QronikaPlus
ნათია კორკოტაძე: ,,ასეთი კანდიდატებით „ოცნების“ გამარჯვება შეუძლებელია. რჩება ერთი გამოსავალი _ გაყალბება!”

ნათია კორკოტაძე: ,,ასეთი კანდიდატებით „ოცნების“ გამარჯვება შეუძლებელია. რჩება ერთი გამოსავალი _ გაყალბება!”

2016-07-25 07:36:51

ადვოკატი ნათია კორკოტაძე, რომელიც 4 წლის წინათ, „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში, მის თავგადაკლულ მხარდამჭერად ითვლებოდა, დღეს აცხადებს, რომ „ოცნებას“ გვერდით აღარ დაუდგება. ამჯერად მისთვის მიუღებელი აღმოჩდა პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატების 15-კაციანი სია, რომელიც საგურამოში, ილიას მიზეუმში პომპეზურად წარადგინეს. ნათია კორკოტაძე: _ მეც და საზოგადოების დიდი უმრავლესობაც მიიჩნევს, რომ ვისაც  ჩვენს ქვეყანაზე გული შესტკივა, უყვარს, აუცილებლად უნდა მიეღო მონაწილეობა 2007 წლის 7 ნოემბრის, ასევე 2009 წლის იმ გამოსვლებში, რომელსაც ოპოზიცია აწყობდა. „ქართული ოცნების“ დასახელებული იმ 15 კანდიდატიდან კი, რომელიც რამდენიმე დღის წინათ წარადგინეს, არც ერთი არ არის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი. ბიძინა ივანიშვილი ხშირად ამბობს, რომ 2011 წლის 26 მაისს მოთმინების ფიალა აევსო და გადაწყვიტა, საქართველო ფაშისტური რეჟიმისგან ეხსნა, კულმინაცია კი 26 მაისი ყოფილა. თუ ეს ასეა, გაუგებარია „ოცნების“ არჩევანი, თუნდაც, თამარ ჩუგოშვილთან დაკავშირებით. ის ადამიანები, რომლებიც რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდით, რომლებიც ყოველთვის ვიდექით იქ, სადაც საქართველოს სჭირდებოდა და უჭირდა, ყველა ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ 26 მაისს გააკეთა, 9 აპრილის ანტიგმირ როდიონოვსაც კი არ გაუკეთებია. 12 საათი გახდა თუ არა, 5 წუთი არ იყო გასული, რომ დარბევა დაიწყო. 9 აპრილს დერეფანი გააკეთეს, ხალხი რომ გასულიყო, აქ კი პირდაპირ ალყაში მოგვაქციეს. სანამ ეს საშინელება დაიწყებოდა, მე, ირინა ფუტკარაძე და ვახტანგ მაისაიას მეუღლე _ ელენე მაღრაძე, პირდაპირ თავსხმა წვიმაში ვიდექით. ელენე ძალიან დასველდა და ტანსაცმლის გამოსაცვლელად წავიდა, ჩვენც გავყევით. სწორედ ამ დროს ატყდა საშინელი დარბევა. ცხადია, ამას არავინ ელოდებოდა. ძლივს ავაღწიეთ არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ოფისში, რომელიც პარლამენტთან ახლოს არის, მაგრამ შენობაში შუქი გათიშული იყო. მე ტელეფონში „მაესტრო“ მქონდა ჩართული და ასე ვიგებდი ინფორმაციებს. დიახ, ჩემი ყურით გაგონილს გეუბნებით ახლა. ჯერ გამოვიდა ამერიკის იმდროინდელი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, რომელმაც თქვა, რომ ძალადობას ჰქონდა ადგილი და მიტინგის დრო ამოწურული იყო. თუმცა ჯონ ბასსაც არ გაუკეთებია ისეთი განცხადება, როგორიც მაშინ თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა. მან თქვა, რომ ვინაიდან მიტინგის დრო ამოწურულია და ვადა გაგრძელებული არ არის, დარბევა უნდა მოხდეს, რადგან ძალადობა არისო. რომელ ძალადობას ჰქონდა ადგილი, როცა ვერავინ იტყვის, რომ ამდენ ხალხში ვინმეს იარაღი სჭეროდა? ამის შემდეგ, რამდენიმე წუთში, ჩუგოშვილი იმ ოფისში შემოვიდა, სადაც ჩვენ ვიყავით და თავის ოთახში ისე დაჯდა, თითქოს არაფერი მომხდარა. რადგან ელექტროენერგია გამორთული იყო, ეტყობა, იფიქრა, რომ ვერ მოვისმინეთ მისი განცხადება. როცა ვუთხარით, ეს რატომ თქვიო, თავის მართლება დაიწყო, _ მე ასეთი განცხადება არ გამიკეთებიაო. ჯონ ბასისა და თამარ ჩუგოშვილის გარდა ასეთი საშინელი განცხადება არავის გაუკეთებია. მან რეჟიმის წისქვილზე დაასხა წყალი და მისი ქმედებები გაამართლა. ეს ადამიანი ახლა „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერია და ეს როგორ უნდა მოგვწონდეს, ან გვიხაროდეს? _ თამარ ჩუგოშვილი ამ საარჩევნო სიის გამოქვეყნებამდეც მიღებული იყო „ქართული ოცნებისთვის“, თანამდებობებს იკავებდა იქ და ამ ფაქტის გამო არავის მოუკვეთია. ასე არ არის? _ 2012 წლის არჩევნების შემდეგ ივანიშვილი პრესკონფერენციებს ატარებდა, სადაც ამბობდა, _ არასამთავრობოებს მივხედავო. ის ჩუგოშვილსაც მოიაზრებდა და მის არასამთავრობოსაც, მაგრამ შემდეგ რა მოხდა, ნამდვილად არ ვიცი. კახა კუკავასთან კომისია შეიქმნა, სადაც პოლიტპატიმრების სტატუსს ადგენდნენ. მაშინ ბევრი მასხრად გვიგდებდა, არ ეგონათ, რომ შედეგს დავდებდით, მაგრამ ადვოკატებს საქმეები მოჰქონდათ და მას ძირფესვიანად ვსწავლობდით. ამ საქმეებიდან 229 პოლიტპატიმრისა და 25 პოლიტდევნილის საქმე გავიტანეთ პარლამენტში. ბოლოს რაღაც სიები ჩაამატეს, თორემ დანარჩენი ჩვენი ნამუშევარი იყო და ყველა მათგანზე თავს დავდებთ, რომ მიუკერძოებლად, ობიექტურად შევისწავლეთ. დღეს, რატომღაც, არავის ახსოვს ის, რომ როცა პარლამენტში ამნისტიასთან დაკავშირებით ლაპარაკი დაიწყო, საიამ, პროტესტის ნიშნად, იქაურობა დატოვა. მათ გამო კინაღამ ეჭვქვეშ დადგა პოლიტპატიმრების საქმე. დიახ, ესეც გააკეთა ჩუგოშვილმა და მანაც მოიძულა რეჟიმის მიერ განწირული ხალხი. „ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება ის იყო, რომ სამართლიანობას აღადგენდა და თუნდაც პოლიტპატიმრების, პოლიტდევნილების საქმეებს შეისწავლიდა, მაგრამ 4 წელი გავიდა ფუჭ მოლოდინში. ამის მიზეზიც ის იყო, რომ ამერიკის ჩანერგილ კადრებს არ სურდათ. „ოცნებამ“ მაშინდელი ამერიკის ელჩის დავალებით ჩუგოშვილი პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსად დანიშნა, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილმა ის ჰარვარდის უნივერსიტეტში სასწავლებლად გაუშვა. განათლების მიღება ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენს ქვეყანას რომ უშველო, ამისთვის მთავარი ქართული სულია, სხვანაირად ვერ დაეხმარები. საქართველოში რომ ცხოვრობ, ქართულ საქმეს უნდა ემსახურებოდე და მაშინ ხარ დასაფასებელი, მისაღები. ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ ისეთ ადამიანს, საკუთარ ენას, ხალხს რომ არ სცემდეს პატივს და მას მაინც ასე აფასებდნენ, თანამდებობებს სთავაზობდნენ და აწინაურებდნენ, როგორც ეს ჩუგოშვილის შემთხვევაში ხდება. „ოცნების“ ახალი სახეებიდან, ზოგს, თურმე, ჰარვარდი აქვს დამთავრებული, ზოგს სხვა სასწავლებელი უცხოეთში. ეს ფაქტიც სააკაშვილის პერიოდს მაგონებს, როცა საპარლამენტო სიაში ნინო კალანდაძე შეიყვანეს და ამბობდნენ, რომ ისინი აეროპორტში შეხვდნენ, ერთმანეთი გაიცნეს და რადგან უცხოური განათლება ჰქონდა, გადაწყვიტა, საკანონმდებლო ხელისუფლებაში მოეყვანა. ასე მოხდა ვერა ქობალიას შემთხვევაშიც და მაინტერესებს, „ოცნების“ სახეები რით განსხვავდებიან მიშას სახეებისგან? რადგან მხოლოდ უცხოურ განათლებაზეა საუბარი, „ნაციონალების“ კადრებიც უცხოეთის სკოლაგავლილები არიან. ბოკერიაც უნიჭიერესია, მანაც იცის არაჩვეულებრივად საუბარი და დებატების მოგებაც ამათზე კარგად შეუძლია და ამიტომ საზოგადობას ძალით უნდა მიგვაღებინონ? _ ჩუგოშვილის გარდა, დასახელებული კანდიდატებიდან კიდევ რომელი მიგაჩნიათ „ოცნების“ სიისთვის მიუღებლად? _ ბევრი არის სრულიად უცნობი კადრი. ხალხს მათ მხოლოდ ერთი რამით აწონებენ _ უცხოური განათლებით. შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძის წინააღმდეგ, რომელიც ასევე „მეოცნებეთა“ სიაშია, სარჩელი მაქვს შეტანილი ქალაქის სასამართლოში კუჭავას მიმართ პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებებისთვის. მოვითხოვ ამ განცხადების უარყოფას და ბოდიშის მოხდას ტელევიზიებით. საქმე ეხება მინისტრის პირველი მოადგილის ტელევიზიით განცხადებას, როცა მან ეჭვმიტანილზე თქვა, რომ ის არის მკვლელი, მან მსხვერპლი მიიყვანა       ნაქირავებ ბინაში, მიიტანა ხერხი „ბალგარკა“, გორგოლაჭებიანი ჩანთა და ასე განახორციელა ეს დანაშაულიო. ამ გახერხვის დროს ვითომ ფეხი დაისერა, შემდეგ წამოვიდა და თავი მოიკლაო. ამას ამბობს ამხელა თანამდებობის პირი, როცა მტკიცებულებები არ გააჩნდათ. ის არ გახლავთ ბრალდების მხარე _ პროკურორი და ამის უფლება, ცხადია, მას არ ჰქონდა. კუჭავას საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებდა და, კანონის თანახმად, მხოლოდ პროკურატურას შეეძლო, ვარაუდებისა და ეჭვების საფუძველზე რამე ეთქვა, შს მინისტრის მოადგილეს კი ამის უფლებას კანონი არ აძლევდა, თუმცა მან კანონს გადააბიჯა და ამ ადამიანისგან პარლამენტში, საკანონმდებლო უწყებაში კარგს რას უნდა ველოდეთ?! თალაკვაძე უტიფრად აცხადებდა, მე არ ვარღვევ კანონს და უფლება მაქვს, ეს ყველაფერი ვილაპარაკოო. როცა ეს ფაქტი პრესკონფერენციებზე გავაჟღერე და დავუსაბუთე, გაჩუმდა. მერე გავიგე, რომ თურმე ექიმი ყოფილა, სამედიცინო უნივერსიტეტ დამთავრებული, რაღაც სერტიფიკატები აუღია იურიდიულ სფეროში და, აგერ, ხან მინისტრის მოადგილედ ნიშნავენ, ხანაც პარლამენტარს ხდიან. ალბათ გახსოვთ, რა განცხადებებს აკეთებდა ჩუგოშვილი პატრიარქზე და ამ ადამიანს, თურმე, პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის ამზადებენ და ამის მერე რა უნდა ვილაპარაკო „ოცნების“ შერჩეულ კანდიდატებზე და „ოცნებაზე“? ახლა სოფო ჯაფარიძეზე გეტყვით, რომელიც „ოცნების“ დასახელებულ კანდიდატებს შორისაა: მას არასამთავრობო ორგანიზაცია ჰქონდა, რომელსაც სოროსის ფონდი აფინანსებდა. ყველას გვახსოვს, რა დღეში ვიყავით და როგორ აკრიტიკებდა „ოცნება“ სოროსის ფონდს, რადგან ისინი რეჟიმის მთავარი დამფინანსებლები იყვნენ. 2009 წელს გაერთიანებული ოპოზიცია და არასამთავრობოები ერთად ვიდექით. იმ დროს არასამთავრობოში ვიყავი და ერთ-ერთ ღონისძებაზე თქვეს, სოროსი გვაფინანსებსო. ამის მერე მე მათი მოცემული ფული არ ამიღია. ასე იმიტომ გავაკეთე, რომ ქართულ საქმეს ყოველთვის უანგაროდ ვაკეთებ. მაშინ არც ერთ ადვოკატს არ აგვიღია ეს ფული და ვინც ამ ფონდის ფულს იღებდა, დღეს სათავეში მოგყავს, მას აბარებ ქვეყნის ბედს და ეს ნორმალურია? _ „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენის შემდგომ სოციალურ ქსელში თქვენ გამოაქვეყნეთ ასეთი პოსტი: „ეს რა მარაზმია, ვინ დაასახელეს?! „ოცნებისტებო“, გაგიჟდით? თამარ ჩუგოშვილის მიერ გაკეთებული განცხადება 2011 წლის 26 მაისს დაგავიწყდათ?! ვერ გავიგე, სად მოძებნეთ ზოგიერთი ყოფილი „ნაცი“, ჩანერგილები, ამ ხალხით აპირებთ მოგებას? ცნობისთვის: ვინც არ მიცნობს, „ნაცი“ არ ვარ, ცილი არ დამწამოთ, თუმცა ნაკლებად მაინტერესებს ზოგიერთის აზრი. პარტიის წარმომადგენლებო, ასეთი შეცდომა არ დაუშვათ და ახალ სახეებად ასეთი „ნასედკები“ არ წარადგინოთ“. ვის და რატომ უწოდებთ „ნასედკებს“, იქნებ, ესეც განგვიმარტოთ? _ მამუკა მდინარაძე ჩემი კოლეგაა, მაგრამ არ შემიძლია, ამის გამო სიმართლე დავმალო. ამ საუბარს ისე ნუ ჩამითვლით, რომ თავს ვიქებ, მაგრამ მინდა, შედარება დაგანახვოთ: წლების განმავლობაში ქუჩაში ვიდექი, მაგრამ რადგან რეჟიმი სხვანაირად ვერ შემეხო, რომ დავესაჯე, 2011 წელს რაღაც ინციდენტი მომიხდა ავტომანქანით და სასწრაფოდ საჯარიმოზე გადაიყვანეს. ფაქტობრივად, დამიპატიმრეს, რადგან 4 თვე საჯარიმოზე იდგა. სხვა გზა რომ აღარ დამიტოვეს, მაშინდელი „ეფბიაის“ დირექტორი, ლუის ნავარო ჩავრიე საქმეში. მან ადეიშვილს დაურეკა და ნება დამრთეს, მანქანა წამომეყვანა. თუმცა იმ დღეს სეტყვა მოვიდა და ახალი მანქანა სულ დამიმტვრია, ნახევარ ფასადაც ვეღარ გავყიდე. ასე გვებრძოდნენ ჩვენ და მამუკა მდინარაძე, რომელიც ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო, დღეს „ოცნებაშია“ და აგერ, სიაშიც აღმოჩნდა. ეს ყველაფერი როგორ ხდება, ნამდვილად არ მესმის და ვერასდროს გავიგებ ასეთ „ოცნებას“. _ ისევ ადვოკატებისგან ვიცი, რომ ისინი კლიენტებს პარტიული ნიშნით არ არჩევენ და ამ მხრივ მათი დადანაშაულება, ან ასეთი ფაქტებით კომპრომეტირება სწორი არ არის. რადგან მდინარაძე მერაბიშვილის ბიძას იცავდა, მისთვის „ქართული ოცნების“ კარი დახურული რატომ უნდა ყოფილიყო?  _ ამჯერად საუბარია საპარლამენტო სიებზე და საკანონმდებლო მოღვაწეობაზე. ასეთ დროს ეს ფაქტორი აუცილებლად გასათვალისწინებელია. აღნიშნული წარდგენის შემდეგ უკვე ვიცი, 2016 წლის 8 ოქტომბრის მერე რას უნდა მოველოდეთ ამ ხალხისგან. ისინი „ნაციონალებს“ შეეკრებიან და პარლამენტშიც „ნაციონალები“ აღმოჩნდებიან უმრავლესობაში, „ოცნება“ კი _ უმცირესობაში. ასე გაიმარჯვებს ის რეჟიმი, რომელიც 2012 წელს ხელისუფლებას მოვაშორეთ და თითქოს დავამარცხეთ. როგორც ვიცი, სწორედ ასეთი „გადატრიალება“ მზადდება და ხალხს აბითურებენ. „გირჩი“, გიორგი ვაშაძე, პაატა ბურჭულაძე, როგორ გგონიათ, ვინ არიან? თავად ბურჭულაძის პარტიის დამფუძნებლები გამოდიან და საჯაროდ აცხადებენ, ვტოვებთ პაატას პარტიასო. აი, ნახავთ, რა მოხდება, ამჟამინდელი პარლამენტი მონაგონი იქნება. კურტანიძეს და ჯაჭვლიანს ჰარვარდი არ დაუმთავრებიათ, მაგრამ ქვეყანაზე გული შესტკივათ და დღე და ღამე ქუჩაში იდგნენ. სწორედ მამუკა მდინარაძე გამოვიდა კორცხელის ფაქტთან დაკავშირებით და გაუგებარ განცხადებებს აკეთებდა. გამოფინა ფოტომასალა, ეს ხალხი პროვოცირებას უწევდა ამ ყველაფერსო. სირცხვილია, როდესაც ადვოკატი განცხადებას აკეთებ და მტკიცებულება ხელში არ გიჭირავს. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები ამ დროს ზუგდიდში არ იმყოფებოდნენ. ამ ყველაფერს ხალხი ხედავს და ერთმანეთს თუ ატყუებენ, მათ ვერ მოატყუებენ. გადახედოს „ოცნებამ“ და თავად მდინარეძემ, რას წერდა ამ გამოსვლის შემდგომ სოციალურ ქსელში ხალხი და მიხვდებიან, რომ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მათ ჰგონიათ. _ თქვენი აზრით, რა ხდება, „ოცნებამ“ რატომ დაასახელა ასეთი კანდიდატები? _ ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში 15 ადამიანის წარდგენამდე, წინა დღეებში, ამერიკიდან საქართველოში ჩამოვიდა იან კელი. ჩემი აზრით, მან სიტუაციები ისე დაალაგა, როგორც მათ სურთ და მანვე გადასცა „ოცნებას“ ეს 15-კაციანი სიაც. მათ არ გაითვალისწინეს, რომ ქართველ ხალხს არ სჭირდება სულით ამერიკელი პარლამენტარი. ჩვენ ვართ ქართველები და გვინდა, რომ ქართულად მოაზროვნე პარლამენტარები გვყავდეს. რაც ამ სიებთან დაკავშირებით მოხდა, ასევე რაც ზემოთ მოგახსენეთ, ამის შემდეგ, „ქართული ოცნება“ ჩემთვის აღარ არსებობს. მე ამ პარტიას მხარს არ დავუჭერ და გვერდით არ დავუდგები. აშკარაა, რომ იმ მიზანს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ 4 წლის წინათ ჰქონდა, მომავალი არ გააჩნია და ის დაპირებებიც არასდროს შესრულდება. ამ 15 ადამიანიდან ძალიან ბევრის წარსული გაურკვეველია და ვიცით მხოლოდ ის, რომ უცხოეთში იყვნენ. თუ მოხდა ისე, რომ ამ ხალხის მეოხებით „ნაციონალები“ მობრუნდნენ, თქვენ წარმოგიდგენიათ, რა უნდა ქნას იმ ხალხმა, რომელიც „ნაციონალებს“ ებრძოდა? ან ის პოლიტპატიმრები რა დღეში აღმოჩნდებიან, რომელთაც „ოცნებამ“ მხოლოდ სტატუსი მიანიჭა, საქმეებს არ გადახედა და არც გაუმართლებია? ვახტანგ მაისაიას საქმეს დღემდე „გრიფით საიდუმლო“ ადევს. ეს ადამიანი მობრუნებული „ნაციონალებისგან“ კარგს როგორ უნდა ელოდეს? სულხან მოლაშვილი რომ მოკვდა, მერე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე და მაინცდამაინც ყველა უნდა დაიღუპოს, ეს რომ გააკეთონ? მაისაია სტრასბურგმა გაამართლა და ესენი საქმეს საიდუმლო გრიფს არ ხსნიან. ვეკითხები „ოცნებას“, _ სტრასბურგია ჩვენი დედაქალაქი და ის უნდა გვიცავდეს მხოლოდ? იცით, რას ამბობდნენ პოლიტპატიმრები, _ სტრასბურგში საჩივარს აღარ შევიტანთ იმიტომ, რომ საქართველოს არ დაეკისროს გადასახადიო. მათ მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა უნდოდათ, მაგრამ ესეც არ გააკეთეს. საწყალი თემურ თოფურიძე ციხიდან გამოვიდა და ერთ კვირაში მოკვდა. ავადმყოფი, ახალი ნაოპერაციები კაცი დაიჭირეს და იქ რა დღეებიც გაიარა, კარგად როგორ გახდებოდა? აი, ასეთი ხალხის გვერდით დადგომაზე თქვა „ოცნებამ“ უარი. ამის მერე მათგან სიკეთეს არ მოველი და ჩემი აზრი კიდევ ერთხელ განმტკიცდა ილიას მუზეუმში კანდიდატების წარდგენის შემდეგ. ეს არის კიდევ ერთი ბლეფი და ტყუილი, რომელსაც ხალხს უგდებენ. დარწმუნებული ვარ, დანარჩენი კანდიდატებიც იგივე ნიშნით, ანდაც უარესით იქნებიან შერჩეულნი. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ამ სიით გამარჯვებას ისინი არ უნდა მოელოდნენ, თუ არ გააყალბებენ არჩევნებს. _ მიგაჩნიათ, რომ შეიძლება არჩევნები გაყალბდეს? _ ასეთი კანდიდატებით „ოცნების“ გამარჯვება შეუძლებელია. რჩება ერთი გამოსავალი _ გაყალბება.   ნელი ვარდიაშვილი    

გაზიარება