QronikaPlus
ბაჩო ახალაია: „რა გინდათ, ბატონო შაქრო?!“ პროკურორი: „შარზე ვარ!“

ბაჩო ახალაია: „რა გინდათ, ბატონო შაქრო?!“ პროკურორი: „შარზე ვარ!“

2016-07-22 10:48:26

„იმის მიუხედავად, გამტყუნდება თუ გამართლდება, ბაჩო ახალაია ციხეში უნდა იჯდეს!“ _ ეს ფრაზა, რომელმაც წარმოთქმისთანავეც და მერეც არაერთხელ მოიარა სრულიად ქართული ინტერნეტსივრცე და ბეჭდური მედიის გვერდები, უფლებადამცველ(?!!) გედევან ფოფხაძეს ეკუთვნის. გედევან ფოფხაძის ამ წამოცდენაში, მთლიანად, „ოცნების“ ხელისუფლების დამოკიდებულებაა ჩადებული: თავიდანვე გადაწყდა, რომ ბაჩო ახალაია უნდა მჯდარიყო და ეს პირობა ნებისმიერი დონის სასამართლოზე პირუთვნელად და უაპელაციოდ სრულდება. თანაც, ხელისუფლებამ მარტივი სქემა მოიფიქრა: ბაჩანა ახალაიას უამრავი ბრალი აქვს წაყენებული და ეპიზოდთა რაოდენობა იმდენია, აშკარად აგერევა სათვალავი, მაგრამ რა პრობლემაა? _ გამართლდება ბევრ ეპიზოდში? ერთი მაინც როგორ არ აღმოჩნდება ისეთი, სადაც პროკურატურა იყოჩაღებს, მოწმეებს კარგად მოამზადებს და, ბოლოს და ბოლოს, ბაჩო ახალაიას ბრალს დასდებს? და აი, აგერ უკვე სამ წელიწადზე მეტია, დაწყებული 2013 წლის მარტიდან, ხან ღია, ხან დახურული ფორმატით, მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, რომლებსაც ყველაფერს დაარქმევ სასამართლო პროცესების გარდა: მოწმეები დაზეპირებული ტექსტებით, ხელისგულზე შპარგალკებით, უეცრად ავად გამხდარი და აორთქლებული პროკურორით, მოწმეებით, რომლებიც თურქეთში დაასვენეს მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, პირდაპირ ბრიფინგიდან გატაცებული ცრუ მოწმე, რომელიც მოგვიანებით ამბობს, რომ ის არავის გაუტაცებია... „ქრონიკა+“-მა გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ მიადევნოს თვალი ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესს და ერთად შეკრებილი შემოგთავაზოთ ის კურიოზული სიტუაციები, რომლებიც ამა თუ იმ სხდომაზე სხვადასხვა ფორმით ხდებოდა. დავიწყოთ იმით, რომ, ჯერ კიდევ, 2013 წლის ბოლოს, ბაჩო ახალაია წაყენებული ბრალდებიდან ოთხში სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციამ გაამართლა, ანუ მისი გამართლების პროცესი, რომელიც სხვადასხვა ეპიზოდთან მიმართებით შემდეგ კიდევ ცხრაჯერ (სულ ცამეტჯერ) განმეორდა, ჯერ კიდევ, მისი დაკავების წელს დაიწყო. 2013 წლის დეკემბერში ბაჩო ახალაია გამართლდა ოთხ ბრალდებაზე: ე. წ. ვაშლის თლაზე, ჯარისკაცების წამებაზე (წელსზევით შიშვლებს რომ ავარჯიშებდა ზამთარში), ზვიად აბესაძის ცემასა და სკამის თავზე გადამტვრევის ბრალდებაში და სპეცრაზმელების ეპიზოდში. გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლომ მხოლოდ „კანონიერი ქურდების“ საქმეზე გამოიტანა, თუმცა ჯერაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ის შეიწყალა, რაც ნიშნავდა, რომ 2013 წლის ბოლოსთვის ბაჩო ახალაიას, ფაქტობრივად, მსჯავრი არ ედო, ხოლო ბრალი წაყენებული ჰქონდა ციხეში პატიმრებისთვის პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნის გამო. კარგა ხანს სწორედ ეს ნაკლებად მძიმე ბრალი იყო (რომელიც პატიმრობას არც ითვალისწინებდა) წინასწარ პატიმრობაში ბაჩო ახალაიას დატოვების საფუძველი, სანამ ახალ ბრალს წაუყენებდნენ... საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები, თითქმის ყოველთვის, ბაჩო ახალაიას საწინააღმდეგო გახლდათ. ასე განსაჯეთ, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „კანონიერი ქურდების“ საქმეში არა მარტო 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბაჩო ახალაიას, არამედ ბრალდებულებს 4.000 ლარის გადახდაც კი დააკისრა „ქურდების“ სასარგებლოდ. მაშინ ბაჩო ახალაიას მეგობრები არცთუ უსაფუძვლოდ ხუმრობდნენ, _ მოსამართლე ჩხიკვაძემ „ობშიაკი“ შეავსოო. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ბაჩო ახალაიას საქმეში მის წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებებში იდო ე. წ. კანონიერი ქურდის ჩვენება, რომელიც იხსენებდა რა „არაადამიანურ პირობებში“ ყოფნას, ჰყვებოდა, როგორ ეძებდნენ სიას ბაჩო ახალაია და მისი ხელქვეითები. შეკითხვაზე, _ როგორ ფიქრობთ, „ობშიაკის“ შემვსებთა სიას რის გამო ეძებდნენო? მან ალალად უპასუხა: „რეალურად ახალაიას და სხვებს თანხა არ აინტერესებდათ, ტყავში („ობშიაკის“ ერთ-ერთი სახელი, _ ავტ.) 200 ათასი თუ იქნებოდა, მაგრამ მათ აინტერესებდათ არა თანხა, არამედ ქურდული სამყაროს წელში გადატეხა და ამისთვის ეძებდნენ სიას“... საბოლოოდ, 2016 წლის შუა პერიოდში, ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენების რაოდენობამ ცამეტს მიაღწია. ამ ხნის განმავლობაში თანდათან დადასტურდა, რომ ის არ იკვებებოდა ადამიანის ხორცით, რომ თურმე დანით მართლა ვაშლს თლიდა და არა ადამიანების კანს, რომ არ ჰყავდა დაბმული აივანზე ადამიანებზე დაგეშილი მგელი და რომ მაცივარში არ ედგა გრაფინით ახალი სისხლი... რაც უფრო ხშირად ტარდებოდა სასამართლო პროცესები, ცხადია, მით უფრო ხშირად ისმოდა კურიოზული ფრაზებიც. ზოგჯერ, ფრაზებთან ერთად, სასამართლო პროცესებზე უაღრესად საინტერესო იყო დიალოგებიც...   2013 წელი, ოქტომბერი: პროკურორი: „იმის გათვალისწინებით, რომ ბაჩანა ახალაიას სასამართლო პროცესები დამთავრებულია და შესაძლოა, იგი სასამართლო დარბაზიდან განთავისუფლდეს, ვშუამდგომლობთ სასამართლოს წინაშე, რომ ბაჩანა ახალაიას შეეფარდოს პატიმრობა“. ბაჩო ახალაია: „იმ ერთადერთი მოწმის (მღვდელი) გარდა, გაქვთ თუ არა რაიმე, ერთი ცალი მტკიცებულება, ან გყავთ ერთი მოწმე მაინც საქმეში?“ პროკურორი: „არა“. ბაჩო ახალაია: „უკვე ერთი წელია, ციხეში ვზივარ, მძევალს უფრო ვემსგავსები, ვიდრე კანონიერ პატიმარს“.   2013 წლის სექტემბერი: პროკურორი რევაზ ნადოი: „თქვენ იცნობთ თუ არა „კანონიერ ქურდ“ მამარდაშვილს?“ ბაჩო ახალაია: „დიახ, მე ვიცნობ ყველა „კანონიერ ქურდს“, რომელიც ჩემი იქ მუშაობის დროს ციხეში იჯდა. მე ვფლობდი მათზე ყველა ინფორმაციას, მე ვესწრებოდი რეიდებს და მათ ჩხრეკებს მე-7 საპყრობილეში. აი, ამ ჩარჩოებში ვიცნობ მათ და, თქვენი ზოგიერთი კოლეგისგან განსხვავებით, მათთან ერთად სუფრასთან არასოდეს ვმჯდარვარ და მათთან არ მიქეიფია“. პროკურორი რევაზ ნადოი: „ბაჩანა ახალაიასთან სათითაოდ შეჰყავდათ „კანონიერი ქურდები“, რომელთაც ბაჩანა ახალაია ეკითხებოდა, თუ რა დღე, რიცხვი, თვე და წელი იყო, რითაც იგი „კანონიერ ქურდებს“ აყენებდა დამამცირებელ და არაადამიანურ მდგომარეობაში“.   2013 წლის აგვისტო, ჯარისკაცებისა და სპეცრაზმელების დამცირებისა და აბუჩად აგდების საქმის განხილვის დროინდელი ფრაზები: „მათ უწოდეს გაუნათლებლები, უშნოები და ბაყაყები“; „პოლიტიკური ნიშნით გამოარჩიეს 7 კაცი და უბრძანეს, ამ შვიდ კაცს მოექეცით, როგორც შვიდ პუტინსო“; „ბაჩანა ახალაიამ უწოდა მათ მოღალატე, პინგვინი და გარეწარი!“ ბრალდებული (რეინჯერის კურსის ინსტრუქტორი) ალექსი დავითაშვილი: „როცა სამხედრო პოლიციაში დამიბარეს, მომთხოვეს, ჩვენება მიმეცა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, თორემ მეც დამაკავებდნენ...“ ბრალდებული (რეინჯერის კურსის ინსტრუქტორი) დავით გიორგაშვილი: „პროკურატურაში და სამხედრო პოლიციაში მთხოვდნენ დამეწერა ჩვენება ახალაიას წინააღმდეგ...“ ბრალდებული (რეინჯერის კურსის ინსტრუქტორი) რობერტ სუთიძე: „გამომძიებელი ჯერ მიყვიროდა: თქვი, რომ ახალაიამ დაგავალა ამ ხალხის წამებაო. მე ვუთხარი, რომ მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი ახალაია აღლუმზე, როცა მინისტრი იყო. მერე სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, რაზეც წამოვხტი და დერეფანში გავედი, ესენიც გამომეკიდნენ, ჩვენი ყვირილი ყველას ესმოდა...“ მოწმე: „ყველა სამხედროს აქვს ვალდებულება, რომ როდესაც მისი მეთაური უბრძანებს, მან შეასრულოს ბრძანება და გაიაროს ნებისმიერი კურსი, რომელზედაც მიავლენენ, მათ შორის, რეინჯერის კურსიც“. პროკურორი: „ანუ მე რომ ქუჩაში გავიდე ახლა, ნებისმიერი ადამიანი შემიძლია ვაიძულო, რეინჯერის კურსზე წავიდეს?!“   2013 წლის ივლისი, იგივე საქმე: პროკურორების საბოლოო სიტყვა: „მოწმის ჩვენებით, ბაჩო ახალაიამ სამხედროებს ნაძირალები უწოდა და მიაყენა თუ არა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა, ეგ მოწმეს არ ახსოვს“; პროკურორი: „ახალაიამ უთხრა, _ კარგის გინება გეწყინათ, თქვე დედაასეთებოო“; პროკურორი: „ახალაიამ მათ უწოდა მამაკაცის ასოები“; პროკურორი: „ჯარისკაცებს არბენინებდნენ და თან ამღერებდნენ, _ საჭმლის არჭამა ცუდია, გვშია, გვშია“; პროკურორი: „ასეთ წამებაში და ყოფნა-არყოფნაში ამყოფეს სამი დღე...“; პროკურორი: „ბატონო მოსამართლე, რატომ არ მაძლევთ ჯვარედინი დაკითხვის უფლებას, როცა ადვოკატებს ჰქონდათ ამის უფლება?“ მოსამართლე: „ვინ თქვა, ბატონო შაქრო, რომ არ გაძლევთ? როდის შეგზღუდეთ?“ ბაჩო ახალაია: „რა გინდათ, ბატონო შაქრო?!“ პროკურორი: „შარზე ვარ!“ ადვოკატი: „ვინ გახდა ვარჯიშის დროს ცუდად?“ მოწმე დ. ელიზბარაშვილი: „არ ვიცი“. ადვოკატი: „აბა, ჩვენებაში სახელებით და გვარებით რომ გიწერიათ, ეს თქვენი დაწერილი არაა?“ მოწმე დავით ელიზბარაშვილი: „არ მახსოვს“. ადვოკატი: „ანუ თქვენ არ გინახავთ ეს ხალხი?“ მოწმე: „არ მახსოვს!“ ადვოკატი: „ბოლოს რა კითხვა დაგისვით?“ მოწმე: „არ მახსოვს!“ ადვოკატი: „თქვენ ჩვენებაში გიწერიათ, რომ არაადამიანურ ვარჯიშებს გვაკეთებინებდნენო. რას გულისხმობთ არაადამიანურ ვარჯიშებში?“ მოწმე შსს-ს სპეცრაზმელი დავით ელიზბარაშვილი: „არაადამიანური ვარჯიშებია: „ატჟიმანია“, ხოხვა, პრესი და სირბილი!“ მოწმე შსს-ს სპეცრაზმელი დავით ელიზბარაშვილი: „ჩემთან მოვიდა ინსტრუქტორი ჩუბინიძე და მიბრძანა გამეკეთებინა 20 „ატჟიმანია“. მე ვუთხარი, არ გავაკეთებ-მეთქი. მერე იძულებით გამაკეთებინეს და ცუდად გავხდი“. ბაჩო ახალაია: „თქვენ თქვით, რომ 90-100 მეტრის მანძილიდან გესმოდათ ყვირილის ხმა, მაგრამ ვერ არჩევდით სიტყვებს საერთოდ. მაშინ რა იცით, რომ ეს იყო გინება?“ მოწმე თემურ ხორბალაძე: „გინების ხმა იყო!“ მოწმე ალექსანდრე გურისაშვილი: „მათ აკეთებინებდნენ „ატჟიმანიებს“ და ეს „ატჟიმანიები“ შეიცავდა ხოხვას“. მოწმე ზურა პავლიაშვილი: „როდესაც პროკურატურაში გამომძიებელი მკითხავდა, ჩვენებაში ჩაწერა ის, რაც მე არ მითქვამს. კერძოდ, ჩაწერა, რომ ბაჩო ახალაიამ თათბირზე სამხედრო მოსამსახურეებს უწოდა ნაბიჭვრები. მე, რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ ამაზე ხელს არ მოვაწერდი და ეს ჩემი სიტყვები არ იყო, რაზედაც გამომძიებელმა მითხრა, რადგან ჩავწერე, ესე იგი ასეა საჭიროო“. მოწმე სპეცრაზმელი შავაძე: „მე იქ არ უნდა მერბინა და ძალით მარბენინეს!“ ადვოკატი: „რატომ არ უნდა გერბინა?“ მოწმე: „ხელის კუნთი მქონდა დაჭიმული“. მოწმე (შსს-ს სპეცრაზმელი) მალხაზ შავიძე: „სამმართველოს უფროსმა ვეკუამ თათბირზე გამოგვლანძღა და ნაბოზვრები გვეძახა იმის გამო, რომ ჰიმნი არ ვიცოდით“. ბრალდებული ალექსი დავითაშვილი: „მე პირადად დაგიშავეთ რამე?“ მოწმე მალხაზ შავიძე ძალით ძველბიჭური ტონით: „და რა გამიკეთე, რო?“ მოწმე (შსს-ს სპეცრაზმელი) მალხაზ შავიძე: „ვარჯიშისას კუნთი დამეჭიმა და ექიმთან მივედი იქვე, ბაზაზე, „სანჩასტში“. იქ ექიმმა მითხრა, რომ უვარჯიშობისგან კუნთები მქონდა გაზარმაცებული“. ბაჩო ახალაია: „თქვენ თქვით, რომ მე 15-20-წუთიანი თათბირი ჩავატარე და იქ ვიღაცას ვუწოდე პინგვინი და ვიღაცას მოღალატე, კიდევ რა ვთქვი იმ თათბირზე?“ მოწმე (შსს-ს სპეცრაზმელი) სერგო ქესანაშვილი: „არ მახსოვს“. ბაჩო ახალაია: „რატომ ხდება ისე, რომ რაც ბრალში წერია, მარტო ის გახსოვთ, რაც პროკურატურას არ აწყობს, ყველაფერზე „არ მახსოვს გაიძახით“?!“ მოწმე ჩალიგავა (შსს-ს სპეცრაზმელი): „მოგვაწყვეს და ამის მერე დაიწყო ხოხვა, „ატჟიმანია“ და ათასი უბედურება“. მოწმე (შსს-ს სპეცრაზმელი) დავით კობრავა: „მე „ატჟიმანიებს“ ყოველდღე ვაკეთებ და ეგ არ იყო პრობლემა, ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო სველ ასფალტზე ხოხვა“. ბაჩო ახალაია: „თქვენ ბრძანდებით სნაიპერი, ასრულებთ ნებისმიერ ბრძანებას, ესვრით და კლავთ ადამიანს და მაინტერესებს, თქვენთვის ადამიანის მოკვლა უფრო ძნელია, თუ ის ვარჯიში, რომლის დროსაც ორჯერ წაგივიდათ გული?“ მოწმე გიორგი მიქაძე: „ვარჯიში!“ მოწმე სპეცრაზმელი (სნაიპერი), გიორგი მიქაძე: „ვარჯიშის დროს გულის ჩხვლეტები მქონდა“. ბაჩო ახალაია: „როდის მიიღეთ მორალური ზიანი?“ მოწმე (შსს-ს სპეცრაზმელი) იასონ მელიაშვილი: „მაშინ, როცა ასფალტზე გვახოხეს ინსტრუქტორებმა, რომელთა დიპლომი არ გვინახავს“. ბაჩო ახალაია: „ანუ თქვენ მორალურ ზიანს არ მიიღებდით, თუ ხოხვისას ბალიშებს დაგიფენდნენ და ინსტრუქტორები კისერზე დიპლომს ჩოიკიდებდნენ?“ მოწმე: „დიახ“. ადვოკატი _ მოწმეს: „თქვენ იქ, სადაც მამაკაცები იკრიბებიან, დამეთანხმებით, ალბათ, რომ ხშირია ბილწსიტყვაობა“. ამ დროს წამოხტა პროკურორი შაქრო: „პატივცემულო მოსამართლე, ადვოკატი შეურაცხყოფას აყენებს მამაკაცებს, მე არასოდეს გამიგია ბილწსიტყვაობა მამაკაცებისგან!“ მოწმე ბურდიაშვილი: „ჩვენ ინსტრუქტორმა დაგვაშინა, რომ თუ არ ვივარჯიშებდით, ორხევიდან რეინჯერის ბატალიონი შემოგვივარდებოდა ნიღბებში“. ბრალდებული ინსტრუქტორი სუთიძე: „თქვენ თავი სამხედროდ რომ მოგაქვთ, ელემენტარული ის მაინც უნდა იცოდეთ, რომ რეინჯერის ბატალიონი ორხევში არ არის განლაგებული, არამედ სამთო-სადაზვერვო ბატალიონი „ალგეთი“ დგას ორხევში!“ მოწმე სპეცრაზმელი მიხეილ ოხანაშვილი: „დავიწყეთ „ატჟიმანიების“ და მუცლის პრესის კეთება, რა დროსაც რამდენიმე კაცს გული წაუვიდა“. მოწმე ჯამბულ ბერიძე: „ადექი, დაჯექი, დაწექი! _ ეს ბრძანებები იყო შეურაცხმყოფელი და მანამდე ასეთ რაღაცას არ ვაკეთებდით“. ბაჩო ახალაია: „თქვენ მანამდე რა წვრთნა გაქვთ გავლილი?“ მოწმე: „2008 წლამდე ნორიოზე გავიარე სწავლება“. ბაჩო ახალაია: „ნორიოზე ვიცი, რაც გაიარეთ, კლდეს ესროდით და 2008 წლიდან 2012 წლამდე არანაირი სხვა წვრთნა, ან სწავლება არ გაგივლიათ?“ მოწმე: „არა“. ბაჩო ახალაია: „და თქვენ სამხედროდ თვლით თავს?“ მოწმე: „დიახ“. ბაჩო ახალაია: „თქვენ იცით, რა არის, საერთოდ, წვრთნა და სწავლება? აი, მაგალითად, რეინჯერის კურსის ერთ-ერთი კომპონენტია გამძლეობის ტესტი, სადაც რამდენიმე დღე საჭმელს არ გაჭმევენ და 7 დღის განმავლობაში მხოლოდ 4 საათის ძილის უფლება გაქვთ, თქვენ ბატონო, ჯამბულ ამას, დარწმუნებული ვარ, წამებად მიიჩნევთ და წამება და სწავლება ერთმანეთში გერევათ. და მაინც, რატომ იყო თქვენთვის „ადექი-დაჯექის“ ბრძანების შესრულება შეურაცხმყოფელი?“ მოწმე: „ბატონო ბაჩანა, მე თქვენთან არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია, საერთოდ!“ პროკურატურის მოწმე: „დილის ვარჯიშზე უარი რომ ვთქვით, ჩვენთან მოვიდა ზემდგომი და გვითხრა, რომ თუ ასე მოვიქცეოდით, მალე რუსის ვანია შემოვიდოდა და დედას მოგვი***და, ყველას!“ ადვოკატი ველიჯანაშვილი: „და ახლა თუ გრძნობთ იმას, რომ რუსის ვანია შემოსულია და დედას გიტ***ავთ?..“     ლაშა ბერულავა    

გაზიარება