QronikaPlus
,,აფხაზური საზოგადოება არ არის ისე განწყობილი, რომ ქართველის მკვლელობისთვის რომელიმე აფხაზი დასაჯოს!“

,,აფხაზური საზოგადოება არ არის ისე განწყობილი, რომ ქართველის მკვლელობისთვის რომელიმე აფხაზი დასაჯოს!“

2016-07-17 09:33:34

სოხუმის დე ფაქტო მერი, ადგურ ხარაზია, ადგილობრივ გამოცემა  „Нужная Газета“-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთი აფხაზეთში უზარმაზარი ტერიტორიით სარგებლობს და ამისთვის აფხაზებს „კაპიკებს“ უხდის. მისივე თქმით, მოსკოვი აფხაზებს მოკავშირეებივით არ ექცევა. „ერთი მხრივ, ჩვენ საკუთარი ძალების იმედი გვაქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, რუსეთთან ურთიერთობა უფრო გამჭვირვალე უნდა გავხადოთ. ისინი კაპიკებს გვაძლევენ და უზარმაზარი ტერიტორიით სარგებლობენ, რომელიც სამხედრო ბაზებისთვის მივეცით. მათ ეს ბაზები მხოლოდ ჩვენ დასაცავად არ გაუხსნიათ. პირველ რიგში, ეს ბაზები სჭირდებათ რუსეთის ნატოსგან დასაცავად. რატომ არ უნდა გადაგვიხადონ ამისთვის? რატომ არ უნდა გადავიტანოთ ჩვენი ურთიერთობა ცივილიზებულ ჭრილში? მთელი მსოფლიო ასე ცხოვრობს, რატომ უნდა არსებობდეს რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებში განსაკუთრებული წესები?“ _ კითხვებს სვამს სოხუმის დე ფაქტო მერი. მისი თქმით, ე. წ. პარლამენტთაშორისი კომისიის წევრობის დროს მან აღნიშნული საკითხი დააყენა და მხარდამჭერები იპოვა კიდეც: „საქმე ისაა, რომ რუსებს ჰგონიათ, საჩუქარს გვიკეთებენ, მაგრამ აქ არანაირ საჩუქარზე საუბარი არ არის. ის კაპიკები, რასაც ჩვენ გვაძლევენ, არაფერია იმასთან შედარებით, რაც ჩვენ მივეცით“, _ მიიჩნევს ადგურ ხარაზია. მისივე მოსაზრებით, რუსეთი აფხაზებს როგორც მოკავშირეებს, ისე არ ექცევა: „რატომ არ გვექცევიან, როგორც მოკავშირეებს? ჩვენ რა, ამერიკაში მივდივართ? ჩვენ მხოლოდ ერთს ვაცხადებთ, რომ გვსურს რუსეთთან ერთად გავაგრძელოთ გზა, ამიტომ რუსეთი სხვანაირად უნდა გვიყურებდეს“, _ აცხადებს სოხუმის დე ფაქტო მერი.   „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ექსპერტი ირაკლი ცქიტიშვილი: _ მსაგვსი განწყობა აფხაზურ საზოგადოებაში არის. მართალია, ამას გულში იკლავენ, რომ, ფაქტობრივად, რუსეთი აღნიშნულ ბაზებს კაპიკებად იყენებს, მაგრამ, მეორე მხრივ, განსაკუთრებულად პრორუსულად განწყობილი თემები მიუთითებენ, რომ რუსებმა ისინი თითქოს გადაარჩინეს და აფხაზები მათთან ვალში არიან. შესაბამისად, მათი სახელმწიფოებრიობა უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ის ფული, რომელიც რუსეთმა რეალურად შეიძლება სამხედრო ბაზებისთვის გადაიხადოს. ამას პლუს, მათი პოზიციით, რუსეთი ისედაც უხდის გარკვეულ თანხებს ამ სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის. ზოგადად კი, ზემოაღნიშნული კრიტიკული განწყობები არის, მაგრამ მათ გამოხატვას ერიდებიან. როდესაც სოხუმის ე. წ. მერმა ეს კრიტიკული პოზიცია გაახმოვანა, ფაქტობრივად, მთელი საზოგადოება მის წინააღმდეგ წავიდა. არა იმიტომ, რომ ასე არ ფიქრობენ, არამედ იმის გამო, რომ ამაზე ხმამაღლა საუბარი მიღებული არ არის. _ დე ფაქტო მერის ამ განცხადებაზე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან თუ იყო რეაგირება? _ არ მაქვს ინფორმაცია, რომ რუსებმა ამაზე რეაგირება მოახდინეს. ალბათ, ამის პრევენცია სწორედ ის იყო, რომ აფხაზურმა საზოგადოებამ თვითონ დაგმო თანამდებობის პირის აღნიშნული განცხადებები. ასე რომ, ამაზე რუსული მხრიდან, ყოველ შემთხვევაში, ღიად არაფერი თქმულა. _ იმავე ხარაზიას თქმით, ე. წ. პარლამენტთაშორისი კომისიის წევრობის დროს მან აღნიშნული საკითხი დააყენა და მხარდამჭერები იპოვა კიდეც. მგავსი ტიპის გამოსვლები სხვა წარმომადგენლების მხრიდანაც ხომ არ ყოფილა? _ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ასეთი განცხადებები არ ყოფილა. ამასთან, შეიძლება იცის, რომ პირად საუბრებში მსგავსი განწყობები ნამდვილად არსებობს და მან სწორედ ეს გაახმოვანა. კიდევ ვამბობ: არც ერთი თანამდებობის პირი, ან აფხაზურ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, ასე რომც ფიქრობდეს, ამის შესახებ ხმამაღლა არ განაცხადებს. ისევე, როგორც არ განაცხადებენ, თუ როდესმე აფხაზებს ქართველებთან უფრო მეტი დაახლოება მოუნდათ. ეს ერთი ჭრილია, რაც რუსეთის წინააღმდეგ წასვლაა. უფრო მკვეთრი და მკაცრი განწყობებიც ფიქსირდება რუსეთის მიმართ. ბევრმა აფხაზმა იცის, რომ რუსეთი მაინცდამაინც არ არის ის მსოფლიო მოთამაშე, რომელიც აფხაზებს ყველანაირ სიკეთეს დააყრის, ააშენებს და ააყვავებს. მაგრამ ისინი ერთ მომენტში ჩერდებიან. იმაზე ფიქრს იწყებენ, რომ თუ არა რუსეთი, მაშინ საქართველოა და ამ შეთხვევაში ამის ხმამაღლა გახმოვანებას ერიდებიან საზოგადოების მკაცრი რეაგირების გამო. _ უფრო მკვეთრი და რადიკალური პოზიცია იქაური საზოგადოების რომელ წრეებშია? _ აფხაზურ პოლიტიკაში არსებული პირები დღეს ამ თემას საერთოდ არ ეკარებიან. ის, რაც ჩვენამდე მოდის, ან პირადი საუბრების შინაარსია, ან ხალხის პოზიცია, რომელიც სხვადასხვა სოციალურ ქსელში, დიალოგებსა თუ დებატებში მონაწილეობს. მათი განწყობები, ასე თუ ისე, მათსავე განცხადებებში გამოიხატება. აქ უკვე ნათლად ჩანს იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ რეაგირებს ამ ყველაფერზე. თუ რეაგირება შედარებით სუსტია, ნიშნავს, რომ ასეთი განწყობები რეალურად არსებობს. თუ ძალიან მკვეთრი და აბსოლუტურად მიუღებელია, ეს ნიშნავს, რომ ძირითადი მასა მაინც ამის წინააღმდეგია. ასე რომ, არის გარკვეული ბერკეტები, რომ ასეთი განწყობების გავრცელების დონე აფხაზურ საზოგადოებაში შეფასდეს. ეს შეიძლება აბსოლუტური საზომი ერთეულები არ იყოს, მაგრამ გარკვეულ ინფორმაციას გვაძლევს იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ამა თუ იმ საკითხის მიმართ თვითონ აფხაზურ საზოგადოებას. _ რა შეფასება მოჰყვა ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობას და ქართული მხარის მოთხოვნას, რომ მკვლელი უნდა დაისაჯოს?.. _ ხურჩის მკვლელობასთან დაკავშირებით იქაური საზოგადოების დამოკიდებულება იყოფა. ჯერ ერთი, არის ნაწილი, რომლისთვისაც ასეთი ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია. მეორე ნაწილია, რომლისთვისაც ასევე მიუღებელია, მაგრამ მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ, როგორც თვითონ ამბობენ, აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და საერთაშორისო, ადამიანის უფლებათა ჭრილში უნდა მოქმედებდეს და ა. შ. ანუ, რეალურად, ეს მკვლელობა მათთვისაც მიუღებელია. არის კიდევ კატეგორია, რომელიც მომხდარზე, პრინციპში, არც ნანობს და არც თავს იტკივებს ამ ყველაფერზე, ყურდღებასაც არ აქცევს. და არის კატეგორია, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ ყველა ქართველს ასეც უნდა მოექცეო. ამიტომ პროცენტულად შეფასება რთული იქნება, რომელი კატეგორია წარმოადგენს უმრავლესობას. _ ეს საქმე მხოლოდ შიდაპატიმრობით შემოიფარგლა? _ დიახ, ოფიციალურად ეს შინაპატიმრობაა. ანუ ეს ადამიანი თავისუფალია, სამსახურიდან განთავისუფლებულია და თავის სახლში იმყოფება. მართალი გითხრათ, გამიკვირდება კიდეც, რომ აფხაზურმა მხარემ ეს ადამიანი გადმოგვცეს. თუ ისინი პოზიციონირებას უკთებენ თავიანთ თავს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, მაშინ მკვლელს არ გადმოგვცემენ. მეორე მხრივ, ჩვენ გვაწყობს თუ არა მისი გადმოცემა? რადგან ამ გადმოცემის პირობებში ისინი მოინდომებენ, რომ აფხაზური მხარე დაფიქსირდეს, როგორც დამოუკიდებელი მხარე. ექსტრადიციას კი არა, ყოველ შემთხვევაში, არ ვიცი, რა იურიდიულ ტერმინოლოგიას მიმართავენ, მაგრამ მოინდომებენ, რომ დოკუმენტებში მათი თუნდაც გარკვეული, ირიბი აღირება მოხდეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გადმოცემა არ მოხდება. რაც შეეხება დასჯას, დღევანდელი აფხაზური საზოგადოება არ არის ისე განწყობილი, რომ ქართველის მკვლელობისთვის რომელიმე აფხაზი დასაჯოს. მე ამ სიტუაციას გამოვრიცხავ. თუმცა შეიძლება საერთაშორისო ზეწოლამ ის გამოიწვიოს, რომ დამნაშავე გარკვეული სახის პატიმრობაში იყოს. მაგრამ ეს არ იქნება ისეთი პატიმრობა, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია და გვინდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიც ეთანხმება ქართულ მხარეს ოფიციალურად, რომ შინაპატიმრობა ადეკვატური ქცევა არ არის. ამ შემთხვევში რუსეთის პოზიციაც გასაგებია, რადგან საკუთარი თავიდან აღნიშნული ლაქის ჩამორეცხვა სურს,  ყველაფერი აფხაზურ მხარეს გადააბრალოს და, შესაბამისად, მისი დასჯა მოსთხოვოს. მაგრამ ამ საკითხში დიდ პერსპექტივას ვერ ვხედავ. _ რა შედეგი მიიღეს სოხუმში ე. წ. საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის ჩატარებით? _ ახლა კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ძალიან რთულია, რადგან საერთაშორისო არენაზე როგორც მიუღებელი იყვნენ აფხაზები, ასევე დარჩნენ. ვისთვისაც აქამდეც მისაღები იყვნენ, აქაც ასევე დარჩნენ. ამიტომ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ამ ტურნირში მონაწილე წარმონაქმნების წარმომადგენლებთან აფხაზეთი გაპიარდა. მათ იფიქრეს, რომ რადგან ასეთ ტურნირში გავიმარჯვეთ, უფლება და შესაძლებლობა გვაქვს, ფიფას მივმართოთ და ამ ორგანიზაციაში გავწევრიანდეთო. წერილიც დაწერეს, მაგრამ ამ მხრივაც რაიმე პერსპექტივებს არ ველოდები. ამ შეთხვევაში აფხაზები აპელირებენ კოსოვოს მაგალითზე, რომელიც ფიფამ მიიღო. მაგრამ კოსოვოს შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ იქ აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა. კოსოვო ასზე მეტმა სახელმწიფომ ცნო და სწორედ ამ სახელმწიფოებმა დაუჭირეს მხარი ფიფაში მის მიღებას. სადღეისოდ, აფხაზებს ამისთანა 4 თუ 5 სახელმწიფო ჰყავს, რომელიც მის ე. წ. დამოუკიდებლობას აღიარებს და ეს ნამდვილად არასაკმარისი იქნება, რომ დაახლოების პროცესი დაიწყოს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორიც ფიფაა. _ სოხუმელი რეპორტიორი, ინალ ხაშიგი, გარკვეულწილად, დასცინის ქართული მხარის შემრიგებლურ წინადადებებს აფხაზური საზოგადოებისადმი, იგივე სამედიცინო პროგრამას, როდესაც აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლები აქაურ საავადმყოფოებში უფასოდ მკურნალობენ, ასევე ადმინისტრაციულ საზღვარზე გახსნილ სუპერმარკეტს და ა. შ. ეს პოზიცია რამდენად გამოხატავს აფხაზური საზოგადოების რეალურ განწყობას? _ ხაშიგი, პრინციპში, შოვინისტურად განწყობილი აფხაზების დამოკიდებულებებს გამოხატავს აღნიშნული წერილით, მათ, ვინც უფრო პრორუსული მიმართულების მატარებლები არიან. მათთვის ერთადერთი იდეაფიქსი ე. წ დამოუკიდებლობაა და მიუღებელია ის, რასაც ამ მიმართულებით თბილისი აკეთებს. არის მოსახლეობის მეორე ნაწილი, რომელმაც თბილისის მიერ შეთავაზებული გარკვეული სერვისები უკვე მიიღო, _ მკურნალობა და ნაკლებად რადიკალურები არიან. უფრო სწორად, ისინი საერთოდ არ არიან რადიკალურად განწყობილნი, მიუხედავად იმისა, რომ ვერ რისკავენ საქართველოსთან დაახლოებაზე ხმამაღალ საუბარს. მაგრამ ქართველებს თბილად მოიხსენიებენ, ადეკვატურები არიან და მათთან ნორმალური საუბარი შეიძლება. დღეისთვის, მაინც, გუდაუთის მხარე და მათი კლანები უფრო რადიკალურად განწყობილი არიან ნებისმიერი ასეთი შეთავაზების მიმართ, რადგან, მათი აზრით, ნებისმიერი ეს მომსახურება თუ კონტაქტი ქართველებსა და აფხაზებს შორის იმისკენ არის მიმართული, რომ საქართველომ აფხაზეთი დაიბრუნოს. ახლა მე მათი ციტატებით ვსაუბრობ. ეს მათთვის ყველანაირად დაუშვებელია. მათ შორის საუბარია იმ სუპერმარკეტზე, რომელიც რუხში აშენდა და რომელმაც, პრინციპში, უნდა გააკეთოს ის, რასაც ერგნეთის ბაზრობა აკეთებდა. თუმცა პირადად მეც მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯები კარგია, მაგრამ აბსოლუტურად უშედეგოა. ასეთი ნაბიჯები სასურველ შედეგს არასოდეს მოიტანს, მით უმეტეს, აფხაზებთან ურთიერთობაში. _ მაშინ რა მოიტანს შედეგს? _ რეალურად რომ ვთქვათ, დღეს აფხაზეთის დაბრუნება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დასუსტდება რუსეთი და რამდენად გაურთულდება სიტუაცია, რომ იძულებული გახდეს, ქართული ინტერესების დაკმაყოფილებაზე წამოვიდე. დღეს და ხვალ ამის პერსპექტივა ნამდვილად არ ჩანს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველა ეს ურთიერთობა, საუბრები აბსოლუტურად უშედეგო იქნება. მაგრამ საერთოდ უმოქმედობას გარკვეული მოქმედება მაინც სჯობია. ჩვენ უნდა ვეცადოთ და თუნდაც საერთაშორისო თანამეგობრობას დავანახვოთ, რომ კონფლიქტის დარეგულირების საქმეს მცდელობას არ ვაკლებთ და რომ ამ ყველაფერში რუსეთი ხელს გვიშლის. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ: ამით აფხაზი ერთხელ არ გაიღვიძებს და თბილისთან, ქართველებთან დაახლოებაზე, საქართველოს ნაწილად გახდომაზე არ იფიქრებს. როგორც კი აფხაზები ამას გაიფიქრებენ, რუსეთი მაშინვე ძალიან მკაცრ ზომებს მიიღებს მათ მიმართ. ამიტომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის და რამდენად დასუსტდება რუსეთი ისე, რომ მას უკვე აღარ სჭირდებოდეს და აღარ იყოს მისი საფიქრალი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.  

                                                                                                                გერა მამულაშვილი

გაზიარება