QronikaPlus
ზღვის უბნის ბინადრები: „ჩვენ სახელმწიფო გვებრძვის!“

ზღვის უბნის ბინადრები: „ჩვენ სახელმწიფო გვებრძვის!“

2016-08-08 10:35:38

10 წელიწადზე მეტია, ლოტკინის მთასთან, ზღვის უბანში, მიტოვებულ და გაძარცულ კორპუსში ათეულობით უსახლკარო, გაჭირვებული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და მრავალშვილიანი ოჯახი დასახლდა. ბინების დაკავების საფუძველი მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიერ გამოცემული აქტი გახდა, რომელიც უბინაო მოქალაქეებს უფლებას აძლევდა, არასტრატეგიული დანიშნულების ობიექტები დაეკავებინათ. ქონება ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნოდა და სწორედ ამ უკანასკნელმა დართო ნება კორპუსის ბინადრებს, საკუთარი სახსრებით შეეყვანათ კომუნიკაციები და მოეწყოთ საცხოვრებელი პირობები.   აუდიტის დასკვნის მიხედვით, დღეის მდგომარეობით, კორპუსში ჩატარებულ სამშენებლო სამუშაოებსა და კომუნიკაციების შეყვანაზე 350 000 დოლარზე მეტია დახარჯული. მიუხედავად იმისა, რომ ##204-205 კორპუსების ბინადრებმა ხელისუფლებიდან ბინების დაკანონების დაპირება მიიღეს, წინა ხელისუფლების დროს, 2007 წელს, ისინი დაკავებული ფართებიდან მაინც გამოასახლეს. უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები 4 თვის განმავლობაში კარავში ცხოვრობდნენ. თუმცა სახელმწიფომ ვერ შეძლო მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა და უკან დაბრუნების ნებართვა მისცა. მაია მახსოევი, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ქმართან და 4 შვილთან ერთად ამ კორპუსში დაბინავდა. ის „ქრონიკა+“-თან კარავში ცხოვრების პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ ძლიერი ქარის შედეგად, კარავი დაიშალა. რკინის მილი, რომლითაც კარავი იყო დამაგრებული, ერთ-ერთ ქალბატონს დაეცა, რომელსაც დაჟეჟილობის შედეგად მკერდის სიმსივნე განუვითარდა და გარდაიცვალა. ქალბატონის გარდაცვალებით გამოწვეულმა დარდმა მისი მეუღლეც შეიწირა. დარჩა ორი არასრულწლოვანი ბავშვი, რომელთაც გამოსახლების ფურცელი რამდენიმე დღის წინათ მიიღეს და, პრაქტიკულად, კვლავ ქუჩაში დარჩენის საშიშროების წინაშე დადგნენ. ლელა გაჩეჩილაძე 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდს იხსენებს, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მათ წინაშე ჩადენილ დანაშაულზე საუბრობდნენ და ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდგომ ბინების დაკანონებას ჰპირდებოდნენ. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი სწორედ ეს ადამიანები წავიდნენ მათ წინააღმდეგ და კვლავ ბინებიდან გამოსახლების ფაქტის წინაშე დააყენეს. ფაქტი ერთია: 2007 წელს, შპს „მეტრომშენის“ სახით, ##204-205 კორპუსებს პატრონი გამოუჩნდა. მათ თანამშრომლებზე ნაძალადევის გამგეობაში საკუთრების მოწმობები გაიცა, რის შედეგადაც საჯარო რეესტრში ბინები კონკრეტული ადამიანების სახელზე ირიცხება. იმ ადამიანებს, რომლებიც დღესაც ამ კორპუსებში ცხოვრობენ, მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების მესვეურთა უგუნურების მსხვერპლნი გახდნენ და სახელმწიფომ ადამიანთა ორი ჯგუფი დააპირისპირა, რომლებიც მანამდე ერთმანეთს არც კი იცნობდნენ.   ხელისუფლების უკანონობის მსხვერპლნი და ოცნებად დარჩენილი „ქართული ოცნება“   თამარ ცუცქირიძე: _ ჩვენი ოჯახი პირველი იყო, რომელიც ამ კორპუსში საცხოვრებლად შევიდა. „მეტრომშენის“ ხალხისგან ვიცი, რომ ეს ბინები არ იყო აღრიცხული. „მეტრომშენი“ იყო მშენებელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თავისი მუშებისთვის აშენებდა, დამკვეთი იყო სსრ კავშირის მინისტრთა კაბინეტი. 90-იანი წლების ცნობილი მოვლენების ფონზე მშენებლობა შეწყდა და ეს ბინები დაუსრულებელი დარჩა. 2007 წლამდე ეს ტერიტორია ეკუთვნოდა გარდაბნის რაიონს და სწორედ ამ წელს, პრეზიდენტის ბრძანებულებით, სხვა ტერიტორიებთან ერთად, შემოუერთდა დედაქალაქს. ასე რომ მოხდა, ჩვენი დამსახურება იყო, რადგან იქ ვცხოვრობდით. ტერიტორიის აღრიცხვა მოხდა 2006 წელს. დოკუმენტაციის თანახმად ირკვევა, რომ ეს ბინები შპს „თბილმეტრომშენიდან“ ამოირიცხა და გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს. შპს „თბილმეტრომშენი“ გახლავთ „თბილგვირაბმშენის“ სამართალმემკვიდრე, ანუ „თბილგვირაბმშენი“ იყო რა სახელმწიფო საწარმო, მისი 100%-იანი წილი გადაეცა სახელმწიფოს. იქ რაიმე კერძო ფულის დაბანდება გამორიცხულია. ჩვენი მოდავეები გვეუბნებიან, რომ ეს არის ფონდის ბინები. ძველი კანონმდებლობით, ფონდის ბინები იყო ხელშეუხებელი, რადგან ბინები შენდებოდა ხალხის მიერ შეტანილი ფულით. მოცემულ შემთხვევაში ფონდის ბინების არსებობა არ იკვეთება. ეს რომ ფონდის ბინები ყოფილიყო, ვერ გაბედავდნენ, საწარმოს კერძო საკუთრებიდან ამოერიცხათ და სახელმწიფოსთვის გადაეცათ. ასეთი პროცედურა კანონმდებლობაში არ არსებობს. ფონდის ბინებს არ უნდა გაევლო ამხელა გზა, მაშინ ის არ უნდა ყოფილიყო სასამართლოს დავის საგანი და პირდაპირი გზით უნდა გადასცემოდა „მეტრომშენიდან“ მუშებზე. მით უმტეს, როცა ჩვენ ვარსებობდით, მესამე პირები, ვერავითარ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტრო ფონდის ბინებზე ნებართვას ვერ გასცემდა, ანუ ორმაგი სტანდარტი ვერ შეიქმნებოდა. შესაბამისად, ჩვენ ვართ უკანონობის მსხვერპლნი და გვინდა, რომ ეს დავაფიქსიროთ თქვენი გაზეთის მეშვეობით. აგერ არის გამგეობის სხდომის ოქმი, როდესაც ერთ-ერთმა მუშამ, იუზა ბუხრაშვილმა მიმართა. ამ სხდომის ოქმიდან იკვეთება, რომ ბუხრაშვილს, თურმე, იქ ბინა აქვს და სჭირდება. ეს ხდება ყოფილი ხელისუფლების პირობებში. 2012 წელია, ადგილობრივ თვითმმართველობაში ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობაა“. ეს ბატონი იქ გარკვევით ამბობს, _ იმის გამო არ ვცხოვრობ ამ ბინაში, რომ იქ არ არის საცხოვრებელი პირობებიო და ჩამონათვალია: შუქი, სველი წერტილები და სხვ., ანუ ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ამ ადამიანის ნათქვამიდან ირკვევა, რომ ეს არ იყო ფონდის ბინები, იქ არ შეუტანია არაფერი და დამოკიდებული იყო მთლიანად სახელმწიფოზე, რომ რამეს გაუკეთებდა, მაგრამ აქ ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ისმის კითხვა, _ არის კი ეს 204-ის და 205-ის ბინები? _ რას გულისხმობთ? _ არსებობს ერთი დოკუმენტი, რითაც დგინდება, რომ ##225-226 ბინა, რომელიც „მეტრომშენმა“ ნამდვილად ააშენა თავისი მუშებისთვის, ტერიტორიულად ცოტა ზემოთ არის, ნამდვილად დადასტურებულია, რომ მათი კორპუსებია და იქვე წერია, 314 და 214 ბინები, ანუ აბსოლუტურად სხვა ნომრები. როგორც ჩანს, ვერც ხელისუფლებამ, ვერც პროკურატურამ და ვერც სასამართლომ ეს დოკუმენტი კარგად ვერ წაიკითხა. ##204-205 კორპუსებზე ვდაობთ და თუკი ეს კორპუსები ერთმანეთზეა მიბმული და ამბობენ, რომ ეს „მეტრომშენის“ ბინებია, საიდან გაჩნდა ერთ დოკუმენტში 314-ე ბინა და მეორე დოკუმენტში შეცვლილია 204-205 კორპუსით?! დოკუმენტიც კი „გაპრავებულია“. კანონმდებლობას და სამართალს როგორც „მეტრომშენი“, ასევე მათი ზედამხედველი და მფარველი გზას უბნევს. ფაქტი სახეზეა: ჩვენ ვართ ფაქტობრივი, კანონიერი მფლობელები და, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრომ თავის ქონებაზე და არა ფონდის ბინებზე გასცა ნებართვა. ჩვენ ადმინისტრაციული დაპირება მოგვცა, რომ თუ აქ გაზს ან დენს გაიყვან, აქ არ არის დათქმული, რა პერიოდში მოიხმარ, ეს მიქმნის საფუძველს, რომ მე ეს უნდა გავაკეთო და ეტაპობრივად სხვა რეჟიმში უნდა გადავიდე. ეს ხომ პატარა თანხასთან არ არის დაკავშირებული? 32 000 დოლარი დაჯდა მარტო იმის განხორციელება, რომ ტრამალიდან გაზი შემოგვეყვანა. _ ეს რა პერიოდში ხდება? _ ეს ის პერიოდია, ცენტრალური ხელისუფლება, პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო გახლავთ „ოცნების“ ხელში და უმრავლესობაში არიან, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობაში კიდევ ჩასატარებელია არჩევნები. ამ შუალდეში მოესწრო ეს პროცესი. თვითმმართველობამ „ოცნების“ ზედამხედველობით და ზეწოლით გააფორმა ეს ბინები. „ნაციონალური მოძრაობა“ აქ არაფერ შუაშია, ისინი ბინებს არ აფორმებდნენ, რადგან სადავო იყო, მაგრამ „ოცნებას“ რომ ვიღაცების გული მოეგო, ე. წ. სამართლიანობა მსგავსი ფაქტით „აღადგინა“. ჩვენ სახელმწიფო გვებრძვის, ვიდეოჩანაწერები არსებობს და ინტერნეტშიც არის ატვირთული, წინასაარჩევნოდ თინა ხიდაშელი რომ ცდილობდა ვითომ ჩვენს დახმარებას და „ნაციონალების“ დანაშაულზე საუბრობდა. ჩანაწერში ამბობს, ხელისუფლებაში რომ მოვალთ, ამ ხალხს ბინებს დავუკანონებთო. ამ ხალხს სწორედ ის თინა ხიდაშელი და არჩილ კბილაშვილი დაეხმარა ბინების გაფორმებაში. არ ვიცით, ვის რა ინტერესი აქვს, _ სამართლებრივად ბრძოლა რომ დავიწყეთ, ინტერესი შენელდა, მაგრამ ფაქტია, სრულიად უკანონოდ დაიწყო ჩვენი გამოსახლების პროცესი. ჩვენ პირდაპირი კონფლიქტი გვაქვს სახელმწიფოსთან. _ ხიდაშელს, კბილაშვილს ახსენებთ და საკმაოდ მძიმე ბრალდებაზე საუბრობთ. რამე ფაქტი გაქვთ? _ მეტი რაღა ფაქტი გვინდა? _ სასამართლოზე ჩვენმა ერთ-ერთმა მოწინააღმდეგემ ასეთი ფრაზაც კი წარმოთქვა: ტყუილად კი არ ვიარეთ „ოცნების“ აქციებზე და ტყუილად კი არ მოვიყვანეთ ეს ხალხი ხელისუფლებაშიო. ის ხალხი, ვისაც ამ ბინებს უკანონებენ, სავარუდოდ, მათი კოორდინატორები არიან. ყველა ბინის უკან პოლიციელი დგას, მათ ჩამოირიგეს ბინები, ერთი პერიოდი პოლიციის სამმართველო გვიტევდა ნუგზარ ჯღარკავას სახით, უბნის ინსპექტორების ხელმძღვანელია პოლიციის სამმართველოში და კალანდია მისი თანაშემწეა. ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე მოდიოდნენ, არანაირი მითითება და განკარგულება არ ჰქონიათ დოკუმენტის სახით, მხოლოდ საკუთარი სტატუსით გველაპარაკებოდნენ, სამმართველოს წარმომადგენლები ვართო. დავუპირისპირდით, კანონის ენით დავუწყეთ საუბარი, არ შევუშინდით, ჩვენი გაკეთებულია იქ ყველაფერი და მართალი კაცის დამარცხება ასე ადვილი არ არის. ჩვენ მათ დავუმტკიცეთ, რომ მართლები ვართ, იქ ვცხოვრობთ და ხელი არ დაედოთ. _ ეკონომიკის სამინისტრომ რა პოზიცია დაიკავა, ხომ მათი ნებართვით იყავით კორპუსში შესულები? _ კარგ საკითხს მივადექით. რასაც ახლა მოგიყვებით, ეს ამბავი სწორედ სამინისტროს ქმედებამდე მიგვიყვანს: 2005 წელს ეს ტერიტორია ჯერ კიდევ არ იყო შემოერთებული დედაქალაქს და ჯერ კიდევ არ იყო აღრიცხული კორპუსი, როგორც სახელმწიფო ქონება. სწორედ ამ დროს პროკურატურას მივმართეთ. ვინაიდან ეს ტერიტორია ზონალურად თბილისს ესაზღვრებოდა, მე-5 განყოფილებაზე იყო მიმაგრებული და სწორედ მათ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე ჩვენ წინააღმდეგ 160-ე მუხლით შეჭრის ფაქტზე, რომელიც მე-11 წელია, დღემდე ძიებაშია. 2015 წლის 10 დეკემბერს შევხვდით ქალაქის მთავარ პროკურორ მიხეილ შაყულაშვილს. ის რაიონის მაშინდელ პროკურორ ნაღებაშვილს დაუკავშირდა და მოსთხოვა, სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღეძრა. ეს კი იცოდა, რომ აღძრული იყო, მაგრამ ხანდაზმულიაო და გვერდზე გადადო. დაიწყეს ამ საქმის გამოძიება. უამრავ დოკუმენტთან ერთად გამგეობის დოკუმენტი დავუდეთ, რითაც ბინები გაფორმდა და შემდეგ საჯარო რეესტრში აღირიცხა. მოკლედ, 4 თვე იმსჯელა პროკურორმა სოფიო ბარაბაძემ და მიუხედავად იმისა, რომ ყველა პასაჟში იკეთება ჩვენ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, პირდაპირ და არა ირიბად დარღვეული ჩვენი უფლებები, ყველას სამსახურებრივი გადაცდომა თუ დანაშაული, ამ დროს პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება _ შეწყვეტილიყო სისხლის სამართლის საქმე მაშინ, როდესაც 10 წლით ადრე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ჩვენ წინააღმდეგ და ჩვენზე 2012 წელს გაიცა ნებართვა, რომ კორპუსში ყველაფერი გავაკეთოთ. წარმოიდგინეთ, რამდენად უსუსურად და ორმაგი სტანდარტით განხორციელდა ჩვენზე კანონი, რომ არ ვიცით, სახელმწიფო დაიბნა, შეცდა თუ რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ვართ გამოსახლების წინაშე. 17 ივნისს 2-ბავშვიანი ოჯახი გაასახლეს და მისი ყველა ნივთი ახლაც ქუჩაში ყრია. _ სასამართლოს არ მიმართეთ? _ მივმართეთ და სასამართლო განხილვები დაიწყო ბათილად ცნობის თაობაზე იმ განკარგულებებზე, რომლითაც გამგეობაში საქმის წარმოების ქეისი შედგა და შემდგომ ბინების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება. არადა, ცნობის საფუძვლით წავედით. ზოგან გვეუბნებიან, რომ შეწყდეს, ზოგან განიხილეს, მაგრამ უარს გვეუბნებიან, რადგან კრების ოქმი არსებობს. მოგეხსენებათ, ადრე კრების ოქმის საფუძველზე ხდებოდა ბინების განაწილება, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში კრების ოქმი იურიდიული ძალის არმქონე გამოაჩინეს, როცა უკვე რეესტრი დაიჭირეს ხელში. ყველა პროცესი დასრულებულია, ბინები იურიდიულად მათია და ფაქტობრივად ჩვენ ვცხოვრობთ. ყველაზე ცუდ ვარიანტში სასამართლო ამბობს არას. ამ დროს ყველა საფუძველი არსებობს, რომ ეს განკარგულებები ბათილად ცნონ, თუკი „ოცნებას“ ამ ფარსში მონაწილეობა არ მიეღო და წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაული არ ამოეტივტივებინა. თუ ის არ არის თანამონაწილე და დღესაც არ აგრძელებს ამ ყველაფერს, ასე არ მოიქცეოდა. ჩვენ მრავალი გზით წავედით: სისხლით, სამოქალაქოთი, მოვიარეთ მერია თუ გამგეობა, ყველა ერთსა და იმავეს ამბობდა, რომ საფუძველი _ კრების ოქმი, ვითომ რითაც განაწილდა ეს ბინები, არ არსებობს და ჩვენ საიდან მოგიტანოთო? ვეუბნებოდით, რომ კრების ოქმი არ არის იურიდიული ძალის მქონე და „მეტრომშენის“ ხალხს სასამართლოში ჰქონდა დავა. ამ დავით ბოლოს ყველა უზენაეს სასამართლომდე მივიდა. უზენაესი სასამართლო გამგეობას ასეთ განმარტებას აძლევს: გადაამოწმეთ, იქ რეალურად ვინმე ხომ არ ცხოვრობსო? ეს იმას ნიშნავს, რომ თუ იქ ვინმე ცხოვრობდა და ამას გამგეობა გადაამოწმებდა, სხვა სამართლებრივი შედეგი უნდა დამდგარიყო და არა ეს ფორმა. _ რა უპასუხა გამგეობამ? _ როდესაც გამგეობას ვკითხეთ, ეს რატომ არ გააკეთეთო? გვიპასუხეს, _ ერთი იურისტი გვყავდა და იმხელა მანძილზე ვერ გადაამოწმებდა, არც საშუალება გვქონდაო. მე პირადად შევხვდი გამგეობის იურისტ მამუკა ჯაშიაშვილს და ვკითხე, _ ბატონო მამუკა, აგერ არის უზენაესი სასამართლოს განჩნება, სადაც მოსამართლეები გარკვევით გეუბნებიან: ვაჩაძე და მურუსიძე რომ მიბრძანდით და გადაამოწმეთ, აღნიშნული დავა წესრიგდება არა ახალი სამოქალაქო კოდექსით, არამედ მასზე ძველი სამოქალაქო ნორმები ვრცელდება, ვინაიდან დავა და ფაქტი წარმოშობილია ახალი კოდექსის ამოქმედებამდე. არსებით გარემოებად თქვენ რა მიიჩნიეთ-მეთქი? სიტყვა-სიტყვით გეუბნებით, ასე მიპასუხა: ეზოს წინ სამშენებლო მასალები ელაგაო. _ იცოდით, ვისი იყო ის სამშენებლო მასალები-მეთქი? _ რა მნიშვნელობა აქვს, ვიფიქრე, რომ „მეტრომშენის“ ხალხის იყო, ეს ჩემთვის არსებითი გარემოებააო. ანუ მან ჩვენი იქ ცხოვრება არ მიიჩნია არსებით გარემოებად. არაჯეროვნად, არაკანონიერად და არასამართლებრივი ენით რომ ვთქვათ, უნამუსოდ შეასრულა ის, რაც უზენაესმა სასამართლომ დაავალა. ამ დროს, მოგეხსენებათ, სასამართლოს გადაწყვეტილება ყველასთვის სავალდებულოა. მათ ეს რომ შეესრულებინათ, გამოსახლების ფაქტის წინაშე არ დავდგებოდით და მით უმეტეს, ამ ფორმით ბინებს ვერ გააფორმებდნენ. ამ დროს პროკურატურამ ვერ აღმოაჩინა სამსახურებრივი გადაცდომა. იურიდიული ფაქტი დაადგინეს, რომელიც სასამართლოს პრეროგატივაა და გამგეობამ, ფაქტობრივად, სასამართლოს ფუნქცია შეითავსა. _ ეს ზაზა გაბუნიას გამგებლობის პერიოდში ხდება? _ არა, ზაზას წინამორბედმა გააკეთა, მაგრამ 4 ბინა კიდევ იყო დარჩენილი და გაბუნიამ ისიც გააფორმა, მისი საქმე გააგრძელა. შარშან შეხვედრაზე დავით ნარმანიასთანაც ვიყავით.   ყველაფერი რომ ავუხსენით, თუ როგორ მოვაწყვეთ იქაურობა, მისი სიტყვების ციტირებას მოვიყვან: რაც თქვენი გაკეთებულია, მოთხარეთ და წაიღეთ, ბოძებიც აიღეთ და სახლში წაიღეთ, მეტი რა გავაკეთოო? თავიდან გვითხრა, _ მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, ქირით გაგიყვანთ, 500 ლარს გადაგიხდითო. ძალიან საინტერესოა, გამოძიების ფონზე თუ გამოსასახლებელები ვართ, კრიმინალები ვართ და ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია, დამნაშავეებს ქირას უხდიან? დასაპატიმრებლები თავისუფლებაში ვართ, თან ქირას გვიხდიან, თან გეუბნებიან, მოთხარეთ ბოძები და წაიღეთო. ძალიან საინტერესოა! ბავშვები სტრესისა და შიშის ქვეშ ცხოვრობენ, სახელმწიფომ მათ მომავალი დაუნგრია, ვინ აუნაზღაურებს იმ ჯანმრთელობას და მორალურ ზიანს, რასაც სახელმწიფო გვაყენებს? იმიტომ, რომ გაბუნიას მისცა ბერკეტი, შაყულაშვილს მისცა ბერკეტი, პროკურორმა ბარაბაძემ ისეთი დასკვნა დაწერა, 4 კლასის განათლების ადამიანი რომ არ დაწერს. ისიც კი არ გააკეთა პროკურორმა, რომ განესხვავებინა, სად მთავრდება, ან იწყება სისხლის სამართლის საქმე. ორ რიგით მოქალაქეს ენდო სახელმწიფო და პროკურატურა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ კონკრეტული ადამიანი იქ ცხოვრობდა. პროკურორს ვეუბნები, რომ ეს სასამართლოს ფუნქციაა, გამგეობამ თავის უფლებამოსილებას გადაამეტა და იურიდიული ფაქტის დადგენის ორგანოს ფუნქცია შეითავსა-მეთქი. ეს საკითხი სამართლებრივად რომ გაეშალათ, შედეგი სულ სხვა დადგებოდა. თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიაში ვიყავით, ალეკო ელისაშვილსაც კი მივმართეთ და დახმარება ვთხოვეთ. მას მერიაში დაურეკავს და უკითხავს, თუ რა ეტაპზეა ჩვენი სამართლებრივი მდგომარეობა. უპასუხეს, რომ ყველაფერი დასრულებულია და გამოსახლების კანდიდატები არიანო. ელისაშვილმა დაუჯერა და გვიპასუხა, თქვენი საქმე დასრულებულია, კარგად იყავითო. ძალიან საინტერესოა, „სითი პარკზე“ ერთი ამბავი რომ ჰქონდა და მერიის წინ წვებოდა, რატომ არ დაუჯერა მერიას, იქ ხომ კანონიერად იყო ყველაფერი? ე. ი. რაც პიარის კარგი ნაწილია, იმაზე უნდა ილაპარაკო? ალასანიას პარტიაში ვიყავით, რამდენჯერმე შევხვდით, ლევან ჯორბენაძემ გვითხრა, რომ გაბუნიასა და ალასანიას საერთო მეგობარი ჰყოლიათ, ამერიკაში რაღაც სხდომაზე ყოფილან, იქ უთქვამს გაბუნიას, _ თუ დააპირებთ ამ ხალხის დახმარებას და გამგეობაზე დარტყმას, ძალიან გთხოვთ, მე არ დამარტყათო. იურიდიულად თუ ყველაფერი გამართულია, რისი ეშინია?! ერთი სიტყვით, არც ერთი ოპოზიციური პარტია არ დაგვიდგა გვერდით, კოჰაბიტაციაში არიან, არჩევნები მოდის და ხმების გადანაწილება სჭირდებათ... 500-ლარიანი ქირის შემოთავაზება რომ იყო, ზაზა გაბუნიას ვუთხარით: გადაიანგარიშეთ, რამდენი ოჯახი ვართ, რამდენს უნდა გადაუნაწილოთ ეს თანხა, წელიწადში რამდენი უნდა გამოიყოს ბიუჯეტიდან, ხომ შეიძლება, ერთ კორპუსზე გადანაწილდეს, ის ხალხი დაკმაყოფილდეს და ამდენი ხალხი ქუჩაში არ აღმოვჩნდეთ-მეთქი? _ თქვენ რას მეუბნებით, ერთი ჯიბიდან ამოვიღო და მეორეში ჩავდოო? ე. ი. უნდა ამოიღოს ის ფული, რომ გაათეთროს, არათუ უკან, ჯიბეში ჩაიდოს! ღამის 12 საათზე მოდიოდა ხოლმე გაბუნიას მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, ახლა ეს ბიჭი უნივერსიტეტის თვითმმართველობაში აირჩიეს. გვიბიძგებდა, რომ ქირით გადავსულიყავით, ჩუმად მოდიოდა, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, რომ არ გახმაურებულიყო. გაბუნია მთავრობას ატყუებს, მან საბუთი წარუდგინა, რომ 60 ოჯახი გაიყვანა ქირით. ჩვენიდან გაყვანილია 5-6 ოჯახი და 60 ოჯახს უხდის ბინის ქირას! ხალხს, რომელსაც მანამდე გადაკვეთილი ჰქონდა საზღვარი, იმათ ვითომ ქირას უხდის და სად მიდის ეს ფული?! არარსებულ ადამიანებს უხდის ქირას! გაბუნია ისევ იყრის კენჭს და კიდევ 4 წელი ასე უნდა გვიშრონ სისხლი ასეთმა უნამუსო ადამიანებმა? აუცილებლად უნდა აღვნიშნო საკრებულოში ჩვენი დეპუტატის, დავით ჭელიძის საქციელი, რომელიც ხმის გამო ჩვენთან ყუთით დადიოდა. ისეთი მანქანით მოდიოდა, ვაწვებოდით, რომ დაექოქა, დღეს „რენდ როვერით“ დადის! მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას! მან ჩვენი მდგომარეობის გამოყენებით უამრავი ფული ჩაიდო ჯიბეში! მისი ახლობლობა დასტურდება „მეტრომშენის“ ხალხთან. დადიანის ქუჩაზე აქვს ოფისი, შარშან მივედით და როცა დაგვინახა, მეორე კარიდან გაიპარა. დაგვერწმუნეთ, ჩვენ უკვე არა ვართ ადამიანები. ის, რაც 9 წელი ხალხმა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გაიარა, ჩვენ „ოცნების“ ე. წ. მშვიდობიანობის პერიოდში გავდივართ: სუიციდები, ჩაკეტილი ბავშვები... ეზოში უცხო მანქანა რომ შემოდის, ისტერიკა ემართებათ... _ ფაქტია, იმ ბინებს, სადაც ცხოვრობთ, ოფიციალური პატრონი ჰყავს. რას აპირებთ? _ სამართლებრივ ბრძოლას ბოლომდე ვაპირებთ. ნუ აღიარებს სახელმწიფო თავის დანაშაულს, მაგრამ რაც ჩვენ სიმწრით შეკოწიწებული ფულით გავაკეთეთ, ის გადაგვიხადონ, კომპენსაციას ვითხოვთ. რაც ფიზიკურად დავხარჯეთ, ჩვენი მშიერი შვილების ფულით, ობლებისა და ინვალიდების ფულით გაკეთებულ ქონებას ვერავის დავუტოვებთ! იმედი არ გვაქვს, მაგრამ სისხლის სამართლის საქმეს მაინც ვასაჩივრებთ და ძიებაში ხელახალ დაბრუნებას ვითხოვთ. ჩვენ უსახლკაროდ ვერ დავრჩებით და ამაზე, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფომ უნდა აგოს პასუხი, სამართალდამცველებმა მეტი ყურადღებით უნდა გამოიძონ ეს საქმე, თორემ ძალიან ცუდ შედეგს მიიღებენ.    „ქრონიკა+“ კომენტარისთვის დაუკავშირდა „მეტრომშენის“ სამმართველოს უფროსს _ გივი თედელურს: _ აბსოლუტურად ყველა დოკუმენტაცია არსებობს ჩვენს ორგანიზაციაში, როდესაც მშენებლობა დავიწყეთ და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, გაეცნოთ. ყველაფერი არსებობს თავისი დამტკიცებული პროექტებით. თუ კარგად მახსოვს, ეს ბინები 1993 წელს განაწილდა, ყველა სამმართველო თავის ბინას აშენებდა, მაგრამ როდესაც ქვეყანაში ცვლილებები მოხდა და სიტუაცია აირია, მშენებლობის დამთავრება მთლიანად ვერ მოხერხდა. გადახურვა იყო, იზოლაცია გაკეთებული ჰქონდა, გარე პერიმეტრიც, მაგრამ ბევრი რაღაც არ იყო დამთავრებული და ასეთ კორპუსებს ექსპლუატაციაში არ იღებდნენ. ჩვენ მოსკოვზე ვიყავით დამოკიდებულნი, იქიდან ვიღებდით თანხებს და ამ ყველაფერს ვაშენებდით, მაგრამ ქვეყანაში სიტუაცია რომ შეიცვალა, მშენებლობა გაჩერდა. ხალხი მშენებლობის დამთავრებას ითხოვდა, მაგრამ ვერ ვამთავრებდით. ამასობაში, კორპუსებში ხალხის შეჭრა დაიწყო, ამის გამო მოხდა ჩხუბი, პოლიცია, სასამართლო ჩაერთო, პროკურატურა ჩაერია, მიდიოდა განხილვები და საბოლოოდ დამტკიცდა, რომ ეს კორპუსები ეკუთვნოდა „მეტრომშენს“. საერთოდ, „მეტრომშენს“ სპეციალური ფონდი ჰქონდა, რადგან მეტროს მშენებელი ძალიან რთული სპეციალობაა, ყველა სამმართველოს ჰქონდა ბინის რიგში მდგომთა სიები და თანამშრომლებს ბინებს მუქთად ვაძლევდით _ 1954 წლიდან ბინები შენდებოდა და ხალხს, ყოველწლიურად, 100-120 ბინა ეძლეოდა.   „ქრონიკა+“ დაუკავშირდა დედაქალაქის საკრებულოს წევრს, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძეს: _ ჩვენ დედაქალაქის ხელისუფლებაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მოვედით. მათ ბინები 2012 წლის თებერვალში, ჯერ კიდევ, ძველმა ხელისუფლებამ დაუკანონა. მანდ სულ 4 კორპუსია, მარტო ##204-205 კორპუსები არ არის, რომელსაც „მეტრომშენი“ აშენებდა და შემდეგ იქ ხალხი შეასახლეს, მათ შორის, ჩემი ნაცნობები. ამ პერიოდში ყველა კარგად გავიცანი. ჩვენი ხელისუფლება არაფერ შუაშია, ბინები ძველმა ხელისუფლებამ დაუკანონა. ამის ნახვა ძალიან ადვილია, საჯარო რეესტრის ამონაწერში თარიღი ყველგან მითითებულია.

                                                                                თამარ ბატიაშვილი

 

გაზიარება