QronikaPlus
არეულობა „არამიანცის“ კლასტერში: „აქ შავი ფული ტრიალებს, საარჩევნოდ დიდი თანხა თეთრდება!“

არეულობა „არამიანცის“ კლასტერში: „აქ შავი ფული ტრიალებს, საარჩევნოდ დიდი თანხა თეთრდება!“

2016-08-01 07:49:23

თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში, „არამიანცის“ კლასტერში, დიდი არეულობაა. ნაწილი კლინიკების შესაძლოა, გაიფიცოს, ზოგიერთი კლინიკის ხელმძღვანელი მზად არის, შიმშილობა გამოაცხადოს, უმეტესობა კი დუმს და მოვლენების განვითარებას ელოდება, მაგალითად, დიღმის საავადმყოფოთა კლასტერი, სადაც, შეიძლება ითქვას, იგივე ვითარებაა. „ქრონიკა+“ პირველ კლინიკურ საავადმყოფოს ეწვია. ანზორ მელია _ კლინიკა „გულის“ ხელმძღვანელი: _ სამი წლის წინათ „გადაუდებელი სასწრაფო დახმარების“ მაშინდელმა უფროსმა, კახა ჩიხრაძემ, ჩვენთან ინფარქტიანი ავადმყოფების მოყვანა შეწყვიტა. ყველა ავადმყოფი მიჰყავდათ ივანიშვილის იმდროინდელი მრჩევლის (დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე), ამირან გამყრელიძის მძახლის _ გოჩა ინგოროყვას კლინიკაში. ამ უკანასკნელში ისეთი ამბავი ხდებოდა, რომ ადგილები აღარ ჰყოფნიდათ და ავადმყოფები საკაცეებზე ეწვინათ. 100-მდე ავადმყოფი დღეში _ ეს ის რაოდენობაა, რომელსაც ვერც ერთი კლინიკა ვერ მიიღებს. მივედი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან და ვუთხარი, რომ მომეცით ბრძანების ასლი, რითაც მე, ლიცენზირებულ კლინიკას, მიკრძალავთ მწვავე ინფარქტიანი ავადმყოფების მკურნალობას-მეთქი. ბრძანება არ მომცეს და შიმშილობა გამოვაცხადე. ატყდა ერთი ამბავი, მოვიდა ყველა ტელევიზია, _ მელია შიმშილობსო! და მეორე დღესვე სერგეენკომ  ეს ბრძანება გააუქმა. _ ანუ ასეთი ბრძანება არსებობდა? _ დიახ. „არამიანცის“ კლასტერის ტერიტორიაზე ყველას ეკრძალებოდა პაციენტის მიღება „ინგოროყვას კლინიკის“ გარდა. მე მაშინ ვთქვი, _ ეს რა მინისტრია, რომელიც კაბინეტში ზის და კლინიკებს არ ათვალიერებს-მეთქი. დავით სერგეენკო ამის შემდეგ შემხვდა და მითხრა, რომ თქვენ მართალი ბრძანდებოდით, მთელ მსოფლიოში მიღებულია, რომ მწვავე ინფარქტი და მწვავე ინსულტი ემერჯენსის გვერდის ავლით უნდა მიდიოდეს სპეციალიზებულ კლინიკაშიო. სასწრაფოს მაშინდელ მაფიას ეს გეგმა არ გამოუვიდა. მაგრამ ახლა, არჩევნების წინ განაახლეს და რეალურად მთელი „არამიანცი“ დატერორებული ჰყავთ. _ რას გულისხმობთ? _ სასწრაფოების დღევანდელი უფროსი ბუთხუზი იმ მაფიის წევრია, რომელიც წინასაარჩევნო ფულის გათეთრებაში მონაწილეობს. მე ამას ხმამაღლა ვაცხადებ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს არის არჩევნებისთვის. როცა პირში ვუთხარი, აქეთ ბრალი დამდო და დამადანაშაულა, რომ „ნაციონალების“ გაკეთებულიაო. ახლა, ეს პასუხია?! სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჯანდაცვის მინისტრებს და რეფორმებს ვაკრიტიკებდი, ამოიღონ ტელეგადაცეემები, სტატიები. ბუთხუზი სად იყო? მაშინ ხომ იყო ბატონი ბუთხუზი მცხეთის პოლიციის უფროსი? მაშინ არ ვიყავი მელიას მამა? ანდა კაი, მე გასაგებია, მაგრამ სხვა კლინიკების დირექტორებსაც შვილები „ნაციონალები“ ჰყავთ?! _ კონკრეტულ ფაქტებზე გადავიდეთ: რა გარიგებაზე და საარჩევნო ფულის გათეთრებაზეა საუბარი? _ ბევრს ეშინია ამაზე საუბრის! რისი ეშინიათ, მაგასაც გეტყვით. მოკლედ: 2015 წლის ნოემბერს არამაინცის ტერიტორიაზე გაიხსნა შპს „პირველი კლინიკური საავადმყოფო“. ამის შემდეგ სასწრაფო დახმარების ყველა ბრიგადამ ავადმყოფების მიყვანა ნელ-ნელა ამ კლინიკაში დაიწყო. ეს მარტო მე არ მეხება, სხვა კლინიკებიც დაგელაპარაკებიან. 7 თვის განმავლობაში თბილისის სასწრაფო გადაუდებელმა ცენტრმა ისე გააკეთა, რომ მინიმუმ ხუთმა კლინიკამ თავისი ექიმები უხელფასო შვებულებაში გაუშვა. _ ბატონო ანზორ, იქნებ, იმ კლინიკას უკეთესი მენეჯმენტი, ანდა უფრო გამართული მარკეტინგული სტრუქტურა აქვს? _ მოგვიყვებით: თავიდან ამ ყველაფერს შორიდან ვუყურებდი და თვალებს არ ვუჯერებდი. 2016 წლის მაისიდან შპს „პირველმა კლინიკურმა საავადმყოფომ“ კარდიოლოგიური პროფილის პაციენტების მიღება დაიწყო. ამ დროს ზუსტად ვიცოდი, რომ მათ კარდიოლოგიურ საქმიანობაზე ლიცენზია არ ჰქონდათ. _ რა გსურთ თქვათ, რომ ულიცენზიოდ მუშაობდნენ? _ ეს ჩემთვისაც იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მივმართე. აღმოჩნდა, რომ ლიცენზია ამ სეგმენტში მართლაც არ ჰქონდათ. ჯანდაცვის სამინისტრომ სასამართლოს მიმართა და შპს „პირველი კლინიკური საავადმყოფო“ დაჯარიმდა. ახლა მე თქვენ გისვამთ კითხვას? _ რა მენეჯმენტზე და გამართულ ინფრასტრუქტურაზე მელაპარაკებით, როდესაც გადაუდებელი სასწრაფო დახმარების  ხელმძღვანელობას მაგიდაზე უდევს კლინიკების სია, კერძოდ, ვის რა ლიცენზია აქვს და ულიცენზიო განყოფილებაში მიჰყავთ ყველა პაციენტი?! _ თქვენ ახლა საუბრობთ კონკრეტულ გარიგებაზე „სასწრაფოს“ ხელმძღვანელობასა და შპს „პირველი კლინიკური საავადმყოფოს“ შორის. რა სახის არის ეს კავშირები და საიდან მოდის? _ მცხეთიდან. შპს „პირველი კლინიკური საავადმყოფოს“ დირექტორი მეტრეველი მცხეთის საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო მაშინ, როდესაც „სასწრაფოს“ დღევანდელი დირექტორი, გიორგი ბუთხუზი, მცხეთის პოლიციის უფროსი გახლდათ. ახლა რომ იხსნება ახალ-ახალი კლინიკები, მერწმუნეთ, მილიონერის გარდა ვერავინ შეძლებს ახალი კლინიკის გახსნას. ყველას ზურგს უკან ან მინისტრის მოადგილე დგას, ან პარლამენტის წევრი და ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ წამყვანი კერძო კლინიკები გააკოტრონ. 20 წელიწადია, ჩემი კლინიკა გახსნილია, მაგრამ მანამდე აქ ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილება იყო. კლინიკად რომ ჩამოყალიბდეს, ოცი წელი მაინც უნდა. მაგრამ მედიცინა ამათ ბიზნესი ჰგონიათ. _ რომელ კლინიკებს შეექმნათ პრობლემა „სასწრაფოსა“ და შპს „პირველ კლინიკურ საავადმყოფოს“ გარიგების გამო? _ ნანა იაშვილის რეანიმაციულ კლნიკას, ქეთევან ბეჟანიშვილის ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრს, ნოდარ კაკაბაძის ნევროლოგიურ კლინიკას და ა. შ. რომელი ერთი ჩამოგითვალოთ? მეტსაც გეტყვით: თავად გოჩა ინგოროყვას კლინიკასაც. ნაწილმა ხალხი უხელფასო შვებულებაში გაუშვა. _ ანუ ერთმა კლინიკამ წაიღო ყველაფერი? _ იმ კლინიკამ, რომელსაც ლიცენზია არ აქვს. იქ შავი ფული ტრიალებს, არჩევნებისთვის კეთდება. მერწმუნეთ, თავს დავდებ. ჯანდაცვის სამინისტრომ ჩვენთან საუბარში აღიარა, რომ ჩვენ ისინი შევამოწმეთ, ულიცენზიოდ მუშაობდნენ და სასამართლოს ჯარიმისთვის გადავეცითო. ასევე გავარკვიეთ, რომ საწოლები დამტკიცებული საწოლების რაოდენობას აღემატებოდა. შპს „პირველ კლინიკურ საავადმყოფოში“ მუშაობს მხოლოდ „პადვლის“ განყოფილება. _ „პადვლის“ განყოფილება რას ნიშნავს? _ რეანიმაცია, ემერჯენსი და კარდიოლოგია სარდაფშია განთავსებული. ზემოთ რომ აიხედო, მოსიარულეთა ფეხსაცმელებს დაინახავთ. გია თვალავაძეს დავუკერე და მან მითხრა, რომ მართალია, ულიცენზიოდ მუშაობენ, მაგრამ გარემოს დაცვის სამინისტრომ უფლება მისცაო. _ გარემოს დაცვის სამინისტრო რა შუაშია? _ რა და, გარემოს დაცვამ მისცა კორონოგრაფიული აპარატის დაყენების უფლება იმ „პადვალში“. ამ უკანასკნელს ძალიან ძლიერი გამოსხივება აქვს და გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვაა საჭირო. _ კი მაგრამ, გარემოს დაცვა ჯანდაცვის სამინისტროს ლიცენზიასთან რა კავშირშია? ანდა მერიამ როგორ უგულებელყო ის, რომ კლინიკას ლიცენზია არ აქვს და ავადმყოფებს იღებს? _ ჯანდაცვის სამინისტროს მერიისთვის არ სცალია. ახალი მასშტაბური რეფორმის გასატარებლად ემზადება, რითაც, ფაქტობრივად, ყველა კლინიკაზე ტოტალურ კონტროლს დაამყარებს. ამაზე თქვენ წერდით და ეს არის კლინიკების დონეებად დაყოფა. ეს არ აწყობს არა მარტო მონო, ანუ პატარა, არამედ პოლიპროფილურ კლინიკებსაც, მაგრამ უკეთეს პირობებში იქნებიან, ვიდრე მონოპროფილური კლინიკები. ამ დროს 90% მონოპროფილური კლინიკაა საქართველოში. ესენი ქართულ მედიცინას სპობენ. მე გიორგი ბუთხუზს პირდაპირ ვუთხარი, _ თქვენ ხართ ქართული მედიცინის მტერი! 2-3 წელიწადში ნორმალური კლინიკა აღარ იქნება, თუ ეს განხორციელდა. _ დონეებად დაყოფა რა შუაშია სასწრაფო დახმარების „მაფიასთან“? _ მოსწრებაზე არიან. დონეების მინიჭების შემდეგ ვეღარ მოახერხებენ, „პირველ კლინიკურში“ მიიყვანონ, ამიტომ მიჰყავთ ასე ისტერიულად იქ.   „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „არამიანცის“ ტერიტორიაზე განთავსებული  „ნევროლოგიური კლინიკის“ დირექტორი _ ნოდარ კაკაბაძე: _ ჩვენ, ძირითადად, თავის ტვინის მწვავე სისხლძარღვოვან დაავადებებს ვემსახურებით, ინსულტებს და ა. შ. კლინიკების დონეებად დაყოფის კანონიდან დავიწყებ: სულ სამი თუ ოთხი დონეა, როგორც ვიცი. პირველი, ანუ ბოლო დონე თუ მოგვენიჭა, ჩვენს პაციენტებს ვერ მივიღებთ და მაშინ უნდა დავიხუროთ. ყველა ვარიანტში მესამე, ან მეოთხე დონე უნდა იყოს. _ მაგრამ ეს დონე მხოლოდ პოლიპროფილურ კლინიკებს ენიჭებათ. _ როგორ არის იცით? ამ დადგენილებიდან რომ დავიწყოთ, იგი უნდა გამოდიოდეს პაციენტის ინტერესებიდან და გამოდის კიდეც. მაგრამ რიგ საკითხებში კლინიკისა და ექიმის ინტერესები უგულებელყოფილია. მაგალითად, ნევროლოგიურ სამსახურს კომპიუტერული ტომოგრაფია აუცილებლად უნდა ჰქონდეს. მთელ მსოფლიოში ასეა. თუ არ არის კომპიუტერული ტომოგრაფია, იქ ინსულტიანი ავადმყოფი არ უნდა მიიღო. მეორე საკითხი: სადაც მიდის მწვავე ინსულტიანი ავადმყოფი, იქ აუცილებლად უნდა იყოს ნეიროქირურგიული სამსახური. ინსულტი რიგ შემთხვევებში აგრესიულად ვითარდება და შეიძლება სისხლდენა ატყდეს თრომბის დაშლის დროს და ქირურგია აუცილებელია. ანუ დადგენილება რეალურად პაციენტის ინტერესებზეა მორგებული, მაგრამ ჩვენც უნდა მოგვეცეს მუშაობის საშუალება. მაგალითად, მე ნეიროქირურგია არ მაქვს, მაგრამ კომპიუტერული ტომოგრაფია ჩემ პირდაპირ არის, თუმცა მიიჩნევა, რომ არ მაქვს. ქირურგიაც არ მაქვს, მაგრამ, რეალურად, ყველაფერი მაქვს, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არათუ ერთ მისამრთზეა, არამედ ერთ შენობაშია განთასებული. _ მაგრამ სხვადასხვა კლინიკაში. _ დიახ. და ჩვენ ერთმანეთთან ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული. ჯანდაცვის სამინისტრომ ეს რეალობა უნდა გაითვალისწინოს. ყველა შემთხვევაში დიფერენცირებულად უნდა განიხილონ. _ ანუ კლინიკების გაერთიანება იგეგმება? _ დიახ, შეიძლება სრული გაერთიანება არ მოხდეს, მაგრამ გვინდა შევქმნათ ერთიანი რგოლი, რომელიც ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს და წესით, ჯანდაცვის სამინისტროში უარი არ უნდა გვითხრან. თუ წინააღმდეგობა შეგვხვდა, მაშინ ვიფიქრებთ, რომ რეალური მიზეზი ამ დადგენილებისა არის არა პაცენტების ინტერესი, არამედ სხვა რამ. _ მაინც, რა? _ კლინიკები პაციენტებს უნდა მოემსახუროს, თუ ორ ფრონტზე იბრძოლოს?! ბოლო დროს ძალიან შეგვიმცირდა ავადმყოფების რაოდენობა. ეს თემა უკვე არა ჯანდაცვის სამინისტროსთან მიდის, არამედ ქალაქის მერიასთან. ჩვენს შენობაში კიდევ ერთი კლინიკა განთავსდა, სარდაფის სართულზე _ შპს „პირველი კლინიკური საავადმყოფო“. აღმოჩნდა, რომ კარდიოლოგიის ლიცენზია არ ჰქონდათ. დღეს ძალიან გამბედავი უნდა იყო, ეს რომ გააკეთო. მათმა ხელმძღვანელმა მიგვითითა, რომ მარკეტინგი არ გივარგათო. საბოლოო ჯამში კი, თურმე, თავად მუშაობდა ულიცენზიოდ. _ პაციენტები თქვენც მოგაკლდათ?  _ ყველას! ეს არის ჩემი ინტენსიური თერაპიის ბლოკი, რომელიც 12 საწოლზეა. 7 საწოლზე მქონდა და კიდევ 5 საწოლი მივამატე, იმიტომ რომ ავადმყოფებს ვეღარ ვატევდი. დღეს ცარიელია.   „ქრონიკა+“-თან შემდეგ პოზიციას აფიქსირებს ტრავმატოლოგიური კლინიკის დირექტორი _ ქეთევან ბეჟანიშვილი: _ 20 წელიწადზე მეტია, რაც ვარსებობთ და, ფაქტობრივად, ისეთი რეალობის წინაშე დავდექით, რომ საკუთარი კლინიკა უნდა გადავარჩინო. რის გამო? იმიტომ, რომ სასწრაფოს ჩემთან პაციენტი აღარ მოჰყავს. კი ბატონო, მაგრამ დამისაბუთოს, რატომ? ანდა ერთი მიზეზი მაინც დამისახელოს. ცუდად ვუმკურნალე ვინმეს? მომჩივანი მყავს ვინმე? უკმაყოფილო გავუშვი ვინმე? პროფესიული კითხვები მაქვს, მეტი არაფერი!   ახლა კი, სკანდალური დოკუმენტი, რომელიც „ქრონიკა+“-ს ხელში ჩაუვარდა და რომელიც გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი იმაზე, რომ გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის შპს „პირველ საავადმყოფოს“ ფული ჩვენთვის არ მოუთხოვია და შესაბამისად, არც გადაგვირიცხავსო. აი, ეს დოკუმენტიც: „გაცნობებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვალს #36 დადგენილების პირობების შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულება სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებლად რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად: „აღნიშნული დადგენილების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი სამსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში _ მიმწოდებელი), რომელიც ამ საქმიანობისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს“. შპს „პირველი საავადმყოფო“ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მიმწოდებლად დარეგისტრირებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, კერძოდ, სააგენტოში წარმოდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში რეგისტრაციისთვის სავალდებულო საქმიანობის ნებართვა. დამატებით გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით, შპს „პირველი სავადმყოფოს“ მიერ კარდიოქირურგიული კომპონენტის ფარგლებში, აგრეთვე, გადაუდებელი სტაციონარული კომპონენტის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოითხოვს ინტერვენციულ კარდიოლოგიურ ჩარევას, საანგარიშგებო დოკუმენტაციის სახით არ არის წარმოდგენილი და, შესაბამისად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ არის ანაზღაურებული. პატივისცემით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსი, მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი“. დოკუმენტი 2016 წლის 8 ივლისით არის დათარიღებული. ისმის კითხვა, _ თუ გარკვეული კატეგორიის პაციენტების მომსახურებისთვის ჯანდაცვის სამინისტრო არ ურიცხავს ფულს, მეტიც, არც არის წარმოდგენილი კლინიკის მხრიდან საანგარიშგებო დოკუმენტაცია, მაშინ ვინ უხდის?! ანდა საიდან ირიცხება თანხა პაციენტების მომსახურებისთვის? ესენი ხომ არ არიან გეგმური ავადმყოფები! პაციენტები იქ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს მიჰყავს და მათი დაფინანსება სახელმწიფოს მიერ ერთიანი სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში სავალდებულოა.   სანამ „ქრონიკა+“ გიორგი ბუთხუზთან დეტალურ ინტერვიუს  შემოგთავაზებდეთ, მისი ოფიციალური პოზიცია ამასთან დაკავშირებით ასეთია: „სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ არჩევს პაციენტებს და ვერ განახორციელებს მის დიფერენციას, რომ მწვავე ინფარქტია, თუ როგორი მდგომარებაა. როდესაც გულის მოტივით ხდება გამოძიება, შემდეგ უკვე კლინიკაა ვალდებული, კონკრეტული მდგომარეობა გაარკვიოს. ის, რომ შპს „პირველ საავადმყოფოს“ კარდიოლოგიურ სფეროში ლიცენზია არ აქვს, ამაზე პასუხი ასეთია. „პირველ საავადმყოფოს“ ემერჯენსის საქმიანიობის ლიცენზია აქვს და 24-საათიან რეჟიმში ემსახურება კარდიოლოგი. აქვს კათეტერიზაციის ლაბორატორია, ეს კი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ იქ პაციენტი შეიყვანონ. რაც შეეხება ლიცენზიას და სალიცენზიო პირობებს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არ ვართ ლიცენზიის გამცემი, ჩვენ ვექვემდებარებით არსებულ წესსა და კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც მათ პაციენტის მიღების უფლება აქვთ და, შესაბამისად, ჩვენ პაციენტების შეყვანის უფლება გვაქვს“.   „ქრონიკა+“, რა თქმა უნდა, მეორე მხარესაც დაუკავშირდა, კერძოდ, თბილისის მერიის სასწრაფო დახმარების ცენტრს, ჯანდაცვის სამინისტროს და შპს „პირველ საავადმყოფოს“. მათ პოზიციას დოკუმენტებითა და სტატისტიკით უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ.  

                                                                                                          თამარ როსტიაშვილი

   

გაზიარება