წინასაარჩევნო მარათონი დღითი დღე აქტიურ ფაზაში შედის. პარტიები პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებს ასახელებენ. ბოლო დღეებში განსაკუთრებული ქილიკის საგანი „ქართული ოცნება“ გახდა, როდესაც კანდიდატებად ამომრჩეველს შევარდნაძის დროინდელი კადრები შესთავაზა. ცნობილი ლიტერატორი თემურ ქორიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მართლაც გადახალისებულ-გადასხვაფერებულად გამოიყურება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2012 წელს შეკრებილმა გუნდმა დასახულ ამოცანებს თავი ვერ გაართვა და ინვესტორის იმედები ვერ გაამართლა.
ახალ სახეებზე, მათ სწავლა-განათლებაზე, რეიტინგების ომსა და მკითხველისთვის სხვა საინტერესო საკითხებზე „ქრონიკა+“-ს თემურ ქორიძე ესაუბრება:
_ ბატონო თემურ, საარჩევნო მარათონი უკვე დაიწყო. პარტიები დეპუტატობის კანდიდატთა დასახელებას შეუდგნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით „ქართული ოცნება“ აქტიურობს. ის, ძირითადად, „ახალ სახეებზე“ და საზღვარგარეთ უმაღლესდამთავრებულებზე აკეთებს აქცენტს. როგორ შეაფასებდით მათ პირველ ნაბიჯებს?
_ ტრადიციულად, კარგი განათლება და კომპეტენტურობა ჩვენი მმართველი ზედაფენის აქილევსის ქუსლია. საზღვარგარეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში შეძენილი ცოდნა კი ჯეროვნად უნდა დავაფასოთ. ასევე პატივი უნდა მივაგოთ საქართველოში სწავლამიღებულ ახალგაზრდებსაც. მთავარია, რამდენად სანდო და სარწმუნოა მათი განათლების ხარისხი, რამდენად მაღალია ამ ადამიანების მოქალაქეობრივი შეგნება და პატრიოტული ენთუზიაზმი. „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიას ერთგვარი საზეიმო-სააღლუმო ელფერი დაჰკრავს; მათი კანდიდატების სახეზე ნაკლებად, ან საერთოდ არ იკითხება ეროვნულ-სახელმწიფოებრივ პრობლემებზე მტკივნეული დაფიქრების კვალი. როგორ არ გავიხსენოთ ჩრდილოეთიდან შინ მომავალი ჭაბუკი ილიას მტანჯველი განცდები: რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მეო? _ მოსვენებას რომ უკარგავდა და „ძილშიაც ძილის“ საშუალებას არ აძლევდა გულანთებულ ახალგაზრდას... ჩვენი კანდიდატები კი ისეთი სიმკვირცხლითა და სილაღით ისწრაფვიან ხელისუფლებისაკენ, კაცი იფიქრებს, საქორწილო სუფრასთან მიიჩქარიანო.
_ ეს თქვენი ვიზუალური შთაბეჭდილებაა, თუ სხვა ინფორმაციასაც ფლობთ? „ოცნებამ“ უკვე რამდენიმე მაჟორიტარიც დაასახელა. ოპტიმალური გეჩვენებათ მმართველი პარტიის გადახალისებული გუნდი?
_ „ქართული ოცნება“ მართლაც გადახალისებულ-გადასხვაფერებულად გამოიყურება. ბატონმა ივანიშვილმა, ჯერ კიდევ, გასულ წელს გამოაცხადა, რომ პარლამენტის წევრთა 80%-ს მანდატის დატოვება მოუწევდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2012 წელს შეკრებილმა გუნდმა დასახულ ამოცანებს თავი ვერ გაართვა და ინვესტორის იმედები ვერ გაამართლა. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ვერც ქართველი საზოგადოების მოლოდინი დააკმაყოფილა. საგულისხმოა, რომ ბოლოდროინდელ წინასაარჩევნო შეხვედრებზე ამ გუნდის ნომინალური ლიდერი, პრემიერი კვირიკაშვილი, სულ უფრო ხშირად იყენებს ტერმინს „სწრაფი განვითარება“. აქამდე არც ივანიშვილს და არ მისი გუნდის სხვა რომელიმე წევრს „სწრაფი ეკონომიკური განვითარების“ აუცილებლობაზე არასოდეს უსაუბრიათ. ეს ტერმინოლოგია მათ ლექსიკონში ოპონენტების ზეგავლენით დამკვიდრდა. გავიხსენოთ ბატონი ივანიშვილის ყბადაღებული პროექტი „20/30“. ოთხწლიანი სახელისუფლებო პერიოდი მისთვის ყოვლად მიუღებელი აღმოჩნდა და გადაწყვიტა, კომუნისტური იდეოლოგიიდან გამოეხმო „ნათელი მომავლის“ ზმანება. არადა, მომავალი სამეცნიერო-ტექნიკური თუ ეკონომიკური პროგრესის პროგნოზირება მხოლოდ სწავლულ მეცნიერთა საქმეა. ეს პროცესი ყველაზე ნაკლებად ემორჩილება პოლიტიკური მედროვეების სურვილებს და მისწრაფებებს. „ქართული ოცნება“, უბრალოდ, გარეგნულ იერსახეს იცვლის, შინაგანად კი ყველაფერი კვლავ ძველებურადაა. მათ შორის არავინაა ისეთი, მკაფიოდ გამოკვეთილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერესები რომ ამოძრავებდეს და ინოვაციური იდეები აღელვებდეს. ისინი კვლავ მონური მორჩილებით შესცქერიან თავიანთ ხელდამსხმელს და მის გამოხედვაზე ისევ ისეთი ელეთმელეთი მოსდით, როგორც ეს მათ წინამორბედებს მოსდიოდათ. ამიტომაა, რომ თავიანთ ბელადს ისინი ხან ილია ჭავჭავაძის გვერდით წამოასკუპებენ, ხანაც ქვეყნის გადამრჩენად აცხადებენ. მათი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ საქართველოში ნამდვილი დემოკრატია დაამკვიდრეს და „ხალხს ქუჩებში არ ხოცავენ“.
მოდით, ეს საკითხი უფრო გულდასმით გავაანალიზოთ. პირველ რიგში, ერთი გარემოება უნდა გავარკვიოთ: რამდენად დამოუკიდებლად განკარგავენ თავიანთ შემოსავლებს, ვთქვათ, წალენჯიხის, ან ბორჯომის რაიონების მცხოვრებლები? რამდენად უფლებამოსილნი არიან ჩვენი თვითმმართველობები, რომ მათ ზემდგომი ორგანოების ჩაურევლად მიიღონ გადაწყვეტილებები და აღასრულონ ისინი? ცივილიზაციის ისტორია ადასტურებს, რომ ადგილობრივი რგოლების სრული თვითგამორკვევის გარეშე ამქვეყნად არავითარი დემოკრატია არ შეიძლება არსებობდეს! დიახ, საქართველოში დღეს მხოლოდ მოჩვენებითი, ყალბი დემოკრატია გვაქვს. ის ფაქტი, რომ „ქუჩებში არ გვხვრეტენ“, სულაც არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ. გავიხსენოთ, თვით ერთი სისტემის ფარგლებში როგორი ტრანსფორმაცია განიცადა საბჭოთა რეჟიმმა. ისტორიკოსებს ნამდვილად არ გაუჭირდებათ, ერთმანეთს შეადარონ 1937 და 1957 წლების საბჭოთა კავშირი. ამით იმის თქმა მინდა, სასწაული რომ მოხდეს და საქართველოს სათავეში დღეს სტალინ-II მოვიდეს, ისიც კი ვერაფერს გახდება დროის მოთხოვნათა წინაშე, ანუ, როგორც იტყვიან, „დრონი მეფობენ და არა მეფენი“... ამგვარ ფუჭ მსჯელობებს დღეს ხშირად მოისმენთ ტელეეკრანებიდან, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებს სულაც არ სიამოვნებთ, როცა მათ ჩვენში გამეფებულ აღვირახსნილ ნეპოტიზმზე და კორუფციაზე მიუთითებენ. ახლახან თბილისის ერთ-ერთ რაიონში დიდძალი თანხის გამოძალვისთვის გამგეობის თანამშრომელი დააპატიმრეს. აღმოჩნდა, რომ ეს პიროვნება ადრე ორჯერ ყოფილა ნასამართლები: ერთხელ _ საბურავების ქურდობისთვის, ხოლო მეორედ _ ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილეობის გამო. ბუნებრივად იბადება შეკითხვა: როგორ მოხვდა ასეთი კრიმინალი თანამდებობაზე? ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ დამნაშავეს ჰყავდა მფარველი, ახლო ნათესავი, რომელიც, თავის მხრივ, დედაქალაქის მერიაში იყო დასაქმებული და იქიდან პატრონობდა თავის პროტეჟეს... აი, ასეთია ჩვენებური ნეპოტიზმის ანატომია. ქვეყანაში თანდათანობით ჩამოყალიბდა კლანურ-ნათესაური მმართველობა, რომელიც კორუფციის არნახული აღორძინება და წახალისება გახდა. დააკვირდით ჩვენი მოხელე-ჩინოვნიკების ზღვარგადასულ, ავადმყოფურ ლტოლვას ფულისკენ, ჯამაგირებისა და პრემია-დანამატების მოხვეჭისკენ. ერთმა მინისტრმა ტელეფონიც კი საბიუჯეტო სახსრებით შეიძინა! ეს მინისტრი დღეს უკვე დეპუტატობის კანდიდატად წარმოგვიდგინეს. მეტი ცინიზმი გაგონილა?!
ასეთი იყო „ქართული ოცნების“ „სახალხო მთავრობა“ და, სავარაუდოდ, ასეთივე იქნება იგი სამომავლოდაც: ობივატელურად მოაზროვნე ადამიანთა საკრებულო და არა ჭეშმარიტად მოჭირნახულე მამულიშვილთა ერთობა.
_ როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილი რატომ ეგუება ასეთ რეალობას?
_ უნდა ვივარაუდოთ, რომ ბატონი ივანიშვილი სწორედ ასეთ გარემოში გრძნობს თავს მშვიდად და კომფორტულად. როგორც ჟურნალისტებმა გამოავლინეს (ბარაქალა, მათ!) მთელი მინისტრთა კაბინეტი (პრემიერის ჩათვლით), პარლამენეტის წევრები და ადგილობრივი ჩინოვნიკები, უკლებლივ, ივანიშვილის მევალეები არიან. ეს ფაქტი კი, უპირველეს ყოვლისა, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი „ხელმძღვანელი ამხანაგები“ დღე და ღამ თავიანთი პირადი პრობლემების გადაჭრაზე ზრუნავენ და „სახელმწიფო საჭიროებისთვის“ მხოლოდ ოჯახისგან თავისუფალ დროს იცლიან, თანაც, როგორც ხშირად იმეორებენ, „24 საათის განმავლობაში მუშაობენ“... ისე კი ნამდვილად საინტერესოა, როგორ ახერხებენ ისინი „პარალელურ რეჟიმში“ ემსახურონ ხალხსაც და საკუთარ თავსაც? ყოველივე ამას ემატება, რომ ბატონი ივანიშვილი თავს უფლებას აძლევს, ზეწოლა განახორციელოს გაჭირვებულ ქართულ ამომრჩეველზე და ამ მიზნით, ერთგვარ, შანტაჟსაც კი მიმართავს: თუ ჩემ მიერ შემოთავაზებულ კანდიდატს არ აირჩევთ, განზე გავდგები და მერე ნახავთ, რაც დაგემართებათო... ასეთი დამოკიდებულება XXI საუკუნის ბარბაროსობად უნდა ჩაითვალოს!
გარშემო მიმოვიხედოთ: მოგეხსენებათ, დიდი ბრიტანეთი კონსტიტუციურ მონარქიას წარმოადგენს. დღეს მას განსაკუთრებით ღვაწლმოსილი დედოფალი უდგას სათავეში. მისი დამსახურება მართლაც აუწონავია. ამიტომ არის, რომ ბრიტანელები პირდაპირ აღმერთებენ თავიანთ მონარქს. მაგრამ, მიუხედევად ამისა, დღემდე არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, ამ ქალბატონს თავისი ქვეშევრდომებისთვის თუნდაც ირიბად მიენიშნებინოს, _ ამა და ამ პარტიას დაუჭირეთ მხარიო. მეტიც, ახლახან მონარქს უბრალო ჟესტითაც კი არ უგრძნობინებია ბრიტანელთათვის ევროკავშირიდან გასვლა-არგასვლის საკითხზე თავისი დამოკიდებულების შესახებ. იქნებ, ვინმეს ჰგონია, რომ როგორც მოქალაქეს, დედას, ბებიას, _ მას უფლება არ აქვს, თავისი პიროვნული პოზიცია გაუმხილოს თანამემამულეებს? მისი უდიდებულესობის სიდიადე სწორედ ისაა, რომ იგი, როგორც მონარქი, იმდენად პატივს სცემს თანამემამულეთა მოქალაქეობრივ ღირსებას, რომ არასოდეს თავს უფლებას არ მისცემს, უკარნახოს, ჭკუა ასწავლოს და ამით უფრო დაემუქროს რომელიმე მათგანს... აი, რა განსხვავებაა არისტოკრატიულ და პლებეურ აზროვნებას შორის! მეფობის, ან, თუნდაც, ქველმოქმედების გამოყენება ზეწოლის ინსტრუმენტად, _ ყოვლად დაუშვებელია.
_ სხვა პარტიებზე და „რეიტინგების ომზე“ რას იტყვით?
_ ოო, ეს უკვე იუმორის თემაა... დღეს სამი-ოთხი პარტია დაჟინებით აცხადებს, რომ ხელისუფლებაში უმრავლესობით სწორედ ის მოვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს პარლამენტში 150 კი არა, სულ მცირე, 500 კაცი მაინც უნდა მოხვდეს. პოლიტიკოსთა ასეთი ინფანტილური ცუღლუტობები კარგს არაფერს გვიქადის. მათ იმედი აქვთ, რომ 9 ოქტომბერს, როცა თავიანთი მწარე დამარცხების ამბავს შეიტყობენ, მაშინვე ქუდზე კაცს მოუხმობენ და ხალხს ქუჩაში გამოიყვანენ. დამერწმუნეთ, ეს აბსოლუტურად ფუჭი მოლოდინია! არც ერთი პარტიის, ან პოლიტიკოსის დამარცხების გამო დღეს ქუჩაში არავინ გამოვა. მათ ეს არ დაუმსახურებიათ. დიდი დაკვირვება ნამდვილად არ სჭირდება იმის შემჩნევას, რომ როგორც აღვნიშნე, პარტიებში დღეს იდეების, ინოვაციებისა და, საერთოდ, პოლიტიკური აზროვნების გულისმომკვლელი დეფიციტი იგრძნობა. ისინი იაფფასიანი მანიპულაციების იმედით აპირებენ ფონს გასვლას. ისიც უნდა შევნიშნო, რომ მათ რიგებში სანთლით საძებარია დაბრძენებული, უანგარო მოღვაწე, იდეებით და იდეალებით ფრთაშესხმული ენთუზიასტი, სანდო და, რაც მთავარია, ასკეტური მიდრეკილების მქონე ჰუმანისტი, დიახ, დიახ! ნუ გაგიკვირდებათ: სახელმწიფოს სათავეში აუცილებლად უნდა იყოს ასკეტურად განწყობილი რამდენიმე მოღვაწე მაინც. დამერწმუნეთ, მათ მაგალითს გაცილებით დიდი ზემოქმედების ძალა ექნება, ვიდრე ერთად თავმოყრილ ობივატელთა მთელ ლეგიონს.
_ მაინც, რამდენი პარტია მოხვდება პარლამენტში?
_ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ, სავარაუდოდ, პარლამენტში 2-3 პარტია შევა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ მონარქისტული ილუზიების ტყვეობაში იმყოფება და ქვეყნის სრულუფლებიან ბატონ-პატრონად აღიქვამს თავს. გთხოვთ, გაიხსენოთ მისი საყვარელი გამოთქმა: „სწორება ივანიშვილებზე“... არც ერთ ქართველ მეფეს საკუთარ თავზე ასეთ აღმატებით ხარისხში არასოდეს არაფერი უთქვამს. სხვათა შორის, მსგავსი მოწოდება არც წმინდანთა ბაგეთაგან მოუსმენია ვინმეს... ივანიშვილი კი ისეა პატივმოყვარეობით შეპყრობილი, რომ წონასწორობა აშკარად დაკარგული აქვს. ის არც მალავს, რომ მთელი თავისი რესურსების დახარჯვით ბოლომდე შეეცდება შეინარჩუნოს „სტატუს კვო“. მან ფეხზე დააყენა მრავალრიცხოვანი ძალები და საეჭვოდ გამდიდრებული „ბიზნესმენების“ მთელი არმია. ეს განსაკუთრებით საგრძნობია მაჟორიტარულ ოლქებში. ფულისა და პოლიტიკის ასეთი ერთობა კი ხორცშესხმული ოლიგარქიული მმართველობაა. შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილი დღეს აშკარა ოლიგარქიულ შტურმს ახორციელებს, რადგან კარგად იცის, რომ თუ ამ ეტაპზე ინიციატივა ხელიდან გაუსხლტება, შესაძლოა, მრავალი პრობლემა შეექმნას. ახლანდელი არჩევნები მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე 2012 წლის დაპირისპირება იყო. ივანიშვილისა და სააკაშვილის (და არა მხოლოდ სააკაშვილის) ძველი ანგარიშების შესახებ ქართველი საზოგადოებისთვის მცირე რამ არის ცნობილი. ჯერჯერობით ამასთან დაკავშრებით ორივე დუმილს ამჯობინებს, რადგან ზედმეტი გულახდილობა ორთავესთვის თანაბრად საზიანო იქნება. ამიტომ მათ ახლანდელ შერკინებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ პლატონის ეპოქიდან მოყოლებული, თავისუფლებისმოყვარე ადამიანები მუდამ ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ ერთიანდებოდნენ და ხშირად გამარჯვებასაც აღწევდნენ.
თამარ ბატიაშვილი