სახელმწიფო გადატრიალების უშედეგო მცდელობის შემდეგ თურქეთის მთავრობა წესრიგისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რადიკალურ ნაბიჯებს არ ერიდება. გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ თურქეთში დააკავა აშშ-ში (პენსილვანიის შტატი) მცხოვრები მთავარი ოპოზიციონერის, ფატულა გიულენის თანაშემწე და „მარჯვენა ხელი“. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰალის ჰანჯი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობამდე ორი დღით ადრე ჩავიდა.
სახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუსის“ მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, შაბათს სამართალდამცველებმა ოპოზიციის ლიდერის ძმისშვილი, მუჰამედ საით გიულენი ერზრუმში დააკავეს. ის სახელმწიფო გადატრიალების პროცესში თანამონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. თურქეთის ხელისუფლება და პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ყოფილ იმამსა და საზოგადო მოღვაწეს, ფატულა გიულენს, სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორად მიიჩნევენ. თავად გიულენმა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება რამდენჯერმე უარყო და განაცხადა, რომ ადამიანისთვის, რომელიც სამხედრო გადატრიალებების პროცესში თავად არაერთხელ დაზარალებულა, მსგავსი ბრალდება შეურაცხმყოფელია.
რთული დღეები ჰქონდა სომხეთსაც. დიალოგის შედეგად ერევანში, პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულმა ჯგუფმა, ყველა მძევალი გაათავისუფლა. მათ შორის არიან: სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე, ვარდან ეგიზარიანი და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე, ვალერი ოსიფიანი. მანამდე, მოლაპარაკებების შედეგად, თავდამსხმელებმა ორი პოლიციელი გაათავისუფლეს. ხელისუფლებასა და თავდამსხმელებს შორის მომლაპარაკებელმა, მთიანი ყარაბაღის ე. წ. პარლამენტის დეპუტატმა ვიტალი ბალასანიანმა, მედიასთან განაცხადა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა მძევლების განთავისუფლების სანაცვლოდ პოლიციის განყოფილების შენობის მიმდებარედ 24-საათიანი პრესცენტრის გახსნა მოითხოვა. შეიარაღებულ პირთა ჯგუფმა ერევნის ერებუნის რაიონში მდებარე პოლიციის განყოფილება შტურმით 17 ივლისს აიღო და იქ მყოფები მძევლად აიყვანა. თავდამსხმელები ოპოზიციონერ ჟირაირ სეფილიანის განთავისუფლებასა და პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.18 ივლისიდან პოლიციის განყოფილების შენობის მიმდებარედ შეიარაღებული ჯგუფის მხარდამჭერები აქციებს მართავენ. პოლიციამ დემონსტრანტები რამდენჯერმე დაარბია და ათობით აქტივისტი დააკავა.
ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე პროცესებსა და გავლენებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი:
_ ბატონო სოსო, როგორ შეაფასებთ ბოლო დროს თურქეთში განვითარებულ პროცესებს? რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყანაში?
_ უპირველესად, უნდა გავაცნობიეროთ ის ფაქტი, რომ არსებულ ხელისუფლებასა და სამხედრო სისტემას შორის შემთხვევითი დაპირისპირება ნამდვილად არ არის. პრაქტიკულად, თითოეულ ათწლეულში ასეთი დაპირისპირების ფაქტი არცთუ იშვიათია. თურქეთში, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილში, განსხვავებული მიდგომები არსებობს, თუ რამდენად დემოკრატიული უნდა იყოს ქვეყანა და რა როლი უნდა ითამაშოს ისლამმა სახელმწიფოებრივ რეალობაში. არ მგონია, ვინმესთვის მოულოდნელი ყოფილიყო იმ წინააღმდეგობის არსებობა, რასაც ხელისუფლებებსა და საჯარო სივრცის განმკარგავ პოლიტიკოსებს შორის აქვს ადგილი.
სხვადასხვა ვერსია ქვეყნდება, მათ შორის, თურქულ მედიაშიც, მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო დემოკრატიის კუთხით მას საუკეთესო დღეები არ უდგას. ამ ფონზე, ჩემთვის მიმანიშნებელია ის ვერსია, რომ, შესაძლოა, ეს ამბოხება მხოლოდ დასწრებაზე ორიენტირებული ქმედება იყო. იგი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საჯარო შენაერთების რაღაც ნაწილისთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე საათის შემდეგ თავად არსებული ხელისუფლება დაიწყებდა საჯარო სივრცეში ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომელიც ქვეყნისთვის, პრაქტიკულად, თავდაცვის სისტემის მორღვევის ტოლფასი იქნებოდა. ჩვენი დისტანციიდან ძნელია შევაფასოთ ყველა ის წვრილმანი, რომელიც ამჟამად თურქეთის ხელისუფლების მიერვე შეისწავლება. ნათქვამია, სხვა სხვის ომში ბრძენიაო. თავს შევიკავებ ასეთ სტატუსზე პრეტენზიისგან. მაგრამ ფაქტია, რომ ეს პრობლემა (რომელიც დღევანდელი თურქეთის რეალობაა) მხოლოდ ამ სახელმწიფოს თავის ტკივილი არ გახლავთ.
_ ამ პროცესებს საქართველოზე რა გავლენა აქვს?
_ უპირველესად, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თურქეთი არა მხოლოდ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია ორმხრივ ურთიერთობებში, არამედ იმასაც, რომ, საზღვაო კანონმდებლობიდან გამომდინარე, სწორედ თურქეთი გახლავთ შავი ზღვის ყველაზე ანგარიშგასაწევი ქვეყანა, რადგან სწორედ მას აქვს ყველაზე გრძელი სახმელეთო ზოლი შავ ზღვასთან. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლება შეფასებებისას საკმაოდ თავდაჭერილ პოზიციას ამჟღავნებს. მართალია, დაემთხვა, მაგრამ მაინც პოზიტიურად აღვიქვამ, რომ ჩვენი მთავრობის დელეგაცია პირველი იყო, რომელიც ანკარაში თურქეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას მას შემდეგ მართავდა, რაც არშემდგარი გადატრიალება ყველა სხვა ქვეყნის ლიდერებისთვის მთავარი თემა იყო.
ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისთვის უნდა წარვმდგარიყავით არა მხოლოდ იმ სავიზიტო ბარათით, რასაც სამხრეთ კავკასიის ქვეყანა ჰქვია, არამედ რამდენიმე წელია ვთხოვდი ხელისუფლებას, რომ იქნებ, ევროპელებისთვის, ევროატლანტიკურ სივრცეში მცხოვრები მოსახლეობისთვის, საქართველო წარგვედგინა, როგორც შავი ზღვის სახელმწიფო.ცხადია, უარს არასოდეს ვამბობთ სამხრეთ კავკასიის მკვიდრობისგან, მაგრამ ევროპელების, ამერიკელების თვალში სამხრეთ კავკასია მუდმივი კონფლიქტების, დაპირისპირებებისა და გამოსავლის ვერმოძიებულ ქვეყანათა კრიალოსანს წარმოადგენს. ვიდრე თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდებოდა, ჩვენ შეგვეძლო გვესაუბრა თურქეთზე, როგორც ევროპის, ევროატლანტიკური სივრცისა და მათი იდეების მიმართ ყველაზე პროგრესულ კონგლომერატზე.
მართალია, დღეს შავი ზღვის სანაპირო ზოლი ექვს სახელმწიფოს ეკუთვნის (მხოლოდ რუსეთსა და ვენესუელას შეიძლება მოელანდოს, რომ აქ შვიდი სახელმწიფოა და არა ექვსი), ფაქტია, რომ ამ ექვსიდან სამი _ თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი ნატოს წევრები გახლავან. ორი მათგანი, რუმინეთი და ბულგარეთი, ევროკავშირის წევრები არიან. კიდევ ორი, უკრაინა და საქართველო, ასოცირებული არიან ევროკავშირთან და უკვე რეალიზებული აქვთ შესაბამისი ხელშეკრულებები.
ერთადერთი მხოლოდ რუსეთია (თუმცა არცთუ მცირე, ეს რბილად რომ ვთქვათ), რომლისთვისაც ნატოც და ევროკავშირიც მხოლოდ შიშის მომგვრელი და მიუღებელი სუბიექტები გახლავან. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვისმინეთ ნატოს წევრი ქვეყნების დამოკიდებულება შავი ზღვის მიმართ, როდესაც გვიან, მაგრამ მაინც აცნობიერებენ შავი ზღვის ქვეყნების სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური ფასეულობების მიმართ, უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთს შავ ზღვას მარტივად არავინ დაუთმობს. ნათქვამია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო.
რასაკვირველია, გარკვეული დაგვიანების პროცესში ვართ მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ შარშანწინ რუსეთმა წყალქვეშა ნავები შექმნა, რომელთა განთავსებასაც შავ ზღვაში აპირებდა და რომელთაც რესურსი აქვთ, 41 საათი წყლის ქვეშ გაატარონ. წლევანდელი მონაცემებით, ასეთი წყალქვეშა გემები სამიდან და ექვს ცალამდე უნდა იყოს შავ ზღვაში. რასაკვირველია, ნატოს ამ რეალობის გარკვეული კორექტირება მოუწევს მეტი ძალისხმევით, ვიდრე ეს შეიძლებოდა ორიოდე წლის წინათ გამოყენებულიყო.
არსებობს სხვა შემაფერხებელი საკითხებიც. მე სრულიად ვიზიარებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ბატონ ჯემალ გამახარიას წარმოდგენას იმასთან დაკავშირებით, რომ შავიზღვისპირა სახელმწიფოს, რომელიც აგრესიას ახორციელებს სხვა შავიზღვისპირა სახელმწიფოს წინააღმდეგ, შავი ზღვის სრუტეებში გემების გატარების უფლება უნდა ჩამოერთვას. ეს არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ნატოსა და დანარჩენი 5 სახელმწიფოს გადაწყვეტილება იქნება. ოღონდ ასეთ რადიკალურ ნაბიჯს წინმსწრები მოლაპარაკებები უნდა. იქნებ, თავად რუსეთი გახდეს მზად ნაბიჯის უკან გადასადგმელად? თუნდაც, ზუსტად რომ დაითვალოს, რამდენი სახელმწიფოა შავ ზღვაზე.
_ თურქეთში პროცესების რა მიმართულებით განვითარება შედის, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებშიც?
_ ახლა ჩვენ, მართალია, წინდახედული ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ არსებული რეალობით უნდა ვისარგებლოთ და გავითვალისწინოთ, რომ ის წინააღმდეგობა, რომელიც თურქეთის დღევანდელ პრეზიდენტსა და დევნილ სასულიერო პირს შორის არსებობს, არ შეიძლება საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეს არ შეეხოს. დავუკვირდეთ ჩვენი მეზობლისა და მეგობრის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ნაბიჯებს. მან უკვე დახურა უნივერსიტეტი, რომელიც იმ მუსლიმანური სივრციდან ფინანსდებოდა, რაც, თავის მხრივ, თურქეთის დღევანდელი პრეზიდენტისთვის მიუღებელია. ჩვენ კი, რატომღაც, ვსაუბრობთ იმაზე, რომ არავითარი გავლენა საქართველოში არსებულ მუსლიმანურ სასწავლებლებზე არ ხორციელდება იმ გზით, რომ ის ჩვენთვის რაიმე საფრთხეს წარმოადგენდეს. მეგობრობა, თანამშრომლობა რაიმე სახის გამონაკლისებს არ გულისხობს. თუ ჩვენ საკუთარი მთავრობის ანკარაში მივლინებით გარკვეული სიმშვიდის დამყარება მოვახერხეთ დღევანდელ საქართველოსა და თურქეთს შორის, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, დღეს რა არის მიუღებელი თურქეთის პრეზიდენტისთვის, რატომ გახდა იგივე მიუღებელი აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის და გავიგოთ, რას ელოდება და რას ფიქრობს ამ თემაზე საქართველოს პრეზიდენტი.
_ რა შთაბეჭდილებას ტოვებს ბოლო ხანს ასევე მეზობელ სომხეთში განვითარებული ხმაურიანი პროცესები?
_ არ მინდა, რაღაც ისეთი თემების აღზევება, რომელიც შეიძლება მხოლოდ ცნობიერებითი იყოს და არა მკაფიოდ, დამაჯერებლად დადასტურებული. უპირველესად, ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელია რუსეთის თავდაცვის მინისტრის ამ დღეებში გაკეთებული განცხადება, რომელიც სრულიად უტიფრად ბრძანებს, რომ, თურმე, კავკასიაში შეიძლება ისეთივე მოვლენები განვითარდეს, როგორიც ახლა სირიაშია. ანუ, პრაქტიკულად, მიწისაგან პირისა აღიგავოს ჩვენი რეგიონი. იმასაც ვეტყვი ჩვენს მკითხველს, რომ ვფლობ სრულიად სანდო ინფორმაციას: ისევე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე რუსეთის თავდაცვის მინისტრი განცხადებებს აკეთებს არა საკუთარ მოსაზრებებზე დაყრდნობით, არამედ, ფაქტობრივად, ისინი კითხულობენ იმ ტექსტს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გადმოგზავნილი, მათ სამუშო მაგიდებზე აღმოჩნდება ხოლმე. ასე რომ, გავიხსენოთ, თუნდაც, ორიოდე წლის წინანდელი ე. წ. გაუგებრობა, რაზედაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი საუბრობდა და ბრაზიანი ხმით კითხვას სვამდა, _ საქართველო ვის წინააღმდეგ აპირებს გამოიყენოს ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარებიო? მაშინ საქართველოდან მას არავინ შეხმიანებია. არავის დაბადებია სურვილი, განემარტა ლავროვისთვის, რომ ყველა ქვეყანა ამ დანადგარებს იყენებს იმ ძალის წინააღმდეგ, ვისაც შესაბამისი ტერიტორიის ციდან დაბომბვა თავში მოუვა.
ახლა ამხანაგი შოიგუ გამოგვივიდა დიქტორად პრეზიდენტის ადინისტრაციის ტექსტის გასასაჯაროებლად და იმის მოწმე გავხდით, რომ ამ განცხადებიდან მეორე დღესვე უკვე ერევანში არეულობა დაიწყო, ხოლო ერთი დღის მერე რაღაც გაუგებრობას მოხდა ყაზახეთში!
მოხარული ვარ, რომ თავად ჩვენი შესაბამისი სამსახურები ფრთხილად არიან. მათ უსათუოდ ჩვენი საზოგადოების უფრო მკაფიო მხარდაჭერა სჭირდებათ, რომ ისეთ ანკესზე არ წამოვეგოთ, რომელსაც სიამოვნებით ისვრიან ჩვენი მიმართულებით იგივე შოიგუს მსგავსი ელემენტები. ისიც კარგად გვახსოვს, როგორი მუქარა იყო კრემლიდან, რომ საქართველოსგან ისინი კვიპროსს გააკეთებდნენ, რასაც რეალურად ადგილი აქვს, რადგან ჩვენი ქვეყანა კვიპროსივით დაიყო. მაგრამ ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ კვიპროსის ძირითადი ნაწილი, მისი დედაქალაქიანად, უკვე ევროკავშირის წევრი გახლავთ.
ასე რომ, სხვის შეცდომებზე უნდა ვსწავლობდეთ და არა საკუთარზე. უნდა ვიყოთ სოლიდარულნი დემოკრატიული ძალებისა სამეზობლოში, შევინარჩუნოთ ურთიერთობათა საფუძველი ჩვენ ირგვლივ ყველა ხელისუფლებასთან, რარიგადაც შეწუხებულებიც არ უნდა ვიყოთ მათი ნაბიჯებით. სახელმწიფოთაშორის პოლიტიკაში თავშეკავება ყველაზე სანდო გზაა შესაბამისი წარმატების მოსაპოვებლად, ამიტომ მხოლოდ დინჯი, გონივრული დამოკიდებულება და საკუთარი ემოციების დათრგუნვა იქნება აუცილებელი. მაგრამ არასაკმარისი პირობაა, რომ სიმშვიდე იყოს სამხრეთ კავკასიაში, შავ ზღვაზე და ღმერთმა ქნას, მთელ პლანეტაზეც.
გელა მამულაშვილი