QronikaPlus
სიჩქარის გადაჭარბებასა და უწყვეტი ხაზის გადაკვეთაზე სანქციის გამკაცრებას მოითხოვენ

სიჩქარის გადაჭარბებასა და უწყვეტი ხაზის გადაკვეთაზე სანქციის გამკაცრებას მოითხოვენ

2016-08-17 11:40:23

საქართველოს გზებზე გახშირებული საგზაო შემთხვევები ის პრობლემაა, რომელიც დროულად რეაგირებას საჭიროებს. ა/ო „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“ საგზაო უსაფრთხოების კუთხით რამდენიმე რეფორმის გატარებას მოითხოვს. ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევები და დაშავებულთა რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა. „ქრონიკა+“-ის პირველი რესპონდენტია დავით მესხიშვილი: _ 32%-ით გაიზარდა ქვეითად მოსიარულეთა დაშავების რაოდენობა. რაც შეეხება ბავშვთა ტრავმატიზმსა და სიკვდილიანობას, ის 28%-ით არის გაზრდილი. 2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაიცვალა 600-ზე მეტი და დასახიჩრდა 10 000-ზე მეტი ადამიანი. საქართველო გარდაცვლილთა და დაშავებულთა ამ უმძიმესი მაჩვენებლით ევროპაში პირველ ადგილს იკავებს. აღნიშნულ ფაქტებზე პასუხისმგებლობას მთლიანად ვაკისრებთ ხელისუფლებას კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შესრულდეს შემდეგი პუნქტები: 1. განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უუნარო და უმოქმედო ხელმძღვანელი პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში ტრანსპორტის პოლიტიკაზე და რომელთაც ევალებათ მგზავრთა და მძღოლთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ეს სისტემა არის კომუნისტური კორუფციული ნარჩენი და არ არის ორიენტირებული სიახლეების დანერგვაზე. სისტემაში უნდა გატარდეს ძირეული თანამედროვე რეფორმები! 2. ამ ბაზაზე უნდა შეიქმნას მოდერნიზებული სტრუქტურა, რომელიც შეიმუშავებს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიას და პასუხისმგებელი იქნება ქვეყანაში ევროდირექტივების დანერგვაზე. ასევე პრიორიტეტად დაისახავს ასოცირების ხელშეკრულებაში არსებული პუნქტების იმპლემენტაციას! 3. გადამზადდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საერთაშორისო ექსპერტების მიერ საგზაო მოძრაობის დარეგულირების სფეროში და უსაფრთხოების საკითხებში. საპატრულო პოლიციამ აღასრულოს კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა და დაიწყოს დარღვევებზე მკაცრი რეაგირება! 4. ვინაიდან ყოველი მეოთხე ავტომობილი ავტომაგისტრალზე სიჩქარეს 130 კმ/სთ-ს აჭარბებს და ამავე დროს ვიცით, რომ სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა, უნდა გამკაცრდეს სანქცია სიჩქარის გადაჭარბებაზე და უწყვეტი ხაზის გადაკვეთაზე, სავალდებულო უნდა გახდეს მიკროავტობუსებისთვის და ავტობუსებისთვის სიჩქარის ჩამწერი ტაქოგრაფების გამოყენება! 5. სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ ტექდათვალიერების ცენტრები, რომლებიც ფუნქციონირებენ ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვების საფუძველზე, სადაც საქალაქთაშორისო ტრანსპორტი (ავტობუსები, მიკროავტობუსები) კორფუციულად გადის ტექდათვალიერებას! 6. ყველა მუნიციპალიტეტისთვის უნდა გახდეს პრიორიტეტი ქვეითად მოსიარულეთა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება! 7. უნდა დადგინდეს „შავი წერტილები“ ქვეყნის მასშტაბით და გატარდეს პრევენციული ღონისძიებები, ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი მიზეზები უნდა შეისწავლონ კომისიური წესით სხვადასხვა დარგის ექსპერტთა ჩართულობით და შესწავლა უნდა მოიცავდეს გზის საფარს, საგზაო ნიშანს, მონიშვნას და სხვა გარემო პირობებს.   „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ა/ო „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე _ ეკა ლალიაშვილი: _ ვეთანხმები ა/ო „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარის, დათო მესხიშვილის მოსაზრებებს სიჩქარის გადაჭარბებაზე, ჯარიმის გაზრდაზე, ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე და ა. შ. ამას დავამატებდი ქულათა სისტემის შემოტანის საჭიროებას, უკონტაქტო პატრულირების შემოღებას... რეალურად, ჩვენ ამისთვის საკანონმდებლო პროექტი მომზადებული გვაქვს და ის პარლამენტში დევს. ამ სიახლეების დანერგვას და არსებული კანონმდებლობით ჯარიმის ამაღლებას (სიჩქარის გადაჭარბებაზე და ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე) შედეგი მოჰყვება. საუბარია სტრუქტურების მხრიდან ნაბიჯების გადადგმაზე. აქ გარკვევით მსურს დავამატო, რომ ჩვენში მართვის სტილი უნდა შეიცვალოს. უწყებებიდან იქ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო და ეკონომიკის სამინისტრო არის ნახსენები, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა, ქვეყანაში უსაფრთხო ტრანსპორტის არსებობა; და, ზოგადად, საგზაო უსაფრთხოების არსებობა. დღეს ტრანსპორტი გვაქვს, მაგრამ გზებზე საგზაო უსაფრთხოება აბსოლუტურად არ არსებობს. აქედან გამომდინარე, საჭიროა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში დევს. უსწრაფესი ტემპით უნდა დაიწყოს ნაბიჯების გადადგმა და ამ ყველაფრის განხორციელება. აუცილებლად უნდა შემცირდეს მაჩვენებელი, როდესაც წლის განმავლობაში გზებზე 600 ადამიანია დაღუპული და დაახლოებით 10 ათასი დაშავებული. ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს, მაგრამ წავიდეს შემცირებისკენ და არა ზრდისკენ, როგორც, სამწუხაროდ, დღეს შეინიშნება. _ სადამდე მივიდა პროცესები საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიასთან და თუნდაც იმ კანონპროექტთან დაკავშირებით? _ რაც შეეხება სტრატეგიას, ეს ძალიან გაწელილი პროცესია. ვიცით, რომ სამოქმედო გეგმა მთავრობაზე უნდა გავიდეს, მან დაამტკიცოს და მერე ამაზე მუშაობა უნდა დავიწყოთ. ძალიანაც რომ გვინდოდეს, ამას სწრაფად ვერ გავაკეთებთ. მაგრამ თუ ეკონომიკურმა უწყებამ ამაზე მუშობა არ დაიწყო, რეალურად წლები გადის და შედეგი არ ჩანს. ჩვენ 2013 წლის შემდეგ საგზაო უსაფრთხოების სფეროზე არც დოკუმენტი გვქონია და ქვეყანას ამ მიმართულებით, პრაქტიკულად, არც უმუშავია. ამიტომ გამორიცხული არ არის, ეს დრო კიდევ უფრო გაიწელოს, იმისთვის, რომ ამ საკითხზე საერთოდ აღარ ვიზრუნოთ. პროცესი, პრაქტიკულად, შენელებულია, რაც მიუღებელია. კანონპროექტს რაც შეეხება, ის სხვადასხვა კომიტეტში სამჯერ მოისმინეს და პლენარულ სხდომაზე უნდა გასულიყო. სწორედ პლენარულამდე არ მივიდა აღნიშნული კანონპროექტის განხილვა. გარკვეულ პუნქტებთან დაკავშირებით წინააღმდეგობები იყო, რამაც, ფაქტობრივად, შინაგან საქმეთა სამინისტრო შეაფერხა. ახალ პარლამენტს იმ იმედით ელოდებიან, რომ ამ კანონს უკვე ის მიიღებს. მაგრამ ჩვენ, არასამთავრობოები, იგივე ა/ო „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“  და სხვებიც, ბოლო თვეები აქტიურად ვთანამშრომლობდით პარლამენტთან და სამინისტროსთან. გვინდოდა, რომ ამ კანონპროექტის გატანა და დამტკიცება გაზაფხულზე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოგვესწრო. იურიდიულ კომიტეტს შევხვდით, სადაც ამ პაკეტს კურირებენ. მაგრამ თქვეს, რომ ახლა ძალიან ბევრი კანონი გვაქვს მისაღები და ვერ ვასწრებთ, ახალ პარლამენტს დაველოდოთო. მაგრამ ჩვენ ამ პროცესში გარკვეული ვართ და პასუხისმგებლობასაც ვგრძნობთ. ბოლო პერიოდში ძალიან მძიმე შემთხვევების მომსწრე გავხდით და ქულათა სისტემის შესახებ კანონი ყველას დაგვეხმარებოდა, რომ ურჩი, აგრესიული მძღოლების ქცევა შეგვეცვალა და რაღაც პროცენტულად მაინც შეგვემცირებინა საგზაო შემთხვევები. ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი. ილუზია არ გვქონია, რომ ეს 100%-ით მოხდება, მაგრამ კანონი და მისი მკაცრი აღსრულება ამას დიდწილად შეუწყობდა ხელს. ველოდებით ახალ პარლამენტს. მანამდე არ ვჩერდებით, სექტემბრიდან ადვოკატირებას გავაგრძელებთ. მომავალ საპარლამენტო ლიდერებთან წინასწარვე გვსურს ადვოკატირების კამპანიის ჩატარება, რათა ახალ პარლამენტში ბევრად ზურგგამაგრებული ვიყოთ, რათა კანონი გავიდეს. _ ბრძანეთ, რომ გვაქვს ტრანსპორტი, მაგრამ არა საგზაო უსაფრთხოება. ვის ეკისრება მეტი პასუხისმგებლობა ამ მნიშვნელოვან სფეროზე? _ ვთქვათ, ინფრასტრუქტურას ეკუთვნის საქალაქთაშორისო გზებზე პასუხისმგებლობა. ეკონომიკის სამინისტრო თითქოსდა ტრანსპორტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია. საპატრულო პოლიცია უკვე კანონმდებლობის აღსრულებაზე... ეს სამინისტროები (ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა თუ შსს) სხვადასხვა მიმართულებას ემსახურებიან. საუბარია ტრანსპორტის უსაფრთხოებაზე, გზების რეაბილიტაციასა და კანონმდებლობის აღსრულებაზე. მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ იმისთვის გვჭირდება, რომ გამართული, კომფორტული და უსაფრთხო გზები გვქონდეს. რეალურად, ეს კომფორტი და უსაფრთხოება არავის ეხება. როდესაც საგზაო შემთხვევებისას პასუხისმგებლობაზე ვამახვილებთ ყურადღებას, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მძღოლს ეკისრება და ვამბობთ, რომ სიჩქარის გადაჭარბება, ან არასწორი მანევრირება მოხდა. ამ დროს სხვა საკითხები, პრაქტიკულად, არ განიხილება. არავინ ამბობს, რომ ის გზა, მაგალითად, არასწორად იყო გაკეთებული, ან რაღაც აკლდა და ამიტომ მოხდა აღნიშნული ავარია. თუნდაც ბოლო გახმაურებული შემთხვევა გავიხსენოთ, როდესაც ახალგაზრდები დაიღუპნენ. მაგალითს გეტყვით, რომ კარგად დავინახოთ, რა სიტუაციაა: ნორმალურ ქვეყანაში როდესაც საგზაო შემთხვევა ხდება, სრული შესწავლა მიმდინარეობს, თუ რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი. იქ უკვე ექსპერტები ადგენენ, რომ შეიძლება სიჩქარე მაღალი იყო, მაგრამ ასევე შეიძლება იყო ინფრასტრუქტურული გაუმართაობის ფაქტორი, რაღაც სხვა დეტალები, ხედვის პრობლემა და ა. შ. სრულფასოვნად არავინ შეისწავლის, რადგან არც გამოცდილება გვაქვს, არც კვალიფიკაცია და, რეალურად, ამაზე დაწვრილებით არც ვსაუბრობთ. არასამთავრობო ორგანიზაციები ამ თემაზე აქტიურად ვმუშაობთ. გვინდა, რომ საგზაო უსაფრთხოების ცნება დამკვიდრდეს ჩვენი ქვეყნის რეალობაში. მარტო მძღოლზე კი არ გადავიტანოთ პასუხისმგებლობა, არამედ აღნიშნულმა უწყებებმა, ხელისუფლებამ იგრძნოს თავისი წილი პასუხისმგებლობა. პრობლემაა ტექდათვალიერება, ავტოპარკის გაახალგაზრდავება და ა. შ. სახელმწიფომ ხარვეზების გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოს და მხოლოდ მძღოლზე არ გადაიტანოს დანაშაულის სიმძიმე. როდესაც კონკრეტულად ინფრასტრუქტურის გაუმართაობის პრობლემაა, ხელისუფლებამ უნდა თქვას, რომ დიახ, მინისტრი ვალდებულია, ეს ხარვეზი გამოასწოროს. თუ სამინისტრომ თავის დროზე ამის გაკეთება ვერ მოახერხა (რასაც, შესაბამისად, მსხვერპლი მოჰყვა) ამ დროს აუცილებელი არ არის, რომ პასუხისმგებელმა პირებმა დაკავებული პოზიციები შეინარჩუნონ. ჩვენთან არც ერთი სამინისტრო არ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. როდესაც ბოლო შემთხვევები ასეთი მძიმე შედეგებით დამთავრდა, არც ერთი თანამდებობის პირი არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ ეს ვიღაცის, რომელიღაც უწყების კონკრეტული შეცდომის შედეგი იყო. _ რატომ არ იჩენს ხელისუფლება შესაბამის დამოკიდებულებას და ამ შემთხვევაში გამოსავალი რა არის? _ ისევ კანონს ვუბრუნდები. როდესაც პარლამენტში შეხვედრები გვქონდა და შს სამინისტროს კანონპროექტის დროულად მიღებაზე ვამახვილებდით ყურადთებას, მაშინ იქიდან აღშფოთებული წამოვედით, რადგან მივხვდით, რომ ეს პარლამენტი, უბრალოდ, ვერ იაზრებს თავის წილ პასუხისმგებლობას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნულ შემთხვევაში მისი მოქმედება. სლოგანიც კი გვქონდა, რომ ამ პირობებში პარლამენტის უმოქმედობა დანაშაულია. მათ ამ კანონის მიღებით შეეძლოთ, ძალიან ბევრი სიცოცხლე გადაერჩინათ. რაც შეეხება გამოსავალს, რახან ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობას ვერ იაზრებს, არასამთავრობოები მუდმივად ფხიზლად უნდა ვიყოთ.  

                                                                                              გელა მამულაშვილი

   

გაზიარება