„ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია _ საქართველოს ეგიდით“, ერთი კვირის განმავლობაში, თბილისში საერთაშორისო სამართლის სკოლა მუშაობდა. ქართველი სტუდენტების გარდა მასში მონაწილეობდა 15 ქვეყნის იურიდიული ფაკულტეტის 35 სტუდენტი.
გიორგი ჯანჯღავა _ ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია _ თბილისის პრეზიდენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი:
_ ეს ორგანიზაცია 1981 წელს რამდენიმე ევროპელმა იურისტმა ჩამოაყალიბა, დღეს კი ის 43 ქვეყანას აერთიანებს. საქართველო ამ ორგანიზაციაში 2008 წელს შევიდა. ისინი ზრუნავენ, რომ ახალგაზრდა იურისტებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკით გაიღრმავონ. ამ მიზნით ასოციაციის წევრ ქვეყნებში, სხვადასხვა თემაზე, კონფერენციები ტარდება. კონფერენციაზე, რომელიც ამჯერად საქართველოში ჩატარდა, ინტელექტუალური სამართლის საკითხებს იხილავდნენ. ეს საკითხი ყველა ქვეყანაში აქტუალურია და სტუდენტებიც ინტერესით ისმენდნენ ლექციებს, რომელსაც დარგის ქართველი სპეციალისტები კითხულობდნენ.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ერთ-ერთი ასეთი სპეციალისტი, ინტელექტუალური საკუთრების ცენტრ „საქპატენტის“ თავმჯდომარე _ ნიკოლოზ გოგლიძე:
_ ის პრობლემები, რომლებიც ინტელექტუალური საკუთრების კუთხით დგას საქართველოში, მთელი მსოფლიოს პრობლემას წარმოადგენს. ხალხი ქმნის ინტელექტუალურ საკუთრებას, ავტორები წერენ წიგნებს, რეჟისორები იღებენ ფილმებს, გამომგონებლები ხარჯავენ დიდ თანხებს იმისათვის, რომ შექმნან ინოვაციური ტექნოლოგიები, ახალი სამედიცინო პროდუქტები, მაგრამ შემდგომ ჩნდებიან კონკურენტები, რომლებიც ამ ყველაფრის მითვისებას და „იოლი ფულის“ შოვნას ცდილობენ. აქედან გამომდინარე, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა არის აუცილებელი როგორც საქართველოში, ასევე ყველა ქვეყანაში. თითქმის ყველა საერთაშორისო კომპანიის აქტივების 80% ინტელექტუალური საკუთრებაა _ მათი გამოგონებები, პატენტები, საავტორო უფლებები და ა. შ. შესაბამისად, მათ ის უნდა დაიცვან. სამართლის ეს დარგი პრიორიტეტულია, ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საინტერესოა.
რა თქმა უნდა, არსებობს ინტელექტუალური საკუთრების დამცველი კანონები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო. საქართველოს, ბოლო პერიოდში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით დიდი პროგრესი აქვს. როცა ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, ერთ-ერთი მათი მოთხოვნა და პრიორიტეტი იყო ინტელექტუალური საკუთრების დაცვა შესაბამის დონეზე და ამ დარგის განვითარება. აღნიშნულ სფეროში ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. ადამიანებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ ინტელექტუალური საკუთრება ეს არის იგივე კერძო საკუთრება და მისი მოპარვაც ქურდობაა.
_ ინტელექტუალურ საკითხებზე წამოწყებულ ბოლო პერიოდის სამართლებრივ დავებს გაიხსენებთ?
_ იყო დავები სასაქონლო ნიშნის მიმსგავსების გამო, ასევე საავტორო უფლებების დარღვევაზე _ სხვადასხვა პირი არალეგალურად იყენებდა სხვის საავტორო უფლებებს. მაგალითად, „ჯი დი ეს“-მა ვებგვერდებს მოსთხოვა, რომ საკუთარი გვერდებიდან არალეგალურად დადებული სერიალები აეღოთ, რადგან ეს მის მიერ შესყიდული პროდუქცია იყო. საავტორო უფლებების დარღვევის დროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი შეიძლება დადგეს.
2015 წელს საგამოძიებო სამსახურმა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში 35 საქმე გამოიძია და ყველა მათგანზე დააყენა სისხლის სამართლებრივი განაჩენი. ასევე არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობაც. საავტორო უფლების მქონე პირმა შეიძლება უჩივლოს დამრღვევს სასამართლოში და უფლებების შელახვის გამო ზიანის ანაზღაურება მოსთხოვოს. კონკრეტული დავების დეტალებზე იმიტომ ვერ მოგითხრობთ, რომ ეს არის პერსონალური ინფორმაცია და არ მაქვს მისი შეუთანხმებლად გასაჯაროების უფლება.
_ საქართველოში ამ კუთხით განათლებული იურისტი ბევრია?
_ სპეციალისტი ცოტა გვყავს, რადგან ეს ახალი სფეროა. კომუნისტების პერიოდში ინტელექტუალური საკუთრება სართოდ არ არსებობდა და ცხადია, დარგიც ვერ იარსებებდა. თანდათანობით ამ დარგის სპეციალისტებზე მოთხოვნა მატულობს და დაინტერესებაც მეტია.
ჩვენი უწყება, საქპატენტი, შესაბამის ექსპერტიზას ატარებს და ინტელექტუალურ საკუთრებებზე _ სასაქონლო ნიშნებზე, გამოგონებებზე, დიზაინებზე და ა. შ. დოკუმენტებს გასცემს. სამწუხაროდ, ზოგიერთმა, ჯერ კიდევ, არ იცის, რომ ამისათვის რეგისტრაცია სჭირდება, რათა ინტელექტუალური საკუთრება სამართლებრივად დაიცვას. თუმცა ყოველი წლის მომართვიანობის მონაცემები რომ შევადაროთ, მივხვდებით, ბიზნესის კულტურა საქართველოში იხვეწება. ამ საკითხებს ვასწავლით კონფერენციის მონაწილე სტუდენტებს და როგორც ვხვდები, კმაყოფილები არიან.
„ქრონიკა+“ კონფერენციის მონაწილე უცხოელ და ქართველ სტუდენტებსაც გაესაუბრა.
მიხეილ ბარდონი _ ჩეხეთი, ქალაქ ბრნოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-5 კუსის სტუდენტი:
_ მიმაჩნია, რომ იურისტი უნდა ერკვეოდეს ამ სფეროში, რადგან ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება. ჩვენს ქვეყანაშიც არის ამ კუთხით პრობლემები, თუმცა კანონმდებლობა არსებობს და ის, გარკვეულწილად, მდგომარეობას აწესრიგებს. ვინაიდან ჩეხეთი ევროკავშირის ქვეყანაა, მის რეკომენდაციებს თავიდან ბოლომდე იზიარებს. ინტერნეტმა ადვილი გახადა ინტელექტუალური საკუთრების თავისუფლად მოხმარება _ ყველას შეუძლია გადმოწეროს ნებისმიერი კინო, მუსიკა, თამაში, რაც უკვე ქმნის კონფლიქტს იმ ადამიანებთან, რომლებსაც ეკუთვნით ეს პროდუქტი, ანუ მომხმარებელსა და შემქმნელს შორის.
_ ჩეხეთში მიმდინარე ასეთი დავებიდან რომელიმეს ხომ ვერ გაიხსენებთ?
_ მახსენდება დავა იმ თამაშების გამო, რომელიც არაკანონიერად იყო ატვირთული საიტზე. ყველაზე მეტი ამგვარი ქეისი მეკობრეობაზე და მეკობრეებზე მოდის. არსებობდა ე. წ. შვედური ვებგვერდი, რომელზედაც მუდმივად იტვირთებოდა ასეთი მასალები. მსგავსი სამართლებრივი დავები ჩვენს ქვეყანაში ძალიან ხშირია, თუმცა პრობლემა მაინც არსებობს.
_ თქვენს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დამრღვევი როგორ ისჯება?
_ ჩეხეთში ასეთ დანაშაულს არეგულირებს სისხლის სამართალი და მასზე თავისუფლების აღკვეთაა, ანუ ციხე. ეს საგანი შევისწავლე, თუმცა ამ კონფერენციაზე ბევრი სიახლე გავიგე.
ბობაქ პიერი _ ჰოლანდია, ტილბურჰის უნივერსიტეტის ჰოლანდიის სამართლის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი:
_ ამჟამად იურდიულ ფირმაში დროებით ვმუშაობ, რომელიც სპეციალიზებულია ინტელექტუალური საკუთრების სამართალში. საზაფხულო სკოლაში იმიტომ წამოვედი, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავი, რამდენად ვარ მოწოდებული ამ საქმიანობისთვის და უნდა გავაგრძელო თუ არა ჩემი კარიერა ამ კუხით?
_ რა ხდება თქვენს ქვეყანაში, ინტელექტუალურ საკუთრებას იქაც ხშირად არღვევენ?
_ ამჟამად ერთ საქმეზე ვმუშაობ, რომლის განხილვაც არ დასრულებულა. ჩვენმა კლიენტმა დაარეგისტრირა სავაჭრო ნიშანი, მაგრამ საერთაშორისო ტანსაცმლის მაღაზიამ უთხრა, არ შეგიძლია ეს გააკეთო, რადგან ჩვენი კომპანიის ნიშანს ჰგავსო. ისინი აცხადებენ, რომ მომხმარებელმა შეიძლება ეს ნიშნები ერთმანეთთან გააიგივოს და ამით საერთაშორისო კომპანია დაზარალდეს. რეგისტრაციაზე როცა აპლიკაციას ავსებენ, სამთვიანი პერიოდი არსებობს. ამჯერად ძნელი სათქმელია, ეს დავა როგორ გადაწყდება, რადგან ინტელექტუალურ სამართალში სხვადასხვა კლასი არსებობს, რომელსაც პროდუქტებს მიაკუთვნებენ ხოლმე. მაგალითად, შეიძლება იყოს ტანსაცმლის, კალმის, ყოველდღიური მოხმარების ნივთების კლასი და ა. შ. თუ ჩვენი კლიენტები კლასს შეცვლიან და ტანსაცმლის კლასში აღარ გავლენ, შესაძლებელია, ამ ორ სუბიექტს შორის კონფლიქტი აღმოიფხვრას. ბენილუქსის ქვეყნებში არსებობს სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ამოწმებს, სავაჭრო ნიშნები რამდენად აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას. როცა საქმე მორიგებით არ მთავრდება, დავა სასამართლოში გრძელდება.
_ სასამართლო პროცესები ინტელექტუალური საკუთრების როგორი დარღვევების დროს არის ხშირი?
_ ჰოლანდიაში შოუები ტარდება ნავებით, ან მის გარეშე. ადამიანი, რომელიც მას ესწრება, ფოტოს გადაიღებს და მერე ყიდის. რეალურად, შემოქმედებითი თვალსაზრისით, ეს იმ ადამიანების უფლებების დარღვევაა, რომელთაც ეს წარმოდგენა დადგეს, თუმცა მასში ის ადამიანი ერევა, რომელმაც ფოტო გაყიდა. საკუთრების უფლების დარღვევის მსგავს ფაქტებს ეხება ყველაზე მეტი დავა.
ნინო მჭედლიშვილი _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული:
_ უნივერსიტეტში ამ დარგთან შეხება არ მქონია. ესტონეთში გაცვლითი პროგრამით ვიყავი და იქ კურსები გავიარე, თუმცა ამომწურავი ინფორმაცია მაინც ვერ მივიღე. ევროპელ სტუდენტთა ასოციაციის წვერი ვარ და ახლა საშუალება მომეცა, ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიმეღო. ლექციებს პროფესიონალები გვიკითხავენ ისეთ საკითხებზე, რომელიც ყველა იურისტმა უნდა იცოდეს. ეს არის მზარდი სფერო და ბოლო პერიოდში ამ უფლებაზე ზრუნვაც დაიწყო. კომუნიკაციების ეროვნული საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაში ვმუშაობდი პარლამენტში და ქართველი მომღერლების მხრიდან ინტელექტუალური საკუთრების დარღვევებს გავეცანით. მომღერლებისგან ასეთი ფაქტები ახლაც ხშირია _ ტექსტის გამოყენება უნებართვოდ, სიმღერის გამოყენება, მისი რეალიზაცია. ეს ადამიანები სხვისი შემოქმედებით იღებენ მოგებას. ასეთ დავებს კი იწყებენ ისინი, რომლებმაც ინტელექტუალური საკუთრება შექმნეს.
ერთ-ერთი ქართველი მომღერლის წინააღმდეგ ყოველწლიურად რამდენიმე სარჩელი შედის, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მას ფინანსური პრობლემა არ აქვს, ჯარიმებს იხდის და იგივეს იმეორებს(!!!). ამ მომღერლის ვინაობის დასახელების უფლება არ მაქვს. „ჯი დი ეს“-მა რამდენიმე სერიალი იყიდა და უნიკალური უფლება მოიპოვა, ის ტელევიზიით გაუშვას. სხვა არხებიც ყიდულობენ სერიალებს, მაგრამ ისინი სხვა ხარისხისაა, ამ შემთხვევაში კი საუბარია სერიალებზე, რომლებიც ახალგაზრდებში ყველაზე მეტად არის პოლულარული. ეს სერიალები მოპოვებადი იყო ნებისმიერ ქართულ ვებსაიტზე, რომლებზედაც ფილმებია განთავსებული და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. „ჯი დი ეს“-ის შესყიდვის შემდეგ კი ის საიტებიდან აიღეს. ეს ქართულ სამართლებრივ სივრცეში წინგადადგმული ნაბიჯია.
_ როგორც მახსოვს, ერთი პერიოდი კაფეებში, რესტორნებში სხვისი სიმღერების აკრძალვას აპირებდნენ. ამბობდნენ, ასეთ დროს ავტორებს ჰონორარი უნდა გადაუხადონო და ეს პრობლემა მოგვარდა?
_ ბარში, კლუბში, ან რესტორანში, ნებისმიერ მუსიკაზე, საავტორო უფლებათა ასოციაცია გარკვეულ თანხას ოთხოვს, რომელიც შემდგომ ამ ნაწარმოების ავტორთან მიდის. რამდენად სრულფასოვნად ხდება ეს პროცესი, არ ვიცი, რადგან ამის კონტროლი და რეგულაცია ძალიან რთულია. ჩვენს საზოგადოებაში, ჯერჯერობით, ინტელექტუალური საკუთრების უფლების პატივისცემა და ცოდნა არ არსებობს. ნებისმიერი მელოდიის, ფილმის, სიმღერის, დოკუმენტის, პროგრამის არალეგალური ჩამოტვირთვა ხდება ინტერნეტიდან, არადა, ეს ფული ღირს. ამერიკაში არავის აქვს უფლება, რაიმე პროგრამა გამოიყენოს, თუ ამას ოფიციალური ლიცენზიით არ იყიდის. საქართველოში როცა ასეთი მკაცრი კონტროლი დაწესდება, ინტელექტუალური საკუთრება მეტად იქნება დაცული. ჯერჯერობით კი, ქართული ინტელექტუალური სამართალი პატარა ნაბიჯებით მიდის. ასეთი კონფერენციები არა მხოლოდ მომავალი იურისტებისთვის, არამედ შემეცნებითი ფორმითაც უნდა ტარდებოდეს. კარგი იქნებოდა, სამოქალაქო განათლების კუთხით გარკვეული პატარა ინფორმაციები მიაწოდონ ბავშვებსაც, რათა მათ მოზარდობის ასაკიდანვე დაიწყონ ფიქრი იმაზე, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლება არ უნდა დაირღვეს.
ყველას გვახსოვს, რამდენიმე თვის წინათ ქართული სიმღერა „ყვავილების ქვეყანა“ სომეხმა მომღერალმა და მუსიკოსმა რომ გადააკეთა იდენტური მელოდიით. საქართველომ ამაზე რეაგირება მოახდინა და სიმღერა აიღეს. ის ამ ფორმით აღარ დევს ინტერნეტსივრცეში. თუ მომზადებული ვიქნებით, საკუთარ თავსაც სათანადოდ დავიცავთ, საკუთრებასაც და ქვეყანასაც.
_ აქვე გკითხავ ქართველი ოლიმპიელების სამოსის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზეც. ზოგი ამბობს, რომ ასეთი სამოსი ქართულია, ზოგი _ ყაზახურიო. თუ აღმოჩნდა, რომ „სამოსელი პირველის“ შემოქმედებაში მართლაც არის ყაზახური სამოსის ნიშნები, ყაზახეთს შეუძლია, ინტელექტუალური საკუთრების მითვისებისთვის გვიჩივლოს?
_ „სამოსელი პირველმა“ გვაჩვენა მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდში ანალოგიურ სამოსში გამოწყობილი ქალბატონების ფოტოები. თუ ყაზახეთს დარეგისტრირებული აქვს ასეთი სამოსი, ან მსგავსი სამოსი, ცხადია, მას შეუძლია გვიჩივლოს. ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივ დავებში ზოგან რამდენიმე მიზეზი და დარღვევაა, ზოგჯერ კი ერთიც საკმარისია. თუმცა ამის დამტკიცება არ იქნება ადვილი და, ალბათ, სასამართლოს მასზე მსჯელობა მოუწევს.
_ ასეთ დროს ჯარიმა ვინ უნდა გადაიხადოს, ჩვენმა ქვეყანამ, თუ „სამოსელი პირველმა“?
_ რადგან მწარმოებელმა ეს პროდუქცია ქვეყნისთვის შექმნა და ეს იყო ქვეყნის დაკვეთით გაკეთებული, ჯარიმის გადახდა მოუწევს ქვეყანას, ანუ თუ ყველაფერი განვითარდა ამ მიმართულებით, ეს სამოსი ქვეყანათა შორის დავას გამოიწვევს ინტელექტუალური საკუთრების კუთხით.
ნელი ვარდიაშვილი