QronikaPlus
რატომ გადაწყვიტა ალასანიას პარტიამ აფხაზეთის ხელისუფლებაში მოკავშირეების ძებნა?!

რატომ გადაწყვიტა ალასანიას პარტიამ აფხაზეთის ხელისუფლებაში მოკავშირეების ძებნა?!

2016-07-29 05:39:23

„აფხაზთა კრების“ წარმომადგენელი მალხაზ პატარაია აფხაზეთის ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებთან მიდგომაში „თავისუფალი დემოკრატების“ კურსს აკრიტიკებს. მისი თქმით, პარტიამ წინასაარჩევნო სტრატეგიად აფხაზეთის ხელისუფლებაში მოკავშირეების ძებნა გადაწყვიტა. ყოფილი პარლამენტარი როინ ჯანაშია კი აფხაზეთის ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავს: თუ მათ დევნილების გულის მოგება სურთ, მათი მხარდაჭერით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნები უმოკლეს ვადაში უნდა დაინიშნოს. „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „აფხაზთა კრების“ წარმომადგენელი _ მალხაზ პატარაია: _ სპორტის სასახლეში „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობა შედგა, სადაც ირაკლი ალასანიამ აფხაზეთის საკითხებზე ორნაწილიანი განცხადება გააკეთა. ერთი ნაწილი შეეხებოდა იმას, თუ რა პოლიტიკის გატარებას აპირებს პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ აფხაზეთთან მიმართებით და მეორე ნაწილი იყო _ რა პოლიტიკის გატარებას აპირებს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით? მან ასევე დააფიქსირა თავისი პოზიცია უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ. როდესაც „თავისუფალი დემოკრატები“ ხელისუფლებიდან წამოვიდნენ იმ მოტივით, რომ დასავლურ კურსს საფრთხე ემუქრება და არაფორმალური მმართველობაა საქართველოშიო, ჩვენ მათ წარმომადგენლებთან, ისევე როგორც სხვა დასავლურ ძალებთან, შეხვედრები გვქონდა, რადგან ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ კოლაბორაციონიზმისა და რუსული ორიენტაციის წინააღმდეგ ბრძოლაა. ვინაიდან ვიფიქრეთ, რომ ალასანია ამ ყველაფერს გაემიჯნა, მასთან ურთიერთობა დავამყარეთ და ჩვენი შეხვედრა რამდენჯერმე შედგა. გავაცანით ჩვენი დამოკიდებულება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით, წინააღმდეგობა და კითხვები მათგან არ ყოფილა, სავსებით გაგებით მოეკიდნენ ჩვენს მოსაზრებას, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მთლიანად უნდა გადაირჩეს. რაც შეეხება, ზოგადად, ხედვებთან დაკავშირებით, ამაზე ნაკლებად ვისაუბრეთ _ მხოლოდ მიმდინარე პრობლემებზე და გალის შესახებ. ბოლო ჩვენი შეხვედრა იმით დამთავრდა, რომ პარტიის ხელმძღვანელობასთან გაფართოებულ შეხვედრას ველოდებოდით, მაგრამ, რატომღაც, ეს პროცესი გაჭიანურდა. მერე კი ასეთი სახის ორი განცხადება გაკეთდა. პირველი მოულოდნელი არ იყო, მეორე კი ნამდვილად მოულოდნელი იყო. _ რა შინაარსის გახლდათ ეს განცხადებები და რამ გამოიწვია თქვენი უკმაყოფილება? _ რაც შეეხება პირველს, ირაკლი ალასანიამ თქვა დიდი ხნის გადაღეჭილი ლოზუნგი, რომ სახალხო დიპლომატიით მივაღწევთ აფხაზეთის პრობლემის მოგვარებასო. ეს სიტყვები გაცვეთილია და შემადგენელია იმ უშედეგო, საზიანო, ყალბი და ფარისევლური ძმობისა და მეგობრობის აღდგენის ლოზუნგისა. ამის თაობაზე ადრეც იყო საუბარი, მაგრამ 23 წლის განმავლობაში არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და არც შეიძლება ჰქონდეს. ე. წ. ქართულ-აფხაზური დიალოგის ფორმატი, რომელსაც მუდმივად იმეორებენ, დრომაც აჩვენა, რომ არავითარი შედეგის მომტანი არ არის. ჩვენ არ ვამბობთ, რომ დიალოგი არ უნდა შედგეს, მაგრამ პოზიცია, ზოგადად, უნდა იყოს ასეთი: სახელმწიფომ უნდა აწარმოოს დიალოგი აფხაზეთის მთელ მოსახლეობასთან, მთელი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი იძულებით გადაადგილებული პირია. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოებისთვის ეს საკითხი დიდი ხნის განმავლობაში აქტუალური არ ყოფილა. დევნილი მოსახლეობა მთელი ამ ხნის მაძილზე მარგინალიზებული გახადეს და წარმოსახეს როგორც სოციალური ფენა, რომელსაც სჭირდება ბრინჯი, მაკარონი და ა. შ. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახალი არჩევნების იდეით, ქართული სახელმწიფო და პოლიტიკური სპექტრი დიალოგს დაიწყებდა ზუსტად იმ დაზარალებულ საზოგადოებასთან, რომელთანაც ის, პრაქტიკულად, მთელი ამ ხნის განმავლობაში უბრად არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაყენებთ არჩევნების საკითხს, ჩვენთვის წართმეული უფლების აღდგენას და სრული შემადგენლობით გადარჩევას: აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ფორმით ლეგიტიმურია, აქ არავითარი პრობლემა არ არსებობს, მაგრამ შემადგენლობით მას აკლია ლეგიტიმურობის აუცილებელი ნიშანი _ პერიოდული არჩევნები. როდესაც ამბობ, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალაუფლება, დემოკრატიის ფუნდამენტი, წარმომადგენლობითი დემოკრატია, ანუ ხალხის ძალაუფლება, მიტაცებულია და უზურპირებულია, მაგრამ ამ სტანდარტმა, რატომღაც, ალასანიას პარტიის აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებით არ იმუშავა. ისინი, პრაქტიკულად, შეუამხანაგდნენ და ჩაეხუტნენ სკამის, ბიუჯეტის, ჰუმანიტარული დახმარების ქურდებს და კრემლოიდებს, რომელთაც ამას წინათ ლამის თბილისში გამოგვიცხადეს დამოუკიდებლობა და მოინდომეს, კავშირი გაეწყვიტათ ცენტრალურ ხელისუფლებასთან. აი, ამ ჯგუფზე, რომელსაც, სხვათა შორის, თავისი არაფორმალური მმართველიც ჰყავს გივი ლომინაძის სახით, თქვეს, რომ ეს ბირთვი უნდა შენარჩუნდესო და იმ რაღაც 5 გამოთავისუფლებულ ადგილზე უნდა ჩავატაროთ არჩევნებიო. წარმომადგენლობითი დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც კონსტიტუციაშიც ფიგურირებს და ასევე ადამიანის უფლებების ყველა საერთაშორისო დოკუმენტში, სადაც არჩევნებზეა საუბარი გონივრულ ვადაში, ფაქტობრივად, ამ განცხადებით არარად აქციეს დევნილებთან და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებით. _ ირაკლი ალასანია თვითონ იყო აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი და ბუნებრივია, ამ პრობლემებს ძალიან კარგად იცნობს. რას უნდა მივაწეროთ „თავისუფალი დემოკრატების“ ეს განცხადება? _ არ მგონია, რომ ეს მათ არ ესმოდეთ. ჩემი აზრით, ეს დაკავშირებულია გარკვეულ საარჩევნო სტრატეგიასთან და, მეორე მხრივ, საქართველოს პოლიტიურ სპექტრში ძალიან დიდი ხნის სენთან, რომელსაც პოლიტიკური უპრინციპობა ჰქვია. რაც შეეხება საარჩევნო სტრატეგიას, როგორც ჩანს, მათ აინტერესებთ დევნილთა ხმები და აფხაზეთის ხელისუფლებაში ეძებენ მოკავშირეს, რომელსაც 14-მილიონიანი ბიუჯეტი აქვს, სადაც ჰყავთ შუშის სასახლესთან  ჭიპით მიბმული 2000 თანამშრომელი. ვვარაუდობ, რომ ესენი უარს არ იტყვიან „ოცნების“ წიაღში დაბრუნებაზე. თუნდაც მათი ქცევა აჭარის მთავრობის დამტკიცებაში, როდესაც ისინი გაურიგდნენ „ქართულ ოცნებას“ და ახლა რა ურთიერთობები მიდის კულისებში, აქედან გამომდინარე, შეიძლება მხოლოდ წარმოვიდგინოთ. როდესაც ისინი ხელისუფლებას გაემიჯნენ, შეაფასეს როგორც რეპრესიული მათრახი, ახლა, როგორც ჩანს, მათ თაფლაკვერიც დაანახვეს. ასეთი პოლიტიკის გაგება ძნელი არ არის და ესენიც ამ თაფლაკვერისკენ იმზირებიან. ეს ზოგადი ავადმყოფობაა. ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცით პოსტკომუნისტური საქართველოს ისტორიაში და დღევანდელობაში, როდესაც პარტიებს თავისი პრინციპების (ისიც თუ აქვთ!) გაცვლა ჩირად არ უღირთ მისი მოკლევადიანი ინტერესებიდან გამომდინარე. ამ ფონზე, პირველი კითხვა, რაც ჩვენ გვაწუხებს, ეს არის: „თავისუფალი დემოკრატები“ რისგან არიან თავისუფალნი? _ ამ განცხადებამ იმოქმედა თუ არა „აფხაზთა კრებასა“ და ალასანიას პარტიას შორის შემდგომ ურთიერთობებზე? _ ჩვენ ამ არჩევნებზე ყველა დასავლური პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას ვგეგმავდით სხვადასხვა შესაძლებელი ფორმით. ახლა უკვე ეჭვი მეპარება, „თავისუფალ დემოკრატებთან“ გავაგრძელოთ თუ არა ურთიერთობა? ეს მიუღებელი და სამარცხვინო პოზიციაა, რაც მათ დაიკავეს ყოლბაიას, ცატავასა და სხვათა მიმართ. მათ კიდევ აქვთ გარკვეული დრო, კორექტირება შეიტანონ თავიანთ პოზიციაში. თუ ოპოზიციაში არიან, მაშინ პრინციპულად დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას, შუშის სასახლეს! თუ მედასავლეთეები არიან, გაემიჯნონ რუსულ სიბილწეს, რომელიც აფხაზეთის სტრუქტურებშია მოკალათებული! თუ დემოკრატები არიან, მოითხოვონ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს გადარჩევა სრული შემადგენლობით! წინააღმდეგ შემთხევვაში, მათ არჩევნებში სერიოზული პრობლემები ექნებათ, ისედაც წკიპზე არიან.   „ქრონიკა+“-ს ესაუბრება საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, „დევნილთა კავშირის“ ხელმძღვანელი და აფხაზეთის ომის დროს 23-ე ბრიგადის მეთაურის მოადგილე შეიარაღებისა და ტრანსპორტის დარგში ვიცე-პოლკოვნიკის წოდებით _ როინ ჯანაშია: _ „ქრონიკა+“-დან შევიტყვე, რომ, თურმე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა ომის მონაწილე ყოფილა. ამაზე „ფეისბუქზე“ სტატუსი დავწერე, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ამიტომ გადავწყვიტე, ამ საკითხზე თქვენთან მესაუბრა. გაითვალისწინეთ, ამ ყველაფერს გიყვებათ როინ ჯანაშია, ბრიგადის მეთაური, რომელსაც მთელი ომის სტატისტიკა და ქაღალდები სახლში უწყვია, ავტომატების ნომრებიც კი მახსოვს, ვის რას ვაძლევდი. გია გვაზავა სოხუმში მხოლოდ ჰალსტუხით მინახავს და მე ვიცი ისტორია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრთა ომში „მონაწილეობის“ თაობაზე. ამ ინფორმაციას „ქრონიკა+“-თან პირველად ვამხელ. გახსოვთ, ალბათ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისია იყო, რომელსაც შოთა მალაშხია ხელმძღვანელობდა. მეც ამ კომისიის წევრი ვიყავი. 2007 წლის ერთ მშვენიერ დღეს კომისიის სხდომაზე აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენელი ანზორ წოწონავა ჩემთან მოვიდა და მეუბნება, _ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში შევქმენით კომისია და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები ვართ ომის წევრებიო და ხელმოწერას მთხოვდა. ეს ქაღალდი არ გამოვართვი, არც მინახავს, კონკრეტულად ვინ იყვნენ ჩამოწერილები. უარი ვთქვი ხელმოწერაზე. ერთი ის არის, თვითონ გადაწყვიტეს, რომ თურმე ომის მონაწილეები ყოფილან, სინამდვილეში ასე არ იყო. მეორე ის, რომ კაცი 15 წელი პარლამენტში იჯდა და არ იცის, რომ საქართველოს პარლამენტის წევრს ჯავშანი აქვს და მისი ჯარში წაყვანა არ შეიძლება. ამის გამოც ვერ მოვაწერდი ხელს. _ თქვენ ამბობთ, რომ 2007 წლამდე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებს და, მათ შორის, გვაზავას არ ჰქონდათ ვეტერანის სტატუსი? _ დიახ, ხაზგასმით ვამბობ! კონკრეტულად არ ვიცი, იმ სიაში ვინ ჰყავდათ შეყვანილი, მაგრამ წოწონავამ გარკვევით მითხრა, რომ ეს ეხებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებს. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს არ ეხება ბორის კაკუბავას და ჯემალ საჯაიას, რომლებიც არც მისულან პარლამენტში და როცა გაგრის ბატალიონი წინა ხაზზე გადიოდა, ყოველთვის კაკუბავა მოჰყვებოდა და ყოველთვის ვაძლევდი შეიარაღებას მეომრებთან ერთად. ხელი რომ არ მოვაწერე, ჩვენ შორის ურთიერთობა დაიძაბა, წოწონავა შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „აფხაზეთის მეომართა კავშირში“ წავიდა და ეს ქაღალდი მიიტანა. თუ გია გვაზავას ვეტერანის მოწმობა აქვს, ეს არ მიკვირს, რადგან ამისთანა საბუთები ათასობით გაიცა და ამის გაკეთება დღესაც თავისუფლად შეიძლება, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, _ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო შეიკრიბა და გადაწყვეტილება თვითონ მიიღო, რომ იომეს. ამ ფაქტს ვაფიქსირებ. წოწონავამ მითხრა, მიმაგრებულები ვიყავითო. ვინც მიამაგრა, იმასთან მისულიყო, ჩემთან რას მოდიოდა?! _ როდესაც ამ თემაზე მასალას ვამზადებდი, გია გვაზავამ ჩვენთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ მისი ვეტერანობის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტებს გვაჩვენებდა... _ რად უნდა ამხელა ამბის ატეხა?! კონკრეტულად თქვას, რომელ ბატალიონში იყო, ბატალიონის უფროსი ხომ მაინც იცნობს?! პიროვნულად არ ვეხები, გია გვაზავას პატივს ვცემ, მაგრამ ამდენჯერ ითქვა თუნდაც თქვენი გაზეთის მეშვეობით მისი ვეტერანობის შესახებ და ერთი საბუთი რით ვერ გამოაგზავნა? დღევანდელი ტექნიკის პირობებში წამებში შეუძლია გამოაგზავნოს, რად უნდა ამას მისვლა-მოსვლა?! ან თქვას, საბრძოლო მოკვლევა ვინ დაუწერა?! იმასაც ვიტყვი, რომ იმ მოკვლევის დამწერი შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი. გამოაქვეყნოს, ჩვენც მოვისვენებთ და თუ მართლა ასეა, ბოდიშსაც მოვუხდით, თუ არა, მაშინ თვითონ მოგვიხადონ ბოდიში! _ რომ გამოაქვეყნოს? _ ბლეფი იქნება, ბუნებაში ამისთანა არ არსებობს! მე გია გვაზავა სამხედრო ფორმით იქ არ მინახავს, რომც ყოფილიყო, იმას არ ნიშნავს, რომ ომობდა, ფორმის ტარების უფლება ჰქონდა. ის მინახავს, როცა შევარდნაძე ჩამოდიოდა. ადგებოდნენ და თბილისიდან ჩამოცვივდებოდნენ ხოლმე, ბიჭებო, ჩვენც თქვენთან ვართო, თავი რომ ეჩვენებინათ. ჩვენთან შევარდნაძე თათბირს რომ ატარებდა, იქაც არ ასწრებდნენ ხოლმე, გარეთ ისხდნენ. პარლამენტს მუშაობა არ შეუწყვეტია და კანონებს იღებდა, როგორ იყვნენ დეპუტატები ომში?! გია გვაზავას რა პრობლემა ჰქონდა, მეზობლად ვცხოვრობდი, ომში წასვლა თუ უნდოდა, შტაბში მივცემდი ადგილს, ომში საქმის მეტი რა არის?! საბუთიც ექნებოდა და ყველაფერი... კაციშვილმა არ იცოდა, გია გვაზავა ომის მონაწილე რომ იყო და ამიტომ ატყდა ერთი ამბავი. წარმოიდგინეთ, საავადმყოფოს მთავარი ექიმი რომ ვიყო, ექიმობა თუ არ ვიცი, რამდენი კაცი მიწევს, ის მაინც ხომ უნდა ვიცოდე, საჭმელი რომ ვაჭამო?! მე ვიყავი იქ დირექტორი და მეუბნება, შენთან ვიყავიო... _ „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლები აფხაზეთის ხელისუფლებას აკრიტიკებენ და არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. თქვენ როგორ აფასებთ მათ მუშაობას და როგორი აზრი გაქვთ უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით? _ როგორ ვაფასებ კი არა, საერთოდ როგორ ვაფასებდი პირველი დღიდან დაწყებული დღემდე, ჯერ იქიდან დავიწყოთ. 26-მა კაცმა არძინბასთან საერთო ვერ გამონახა, როცა გარედან ყველანაირი მხარდაჭერა ჰქონდათ, თავი ვერაფერს მოაბეს. არ ვაბრალებ, შესაძლებელია, მეტის გაკეთება არ შეიძლებოდა, ამის თავი ცენტრალურ ხელისუფლებაში შევარდნაძე იყო. იქიდან წამოვიდნენ და ყველა ხელისუფლებას მხარს უჭერენ, არასდროს ჰქონიათ ოპოზიციური განწყობა. ყველა უბედურება თავს დაგატყდა: დახოცილი ხალხი, უბინაო, უქონელი, მშიერი, როგორ უჭერ მხარს და ერთი სიტყვა არ გაქვს საწინააღმდეგო დევნილ ადამიანს?! საკუთარი თავის გარდა არაფერი აინტერესებთ! ბერდებიან და ერთი ახალი კაცი არ მოსულა აფხაზეთის ხელისუფლებაში. აფხაზეთი უნიჭიერესი ხალხის ადგილი იყო! გინახავთ აფხაზეთის ხელისუფლებაში დაწინაურებული ერთი კაცი?! რამდენი ჭკუით სავსე ხალხია გაფანტული საქართველოში თუ საზღვარგარეთ, ამ დროს, ეს მათ ევალებათ. ლაპარაკობენ, დღეს თუ არჩევნები ჩავატარეთ, დაიქცევა აფხაზეთი და პრეტენზია საერთოდ ვეღარ გვექნებაო. ბატონები გვაზავა და ლომინაძე აცხადებენ, პოლონეთის მთავრობა ამერიკაში ცხოვრობდა და თავიანთი სტატუსი ჰქონდათო. ეს რა შედარებაა?! მე სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ?! ერთი მდინარე გადავჭერი და ვცხოვრობ ჩემს ქვეყანაში. შენ თუ მიგაჩნია, რომ ქვეყნიდან გამოგდებული მთავრობა ხარ, ამით შენ უკვე დააფიქსირე, რომ ის სხვა ქვეყანაა! შენ ხარ დევნილი, დროებით წამოსული და მდინარის გადაღმა ცხოვრობ! სხვა ქვეყნიდან ხარ და ამერიკაში ხარ წასული? შენ ხარ საქართველოში! თუ საქართველოს ტერიტორიად ცნობს აფხაზეთს მთელი მსოფლიო, რატომ არის აფხაზეთის იქ არჩეული ხელისუფლება დღეს დევნილი უცხო ქვეყანაში?! რატომ არ შეიძლება არჩევნების ჩატარება?! მერე ეს არჩევითობა ჩვენი მოგონილი არ არის, არჩევითობა, ბოლოს და ბოლოს, იმიტომაც არის საჭირო, მთელი ცხოვრება ერთ კაცს რომ უყურებ, შეხედულებითაც კი გძულდება. თუნდაც მართალი იყო, შენ ადამიანის მოთხოვნილებებს უკვე ვერ აკმაყოფილებ. ამიტომ შეიძულა ქვეყანამ კომუნისტები, ერთი და იგივეს ყურებით დაიღალა ხალხი! 80 წლის ხარ, შე ოჯახაშენებულო, მეგრულიც დაგავიწყდა და ქართულიც ვერ ისწავლე, 40 წელს მიღწეული ახალგაზრდები მინდორში დგანან, ერთი თაობა გადაყლაპე და ჰაერში გაუშვი! მეუბნები, მაინც და მაინც, მე მიყურეო! ვერ გიყურებ!!! ერთი ეს ხომ არის დანაშაული, რომ არჩეული არა ხარ, უკანონო ხარ, მეორე ის არის, რომ მათი თაობის ხალხი იქ აღარავინ ცხოვრობს და ჩვენ არავინ გველაპარაკება. აფხაზებთან ბევრჯერ მქონია შეხება, იმათ საერთოდ არ უნდათ ჩვენი დანახვა, არც სახალხო დიპლომატია მუშაობს და არც არაფერი, მაგრამ ამის მიუხედავად, ლაპარაკი თუ გინდა, უნდა ელაპარაკო ხვალინდელ დღეზე! აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში რომ შეხვალ, ახკომი და კომკავშირი გეგონება! ერთი ადამიანი მაჩვენეთ ხელმძღვანელობაში, რომელსაც კომუნისტურ პარტიაში არ უმუშავია?! კიდევ გეუბნებით: პიროვნულად არავის ვეხები, მაგრამ ისინი თავიანთი მოქმედებით ქვეყნის წინაშე მკვდრები არიან, როგორც ლენინი მავზოლეუმში, _ მკვდარი, რომელიც ჭამს! ესენიც ზუსტად ასე არიან! საზღვარგარეთ ხომ აქვთ მიწვევები სხვადასხვა საკითზე, ღმერთმა ყველას აშოროს, მაგრამ თვითმფრინავი რომ ჩამოვარდეს და ამათ რაღაც დაემართოთ, აფხაზეთი დავკარგეთ? ტაშკენტის ფეხბურთის გუნდი ჩამოვარდა და უფრო კარგი გუნდი ააწყვეს, ვერ გავიგე, ყოლბაიას ვერ ვიშოვით? ერთი კაცი მანახეთ, რომელიც იტყვის, რომ ამათ გარეშე უმაღლესი საბჭო წარმოუდგენელია! ან სად გაგონილა, კაცი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეობას დაამთავრებს და ისევ დეპუტატი ხდება?! დღეს არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც აფხაზეთის შესახებ ლაპარაკობს, ეს არის სირცხვილი. სასწრაფოდ არჩევნები უნდა ჩატარდეს, ახალი ძალა რომ მოვა, სხვა საკითხებს დააყენებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რომელზედაც ესენი საუბარს ვერ ბედავენ. მხოლოდ გადაუდებელი კი არ არის ამის გაკეთება, სირცხვილია! მათი საქმეა მარტო ქორწილებში და ქელეხებში სიარული, ახლა იქაც ვერ მიდიან, ხალხისგან ისეთი აგრესია მოდის. ღელეს გადმოღმა ვართ გადმოსულები ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ არც პოლონეთის მთავრობა ვართ და არც საფრანგეთში გადახვეწილი ჟორდანიას მთავრობა. ამ მთავრობას კი არ სცნობს მსოფლიო, ჩვენ გვცნობენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობით, აფხაზეთიანად! „ქრონიკა+“ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, გია გვაზავას დაუკავშირდა: _ მე მათთან ლაპარაკი არ მაინტერესებს. სიტყვებზე ხომ არ დამიჯერებთ და ამიტომ თქვენ მობრძანდით ჩემთან და გაჩვენებთ საბრძოლო მოკვლევას, სად ვიყავი. მთელმა აფხაზეთმა იცის, ვინ სად იყო 28-ში საღამოს, როცა სოხუმი დავტოვე, ეს ყველამ კარგად იცის, ვინც იქ იყო და ვისაც არ უნდა იცოდეს, ეს მათი ნებაა. ანგარიში ჩასაბარებელი არავისთან მაქვს, მხოლოდ ჩემი სინდისისა და ღმერთის წინაშე ვარ ანგარიშვალდებული. ვისაც აინტერესებს, საბუთსაც ვუჩვენებ და ავუხსნი კიდეც და ვისაც არ აინტერესებს, ღმერთმა თავის გზაზე გაუმარჯოს. „ქრონიკა+“ მთელი დღის მანძილზე ამაოდ ცდილობდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირებას. გვსურდა მიგვეღო უმაღლესი საბჭოს წევრების ვეტერანობის დამადასტურებელი სკანირებული დოკუმენტები. სატელეფონო შეტყობინებაც გავაგზავნეთ, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.  

                                                                                                                თამარ ბატიაშვილი

   

გაზიარება