მკითხველი გვაპატიებს, _ შეუძლებელია დღევანდელ ქართულ პოლიტიკაზე სერიოზულად წერა! დედამიწის ზურგზე, ალბათ, ძნელად მოიძებნება მონაკვეთი, სადაც ასე ფეხებზე ჰკიდიათ საკუთარი ქვეყანა და ყველგან და ყველაფერში ვიწროპარტიული ინტერსებიდან მოქმედებენ. დანარჩენი ერი ამ დროს ყოველდღიური ლუკმა-პურის საშოვარზეა გადაგებული და საშველი არსაიდან ჩანს!!!
ოთხი წლის წინათ თვით ბიძინამ თქვა, რომ აი, ნახავთ თქვენ, ისეთ დემოკრატიას დავამყარებთ, ევროპასაც გავაოცებთო. რა გინდათ, ეს მაინც შეასრულა ამ „სიტყვის კაცმა“. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა და იქ ქართული დელეგაციის ქცევები ერთი დიდი გაოცება იყო, რისგან თავის დასაღწევადაც ევროპელებს დრო დასჭირდებათ.
დანარჩენში გასაოცარი არაფერია, _ „ოცნების“ მმართველობის ოთხი წლისთავზე „ამ ქვეყანაში რამეს რომ მიაღწიო, ან ქვეყნიდან უნდა წახვიდე, ან _ ხელიდან“ (ოტია იოსელიანი). შუშის სასახლის ბინადარი კი დედაქალაქის ერთ-ერთ უმაღლეს წერტილზე მოსკუპებული უსტარებით ესაუბრება ბოლომდე გაღატაკებულ თანამოქალაქეებს. „შენც მოსე არა მყავდე, წადი, ტოლი ნახე და კოჭი გააგორეო“, _ ეუბნებიან მას ბოლომდე გაშტერებული თანაქალაქელები.
ეუთოს ასამბლეას დავუბრუნდეთ, სადაც თანამედროვე ქართული „ელიტის“ სახე კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა. პატარა ქვეყანას შანსი მიეცა, რომ მისი წარმომადგენელი ამ უზარმაზარი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელად არჩეულიყო და... „ქართულმა ოცნებამ“ ისე დაამცირა თანამდებობის მნიშვნელობა, რომ რიგითი „ობივატელი“ ამას დაიჯერებდა. რაო, ეუთოს ასამბლეის პრეზიდენტობას საქართველოსთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს?! ვის გინდათ, ეს წყალწაღებული სიბრიყვე დააჯეროთ?!
ქართველებისგან განსხვავებით, ლამის მთელი ევროპა-ამერიკა ცდილობდა, რომ გიგი წერეთელი არჩეულიყო ორგანიზაციის სათავეში. ამ ყველაფერს ასამბლეის მორიგი სხდომის თბილისში ჩატარება ხელს უწყობდა. აჰა, სულო და გულო, მთელი სამყარო გაერთიანდა, რომ ორგანიზაციისთვის სწორედ ქართველს ეხელმძღვანელა. მაგრამ როცა ამდენი „შადიმანი“ გყავს, რას შეიძლება მიაღწიო?!!
თბილისში საქართველოს ისტორიის ერთი პატარა მონაკვეთი გათამაშდა, როცა „ხალხის რჩეული“ პარლამენტარები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კანდიდატი თანამემამულისთვის ზურგში ლახვრის ჩაცემაში. თქვენ, ბატონებო, უბრალო მოქალაქეებს რამეს მოუტანთ, მათ სიდუხჭირეზე, ყოველდღიურ ყოფაზე იზრუნებთ?! მეტი არაა ჩვენი მტერი!
ასამბლეამდე, იმ დღეებში, სხდომის შემდეგ ყველა, ევროპელი თუ ამერიკელი, საუბრობდა, რომ პრეზიდენტი უნდა გამხდარიყო წერეთელი. ამას წინ ვერაფერი დაუდგებოდა. შეიძლება ვაჭარბებ, მაგრამ ეს ერთგვარი მადლიერების გამოხატვა იქნებოდა ქართული სტუმართმოყვარეობისთვის, ევროპული პრინციპების მეტ-ნაკლები ერთგულებისთვის, კავკასიაში დემოკრატიის „ყლორტების“ მოვლისთვის და ა. შ., მაგრამ რად გინდა?! ებრაული წყევლაა, _ ნურც შენი იცოდე და ნურც სხვისი გაგეგებოდესო.
ლამის, მთელი მსოფლიო გეხვეწება, _ წერეთელი აირჩიეთ, ბევრ საკითხში მეტი თანადგომა გექნებათ, ადამიანური ფაქტორი წყვეტს სამყაროში ძალიან ბევრ რამესო! _ მაგრამ მარტო საკუთარ მუცელზე მოფიქრალს რას შეაგნებინებ?
ჰოი, საოცრებავ! ამაში თვით ოკუპანტი ქვეყანაც კი მხარს გვიჭერდა. დედამიწის ზურგზე აღარავინ იყო დარჩენილი, ვინც ეუთოს ასამბლეის თავმჯდომარეობაზე ქართველს წინ აღუდგებოდა. რუსული დელეგაციიდან რამდენიმე, ოკუპირებული ტერიტორიების კანონის დარღვევის გამო, უცერემონიოდ გასაგდებიც იყო. როგორც ჩანს, ისევ ევროპელების ხათრით თვალი დავხუჭეთ და მათაც, ალბათ, ვალში ყოფნის განცდა დაეუფლათ. ესეც იდეალისტური დაკვირვებით, თორემ „შარიკოვები“ რით ხელმძღვანელობენ, ეს მხოლოდ ეშმაკმა და მისმა პირდაპირმა მოციქულმა, პუტინმა იციან.
ასეა თუ ისე, რუსებმაც სლუცკის პირით გამოგვიცხადეს, რომ წერეთელს მხარს ვუჭერთ, რადგან კონსტრუქციული პიროვნება არისო. ახლა ამაზე ატყდა ადგილობრივი „დავრდომილებისგან“ ერთი ამბავი. „ქოცებმა“ „ნაცები“ და „სახალხო პარტია“ რუსეთთან ალიანსში დაადანაშაულეს. დასტურად ის მოიყვანეს, რომ „სახალხო პარტიამ“ კანონდამრღვევ რუს დეპუტატებს თავისუფლად გადაადგილებაში ხელი შეუწყოო. „ელიტა“ შეუვალი იყო, ხორცშესხმულ ეშმაკსაც შეეკრნენ, ოღონდ წერეთელი, ანუ „ნაცი“ _ ასამბლეის პრეზიდენტი არ გამხდარიყო.
„ოცნება“ „წვება-დგება“, ყველაფერს აკეთებს, რომ წერეთელი ჩაძიროს. ამ უგუნური მცდელობით ევროპელებსაც აბნევენ. ალბათ, ცხოვრებაში პირველად არ იციან, როგორ მოიქცნენ, აუხდათ დიდი ბიძინას წინასწარმეტყველება, _ ბებერი კონტინენტელები სულით ხორცამდე გაოცებულ-შეძრულები არიან.
კმაყოფილი ჩანან თბილისში ვიზიტით, აქ ყველაფერი მოსწონთ, მაგრამ ქართველების ვერაფერი გაუგიათ. უფრო სწორად, ვერ გაუგიათ, საიდან მოდის პატარა, ლამაზ ქვეყანაში ასეთი ზღვარსგადასული სიძულვილი ერთმანეთის მიმართ?
თავის მხრივ, ვერც რუსებს გაუგიათ ვერაფერი. წერეთელს მხარს უჭერენ, მაგრამ ამას „ქოცებისგანაც“ და „ნაცებისგანაც“ უცნაურად მიუღებელი რეაქციები მოჰყვება. „ქოცებზე“ უკვე ვთქვით, მაგრამ თავად წერეთელსაც უკვირს რუსთ საუბარი მის კონსტრუქციულობაზე და ვერ გაუგია, რატომ უჭერენ მხარს? გიგი, ერთხელ შენ მაინც გამოიყენე რამეში ეს რუსები, რა მოხდება? ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატი ხარ კაცი, ხომ შეიძლება, მცირე ლავირების უნარი გამოიჩინო, შენებურად „დაებაზრო“ ამ რუსებს, მადლობა უთხრა, ამის გამო პასუხს ხომ არავინ მოგთხოვს? შენ რაღა დაგემართა? ეს პოლიტიკაა, სადაც ეშმაკიც უნდა გამოიყენო, იქნებ, სამომავლოდ შენი ქვეყნისთვის რამე სასიკეთოს ხელი გამოჰკრა?
არა, გიგიც გაოცებულია მათი მხარდაჭერით და რუსებმაც, ეგრე გინდათო და „პლასტინკას“ „ქოცებივით“ ცვლიან. სულ არ ანაღვლებთ ქართველის გაპრეზიდენტება მაშინ, როცა მასპინძელი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვთ!
დეპუტატების გადაკიდებულობის შემყურე რუსები ქუჩებში, ხალხში გადიან და რიგით ქართველებს ებაასებიან. მერე ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს აკეთებენ, რომ აქაური მოქალაქეები რუსეთის მიმართ სიმპთიით არიან განწყობილიო. აქაც მუშაობენ პუტინის მოციქულები, ქვეყნის 20% არ აკმაყოფილებთ, მთელი „მთაგორიანი მხარე“ უნდათ ჩასაყლაპად. არ უნდათ ქართველ დეპუტატებს წერეთელი პრეზიდენტად და თავში ქვა უხლიათ, რუსები მაინც მუშაობენ, _ მარჩენალთნ ოპერატიული ანგარიში ჩასაბარებელია.
ამ დროს „ქართული ოცნების“ ლიდერი, ცეკას ყოფილი ინსტრუქტორი გვამცნობს, რომ ასამბლეის ფარგლებში ეროვნული ნიშნით არაფერი ხდება; რომ აქ ყველაფერი პარტიული ნიშნითაა და არა ვიწროეროვნულით; რომ წერეთელი „სახალხო პარტიის“ კანდიდატია, „ნაცები“ მის რიგებში შედიან და ა. შ.; რომ ისინი „სოციალ-დემოკრატიული“ ფრაქციის კანდიდატს მხარს უჭერენ, აბა, ჭეშარიტ ევროპელობაში ხომ არ ჩაიჭრებიან?
ცხადია, ამ ინსტრუქტორს ისევ საბჭოურ-კომუნისტურ ეპოქაში წარმოუდგენია თავი, როდესაც ყველა ერთი დიდი ინტერნაციონალის, საბჭოთა ქვეყნის შვილები ვიყავით და რა შუაში იყო კანდიდატის ეროვნული ნიშანი? როგორ უნდა გამოიყვანო იმ ძველი, დამპალი იდეოლოგიიდან, ასეთებისთვის ხომ ათწლეულებთან ერთად მხოლოდ სიმბოლოები იცვლება, მეტი არაფერი?
ამ საერთო ქართულ დოყლაპიობაში ერთადერთი სახელმწიფოებრივი პოზიცია, აბა, გამოიცანით, ვინ გამოიჩინა? _ სწორია, ისევ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა. მართალი იყო პლატონი, სახელმწიფოს ფილოსოფოსი უნდა მართავდესო, _ ქვეყანას თუ ვერ ააყვავებს, ვინმეს მონად მაინც არ დაუდგება და გადამწყვეტ მომენტში სახელმწიფოებრივ პოზიციას დაიკავებს. ჰოდა, პრეზიდენტმა წერეთელს პირდაპირ დაუჭირა მხარი და ამისთვის განცხადებაც გააკეთა.
დაესივნენ „აფთრები“, ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე არსებობა რომ ვეღარ წარმოუდგენიათ. მარგველაშვილისგან ძველი ხომ ვერ მოუნელებიათ, ესეც დაემატა, ლამის ეროვნულ ღალატში დაადანაშაულეს. მაგრამ სიტყვა ნათქვამი იყო და მას თავისი საქმე ასამბლეის არჩევნებზე უნდა გაეკეთებინა, რაც, სამწუხაროდ, საკმარისი არ აღმოჩნდა.
უცნაურად გამოიყურებოდა პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია. მან ჯერ ამ საკითხში „ქართული ოცნების“ ნაბიჯებს, განცხადებებს სამარცხვინო უწოდა, ხოლო შემდეგ გავიგეთ, რომ არჩევნებში თვისი ხმა არა წერეთელს, არამედ ავსტრიელ კანდიდატ ქალბატონ მუტონენს მისცა. თუ სამარცხვინო იყო თანამთავრობელების პოზიცია, მაშინ თვითონ ბუჩქებში რატომ დაიმალა, ეს გაუგებარი დარჩა. თუმცა ამ „რესპუბლიკელებისას“ რას გაიგებ? იგი დღემდე „ოცნების“ მთავრობაში იყო წარმოდგენილი, ეს „რესპუბლიკელებისთვის“ ყველაზე დიდი კურიოზია, რომლის ახსნასაც, ალბათ, წლები დასჭირდება.
როგორ შეიძლება, პარლამენტის დღევანდელი თავმჯდომარე ცეკას ყოფილი ინსტრუქტორის ინსტრუქციებით იღებდეს საბოლოო გადაწყვეტილებას? უსუფაშვილი რომ ასე უპრინციპოდ და სამარცხვინოდ იქცევა ამ ქვეყანაში, სხვებს რაღა უნდა მოსთხოვო? თუმცა მის ამ გადაწყვეტილებაშიც, „ოცნების“ ლიდერის ქცევების არ იყოს, არის რაღაც ღრმად სიმბოლური.
შედეგად, წერეთელი მარცხდება მეორე ტურში და პატარა ქვეყანა კარგავს შანსს, ამ ეტაპზე მაინც, რომ ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაციის ასამბლეას ჩაუდგეს სათავეში. არ დაიჯეროთ, რომ ეს თანამდებობა არაფერს ნიშნავს. გავიმეორებ: ქვეყნის 20% დაპყრობილია, მთელ რეგიონში ცეცხლს ვეთამაშებით და ეუთოს ასამბლეის პრეზიდენტობა სულ არაფერია? მაგ სიმართლით იარეთ, ვისაც ამ ქვეყნის მომავალი არ გადარდებთ. ეს თანამდებობა, მინიმუმ, იმის საშუალებას იძლევა, რომ არსებული პრობლემები აქტიურად დააყენო, რეაგირება მოითხოვო, კავშირები გამოიყენო და ა. შ. ეს ყველაფერი დღევანდელ სამყაროში უმნიშვნელოა?! მაშინ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, ბატონებო?
„ოცნებას“ უხარია და ამ ამბავს ისინი გაეროს ხელმძღვანელად ლავრენტი ბერიას შესაძლო არჩევას ადარებენ. სამყაროში ყველაფერს აქვს ზღვარი, ხოლო ადამიანების ყოვლისწამლეკავ სიბრიყვეს _ არა.
შეუძლებელია, დედამიწის ზურგზე სხვაგან იყოს ასეთი ადგილი, სადაც „ხალხის რჩეულ“ პოლიტიკოსებს ერთმანეთი ასე ორგანულად ეზიზღებოდეთ! ასე მზად იყვნენ, რომ ყოველ წუთს ეშმაკს მოციქულად დაუდგნენ! ოღონდ თანამემულეს ზურგში ლახვარი ჩასცენ და ქვეყნის საკეთილდღეოდ წინსვლის საშუალება არ მისცენ.
მიზანი მიღწეულია, ევროპა გაოცებულია. ქართველები ხომ ყველა სისტემაში თითით საჩვენებელნი იყვნენ, სტილი დაცულია, _ კარგშიც და ამაზრზენშიც...
წერეთელი ულოცავს მუტონენს გამარჯვებას და ამბობს, _ მე არ ვაგებ. ვიგებ, ან გამოცდილებას ვიღებო. ის „ოცნების“ საქციელს ქრესტომათიულს უწოდებს, რომელიც, მათ შორის, ევროპულ სახელმძღვანელოებშიც მოხვდება. წერეთელი შემდეგ არჩევნებზე კენჭისყრას არ გამორიცხავს და მანამდე ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად რჩება.
„ქოცებს“ უხარიათ, მაგრამ ნუ აღვწერთ, როგორ გამოიყურება ეს „სიხარული“. ამ ქვეყნის ყველაზე დიდი სიმდიდრე უბრალო ადამიანები, ე. წ რიგითი მოქალაქეები არიან, რომლებსაც უჭირთ, ძალიან უჭირთ, მაგრამ ყველაფერს ისეთ შეფასებას აძლევენ, პოლიტიკური მეცნიერების დოქტორს რომ გაუჭირდება. ყველაზე მიყრუებულ სოფელში მცხოვრები გლეხი აგიხსნით, თუ როგორ გამოიყურებოდა ასამბლეის დღეებში „ქართული პოლიტიკა“ და, ადრე თუ გვიან, განაჩენი გამოტანილი იქნება. „შადიმანობა“ ხომ ამ ქვეყნის მატიანეს სისხლისფერ ზოლად გასდევს და, ალბათ, ქვეყნიერების დასალიერამდეც ასე იქნება.
სხვები არც გინდათ, აბა, ჰკითხეთ ჩვენს მეზობლებს, ასეთი შანსი რომ გასჩენოდათ, როგორ მოიქცეოდნენ? ამის გააზრება მაინც არ შეგიძლიათ, „რჩეულებო?“
2 საუკუნეზე მეტია, რუსი გიპყრობს, ყველაფერს გართმევს, გგლეჯს, რადგან თვითონ მონური ფსიქოლოგიის მიმდევარს გვერდით პატარა, თავისუფლებისმოყვარე, ამაყი ერი ვერ აუტანია. ჩამოდის აქ მორიგ მიქარულში და მხარს გიჭერს! გამოიყენე, შე დალოცვილო, რა ერთმანეთს ჯიჯგნით, რომელი ევროპის გამაოცებლები ხართ?! ღატაკი ხალხი ქუჩაში მოწყალებას ითხოვს, ვის რით გააკვირვებთ?! იბრძოლე მაინც, სწორი პოლიტიკა აწარმოე, რომ, ადრე თუ გვიან, დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნო, ამისთვის საეთაშორისო ორგანიზაციები, კავშირები გამოიყენო, მაგრამ... კენჭისყრაში გამარჯვებული ავსტრიელი ქალბატონი უხერხულადაც კი გრძნობდა თავს, თუმცა აქ საშინელი ურთიერთგაუტანლობა მეფობს და მისი რა ბრალია? ქართველებმა, ლამის, აიძულეს, წერეთლის ნაცვლად პრეზიდენტი გამხდარიყო. ერთგვარად მოიბოდიშასავით კიდეც, აქ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, აქედან წასვლა კი არ მინდაო... მას გამარჯვება პირველმა წერეთელმა მიულოცა...
...ერთი ამბავი მახსენდება შორეული 90-იანი წლებიდან: საიდან სადაო და სადღაც, გაყინულ დარბაზში, მორიგი არასამთავრობო ორგანიზაცია „მამულიშვილის“ ყრილობას ვესწრებით. ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან ძველი ჩოხოსნები და მამაპაპურ „სადღეგრძელოებს“ გაჰკივიან მიკროფონში. გარეთ ხალხი იყინება, შუქი არა, გაზი არა. პირველი ეროვნული ხელისუფლება წარმატებით დამხობილია, ქვეყანას კვლავ წითელი დირექტორები მართავენ და მათ ეს „მამულიშვილები“ აქტიურად მხარს უჭერენ, „რეაქციული ძალების“ წინააღმდეგ მედგრად ილაშქრებენ.
უცბად, სიტყვა გაიოზ ერაძემ აიღო და... _ ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, სანამ ვინც აქ ვართ, ამ ქვეყნის მართვის ამბიციას არ ჩამოვშორდებითო და, საერთოდ, ჩვენ მომავალს თავისუფალ თაობას არ გადავაბარებთო.
იწყინა „მამულიშვილის“ ლიდერმა, _ ბატონო გაიოზ, თქვენ როგორ ისურვებთ, ახლავე ხომ არ დავეხსნათ ამ ჩვენს სათაყვანებელ ქვეყანასო?
20 წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ და დღესაც ჩამესმის ბატონი გაიოზის ეს წინასწარმეტყველური სიტყვები.
ამ ქვეყანას თავისუფლების პირობებში გაზრდილი თაობა გამოიყვანს მდომარეობიდან და არა მონები, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ყველა ჯურის ეშმაკს შეეკვრებიან, რომ საზოგადოებამ სამარცხვინო ყოფას თავი ვერ დააღწიოს!
გიორგი მეფარიძე