ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაწყებული ხმაურის ინიციატორებად ფრაქციების „ქართული ოცნებისა“ და „მრეწველების“ დეპუტატები მოგვევლინენ. მათი მოთხოვნა საკრებულოს თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის თანამდებობიდან განთავისუფლებაა. უმრავლესობის მიერ სრული მხარდაჭერით არჩეული მაღრაძე აღნიშნულ პოსტს საკრებულოს მუშაობის დაწყების დღიდან იკავებს, მაგრამ ბოლო დროს იგი მმართველი გუნდის წარმომადგენლებისთვის მიუღებელი ფიგურა გახდა.
საკანონმდებლო ორგანოში სიტუაციის გამწვავების საფუძველი მაღრაძის პარტიული კუთვნილება და მის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებებიც აღმოჩნდა. ხარაგაულის საკრებულოს 35-კაციანი შემადგენლობიდან მაღრაძის თანამდებობიდან გადაყენებას 20 დეპუტატი უჭერს მხარს.
ინგა მაღრაძე:
_ მე ვარ „რესპუბლიკური პარტიის“, ასევე ეროვნული კომიტეტის წევრი და, ბუნებრივია, ეს ყველაფერი უკავშირდება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს. როგორც იცით, იმერეთში, ბაღდათი-ხარაგაულის ოლქში, მმართველი გუნდის კანდიდატად დასახელდა მოქმედი გამგებელი კობა ლურსმანაშვილი და მიმაჩნია, რომ ყოველივე ამ პროცესებს უკავშირება.
არჩევნები მოდის და უნდათ, ყველა პოლიტიკური ბერკეტი ჰქონდეთ ხელში. ის, რომ მე „რესპუბლიკურ პარტიას“ წარმოვადგენ, მათთვის საარჩევნოდ საფრთხის შემცველია. გარდა ამისა, საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც არასოდეს იზღუდავს თავს და ღიად საუბრობს თვითმმართველობაში არსებულ პრობლემებზე, საბიუჯეტო მანკიერ პროცესებზე და ა. შ., მიუღებელია მათთვის. ხშირად გამოვსულვარ კრიტიკულად ცუდად დაგეგმილ ბიუჯეტთან დაკავშირებით. ახლაც ვსაუბრობ საბიუჯეტო კრიზისზე, რომელიც მოსალოდნელია და ააიპ-ებში დასაქმებული უამრავი ადამიანი შესაძლოა, ქუჩაში დარჩეს. შეიძლება პრობლემა შეიქმნას ახალი საბავშვო ბაღების გახსნის თაობაზე. ღიად ვსაუბრობ კორუფციულ სქემებზე, შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე და თუ როგორ არის ამაში უშუალოდ გამგებელი და მისი გარემოცვა ჩართული. ძალიან ბევრი თემაა, რომელიც მათთვის სერიოზული პრობლემაა, ხოლო საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველია.
_ კორუფციულ გარიგებებზე შეგიძლიათ, კონკრეტული მაგალითები დაგვისახელოთ?
_ ამ საკითხზე მასალებს ვსწავლობთ და უახლოეს ღეებში საზოგადოებას დეტალებს გავაცნობთ. დოკუმენტურად დავასაბუთებთ ყველაფერს. ეს ძალიან კარგად იცის ჯგუფმა, რომელიც ახლა ჩემი გადაყენების საკითხს აყენებს. ან პასუხისგებაში უნდა მიცემულიყვნენ გარკვეული თანამდებობის პირები და მათ შორის მოქმედი გამგებელი, რომელც დღეს კანდიდატია, ან გზა პარლამენტისკენ, რომელიც ერთგვარი დაცვის საშუალება იქნებოდა.
_ ფიქრობთ, რომ მათ მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ხელის შემშლელ ფაქტორს წარმოადგენთ?
_ რა თქმა უნდა. მათ უნდათ, სრული ბერკეტი და ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმალურად გამოყენება, რაც საკრებულოს თავმჯდომარედ ჩემი ყოფნის შემთხვევაში ნაწილობრივ მაინც შეუძლებელია.
_ თქვენ კარგად იცნობთ იმ პრობლემებს, რაც დღეს ხარაგაულში არსებობს. როგორ შეაფასებთ სიტუაციას?
_ მოსახლეობა ბევრს საუბრობს პრობლემებზე და ნაკლებად ექცევა ყურადღება მიღწეულ წარმატებებს, რადგან ადამიანები მაინც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში არიან. ეს არის უპირველესი პრობლემა, გამოწვევა, რასაც ვერ მოვერიეთ. საბიუჯეტო ხარჯზე დასაქმება არ არის რეალური დასაქმება. მით უმეტეს, ეს დასაქმება, რაც თვითმმართველობამ საბიუჯეტო ორგანიზაციებში განახორციელა, პირდაპირაა კავშირში გამგებლის საარჩევნო პროცესისთვის მზადებასთან. ახლაც ფიქსირდება ფაქტები, როცა 2 თვის მიყვანილ თანამშრომლებზე პრემიებია გაცემული. თანამშრომლებზე, რომლებიც იმიტომ მოიყვანა, რომ ბაღდათსა და ხარაგაულში ხმების მოტანა შეუძლიათ.
_ ახალი თანამშრომლები გამგებლის ნათესავები არიან, თუ „ქართული ოცნების“ წევრები?
_ პარტიის მხარდამჭერები არიან. იმ ფონზე, როცა საბიუჯეტო კრიზისი გვაქვს და უახლოეს ხანში ხელფასების გაცემის პრობლემა შეიძლება დადგეს, დამატებით თანამშრომლებს იღებენ. დარწმუნებული ვარ, რომ აგვისტო-სექტემბერში მოგვიწევს, აიპებში უხელფასო შევებულებებში გავუშვათ ადამიანები. წახალისება უნდა ხდებოდეს დასაბუთებით და არარეალურია, 2 თვეში ადამიანი პრემიის ღირსი გახდეს. ეს უკავშირება იმას, რომ არჩევნები უნდა მოიგოს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ და ინგა მაღრაძე სერიოზული პრობლემაა, რომელიც ამ თემებზე ხმამაღლა საუბრობს.
ტატო თავზარაშვილი _ ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე:
_ დეპუტატებმა წინა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მუშაობა უარყოფითად შეაფასეს რიგი მიზეზების გამო, რომელიც დავასახელეთ. იგი ემსახურებოდა მხოლოდ ვიწრო პარტიულ ინტერესებს და არა ხარაგაულის საკეთილდღეო საქმიანობას. არ უჭერდა მხარს ხელისუფლების არც ერთ ინიციატივას. საქმიანობა უარყოფითად შეფასდა და ამ დასკვნის საფუძველზე ოცმა დეპუტატმა გადაწყვიტა, გადაყენების საკითხი დაეყენებინა.
_ იქნებ, დააკონკრეტოთ, რა საკეთილდღეო გადაწყვეტილებებს არ უჭერდა მხარს?
_ მაგალითად, ბიუჯეტისთვის არ დაუჭერია მხარი. ამის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. გარდა ამისა, არაკომუნიკაბელურია, უამრავი მიზეზია.
_ მაღრაძე აცხადებს, რომ სერიოზული პრეტენზიები აქვს ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებით.
_ შეუძლია ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ უმრავლესობის წარმომადგენლები ვართ და ვფიქრობ, რომ სწორი გზით მივდივართ. უმრავლესობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ საკითხის ინიცირება მოეხდინა. ძალიან ბევრ რამეს აცხადებს, თითქოს ეს დეპუტატები ვიღაცებისგან იმართებიან. სხვათა შორის, ყველა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არ არის.
კობა ლურსმანაშვილი _ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ხარაგაული-ბაღდათის საარჩევნო ოლქში:
_ როგორ შეაფასებთ ხარაგაულის საკრებულოში მიმდინარე პროცესებს?
_ მე, როგორც გამგებელი, ასეთი საკითხებისგან დისტანცირებული ვარ. რაც შეეხება საკრებულოს, მის შემადგენლობაში 35 დეპუტატია და ყველა თავისუფალი მანდატით სარგებლობს. ასე რომ, მათი შეხედულებები, თავისთავად, შეუვალია. თუ საკრებულო ნორმებს არღვევს, ცხადია, შედეგი ვერ იქნება. ვფიქრობ, იმ საკრებულოს თავმჯდომარეობა, რომლის უმრავლესობის ნდობით არ სარგებლობ, ძალიან რთულია. მე, როგორც არა ამ პროცესებში მონაწილე, მაგრამ როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხშირად ვაწყდებოდი ისეთ ფაქტებს, როცა საკრებულოს უმრავლესობა თავმჯდომარის მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი.
_ თავად ინგა მაღრაძე პროცესებს საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს და ფიქრობს, რომ პოსტზე მისი დარჩენა მმართველ გუნდს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ხელს შეუშლის.
_ მაშინ საპირისპირო შემიძლია ვკითხო ქალბატონ ინგა მაღრაძეს: თუ ის ამ თანამდებობაზე იქნება, პირიქით, ადმინისტრაციულ რესურსს საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს და ამიტომ ვართ ჩვენ აღშფოთებულები? ეს აბსოლუტურად არასწორი შეხედულებაა. ეს უშუალოდ საკრებულოს ფორმატია და გამომდინარე თავმჯდომარის საქმიანობიდან, მისი კვალიფიკაციიდან და მისი ჯანსაღი თუ არაჯანსაღი დამოკიდებულებიდან საკრებულოს წევრების მიმართ. ეს რომ პოლიტიკურ პროცესს არ უკავშირდება, სრულიად დარწმუნებული ვარ. მოსახლეობა იმდენად დადებითად არის განწყობილი ბოლო წლებში განხორციელებული პროექტებისა და ჩემი საქმიანობის მიმართ, რომ ამას არ სჭირდება მხარდაჭერის მოსაპოვებლად ვინმეს განთავისუფლება. ხარაგაულში, ბოლო 3 წელიწადში, ჩემი გამგებლობის დროს, ბევრად მეტი გაკეთდდა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ხალხის კეთილგანწყობა აშკარაა. ამის ტესტი იქნება 8 ოქტომბრის არჩევნები. როცა ვსაუბრობთ, არგუმენტებიც უნდა მოვიტანოთ. თავმჯდომარედაც რომ იყოს რა, ხიფათს უნდა ველოდოთ? არ მომცემს ამომრჩეველი ხმას?
_ ქალბატონი მაღრაძის განცხადებით, გამგეობაში კორუფციული სქემებია, ასევე ბოლო თვეებში თანამშრომლების რაოდენობის მატება მმართველი გუნდის მხარდამჭერების ხარჯზე. მისივე თქმით, ის აპირებს უახლოეს ხანში საზოგადოებას ამ ყველაფერზე ამცნოს.
_ ინგა მაღრაძე უკვე დიდი ხანია, საკრებულოს თავმჯდომარე ბრძანდება და თუკი ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა, ვალდებულიც იყო, სამართალდამცველი ორგანოებისთვის მიეწოდებინა. თუკი ასე არ მოიქცა, თვითონაც დამნაშავეა, ვინაიდან დანაშაულს ხელს აფარებდა.
_ როგორც საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ისინი საკითხს სწავლობენ და უახლოეს ხანში საზოგადოებისთვის დეტალები ცნობილი გახდება.
_ ბუნებაში არ არსებობს ისეთი რამ, რაზედაც მიანიშნებენ. არც კორუფციული გარიგება და არც ნეპოტიზმი ხარაგაულში არ არის. ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი დასაქმებული არ გახლავთ საჯარო სამსახურში. სრულიად მართალი ვარ როგორც ხარაგაულელების, ისე მთელი საქართველოს წინაშე. ძალიან ადვილია, საჯარო მოხელეს ტალახი ესროლო ისე, რომ ვინმემ პასუხი არ მოგთხოვოს. მეტი თმენის ვალდებულება გვაქვს და მეც ამ პოსტულატით ვხელმძღვანელობ. ამ პრინციპით მეც შემიძლია ვთქვა, რომ მარსიდან კაციჭამიები ჩამოიყვანეს და ერთ-ერთს დღეს წითელი პიჯაკი ეცვა. რა ვქნათ ახლა? ამტკიცონ, რომ ეს ასე არ არის. ხომ არ შეიძლება, ასე არასერიოზულად საუბრობდეს მაღალი რანგის თანამდებობის პირი?
_ ბოლო ორი თვის განმავლობაში სხვადასხვა სამსახურში ახალი თანამშრომლები მიიღეს თუ არა და მათზე პრემიები მართლა გაიცა?
_ პრემიები არ არის გაცემული, დანამატებია იმდენად მცირე... დაინტერესებულმა პირებმა ანალიზი გააკეთონ, რა გასცეს 2012 წელს.
_ მე გეკითხებით ახალ თანამშრომლებზე, რომლებიც, სადღაც, 2 თვეა, რაც დასაქმდნენ.
_ ახლად მიღებულ თანამშრომელზე რას ნიშნავს? ნებისმიერ შემთხვევაში, როცა პიროვნებას სამსახურში მიიღებ, ერთი თვე უნდა იმუშაოს, რომ ხელფასი მიიღოს და იმ ერთ თვეში მან თუ წარმატებულად იმუშავა, რომ შესაბამისად დანამატი დაიმსახურა, შესაძლებელია, ასეთი ფაქტიც არსებობდეს თეორიულად. პრაქტიკულად კი ასეთი ფაქტი არსებობს თუ არა, შესაბამისი მტკიცებულება წარმოადგინონ. საუბრობენ მხოლოდ აღელვების ნიადაგზე და პოლიტიკური ანგაჟირებით. მინდა, მშვიდად ვუპასუხო მათ, რომ ხარაგაულში ჩემი მმართველობის დროს ფაქტები, რაც მათ ყურით მოთრეულ ბრალდებებს დაამტკიცებდა, არ მომხდარა. ხარაგაული ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტია პატიოსნებით, შრომით და ბოლო 3 წელიწადში დავამტკიცეთ კიდევაც ეს.
საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობის შეფასებისას განსხვავებულია დეპუტატების მოსაზრებები.
მიშა გელაშვილი _ საკრებულოს წევრი:
_ თქვენ იმ 20 დეპუტატს შორს ხართ, რომელიც თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვს. რატომ უჭერთ მხარს ამ ინიციატივას?
_ ამ წუთში ვერაფერს გეტყვით. ჯერჯერობით თავს შევიკავებ.
_ საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება. ალბათ, საფუძველი გქვთ, მოთხოვნას შეერთებოდით.
_ საზოგადოება შეიტყობს, როცა საკრებულო გადაწყვეტილებას მიიღებს. გადაირჩევს თავმჯდომარეს და საფუძველს ყველა დაასახელებს.
_ როცა ახალ თავმჯდომარეს აირჩევთ, მიზეზი შემდეგ გახდება ცნობილი?
_ მიზეზი ცნობილი გახდება სხდომაზე, რომელზედაც ძველს გადაირჩევენ და ახალს აირჩევენ.
_ თქვენ საჯარო პირი ბრძანდებით. როცა არსებობს ინტერესი, შესაბამისად ვალდებულებაც გაქვთ, საზოგადოებას ინფორმაცია გააცნოთ.
_ გაცნობა კი მევალდებულება, მაგრამ არა მგონია, იმის ვალდებულება მქონდეს, ყოველთვის ყველაფერზე გავაკეთო კომენტარი.
_ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი „ყველაფერი“ არ არის. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა მუნიციპალიტეტისთვის.
_ დიახ, ვიცი, ეს ყველაფერი ვიცი, მაგრამ...
_ როგორც „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგნელი, ისე შეუერთდით ინიციატივას?
_ ამ შემთხვევაში, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი.
_ პასუხებიდან გამომდინარე, საზოგადოებას შესაძლებელია დარჩეს წარმოდგენა, რომ არ გაქვთ პოზიცია, არ იცნობთ საკითხს და ამ მოთხოვნას ვიღაცის ხათრით, ან დავალების გამო შეუერთდით.
_ ეგ არაფერ შუაშია. გითხარით, რომ, ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით.
გელა გოლუბიანი _ საკრებულოს წევრი:
_ როგორ შეაფასებთ საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობას?
_ როცა ავირჩიეთ, იმედი გვქონდა, რომ ნორმალურად იმუშავებდა. შექმნილ სიტუაციაში ყველაფერს აკეთებს, რაც შესაძლებელია. უარყოფითი შეფასება რომ მქონოდა, მეც დავაყენებდი გადარჩევის საკითხს.
_ თქვენი აზრით, ეს პროცესები საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება?
_ არ მგონია. აქ სხვა პროცესებია. ზოგადად, ყველაფერი არჩევნებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ამ შემთხვევაში უშუალოდ ამის გამო არ ხდება ეს ყველაფერი.
_ პიროვნული დაპირისპირებაა რომელიმე დეპუტატთან, ან გამგებელთან?
_ შეიძლება. ვინც ეს საკითხი წამოაყენა და ხელი მოაწერა, ყველას უშუალოდ არ გავსაუბრებივარ, მაგრამ ორგანიზატორი ვინც იყო, მისგან არ გამიკვირდება, რაღაც პიროვნულიც იყოს.
_ ინიციატორში ტატო თავზარაშვილს გულისხმობთ?
_ ეგაა მაგათი ლიდერი დღეს და მაგის ინიციატივით კეთდება ყველაფერი.
უჩა ბერაძე _ საკრებულოს წევრი:
_ რატომ დადგა დღის წესრიგში ქალბატონი ინგა მაღრაძის განთავისუფლების საკითხი?
_ რაც კოალიცია დაიშალა, ყოველდღიურად ცდილობდნენ, რომ ინგა მაღრაძე გადაეყენებინათ, რადგან ის „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელია. მეც მასთან ერთად, როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ყველა იმ უმსაგავსობაზე ხმამაღლა ვსაუბრობდი, რაც დღეს ხარაგაულში ხდება. ერთ პირთან მოლაპარაკებული ტენდერები, აიპებში შექმნილი სიტუაცია და ა. შ. ქალბატონი ინგა ამაზე ღიად საუბრობდა. ერთ-ერთი მიზეზი მისი გადაყენებისა ეს არის.
_ მუნიციპალიტეტის გამგებელი კატეგორიულად უარყოფს კორუფციულ სქემებს ხარაგაულის გამგეობაში.
_ მაგას გამოძიება დაადგენს. მე მისი მოადგილეც ვიყავი და უმსგავსო ქცევების გამო იძულებული გავხდი, წავსულიყავი და საკრებულოში გადავინაცვლე. დღეს უკვე ყოველგვარ ზღვარს გადასცდნენ. ბაღდათთან შედარებით უფრო ცუდი მდგომარეობა ხარაგაულშია, რასაც შესაბამისი ორგანოები, თავის დროზე, დაადგენენ და გამოააშკარავებენ.
_ შეძლებთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენას?
_ ჩვენ ისედაც ვაპირებდით ამას. ხარაგაული პატარაა, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის და ინფორმაციამ გაჟონა. აღარ აპატიეს ქალბატონ ინგას კოალიციიდან წასვლა, სიმართლეზე ხმის ამოღება და ხარაგაულის კეთილდღეობაზე ზრუნვა.
ყველაზე ცუდი ის არის, საკრებულოს 20 წევრი აცხადებს, რომ ზევიდან ავალებენ. ძალიან უხერხულია, როცა საკრებულოს წევრი ამბობს ამას, არადა, დამოუკიდებელი უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღებაში.
როგორც წესი, გადაწყვეტილების მიღებას ხმათა უმრავლესობა სჭირდება. ამ შემთხვევაში უმრავლესობა ინგა მაღრაძის საპირისპირო მხარეს აღმოჩნდა. შესაბამისად, მას საკრებულოში მუშაობის გაგრძელება რიგითი დეპუტატის სტატუსით ელოდება. თუმცა, როგორც თავად აცხადებს, ასეც მოახერხებს, საზოგადოებას ყველა იმ დარღვევაზე მიაწოდოს ინფორმაცია, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხდება. მის მიერ ამ ეტაპისთვის გაკეთებული განცხადებები სერიოზულ ბრალდებებს შეიცავს. „ქრონიკა+“ მზად არის, ორივე მხარეს მოუსმინოს და საზოგადეობას მათი მოსაზრებები გააცნოს.
ხვიჩა ვაშაყმაძე