გიგი უგულავა ერთი იმ პირთაგანია, ვისი სასამართლო პროცესებიც მუდმივად დიდ ინტერესსა და „ნაცმოძრაობის“ წევრთა მასობრივ მობილიზებას იწვევს. ეს არცაა გასაკვირი, რადგან სულ უფრო და უფრო მტკიცდება აზრი, რომ მისი ციხეში გამომწყვდევა ივანიშვილის ახირებაა, ბანქო კი ისე ჯდება, რომ ეს კაცი ამ ქვეყანაში ახირებებს, ჯერჯერობით, ისრულებს და რა გინდა, ქნა?..
მოკლედ, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ მთავარ თანამოაზრედ და მეგობრად მიჩნეული გიგი უგულავა დღეს ბრალდებულია და ციხეშია, თუმცა მისი სასამართლო პროცესებიც არანაკლებ კურიოზული გახლავთ, ვიდრე ბაჩო ახალაიასი. პროკურატურის მოუმზადებლობისა და სისუსტის გარდა, ამას კიდევ ერთი ახსნა აქვს: კურიოზული ბრალდებები.
შეიძლება ზოგი შეგვედავოს და გვითხრას, _ უგულავასთვის წარდგენილ ბრალდებებში არაფერია კურიოზულიო და, პრინციპში, მართალიც იქნება, რადგან, ოფიციალურად, თბილისის ყოფილ მერს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის მითვისება-გაფლანგვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში (ფულის გათეთრება) ედება ბრალი.
პროკურატურის მტკიცებით, გახსნილია იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი სქემა და უტყუარად დადასტურებულია, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე გიორგი უგულავა იყო.
ეს ოფიციალურად და პროკურატურის ბრალდებების მიხედვით, თუმცა, როგორც იტყვიან, ეშმაკი დეტალებშია და „ქრონიკა+“-იც სწორედ ამ დეტალებზე გაამახვილებს თქვენს ყურადღებას.
როგორც გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილისთვის გიგის გარეთ ყოფნა განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა აუტანელი, რაც ის მთავრობის სხდომაზე მივიდა და მერის უფლებამოსილებით მასზე დასწრება გადაწყვიტა, შემდეგ კი იმდენი მოახერხა, რომ ივანიშვილი კამათში აიყოლია.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ უგულავა იყო პირველი, ვინც ქვეყანას ივანიშვილის მწყობრიდან გამოსვლის უტყუარი ნიშანი _ მისი წაშლილი სახე დაანახვა (მეორედ ასეთი სახე ცოტა მოგვიანებით, ბრიფინგზე ვიხილეთ, როცა ივანიშვილს ინგა პავლოვაზე დავუსვით შეკითხვა). მოკლედ, ბიძინა მაშინ ძალიან განრისხდა და პროკურატურას დაავალა, _ გინდათ, ალყა შემოარტყით, გინდათ, პირდაპირ მიდით, ოღონდ ეს კაცი ციხეში ჩამისვითო. პროკურატურასაც მეტი რა დარჩენოდა, ჯერ ალყის შემორტყმა სცადა და უგულავას თითქოსდა თანამზრახველები აიყვანა, ოღონდ, როგორც პროკურატურას სჩვევია და როგორც სიჩქარეში ხდება, სამი კურიოზული შეცდომა დაუშვა, რაზედაც, ცხადია, სრულიად ქართული ფეისბუქი მაშინვე აღლიცინდა (ივანიშვილს კი, როგორც ვიცით, აშშ ს ამჟამინდელი ელჩის განცხადებებიც კი არ უშლის ნერვებს ისე, როგორც მასზე ფეისბუქის ღლიცინი). „სინათლის ქალაქის“ ყოფილი თანამშრომლები ზედ ნატოს გენმდივნის თბილისში ვიზიტის დროს აიყვანეს, აქაოდა, ბანკომატიდან თანხას აღტყინებული სახეებით ხსნიდნენო, მერე კი უგულავა პირდაპირ აეროპორტში დააკავეს და ხელბორკილები კამერების წინ დაადეს, რითაც მას თავიანთი ხელითვე დაადგეს წამებულის გვირგვინი, ხოლო სულ ბოლოს გირაოთი განთავისუფლების თანხად მილიონი ლარი დაასახელეს, რითაც ცალსახად მიანიშნეს, რომ მას დაკავებას უპირებდნენ და არა განთავისუფლებას.
ჯერ კიდევ მერისთვის გირაოდ მილიონი ლარის გადახდის მოთხოვნა წინ უსწრებდა გიგი უგულავას დაკავებას. მართალია, მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საერთოდაც უარი თქვა გირაოდ რაიმე თანხის დაკისრებაზეც და მერისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზეც, მაგრამ უგულავას მხარდასაჭერად მობილიზებული ენმ-ს მხარდამჭერები საქალაქო სასამართლოში, გადაწყვეტილების გამოტანამდე, აქტიურად განიხილავდნენ გეგმებს, საიდან და როგორ უნდა ეშოვათ მილიონი გიგისთვის. ამ მიზნით მათ სასამართლოს ფოიეში ჩიორა თაქთაქიშვილთანაც გაიარეს რეკომენდაციები. იმ დღეს მას ეუბნებოდნენ, რომ გიგის სახელზე ანგარიშს გახსნიდნენ და ამ თანხას უპრობლემოდ მოაგროვებდნენ, თუმცა სამართლებრივ დავებში კარგად ჩახედულმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ისინი დაამშვიდა და უთხრა, რომ ეს არ იქნებოდა საჭირო. საბოლოოდ, ასეც მოხდა, თუმცა, მანამდე, თავად უგულავამ, რომელსაც სიტყვისთვის ჯიბეში ხელის ჩაყოფა ნამდვილად არ სჭირდება, პროკურატურის მიერ მილიონის მოთხოვნას „ჯეკპოტის მოხსნის სურვილი“ უწოდა:
„როცა პროკურატურა მილიონიან გირაოს ითხოვს, ეს წარმოადგენს „ჯეკპოტის“ მოხსნის სურვილს. ამხელა თანხას იმ მარტივი მიზეზით ვერ გადავიხდი, რომ თანხა არ გამაჩნია. თავად ბრალდება აღიარებს, რომ ეს მითვისებული თანხები ჩემს მფლობელობაში არ არის. მიმაჩნია, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია. პასუხი ჩვენს კითხვებზე არ აქვს“.
კურიოზული იყო პროკურატურის დასაბუთება. ის ამტკიცებდა, რომ უგულავას ამ თანხის გადახდა არ გაუჭირდებოდა, რადგან
მას მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედებოდა ბრალი, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდების მხარემ ასევე აღნიშნა, რომ, საბოლოო ჯამში, მითვისებული თანხა შეადგენდა 20 მილიონ ლარს, ამიტომ გირაოდ მილიონის მოთხოვნა ადეკვატური იყო.
გაბაიძემ მოითხოვა, დაესაბუთებინა პროკურატურას, თუ რატომ დაუწესეს ამხელა თანხა და რა გზებით შეეძლო ამის გადახდა თბილისის მერს?
ამას გარდა, პროკურატურის მტკიცებით, უგულავას თანხის გადახდა არ გაუჭირდებოდა, რადგან ბოლო 5 წელი მას და მისი ოჯახის წევრებს, მხოლოდ ხელფასის სახით, 800 ათასი ლარი აქვთ მიღებული. ამას შეეწინააღმდეგა ადვოკატი და თქვა, _ უგულავას მრავალრიცხოვანი ოჯახის გამო ხელფასი უკვე დახარჯული აქვსო. მოსამართლემ პროკურატურისგან იმის გარკვევა სცადა, ირიცხებოდა თუ არა რაიმე უძრავი ქონება უგულავას სახელზე, რომ ამით გირაო უზრუნველყოფილიყო. სამწუხაროდ, პროკურატურა ამ კუთხით მოუმზადებელი აღმოჩნდა: მან მხოლოდ იმის ცნობა წარადგინა, რომ უგულავას მამის სახელზე 400 კვ.მ. ფართობის ბინა ირიცხება. თუმცა ამას არ ერთვოდა აუდიტის დასკვნა და არ იყო შეფასებული ამ ქონების ღირებულება. როგორც ირკვევა, დედაქალაქის მერს თავის სახელზე არანაირი უძრავი ქონება არ აქვს გაფორმებული.
მოგვიანებით, მაინც დაკავებული გიგი უგულავა, ისევე, როგორც ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი, ივანიშვილისთვის ახალ თავის ტკივილად იქცა. პროცესების დახურვის საბაბი არ არსებობდა, ღია პროცესები და იქ მომხდარი კურიოზების გარეთ გამოტანა მედიელებისა და უბრალო მოქალაქეების მხრიდან კი უფრო დამაზიანებელი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის, ვიდრე უგულავას, ან სხვების არდაკავება იქნებოდა.
გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის საქმეების გაერთიანებამ, ასევე, ხელისუფლებისთვის საზიანო შედეგები მოიტანა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ გიგის და ვანოს ბრალდებულისთვის განკუთვნილ ადგილზე ერთად ჯდომის საშუალება მისცა. მთელი ქართული ინტერნეტსივრცე არაერთხელ მოიარა და დღემდე პოპულარულია ფოტოები, სადაც გიგი და ვანო, ყურებამდე გაცინებულები, დარბაზში მყოფ პუბლიკას ესალმებიან. ამასთან, თავად პროცესების დროს გიგი უგულავას დიდი ჯაფა არ დასდგომია, ადვოკატის დაუხმარებლად ჩაეყენებინა პროკურატურაც და სასამართლოც უხერხულ მდგომარეობაში. ასე მაგალითად, რიყის ტერიტორიასთან დაკავშირებული დეტალების განხილვისას გიგი უგულავამ იკითხა: „რატომ არ დაინტერესდა პროკურატურა „ქართუ ჯგუფით“, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა რიყის ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესებში? როდესაც პროკურატურამ 150 მოწმე დაკითხა, ეს დეტალი რატომ გამორჩა?! იმიტომ გამორჩა, რომ მაშინ უნდა დაეკითხა დღევანდელი მთავრობის წარმომადგენლები, მთავრობის თავმჯდომარე, რადგან ფონდი „ქართუ“ მას ეკუთვნის. არანაირი კრიმინალი იმაში არ არის, ისევე როგორც არერთ კომპონენტში ამ საქმისა, მაგრამ თვითონ პროკურატურის დამოკიდებულებაა საინტერესო. იქნება და დავაძალეთ მაშინ „ქართუს“? ხომ უნდა გამოიკვლიო ყველა დეტალი?“ _ განაცხადა გიგი უგულავამ.
სასამართლო პროცესებზე სხვადასხვა დროს უგულავას მიერ წარმოთქმული სიტყვის დროს, ასევე, დამსწრე პუბლიკის გამამხიარულებელი და პროკურატურისთვის ნერვებისმომშლელი იყო უგულავას ფრაზა: „საზღვარგარეთ წასვლასა და დარჩენას არ ვაპირებ, ადრეც არაერთხელ ვყოფილვარ, მაგრამ არ დავრჩენილვარ, ივანიშვილს ამ სიამოვნებას ვერ მივანიჭებ“. და კიდევ ერთი შედარება: „მთავარი მოწმე ამ პროცესში არის ჯოზეფ ქეი, რომელიც არის თაღლითი. ხელისუფლებას აწყობს ამ პროცესის გაჭიანურება და ასეც იქნება, ის „სანტა ბარბარასავით“ გაიწელება“. ხოლო მთავარი ფრაზა, რაც მიანიშნებს, რომ თბილისის ყოფილი მერი პოლიტიკური ტუსაღობისთვის მზადაა და არ ჰქონია ილუზია, რომ მისი 24-საათიანი თავისუფლება დიდხანს გაგრძელდებოდა, მან მაშინ წარმოთქვა, როცა სასამართლო მისი ციხეში შებრუნების საკითხს განიხილავდა: „დავიღალე აქ, წავალ, დავისვენებ“.
ლაშა ბერულავა