არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ ხელმძღვანელი, ბესო შენგელია, მეოცნებე ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე გვესაუბრება.
ბესო შენგელია:
_ საქართველოს მთავრობა ძალიან არის მონდომებული, რომ გადაიღონ ფილმი „9+1“. ამ ფილმს გოგა ხაინდრავა ძველ ხელისუფლებაზე იღებს, რომლის დასახმარებლადაც მთავრობას განკარგულებები გამოაქვს. 23 ივნისს საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება #1220 შპს „ლეხაინდრაუ პროდაქშენის“ მხარდასაჭერად. ამ განკარგულების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტომ უნდა განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები. განკარგულებაში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, შპს „ლეხაინდრაუ პროდაქშენის“ მიერ მრავალსერიანი მხატვრული ფილმის, „9+1“-ის გადაღების მიზნით, თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს „ლეხაინდრაუ პროდაქშენისთვის“ ერთი წლის ვადით სამხედრო პერანგებით უზრუნველყოფა. 15 ცალი მაისური, ცხადია, სალაპარაკო არ არის, მაგრამ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ფილმის გადაღებას, რომელიც არჩევნებისთვის არის დაანონსებული და წინა ხელისუფლების დისკრედიტაციას ემსახურება, არსებული ხელისუფლება უწყობს ხელს. ეს ფილმი, ცხადია, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის რეკლამა იქნება და წინა ხელისუფლებაში არსებული ძალის ანტირეკლამა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ხელისუფლების განკარგულებაც, რაც მთავრობის სამარცხვინო საქციელია.
23 ივნისს კვირიკაშვილმა ასევე გამოსცა განკარგულება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებზე. ამ დოკუმენტის მიხედვით, მინისტრის ხელფასი შეადგეს 3540 ლარს, პირველი მოადგილის _ 2950 ლარს, მინისტრის სამივე მოადგილიდან თითოეული იღებს _ 2720 ლარს, მინისტრის მრჩევლებს აქვთ 1200 ლარი, თანაშემწეებს, თითოეულს _ 800 ლარი. კულტურის სამინისტროს აქვს 9 დეპარტამენტი და თითოეულ დირექტორს აქვს 2100 ლარი. ამ დირექტორებს ჰყავთ მოადგილეებიც და მათი ხელფასი შეადგენს 1800 ლარს. მინისტრს ასევე ჰყავს აპარატის უფროსი, რომელსაც აქვს მაღალი ანაზღაურება _ 2100 ლარი. სამინისტოს 23 სამმართველო აქვს და ამდენივე უფროსი ჰყავს. სამმართველოს უფროსების ხელფასი შეადგენს 1600 ლარს. მთავარი სპეციალისტი ჰყავს 62 და თითოეულის ხელფასი არის 1000 ლარი. სპეციალისტი კი ჰყავს 25, რომელთა ხელფასიც არის 800 ლარი. კულტურის სამინისტროში სულ არის 140 თანამშრომელი და მათი შენახვა ჩვენ გვიჯდება 176 250 ლარი. ამჯერად ვსაუბრობ მხოლოდ ხელფასზე და მხედველობაში არ გვაქვს დანამატი, მივლინების თანხები და ა. შ. წლიურად კულტურის სამინისტროს მარტო ხელფასი 2 მილიონ ლარს სცდება.
_ აკეთებს ეს სამინისტრო ასეთი ფასეულობის საქმეს?
_ ნამდვილად არ აკეთებს. ამის მარტივი მაგალითა „ჩეკინ ჯორჯიას“ პროექტი, რომლის დაფინანსების თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. 29 მილიონს ხარჯავს საქართველოს მთავრობა ამ პროექტისთვის და ქართული კულტურა საერთოდ რა დღეშია! ახლავე ავკრიფოთ ნებისმიერი ესტრადის ვარსკვლავის, თუ ხელოვნების სხვა მოღვაწის ტელეფონი და თითოეული მათგანი ამომწურავ პასუხს გაგვცემს, რა დღეშია ქართული კულტურა. 23 სამმართველოს, 9 დეპარტამენტის უფროსი და 62 მთავარი სპეციალისტი რას აკეთებს, ან რისთვის იღებს ფულს, უცნობია. ასეთი სტაფი შექმნილია არა ქართული კულტურის ასაღორძინებლად, არამედ „ჩემი ცოლის დაქალებისთვის“. ერთი წლის წინათ თქვენს გაზეთში გვქონდა კიდევაც სტატია იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტრმა თავისი ახლობლებით და ცოლის მეგობრებით გაავსო ეს სამინისტრო. ამის კიდევ ერთი დასტურია ამდენი სამმართველოსა და სპეციალისტის არსებობა. წესით, მინისტრს არ შეუძლია, შექმნას სამსახურები განუსაზღვრელი რაოდენობით და ჩარჩოები აქვს, მაგრამ ამას არავინ უყურებს. 23 ივნისს კი ეს შემადგენლობა პრემიერ-მინისტრმაც დაამტკიცა.
რამდენიმე თვის წინათ ასევე მოგეცით ინტერვიუ შაორის ბანაკთან დაკავშირებით. როგორ მოგწონთ, „ოცნება“ ამბობდა, არ გვინდა პატრიოტული ბანაკებიო და თბილისის მერიამ შაორის ბანაკი გააკეთა. ასევე მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის დადგენილებაა #989: მიღებულ იქნას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წინადადება, 2016 წლის მაის-სექტემბერში ანაკლიის ტერიტორიაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ. განკარგულების პირველივე მუხლში ცალსახა დარღვევაა, რადგან საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ 2016 წლის მაისში დაწყებულიყო მომავლის ბანაკის მუშაობა და ეს გადაწყვეტილება მიღებულია 2 ივნისს. ამის მერე აქვს მთელი რიგი განკარგულებები: დაავალა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რომ ბანაკში უზრუნველეყო მომსახურება, ჯანდაცვას ექიმები გაეშვა, შს სამინისტროს ბანაკი დაეცვა, უსაფრთხოდ მოეწყო და ა. შ. აწყობთ, რომ ახლა დაასვენონ ბავშვები და ახალგაზრდები დააინტერესონ. იმ დონის უვიცობაა, 2 ივნისს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მაისში იყოს ბანაკი, ვერც აღგიწერთ. დარწმუნებული ვარ, იმ დონეზე არ იცის კვირიკაშვილმა, რაზე აწერს ხელს და მართლაც არის მარიონეტი და შემსრულებელი, რომ არც კი ჩაიხედა დოკუმენტში, თუ რა ეწერა იქ. კვირიკაშვილი თავად თუ არ კითხულობს, რომელიმე მინისტრმა მაინც ხომ უნდა წაიკითხოს, ან მრჩეველი არ ჰყავს ამ ხალხს? 50 კაცის ხელშია ეს საბუთი გავლილი და საბოლოოდ მაინც ასეთი ფორმა აქვს. ამითაც ჩანს, რომ ამ ხალხს საქმის კეთება საერთოდ არ აინტერესებს და დოკუმენტების შექმნაზე არის გადასული. ამის მერე როგორ არ უნდა ვიფიქრო, რომ მათი ინტერესი, მხოლოდ და მხოლოდ, სარგებლის ნახვაა ამ ბანაკიდან და სხვა არაფერი?
ძალიან საინტერესოდ იქცევა სპორტისა და ახლგაზრდობის სამინისტრო ტენდერებთან დაკავშირებით. საკმაოდ დიდი თანხები გადის ტრენინგ-სემინარებში და ცხადდება ტენდერები. მაგალითად, ერთი ტრენინგ-სემინარის დავალებაა: მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 6 რეგიონის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელ პირთა ახალგაზრდობის საკითხებში კლასიფიკაციის ასამაღლებელი სატრენინგო მომსახურების გაწევა თემაზე _ ადგილობრივი და რეგიონული ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარება და ახალგაზრდების მონაწილეობა. ეს ტრენინგები ჩაუტარდება პირებს, რომლებიც სხვადასხვა გამგეობასა და მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდულ საკითხებზე მუშაობენ. ამის გამო კი ტენდერის პირობებში ეწერათ _ 50 ათასი ლარი. ამ საქმეს ევროპის აკადემიური ცენტრი 35 ათას ლარად უკეთებდა, მაგრამ მას დისკვალიფიკაცია მისცეს.
ახლა გეტყვით, რეალურად, რა ხდება: ჩვენს გვყავს ადამიანები სხვადასხვა რეგიონებში, რომელთაც კვალიფიკაციის ამაღლება სჭირდებათ. ამაზე ცხადდება ტენდერი, იხარჯება თანხები, მაგრამ, იქნებ, ვინმემ სადმე გვანახოს ადგილობრივი და რეგიონული პოლიტიკის განვითარების დოკუმენტი? თუ ეს დოკუმენტი არსებობს, რატომ გვჭირდება იმ კომპანიის დაქირავება, რომელმაც მერიისა თუ საკრებულოს თანამშრომლებს ეს უნდა ასწავლოს? თუ დოკუმენტი არ არსებობს, მაშინ როგორ მუშაობენ მერიებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული სამსახურები? ერთიანი დოკუმენტი არსად ჩანს, რომ ქვეყანაში ახალგაზრდობის პოლიტიკა ასეთი უნდა იყოს და სხვა ქვეყნის დოკუმენტის სწავლაზე თუ ხარჯავს სახელმწიფო ამხელა ფულს, ეს უკვე არ ვიცი.
_ იქნებ, არსებობს ასეთი დოკუმენტი და თქვენ არ იცით?
_ გამორიცხულია. კარგად ვარ ჩახედული ამ საკითხებში და დოკუმენტი, რომელიც რეგიონული ახალგაზრდობის განვითარებას ეხება, არ არის. თუ ვინმეს სამუშაო მაგიდაზე უდევს და არ აქვეყნებს, ეს სხვა საქმეა. ასეთი დოკუმენტი წინა ხელისუფლების დროსაც არ არსებობდა. იცით, საინტერესო კიდევ რა არის? ტრენინგის გამართვის ადგილი წერია ქალაქი თბილისი, ანდაც მცხეთა-მთიანეთი. ანუ უნდა მოხდეს ამ ხალხის ტრანსპორტირება, თავშეყრა, კომფორტულ სასტუმროებში დაბინავება და ა. შ. ამ ადამიანებს კრებენ, ამხელა თანხებს დებენ და რას ასწავლიან, კაცმა არ იცის. ამიტომაც ეს მგონია წინაასაარჩევნო ფარსი. ამის შედეგი იქნება ერთადერთი _ ვინც ამ ტრენინგში მიიღებს მონაწილეობას, ამ დღეებში კარგად გაერთობიან და დაისვენებს. არჩევნები მოდის და ალბათ უნდათ, რომ პატივი სცენ იმ ადამიანებს, რომლებიც რეგიონში ახალგაზრდებთან მუშაობენ _ შეკრიბონ ერთად, დავალებები მისცენ და საარჩევნოდ გამოიყენონ. 4 წლის განმავლობაში ასეთი რამ ამ მიზნებით არ დაუწყიათ და მხოლოდ მეოთხე წელს გაახსენდათ? ჯამში კი ეს არის წინასაარჩევნო კამპანია სახელმწიფო ფულით.
კულტურისა და ახლაგაზრდობის სამინისტრო ძალიან ბევრ ღონისძიებას ყიდულობს ტენდერების საშუალებით. ეს სამინისტრო ყოველწლიურად პატრონაჟობს სტუდენტურ დღეებს. ამ დღეების გამართვა წელს სახელმწიფო ბიუჯეტს 70 ათასი ლარი დაუჯდა. ეს დღეები ძალიან კარგია და აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ მთავარი თანხები აპარატურის დაქირავებას მიაქვს, თუმცა შეიძლება, რომ ტექნიკა ერთხელ შეისყიდოს, გამოიყოს რამდენიმე ადამიანი, რომელიც მუდმივად უზრუნველყოფს ტექნიკის მუშაობას და მეორედ ამხელა ფულს აღარ გადაიხდის.
ჩვენ ასევე გვხვდება 16-ათასიანი ტენდერი, რომელშიც პირდაპირ წერია: ქვეპროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი ღონისძიებისთვის ცხადდება ტენდერი. ყველა ტენდერში მთავარი მოთხოვნა არის დინამიკები, ხმის მოწყობილობა და ა. შ. წლის განმავლობაში ქირაობენ არაერთხელ და ყრიან ფულს აპარატურაში. იყიდონ ერთხელ და დაასვენონ ბიუჯეტი, მაგრამ როგორც ვხვდები, ამის გაკეთება არ უნდათ.
_ რატომ არ უნდათ?
_ ტენდერში იმარჯვებს ის კომპანიები, რომლის მფლობელებიც გამომცხადებლების ოჯახის წევრები, ან ნათესავები და ნაცნობები არიან, საიდანაც ყველა ერთად ნახულობს სარგებელს.
იგივე ხდება სხვადასხვა ბაზრის კვლევასთან დაკავშირებითაც. ამ ტენდერის სახელწოდებაა კარიერული კონსულტირებისა და განვითარების სერვისების ხელმისაწვდომობა მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის, არსებული ვითარების ანალიზი, პრობლემები, გამოწვევები, მოლოდინები და განვითარების პერსპექტივები. ამაზე ტენდერს აცხადებენ 40 ათას ლარად. ასევე აქვთ კიდევ ერთი გამოკვლევა, რომელზედაც გამოცხადებულია 50-ათასიანი ტენდერი. ამ პროექტში საქართველოს მთავრობას გაახსენდა პანკისის ხეობა და კვლევის ზოგად აღწერაში ჩაწერა _ პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების (14-28 წლამდე) საჭიროებების შესწავლა. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კვლევის ჩატარება შემდეგ თემებზე: ახალგაზრდობის განწყობები, გართობის საშუალებები, სამოქალაქო აქტიურობა, ინფორმირებულობა, ტექნოლოგიებზე თუ აქვთ ხელმისაწვდომობა, არაფორმალურ განათლებას თუ იღებენ, როგორ ისვენებენ, დასაქმებულები არიან თუ არა და ა. შ. ამ ხეობაში ნამყოფი ვარ და იმხელა ტერიტორია არაა, რომ ამ კვლევას 50 ათასი ლარი სჭირდებოდეს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის გაბერილი. როცა შეთავაზებები გაკეთდა, სამინისტრომ ბოლო შეთავაზება მიიღო, სადაც წერდა, რომ ასეთ კვლევას 26 ათას ლარად ჩაატარებდნენ და ამ კომპანიამ გაიმარჯვა კიდეც.
_ მაშინ რატომ გამოაცხადა ტენდერის თანხმად სამინისტრომ 50 ათასი ლარი? წინასწარ რატომ არ შეაფასა სწორად?
_ როგორც ჩანს, ამ სამინისტროში არ ჰყავთ კვალიფიციური და მცოდნე გუნდი, ვინც რეალურად იცის საბაზრო ფასები და შეუძლია, სატენდერო თანხა სწორად გამოიყვანოს, რაც ასევე ნაკლია. 50 ათასი ლარი არის 10 ათას დოლარზე მეტი და საერთაშორისო სტანდარტებით ამ კონკრეტულ ლოკაციას ამხელა თანხა არ სჭირდება კვლევისთვის. თუმცა კარგია, თუკი პანკისის ხეობაში მცხოვრებ ადამიანებს რამეს გაუკეთებენ.
ასევე არის 5-ათასლარიანი ტენდერი, რომლითაც ხალხი ექსკურსიაზე მიჰყავთ. ამ ტენდერის შესყიდვის ჩამონათვალი კი შთამბეჭდავია: ხაჭაპური იმერული, ხაჭაპური ფენოვანი; სენდვიჩი; ჰამბურგერი; ჰოთდოგი; სოკოს ღვეზელი; კარტოფილის ღვეზელი; შემწვარი ქათამი; 1 კგ ღორის სამწვადე; საწებელი; ლიმონათი; წყალი; პური. ეს მენიუ არის რაოდენობებზე გაწერილი და 5 ათას ლარს ამაში იხდიან. არსად წერია, კონკრეტულად რა ღონისძიებაა, რას ეძღვნება, ან ვისთვის იძენენ სამწვადეს. ტენდერი ერთ-ერთმა შპს-მ 4500 ლარად მოიგო.
კიდევ ერთი კულტურული ღონისძიების ჩატარებაზეა გამოცხადებული ტენდერი: ხვამლის მთაზე მიჰყავთ ხალხი და ამაში 16 ათას ლარს იხდიან. როგორც ჩანს, ვიღაცას ამ მთაზე გასეირნება მოუნდა და არც სახელმწიფო ფულს ზოგავს. ერთ-ერთი ღონისძიების ორგანიზება კი ამ სამინისტროს 65 ათას ლარად გამოაცხადა.
_ ეს რა ღონისძებაა?
_ ეს არის „ჯეო ქეჩინგი“. სატენდერო პირობებში წერია, რომ მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს იმერეთის რეგიონში „ჯეო ქეჩინგი“ _ რეგიონული მასშტაბის შეჯიბრების ორგანიზება-ლაშქრობა საქართველოს თასზე. ორი ლაშქრობა კახეთსა და იმერეთში არის ამხელა თანხით დაფინანსებული. მომწოდებელმა კვებით უნდა უზრუნველყოს მონაწილეთა მომსახურება და თითოეულ მონაწილეს უნდა ჰქონდეს 1 ცალი ჰამბურგერი ან სენდვიჩი, 1 ცალი კექსი ან სხვა ნამცხვარი, 1 წყალი და როცა შეჯიბრება დასრულდება, ერთი პორცია სოკოს სუპი, ჩაი და ერთი ცალი სენდვიჩის ტორტი უნდა აჭამონ. საინტერესოა ისიც, თუ რა თანხით დასრულდა ტენდერი. ერთადერთი ორგანიზაცია შემოვიდა ტენდერში შეთავაზებით და პირველსავე შეთავაზებაზე დაწერეს, რომ ამ სერვის განახორციელებდნენ 36 330 ლარად. თითქმის ნახევარ ფასად აკეთებენ ამ საქმეს. სამინისტროს სიტუაციას საეჭვოს ხდის ის, რომ ყველა ტენდერში გაწერილი აქვთ ძალიან მაღალი თანხები და ვაჭრობის მაჩვენებელი, რაც იმით აიხსნება, რომ მათმა ახლობელმა კომპანიებმა თუ შეიტანეს განაცხადები, ამ თანხებს მას მისცემენ და ყველა კარგად მოითბობს ხელს. ყველაზე მარტივი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან არის სამინისტროს იმ სამსახურის მუშაკთა გაუნათლებლობა, რომლებიც ამ საქმეს ემსახურებიან. ამგვარი ტენდერების სიის ჩამონათვალი ძალიან დიდია და არა მხოლოდ ამ სამინისტროში.
„ქრონიკა+“ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს _ სოფო ჩაკვეტაძეს კომენტარისთვის დაუკავშირდა:
_ სამინისტროს მთელი შემადგენლობა დასავლეთ სართველოში მიემგზავრებოდა, მინისტრიც აქ არის და მისი მოადგილეებიც, ამიტომ ვერანაირი კომენტარის გაკეთებას, ამ ეტაპზე, ვერ შევძლებთ.
ნელი ვარდიაშვილი