QronikaPlus
„სამედიცინო სადაზღვევო კომპანიები იქმნება იმ გეგმით, რომ სახელმწიფო თანხებს მიითვისებს და გამდიდრდება!”

„სამედიცინო სადაზღვევო კომპანიები იქმნება იმ გეგმით, რომ სახელმწიფო თანხებს მიითვისებს და გამდიდრდება!”

2016-07-17 09:30:08

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობა ექიმებს _ მედიკოსთა ლიგის“ ხელმძღვანელი, გოგი ხუციშვილი, სამედიცინო სფეროში არსებულ მაქინაციებზე ალაპარაკდა. მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსულ „ოცნებას“ არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ სახელმწიფოსგან მოსახლეობის სამკურნალოდ გამოყოფილი თანხები მხოლოდ პაციენტების ჯანმრთელობას მოხმარებოდა და გზაში სადაზღვევო კომპანიებს არ აეორთქლებინათ. ამ ყველაფერს ხელისუფლებაში მოსვლამდე „ოცნებაც“ ებრძოდა, აკრიტიკებდა, მაგრამ მერე მდგომარეობა საკუთარ თავზე მშვენივრად მოირგო და მანაც იგივე გზა გააგრძელა.   „ქრონიკა+“-ს გოგი ხუციშვილი ესაუბრება:  _ „ქართული ოცნება“ სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ სააკაშვილმა მართალია, დაანგრია ჯანდაცვა, მაგრამ ამ სფეროში მდგომარეობას ჩვენ აუცილებლად გამოვასწორებთო. იმის გამო, რომ ადამიანები ექიმთან მივიდნენ,  იმკურნალონ, ოპერაცია გაიკეთონ, წამალი იყიდონ, სახლებისა და ქონების გაყიდვა აღარ დასჭირდებათო და ა. შ. ექიმებსაც გვეუბნებოდნენ, ვინც სამსახურებიდან უმიზეზოდ ვიყავით განთავისუფლებული, ან საავადმყოფოები დაგვიხურეს, სამსახურს დაგვიბრუნებდნენ, ყველა უკანონობას გამოიძიებდნენ და დამნაშავეებსაც სათანადოდ დასჯიდნენ. იმ პერიოდში მეც „ქართულ ოცნებაში“ ჯანდაცვის კომისიის ერთ-ერთი წევრი ვიყავი და მათი დაპირებების მეც მჯეროდა, მაგრამ მერე ერის დამაქცეველი ჯანდაცვის პროგრამა დადეს. არავის მოვრიდებივარ და განვაცხადე, რომ ეს პროგრამა ჯანდაცვას უარეს მდგომარეობაში ჩააყენებდა. შევთანხმდით, რომ პროგრამა შეჯერდებოდა. მაგრამ ძალიან მალე, ვინც ამ პროგრამის მამამთავარი იყო, ჩაწყობით, ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარედ დაამტკიცეს. მივხვდი, რომ მათგან არანაირ სიკეთეს არ უნდა დავლოდებოდი _ კომისიაც დავტოვე და „ოცნებაც“. მთავარი პრობლემა იცით, რა არის? _ საქართველოში ჯანდაცვის სფეროს მართავს ერთი და იგივე კადრი, ზოგი კომუნისტების დროიდანაც კი მოდის და ყველა ხელისუფლებას მოჰყვება. ახლაც რომ კარგად გადავხედოთ ამ სფეროს „ბოსებს“, მინისტრის გარდა, ყველა ძველი კადრია. ამიტომაცაა, რომ არც ერთ მთავრობას ექიმებისთვის და ხალხისთვის სიკეთე არ გაუკეთებია და „ოცნების“ დაპირებებიც არ შესრულდა. საქართველოში ჯანდაცვის სისტემის ნგრევა ათწლეულების წინათ დაიწყო. თითქმის ყველა საავადმყოფო დაშალეს და ფიზიკურად გაანადგურეს, რადგან სურვილი ჰქონდათ, რომ მიზერულ ფასებად ჩაეგდოთ ხელში სახელმწიფო ქონება. მათ ხელს არავინ უშლიდა ექიმების გარდა, რასაც მოჰყვა მათ წინააღმდეგ სადამსჯელო ღინისძიებები. ექიმებს მკვლელებს ეძახდნენ და ფსიქოლოგიური წნეხით აჩუმებდნენ, რითაც იმას მიაღწიეს, რომ საქართველოს მასშტაბით არსებულ სახელმწიფო საავამდყოფოებში კერძო მფლობელები გაჩნდნენ. ამ ქმედებას ამართლებდნენ იმით, რომ მედიცინაში საჭირო იყო კონკურენცია. სხვა დარგში კონკურენცია შეიძლება ძალიან კარგია, მაგრამ როცა საუბარია ავადმყოფობაზე, დაავადებებზე და ადამიანის კრიტიკულ მდგომარეობაზე, ეს არის დანაშაული და ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა. ადამიანს ამ დროს შველა სჭირდება და კონკურენცია კი არა, კონსოლიდაციაა აუცილებელი. სააკაშვილის დროს ჯანდაცვის სისტემა კერძო მფლობელობაში გადავიდა, მაგრამ ბოლომდე რაც უნდოდათ, იმის გაკეთება ვერ მოასწრეს. სამაგიეროდ, ეს „საქმე“ „ოცნების“ ხელისუფლებამ დააგვირგვინა. _ რას გულისხმობთ საქმის დაგვირგვინებაში? _ ისე დაანგრიეს, გაანადგურეს ჯანდაცვის სისტემა, მიითვისეს ქონება, რომ დამნაშავე არ არსებობს. ეს მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს. მერე კი პირდაპირ გადმოიტანეს უცხოეთის გამოცდილება და ჩვენთან დანერგეს. არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც წარმატებულია ერთ სახელმწიფოში და მეორეშიც აუცილებლად წარმატებული იქნება. ესენი ცდილობდნენ, გერმანიიდან, ამერიკიდან და სხვა ქვეყნებიდან გადმოეღოთ ყველაფერი, რასაც ჯანდაცვის დაწესებულებებში ქაოსი მოჰყვა. კერძო პირების მიერ ხელში ჩაგდებულ საავადმყოფოებში ხელფასებს ვერ გასცემდნენ, რადგან მოსახლეობას არ მატერიალური შესაძლებლობა ჰქონდა, რომ მკურნალობაში გაზრდილი თანხები გადაეხადა. მათ საიდანღაც უნდა მიეღოთ ფული, ამიტომ დღის წესრიგში დადგა საკითხი, რომ ფული სახელმწიფოსგან წამოეღოთ, რაც ბოლომდე განხორციელდა კიდევაც „ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში და დაფინანსება დაზღვევის სახით მიიღეს. _ როგორც მახსოვს, საქართველოში სადაზღვევო მედიცინამ წინა ხელისუფლების პერიოდში აიდგა ფეხი. „ქართული ოცნება“ კი ამ პროცესებისთვის კრიტიკას არ იშურებდა. მისი წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ეს იყო ფულის საკეთებელი მანქანა და ჯანდაცვას კარგი პატრონი სჭირდებოდა. ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდგომ, რეალურად, მაინც რა შეიცვალა? _ ყველა დამეთანხმება, რომ დაზღვევა ნიშნავს ბიზნესს და სადაზღვევო კომპანიების მედიცინაში შემოსვლით ოფიციალურ დონეზე მოხდა იქ ბიზნესის დაშვება, ანუ ვიღაც-ვიღაცებს მედიცინიდან ფული უნდა მოეგოთ. სადაზღვევო მედიცინა უცხოეთში მართლაც კარგად არის განვითარებული და როცა ეს ჩვენთან შემოიტანეს, ამაზე აპელირებდნენ კიდეც, მაგრამ საქართველოში სხვა მდგომარეობა შეიქმნა. მედიცინა შედგება ორი ფაქტორისგან _ მოსახლეობისა და ჯანდაცვის მუშაკებისგან. მოსახლეობის ინტერესია, სახელმწიფოს მიერ მისთვის გამოყოფილი თანხები მოხმარდეს მის ჯანმრთელობას. ჰიპოკრატე კი ამბობდა, რომ მათხოვრიდან დაწყებული, მეფით დამთავრებული, ყველა უნდა ზრუნავდეს ექიმის ეკონომიკურ მდგომარეობაზეო. ესენი კი არც ერთს აკეთებენ და არც _ მეორეს. ექიმის ეკონომიურ მდგომარეობაზე არავინ ზრუნავს და არც ის ფული ხმარდება სრულფასოვნად ხალხს, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის არის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფო მთელ ფულს აძლევს სადაზღვევო კომპანიებს, რომლებიც თავად არ მკურნალობენ ავადმყოფებს და არანაირ პროდუქტს არ ქმნიან, თუმცა დღეს მათ, მითვისებული სახელმწიფო ფულით, უკვე აქვთ საავადმყოფოები, პოლიკლინიკები და ამ ფორმითაც „ჭრიან“ ფულს. ეს კომპანიები სახელმწიფოს მიერ მოქალაქეების სამკურნალოდ გამოყოფილი ფულით იყვანენ მუშახელს და მათ საკმაოდ სოლიდურ ხელფასებს უნიშნავენ, რომლებიც, რეალურად, არაფრის მაქნისები არიან. ეს სისტემა რაც უნდა გაშიფროთ, მისი სახე არის ის, რომ ის პარავს პაციენტებს სამკურნალო თანხებს, მათ მკურნალ ექიმებს კი _ ხელფასებს. ადამიანების მკურნალობის თანხების ეკონომიით ღებულობს ჯანდაცვის ეს ზედმეტი რგოლი მოგებას და რით არის კარგი, გაუგებარია? სადაზღვევო კომპანიის მუშაობა შეიძლება შევადაროთ  პარაზიტ სოკოს, რომელიც ხის მეშვეობით იკვებება და თავად არაფერზე ზრუნავს. უცხოეთში, სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფო ფულს არ იჯიბავენ. იქ ეს სტრუქტურა კერძო პირების, ასევე ორგანიზაციების დაზღვევებით ცოცხლობს, აქ კი წურბლებივით არიან მომსხდრები სახელმწიფოზე და მის ფულს ახრამუნებენ. საქართველოში ყველა სამედიცინო სადაზღვევო კომპანია იქმნება იმ სამომავლო გეგმით, რომ სახელმწიფო თანხებს მიითვისებს და გამდიდრდება, რაც სტრუქტურული დანაშაულია. საავადმყოფო ვალდებულია, რომ ადამიანის ჯანმრთელობა უზრუნველყოს და ფული, რომელსაც სახელმწიფო გამოუყოფს, მის ჯანმრთელობას მთლიანად მოხმარდეს და რა შუაშია სადაზღვევო კომპანია ამ ფულთან? ამ შემთხვევაში ეს გახლავთ ზედმეტი რგოლი, თუმცა მას არც არავინ აუქმებს და არც _ ებრძვის. „ნაციონალების“ დროს თუ თითზე ჩამოსათვლელი იყო სადაზღვევო სამედიცინო კომპანიები, დღეს მათი რიცხვი საკმაოდ გაზრდილია. მათი არარსებობის შემთხვევაში, ამ თანხებს მიიღებდა საავადმყოფო, ექიმს ექნებოდა უკეთესი ხელფასი და ის არ იფიქრებდა მეორე და მესამე სამსახურის ძებნაზე, არ იქნებოდა მათხოვარი და პაციენტებსაც გულმოდგინედ მოემსახურებოდა. ამ ფორმით ბევრი რამ შეიცვლებოდა ექიმისა და პაციენტის სასარგებლოდ, მაგრამ ამ სისტემაში ჩამსხდარ მაფიოზებს ამის გაკეთება არ სურთ. _ მხოლოდ ეს არის სადაზღვევო სამედიცინო კომპანიების მავნე მხარეები? _ რა თქმა უნდა, არა. ექიმს რაც შეიძლება მეტი ავადმყოფი სჭირდება, რადგან თუ ავადმყოფი მოაკლდა, მას ხელფასს არავინ აძლევს. როგორც არ უნდა იმართლონ თავი, სადაზღვევოს მუშაობის პრინციპია, რომ ადამიანი რაც შეიძლება მეტჯერ მივიდეს ექიმთან. ასეთ შემთხვევაში ექიმის ხელფასიც მეტი იქნება. ბევრჯერ რომ მივიდეს ექიმთან, ბევრჯერ უნდა გახდეს ავად, ან დაავადებისგან არ განიკურნოს. ავადმყოფი თუ განიკურნა და კარგად გახდა, ექიმიც და სადაზღვევოც გაკოტრდება. ამ პროცესებს „ოცნებამ“ შეუწყო ხელი. _ ახლა თქვენ ძალიან ცუდ რამეს მეუბნებით, თუმცა გამიჭირდება, არ დაგეთანხმოთ... _ თუ ხელფასი ვერ მიიღო ექიმმა, ის ვერც იმუშავებს. ექიმი დღეს ძალიან დაჩაგრულია სამედიცინო დარგში მოკალათებული მაფიოზების ხელში, რადგან იძულებული გახადეს, მათი ბრძანებები შეასრულოს. ვთქვათ, ჩატარდა ოპერაცია, პაციენტს მეორე ან მესამე დღეს სახლში უშვებენ, რასაც უამრავი გართულება მოსდევს. საყოველთაო დაზღვევის დროს მოსახლეობაც იხდის გარკვეულ წილს თანადაფინანსებით, რაც, რიგ შემთხვევებში, სულაც არ არის მცირე თანხა. გადასახადი იწყება 300 ლარიდან და ადის ზემოთ, რისი საშუალებაც ძალიან ბევრს არ გააჩნია. ამიტომ საავადმყოფოც და ექიმიც იძულებულია, ადრე გაუშვას სახლში. დღეს ექიმები ხელმძღვანელობენ  ჰედლაინებით, ანუ ტრაფარეტული დანიშნულებებით, რომელიც  სახლმწიფომ დაამტკიცა. თუ ამ მეთოდით პაციენტი განიკურნა, ხომ კარგი, თუ დაიღუპა, _ ექიმს ხმასაც ვერავინ გასცემს. _ რა მოხდება, თუ ექიმმა ჰედლაინებით არ იხელმძღვანელა? _ ცხადია, ჰედლაინების გარეშეც შეუძლია ექიმს მკურნალობის ჩატარება, მაგრამ ასეთ დროს პაციენტი თუ დაეღუპა და გაირკვა, რომ მას ჰედლაინები არ გამოუყენებია, სამსახურსაც დაკარგავს და ციხეშიც ამოჰყოფს თავს. ამიტომ ექიმები იძულებული არიან, არ იაზროვნონ, ინდივიდუალურად არ მიუდგნენ და ჰედლაინებში რაც წერია, ის პრეპარატები გამოუწერონ, ის კვლევები და სამედიცინო პანიპულაციები ჩაუტარონ პაციენტებს. სისტემა კარნახობს და უბიძგებს ექიმებს, ასე რომ მოიქცნენ. მიუხედავად ამისა, რადგან ხელფასი იმდენიც არ გააჩნიათ, რომ საკუთარი თავი და ოჯახი შეინახონ, ისინი იძულებული არიან, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში იმუშაონ. დღეს ექიმები დარბიან საავადმყოფოებს შორის და ზოგჯერ კვირა დღესაც ვერ ისვენებენ. ასეა თითქმის ყველა ექიმი საქართველოში. ამ ქაოსში პაციენტების მდგომარეობებს ვერც კი კითხულობენ, თუმცა თუ არ გამოჯანმრთელდებიან, კვლავ მასთან მივლენ და მისთვის ესეც ხეირია. ცხადია, არც ამის შეცვლაზე უზრუნია „ქართულ ოცნებას“ და ამ პროცესებს მშვენივრად მოერგო. სამედიცინო ბიზნესის ასაყვავებლად შექმნილი აქვთ მკურნალობის ისეთი სქემები, დანიშნულებები, რომ დაავადებამ პროგრესირება არ განიცადოს, პაციენტი არ მოკვდეს და ცოტა შეღავათი მიეცეს, თუმცა არც გამოჯანმრთელდეს. ეს ყველაფერი ჰედლაინებშია გათვლილი და ექიმებიც ამიტომ ვალდებული არიან, რომ ამით იხელმძღვანელონ. ერთი პერიოდი ჰედლაინებიდან „ანალგინი“ ამოიღეს. ამბობდნენ, რომ ის გულზე და სხვა ორგანოებზე ცუდად მოქმედებდა. რამდენიმე ექიმმა ის მაინც გამოუწერა პაციენტებს და კინაღამ ყველა მათგანი დაიჭირეს. ეს არის გახმაურებული ფაქტი, თუმცა მერე ისევ დაუშვეს ანალგინი ჰედლაინებში. რა თქმა უნდა, ამ მაქინაციურ ქმედებებში ჩართულია ჯანდაცვის ზედა რგოლებიც. სამინისტროდან შემოწმება თუ მოვიდა და ექიმს აღმოუჩინეს, რომ მკურნალობა ჰედლაინებით არ აწარმოა, მისი საქმე ცუდად წავა, მაგრამ თუ პაციენტი დაიღუპა, შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ჰედლაინების პრინციპი არ დაურღვევია, ექიმისთვის ყველაფერი კარგად არის. ჰედლაინებში ჩადებულია ის წამლები, რომლითაც ავადმყოფს თუ მაღალი წნევა აქვს, დაბლა ჩამოუვა, გულის უკმარისობა თუ აქვს _ მოეხსნება, მაგრამ არავინ კითხულობს, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. თუ გამომწვევი მიზეზები არ იპოვე, ადამიანის განკურნებას ვერ შეძლებ და მას ყველაფერი გაუმეორდება, რაც საწინდარია იმისა, რომ ეს დაავადება გართულდება და ქრონიკულ სტადიაში გადავა. ამ ფორმით ადამიანი ვერასდროს გამოჯანმრთელდება. _ რასაც თქვენ ყვებით, ამით ხომ ექიმი პაციენტს ღალატობს, ჰიპოკრატეს ფიცს არღვევს?.. ესეც ხელისუფლების ბრალია? _ ამ შემთხვევაში ექიმი იბრძვის არსებობისთვის ისე, როგორც ყველა ადამიანი. აქამდე კი ის მიიყვანა ხელისუფლებამ, რადგან არ შექმნა ისეთი პირობები, რომ მას შესაბამისი შრომის ანაზღაურება ჰქონოდა. რაც შეეხება მორალურ პასუხისმგებლობას, როცა საქმე აქამდე არის მისული, მორალზე საუბარი ზედმეტია. ბრძოლას არსებობისათვის და ფიზიკური გადარჩენისთვის მორალი აქვს? უარესსაც გეტყვით: როცა ოპერაციები კეთდება სახსრებზე, იცვლება ძვლები და ა. შ., რა თქმა უნდა, ეს არის ქირურგების უდიდესი წარმატება, მაგრამ რამდენ ძვალს შეცვლი? თუ არ დაადგინე დაავადება, ძვალი და სახსარი რატომ აღარ მუშაობს, ტკივილები რატომ აქვს, რატომ მივიდა ოპერაციამდე საქმე, პროცესი ხომ გაგრძელდება? ამაზე არავინ მუშაობს, რადგან არ აწყობთ ასეთი მიმართულებით მედიცინის განვითარება. მთავარია, ის იყოს მომგებიანი და თავად ამოივსონ ჯიბეები. ეს პრინციპი მუშაობდა სააკაშვილის დროსაც, რომელსაც „ოცნება“ აკრიტიკებდა, მაგრამ ერთ ადამიანსაც ვერ მაჩვენებთ, რომელიც ამ სფეროს განადგურებისთვის დასაჯეს, პირიქით, ყველა მათგანი გვერდით დაიყენეს და ერთად გააგრძელეს ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობა. კიდევ ერთი დეტალი: დავუშვათ, ქირურგმა ოპერაცია გააკეთა. მას ოპერაციაში ანაზღაურებას უხდიან, მაგრამ თუ მდგომარეობა გართულდა და მას მეორედ და მესამედ მოუწია ამ პაციენტის გაჭრა, სადაზღვევო ექიმს ფულს აღარ აძლევს. _ გინდათ მითხრათ, რომ ოპერაციის გართულებაც არ არის ექიმის ბრალი? _ რომელ ექიმს უნდა ოპერაციის გართულება? ათას კაცში შეიძლება ორი აღმოჩნდეს ისეთი, რომლის ორგანიზმიც მზად არის დაავადებასთან საბრძოლველად. ოპერაციების გართულებები არის იმის შედეგიც, რომ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების დიდ ნაწილს არ აქვს ცხოვრებისთვის საჭირო პირობები. _ მინისტრ სერგეენკოს ბიძინა ივანიშვილი და ხალხი ძალიან აფასებს. ის ყველაზე წარმატებულ მინისტრად მიიჩნევა. საყოველთაო დაზღვევა სწორედ მისი დამსახურებაა და ეს არაფერია? _ დიახ, არაფერია და აგიხსნით, რატომაც: ვერ დავმალავ და სააკაშვილის დროსაც იყო მსგავსი სიკეთეები. სანდრა რულოვსს უფასო სკრინინგ ცენტრი ჰქონდა, არიგებდა წამლებს და ა. შ., მაგრამ ექიმები სანდრას კმაყოფილებიც არ იყვნენ და ახლა სერგეენკოს მადლიერებიც არ არიან, რადგან მათ კარგად იციან, ეს ყველაფერი როგორც არის მოწყობილი. ისინი ახლაც იგივე მდგომარეობაში არიან და მათთვის არაფერი შეცვლილა. კარგად გრძნობს თავს, მხოლოდ და მხოლოდ, სამედიცინო ელიტარული საზოგადება, რომელიც მაქინაციურ სისტემებს ქმნის და ხელებსაც კარგად ითბობს. ზოგს უკვე წილებიც აქვს სადაზღვევოებში, ზოგს _ საავადმყოფოებში და ყოველგვარ დადებით ცვლილებებს წინააღმდეგობას უწევენ. ისევ მათ აქვთ მაღალი ხელფასებიც, პრივილეგიებიც და ცხადია, მოსწონთ მინისტრიც და მიმდინარე პოლიტიკაც. რეცეპტურასთან დაკავშირებით რაც ხდება, მოსაწონია?! აფთიაქებში დასვეს ექიმები, რომლებიც გასინჯვის გარეშე წერენ რეცეპტებს. მაფიოზურად მოწყობილი ჯანდაცვის სუსხი ერთხელ მათ კარზეც მიაკაკუნებს! _ სადაზღვევო სამედიცინო ბაზარზე რამდენი კომპანიაა და რომელია მათგან პრიორიტეტული?           _ დღეს ფუნქციონირებს 14 სადაზღვევო კომპანია: „პე-ეს-პე“, „ონისანი“, „ჯი-პი-აი ჰოლდინგი“, „კონტებური“, „ირაო“, „სტანდარტ დაზღვევა საქართველო“, „არდი“, „ქართუ“, „ალფა“, „იმედი ელი“, „ალდაგი ბი-სი-აი“, „აისი ჯგუფი“, „საყოველთაო დაზღვევა“ და თურქული სადაზღვევო კომპანია „კაბმრა“. დიდი უმრავლესობა ძველი სადაზღვევოებია, რომლებმაც კვლავ დაუბრკოლებლად გააგრძელეს საქმიანობა „ოცნების“ პირობებშიც, თუმცა ამ პოლიტიკურ ძალას, თავის დროზე, მათ მიმართ დიდი პრეტენზიები ჰქონდა. აი, ამდენი სადაზღვევოა ჩამოკიდებული სახელმწიფოზე და წარმოიდგინეთ, რა უნდა დარჩეს ამ თანხებიდან ავადმყოფებს ან ექიმებს? ნეტავ, ბიძინა ივანიშვილთან კიდევ მომიწიოს შეხვედრა. _ რას ეტყვით ივანიშვილს? _ ვკითხავდი, რატომ არ გამოასწორა მედიცინაში მდგომარეობა? აბა, წარმოიდგინეთ, რა მოხდება, ჯარს რომ არ მისცენ ხელფასი იმის გამო, ომი არ ყოფილაო, პოლიციელს _ თუ არავის დაიჭერს და ა. შ. ექიმს ეუბნებიან, თუ ავადმყოფი არ გყავს, ერთ თეთრსაც არ მოგცემთო და ამაზე ხმას არავინ იღებს! საქართველოში ირღვევა კონსტიტუციით მინიჭებული ყველაზე მთავარი _  სიცოცხლის უფლება! ივანიშვილს კიდევ ვკითხავ: ყველაფერი ძველი დინებით რატომ გაგრძელდა? რატომ აიძულებს ექიმს ჯანდაცვის სისტემა, რომ პაციენტთან ითამაშოს და მოაჩვენოს, თითქოს, მკურნალობს?  

                                                                                       ნელი ვარდიაშვილი

 

გაზიარება