დედოფლისწყაროს რაიონის მკვიდრი, მაყვალა ბეგიაშვილი, აცხადებს, რომ წლების განმავლობაში სოფელ ხორნაბუჯში სახლ-კარი ისე დაუნგრიეს, სახელმწიფო ორგანოებს ამაზე ადეკვატური რეაგირება არ მოუხდენია. მისივე თქმით, დღემდე სოფლად კუთვნილი მიწის ნაკვეთი იურიდიულად ვერ დაურეგისტრირებია, რაშიც ყოფილი თანამდებობის პირი ხელს უშლიდა. ქალბატონი მაყვალა შსს-ს მის საქმეზე კომისიის შექმნას, დეტალების შესწავლას და მისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას სთხოვს.
„ქრონიკა+“ მაყვალა ბეგიაშვილს ესაუბრება:
_ მიმდინარე წლის 23 ივნისს პრემიერ-მინისტრის სახელზე დავწერე განცხადება და ვთხოვდი, რომ ჩემი საქმე პირად კონტროლზე აეყვანა, რათა შესაბამის ორგანოებს მოსაკვლევად გადასცემოდა.
_ კონკრეტულად რა საქმეზეა საუბარი?
_ 1994 წლიდან ჩემს ოჯახზე წეზოლა ხდება. მამის გარდაცვალების შემდეგ მცირეწლოვან შვილთან ერთად დავრჩი. ჯერ მაშინდელმა გამგებელმა სოფლის ბინის გაფორმებაზე პრობლემები შემიქმნა, ბინა ცაში გამოკიდა და, ფაქტობრივად, ყველაფერი ჩამომართვა. მერე ეს ბინა პროკურატურის ჩარევით დავიბრუნე.
_ როგორ მოახერხა გამგებელმა ბინის „ცაში გამოკიდება“?
_ ყველანაირი დოკუმენტაცია გააუქმა, გააქრო, _ შენ სახლი სად გქონდაო? როცა მივედი, მდივანმაც მითხრა, _ მამაშენს სახლი სად ჰქონდა, რას კითხულობო? ვუთხარი, _ მე ახლაც იმ სახლიდან მოვდივარ, იქვე უნდა დავბრუნდე და რას მეკითხებით-მეთქი?
_ აბა, სახლი ვისი არისო?
_ არ არსებობს, მამაშენს სახლი არ ჰქონდაო. რადგან ის ადრინდელი დოკუმენტაცია აღარ არსებობდა.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ გააქრეს. ეს გამგებელი კი ნამდვილი მექრთამე იყო და ამისთვის მერე პასუხისგებაშიც მისცეს, ბოლოს გირაოთი თუ რაღაცით გაათავისუფლეს.
_ სახლის დოკუმენტაცია სად დაიკარგა?
_ არ ვიცი, ამის გამო ვერაფრით ვიფორმებდი. მე თვითონაც დამადასტურებელი აღარაფერი მქონდა. მერე პროკურატურაში ჩივილით სახლი იურიდიულად მაინც დავიბრუნე, საჯაროში თავიდან დავარეგისტრირე. ამის შემდეგ უკვე ნაკვეთი აღარ არსებობდა. დავიწყე მისი ძებნა და ვერ ვიპოვე, მერე სოფელში მითხრეს, რომ ეს ნაკვეთი ჩვენს მომიჯნავედ გაქვთო, ასე რომ წვალობ და გიჭირს, შენს ნაკვეთს რატომ არ ამუშავებ, ჩვენი მომიჯნავე ხართო. ვიარე და ისევ მაშინდელ გამგებელ იაკობიშვილს მივაკითხე და... _ არა, მამაშენს ნაკვეთი არ ჰქონიაო. ვუთხარი, _ ადრე ის ხორბალი, რაც ქრთამად მოგიტანეს, 15 ტომარა, სწორედ იმ ნაკვეთიდან იყო აღებული და, მაშ, საიდან ავიღე ის ხორბალი-მეთქი?
წლების განმავლობაში ნაკვეთი იურიდიულად ვერ დავიბრუნე. წლების მერე, უკვე 2005-ში, ისევ გამგებელთან წავედი. ამ დროისთვის ჩემი ნაკვეთი იაკობიშვილს უკვე თავისი ნათლიმამისთვის მიეცა. ეს კაცი ამუშავებდა და რომ თვითონ ამის საშუალება აღარ ჰქონდა, ჩემს ნაკვეთს აპროცენტებდა და იქიდან სარგებელს იღებდა. 2005-ში მივედი და ვუთხარი, _ მე უკვე ვიცი, სადაც არის ჩემი მიწა, ზოროღლიანსა და კარაპეტიანებს შორის ნაკვეთი ჩემია-მეთქი. _ არა, ეგ ჩემი ნაკვეთიაო. ვუთხარი, _ მაშინ, წამოდი, ხელს დავადებ, დაგიდასტურებ, რომ ეს ჩემი ნაკვეთია-მეთქი. ის მიწა სახლიდან მოშორებით, მინდვრებშია. _ ვერაო! ავდექი და ისევ რაიონის გამგებელთან წავედი, ხაჩიაშვილი იყო მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე. _ ბატონო სოსო, ასეთი მდგომარეობაა, სახლი ასე გამისხვისა და მთელი წლები დამჭირდა მის დასაბრუნებლად, როგორც იქნა, პროკურატურით დავიბრუნე-მეთქი. აღარ შემიძლია, სადამდე ვიარო ახლა ნაკვეთზე, ყველაფერს თავისი ხარჯი აქვს-მეთქი.
_ რა გიპასუხათ?
_ კარგი, ორშაბათს ორივეს დაგიბარებთ, მიწათმომწყობი შანშიაშვილიც იქნება და შეგახვედრებთ, პრობლემას გადავწყვეტთო. ავედით, მოვიდა და იაკობიშვილმა იქაც უარი თქვა. ვუთხარი, _ გელა, მოვიყვან ხალხს, რომელიც იტყვის, რომ ეს ნაკვეთი ჩემია, საქმეს სასამართლოს გადავცემ და ამდენი წლის განაცდენს თავიდან ბოლომდე აგანაზღაურებინებ, რაც წლების განმავლობაში დამაკარგვინე, დამაზარალე-მეთქი. ვიკამათეთ და მერე გამგებელმა მითხრა, _ მიბრძანდით, ქალბატონო მაყვალა და პასუხს შეგატყობინებთო. ორშაბათს იქ ადით და პასუხს იქ დაგახვედრებენო. წამოვედი. სხვას არ შევედავები, მაგრამ უსამართლობას ვერ ვიტან და მკლავს ეს განუკითხაობა.
მერე ავედი და მიწათმომწყობმა მითხრა, _ შედი ნაკვეთზე და დაამუშავეო. 25-ე ნაკვეთი ჩვენი იყო. ვიფიქრე, ამაზე რაღას იზამს-მეთქი? დავიწყე მიწის დამუშავება.
2013 წელს ცუდად გავხდი, სამკურნალოდ არანაირი საშუალება არ მქონდა და თანხები მჭირდებოდა. ვიფიქრე, ამ ნაკვეთს გავყიდი, რადგან ერთადერთი ეს შემრჩა-მეთქი. რომ დავაწერე ნაკვეთი იყიდებაო, ის ხალხი (ვინც ამათთან შეკრული იყო) მეკითხება, _ ნაკვეთი გაფორმებული გაქვსო? ასეთ კითხვებს მისვამდნენ და უკვე დავეჭვდი, აქ რაღაც ხდება-მეთქი. წავედი საჯარო რეესტრში, ნაკვეთი არსად დარეგისტრირებული არ არის. ავედი საკრებულოში, მიწათმომწყობს ვუთხარი, ეძებეს, _ დოკუმენტი არ არისო.
_ აბა, ნაკვეთი ვისზე იყო დარეგისტრირებული?
_ არავისზე, საბუთები გამქრალიყო. განცხადება წავშალე, დაურეგისტრირებელი ნაკვეთი ვინ უნდა იყიდოს, ვის რაში სჭირდება ფულის გადაყრა? ამის შემდეგ რაიონის პოლიციაში განცხადება დავწერე, _ ამ კაცმა ჯერ სახლი და მერე ნაკვეთი წამართვა, საქმე უნდა აღიძრას სხვისი ქონების ხელყოფისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო-მეთქი.
_ რა პასუხი მიიღეთ?
_ აბსოლუტურად არაფერი. პოლიციის უფროსი საერთოდ არ მიღებდა. მერე როგორღაც ახალ უფროს ხმალაძესთან შესვლა მოვახერხე. ავედი და, _ ასეთი მდგომარეობაა, მე მიწის ნაკვეთი აღარ მაქვს, ეს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და სხვისი ქონების ხელყოფაა-მეთქი. აღიძრას საქმე, ამას ხომ ვერ იტყვით, რომ რამეს ვიგონებ, შეამოწმეთ დოკუმენტაცია-მეთქი.
ხმალაძემ, _ კი, იაკობიშვილს დავიბარებო. ამის შემდეგ არანაირი დაბარება-პასუხი, რეაგირება არ ყოფილა. ოთხი განცხადება მაქვს დაწერილი და მოვითხოვ პასუხს, ვარ თუ არა დაზარალებულად ცნობილი? პასუხი მაინტერესებს, რა მდგომარეობაა იაკობიშვილთან დაკავშირებით, აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე?
_ იაკობიშვილი ამბობს, რომ ეს მიწა მისია?
_ არა, არაფერს არ ამბობს.
_ მაშინ მას რატომ უჩივით?
_ ადრინდელი თანამდებობრივი მდგომარეობა გამოიყენა და წამართვა, ამაზე ვუჩივი, სხვა არაფრის გამო. ესენი წლების განმავლობაში ჩემთვის ზარალის მოყენებაზე მუშაობენ. ამ მიწას ვამუშავებ, მაგრამ იურიდიულად ჩემზე გაფორმებული აღარ არის. ბოლოს შარშანწინაც ვამუშავებდი, ახლა საშუალება აღარ მაქვს. ასევე დოკუმენტაცია არ გამაჩნია, რომ გავყიდო. ხვალ-ზეგ საჯაროში რეგისტრირებული თუ არ არის, ის ნაკვეთი წითელ ზოლში ექცევა და ამით მიწას დავკარგავ. საჯარო რეესტრში კი არა, კუთვნილების ძველი დოკუმენტაციაც კი აღარ არსებობს.
_ ახალ გამგებელთან ხომ არ მისულხართ?
_ არა, რადგან აზრი არ აქვს.
_ სახლთან დაკავშირებით რა პრეტენზიები გაქვთ?
_ ჩემი სახლ-კარი სოფელ ხორნაბუჯში მთლიანად დანგრეულია. ეს პროცესი 1994 წლიდან დაიწყო და როცა ვამბობდი, სახლი ინგრევა-მეთქი, რეაქციას არ აძლევდნენ. ელემენტარულად, სახლის გადაბმის წერტილები ნადგურდებოდა. ეს იყო მამაჩემის ერთადერთი ბინა, მთელ უბანში რომ ჩანდა, ყველანაირად მოვლილი და გაწყობილი. ორჯერ მე გავარემონტე და დღეს რომ მიხვიდეთ, იქ იატაკიც არ არის. დანგრეული კარები, დაჭრილი ავეჯი, ჩამოწეწილი ფარდები, ყველაფერი განადგურებულია. რაც კი ჭურჭელი იყო, რისი წაღებაც შეიძლებოდა, გატანილია.
_ ამ დროს იქ ცხოვრობდით?
_ ვცხოვრობდი, მაგრამ სამსახურში რომ მივდიოდი, მყარაულობდნენ და მერე სახლში მუშაობდნენ. იქ არავინ მყავს, ერთი და მყავდა, დამეღუპა, დედ-მამა ადრე გარდამეცვალა და მარტო მცირეწლოვანი შვილი მყავდა. როგორც კი გავიდოდი, ზარს აძლევდნენ, _ არიქა, გამოვიდაო. მივიდოდი და ყველაფერი განადგურებული, წაღებული მხვდებოდა.
_ შვილი სახლში არ იყო?
_ მაშინ სკოლაში დადიოდა. მე რაიონულ ცენტრში ვმუშაობდი, დილით გავდიოდი, საღამოს ვბრუნდებოდი.
_ ამას ვინ აკეთებდა?
_ იყვნენ ჭუბაბრიები, პოპიაშვილები, ტატუნაშვილი, რომელმაც ადრე ხანძარი გამიჩინა. უცხო, რაიონში კრიმინალებად ცნობილი ხალხი მერჩოდა. მერე გავიგე, რომ ისინი კრიმინალები იყვნენ. ჩემი სახლიდან გასულებს რომ ვხედავდი, ვკითხულობდი, _ ესენი ვინ არიან-მეთქი? ზოგის მანქანის ნომერს ვიმახსოვრებდი, ზოგს ფიზიკურად და ამით ვიგებდი, თუ ვინ მესხმოდა თავს.
_ თქვენი თანასოფლელები არიან?
_ რაიონშიც ცხოვრობენ და სოფელშიც.
_ რა მოტივაცია ჰქონდათ?
_ არ ვიცი, მაგრამ ეს დაკვეთილი საქმე იყო. ჩემი სახლ-კარის განადგურება, ფსიქიკური დაავადება და სიკვდილი იყო მათი ჩანაფიქრი. დღესაც ვიღაცას ეს მოტივი აქვს.
_ რა ამოძრავებთ, რაღაც მიზეზი აქ ხომ უნდა იყოს?
_ არ ვიცი და აი, ეს მკლავს. გეფიცებით ერთადერთ შვილს, არ ვიცი, რატომ ხდება ეს. ძველი ამბავი არ არის. ვერ ვიხსენებ ვერც ერთ მტერს, ვის წინააღმდეგაც დანაშაული მქონდეს ჩადენილი. ასეთი რამ არ არსებობს, მეც ყველაზე მეტად ეს მაინტერესებს.
_ როდემდე გრძელდება ეს პროცესი?
_ დღემდე და ხელი აქაც მომაწვდინეს, ყოველი ჩემი ნაბიჯი გაკონტროლებულია.
_ აქ „ხელი როგორ მოგაწვდინეს“?
_ ეს არის ქურდული სამყარო, რომელსაც გზა ყველგან ხსნილი აქვს.
_ რას გეუბნებიან?
_ გზაში დამყვებიან. აკონტროლებენ, სადაც კი შევდივარ, რას ვაკეთებ, ვისთან რას ვლაპარაკობ და მერე იმის მიხედვით მოქმედებენ. ბოლოს, როგორც გითხარით, კვირიკაშვილთან შევიტანე განცხადება და სამი პიროვნება მომყვებოდა. მერე პარლამენტის ჩამოსასვლელთან გაჩერებაზე მივდიოდი, ორი ბიჭი იჯდა და კიბეებს დავუახლოვდი თუ არა, _ ეს სიკვდილს გაიჩალიჩებს, იქამდე ივლისო. თან მაშინებენ ყველანაირად, რომ ვეღარ ვიჩივლო. მოკლედ, ჩემი ეს საქმე არ უნდა მოვიკითხო, ნებაზე უნდა იყვნენ მიშვებულნი.
_ რაიონიდან როდის წამოხვედით?
_ საცხოვრებლად არ გადმოვსულვარ, ახლა აქ ავადმყოფობის გამო ვარ. თვეში ერთი-ორჯერ მივდიოდი ხოლმე, მაგრამ ორი თვეა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღარ ვყოფილვარ. ბოლოს რომ ჩავედი, სახლი კიდევ უფრო დაზიანებული დამხვდა. ამას ყველაფერს ვაფიქსირებ, პოლიცია გამოძახებული მყავდა. ამაზეც გიჟდებიან, _ რატომ აფიქსირებო?! იკვლევენ თუ არა, იქ ადგილზე რაც ხდება, ყველაფერს ვაფიქსირებ. ვიძახებ პატრულს, მერე ვწერ განცხადებას და ასლებს ვიტოვებ.
ჩემი საქმე რაიონის პოლიციას არ უნდა გადასცენ. შევიტან განცხადებას, ისევ მოვლენ და, აბა, ხელი მოგვიწერე გამოკითხვაზეო... რაღა უნდა გააკეთო, როცა შენზე წერ საჩივარს? შენ თავზე რა უნდა მოიკვლიო? მე ვისზეც ვწერ განცხადებას, ისევ იმას აძლევენ მოკვლევისთვის. თუ რამის მომკვლევი იყო, აქამდე ხომ გააკეთებდა? ამიტომ გამოსავალი ის არის, რომ ჩემი საქმე შსს-მ პირად კონტროლზე აიყვანოს. შეიქმნას კომისია და დაათვალიერონ ადგილმდებარეობა, ამის მიხედვით იმსჯელონ. მე ისეთს არაფერს ვითხოვ, მოვიდნენ და თავისი თვალით ნახონ, თუ რა ვანდალიზმთან და ბარბაროსობასთან გვაქვს საქმე. დააფიქსირონ ეს და რადგან პასუხისმგებელი დღემდე ვერ ნახეს, ზარალი სამართალდამცველებმა ამინაზღაუროს.
გიორგი მეფარიძე