მეზობელ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჩაფლავდა. საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება აღნიშნული პროცესების მიმართ ერთი წინადადებით შეიძლება გამოიხატოს: „ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქეთის დემოკრატიას“.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დიმიტრი შაშკინი:
_ აქ მთავარი ის არის, რომ თურქეთში შეიარაღებული ძალები ყოველთვის განსაკუთრებულ როლს თამაშობდნენ. ბოლო სამხედრო გადატრიალება, რომელიც იქ წარმატებით განახორციელეს, 1980 წელს მოხდა. ბევრი ექსპერტი მიუთითებდა, რომ სცენარის ასეთი განვითარება შესაძლებელი იყო. მაგრამ იმან, რაც ამ დღეებში მოხდა, ყველას აჩვენა, რომ სამხედრო გადატრიალების დრო წავიდა. ბუნებრივია, XXI საუკუნეში, ამხელა ქვეყანაში, სადაც ინსტიტუციები უკვე ჩამოყალიბებულია, პრინციპში, სამხედრო გადატრიალება შეუძლებელია. თვითონ ამ მოვლენებმა აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების როლი ქვეყანაში.
_ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული გადატრიალების მცდელობამ?
_ თურქეთის წინაშე ახლა ძალიან რთული ამოცანა დგას. ერთი მხრივ, სახელმწიფო ელიტას შურისძიების გრძნობა ამოძრავებს. თვითონ საზოგადოებაშიც ამ შურისძიების გრძნობამ გაიღვიძა და, ბუნებრივია, სურს, რომ მონაწილეები დაისაჯოს. მეორე მხრივ, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ახლა თურქეთი, რეალურად, ორ ფრონტზე იბრძვის. ერთი არის სირია და მეორე, _ მას ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვს ქურთებთან. აქედან გამომდინარე, ახლა ერდოღანის წინაშე რთული ამოცანაა: შურისძიების კუთხით არ გადააჭარბოს, რამაც პრობლემები უფრო არ გააღრმავოს ქვეყნის ჯარში.
_ შეერთებულ შტატებთან თუ მოსალოდნელია გარკვეული დაპირისპირება?
_ არა მგონია, პრინციპში, ამას გამოვრიცხავ. ბუნებრივია, რომ ამ ტალღაზე გარკვეული განცხადებები გაკეთდება, მაგრამ რამდენიმე დღე და კვირა რომ გაივლის, გრძნობები ჩაქრება და ყველაფერი კალაპოტში ჩადგება.
_ საქართველოს ხელისუფლების რეაქცია რამდენად ადეკვატური და თანმიმდევრული იყო თურქეთში განვითარებული პროცესების მიმართ?
_ ძალიან სამწუხაროა და ჩვენი ხელისუფლება უკვე მერამდენეჯერ აჩვენებს, რომ კრიზისულ სიტუაციებში, კრიზის-მენეჯმენტში, ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია. თურქეთი ჩვენთვის მეზობელია, სტრატეგიული პარტნიორია. პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძალზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა.
ამ პირობებში პოზიციის დაუფიქსირებლობა, საზღვრის ჩაკეტვა, ამის საზოგადოებისთვის, როგორც მთავარი გადადგმული ნაბიჯის მიყიდვა, ხომ გესმით, რომ აბსოლუტურად არაადეკვატურია?! ანუ ლოდინი იმისა, რით დამთავრდება ეს ყველაფერი და მერე პოზიციის დაფიქსირება არასწორია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობაში, სამინისტროებში არც ხალხი ჰყავთ, ვისაც მოვლენების განვითარების პროგნოზის გაკეთება შეუძლია და არც ის ხალხი, რომელიც მკვეთრად დააფიქსირებს, თუ რა არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის? თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ დემოკრატიულად არჩეულმა პრეზიდენტმა შეინარჩუნოს თავისი ძალუფლება? ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ასეთი ხალხი დღევანდელ მთავრობაში ან არ არსებობს, ან მათ არავინ უსმენს.
_ ამ სიტუაციაში ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ყველაზე მართებული დამოკიდებულება რა იქნებოდა?
_ პირველი: როგორც კი ეს ყველაფერი დაიწყო, ხელისუფლებას თავისი მოვალეობა უნდა შეესრულებინა და პოზიცია გამოეხატა ამ გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით;
მეორე: აუცილებლად უნდა შემდგარიყო კონტაქტი არჩეულ პრეზიდენტთან; საქართველოს ხელისუფლებას აუცილებლად უნდა გამოეხატა მხარდაჭერა დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის მიმართ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ვიმეორებ: თურქეთი არის ჩვენი პოლიტიკური პარტნიორი, მთავარი ეკონომიკური პარტნიორი. ამ სიტუაციაში, როდესაც ხელისუფლება იმალება და სიტუაციის განვითარებას ელოდება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლიტიკაში (რომელიც თურქეთს განსაკუთრებით ახასიათებს) ძალიან დიდი როლი პირად ურთიერთობებს უკავია. ასევე ძალიან დიდი როლი უკავია ადამიანურ ურთიერთობებს.
როდესაც შენ ცდილობ დაიმალო და ცდილობ, სიტუაციის განვითარებას დაელოდო, მერე პრეტენზია არ უნდა გქონდეს, თუკი ადამიანური ურთიერთობები პრეზიდენტ ერდოღანთან გაფუჭდება.
ერთ მაგალითს მოგიყვანთ: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საქართველოში პრეზიდენტები ჩამოფრინდნენ, თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს და მხარი დაგვიჭირეს. ეს ჩვენთვის ადამიანურად ხომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო?
ბუნებრივია, ვინც ჩვენთან ჩამოვიდა, თავიანთი აბსოლუტური მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს მიმართ.
მაგრამ ის, ვინც დაიმალა და ხმა არ ამოიღო, ბუნებრივია, ჩვენ მნიშვნელოვან პარტნიორად ვერასოდეს განვიხილავთ.
როდესაც თურქეთის პრეზიდენტს უჭირს, რეალური გადატრიალების მცდელობაა და შენ, ერთ-ერთი ყველაზე ახლობელი მეზობელი, ცდილობ დაიმალო და ხმა არ ამოიღო, დაელოდო, ეს ყველაფერი რით დამთავრდება, ადამიანურად და პოლიტიკურად არასწორია.
_ პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერმა გარკვეული განცხადებები გააკეთეს, უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვიეს, მაინც ფიქრობთ, რომ არასაკმარისი ნაბიჯებია?
_ დაგვიანებული იყო. ასეთ განცხადებებს მეგობარი მაშინ დაგიფასებს, როდესაც ის კრიტიკულ მომენტში კეთდება. ბუნებრივია, საქართველო სამხედრო მხარდაჭერას ვერ აღუთქვამდა, მაგრამ ადამიანური ფაქტორი მნიშვნელოვანი იყო. და ჩვენმა მთავრობამ, სამწუხაროდ, ეს შანსი ხელიდან გაუშვა.
_ მოვლენების რა გზით განვითარება შედის თურქეთ-საქართველოს ინტერესებში?
_ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი იყოს სტაბილური, დემოკრატიული. თურქეთის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, პოლიტიკური სტაბილურობა პირდაპირ კორელაციას ახდენს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.
შეგიძლიათ სტატისტიკას გადახედოთ, თურქეთი ჩვენი მთავარი ეკონომიკური პარტნიორების სამეულში შედის. თურქეთში ნებისმიერი განვითარებული მოვლენა პირდაპირ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე და ნებისმიერი პოლიტიკური პრობლემა _ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ამიტომ რაც უფრო მდგრადი და დემოკრატიული პროცესები იქნება თურქეთში, ეს ჩვენთვის კარგია.
გელა მამულაშვილი