოდექსით ზოგადად მაინც იყო გამიჯნული კარგი და მწირი მიწა, შესაბამისად, გადასახადიც დიფერენცირებული იყო;
• 2010 წლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ნიადაგის თვისებების შესახებ ახალი მონაცემები არ არსებობს და შესაბამისად, არც გადასახადის გაზრდის საფუძველი არსებობდა, ყოფილი ხელისუფლების მთავრობის დადგენილებით გადასახადი მაინც 4-5-ჯერადად გაიზარდა მიწის ხარისხიანობის გაუთვალისწინებლად;
• მიუხედავად ჩვენი პროტესტისა, ახალმა პარლამენტმა 2012 წლის 28 დეკემბერს ყოფილი ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილება დააკანონა, ცვლილებები შეიტანა საგადასახადო კოდექსში და მიუთითა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით. ფაქტობრივად, არ არის გათვალისწინებული მიწების ხარისხი და მხოლოდ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ნიშნით არის „დახარისხებული“, რიც გამოც მწირი და კარგი მიწის მფლობელები ერთსა და იმავე გადასახადს იხდიან, რაც, თავისთავად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის დარღვევაა, რადგან მწირი და კარგი მიწის მესაკუთრეები არათანაბარ კონკურენტულ გარემოში ხვდებიან;
• ხოლო საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის მოიჯარე ფერმერს, რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგეჩვენოთ, იჯარის გადასახადის გარდა ეკისრება, სახელმწიფოს გადაუხადოს იმ ქონების გადასახადი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა.
ჩემი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი უნდა დაუბრუნდეს 2010 წლამდე არსებულ ნიშნულს, სადაც მწირი და კარგი მიწები გაიმიჯნება და მოიჯარე ფერმერები მხოლოდ იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრულ გადასახადს გადაიხდიან და არა სახელმწიფო ქონების გადასახადს. ეს კი ძალიან დიდი შეღავათი იქნება ფერმერებისთვის, რაც დარგის განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი გარემოებაა.
_ ადრე ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრეთ, რომ ხელისუფლებამ ფიქრი და მუშაობა დაიწყო საძოვრების რეაბილიტაციაზე. რეალურად თუ განხორციელდა რამე და ქვეყნის რა მასშტაბი მოიცვა?
_ რაც შეეხება საძოვრების რეაბილიტაციას, ამ საკითხზეც აქტიურად ვთანამშრომლობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. მიმდინარეობს საძოვრების აღწერა და შესწავლა, მუშავდება საძოვრების აღდგენის პროექტები. სამწუხაროდ, საძოვრების აღდგენა ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რასაც გლობალური დათბობის მძიმე შედეგები ართულებს.
_ იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, პირველი აგვისტოდან მიწის რეგისტრაციის რეფორმა ამოქმედდება. უკვე არსებობს იმის შიში, რომ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ახალი პროექტის სახით კიდევ ერთი ტენდენციურ-კამპანიური ხასიათის დოკუმენტი არ მივიღოთ. იმიტომ, რომ მიწების პრივატიზაციიდან დაწყებული, სხვადასხვა მთავრობისგან სხვადასხვა პერიოდში, კომპენტენტურ სპეციალისტებზე დაუკითხავად, მრავალჯერ იყო თავსმოხვეული მცდარი ღონისძიებები. მოხდა არევ-დარევა, ნაკვეთების ურთიერთგადაფარვა, ქვეყნის ტერიტორიის ფიქტიური გაზრდა. შეიქმნა კერძო ამზომველების დახმარებით ფართობების დაზუსტების და თავიდან დარეგისტრირების აუცილებლობა, რაც დამატებითი ხარჯების სახით დააწვა ბიუჯეტს და, შესაბამისად, ხალხს. თქვენი აზრით, ეს რისკები რამდენად არსებობს და ხომ არ მივიღებთ უკურეაქციას?
_ ჩვენ მივესალმებით იუსტიციის მინისტრის ამ გადაწყვეტილებას, რადგან ამით გათვალისწინებულია ჩვენი სარეკომენდაციო წინადადება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ჩვენ არ ვიცით, რამდენ სასოფლო-სამეურნეო მიწას ვფლობთ, რადგან არ ჩატარებულა მიწის კადასტრი, ბოლო 10 წლის განმავლობაში დავკარგეთ მიწის დიდი ფართობები სისხლით, უსისხლო მცოცავი ანექსიით, როგორც რუსეთის, ისე აღმოსავლეთისა და სამხრეთელი მეზობლების მხრიდან, მდინარეების ეროზიით და აგრეთვე ადვილად გაყიდვის მიზნით კატეგორიის შეცვლით. გასული წლის 7 ოქტომბერს სოფლის მეურნეობის სამინიტროსთან ერთად ჩავატარეთ კონფერენცია თემაზე „სახელმწიფო-მიწა-ფერმერი“, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განხილული იყო მიწის რეგისტრაციის დროს წამოჭრილი პრობლემები. მაშინ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა არ მიიღეს ჩვენი წინადადება მიწების რეგისტრაციის გაადვილებასთან დაკავშირებით, მაგრამ, საბედნიეროდ, ქალბატონმა თეა წულუკიანმა ზუსტად შეაფასა მდგომარეობა და გაიზიარა ჩვენი რეკომენდაცია. გლეხს/ფერმერს საშუალება მიეცემა, დაარეგისტრიროს მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი უშუალო მომიჯნეების თანხმობით. ასეთი წესით რეგისტრაციის დროს, ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული მეზობელთან საზღვრების დარღვევა და გადაფარვები, ხოლო, მეორე მხრივ, გაიზრდება რეგისტრირებული მიწები და, შესაბამისად, შემცირდება დასარეგისტრირებელი მიწები. ეს კი სასოფლო-სამეურნეო მიწების ბალანსირების დაწყების საფუძველი გახდება.
_ სახელმწიფო საკუთრებაში მიწების რეგისტრაციის პროცესი დროებით შეჩერდა. თუმცა მოქალაქეების განცხადებით, ზიანი უკვე სახეზეა და კანონპროექტის შინაარსი თუნდაც უკეთესობისკენ შეიცვალოს, იმ პრობლემას მაინც ვერ გამოასწორებს, რაც დაჩქარებული წესით ჩატარებულმა სარეგისტრაციო პროცედურებმა გამოიწვია. კერძოდ, უმეტეს შემთხვევაში, იმ კერძო მესაკუთრეებს, რომლებიც წლების განმავლობაში ამუშავებენ მიწას და წარმოადგენენ ტრადიციულ მესაკუთრეებს, ამის დამადასტურებელი საბუთები არ გააჩნიათ, მათ მიწების დაბრუნების შესაძლებლობას უკარგავს. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ეს ღონისძიება საფრთხის ქვეშ აყენებს თუ არა კერძო პირების საკუთრების უფლებას?
_ რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს საინიციატივო წინადადებას მიწების რეგისტრაციის შესახებ, მართლაც შესაჩერებელი იყო. ჯერ გლეხს/ფერმერს უნდა მიეცეს საშუალება, გაადვილებული წესით მოახდინოს მათ საკუთრებაში არსებული მიწების (ე. წ. მამაპაპისეული და პრივატიზებული) დარეგისტრირება და ამის შემდეგ უნდა მოხდეს სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი იმ ნაკვეთების აზომვა, რომლებიც საჯარო რეესტრში არავისზე არ ფიქსირდება, როგორც იჯარა. თუმცა აქაც სიფრთხილით მიდგომა არის საჭირო. შეიძლება ფერმერს, რომელსაც შეუწყვიტეს, ან ამოეწურა იჯარის ვადა, მაგრამ იგი ისევ ფლობს მიწის ნაკვეთს, ამუშავებს მას და იხდის გადასახადს, უნდა მიეცეს საშუალება, აუქციონისა და სხვა დაბრკოლებების გარეშე გაუგრძელდეს იჯარა და დაარეგისტრიროს მის მფლობელობაში არსებული ნაკვეთი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთხელ და საბოლოოდ მოწესრიგდეს სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებული პრობლემები. მას უნდა ჰყავდეს რეალური პატრონი, ანუ დამოუკიდებელი სამსახური, რომელიც ორიენტირებული არ იქნება მხოლოდ ამ მიწების აუქციონებზე, არამედ იზრუნებს მის აღწერაზე, დაბალანსებაზე, სწორად მართვასა და გამოყენებაზე. სასოფლო-სამეურნეო მიწები ქვეყნისთვის ის განძია, რომელიც ჩვენ არ შეგვიქმნია და ჩვენი უგუნურებით არ უნდა გაიძარცვოს და განადგურდეს.
თამარ ბატიაშვილი