QronikaPlus
როგორ უნდა ვიბრძოლოთ კერძო მევახშეების წინააღმდეგ? - უზენაესი სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება!

როგორ უნდა ვიბრძოლოთ კერძო მევახშეების წინააღმდეგ? - უზენაესი სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება!

2016-07-17 09:22:56

ცოტა ხნის წინათ უზენაესმა სასამართლომ კერძო მევახშეების სესხის პროცენტის შემცირებაზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, ისეთი სასესხო ურთიერთობა, როდესაც კერძო მევახშეები მოვალეებს სესხზე თვეში 10-პროცენტიან სარგებელს არიცხავდნენ, საჯარო წესრიგთან და ზნეობრივ ნორმებთან შეუთავსებლობიდან გამომდინარე ბათილად იქნა ცნობილი. „ქრონიკა+“ საქმის ადვოკატს, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს _ ამირან გიგუაშვილს ესაუბრება: _ ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და მაღალი პროცენტების გამო გაწამებული ყველა ადამიანის გამარჯვება. ფაქტობრივად, დასრულდა სამწლიანი სასამართლო დავა, რომელიც ჩემს კლიენტსა და კერძო მევახშეს შორის მიმდინარეობდა. უზენაესმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოს მოსაზრება, რომ თვეში ათი და მეტი საპროცენტო განაკვეთი ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, ვინაიდან ადამიანები წლიური 120 პროცენტის გადახდისას, ფაქტობრივად, მევახშეებზე დამოკიდებულები ხდებიან და მონურ მდგომარეობაში იმყოფებიან.  ეს გადაწყვეტილება უკვე შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც პრეცედენტი სხვა მსგავსი კატეგორიის დავებისას და მოვალეებს საშუალება ეძლევათ, ამ გადაწყვეტილებაზე მითითებით თავი დაიცვან შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთების გადახდისგან. მას შემდეგ, რაც სამოქალაქო კოდექსში 2007 წელს გაუქმდა ნორმა, რომელიც კერძო სასესხო ურთიერთობაში პროცენტის მაქსიმალურ ზღვარს განსაზღვრავდა, კერძო მევახშეებმა დაიწყეს სესხებზე თვეში რვა, ათი და ზოგჯერ უფრო მაღალი პროცენტების დარიცხვა. ადამიანები წლების მანძილზე პროცენტის სახით იმაზე მეტს იხდიან, ვიდრე სესხი აქვთ აღებული, მაგრამ სესხი არ მცირდება, რადგანაც მთელი თანხა პროცენტში მიდის. შესაბამისად, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, თავისი შინაარსით, უპრეცედენტო ჩარევას წარმოადგენს კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში და დაფუძნებულია სამართლიანობის, საჯარო წესრიგისა და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებზე, რაც სრულად შეესაბამება მათ შორის ევროპულ კანონმდებლობას და სასამართლო პრაქტიკას. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პირველადი სახით 2014 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. სასამართლომ დაადგინა, რომ ისეთი გარიგება, როდესაც სესხის ხელშეკრულების პროცენტი არის შეუსაბამოდ მაღალი, ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს, საჯარო წესრიგს, სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ეს გადაწყვეტილება 2016 წლის 12 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო პალატამ ძალაში დატოვა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ კერძო მევახშის სარჩელი მოცემულ საქმეზე დაუშვებლად ცნო, რადგან მიიჩნია, რომ პირველი და სააპელაციო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამებოდა სამოქალაქო კოდექსით დადგენილ სამართლიანობის პრინციპებს და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობას. ამით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება კერძო სასესხო ურთიერთობებში შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთების არსებობა. უნდა გვესმოდეს, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს და ბანკები მათ, უმეტესად, კრედიტის გაცემაზე უარს ეუბნებიან, არაგონივრულად მაღალი საპროცენტო განაკვეთები მევახშეების არათანაზომიერ გამდიდრებას იწვევს და აშკარად არღვევს სოციალური თანასწორობის პრინციპს, რაზედაც, ზოგადად, სამართლებრივი სახელმწიფოა დაფუძნებული. _ რატომ გაუქმდა სამოქალაქო კოდექსში 2007 წელს აღნიშნული  ნორმა, რომელიც კერძო სასესხო ურთიერთობაში პროცენტის მაქსიმალურ ზღვარს ადგენდა? _ ცვლილება შევიდა სამოქალაქო კოდექსში, სადაც სესხის მაქსიმალური ზღვარი კანონმდებლობით იყო დადგენილი. ეს იმდროინდელი ე. წ. ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის გავლენით იყო გამოწვეული. შესაბამისად, მხარეები განთავისუფლდნენ იმ ვალდებულებისგან, რომ სესხის პროცენტისთვის მაქსიმალური ზღვარი დაედგინათ. აქედან წამოვიდა პრობლემების მთელი წყება, რომ მხარეებს შორის კერძო სასესხო ურთიერთობებში აშკარად და შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთები დადგინდა. ხშირად ეს წლიურ 100, 120, ზოგჯერ 300%-საც კი აღწევდა, მაგრამ საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც ამას, პრაქტიკულად, დაუპირისპირდებოდა, მევალეთა ინტერესებს დაიცავდა, რეალურად აღარ არსებობდა. შესაბამისად, ჩვენი საზოგადოება ამ მოცემულობის წინაშე აღმოჩნდა. _ პროცესმა რა შედეგები გამოიწვია? უპირველესად, მომხმარებლების მდგომარეობას ვგულისხმობ... _ ადამიანები, რომლებსაც სესხი სჭირდებათ და არ აქვთ უზრუნველყოფის საშუალებები (რომ მიმართონ ბანკებს, აიღონ იპოთეკური სესხები და უფრო ცივილიზებულად მიუდგნენ თავიანთ საკრედიტო ხელშეკრულებებს), იძულებული გახდნენ, რომ კერძო მევახშეებისთვის მიემართათ. ბუნებრივია, როდესაც სესხის უზრუნველყოფა გაკეთებული არ არის, პროცენტიც მაღალია და ეს სწორიც არის, რადგან ამ შემთხვევაში გამსესხებლის ინტერესებიც უნდა იქნეს დაცული, რადგან ისინი მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. მაგრამ, ხშირად, ამ სიტუაციამ მევალეთა ისეთი ტიპის დამოკიდებულება გამოიწვია კრედიტორების, ანუ კერძო მევახშეთა მიმართ, ისეთი დისპროპორცია მხარეებს შორის, რომ მევალეები ამ თანხებს წლების განმავლობაში იხდიან, რომელიც ძირითადად პროცენტში მიდის. ამით სესხი არათუ მცირდება, არამედ პირიქით, იზრდება და, პრაქტიკულად, ადამიანები ამორალური და საჯარო წესრიგთან შეუთავსებელი გარიგებების ტყვეობაში არიან. _ იქნებ, უფრო დაწვრილებით გვითხრათ თქვენს კლიენტსა და მევახშეს შორის არსებულ დავაზე? _ მე ადვოკატი ვარ და მხარეთა იდენტიფიცირებას ვერ მოვახდენ, გვარებს, კომპანიების სახელებს ვერ გეტყვით, მაგრამ მოცემულობა ასეთი იყო: კერძო მევახშემ ჩვენს კლიენტს 84 ათასი აშშ დოლარი ასესხა. ამ 84 ათას დოლარში კლიენტმა 125 ათასი ამერიკული დოლარი გადაიხადა. მევახშე კიდევ დამატებით 12 ათას დოლარს ითხოვდა, რადგან მიიჩნევდა, რომ მთელი ფული, რაც ჩვენმა კლიენტმა გადაიხადა, ეს სესხის პროცენტი იყო და რომ მას ძირითადი ვალდებულება ისევ შესასრულებელი ჰქონდა. ეს დავა საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა. ჯერ მხარეთა შორის მოლაპარაკება შედგა და ამის შემდეგ საქმე უკვე სასამართლოში გადავიდა. ამ შემთხვევაში კრედიტორმა იჩივლა და ჩვენ უკვე მოპასუხეები ვიყავით. სასამართლოს ყურადღება მხარეთა აშკარა დისპროპორციაზე მივაქციეთ. კერძოდ იმაზე, რომ ადამიანი, ამ შემთხვევაში მევალე, იმდენად დამოკიდებული გახდა კრედიტორზე, რომ მისი თავისუფლების ხარისხიც კი შეიზღუდა, რადგან ის მთლიანად ორიენტირებული იყო ამ სასესხო ურთიერთობაზე და, ელემენტარულად, მისთვის სხვა სივრცე არ რჩებოდა, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებდა. შედეგად, სასამართლომ ასეთი გაბედული გადაწყვეტილება მიიღო. ჯერ კიდევ 2014 წელს საქალაქო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით აღნიშნული ხელშეკრულება, პროცენტის ნაწილში, საჯარო წესრიგთან მისი არსებითად შუთავსებლობიდან გამომდინარე, ბათილად ცნო. მერე ჩვენ ეს საკითხი, ბუნებრივია, საჯარო არ გავხადეთ, რადგან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებოდით. სააპელაციო სასამართლომ კიდევ უფრო ვრცელი განმარტება მისცა აღნიშნულ საქმეს და ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული კრედიტორის საჩივარი დაუშვებლად ცნო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც ბოლო და ზემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილება, ძალაში დარჩა, ამიტომ ეს არის თითოეული მევალის გამარჯვება. მართალია, ჩვენ არ ვცხოვრობთ ანგლო-საქსური სამართლის ქვეყანაში, სადაც ზემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებებს კანონის ძალა აქვს, მაგრამ, რეალურად, თითოეულ მოვალეს შეუძლია აიღოს ეს გადაწყვეტილება, მივიდეს სასამართლოში და ამ გადაწყვეტილებაზე მითითებით (მისი სარეკომენდაციო ხასიათიდან გამომდინარე) თავისი შეუსაბამოდ მაღალი პროცენტის ბათილობა მოითხოვოს. ამიტომ ეს არის თითოეული იმ ადამიანის წარმატება, ვინც მსგავს სიტუაციაში იმყოფება. _ ფიქრობთ, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ დადებითი შედეგის მიღწევა? _ მე მინდა ვთხოვო და მივმართო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც წლებიც განმავლობაში ასეთ მდგომარეობაში იმყოფება, _ აიღოს ეს გადაწყვეტილება და სასამართლოს საკუთარი ინტერესების დასაცავად მიმართოს. სასამართლომ ისეთი პრაქტიკა დაადგინა, რომელზედაც უკვე მოგახსენეთ და, შესაბამისად, ვინც შეუსაბამოდ მაღალ, წლიურად 120, 150 და 300%-ს იხდის კერძო მევახშეებთან, დიდი იმედი მაქვს, რომ მათთან მიმართებით სასამართლო ამ გადაწყვეტილების შესაბამის ვერდიქტებს გამოიტანს. _ თქვენ ხაზს უსვამთ „საჯარო წესრიგთან და ზნეობრივ ნორმებთან“ შეუთავსებლობას. ქვეყანაში დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ამას რეალურად რა დატვირთა აქვს? _ ეს არ არის მხოლოდ საქართველოში დადგენილი პრაქტიკა. ზნეობა არ არის კოდიფიცირებული სისტემა, ანუ არსად წერია, რა არის ზნეობრივი და რა არის არაზნეობრივი. ამას სასამართლო კონკრეტული მოცემულობებიდან გამომდინარე იღებს და ეს არ არის მარტო საქართველოში დანერგილი პრაქტიკა. მსგავსი მიდგომა ევროპის ბევრ ქვეყანაშია, მაგალითად, გერმანიის სამოქალაქო კოდექსში, ავსტრიის კოდექსში, შვეიცარიის კანონი არსებობს სავალო ურთიერთობის შესახებ, სადაც პირდაპირ არის მითითებული, თუ რა ტიპის პროცენტი მიიჩნევა იმაზე შეუსაბამოდ, ვიდრე ადამიანებს შორის შეიძლება არსებობდეს სასესხო ურთიერთობა. საერთოდ, მინდა გითხრათ, სამოქალაქო კოდექსის უმთავრესი დანიშნულებაა და პირველივე მუხლი განსაზღვრავს, რომ მხარეთა ურთიერთობები მხარეთა თანასწორობაზე უნდა იყოს დამოკიდებული. ამიტომ რაც ახლა საქართველოში მოხდა, გამონაკლისი ნამდვილად არ არის. ეს ევროპული სასასამართლოს პრაქტიკისგან განსხვავებული არ გახლავთ. ადამიანებს შეიძლება უნდოდეთ გარკვეული ტიპის ურთიერთობების დამყარება, მაგრამ არსებობს სამოქალაქო კოდექსით გარანტირებული თანასწორობის პრინციპი, რომელიც ამოსავალი წერტილია. ხელშეკრულების თავისუფლება თავისთავად ძალიან დიდი ღირებულებაა, მაგრამ თანასწორობა გაცილებით მაღალი ღირებულებაა. და თუ ერთი მხარე მონურ მდგომარეობაში აღმოჩნდება მეორე მხარის მიერ საკუთარი შესაძლებლობების ბოროტად გამოყენების გამო, მაშინ ასეთი ტიპის ხელშეკრულება თავშივე ბათილად მიიჩნევა. კიდევ ერთი ცოცხალი მაგალითი: რომელიმე ადამიანს შეიძლება საკუთარი შვილის მკურნალობისთვის იმდენად ესაჭიროებოდეს თანხა, რომ მზად იყოს, ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულება გააფორმოს. თუნდაც, გარკვეული ტიპის სამუშაო შეასრულოს, რომელიც ღირსებასთან და მორალთან შესაბამისი არ არის. ასეთი გარიგება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელშეკრულება მხარეებმა გააფორმეს, თავშივე ბათილად მიიჩნევა. ანუ ხელშეკრულება, რომელიც არღვევს საჯარო წესრიგს, ზნეობასა და მორალს (მხრეთა სურვილის მიუხედავად), მაინც ბათილად მიიჩნევა სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, რომელიც თანასწორობის პრინციპს უსვამს ხაზს; ასევე 54-ე მუხლიდან გამომდინარე, რომელიც საჯარო წესრიგსა და ზნეობასთან შეუთავსებელი გარიგებების ბათილობას არეგულირებს.  

                                                                                                                გელა მამულაშვილი

გაზიარება