ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე ხეების ხმობას დედაქალაქის მერი გამოეხმაურა. დავით ნარმანია აცხადებს, რომ გამხმარია დარგული ხეების მცირე რაოდენობა, რაც ბუნებრივი პროცესია. მისივე თქმით, ასეთი ხეების ჩანაცვლება უახლოეს პერიოდში დაიწყება.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ ხელმძღვანელი _ ნატა ფერაძე:
_ შექმნილი სიტუაცია არასწორ მიდგომაზე მეტყველებს. რამდენიმე გადაცემა ვნახე, სადაც ამ ქალაქში დარგულ ხეებზე მეტყევეებს ასაუბრებენ. ამ დროს დარგვებში სატყეო სტანდარტი ურბანული ქალაქის სტანდარტისგან რადიკალურად განსხვავდება. ნამდვილად არ შემიძლია, მეტყევეებს შევეკამათო, რომ თუ ტყეში დარგული ნერგების 60%-მა გაიხარა, ეს წარმატებად ითვლება. მაგრამ ამ შემთხვევაში კონკრეტულად ტყის პირობებზეა საუბარი. რაც შეეხება ურბანულ დარგვებს, აქ ასპროცენტიანი გახარება მოეთხოვება, რადგან მეცნიერება დენდროლოგია წინ წავიდა და კონტეინერული ხეები უნდა დაირგოს.
ძალიან ბევრს ჰგონია, რომ ამ ხეების დაღუპვის მიზეზი არასეზონური დარგვა იყო. სწორი არაა და კონტეინერულისთვის ეს საშიში არ არის. რადგან კონტეინერული ჰქვია ხეს, რომელიც გამოზრდილია კონტეინერში, ქოთანში, სპეციალური ცელოფნის პარკში, ტომარაში და ა. შ., გადარგვის შემდეგ მის ფესვთა სისტემას არანაირი ზიანი არ ადგება, ამით სიცოცხლისუნარიანობა არ უქვეითდება. აქ თეორიული შანსიც გამორიცხულია. მით უმეტეს, როცა ასეთ ძვირიან ხეებზეა საუბარი. აქამდე კონტეინერულ ხეებს არ რგავდნენ. ჩვენი მერია რაღაც უდღეურ, პატარა, სატყეო მეურნეობაში დაშვებულს რგავდა. ახლა ძალიან ძვირადღირებული მცენარეები შეიძინეს. თითოს ღირებულება ასოცი ლარიდან იწყებოდა და ზემოთ ადიოდა. ასევე ტენდერში ეწერა, რომ ეს კონტეინერული ხეები უნდა ყოფილიყო. თუმცა ჩვენ გადავამოწმეთ და ეს კონტეინერული ხეები არ ყოფილა. ის გრუნტიდან ახალთახალი ამოთხრილი იყო და ეს ძირითადი მიზეზია, რამაც აღნიშნული ხეების სიკვდილიანობა გამოიწვია.
ნარმანიას განცხადება, რომ რაღაც პროცენტი უნდა დაიღუპოსო, ეს, ალბათ, ვინც საკითხის სპეციფიკაში ვერ ერკვევა, მისთვის მოსატყუებელია. არ შეიძლება, ამაზე მეტყევის გამოყვანა. არ შეიძლება, რომ გულზე პროქტოლოგმა ისაუბროს. მოკლედ, რადიკალურად განსხვავებული დარგებია ხეების ქალაქში დარგვა და ტყეში დარგვა.
კიდევ იყო ხალხის აზრი, რომ ხმობა ძალიან ახლო-ახლოს დარგვამ გამოიწვია, ესეც არ არის პრობლემა. მას ცოცხალი ღობე ჰქვია, როცა დარგვები ძალიან ახლოსაა გაკეთებული. ამის ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს მცხეთაში სალობიესთან, სადაც მიჯრით დარგული ხეებიც ხარობენ. მოკლედ: პირველი შეცდომა და პრობლემა ის იყო, რომ ეს დარგვები კონტეინერული არ ყოფილა. მეორე, ძალიან უხეში შეცდომა: სულაც კონტეინერული რომ ყოფილიყო, ეს ხეები მაინც დაიღუპებოდა. პრობლემა სიმაღლეცაა. უნდოდათ, რომ გზის პირას ყოფილიყო, მაგრამ ბორდიურის იქითკენ ადგილი, სადაც ნერგები უნდა დარგულიყო, გაცილებით დაბლა იყო. რაღაც სამშენებლო ტექნიკით პირდაპირ ხრეში მიაყარეს. ეს ნიშნავს, რომ ხეები არ არის გრუნტში და იქითა მხრიდან, საიდანაც ხრეშის ეს პატარა მიწაყრილია, ჰაერი შედის, მზე ატანს, ფესვები შრება, უნიავდება, უხმება და ა. შ. აგრარული სტანდარტების დაუცველობით მხოლოდ დაუდევრობა იყო ამ ნერგების გახმობის მიზეზი, რაც ძალიან სამწუხაროა. მხოლოდ ეს გზისპირა ნერგები ბიუჯეტიდან 900 ათასი ლარი დაგვიჯდა.
ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ვიღაც სპეციალისტმა უნდა მოიფიქროს, თუ რა სახეობის ნერგები მოუხდებოდა ამ ადგილს. აქ ყველაფერი პირიქით ხდება. მიდიან სანერგეში და ადილზე ნახულობენ, თუ რა ნერგები აქვთ. ეს იყო სანერგე „გრინ სერვის პლუსი“, სადაც მივიდნენ და ეს ნერგები შეარჩიეს. მას მერე აღნიშნულ საწარმოზე მორგებული ტენდერი ცხადდება. სახეობებიც არასწორად შეარჩიეს ამ საბორდიურე კედლისთვის. ალბათ, შეამჩნევდით, რომ ეს მთლიანი კედელი წიწვოვანებისაა და მათ შორის ვერ ვიტყვი, რომ დარგულია, ჩაკვეხებულია ფოთლოვანი ხეები, რაც ყველა სტანდარტით გამორიცხულია. ორივეს რომ გაეხარა, სიტყვაზე, კარგად რომ დაერგოთ და კონტეინერული რომ ყოფილიყო, ვიცით, რომ წიწვოვანები ამჟავებს ნიადაგს და ფოთლოვანს, პრაქტიკულად, გახარების შანსი არ ექნებოდა. მოკლედ, უხეში დარღვევა უხეშ დარღვევაზეა! 13 ივლისის მემორიალის გარშემო წრეზე ილექსები დარგეს, რომელთაგან თითო ძალიან ძვირი, თუ კარგად მახსოვს, 360 ლარი (შეიძლება მეტიც) ღირდა. დარგვის შემდეგ ორ კვირაში ამ ხეებზე ტენდერი გამოცხადდა და მერე შეისყიდეს „გრინ სერვის პლუსიდან“. არც კი ნიღბავენ, რომ ეს ტენდერები ფიქტიურია და არანაირი კონკურენცია არ გვხვდება.
_ რას უკავშირებთ ტენდერების მორგებას აღნიშნულ ორგანიზაციაზე?
_ ფულის შოვნას! რაღაც მოლაპარაკება შედგა და რაღაც ურთიერთობებზე არის საუბარი. ეს ადრეც ხდებოდა, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა. „გრინ სერვისს“ სასამართლო საქმე ჰქონდა და ერთი წლით ჩამოართვეს კიდეც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის უფლება. ახლა მას „გრინ სერვის პლუსი“ ჰქვია და ჩვეულებრივ აგრძელებს მონაწილეობას. სანერგე მეურნეობა აქვთ თბილისში, ნაწილი ლილოში და ნაწილი ლაგოდეხში. ლაგოდეხში თითქმის ჭაობოვანი, უხვწყლიანი გრუნტია და იმ გრუნტში ხეები ძალიან ჩქარა იზრდება, თუმცა მერე თბილისში გადარგვისას ადაპტაცია უჭირთ, რადგან სრულიად განსხვავებული, გაცილებით მკაცრი კლიმატი ხვდებათ. არ შეიძლება ნერგების ლაგოდეხიდან პირდაპირ თბილისში გადმორგვა. ის ნერგები ლაგოდეხშივე უნდა დაკონტენიერდეს და ამ გზით მოერგოს.
ნერგი დარგვიდან გახარებულად მხოლოდ ორ წელიწადში ითვლება. მერია გვპასუხობს, რომ კონტრაქტორი „გრინ სერვის პლუსი“ ვალდებულია, ეს ნერგები ჩაანაცვლოსო. განცხადებაც გააკეთეს, რომ ოქტომბერში „გრინ სერვისი“ აპირებს, ყველა დაზიანებული ნერგი თავისივე ხარჯით ჩაანაცვლოს. მერია ზედმეტ ხარჯს არ გადაიხდის. მაგრამ აქ კიდევ ერთი ხაფანგი აქვთ გამზადებული: „გრინ სერვის პლუსს“ კონტრაქტში ამ ნერგებზე მოვლა-პასუხისმგებლობა მიმდინარე წლის დეკემბრის ჩათვლით ეკისრება. ოქტომბერში „გრინ სერვის პლუსი“ აღნიშნულ ნერგებს რომ დარგავს, უკვე შემოდგომაზე ასე ჩქარა ხმობაზე აღარ წავა. ეს დარგვები გაიწელება და 31 დეკემბერს საღი ხეები გვექნება, მერია კი ჩათვლის, რომ ეს კონტრაქტი კეთილსინდისიერად შესრულდა. ხოლო 2017 წლის 2 იანვარს რომ დაიწყოს ნერგებმა ხმობა, უკვე კაციშვილი პასუხისმგებელი აღარ იქნება.
_ ახსენეთ, რომ დარგის სპეციალისტებს არ ეკითხებიან. თვითონ არ ჰყავთ ასეთი სპეციალისტები?
_ ერთდაერთი ვინც ჰყავთ, არის ჯამბულ ქანთარია (გვარი თუ არ მეშლება), რომელიც ნამდვილად ამასვე ეტყოდა, თუკი ჰკითხავდნენ. დიდი ვარაუდით, მას არც დაეკითხნენ, მაგრამ მათ ძალიან კარგი სპეციალისტები ჰყავდათ. მაგალითად, მეტყევე ვალტერ ბენეკენდორფი, რომელიც წინა მთავრობისას ხელშეკრულებით ჩამოიყვანეს. ის საქართველოში 2013 წლიდან მუშაობდა და თბილისის გარშემო ტყეები არაჩვეულებრივად შეისწავლა. ასევე არაჩვეულებრივი პრეზენტაცია მოაწყო და ტყეების გასაჯანსაღებლად გეგმაც შეიმუშავა. ერთი ღონისძიება კიკეთში, ტყეში ჩატარდა, სადაც ისევე, როგორც მთელი თბილისის შემოგარენში, ჩვენი ტყეები ძალიან მძიმედ დაავადებული იყო. 2013 წელს ბენეკენდორფის მიერ ჩატარებული ამ ღონისძიების მერე ტყე თვითაღდგენაზე წავიდა და შესანიშნავი შედეგი მოგვცა. ბენეკენდორფს ტყეები ზონებად დაყოფილი და სიღრმისეულად შესწავლილი ჰქონდა. ეს ყველაფერი ხარჯს არ მოითხოვდა, რადგან თვითშენახვაზე გადიოდა, _ მოჭრილი, დაავადებული ხეების გაყიდვა და ა. შ.
ბენეკენდორფი მერიასთან მუშაობას აგრძელებდა. ინტენსიურად ვურთიერთობდით მასთან, რადგან არაჩვეულებრივი სპეციალისტი, ადამიანი იყო და ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხი გაგვცა. მერიამ ბენეკენდორფს საშუალება არ მისცა, რეალურად არ უსმენდა და მას მოუწია, რომ ხელშეკრულება გაეწყვიტა და საქართველო დაეტოვებინა! მეორე შემთხვევაა თბილისში _ წიწვოვანები დაავადებულია, ხეები გაყავისფრდა და, ფაქტობრივად, წიწვოვანების გარეშე ვრჩებით. ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს ფოთლოვანშიც, რომლისთვისაც შველა ჯერ კიდევ შეიძლება. ამას ნებისმიერი დაინახავს, თუკი შეხედავს ცაცხვებსა და ცხენისწაბლებს. უკვე ძალიან დაეტყოთ, დიდი ხანია, ფოთლები გაყვითლებული აქვთ.
შარშან მერიას ნინო ლომიძე ჰყავდა, რომელიც პარაზიტების სპეციალისტია. მან ხეებს უწამლა ვაკეში, ვაკის პარკსა და რამდენიმე ქუჩაზე, რამაც ისევ არაჩვეულებრივი შედეგი გამოიღო და ეს ხეები გაცოცხლდნენ. მე რომ წელს ნინო ლომიძეს მივმართე, _ ნინო, რა გვეშველება, ისევ ძალიან მძიმე მდომარეობაა-მეთქი! მიპასუხა, რომ მერიაში აღარ ვმუშაობო. სპეციალისტებს, თითო-ოროლა ვინც ჰყავდათ, მერია მათაც იშორებს.
_ ტრასაზე ახალდარგული მცენარეების დაზიანების რამდენი პროცენტია?
_ გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელ ტრასაზე 65-70% ნამდვილად დაზიანებულია.
_ კონტეინერული სისტემით რატომ არ დარგეს და ტენდერის პირობები რატომ არ დაიცვეს?
_ არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ სწორედ ეს არის სიღრმისეული პრობლემა ჩვენს მერიებში და ასე იყო წინა მთვრობის დროსაც. ახლა გამწვანების სამსახურის იდეალური უფროსი რომ მოვიდეს და ამ შემოდგომაზე ხეების დარგვა მოინდომოს, სანერგე მეურნეობებში დიდი რაოდენობით კონტეინერული ნერგები არ გვაქვს. ეს ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ვერც ერთი სანერგე წინასწარ ვერ იტყვის, რა პერსპექტივა ექნება. თანაც გაცილებით ძვირი ჯდება კონტეინერული ნერგი, ვიდრე მისი გრუნტში გაზრდა. იმისთვის, რომ სანერგემ გაზარდოს, მისი რეალიზაციის რაღაც გარანტია უნდა ჰქონდეს. მხოლოდ კერძო შეკვეთისთვის დიდი რაოდეობით ვერ გამოიყვანს. ჯერ კიდევ გიორგი ქორქაშვილს ვთხოვდით, რომ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს დაეწერა სპეციალისტებთან შეთანხმებული ნუსხა და მცენარეების სტანდარტი, რომელიც უახლოეს ათწლეულში დასჭირდება თბილისსა და მის შემოგარენს. ადგილობრივი სანერგე მეურნეობები აღორძინდებოდა და გაცილებით იაფი ნერგები გვექნებოდა. ახლა ჩვენ რომ ნერგების დარგვა დაგვჭირდეს, აუცილებლად იმპორტი უნდა განცხორციელდეს. გამწვანების სამსახურსაც პირველივე დღიდან ამაზე ვესაუბრებოდით. ჯერ იყო ბიძინა გიორგობიანი, მერე ქალბატონი ნინო. ორივეს ვეხვეწებოდით, დაეწერათ სია, სანერგე მეურნეობები ამუშავებულიყო, რათა საქართველოში გაჩენილიყო ნერგების რესურსი, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ალბათ იმიტომ, რომ ხელი მოითბონ.
_ ვაკეში, კუს ტბის ფერდობზე, გამხმარი ხეები გამოხშირეს, კმაყოფილი ხართ ამ პროცესით?
_ იქაც კატასტროფა გააკეთეს! ეს არის ბენეკენდორფის მეთოდი, მაგრამ ბრჭყალებში. ის, რომ დაავადებული ხეები გასატანია, ერთმნიშვნელოვანია, ასევე გამხმარი ხეებიც გასატანია, რომელიც აღარ გადარჩება. კი ბატონო, ამაზე ყველა ვთანხმდებით. პრობლემა ის არის, რომ დაბუდებული პარაზიტები ხუთი სახეობისაა, მგონი, მეექვსეც დაემატა. ისინი ძილის რეჟიმში ზამთრის პერიოდში გადადიან, გაზაფხულზე იღვიძებენ და ძალიან აქტიურად მრავლდებიან. ამიტომ სასურველი იყო, რომ ეს ზამთრის პერიოდში გამოეხშირათ, როცა ამ პარაზიტებს სძინავთ და ისიც ძალიან დიდი სიფრთხილით, რომ საღ ხეებზე პარაზიტები არ გავრცელებულიყო. გამოხშირვა დაიწყეს გაზაფხულზე, როცა პარაზიტები გაგანია გაღვიძებული არიან. ხეებს როდესაც აქცევდნენ, პირდაპირ საღ ხეებს ეყუდებოდნენ _ ამით ხელი შეუწყვეს პარაზიტების გამრავლებას. გაიტანეს მხოლოდ კუს ტბასა და მთაწმინდაზე, ბომბორას პარკთან. თუმცა დაავადებული მასივები დედაქალაქის მთელ შემოგარენშია: ლილოში, ლისის ტბისკენ, წყნეთში, ზაჰესში და იქ ხელი არ უხლიათ. თბილისში ნებისმიერი მცხოვრები გრძნობს, რომ ქარებმა საგრძნობლად მოიმატა. ეს ზუსტად ამის ერთ-ერთი შედეგია, რომ, ფაქტობრივად, ქარსაცავი ზოლი დაგვერღვა ხეების დაღუპვისა და გამოხშირვის გამო. სასწრაფოდ დასაწყებია შერგვების პროცესი.
_ გამოსავალი სად არის?
_ იქ კვალიფიციური ადამიანი უნდა იჯდეს და არა მონსტრი, რომელიც მხოლოდ ფულის მოხვეჭაზე ზრუნავს.
_ ეს ყველაფერი ჰაერის დაბინძურების მძიმე პრობლემასაც ეხება. რა კონკრეტული მოთხოვნებით მიმართეთ ხელისუფლებას? რატომ გვაქვს ასეთი მიუღებელი რეალობა?
_ აქ არსებულ მდგომარეობას მარტო ხეებს ვერ დავაბრალებთ. ყველას ჰგონია, რომ პირველ ადგილზე დგას მანქანები, თუმცა თბილისში პირველ ადგილზეა სამშენებლო მტვერი, რომელიც მძიმე კარცენოგენურ ნაწილაკებს შეიცავს. მშენებლობები ყველგან დამცავი ბადის გარეშე მიმდინარეობს. ეს ყველაფერი სასუნთქი გზების ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს. ამდენად: პირველ ადგილზეა სამშენებლო ნაგავი და დაუცველი მშენებლობები; მეორეზეა დიდი რაოდენობით გაუმართავი ავტოტრანსპორტი და უხარისხო ბენზინი; მესამე ადგილზეა ხეებისა და მწვანე სივრცეების ნაკლებობა, რაც ამ ყველაფერს ეხმარება, რომ გაფილტროს.
_ თქვენს მოწოდებას მთავრობის მხრიდან რეაგირება თუ მოჰყვა?
_ არანაირი რეაქცია. ჩვენ პეტიცია შევიტანეთ, ჯერ ათი სამუშაო დღე არ გასულა და ამ კვირაში გადის. რასაკვირველია, ველოდებით, რომ პასუხი ჩვეული იქნება, _ განვიხილავთ, შევხვდებით, სტრატეგიას დავსახავთ და ა. შ. როგორც ეხერხებათ ხოლმე, აბდაუბდა მიდებ-მოდება.
გელა მამულაშვილი