QronikaPlus
ლევან ხაბეიშვილი: ,,წინასაარჩევნო პერიოდი გამოცხადდა და ნარმანიას „კანტორისთვის“ აღარავის ცხელა!”

ლევან ხაბეიშვილი: ,,წინასაარჩევნო პერიოდი გამოცხადდა და ნარმანიას „კანტორისთვის“ აღარავის ცხელა!”

2016-08-07 08:53:38

თბილისის მერიაში არსებულ სრულ განუკითხაობაზე „ქრონიკა+“-თან საუბრობს „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ხაბეიშვილი:  _ დედაქალაქის მერიაში სრული განუკითხაობაა. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წინასაარჩევნო პერიოდი გამოცხადდა და ნარმანიას „კანტორისთვის“ აღარავის ცხელა. როგორც ჩანს, ამ პერიოდს „ნაყოფიერად“ იყენებენ. ივლისში ნარმანიამ უკვე ფავორიტად ქცეულ  თორნიკე შიოლაშვილს (რომელიც გიგი უგულავას საქმის მთავარი მოწმეა), მის კომპანია „ენკოს“, ორი ხელშეკრულება გაუფორმა, ჯამური ღირებულებით 3 მილიონ 799 914 ლარი. ჩანს, საკმაოდ ძვირი გვიჯდება თბილისელებს შიოლაშვილის ჩვენება. აქამდეც არაერთი კვლევა ყოფილა, სადაც მილიონობით ლარის ხელშეკრულება ფიქსირდება ამ კომპანიაზე და, რიგ შემთხვევაში, უტენდეროდ.  ფაქტია, 2014 წელს, მას შემდეგ, რაც უგულავას წინააღმდეგ ამ ახალგაზრდა ბიჭმა ჩვენება მისცა, მარტო ნარმანიას უწყებამ თითქმის 10 მილიონის ხელშეკრულება გაუფორმა. ფავორიტ კომპანიებს შორის არის „დაგი“, რომელმაც ივნისში თბილისის განვითარების ფონდიდან უტენდეროდ 1 მილიონი ლარის ხელშეკრულება მიიღო. ამ ყველაფერს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული „საოცარი“ ტენდერები ემატება. _ უფრო კონკრეტულად? _ მაგალითად, როგორიც არის დედაქალაქის ფიტოსანიტარიული გამოკვლევა და ამ მიმართულებით გაფორმებული 37 000-ლარიანი ხელშეკრულება კომპანიაზე, რომელიც, სულ რაღაც, ერთი წელია, რაც ფუნქციონირებს (შპს „გეოანალიტიკა“). ასევე 500 000 ლარზე მეტის ხელშეკრულება, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის გამოკვლევას ეხება. დავით ნარმანიამ დედაქალაქი, მისი დაგეგმარება, მისამართები, უბნები და ასე შემდეგ რომ არ იცის, ამისთვის კვლევებში მილიონობით ლარს ვხარჯავთ. წარმოუდგენელი არაკომპეტენტურობის ბუდეა. მარტო შრომის ანაზღაურებაში თბილისის მერიის ბიუჯეტი 100  მილიონი ლარია, ანუ თბილისელები მერიას და მის თანამშრომლებს, ხელფასის სახით, წელიწადში 100 მილიონ ლარს ვუხდით. დამატებითი კვლევებისთვის „ვიწვევთ“ ვითომ „ჭკვიანებს“ და ახლა იმათ ვუფორმებთ მილიონობით ლარის ხელშეკრულებას. თუ ყველაფერი სხვამ უნდა გამოიკვლიოს, მოიძიოს, დაგეგმოს და მერე გააკეთოს, აბა, 100 მილიონს ვის და რისთვის ვუხდით? პრემიისა და დანამატების გარდა ტონობით საწვავი მიდის, რომელსაც ასევე ჩვენი ჯიბეებიდან ვიხდით. ასეთი დამოკიდებულება ბიუჯეტთან არახალია, ვგულისხმობ კვლევებში და მსგავსი მიმართულებით გაფლანგულ მილიონებს. _ რაზე მიანიშნებთ? _ მაგალითად, წლის დასაწყისში გვახსოვს 40 000 ევროს ხელშეკრულება, რომელიც გზებზე „საცობების“ განმუხტვას ეხებოდა და ბოლოს კომპანიამ 100 000 ლარად გვირჩია, რომ, თურმე, გარკვეულ მონაკვეთებზე შუქნიშანი დავაყენოთ. ამას დავუმატოთ კიდევ ერთი ტენდერი, რომელიც მერიამ ამ დღეებში გამოაცხადა და 597 208 ლარის ღირებულებისაა. ტენდერი ეხება მერიისთვის სარეკლამო რგოლის დამზადებას და გავრცელებას. წარმოიდგინეთ, ბიუჯეტიდან უნდა გადავიხადოთ ნახევარი მილიონი ლარი, რომ ნარმანიამ თვალებში ნაცარი შეგვაყაროს, როგორ კარგად მუშაობს. საეჭვოდ ემთხვევა ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიას და არ გამოვრიცხავ, ეს რეკლამა „ქართული ოცნების“ გასაპიარებლად გამოიყენონ. ე. ი. „ოცნების“ კამპანიასაც თბილისელები ვაფინანსებთ, როგორც ფულით, ასევე რეკლამების თანხასაც ვუხდით. კვლევები, რეკლამები, პრემია-დანამატები, საწვავი, სალაპარაკო, პირადი ფუფუნების საგნები, ავტომობილები, ფოტოაპარატები და ა. შ. აი, ეს არის რეალურად მათი პრიორიტეტი და არა მოქალაქეებზე ზრუნვა. სწორედ ამაში ხარჯავენ ასობით მილიონ ლარს და მართლა გაჭირვებული ადამიანებისთვის ერთჯერადად 100 ლარი ენანებათ, მათ უამრავ დოკუმენტაციას სთხოვენ იმის დასამტკიცებლად, რომ გადარჩენისთვის იბრძვის. მერიის ბედოვლათობას საკრებულოს „შადრევნის“ გახსნის სურვილიც ემატება. სხვა რა დავარქვა, როცა 16 620 ბოთლი წყალი შეიძინეს?! ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ წყალს სტუმრებისთვის ყიდულობენ. აბა, წარმოიდგინეთ, რამდენი ათეული წელი უნდა გავიდეს, რომ საკრებულოში 16 620 სტუმარი მივიდეს?! ეს ხომ წარმოუდგენელი სისულელეა?! სამუშაო დღეები რომ გადავთვალოთ, წლის ბოლომდე ყველა სამუშაო დღეს 300 სტუმარი უნდა მიიღონ. ამ ყველაფერს დავუმატოთ ჩვენი კვლევის შედეგები, რომელიც მაისის ბოლოს გამოვაქვეყნეთ და მერიის უტენდეროდ გაფორმებულ ხელშეკრულებებს ეხებოდა. ჯამურად, იმ დროისთვის, 35 მილიონ ლარს აჭარბებდა და ასეთი 257 ხელშეკრულება იყო. ბატონი მერი მას შემდეგაც არ შეჩერებულა და მანკიერ ტრადიციას აგრძელებს, თავად აარჩიოს კომპანიები კონკურენციის გარეშე. დღეს ეს ციფრი 50 მილიონ ლარს აჭარბებს. მხოლოდ ამ ციფრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისელებს 5 მილიონი მოგვპარეს, როცა ტენდერი არ გამოაცხადეს. მაშინდელმა კვლევამაც აჩვენა ფავორიტი კომპანიები, მაგალითად, „ჯეუ გრუპი“, რომელსაც იმ დროისთვის უკვე 12 მილიონი ლარის ხელშეკრულება ჰქონდა მიღებული და, დღეის მდგომარეობით, რამდენიმე მილიონი კიდევ დაემატა. ამ 12 მილიონიდან 5 მილიონ ლარზე მეტი უტენდეროდ მიიღო, ხოლო დანარჩენი _ ტენდერების გზით. საინტერესოა, რომ ამ კომპანიის პირველი ხელშეკრულებაც დავით ნარმანიას მოღვაწეობას უკავშირდება, ოღონდ სამინისტროში, როცა უწყების ხელმძღვანელი იყო. სწორედ ნარმანიას მინისტრობის დროს მიიღო „ჯეუ გრუპმა“ პირველი 400 000 ლარამდე ღირებულების ხელშეკრულება სახელმწიფოსგან. ეს ყველაფერი ნათლად ადასტურებს იმ დამოკიდებულებას, რაც ბიუჯეტის მიმართ ქალაქის „თავებს“ აქვთ. ისინი კორუმპირებულები და არაკომპეტენტურები არიან და ეს სიტყვები ფაქტებით დასტურდება. ვგულისხმობ ნარმანიას მიყვანილ, შემდგომში კორუფციაზე დაკავებულ ათობით კადრს და ასობით ჩაჭრილ თანამშრომელს, რომლებსაც ისევ უკავიათ მაღალი თანამდებობები მერიაში. _ რა ხდება საბავშვო ბაღებში? _ ძალიან საინტერესო რამე მოხდა თბილისის ბაღებში. მოგეხსენებათ, თორდინავა და სუს-ი დირექტორებსა და მათთვის არასასურველ კანდიდატებს დაერივნენ და სამსახურებიდან ათავისუფლებენ. მათ ადგილას „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ნიშნავენ ყოველგვარი გამოცდებისა და ტესტირების გარეშე.  ასეთივე ამბავი მოხდა 215-ე ბაღში, სადაც „ოცნების“ კოორდინატორი, თ. ხიზანიშვილი დაასაქმეს. ეს ქალბატონი აპრილში დაინიშნა ბაღის დირექტორად და 29 ივნისის მდგომარეობით სოციალურად დაუცველთა ბაზაში ფიქსირდება. წარმოგიდგენიათ, როგორ უტიფრობასთან გვაქვს საქმე? ადამიანებს ტელევიზორის გამო დახმარებებსა და სტატუსს უხსნიან და დირექტორ ქალს სტატუსი აქვს და ამით სარგებლობს.  წარმოუდგენელი განუკითხაობაა! ლეგიტიმური კითხვა მაქვს: როცა ქალბატონ ელენე ნავროზაშვილს, მცხოვრებს ვარკეთილის 3-ის I მკრ-ში, რომელსაც 4 თვე შეუჩერეს სოციალურის სტატუსი და ოთხი თვის მერე, გადამოწმების შედეგად, 19 000 ქულა დაუწერეს, ამ დროს რა სამართლიანობის პრინციპით არის დირექტორი სოციალურად დაუცველი? ქალბატონი ელენე 80-ს მიტანებული მარტოხელა პენსიონერია, რომელსაც გადაადგილებაც არ შეუძლია. მერია მედიკამენტებით ერთხელ დაეხმარა და ახლა ერთჯერად დახმარებაზე სამგორის გამგეობამ უარი უთხრა, ერთხელ უკვე დაგეხმარეთო. ესაა სამართალი?! იმ 4 თვეს ვინ აუნაზღაურებს? ან რის გამო მოუხსნეს დახმარება? ან დირექტორი როგორ აღმოჩნდა დანიშვნიდან მეორე თვის ბოლოს ბაზაში? ამ ამბავს აუცილებლად უნდა მოვაყოლო ჩვენი ბოლო კვლევა, რომელიც რესტორნების მომსახურებას ეხება. დედაქალაქის მერიამ 2016 წლის მიმდინარე პერიოდში 298 000 ლარის რესტორნის მომსახურება შეიძინა _ ჯამურად 110 ხელშეკრულება. საშუალოდ, ნარმანიას და მისი მთავრობის ერთი ვიზიტი რესტორანში 2700 ლარი გვიჯდება. თურმე, ელენე ნავროზაშვილისთვის ბიუჯეტის ხარჯზე მეორედ დახმარება არ შეიძლება და მერიისთვის 110-ჯერ (2700 ლარის) შესაძლებელია ბიუჯეტის ხარჯზე დანაყრება.  

                                                                                                              გიორგი მეფარიძე

     

გაზიარება