QronikaPlus
რატომ არ ასახელებენ პარტიები სამოქმედო კონცეფციებს?

რატომ არ ასახელებენ პარტიები სამოქმედო კონცეფციებს?

2016-07-30 08:02:21

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია სულ უფრო ხურდება. პარტიები კანდიდატებს ასახელებენ და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. 8 ოქტომბრამდე ბევრი დრო აღარ დარჩა. ექსპერტები პარტიების პროგრამებისა და კონცეფციების არარსებობაზე ამახვილებენ ყურადღებას. მათივე შეფასებით, დასახელებულმა კანდიდატებმა, ჯერჯერობით, ისიც არ იციან, რა პოლიტიკის გატარება მოუწევთ საზოგადოების მხრიდან ნდობის გამოცხადების შემთხვევაში? პოლიტოლოგები სწორი საარჩევნო კამპანიის წარმართვის შემთხვევაში უფრო დაბალანსებული პარლამენტის ჩამოყალიბებას პროგნოზირებენ. „ქრონიკა+“ ექსპერტ-პოლიტოლოგებს ესაუბრება.   დემურ გიორხელიძე: _ ბატონო დემურ, როგორ შეაფასებთ მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესს? _ ხისტი პოზიცია მქონდა, რომ ამ არჩევნების შესახებ შეფასება არ გამეკეთებინა. არსებული სიტუაცია განსაკუთრებული ანალიზის კეთების საშუალებას ნამდვილად არ გვაძლევს. მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. _ რა შეგიძლიათ თქვათ „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ კანდიდატებზე, ე. წ. თხუთმეტეულზე და, ასევე, იმერეთის რეგიონის მაჟორიტარებზე? _ ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან მათ თითქმის არ ვიცნობ. საერთო მიდგობით რომ შევხედოთ, ვფიქრობ, ყველა პარტიას ცოტა გაუგებარი კრიტერიუმები აქვს თავისი კანდიდატურების წარდგენაში. ყველაფერი ჩაკეტილ წრეში რჩება და ეს კარგს არაფერს მოასწავებს. ეს შეფასება ყველას ერთნაირად ეხება. _ რამდენად წარადგენენ პარტიები პროგრამებს, კონცეფციებს? _ ქართველები იქამდე არ მისულან, რომ ადამიანები პროფესიული ნიჭით ან პროგრამებით შეაფასონ. ამას არც პოლიტიკურ პარტიებს სთხოვს არავინ. აქ ან უყვართ, ან _ არა, ან მოსწონთ ბელადი, ან არ მოსწონთ, ამიტომ დასახელებულ ნიშნულამდე ჯერ ვერ მივსულვართ. არჩევანი იმის მიხედვით არ კეთდება, თუ როგორ გადაჭრის პოლიტიკური პარტია ეკონომიკურ ან პოლიტიკურ პრობლემებს. აქ უკვე 26 წელია, პიროვნებების დოღი და ჭაობიანი სიტუაციაა. ასე რომ, ვფიქრობ, დღეს ამ კუთხით სერიოზული პრობლემები გვაქვს. სერიოზული, პროფესიულ დონეზე შესაბამისი მსოფლმხედველობრივი დოქტრინებით დამაგრებული მიდგომები არ გვხვდება. _ რა ძალებს აქვთ პარლამენტში მოხვედრის რეალური შანსები? _ თუ ქართველი ხალხი რაღაც განსაკუთრებული აფექტის მდგომარეობაში არ ჩავარდება (რაც მას ახასიათებს და ეს გასულმა ხუთმა არჩევნებმა გვანახა), მეექვსე არჩევნებზე თუ იგივე ამბები არ მოხდა, მაშინ გაცილებით დაბალანსებული მდგომარეობა უნდა შეიქმნას. თუ საზოგადოება ისევ აფექტის მდგომარეობაში იმოქმედებს, შეიძლება ძალიან ცუდი რამ მოხდეს, ნაბიჯი უკან გადაიდგმება. ამ დროს უკან გზა არ არის, იქით მიბრუნება, უბრალოდ, შეუძლებელია. ხალხს თუ ელემენტარული გონიერება აღმოაჩნდება, ვფიქრობ, გაცილებით უკეთესი ძალთა განლაგება უნდა მივიღოთ. პოლიტიკურ ბალანსს ვგულისხმობ. _ მეტი პარტიის მოხვედრას და დაბალანსებას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში? _ დიახ, მე არ ვფიქრობ, რომ ვიღაც ისე დომინირებული უნდა იყოს, რომ ლამის საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს.   რამაზ საყვარელიძე: _ ბატონო რამაზ, რა ნიშნებს გამოყოფთ პარტიების წინასაარჩევნო კამპანიიდან? _ ძნელია, ასეთ თემაზე მსჯელობის დროს მეტისმეტი ობიექტურობის პრეტენზია გქონდეს, რადგან თითოეული პარტია ისე წარმართავს წინასაარჩევნო კამპანიას, როგორც ეს შეუძლია. აქ ბევრი ფაქტორია, საარჩევნო კამპანიის დაფინანსებიდან დაწყებული, იდეოლოგიით დამთავრებული. ჯერჯერობით, ჩემთვის თვალში საცემი (ვიმეორებ, რომ აქ ობიექტური ვერავინ იქნება) ის არის, რომ კონცეფიები არ ჩანს. პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა: დასახელდა კანდიდატები, რომლებმაც ამა თუ იმ პარტიის პოლიტიკა უნდა გაატარონ და, ამ დროს, აღნიშნულ პარტიებს თავიანთი კონცეფციები არ წარმოუდგენიათ. ასე რომ, რომელი პოლიტიკის გამტარებლები არიან, ალბათ, ეს ჯერ მათმა კანდიდატებმაც არ იციან. ეს დაახლოებით იგივეა, ადამიანი დანიშნო თუნდაც დირექტორად, ოღონდ არ უთხრა, რა დაწესებულებაში ნიშნავ და მერე კითხვა გაჩნდეს, _ ეს კაცი გამოდგება თუ არაო? თუ კონცეფცია არ არის, თუ რა რისკენ აპირებენ წასვლას პარტიები, გამოადგებათ თუ არა ესა თუ ის კანდიდატი, ძნელი სათქმელია. ერთადერთი ის არის (ალბათ, ეს გახლავთ ყურადღების ცენტრში), გამოდგებიან თუ არა კანდიდატები თავიანთი ცნობადობის მიხედვით. ამ მხრივ, ყველა პარტია, მეტ-ნაკლებად, ცდილობს შემოიკრიბოს სახეები, რომლებიც ამომრჩევლებს, თავისთავად, რაღაცას ეუბნებიან. ანუ თვითონ ეს სახეები პარტიათა პროგრამის როლში გამოდიან. მაგრამ ვიმეორებ: პროგრამები საჭიროა და ასეთი პროგრამები ჯერ არ ჩანს. ეს ერთ-ერთ საკვანძო და საინტერესო საკითხად მიმაჩნია მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში. _ რომელ პარტიებს გამოყოფთ, რომლებსაც კონცეფცია-პროგრამები არ აქვთ წარმოდგენილი და ამ პრობლემას რას უკავშირებთ? _ ვერც ერთს ვერ გამოვყოფ, რადგან არც „ოცნება“-„ნაციონალებს“ და არც სხვა პარტიებს, ჯერჯერობით, თავიანთი პლატფორმა არ წარმოუდგენიათ. ამ პირობებში როგორ უნდა გამოყო რომელიმე? როგორიც კანდიდატების წარდგენაა, ასევე ოფიციალურად პლატფორმებიც უნდა წარმოედგინათ. ახლა რაც შეეხება მიზეზებს, ვერ ვიტყოდი, რომ ამ მდგომარეობის მიზეზი თვითონ პოლიტიკურ პარტიებში უნდა ვეძებოთ. იმისდა მიხედვით, თუ რა აჟიოტაჟი გამოიწვიეს პარტიების კანდიდატებმა საზოგადოებაში, ე. ი. მიზეზი საზოგადოებაშია. და ამ პარტიებმა, უბრალოდ, იგრძნეს, რომ საზოგადოებას, ძირითადად, სახეები აინტერესებს და არა კონცეფციები. ამდენად, პარტიებმა, უბრალოდ (როგორც ამას ყოველთვის გააკეთებს ნებისმიერი პარტია), ანგარიში გაუწიეს საზოგადოების აზრს. ამ საკითხში დამნაშავე საზოგადოებაა, რადგან უპირველესად ის არის გულგრილი პოლიტიკური ორგანიზაციების კონცეფციების მიმართ, რაც შემდეგ პარტიებს გადაედება ხოლმე. _ როდესაც არ ხდება კონცეფციების, პროგრამების წარდგენა, ეს საარჩევნო პროცესის, ქვეყნის განვითარებას რამდენად წაადგება? _ ჩვენ შევეჩვიეთ ამ სიტყვას (ქვეყნის განვითარება), მაგრამ, რეალურად, არჩევნების წინ ყველა ქვეყანაში პოლიტიკური პარტია თუ პოლიტიკოსი იმაზე ფიქრობს, როგორ მივიდეს საარჩევნო ფინიშთან. ქვეყანას რა გამოადგება და რა არა, ამაზე, ძირითადად, ფიქრობენ მას შემდეგ, როცა ფინიშთან მივლენ და საჭის დაუფლებას შეძლებენ. რასაკვირველია, ყველა პარტია, დღეს თუ ხვალ, რა კონცეფციასაც წარმოაყენებს, იტყვის, რომ ეს ქვეყნისთვის საჭირო და აუცილებელი კონცეფციაა. მაგრამ პარტიებს იმაში ნუ გავამტყუნებთ, თუ ისინი პრიორიტეტს საარჩევნო პროცესის პრობლემებს ანიჭებენ. ისინი ამ პროცესში, შეჯიბრში არიან ჩართული და ისევე, როგორც სპორტსმენს შეჯიბრების წინ არ ვეკითხებით, ზოგადად, სპორტის განვითარებას რა გამოადგებაო (რადგან ეს კითხვა ცოტა უადგილო იქნებოდა), ასევე პარტიასაც ასეთი ზოგადი კითხვა არ უნდა დავუსვათ. მით უმეტეს, თუ თვითონ საზოგადოებას არ აინტერესებს, რა გამოადგება ამ ქვეყანას. მხოლოდ იმას უყურებს, ვინ ვის გვერდით დადგა საარჩევნო პროცესში. ჩვენც ხომ საზოგადოების ინტერესის რეალურად ასეთი სურათი გვაქვს. _ გვერდით დგომას რაც შეეხება, „ქართული ოცნების“ დასახელებული კანდიდატების მიმართ რა შეიძლება ითქვას? ვგულისხმობ „თხუთმეტეულსა“ და რეგიონულ მაჟორიტარებს, რომლებიც აქამდე დასახელდნენ... _ წინა ფრაგმენტში უკვე გვქონდა ამაზე საუბარი, თუ რამდენად პასუხობს ეს არსებულ მოთხოვნებს. ძნელია ილაპარაკო, ადამიანი რამდენად პასუხობს წაყენებულ მოთხოვნებს (რომ ქვეყანას ამა თუ იმ მიმართულებით წაიყვანს), როცა ჯერ ეს მიმართულებაც არ ვიცით. რაც  შეეხება კონკრეტულ ადამიანებს, ქართულ საზოგადოებაში ბევრი პარადოქსული ვერსია გავრცელდა. მაგალითად, ის, რომ ეს სახეები გამოუცდელია. კი მაგრამ, როცა გამოცდილი სახეები დასახელდა, მაგალითად, ქუთაისში, იქ კრიტიკა იყო, რომ ეს სახე შევარდნაძისდროინდელია და სხვ. ასეთი, _ „პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“ სიტუაცია გვაქვს და, ამ ფონზე, ალბათ, აზრის გამოთქმაც ფასს კარგავს. ზოგადად, მიმაჩნია, რომ რაც მეტი ახალგაზრდა შემოაბიჯებს ქართულ პოლიტიკაში (ოღონდ იმ პროპორციით, როდესაც ჭაღარა და არაჭაღარა დაახლოებით თანაბარი რაოდენობისაა), ეს მით უკეთესია, რადგან საზოგადოება შედგება ახალგაზრდებისგან და ასაკოვანი ადამიანებისგანაც. საზოგადოების ეს განაწილებაც პარლამენტმა უნდა ასახოს. ახალგაზრდები გაბედულები არიან, ხოლო ასაკიანები _ ფრთხილები. სასურველია, ყველა პოლიტიკა ამ გაბედულებისა და სიფრთხილის სინთეზი იყოს. _ ე. წ. წამყვანი პარტიების გარდა კიდევ რა ძალებს აქვს პარლამენტში მოხვედრის პერსპექტივები? _ ძალიან ბევრ ძალას აქვს ახალ პარლამენტში მოხვედრის შანსი. გააჩნია, როგორი იქნება მათი საარჩევნო კამპანია. პრაქტიკულად, თანაბარ შანსებზე შეგვიძლია ვისაუბროთ. იმედი ვიქონიოთ, რომ საარჩევნო კამპანია უფრო დინამიკური გახდება უახლოეს ხანებში და ბევრი ის პრობლემა, რაზედაც ახლა ვლაპარაკობთ, მოიხსნება. მოსახლეობისთვის უფრო თვალსაჩინო იქნება, რას უყრიან კენჭს. ვვარაუდობ, რომ მოსახლეობისთვის ასეთი საინტერესო შეთავაზებები, პრაქტიკულად, ყველა პარტიას აქვს. მოახერხებენ თუ რა ისინი თავიანთი შეთავაზებების ამომრჩევლამდე მიტანას, ეს უკვე პარტიის საარჩევნო კამპანიის საქმეა.  

                                                                                               გელა მამულაშვილი

   

გაზიარება