QronikaPlus
განსაკუთრებული პლატონი და მისი კანონი?!

განსაკუთრებული პლატონი და მისი კანონი?!

2016-08-08 10:43:15

ყველაფერი კაცის ხელთ არის და ვერა გაურიგებია რა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინია... კი, ნამდვილად ასეა... საყურადღებოა, რისი უფრო მეტად ეშინია ხალხს? ყველაზე მეტად ახალი ნაბიჯისა და ახალი საკუთარი სიტყვისა...   შვებულება... საქართველოში შრომითი ურთიერთობების ძირითადი მარეგულირებელი აქტია 2006 წლის „საქართველოს შრომის კოდექსი“. საკითხები, რომელიც ამ კანონით არ რეგულირდება, უნდა დარეგულირდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, საქართველოს კონსტიტუციით, ან საერთაშორისო ხელშეკრულებით. ამავე დროს, თუკი რაიმე ტიპის შრომით ხელშეკრულებას სპეციალური კანონი აწესრიგებს, მის დებულებებს შრომის კოდექსთან შედარებით უპირატესი ძალა აქვს (მაგალითად, შრომითი ურთიერთობები საჯარო სამსახურში რეგულირდება კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“). 2014 წლის 15 ივლისს თელავმა ქალაქის მერად პლატონ კალმახელიძე აირჩია. უფრო რომ გავამარტივოთ ხალხისა და მოხელის ურთიერთობა, ასე ავხსნი: თელავმა 4 წლის ვადით პლატონ კალმახელიძე უბრალოდ დაიქირავა. დამქირავებელს ვალდებულება აქვს, მიხედოს ქალაქს, მოსახლეობას და მისი ყველა მოთხოვნა სათანადოდ შეასრულოს... გადაღლილ დაქირავებულს შეუძლია, შვებულებაში წავიდეს, ასევე მივლინებაში... და როცა იგი შვებულებას, ან მივლინებას გადაწყვეტს, ბუნებრივია, სათითაოდ ვერ ჩამოუვლის ყველა ამომრჩეველს, ანუ დამქირავებელს, რომ, გთხოვთ, შვებულებაში გამიშვითო.... იმისათვის, რომ მერსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობები გამარტივდეს, თვითმმართველობის კოდექსმა ეს წარმომადგენლობითი ორგანოთი დაარეგულირა... წარმომადგენლობითი ორგანო საკრებულოა. საკრებულოში 15 დეპუტატია, რაც იმას ნიშნავს, რომ 15 ანგარიშვალდებული პირი არსებობს მერსა და მოსახლეობას შორის. მერს არ აქვს უფლება, ბიუჯეტი _ იგივე ხალხის ფული _ დეპუტატების ნებართვის გარეშე გაფლანგოს. და თუ მერსა და ხალხს შორის დეპუტატთა ჯგუფი დგას, სწორედ დეპუტატებს, მინიმუმ, განცხადების სახით უნდა აცნობოს ქალაქის თავმა, რომ ამ რიცხვიდან ამ რიცხვამდე ქალაქი მის გარეშე იქნება და მის მოვალეობას ვინმე შეასრულებს... ეს უმარტივესი პროცედურაა, რომლითაც ყველა მუნიციპალიტეტი სარგებლობს საქართველოში... თუმცა პლატონი განსაკუთრებულია და ამიტომ მას განსაკუთრებული კანონები აქვს... მაგალითად, როცა შვებულებაში გადის, წერს: „ქალაქ თელავის მერს, პლატონ კალმახელიძეს გთხოვთ, გამიშვათ შვებულებაში. ან, გთხოვთ, გამიშვათ მივლინებით გერმანიაში. ხელს აწერს ქალაქის მერი პლატონ კალმახელიძე, რეზოლუციას ადებს პლატონ კალმახელიძე“. როგორც ჩვენში იტყვიან: „ვაშა, ურა, ყანდაურა!“ კალმახელიძის დამოკიდებულება საკრებულოსთან მიმართებით მის ამბიციებზე მიუთითებს. თუ ვინმე მკითხავს, _ მერე რაო? _ მაშინ მე ვიკითხავ, _ თუ მერი და ვიცე-მერი გერმანიაში წავიდნენ და ვეღარ ბრუნდებიან, მაშინ ვინ შეიძლება განსაზღვროს, არჩევნებამდე ვინ შეასრულებს მერის მოვალეობას? ანუ საკრებულომ. დავუშვათ და სტიქია მოხდა და საკრებულოში არ იციან, სად არის მერი, მაშინ რას ვაკეთებთ? მერს ვეძახით, ჩამოდი გერმანიიდანო? და უარესი _ თუ საკრებულოსთვის უცნობია, სადაა პლატონ კალმახელიძე, ანუ მერს არ აინტერესებს წამომადგენლობითი ორგანოს აზრი, რადგან...   პრემია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელოს (ხელფასი) ცნება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. იმავე კანონის მე-11 მუხლის 1.2 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული მუხლის მოქმედება ვრცელდება მუნიციპალიტეტის გამგებელზე/მერზე, აგრეთვე მის მოადგილეზე და გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელზე (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იგი არ ვრცელდება საკრებულოს წევრებზე, მათ შორის, არც თანამდებობის პირებზე). საჯარო სამსახურის სახელფასო პოლიტიკას განსაკუთრებული ადგილი ეთმობა. პრემირებისა და სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკა არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი. არასამთავრობო სექტორის ინფორმაციით, 2012-16 წლებში გაცემული პრემიებისა და დანამატების რაოდენობა შესაძლოა, 300 მილიონს აჭარბებდეს. საშუალოდ, სახელმწიფო მოხელეების შრომის ანაზღაურება წელიწადში 1.381 მილიარდ ლარს აღემატება. საჯარო მოხელეების პრემიებით და დანამატებით დაჯილდოების პრაქტიკა და კონკრეტულ თანამდებობის პირებზე მაღალი პრემიების გაცემის შემთხვევებზე საზოგადოებრივი უკმაყოფილება მზარდია და მუდმივად ისმის კითხვები: ვის ეკუთვნოდა და ვის არა? ვინ ვისზე მეტი ხელფასი და პრემია გამოიწერა? („გამოიწერა“ თავისთავად საინტერესო პრაქტიკაა, ხშირად თანამდებობის პირები საკუთარ თავს თავადვე აჯილდოებენ პრემიებით და სახელფასო დანამატებით). 2014 წლის შემდეგ გაცემული არც ერთი პრემიის ნებართვა არ მიუღია ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერს. საფუძველი ერთია, _ ბავშვი ტიროდა და გასდიოდაო. მეორე უბედურება აქ ის არის, რომ საკრებულოს არასდროს გასჩენია კითხვა, რატომ იღებდა მერი პრემიას, რის ფასად, ან რა დამსახურებით? პრემიის გაცემას თავისი წესი აქვს. პრემია ხელფასი არ არის, რომ მარადიულად გეკუთვნოდეს, პრემიაც და სახელფასო დანამატიც შენი შესრულებული სამუშაოს შედეგია, შედეგს აუცილებლად ვიღაც უნდა გიმოწმებდეს. სწორედ ამ დროს არსებობს საკრებულო, რომლის ძირითადი მოვალეობაა მერი და მერიის მუშაობის შეფასება, ანგარიშის მიღება და განხილვა. თუ მერს, ანუ თანამდებობის უმაღლეს პირს, პრემია ეკუთვნის, საკრებულო ვალდებულია, მას ეს პრემია მისცეს, მაგრამ აქ თავსატეხი მეორეა: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლში არსად გვხვდება პრემიებისა და დანამატების გაცემა საკრებულოს წევრებზე, მათ შორის, არც თანამდებობის პირებზე, თანამდებობის პირი კი საკრებულოში თავმჯდომარე, მოადგილე, კომისიისა და ფრაქციის თავმჯდომარეები არიან. შესაბამისად, ქართული ანდაზის არ იყოს, ხელმა ხელი დაბანა და ორივემ კი ერთად პირიო. მერი საკუთარ თავს უწერს პრემიას, საკრებულო კი თავის თავს. რეალურად, თელავის მოქალაქეების ფულით შევსებული ბიუჯეტი რატომ იხარჯება ვინმე პერსონების „ხუშტურზე“, საინტერესოა?   P. S. თელავის მერიაში არსებული აუდიტის სამსახურის მთავარი მოვალეობა მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრების შესწავლა, მართვა და კონტროლია. აუდიტის სამსახურს ჯერ არ გასჩენია სურვილი შეესწავლა, რა მიზნობრიობით იხარჯება ბიუჯეტიდან ყოველ წელს ნახევარ მილიონზე მეტი? თელავის საკრებულოსა და მერიას კი ავიწყდება, რომ კანონია მეფე და არა მეფე _ კანონი.  

                                                                                              მაკა მოსიაშვილი

 

გაზიარება