QronikaPlus
 „ქართული ოცნების“ ოცნების ასასრულებლად სამი კანდიდატი იბრძოლებს

„ქართული ოცნების“ ოცნების ასასრულებლად სამი კანდიდატი იბრძოლებს

2016-07-31 07:47:21

რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბჭობა იმის შესახებ, თუ ვის წარადგენდა „ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატებად საპარლამენტო ქალაქში? იმერეთის გუბერნიის მაღალჩინოსნებთან ერთად აქტიურად განიხილებოდნენ ქუთაისის მერიასა თუ ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში დასაქმებული პირები, რომლებიც, მიუხედავად საზოგადოების მოლოდინისა, თამაშგარე დარჩნენ და რიგითი ამომრჩევლის სტატუსი მყარად შეინარჩუნეს. აქედან გამომდინარე, რამდენად გულწრფელები არიან ისინი დღეს, როცა საკუთარ გუნდს გაკეთებულ არჩევანს უწონებენ, რთული სათქმელია. კობა ნარჩემაშვილი (სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი), დიმიტრი მხეიძე (ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი) და გენადი მარგველაშვილი (41-ე სკოლის დირექტორი) _ ეს ის სამი ადამიანია, რომელიც ქუთაისის სამ საარჩევნო ოლქში სანატრელი მანდატების მოსაპოვებლად შეეცდება, ამომრჩევლები „ოცნებისა“ და საკუთარი თავის უალტერნატივობაში დაარწმუნოს. _ რატომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად თქვენი წარდგენის გადაწყვეტილება?   გენადი მარგველაშვილი: _ ვფიქრობ, რომ ჩემი შრომისმოყვარეობა და აღმშენებლობისკენ სწრაფვა გაითვალისწინა. მთელი ცხოვრების განმავლობაში ვშრომობ და მინდა, რომ განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეები გვქონდეს.   კობა ნარჩემაშვილი: _ კითხვის ადრესატი მე არ უნდა ვიყო. ძნელია ვთქვა საკუთარ თავზე. ალბათ, მაჟორიტარობის კანდიდატად იმტომ წარმადგინეს, რომ ჩვენი პარტია, მეომორანდუმის ფარგლებში, დიდი ხანია, „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობს. ასევე იდეოლოგიურად მთელ რიგ საკითხებში ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. _ რას გულისხმობთ იდეოლოგიურ თანხვედრაში? _ ჯერ კიდევ 2013 წლიდან მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული და ჩვენი პოზიციები ემთხვევა სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით: უფასო სამედიცინო დაზღვევა უდიდესი მიღწევაა; სუბსიდირება სოფლის მეურნეობაში; ჩ ჰეპატიტის პროგრამა და ასე შემდეგ.   დიმიტრი მხეიძე: _ ის, თუ რატომ გაკეთდა ჩემზე არჩევანი, ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, გამორიცხულია. ეს კითხვა პრემიერს უნდა დაუსვათ.   _ რატომ უნდა გააკეთონ ქუთაისელებმა არჩევანი თქვენ სასარგებლოდ?   გენადი მარგველაშვილი: _ ვფიქრობ, რომ ჩემი უმთავრესი თვისებაა უღალატობა, ერთგულება, ქვეყნის სიყვარული. ამ ხნის მანძილზე ერთი წამითაც არ დამიხევია უკან, რომ საკუთარი შრომით შემექმნა ყველაფერი. შემიძლია ვთქვა, რომ ქუთაისში არ არის ქუჩა, სადაც არ იქნებიან ჩემი მოსწავლეები, ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად მიცნობენ.   კობა ნარჩემაშვილი: _ იმიტომ, რომ ჩვენ ყველაზე უფრო რეალურ და რეალიზებად პროგრამას შევთავაზებთ ამომრჩეველს. ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ამ 4 წლის განმავლობაში გააკეთა და ის, რისი გაკეთებაც იგეგმება, ყველაზე რეალიზებული იქნება იმ ხელისუფლების პირობებში, რომლის სადეპუტატო კანდიდატიც მე ვარ. ძალიან ბევრი საქმეა ქუთაისში გაკეთებული, რომლის პოპულარიზაცია და რეკლამირება არ მომხდარა. ეს გარკვეული ნაკლია და ამის გამოსწორება შეიძლება. იგეგმება უზარმაზარი ინფრასტრუქტურული პროექტები. არ ვსაუბრობ იმ მეგაპროექტზე, როგორიცაა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი პოზიცია ძალიან იქნება დაახლოებული „ქართულ ოცნებასთან“, ამან შეიძლება გადააწყვეტინოს ამომრჩეველს ჩვენთვის ხმის მოცემა. „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა გაეთავისუფლებინა საზოგადოება ინსტიტუციონალური ჩაგვრისგან, რომელიც 2004-13 წლებში ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაში.   დიმიტრი მხეიძე: _ არავინაა ვალდებული, ხმა მომცეს და არც ვავავალდებულებ ვინმეს. ყველას თავისი აზრი და გამოხატვის უფლება აქვს. ზოგი მომცემს ხმას, ზოგი არ მომცემს. ზოგი მომცემს ხმას იმიტომ, რომ მიცნობს და იცის ჩემი პიროვნება, ზოგი იმიტომ, რომ პერსპექტიულად მიმიჩნევს და ზოგიც იმიტომ, რომ, უბრალოდ, ახლობელი იქნება. ზოგი არ მომცემს ხმას იმიტომ, რომ არ მიცნობს. _ საარჩევნო მარათონში კანდიდატები ცდილობენ, მაქსიმალურად გააცნონ საკუთარი პიროვნება ამომრჩევლებს და დაარწმუნონ, რომ მხარდაჭერის ღირსნი არიან. თქვენც მოგიწევთ, რაღაც უთხრათ ამომრჩეველს. _ წინასწარ არაფერს ვაპირებ. ყველაფერს საქმით დავამტკიცებ. ამიტომ, ჯერჯერობით, თავს შევიკავებ.   _ როგორია თქვენი ხედვები ქუთაისის განვითარებაზე?   გენადი მარგველაშვილი: _ ვფიქრობ, რომ ქუთაისი მნიშვნელოვანი სიახლეების მონაწილე უნდა იყოს. ჩვენთან სულ მალე აშენდება კავკასიის რეგიონში პირველი მაღალი დონის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. უნივერსიტეტს ექნება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელშიც ჩადებულია საკმაოდ დიდი თანხა. ქუთაისი გახდება საუნივერსიტეტო ქალაქი საკუთარი ინფრასტრუქტურით. არ შეიძლება, საუნივერსიტეტო ქალაქი იყოს დაწყებითი და საშუალო საფეხურის გარეშე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია განვითარდეს ინფრასტრუქტურა ტურიზმის კუთხით სვანეთისა და ახალციხის მიმართულებითაც. მნიშვნელოვანია, ქუთაისში სიახლეები იყოს ბიზნესისა და ჯანდაცვის მიმართულებით. არ შეიძლება ყველაფრის თბილისში აკუმულირება. არ შეიძლება ადამიანმა, რომელიც დასავლეთ საქართველოში ცხოვრობს, ყველაფრისთვის დედაქალაქში იაროს. განათლებული ადამიანები საზღვარგარეთ გარბიან. არ შეიძლება ეს. უნდა დაბრუნდნენ. აი, ეს არის დაახლოებით ის, რისთვისაც მე ვიბრძოლებ. არ მინდა, რომ ჩემი გაზრდილი ბავშვები, რომლებიც უმაღლესი დონის სპეციალისტები არიან, საქართველოდან წავიდნენ.   კობა ნარჩემაშვილი: _ რაღაც სტერეოტიპული წარმოდგენებია. ზოგი ფიქრობს, რომ ქუთაისი ინდუსტრიული ქალაქი იყო. მერე გაჩნდა მოსაზრება, რომ  ქუთაისს პერსპექტივა აქვს, საუნივერსიტეტო ქალაქი გახდეს. ერთი მეორეს ხელს არ უშლის. პარლამენტის არსებობაც ქუთაისში და არა მარტო პარლამენტის, არამედ კონტროლის პალატის, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის უკვე მნიშვნელოვანია. _ მარეგულირებელი კომისია დღევანდელმა ხელისუფლებამ უკვე გადაიტანა თბილისში, აღარ არის ქუთაისში. _ გადაიტანეს? თუნდაც პარლამენტის არსებობაც იმას ნიშნავს, რომ მმართველობითი ორგანოებიც შეიძლება იყოს აქ. როცა ამხელა უნივერსიტეტის აგება იგეგმება, ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ მართლა საუნივერსიტეტო ქალაქი გახდეს. ეს არ არის მარტო ქუთაისისა და ქვეყნის პროექტი. ვფიქრობ, რომ ეს რეგიონული პროექტია. ძალიან ბევრი სახელმწიფოს სტუდენტი გადაწყვეტს, რომ სწორედ აქ მიიღოს განათლება. ასევე, ინდუსტრიული საწარმოების რაღაც ნაშთი იმის საშუალებას იძლევა, რომ არა იმხელა, მაგრამ მცირე საწარმოები განვითარდეს. ეს იქნება რაღაც კონგლომერატი. ქალაქს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს მისი მდებარეობის გამო. იგი არა მარტო დასავლეთ-აღმოსავლეთის გზაგამტარია, არამედ ცოტა ხანში ჩრდილოეთ და სამხრეთ საქართველოს დამაკავშირებელი გახდება. პერსპექტივები ამ ქალაქს ნამდვილად აქვს.   დიმიტრი მხეიძე: _ მთელი რიგი საკითხებია. არის პროექტები, მონახაზები. თქვენთვისაც იქნება ხელმისაწვდომი და ღია. როცა ამის დრო დადგება, თქვენც გაიგებთ იმ პროექტებზე, რომლებიც ქუთაისში უნდა განხორციელდეს. პარლამენტიც დარჩება. _ მაგრამ სასურველია, წინასწარ ვიცოდეთ თქვენი მოსაზრება, თუ რა მიმართულებით ხედავთ ქალაქის განვითარებას? _ თავს შევიკავებ რამდენიმე ხნის განმავლობაში და ყველაფერზე მერე გიპასუხებთ.   _ დაუჭერთ თუ არა მხარს პარლამენტის ქუთაისში დარჩენას?   გენადი მარგველაშვილი: _ პარლამენტი აუცილებლად უნდა დარჩეს ქუთაისში. რაც არ უნდა წინააღმდეგობა შემხვდეს, ნებისმიერ შემთხვევაში მხარს დავუჭერ საკანონმდებლო ორგანოს ქალაქში ფუნქციონირების საკითხს. _ თქვენ პირობას დებთ, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერთ მხარს პარლამენტის გადატანას? _ ვფიქრობ, რომ ყველა ქუთაისელი პარლამენტარი იგივეს გააკეთებს.   კობა ნარჩემაშვილი: _ მე ვარ იმ საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, სადაც ტერიტორიულად არის საქართველოს პარლამენტი განთავსებული. როგორც ქუთაისელი და როგორც ოლქის კანდიდატი, კატეგორიულად მხარს ვუჭერ, რომ პარლამენტი ქუთაისში იყოს. _ დეპუტატად გახდომის შემთხვევაში ეს პოზიცია არ შეიცვლება? _ არა, რა თქმა უნდა, არ შეიცვლება და ამისთვის მექნება განსაკუთრებული არგუმენტები.   დიმიტრი მხეიძე: _ შევეცდებით, რომ ქუთაისს არ მოაკლდეს არაფერი _ არც პარლამენტი და არც დანარჩენი რესურსი. _ პოზიციას არ შეიცვლით? _ არ შევიცვლი. ქუთაისის ინტერესებიდან გამომდინარე გავაკეთებთ ყველაფერს თქვენთან ერთად, თქვენი სრული კონტროლის ქვეშ, თქვენი მხარდაჭერით.   _ რომელი მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა გასული 4 წლის მანძილზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქუთაისში?   გენადი მარგველაშვილი: _ დღეს შეიძლება ისე არ ჩანს, მაგრამ წყლის სისტემა უნდა გაკეთდეს და დაწყებულია. ამას გადათხრილი ქუჩები მოსდევს, მაგრამ ეს გასაკეთებელი და მნიშვნელოვანი საქმე იყო. XXI საუკუნის ქუთაისს ყველანაირი ინფრასტრუქტურა უმაღლეს დონეზე უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული. ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელია და ამიტომ მინდა მოვიდე პარლამენტში.   კობა ნარჩემაშვილი: _ ძალიან დიდი ჩამონათვალია. მოგვიანებით პრეზენტაცია მექნება. ქუთაისისთვის წყლის პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. დღეს იმ ოლქში, სადაც კენჭი უნდა ვიყარო, ეს საკითხი გადაწყვეტილია. ახლა მთელ ქალაქში წყდება. დაახლოებით 130 ეზო მოპირკეთდა და დაიგო. იგეგმება 200-მდე ეზოს მოპირკეთება. ტრანსპორტის მოძრაობა გაცილებით უკეთესად არის ორგანიზებული. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონა „ჰუალინგში“ ბევრი ადამიანია დასაქმებული. იგეგმება 2 ახალი საწარმოს გახსნა. _ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა. _ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიძლება წინა ხელისუფლბის დროს შეიქმნა, მაგრამ ხელშეწყობა ხომ სჭირდება? ამჟამინდელ ხელისუფლებას შეეძლო, რომ საერთოდ ჩაეფლავებინა მუშაობა.   დიმიტრი მხეიძე: _ ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ საუბარი, რაც ძალიან სერიოზული პრობლემა იყო. საზოგადოებას ურთიერთობის ეშინოდა. _ გეთანხმებით. უდიდესი მონაპოვარია, როცა ადამიანებს საკუთარი აზრის დაფიქსირება უპრობლემოდ შეუძლიათ, მაგრამ კონკრეტულ პროექტებზე რას გვეტყოდით? _ შემოსასვლელი დამაკავშირებელი მთავარი გზა. არის რიგი საკითხები. შიგადაშიგ ჩავიხედავ და მერე უფრო თავისუფლად მოგახსენებთ.   _ რა მიგაჩნიათ „ქართული ოცნების“ მთავარ შეცდომად?   გენადი მარგველაშვილი: _ ერთსულოვნების ნაკლებობა. ერთგულება და ერთმანეთის გვერდით ყოფნა მნიშვნელოვანია. დაქსაქსულობა დაუშვებელია.   კობა ნარჩემაშვილი: _ შეცდომა ამომრჩეველს გადააწყვეტინებს, რომ გადაგირჩიოს. მაგრამ მე არა შეცდომად, არამედ უფრო ხარვეზად და ნაკლად მიმაჩნია ის, რომ გამომდინარე ამ კოჰაბიტაციის პერიოდიდან, სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, საზოგადოების უკმაყოფილება ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენის კუთხით.   დიმიტრი მხეიძე: _ ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ ბევრი დარჩა დაუსჯელი.  დასასჯელი უნდა დაისაჯოს! გასასამართლებელი უნდა გასამართლდეს! პატიოსანმა უნდა იცხოვროს პატიოსნად.   სამწუხაროა, რომ „ქრონიკა+“-თან საუბრისას „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა, ჯერჯერობით, ვერ გვიჩვენეს, თუ რატომ უნდა დაუჭირონ მხარი ამომრჩევლებმა მათ და რის გაკეთებას აპირებენ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში? იმედია, ამომრჩეველი გაიზარდა და საარჩევნო სუბიექტებიც ათვითცნობიერებენ, რომ დაპირებები რეალურ შესაძლებლობებზე დაყრდნობით უნდა გაიცეს და არა სამშობლოსა და საკუთარი ქალაქის სიყვარულის დამამტკიცებელი სადღეგრძელოების სახით. „ქართული ოცნების“ ქუთაისელ კანდიდატებს 8 ოქტომბრამდე დაძაბული საარჩევნო კამპანიის ჩატარება მოუწევთ. ფაქტია, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი სამი პიროვნებიდან ცნობადი სახე მხოლოდ ედუარდ შევარდნაძის მთავრობის წევრი კობა ნარჩემაშვილია, რომლის კანდიდატად დასახელებას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ჯერჯერობით რთული სათქმელია, თუ რამდენად შეძლებენ ისინი, „ქართულ ოცნებას“ ოცნება აუხდინონ და საპარლამენტო სია 3 მანდატით გაამდიდრონ.  

                                                                                                                    ხვიჩა ვაშაყმაძე

   

გაზიარება