ა. წ. 18 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა, იმერეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. სამტრედიაში მმართველი გუნდის ღირსების დაცვას გია მიქელაძე შეეცდება.
„ქრონიკა+“-ს სწორედ ამ უკანასკნელზე ესაუბრება სამტრედიის მკვიდრი, ფიზიკის მასწავლებელი _ მაყვალა ფრანგიშვილი:
_ ქალბატონო მაყვალა, რაიონში ბევრი გიცნობთ, საკმაოდ აქტიური ადამიანი ხართ და თვალს ადევნებთ მიმდინარე პროცესებს. რადგანაც დაგვიკავშირდით, ალბათ, კონკრეტული სათქმელი გაქვთ.
_ პრემიერმა კვირიკაშვილმა სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გია მიქელაძე დაგვისახელა, რამაც ჩემი გაკვირვება გამოიწვია. აღნიშნული პიროვნება 2003 წლიდან ზვიად ძიძიგურის კონკურენტი იყო. ყოფილმა პრეზიდენტმა, სააკაშვილმა, თავის დროზე, გია მიქელაძე დაასახელა, როგორც კრიმინალი, ფინანსური დამნაშავე და სამტრედიელებს მოგვიწოდა, ზვიად ძიძიგურისთვის დაგვეჭირა მხარი. მოსახლეობამ ვირწმუნეთ ძიძიგურის და მას მივეცით შანსი, მაგრამ „ნაცების“ გამარჯვებისთანავე გია მიქელაძე და ძიძიგური უცნაურად ჩუმად დაზავდნენ. დაზავების მოტივი ფინანსური გახლდათ. მე აქტიურად ვადევნებ თვალს როგორც აქ განვითარებულ ამბებს, ისე ბეჭდურ მედიას და საინფორმაციო საშუალებებს. კარგად მახსოვს, მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას როგორ დაჰპირდა, რომ მიქელაძეს დაიჭერდა, თუმცა დანაპირები არ შესრულდა. ვვარაუდობ, რომ ექსპრეზიდენტმა მას იმ წლებში ძიძიგურის ხელით დიდი ფული წაართვა, რაც იმით დასრულდა, რომ სააკაშვილი და ძიძიგური ერთმანეთს მალევე გაეყარნენ. სააკაშვილმა ერთ კონკრეტულ პერიოდში ძიძიგური გამოიყენა, როგორც თავისი ეროვნული მოძრაობის შლეიფით, ასევე მიქელაძე თავისი ფულებით, თუმცა მიქელაძე საკმაოდ მოქნილია, ის ყველა დროს ერგება და საკმაოდ კარგად ლავირებს.
_ ზვიად ძიძიგური ახსენეთ და 2003 წლის მოვლენებიც გავიხსენოთ: რას ჰპირდებოდა იგი სამტრედიელებს მაშინ, როდესაც სააკაშვილის მხარდამხარ იბრძოდა? და რა გააკეთა მან რაიონისთვის?
_ ზვიადს რაიონისთვის არაფერი გაუკეთებია და ამას გეტყვით ნებისმიერი სამტრედიელი. ძიძიგური მოსახლეობას საბჭოურ ანაბრებზე დარიცხული თანხების განაღდებას შეჰპირდა, ამისთვის მან რაიონის მკვიდრებთან შეხვედრაც მოაწყო ეროსი მანჯგალაძის სახელობის თეატრში. ხალხი ისე იყო შევარდნაძის მმართველობით დაღლილი, რომ დარბაზი გადაივსო. კარგად მახსოვს, დარბაზში ვინც ვერ დაეტია, სცენაზე ავიდა. ძიძიგურს თან ახლდნენ კუკავა და დავითაშვილი. როდესაც დავრწმუნდი, რომ ზვიადი მოსახლეობის მოტყუებას ცდილობდა, სცენაზე ასვლა მოვითხოვე და ხმამაღლა დავიძახე: გთხოვთ, სიტყვის თქმის უფლება მომცეთ, თუ შეიძლება, მანდ ამოვალ-მეთქი. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ზვიადმა მცირეხნიანი პაუზის შემდეგ მიპასუხა, _ ოფისში მობრძანდით და იქ დავილაპარაკოთო. მაშინ სცენაზე ასვლა ვერ მოხერხდა, შემდეგ კი ზვიადმა სამტრედია დაივიწყა. ამ პერიოდიდან მისი ტყუილების სერიები გრძელდება არა მხოლოდ სამტრედიაში.
_ გასაგებია, რომ პოლიტიკაში ერთ დროს თანაპარტიელი, ხვალ შეიძლება მტერი გახდეს და პირიქით, წარსულში მტერთან შეიძლება დღეს მხარდამხარ იბრძოლო, მაგრამ საინტერესოა, ძიძიგურსა და მიქელაძეს შორის როდიდან დაიდო ფარული ზავი? რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
_ მათ შორის რომ ფარული ზავია დადებული წლების წინათ, ეს დღესაც გამოჩნდა. ცილს არავის ვწამებ, გია მიქელაძის პირადი მტერი არ გახლავართ, მაგრამ ფაქტები ჯიუტია. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარად მიქელაძე ზვიად ძიძიგურმა შემოაგდო. რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ ძიძიგურს პოლიტიკოსად იცნობენ, ის ერთი რაიონის ჩინოვნიკი არ არის. წარმოშობით სამტრედიელი დღეს მთავრობას წარმოადგენს, მას სიტყვა ეთქმის „ქართულ ოცნებაში“. გამორიცხულია, მასთან კონსულტაციის გავლის გარეშე მიეღოთ მიქელაძის კანდიდატურა. ისიც გვახსოვს, რომ ერთხელ კონკურენტებმა მიშას დროს მეგობრობა გააგრძელეს, ახლა კი საერთოდ მხარდამხარ იბრძვიან.
_ ანუ პრემიერ კვირიკაშვილის მიერ სამტრედიის რაიონში წარდგენილ კანდიდატს იწუნებთ?
_ რადგანაც კვირიკაშვილი ახსენეთ, თემას ოდნავ გადავუხვევ: ამას წინათ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, საჯაროდ განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილი 90-იან წლებში ვანო ჩხარტიშვილთან ერთად „გაერთიანებულ ქართულ ბანკში“ მუშაობდაო. ასეთ რამეს მოქმედი პოლიტიკოსი მოქმედ პრემიერზე ვერ მოიგონებს. კვირიკაშვილი საკრედიტო მენეჯერი ყოფილა, რომელსაც მოსახლეობისთვის საბჭოურ მანეთებში შესული თანხა უკან უნდა დაებრუნებინა, თუმცა, როგორც ვიცით, სესხები ჩინოვნიკებზე გაიცა და უკან მოსახლეობას კაპიკი არ დაუბრუნდა. კარგად მახსოვს, რა ხდებოდა სამტრედიის ბანკებში! ე. ი. ხელი ხელს ჰბანს? მსგავსი მსგავსს ირჩევს?
_ იქნებ, უფრო დეტალურად გვესაუბროთ გია მიქელაძის წარსულზე. ის საბანკო სექტორში მოღვაწეობდა?
_ მიქელაძეს მეტსახელად „მედოლეს“ ეძახდნენ. სკოლაში სწავლის პერიოდში, თურმე, დოლზე უკრავდა. შემდეგ დოლი გადადო და სხვადასხვა ბატონთა კარგი მსახური გახდა, რითაც ჯიბე კარგად მოისქელა. თაღლითები ხანაც საბანკო სექტორს ამოეფარებიან, ხანაც _ პოლიტიკურ ორგანიზაციებს. მე უკვე დავრწმუნდი, რომ „ქართული ოცნება“ ჭურშია. ძიძიგურს აქ არავინ დაუჭერს მხარს, მან ეს კარგად იცის. შესაბამისად, ის და მიქელაძე დღეს დაზავდნენ. გია მიქელაძე უფრო მივიწყებული ჰყავს ხალხს და ამჟამად „ქართული ოცნების“ ქოლგის ქვეშ სურს რეაბილიტაცია. მისთვის პარტიების ცვლა არახალია, იგი ერთ დროს „მრეწველების“ წევრიც იყო. სწორედ მიქელაძისნაირებმა გაფლანგეს ხალხის ანაბრები. ქალაქ სამტრედიაში ვანო ჩხარტიშვილის წარმომადგენლის, დათო კოპალეიშვილის საფინანსო ორგანიზაციაში _ „21-ე საუკუნეში“, გია მიქელაძის კრიმინალური საქმიანობის შესახებ 300-გვერდიანი საქმე არსებობს. ახლა რაც ხდება, ამას ფიზიკის ენით განურჩეველი მდგომარეობა ჰქვია. ხალხი გაოგნებულია, გია მიქელაძე მაჟორიტარად რომ დასახელდა.
_ რადგანაც ვანო ჩხარტიშვილი ახსენეთ, ანაბრებთან დაკავშირებითაც გკითხავთ: ამ რამდენიმე თვის წინათ ჩვენი გაზეთის საშუალებით მის მიერ განხორციელებულ ფინანსურ მაქინაციებზე საუბრობდით. რა რეზონანსი მოჰყვა ჩვენს პუბლიკაციას?
_ ჩემთან ჩაწერილ ინტერვიუს რაიონში ბევრი გაეცნო. რაც შეეხება თქვენს კითხვას, გეტყვით, რომ დღეის მდგომარეობით, იურიდიულად და სამართლებრივად, ჩემი და სხვა დაზარალებულების საკითხი გადამწყვეტ ფაზაშია. მე სასამართლო პროცესზე სანოტარო წესით დამტკიცებულ მეანაბრეთა ინტერესების დამცველი ვიყავი. პროცესებზე პროკურორის გვერდით ვიჯექი. როცა ქუთაისში სასამართლოზე ვანო ჩარტიშვილის მოწმედ დაკითხვა დავაყენე, მოსამართლეებმა ორსაათიანი შესვენება გამოაცხადეს, ხოლო პროკურორმა კვიციანმა ვანო ჩხარტიშვილის დაკითხვა მიიჩნია საჭიროდ. თუმცა კვიციანი დაკავებული თანამდებობიდან მალევე გაათავისუფლეს. მე ბრძოლას ვაგრძელებ. არც ერთი ჩემი წერილი უშედეგოდ არ დასრულებულა. ახლაც ამას ველოდები, რომ თქვენთან გამოქვეყნებულ ამ ინტერვიუს რეაგირება მოჰყვება.
_ ახლა კი ის გვითხარით, რა კავშირები იყო გაბმული მიქელაძესა და ჩხარტიშვილს შორის?
_ მიქელაძე პარტიულ საქმიანობას და საბანკო აფერებს ერთმანეთს კარგად უხამებს. სამტრედიასთან ახლოს არის სოფელი ნაჩხატაური, სადაც „მრეწველებს“ სამშენებლო მასალები ელაგათ. „მრეწველების“ ეს მასალები კომისიამ შეისწავლა და დაადგინა, რომ „21-ე საუკუნეში“ მოსახლეობის ფულით იყო დაბევებული. მოგვიანებით, მიქელაძე პატარკაციშვილს მიეტმასნა და ხალხის ფულებით ნაყიდი მასალები ურეკში გადაიტანა, სადაც ამ მასალებით არაერთი ობიექტი აშენდა. არ გამოვრიცხავ, პატარკაციშვილისგანაც რომ გაეკეთებინა ფული დიდი რაოდენობის სამშენებლო მასალით.
_ როგორ ფიქრობთ, მიქელაძეს არ მიიღებს რაიონი?
_ ყველა ფინანსურ დამნაშავეს, რომელსაც მოსახლეობის ვალი აქვს და, მათ შორის, გია მიქელაძეს, ხალხი არ აირჩევს, რომელი გუნდის მიერაც არ უნდა იყვნენ ისინი წარმოდგენილნი. მიქელაძის მაშინდელმა პატრონებმა სახელმწიფო შემნახველი ბანკებიდან რუსული მანეთი გაიტანეს, რომლის დროსაც ერთი მანეთი იყო 0.64 ცენტი. მათ პენსიები და ხელფასები დაიტაცეს. მოგეხსენებათ, სამტრედია სარკინიგზო კვანძია, აქ იყო მრეწველობის ფილიალი და ბანკი _ „მრეწველობისა და მშენებლობის ბანკი“. „მრეწველები“ რომ ამბობდნენ, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოსო, რატომ ვერ გადაარჩინეს?! რატომ შეუერთდა ეს ბანკი, თავის დროზე, ცარიელ „ახალ ქართულ ბანკს“ და რატომ დააზარალეს აქციონერები?! 1994 წელს სამტრედიაში გამოცხადდა, რომ სახელმწიფო შემნახველი სალაროების ბაზაზე „ახალი ქართული ბანკის“ სამტრედიის ფილიალი უნდა დაფუძნებულიყო. ამ ბანკის დაფუძნებაში საბჭოური მანეთები უნდა ჩადებულიყო. ეს ხდება კუპონის გამოსვლამდე. ჩვენ დავეთანხმეთ და 1447 ადგილობრივი მკვიდრი სამტრედიის სახელმწიფო შემნახველი კომერციული ბანკის მეანაბრეები გავხდით. აღმოჩნდა, რომ ბანკი ცარიელი ფურცლებით დავაფუძნეთ და ფული გატანილი იყო. დღეის მდგომარეობით არც ერთ მეანაბრეს და აქციონერს დივიდენდები არ მიგვიღია, ამ ყველაფერში კი ჩხარტიშვილის ხელი ურევია. მას ურანის ჯაჭვური რეაქციის მსგავსი კავშირები აქვს ყველა ფინანსურ ოლიგარქთან, მათ შორის, წვრილ ოლიგარქებთან.
_ კონკრეტულად რომ გვითხრათ, ღია კავშირი მიქელაძესა და ჩხარტიშვილის გუნდს შორის ვისი სახით იკვეთება?
_ თუ სამტრედიაში ჩხარტიშვილის ნდობით აღჭურვილ პირთან, დავით კოპალეიშვილთან, გია მიქელაძეს ფინანსური ვალდებულებები აქვს, თქვენი აზრით, მათ შორის კავშირები არ არსებობს?
_ უფრო გასაგები რომ იყოს მკითხველისთვის, დავით კოპალეიშვილი ვინ არის?
_ 1995 წლის 19 ივნისის ბრძანებულებით, „გაერთიანებული ქართული ბანკის“ ნომერ მე-20 ფილიალის მმართველი დავით კოპალეიშვილი, იმავე, 95 წლის ბოლოს დააკავეს. დაკავების მიზეზი გახლდათ მისი უკანონო კომერციული საქმიანობა, რომელსაც ჩხარტიშვილთან სამსახურის პარალელურად ათავსებდა. ვანო ჩხარტიშვილმა პროკურატურას და გამოძიებას ჩვენება მისცა, სადაც თქვა: არ ვიცოდი, დავითი, ამავდროულად, სხვა კომერციულ საქმიანობას თუ ეწეოდაო. კოპალეიშვილი რომ დაიჭირეს, ვანო ჩხარტიშვილი ჩადგა შუამდგომლად, გარანტად. ეს იმიტომ მოხდა, რომ კოპალეიშვილი მისი დასაყრდენი იყო რაიონში. კოპალეიშვილის ხელით გვძარცვავდა ჩხარტიშვილი. ძნელი დასაჯერებელია, ჩხარტიშვილს ამის შესახებ არ სცოდნოდა. ზოგადად ყველამ ვიცით, რომ გარანტად უდგებიან ძალიან ახლობელ ადამიანებს. კოპალეიშვილი ფინანსური მაქინაციების გარდა მშენებლობის ბიზნესში იყო, მისი მარჯვენა ხელი კი იმ წლებში გია მიქელაძე გახლდათ, ისინი ერთად იყოფდნენ წილებს.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ აირჩია გია მიქელაძე „ქართულმა ოცნებამ“?
_ ეგ, ალბათ, ბიძინა ივანიშვილს უნდა ჰკითხოთ. მე შემიძლია გითხრათ, რატომ აირჩია მიქელაძემ „ოცნება“. მთავრობა მისნაირი ადამიანებისთვის ხელშეუხებლობის გარანტიაა. დღევანდელ სიტუაციას რომ ვუყურებ, დღითი დღე ვრწმუნდები, პარლამენტარობა ასეთ ადამიანებს იმიტომ კი არ სურთ, რომ ხალხის სამსახურში უნდათ ყოფნა, მთავრობაში იმიტომ უნდათ მოსვლა, რომ ვალები გაისტუმრონ, თავიანთი ბიზნესები დაიცვან. ხელშეუხებლობისთვის კარგი გარანტიაა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წამოსკუპება.
_ „ოცნების“ გარდა რა ძალები იბრძვის სამტრედიაში აქტიურად ძალაუფლების მოსაპოვებლად?
_ მმართველი გუნდისა და ყოფილი სახელისუფლებო პარტიების გარდა, სამტრედიაში დარეგისტრირებულია: „სახელმწიფო ხალხისთვის“ „პატრიოტთა ალიანსი“ „გირჩი“. დღეის მდგომარეობით, საზოგადოებაში რომ გავიკითხე, დავასკვენი: ყველაზე პროფესიონალი, ჩამოყალიბებული და ღირსეული გახლავთ ადვოკატი ემზარ შუბლაძე. „ნაციონალებს“ რაიონში მეორე სავარაუდო კანდიდატი ჰყავთ, ექიმი ჯანელიძე. ყოფილი სახელისუფლებო გუნდი ჩვენთან ამ ორს შორის გააკეთებს არჩევანს.
_ შეგიძლიათ გვითხრათ, ვის აქვს გამარჯვების რეალური შანსი?
_ როგორც აღვნიშნე, საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ადვოკატი ემზარ შუბლაძე, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს. მოლაპარაკებები წარმოებს. მე მათი მხარდამჭერი არ ვარ, თუმცა ასეთი ინფორმაცია მაქვს. მათ ჩვენთან ძლიერი კანდიდატი ეყოლებათ.
_ როგორ ფიქრობთ, თუ მიქელაძემ სამტრედიაში გაიმარჯვა, რა გამოწვევების წინაშე დადაგება რაიონის მოსახლეობა?
_ მგონია, რომ ეს არ მოხდება. მეეჭვება, სამტრედიის მოსახლეობის უმრავლესობამ იმას მოაწეროს ხელი, რომ მორიგ ჯერზე მატყუარა დააწინაუროს. დღეს ერთი პენსიონერი მეუბნება, სოფელ ხუნჯულაურში გია მიქელაძეს ედემის ბაღი აქვს დატაცებული, ფულებით მოწყობილიო. ამას წინათ სოციალური ქსელით გია მიქელაძეს დაპატიჟება გავუგზავნე და თუ მე წამიყვანა, „ქრონიკა+“-ის ჟურნალისტებსაც გეპატიჟებით, ერთად ვნახოთ, რა ხდება მის ედემის ბაღში. გუშინ ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას გავედი და ერთი ადამიანისგან მოვისმინე: ამისთვის ჩაგვიყვანეს ქუთაისში იმ სიცხეში, გია მიქელაძისთვის რომ დაგვეჭირა მხარიო?
_ ქალბატონო მაყვალა, სხვა კანდიდატების შესახებ თუ გაქვთ ინფორმაცია? როგორია სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა შანსები?
_ სხვადასხვა პარტიის ოფისში ვიყავი. ბევრგან, ჯერ კიდევ, სამზადისია. „პატრიოტებს“ ჯერ არ წარმოუდგენიათ თავიანთი კანდიდატურა. რომ რაიონში ნიჰილიზმია. ხალხი თავს მიტოვებულად გრძნობს. ეს განწყობა პარტიებშიც იგრძნობა.
_ იქნებ, გაიხსენოთ, რა გაკეთდა და რა ვერ გაკეთდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში?
_ ყველაზე მთავარი, რაც „ქართული ოცნების“ პროგრამიდან მახსოვს და გამიხარდა, ეს იყო სპორტის სასახლის აშენება სამტრედიში, ვინაიდან ჩემი შვილიშვილი სპორტსმენია, ფეხბურთელია. მაგრამ სპორტის სასახლე კი არა, მიშას დროს აშენებული სტადიონი ვერ შეინარჩუნეს. ნახეთ, როგორ არის ფილები აყრილი. საერთო ეზოების კეთილმოწყობას დაგვპირდნენ, ეგეც ტყუილი. სახელმწიფო გრანტის გაორმაგებას დაგვპირდნენ, არ შესრულდა. ყველაზე მთავარი _ ხელფასები არ გაზრდილა, სოციალური დახმარებები გაორმაგდებაო და ვისაც ჰქონდა, ყველას მოეხსნა. დანაპირების 20%-იც არ შეუსრულებიათ. ახლა რატომ უნდა დავუჯეროთ? მით უფრო, იმ ვითარებაში, როცა გია მიქელაძე მოახვიეს რაიონს თავიანთ კანდიდატად! აქამდე არაფერი გაკეთებულა და ფინანსურ მაქინაციებში შემჩნეული კაცი აგვაყვავებს?
_ როგორც ვატყობ, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ კანდიდატს 8 ოქტომბრის არჩევნებში არ შემოხაზავთ...
_ რასაკვირველია, არა! ჩვენ დავბრუნდებითო, იყო ასეთი სიმღერა. მე მგონი, ჯემალ სეფიაშვილმა დაწერა, მაგრამ ეს სიმღერა ემიგრანტებზე იყო, თაღლითებზე კი არა!
_ ამ ინტერვიუს ისე ვერ დავასრულებ, ყველაზე ცნობილ სამტრედიელზე, კახი კალაძეზე რომ არ გკითხოთ. თქვენ სიტყვა არ დაგცდენიათ მის მამაზე _ კარლო კალაძეზე, რომელსაც რაიონში გავლენები აქვს.
_ სიმართლე გითხრათ, კახი მენანება „ქართული ოცნებისთვის“. ის წარმატებული ფეხბურთელია. მან ბევრს მიაღწია ცხოვრებაში, თუმცა დღეს ბევრის გაკეთების საშუალება არ აქვს. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ რადგანაც მკითხეთ, მოკლედ ვიტყვი: 2002 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს, რომლებიც ნოე ჩიგოგიძესთან იწვრთნებიან, სტადიონზე არ უშვებენ, _ ადგილი არ არისო. ბავშვები იქ ვარჯიშობენ, სადაც ძროხები ბალახობენ. ჩემი შვილიშვილი ლუკა ფეხბურთში ვარჯიშობს. შევაწუხე კარლო, რომ ყურადღება მიმიქციე-მეთქი, მანაც ნოე ჩიგოგიძეს დაავალა, რომ მიხედეო, მაგრამ დედამისი ყიდულობს ფორმებს, ბურთს და ყველაფერს. აქვე, ცხრასართულიანი კორპუსის წინ, საბავშვო ბაღია და ამ ბაღის მინისტადიონზე ვარჯიშობენ ლუკა და მისი ამხანაგები. რანაირია სტადიონი ის? თუ ევროპაში გვინდა, შესაბამისი სტადიონები უნდა გვქონდეს. ჩვენ რატომ უნდა ვყიდულობდეთ ბურთებს, ფორმები რატომ არ აქვთ ბავშვებს? გასახდელის ფულსაც ვიხდით.
_ თქვენ მიერ აღწერილი სიტუაცია კახის ბრალია თუ მამამისის? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ რაიონში სპორტულ ცხოვრებას, რამდენადაც ვიცი, კარლო განაგებს.
_ ფეხბურთელებს უკეთესი პირობები არ უნდა ჰქონდეთ, როცა კახი კალაძე მათი ქალაქიდანაა? კახი შეგვპირდა, სპორტულ აკადემიას გავხსნიო, მაგრამ არაფერი მსგავსი. ელემენტარულიც არ უკეთდებათ ახალი თაობის ფეხბურთელებს რაიონში.
ზაზა სვანაძე