ორსართულიანი მატარებლების ირგვლივ არსებული დისკუსია ამ ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი თემაა. მიუხედავად წინასაარჩევნო კამპანიის დაძაბულობისა, შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ მატარებლები და პოსტსაბჭოური გვირაბები დიდი მითქმა-მოთქმის მიზეზი გახდა. ერთნი გვარწმუნებდნენ, რომ მატარებელი წიფის გვირაბში ვერ გაივლიდა, მეორე ნაწილის მტკიცებით, „შტადლერისგან“ რუსების ხელით ნაყიდი მატარებლები „ელეკტრიჩკებია“ და დიდი მანძილისთვის გამოუსადეგარი იქნებოდა. იყო სხვა ბრალდებებიც...
მატარებელი ჩამოიყვანეს, წიფის გვირაბიც გაიარა და სხვადასხვა სადგურის ფონზეც მოხდა მისი დემონსტრირება. ერთი შეხედვით, „რკინიგზის სკანდალი“ ჩაცხრა, თუმცა ის, რაზედაც დღეს გიამბობთ, სულ სხვა რელსებიდანაა.
გასულ თვეში „საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დაჩი ცაგურიამ ვირტუალურ სივრცეში რეალური ორთაბრძოლები გააჩაღა, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ სოციალური ქსელების ქართულენოვან მომხმარებლებში ახალი მატარებლების ირგვლივ არსებულმა დისკუსიამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. დარგის სპეციალისტების გარდა, აღნიშნული საკითხით, ბუნებრივია, მედიის წარმომადგენლებიც დავინტერესდით. ამ თემას ვრცელი სტატიით გამოვეხმაურეთ ,,ქრონიკა+“-ის ერთ-ერთ ნომერში (#23(154), სადაც რკინიგზელებთან და სატრანსპორტო ექსპერტებთან ერთად, შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რა გამოწვევების წინაშე იდგა „საქართველოს რკინიგზა“ და რიგითი მგზავრები ორსართულიანი მატარებლების შემოყვანით? საგაზეთო მასალა („ვაგონი მიქრის“) უწყების პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ტექსტით დავასრულეთ, საიდანაც ამონარიდს ამ მასალის დასაწყისშიც გთავაზობთ: „საქართველოს რკინიგზასთან ერთად განცხადება გაავრცელა მატარებლების მწარმოებელმა კომპანია „შტადლერმა“, სადაც ნათლადაა გაცხადებული, რომ Stadler KISS -ს საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურასთან პრობლემები არ გააჩნია _ ერთ მხარეს არის საქართველოს რკინიგზის განცხადება, ასევე კომპანია „შტადლერის განცხადება“ და გერმანიის რკინიგზის ექსპერტთა დასკვნა, ხოლო მეორე მხარეს პოლიტიკური პარტიის მესვეურთა და გაურკვეველ პირთა ცრუ ბრალდებები“.
ტექსტის გამოქვეყნებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ „საქართველოს რკინიგზა“ მორიგ სკანდალში გაეხვა. „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის“ დამფუძნებელმა დავით გოჩავამ მოგვაწოდა დოკუმენტი, რომელიც უწყების მისამართით არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს. გოჩავას მტკიცებით, წერილი „საქართველოს რკინიგზაში“ შეიქმნა და მას „შტადლერთან“ არანაირი კავშირი არ გააჩნია.
მეტი კონკრეტიკისთვის „ქრონიკა+“-ს დავით გოჩავა ესაუბრება:
_ ბატონო დავით, პირველ რიგში, თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ავთენტურობის შესახებ გკითხავთ: როგორ დაამტკიცებთ, რომ წერილი ნამდვილად „შტადლერის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოგწერათ?
_ „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი“ ,,შტადლერის“ ორსართულიანი ელექტრომატარებლების შესახებ კვლევას „საქართველოს რკინიგზის“ მიერ მისი შესყიდვის დაანონსების დღიდან აწარმოებს. კვლევა დასასრულს უახლოვდება და მინდა გითხრათ, რომ ბევრ საინტერესო ფაქტს მივაგენით. ერთ-ერთი ფაქტია ეს პასუხი, რომელიც ყველაფერს ნათელს ჰფენს. 2016 წლის 27 ივნისს „საქართველოს რკინიგზამ“ მორიგი განცხადება გამოაქვეყნა, რომლიც მათ „შტადლერის“ განცხადებად წარმოგვიდგინეს, თუმცა ჩვენი მეგობრების დახმარებით ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი დავადგინეთ. გავარკვიეთ, რომ „შტადლერის“ მხარეს არავითარი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. მეგობარს, რომელიც ევროპაში მოღვაწეობს, ვთხოვე, კავშირი დაემყარებინა კომპანია „შტადლერთან“ და განცხადების არსებობის შესახებ გაერკვია. მან გუშინ მათი პიარსამსახურის უფროსისგან, მარინა ვინდერისგან, პასუხი მიიღო. მოგაწოდეთ კიდეც ფოტო, სადაც ოფიციალური პასუხია ასახული.
_ სანამ თქვენს კითხვაზე შვეიცარიული კომპანიის მიერ მოწერილ პასუხს გავაანალიზებდეთ, თავდაპირველად გავიხსენოთ, რა განცხადება გავრცელდა „საქართველოს რკინიგზის“ ოფიციალურ გვერდზე ა. წ. 27 ივნისს?
_ სიტყვა-სიტყვით ვერ გადმოგცემთ, თუმცა ფეისბუქის საშუალებით მოგაწვდით ბმულს, სადაც მათი შემოქმედებაა ასახული.
ჩვენმა რესპონდენტმა, ინტერვიუს ფარგლებში, საუბარი რამდენიმე წუთით შეწყვიტა და ე. წ. ლინკი გადმოგვიგზავნა, სადაც შემდეგი ტიპის ინფორმაცია ამოვიკითხეთ:
„საქართველოს რკინიგზის“ მიერ ორსართულიანი მატარებლის შეძენასთან დაკავშირებით მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ მცდარ მოსაზრებას, რომელიც Stadler KISS “-ის მატარებლის საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე თავსებადობას შეეხება, შვეიცარიული კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია: „ჩვენი პროდუქტის, მოცემულ შემთხვევაში, Stadler KISS-ის 1520 მმ-იან ლიანდაგზე საოპერაციოდ დაშვება განისაზღვრება ГОСТ 9238-83-ით „ნაგებობათა და რკინიგზის 1520 (1524 მმ) სივრცის მოძრავი შემადგენლობის მიახლოების გაბარიტები“. აღნიშნული ГОСТ განსაზღვრავს მაქსიმალურად დასაშვებ ზომებს მატარებლებისათვის და მიახლოებისას მინიმალურად დასაშვებ ზომებს ისეთი ნაგებობებისათვის, როგორიც არის გვირაბები, ხიდები და ბაქნები. მოძრავი შემადგენლობებისათვის არსებობს სამი ძირითადი გაბარიტი T, 1-T, BM რომელთაგანაც T ყველაზე მოცულობითია. ხელოვნურ ნაგებობებთან მიახლოებისათვისაც არსებობს ანალოგიური კლასიფიკაციები, შესაბამისი რეზერვის გათვალისწინებით, რათა მოძრავი შემადგენლობა არ შეეხოს ნაგებობებს, მათ შორის, საქართველოს რკინიგზაზე არსებულ გვირაბებს და სხვა ხელოვნურ ნაგებობებს. საქართველოს რკინიგზის მიერ შეძენილი „ Stadler KISS“ მატარებლები შეესაბამება თ გაბარიტს და იგი შემოწმებულია არა მხოლოდ ნახაზების შედარებით, არამედ პრაქტიკული გაზომვითაც. საგულისხმოა, რომ შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებამდე ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისობა შემოწმებული და დადასტურებულია გერმანიის რკინიგზის (Deutsche Bahn AG – DB international) შესაბამისი ექსპერტების მიერ და გაცემულია დადებითი დასკვნა. მგზავრთა განსათავსებლად მეორე სართულის მოწყობა დასაშვებია, ვინაიდან ძველი, ერთსართულიანი მატარებლები არ გამოიყენებს გაბარიტის სრულ სიმაღლეს, ხოლო ორსართულიანი „ Stadler KISS “-ის მატარებელი ვერც კი ავსებს T გაბარიტს“, _ ვკითხულობთ „საქართველოს რკინიგზის“ ოფიციალურ გვერდზე, რის შემდეგაც ტექსტი მასალაში უცვლელად გადმოგვაქვს და ვაგრძელებთ რესპონდენტთან კითხვების დასმას.
_ ბატონო დავით, შეგიძლიათ გვითხრათ, რა შინაარსის კითხვა გაუგზავნეთ შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლებს?
_ შვეიცარიულ კომპანიას კითხვის სახით ფორმულირებული, დაახლოებით, ასეთი შინაარსის ტექსტი მივწერეთ: ახლახან თქვენმა კომპანიამ საქართველოს რკინიგზას მიჰყიდა „კისის“ ტიპის მატარებლები. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ეს მატარებლები თავიდან რუსეთისთვის იყო განკუთვნილი, გაჩნდა მრავალი ეჭვი საქართველოს რკინიგზასთან მათი მორგების თაობაზე. „საქართველოს რკინიგზა“ ირწმუნება, რომ „შტადლერმა“ განცხადება გაავრცელა ამ მატარებლებთან დაკავშირებით, ჩვენ კი ასეთი განცხადება ვერსად მოვიძიეთ. შესაბამისად, გთხოვთ, რომ მოგვცეთ ამ ტექსტის ორიგინალის ამსახველი ბმული. სად შეიძლება ამ განცხადების ნახვა, თუკი ის საერთოდ გაკეთდა? არსებობს ეჭვები, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ თქვენი სახელით სიცრუე გაავრცელა.
_ რა გიპასუხეს თქვენ მიერ გადაგზავნილ ტექსტზე?
_ „დიდი მადლობა, რომ ჩვენი ინტერნეტპორტალით დაინტერესდით. ოფიციალური პოზიცია ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებით არ გაგვაჩნია, თუმცა ჟურნალისტების ცალკეულ კითხვებს პასუხები უკვე გავეცით. ზოგადად, ინფრასტრუქტურულ საკითხებზე რკინიგზის ოპერატორი არის პასუხისმგებელი. ჩვენი მხრიდან შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ მატარებლები მოთხოვნილ ნორმებს აკმაყოფილებენ“.
_ რატომ და როდის გაგიჩნდათ პირველად ეჭვი, რომ „საქართველოს რკინიგზა“ „შტადლერის“ სახელით მათ მიერვე მოგონილ განცხადებებს ავრცელებდა?
_ განცხადებაში მითითებული ГОСТ 9238-83 («Габариты приближения строении и подвижного состава железных дорог колей 1520 (1524) мм», „სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის და ნაგებობათა მიახლოების გაბარიტები“) რომელიც დაამტკიცა და აამოქმედა სსრკ-ს სახელმწიფო კომიტეტმა მშენებლობის საქმეებში 1983 წლის 30 ივნისის #167-ე დადგენილებით, პირველი ეჭვის მიზეზი გახდა. შვეიცარიული კომპანია ამ გაბარიტებს განცხადებაში არ მოიხსენიებდა. მით უმეტეს, რომ ГОСТ 9238-83 სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიცირების სფეროში სახელმწიფოთაშორისმა საბჭომ 2013 წლის 14 ნოემბერს შეცვალა ГОСТ 9238-2013-ით, რომლის სახელწოდებაა „სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობისა და ნაგებობათა მიახლოების გაბარიტები“.
_ ე. ი. „საქართველოს რკინიგზამ“ „შტადლერის“ სახელით მისთვის სასურველი ტექსტები გაავრცელა? ვინ შეიძლებოდა ასეთ ვა-ბანკზე წასულიყო?
_ ამის დაზუსტება ჩემთვის რთულია, მაგრამ მსგავსი განცხადებების გავრცელებაზე, როგორც წესი, პასუხისმგებელია „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, რის გაკეთებასაც გენერალური დირექტორის უნებართვოდ ვერ გაბედავდა!
_ თუ თქვენ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია დადასტურდა, რომ ტექსტი მართლაც საქართველოში მოიგონეს და „შტადლერს“ მიაწერეს, რა ტიპის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს „საქართველოს რკინიგზის“ მაღალჩინოსნებს?
_ მინიმუმ, მათ უნდა დატოვონ დაკავებული თანამდებობები, დანარჩენი უკვე სამართალდამცველი ორგანოების საქმეა. აშკარაა, რომ ფაქტები დამახინჯდა, რაც იმ პირობებში, როცა ქვეყანაში სარკინიგზო სექტორში უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში კომპეტენტური ორგანო არ არსებობს, ორსართულიანი მატარებლების უსაფრთხო ექსპლუატაციის რისკებს უმაღლეს დონემდე წევს!
_ ხვალ (ინტერვიუს ჩაწერიდან მეორე დღეს, _ ავტ. ) „ბათუმი ცენტრალში“ ორსართულიანი მატარებლის პრეზენტაცია გაიმართება. რას ეტყვით უწყებას, თქვენს კოლეგებს _ რკინიგზელებს, მგზავრებს?
_ ბედნიერ და მშვიდობიან მგზავრობას ვუსურვებ „შტადლერის“ მატარებელს საქართველოს სარკინიგზო სისტემაში! იმედია, ყველაფერი კარგად იქნება! იმ პირებმა კი, რომლებმაც ცრუ განცხადება გაავრცელეს „შტადლერის“ სახელით, პასუხი უნდა აგონ! მატარებლის ბრწყინვალება ვერ გადაფარავს ამ ადამიანების უპასუხისმგებლო საქციელს. მატარებლის ექსპლუატაციაში გაშვება ერთი საქმეა, ხოლო მისი ექსპლუატაცია და შენახვა _ მეორე და მთავარი; ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის, ყველაფერი რკინიგზელების თავდაუზოგავ შრომაზე და პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული!
P.S. 22 ივლისს „ბათუმი ცენტრალში“ შვეიცარიული კომპანია Stadler Bussnang AG-ის, ულტრათანამედროვე, ორსართულიანი, ელექტრომატარებლის პრეზენტაცია გაიმართა. „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზენტაციას უნდა დასწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, თუმცა სადგურში „მოცეკვავე წყვილივით“ შემოსულ ელექტრომატარებლებს მათ გარეშე შეხვდნენ. როგორც ჩანს, „ქრონიკა+“-ში ნახევარი წლის წინათ გამოქვეყნებული ცნობები გუნცაძე-ბახტაძეს შორის არსებულ დაპირისპირებაზე სიმართლეს შეესაბამება, ვინაიდან კოკა გუნცაძე და მამუკა ბახტაძე ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზეც კი ვერ აბიჯებენ პირად წყენებს და საზოგადოების წინაშე ცალ-ცალკე წარდგნენ.
ზაზა სვანაძე