„რეფორმატორები“ წინასაარჩევნოდ დასავლური ორიენტაციის პოლიტიკურ ძალებთან კოალიციის ჩამოყალიბებას გეგმავს. პარტიის ლიდერის, ირაკლი ღლონტის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, არადემოკრატიულ და არაჯანსაღ გარემოში შედეგების დადება გაძნელდება. მისივე შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური კარიერა დაასრულა, _ გაკოტრებული პოლიტიკური ძალაა და 8 ოქტომბერს ყველამ ნახვამდის უნდა უთხრას.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „რეფორმატორების“ ლიდერი _ ირაკლი ღლონტი:
_ ბატონო ირაკლი, როგორ აფასებთ ბოლო სოციოლოგიური კვლევების შედეგებს, რომელიც „რუსთავი 2“-ისა და პარტია „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარდა?
_ ეს არის პარტიების მხრიდან ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური მექანიზმების გამოყენება, რათა ქვეყანაში არსებულ განწყობებზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინონ. მაგრამ ორივე კვლევის მიმართ ერთნაირი განწყობა არ მაქვს და ვერც მექნება. ზურაბ ბიგვავას მიერ ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ეს თავიდან ბოლომდე მიკერძოებული იყო „ქართული ოცნების“ მიმართ. ცდილობენ, საზოგადოებას თავს მოახვიონ, რომ თითქოს ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა. თითქოსდა, პოლიტიკურად მზადყოფნაში არიან, რომ ისევ ხელისუფლებაში დარჩნენ. მე ამ პერსპექტივას გამოვრიცხავ. ამას საზოგადოების განწყობებიდან გამომდინარე გეუბნებით. არ შეიძლება, უამრავი შეუსრულებელი დაპირების შემდეგ მატყუარა ხელისუფლებას პრეტენზია ჰქონდეს, რომ ისევ სათავეში დარჩეს. ბატონმა ბიგვავამ სრულიად ხელოვნურად დადო ის რეიტინგები, რითაც ვითომ სახელისუფლებო ძალა სარგებლობს.
რა შეხება „ჯიეფკეის“, ეს არის საკმაოდ მაღალრეიტინგული და ძალიან ცნობილი კვლევითი ცენტრი. თუმცა მუსირებს მოსაზრებები, რომ ეს დაკვეთა ქართულმა ოფისმა შეასრულა და აქ შესაძლებელია, გარკვეული გადაცდომები ვლინდებოდეს.
ამიტომ სჯობს, არც საზოგადოება მოვატყუოთ და არც _ საკუთარი თავი. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ სადღეისოდ ძალიან დაბალია „ქართული ოცნების“ რეიტინგი. ამასთან, არ ვიცით, კონკრეტულად რა და როგორ გამოიხატება, რადგან არ გვაქვს ისეთი კვლევითი სოციოლოგიური ორგანიზაცია, რომელსაც ქართული პოლიტიკური სპექტრი ბოლომდე ვენდობოდით და გავყვებოდით. ამიტომ ვივარაუდოთ და ვთქვათ, რომ დღეს „ქართული ოცნება“ ისევეა ბოლომდე გაკოტრებული, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო 2012 წლის არჩევნებისთვის. ნამდვილი და დამაჯერებელი შედეგები 2016 წლის 8 ოქტომბერს უნდა დაიდოს. მთავარია, კენჭისყრა არ გაყალბდეს და ამისთვის მთელი პოლიტიკური სპექტრი, საზოგადოება კონსოლიდირებული ვიყოთ.
_ „ჯიეფკეისთან“ გამოკითხულთა 51% პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამ მხრივ უფრო დიდი პროცენტები დაფიქსირდა თავის დროზე „ენდიაისა“ და „აირაის“ გამოკითხვებშიც. ეს რაზე მიანიშნებს?
_ თუ ამ კვლევებს ნდობას გამოვუცხადებთ და მიგვაჩნია, რომ ყველაში არა, მაგრამ ამ ნაწილში მაინც მართალია, ეს ნიშნავს იმას, რაზედაც მოგახსენეთ _ „ქართული ოცნება“ გაკოტრებულია თავისი მმართველობის მეოთხე წლისთავზე. მეტსაც გეტყვით: მიმაჩნია, რომ 51% პროცენტი კი არა, მინიმუმ, 75% ფიქრობს, რომ ეს არის რაღაც გაურკვეველი პოლიტიკური ძალებისგან შედგენილი, ასევე გაურკვეველი ე. წ. პოლიტიკური ძალა, რომელიც მომავალ არჩევნებში ლეგიტიმაციას საერთოდ არ იმსახურებს. ეს არ არის ჩემი, როგორც რიგითი ოპოზიციონერის შეფასება. რეალურად, ეს იმ დაპირებების შეუსრულებლობის შედეგია, რომელიც მათ 2012 წელს წინასაარჩევნოდ უხვად ჩამოარიგეს. მათ აღნიშნული დაპირებებიდან თითქმის ვერც ერთი ბოლომდე ვერ შეასრულეს.
დღეს ერთი სიკეთე ნამდვილად არის, რომ ყველაფრის გამოხატვა შედარებით თავისუფლად შეიძლება, მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ თავისუფალი სიტყვა „ქართულ ოცნებას“ ნერვებს უშლის და მე „რუსთავი 2“-ის ქეისზე ვსაუბრობ. ასევე ყურადღება უნდა გავამხვილოთ ინგა გრიგოლიას ცნობილ გადაცემაზე, ეკა მიშველაძის ტოქშოუს დახურვაზე და ა. შ. სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული „ქართული ოცნების“ ის დაპირებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ გააჩაღა.
_ სადამდე შეიძლება წავიდეს ეს პროცესი „რუსთავი 2“-თან მიმართებით?
_ თითქმის ყველა ამ პროცესს დავესწარი. აქვე მსურს ხაზი გავუსვა, რომ „რუსთავი 2“, გარკვეულწილად, მიკერძოებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, მაგრამ თვითონ ნიკა გვარამიამაც გააკეთა განმარტება, _ დიახ, ჩვენ მიკერძოებული ვართ იმ პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომლებიც დასავლური ორიენტაციის მიმდევრები არიანო. მათ შორის მოვიაზრებით ჩვენ, „რეფორმატორები“, „თავისუფალი დემოკრატები“ და ა. შ. კიდევ კარგი, რომ „რუსთავი 2“ გვერდით არ უდგას იმ პრორუსულ ძალებს, რომლებიც ასპარეზზე არიან და მე მათ პოლიტიკურ კიკუებს ვუწოდებ.
ჩვენს საზოგადოებას პლურალისტური გარემო სჭირდება. სახელმწიფოს და საზოგადოებას სჭირდება მედიასაშუალებები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მარიონეტები არ იქნებინ. ამიტომ მე მხარს ვუჭერ „რუსთავი 2“-ს. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან წარმატებული გუნდით დაკომპლექტებული ერთ-ერთი ყველაზე მაღალპროფესიული სტაფი და მათ გვერდით ბოლომდე ვიქნები. პროცესებზე აშკარად ჩანდა მოსამართლეების არასწორი, უკანონო დამოკიდებულება ტელეკომპანიის მიმართ. ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელი პაატა სალია უსაქმოდ იჯდა. სასამართლო პროცესები მოსამართლეებსა და „რუსთავი 2“-ის დამცველებს შორის მიმდინარეობდა. ეს ენით აუწერელი ბოროტება იყო, რასაც თვალყურს ვადევნებდი. თანაც იურისტი ვარ, შემიძლია, პროცესი სამართლებრივ ჭრილში შევაფასო და გადაწყვეტილების სრულ უკანონობაზე გავამახვილი ყურადღება. ასევე შემიძლია პოლიტიკური კუთხითაც შევაფასო, _ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელდასხმული, ყმადქცეული მოსამართლეების ბრძოლა ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ. ეს ქართულ საზოგადოებაში შიდა განწყობებს ანგრევს და ამით ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს პირდაპირ აზიანებს. საზოგადოება ერთიანი და კონსოლიდირებული უნდა ვიყოთ, რათა „რუსთავი 2“ გადავარჩინოთ.
ახლა უზენაესი სასამართლოს პასუხს ველოდებით. ტელეკომპანია გაასაჩივრებს ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილებას და დანარჩენი უზენაეს სასამართლოზე იქნება დამოკიდებული.
ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება. როდესაც სააკაშვილის ხელისუფლება ტელეკომპანია „იბერიასა“ თუ „იმედში“ იარაღის ჟღარუნით შევარდა, ეს იყო კოშმარი და ძალიან ცუდი შედეგების მომტანი, მაგრამ დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ მთავრობა „რუსთავი 2“-ის, ოპოზიციური მედიასაშუალების წინააღმდეგ უფრო დახვეწილი, საშიში, მზაკვრული და არადემოკრატიული მეთოდით, სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებით იბრძვის. ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ქონებებს უკანონოდ ართმევდნენ, ამაზე არ ვდაობ, მაგრამ არასწორია დამოკიდებულება, რომ ქიბარ ხალვაშს ვინმემ რამე წაართვა. მე ვნახე ეს მასალები და ხალვაშმა იმაზე მეტი აიღო, ვიდრე თვიდან ამაში გადაიხადა. რეალურად, მან მოგება ნახა აღნიშნულ გარიგებაში. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ, თავის დროზე, სახელმწიფომ ხალვაშს „რუსთავი 2“ წაართვა, აბსურდული ტყუილია. თუ წართმევა იყო, 22-ს კი არა, ასივე პროცენტს წაართმევდა და იმდენ თანხასაც არ გადაუხდიდა, რომ ეს თავის დროზე შეძენილზე მეტი ყოფილიყო. ეს ჩვეულებრივი, მორიგი ტრიუკია. ერთი კონკრეტული ბიზნესმენი ნახეს და პროცესებს ისეთ ელფერს აძლევენ, თითოქოს ეს სამართლიანობის აღდგენის პროცესია. პირიქით, სამართლიანობას, კანონიერებას, მართლწესრიგს სწორედ სასამართლოს ხელით სპობენ.
_ ივანიშვილის ბოლო ღია წერილი შევაფასოთ და მისი ჩართვა წინასაარჩევნო პროცესში „ქართულ ოცნებას“ რას მოუტანს?
_ ივანიშვილი ქართულმა საზოგადოებამ შეცდომით აირჩია. ეს იმიტომ არ გაუკეთებია, რომ წერილები მოეწერა. საზოგადოებამ ივანიშვილი იმიტომ აირჩია, რომ მას კონკრეტული დაპირებები შეესრულებინა. ჩვენ მივიღეთ უთავმოყვარეო, უპრინციპო ლიდერი, რომელმაც სამართლებრივად ყველაფერი მიატოვა, პასუხისმგებლობა მოიხსნა, დაჯდა სახლში და იქიდან არაფორმალურად მართავს მთავრობას, მთლიანად ხელისუფლებას. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ სასამართლოსაც ის მართავს. რეალურად, ივანიშვილი სახლიდან არ გამოდის და თუ გამოდის, მხოლოდ ნათესაურ წრეში გადაადგილდება, ამიტომ მას წარმოდგენა არ აქვს არსებულ რეალობაზე. ივანიშვილი მინისტრებს, პრემიერ-მინისტრსაც კი საკუთარ სახლში იბარებს, ჩვენდა სამწუხაროდ და სამარცხვინოდ. ალბათ, თავისივე გუნდის წევრების მიერ გაბრიყვებულია, შეცდომაშია შეყვანილი. ამიტომ ივანიშვილის მონაწილეობაც წინასაარჩევნო კამპანიაში დაგვიანებულია. არ მჯერა და არც მინდა დავიჯერო, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ისევ გაბრიყვდებიან და დაუჯერებენ ადამიანს, რომელიც ერთი ჩვეულებრივი მატყუარაა.
_ არსებული წინასაარჩევნო გარემო როგორია?
_ „რეფორმატორები“ ინტერპარტიული ოპოზიციური სამუშო ჯგუფის წევრი ვიყავით. არაერთი შეხვედრა გავმართეთ პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, დიპლომატიურ კორპუსთან, უცხოურ ორგანიზაციებში ჩვენი წარმომადგენლები გვყავდა, მაგრამ ვერაფერიც ვერ გავაკეთეთ. იგივე სისტემა დარჩა, რაც შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის დროს იყო. ის სისტემა დარჩა, რომელსაც თავად ბიძინა ივანიშვილი ფეოდალურ სისტემას უწოდებდა და რის შეცვლასაც გვპირდებოდა. ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს ვისაუბროთ ამ სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.
საკითხავია, რამდენად მშვიდ და სამართლებრივ სივრცეში ჩატარდება ეს არჩევნები? გიორგი კვირიკაშვილი ფუქსავატური ოთხი წლის თავზე პარტიებს შორის რაღაც მემორანდუმის გაფორმებაზე საუბრობს. ეს ნიშნავს, რომ ისინი უფრთხიან პოლიტიკურ ოპოზიციას, მზად არ არიან ჩვენთან დებატებისთვის. ძალიან რთულია ოთხი წლის თავზე ჩვენ კორექტულად და კონსტრუქციულად ველაპარაკოთ „ქართულ ოცნებას“. ეს არაერთხელ ვეცადეთ და ვერ შევძელით, კონსტრუქციული ურთიერთობა მხოლოდ პრეზიდენტთან მოვახერხეთ. ქართულმა საზოგადოებამ ხელისუფლებასთან კავშირის დამყარება ვერ შეძლო. ეს არის ხელისუფლება, რომელიც არჩევნების შემდეგ საკუთარ კაბინეტებში ჩაიკეტა. ეს ხელისუფლება უკვე დიდი ხანია, რეალობას მოწყვეტილია და საზოგადოებისგან გამიჯნულია. ვფიქრობ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური კარიერა დაასრულა, ის გაკოტრებული პოლიტიკური ძალაა და მას ყველამ ნახვამდის უნდა უთხრას.
_ როგორ გადიხართ „რეფორმატორები“ საპარლამენტო არჩევნებზე?
_ ალბათ, გაერთიანების გარეშე არადემოკრატიულ და არაჯანსაღ გარემოში გაგვიჭირდება შედეგების დადება. ამიტომ ვიმსჯელებთ, რომ დასავლურ ძალებთან კოალიციის სახით წარვუდგეთ საზოგადოებას ლეგიტიმაციის მისაღებად. პრორუსულ ძალებთან ნებისმიერი სახის ურთიერთანამშრომლობას გამოვრიცხავ. პარლამენტში გარკვეული კვოტის ქონა თვითმიზანი არ არის. ჩვენთვის მთავარი სხვაა, ვიდრე ნებისმიერი გზით პარლამენტის მანდატების მოპოვება.
გელა მამულაშვილი