ექსპერტმა ახლო-აღმოსავლეთის საკითხებში, ირანისტმა ვასილ პაპავამ, ა. წ. 8 ივლისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თავისი პირველი წიგნის _ „სავაქის“ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციის დასრულებისთანავე „ქრონიკა+“-მა მასთან ინტერვიუ მეორედ ჩაწერა (ნახევარწლიანი ინტერვალის შემდეგ). ვასილ პაპავა გვესაუბრა თავის ნაშრომზე და იმ საგარეო გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა.
ირან-საქართველოს ურთიერთობების ანალიზის შემდეგ შევეცადეთ გაგვეგო, თუ რა ხდება დღეს დიდ პოლიტიკაში?
ვასილ პაპავა:
_ ვასილ, პირველ რიგში, რის შესახებაა თქვენი წიგნი და როგორ ჩაიარა პრეზენტაციამ?
_ წიგნი ეხება ირანის შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის მმართველობის პერიოდს 50-70-იან წლებში. კერძოდ, მასში ავსახე ამ უძველესი ქვეყნის მმართველობის ფორმა, რომელიც გასული საუკუნის შუა პერიოდიდან, მთლიანად, უშიშროების სამსახურებზე იყო აწყობილი. პრეზენტაციაზე, დაახლოებით, ასამდე ადამიანი მოვიდა: აკადემიური წრეებიდან, მედიის წარმომადგენლები, ჩემი კოლეგები. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ღონისძიება შედგა.
_ თქვენი წიგნის დასათაურება _ „სავაქი“ _ რას ნიშნავს? უფრო გასაგები რომ იყოს ყველა კატეგორიის მკითხველისთვის...
_ „სავაქი“ არის შაჰის უშიშროების სამსახურის სპარსული აბრევიატურა (საზმან-ე ეთელაათ ვა ამნიათ-ე ქეშვარ), ანუ დაზვერვისა და სახელმწიფო უშიშროების სამსახური. წიგნის სათაურად ეს სახელწოდება იმიტომ შევარჩიე, რომ აღნიშნული უწყება (სავაქი, _ ავტ.) იყო არმიასთან გათანაბრებული ძალა, რომელიც შეუზღუდავი უფლებებით სარგებლობდა და რომლის ხელითაც ტარდებოდა ფართო რეპრესიები არა მხოლოდ ოპოზიციური ძალების მიმართ, არამედ შიიტურ სასულიერო წრეებშიც. „სავაქის“ შესახებ საქართველოში არცთუ ბევრ ადამიანს აქვს ინფორმაცია.
_ ვასო, პირადად მე მგონია, რომ თქვენი წიგნი ვიწრო პროფილური მოხმარების იქნება, უფრო დარგის სპეციალისტებისთვის უნდა იყოს განკუთვნილი. იქნებ, გვითხრათ, რა ტიპის მკითხველზე გათვალეთ „სავაქი“?
_ აღნიშნული თემა არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის მცოდნეებს და ისტორიის მოყვარულებს დააინტერესებს, ჩემი წიგნი ყველა იმ ადამიანისთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც სამყარო საქართველოს მიღმაც არსებობს და რომელთათვისაც პოლიტიკა ქართულად ყაყანი არ არის. ჩვენს ქვეყანაში, გამომდინარე საბჭოთა მემკვიდრეობიდან, ყველაზე დიდი ინფორმაცია მაინც „კაგებეს“ შესახებ გვაქვს, ხოლო დღეს, ვინაიდან საქართველომ კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყარა ირანთან, გარკვეულწილად, მათი ისტორიის ცოდნაც საჭიროა.
_ ისტორიის ცოდნა ახსენეთ და აქვე გავავლოთ პარალელი დღევანდელ რეალობასთანაც, _ რა უნდა ვისწავლოთ „სავაქის“ მაგალითებზე თუ შეცდომებზე საქართველოში, სადაც საბჭოთა „კაგებეს“ მემკვიდრეობა კვლავაც გვახსენებს თავს?
_ სპარსეთისა და საქართველოს ურთიერთობები, რომელიც მაშინ სხვადასხვა სამეფოს სახით იყო წარმოდგენილი, ერთობ სპეციფიკური გახლდათ საუკუნეების განმავლობაში. მეფის რუსეთის ჩარევით, XIX საუკუნის დასაწყისში, კავკასიიდან ორი საუკუნის განმავლობაში განიდევნა ირანი, ხოლო საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა. რა უნდა ვისწავლოთ „სავაქის“ შეცდომებზე? ის, რომ XXI საუკუნეში არ უნდა აიძულონ ადამიანები სხვადასხვა უწყებებთან იძულებით თანამშრომლობაზე. მაგალითად, შაჰის დაზვერვაში ფერეიდნელი ქართველებიც იყვნენ, მაგრამ, გასაგები მიზეზების გამო, ამ ინფორმაციაზე დეტალური წვდომა არ მქონდა. „სავაქის“ მაგალითიდან უნდა ვისწავლოთ ისიც, რომ ამა თუ იმ ტიპის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოპონენტები პოლიტიკური მოტივებით არ უნდა დააპატიმრონ. უშიშროებამ არ უნდა გადმოკვეთოს სამოქალაქო სექტორთან წითელი ხაზები, თორემ, მოგეხსენებათ, ფორმალურად, შაჰის დროსაც იყო დემოკრატია _ ირანში იცმევდნენ თამამად, განვითარებული იყო თანამედროვე ხელოვნება. იმ დროისთვის, აღნიშნულ რეგიონში, ფილმებს თამამი სცენებით ბევრგან ვერ იღებდნენ კინემატოგრაფისტები, ირანი კი ვიზუალურად დასავლურ ფასადს ინარჩუნებდა, თუმცა შაჰის მიერ „სავაქის“ მმართველობის ფორმა სისხლზე, ღალატზე, დაშინებასა და რეპრესიებზე იდგა.
_ წინა ინტერვიუში, რომელიც თქვენთან დაახლოებით ნახევარი წლის წინათ ჩავწერეთ, ძირითადად, ვისაუბრეთ სირიაში მიმდინარე პროცესებზე, მაგრამ, იმავე მასალაში, აქცეტნები გააკეთეთ ირანის გეოპოლიტიკურ ინტერესებზეც. კიდევ ერთხელ რომ გვითხრათ, ირანის როლზე საქართველოსთან მიმართებით, რა პერსპექტივები აქვს ჩვენს ქვეყნებს მომავალი თანამშრომლობის კუთხით?
_ დღეისთვის ირანი რეგიონის ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფოა, რომელიც თურქეთის სერიოზული კონკურენტი და საპირწონეა. მას ფრთხილად ეკიდება არა მხოლოდ დასავლეთი, არამედ თვით რუსეთიც, რომელიც რიგი მიმართულებებით მისი სტრატეგიული მოკავშირეა. პოსტსანქციურ პერიოდში ევროპის წამყვანი ქვეყნები ცდილობენ, ირანთან მჭიდრო ურთიერთობა დაამყარონ, რომლის ეკონომიკური და სამხედრო პონტენციალი სათანადოდ ჯერ კიდევ არ არის შეფასებული ოფიციალური თბილისის მიერ. ირანი თავისი ენერგორესურსების მარაგით მსოფლიო ხუთეულში შედის. დასავლეთ ქვეყნებთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ ირანის საგარეო პოლიტიკური კურსის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა ენერგორესურსების ტრანსპორტირების მარშრუტისთვის ახალი გზების ძიება. ყველაზე ხელსაყრელი მარშრუტი კი სამხრეთ კავკასიაზე გადის.
_ სამხრეთ კავკასიაში როგორია საქართველოს დღევანდელი პოზიცია? საით იყურებიან ჩვენი მეზობლები და რა გავლენა აქვს მათ საგარეო კურსს ჩვენს ქვეყანაზე?
_ მოკლედ რომ ვთქვათ, დღეისთვის სამხრეთ კავკასიაში შემდეგნაირი სურათია: სომხეთს აქვს მჭიდრო სამხედრო-ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან; აზერბაიჯანი მჭიდროდ თანამშრომლობს თურქეთთან, თუმცა მას დაბალანსებული პოლიტიკა აქვს ჩვენს ჩრდილო მეზობელთან და ასევე ურთიერთობებს ალაგებს ირანთან; რუსეთი ცდილობს, სიტუაცია დაარეგულიროს თურქეთთან, რომელთანაც თვეების წინათ ანტაგონისტურ ურთიერთობაში იმყოფებოდა სირიის კრიზისის დროს ჩამოგდებული თვითმფრინავის გამო; რაც შეეხება საქართველოს, პროდასავლური კურსის მიმართულებით რეგიონში ფორპოსტად მოვიაზრებით. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს, დააკნინოს საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია, საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს წინსვლას.
_ წინა კვირას საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნი, ჯონ კერი ჩამოვიდა. როგორ შეაფასებდით მის ვიზიტს?
_ ასეთი სახის ვიზიტები მეტყველებს ამერიკის, როგორც პარტნიორი ქვეყნის, მხარდაჭერაზე. პოლიტიკასა და დიპლომატიაში ყოველთვის ღია ტექსტებით და დეტალურად არ ამბობენ სათქმელს. ამ ვიზიტით მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ, გავიგე, რომ ამერიკას არ მივუტოვებივართ. მეორე საკითხია, ქართველები რამდენად გავამართლებთ მათ მოლოდინს.
_ ჯონ კერის ვიზიტს სულმოუთქმელად ელოდებოდნენ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. გამოითქვა მოსაზრება, რომ კერიმ ენმ-ს მოლოდინები ვერ გაამართლა, რადგან ხელისუფლებას არსებულ გადაცდომებზე არ მიუთითა _ ამ თემაზე რა კომენტარს გააკეთებთ?
_ ვინმეს თუ ჰგონია, რომ ამ რანგის პოლიტიკოსები ხაჭაპურის დაგემოვნებით და ნაჩქარევი გადაწყვეტილებებით დაგვამახსოვრებენ თავს, ძალიანაც ცდება. მე ენმ-სთან არანაირი კავშირი არ მაქვს და არც მათ პოზიციებს ვიზიარებ, მაგრამ ისიც ფაქტია, ქვეყანას, რომელსაც არაერთი მიმართულებით აქვს ჩავარდნები, ესტურმა ჯონ კერი, ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფოს წამყვანი ფიგურა; თუ საიდან ჩამოფრინდა ის, რომელი აეროპორტიდან, ეს არის სპეკულაციები. რატომ არ ჩავიდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ვთქვათ, ჩვენსავე მეზობელ ერევანში? კიდევ ხაზს ვუსვამ: ჯონ კერიმ შეგვახსენა, რომ ამერიკა თვალს ადევნებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. რომელიმე პარტიის სასიკეთოდ გაკეთებულ ხისტ განცხადებებს ამ წონის პერსონისგან არ უნდა ველოდოთ, მით უფრო, 8 ოქტომბერი ჯერ წინ გვაქვს.
_ როგორი საგარეო კურსი უნდა აირჩიოს საქართველომ? რა ადგილი უნდა ეჭიროს ამერიკას ამ ფლანგზე?
_ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო იმყოფება რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ხდება ტერაქტები, როდესაც ევროპას მიაწყდნენ მიგრანტები, როდესაც დასასრული არ უჩანს სირიის კრიზისს, როდესაც მთელ რიგ სახელმწიფოებს ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობები აქვთ, ჩვენმა ქვეყანამ მაგალითი უნდა აიღოს ირანისგან, რომელიც 40-იან წლებში რთულ სიტუაციაში იმყოფებოდა _ ქვეყნის ჩრდილოეთი იყო საბჭოთა არმიის მიერ ოკუპირებული, ხოლო სამხრეთ ნაწილი _ ბრიტანეთის მიერ. კრემლის წაქეზებით შეიქმნა ე. წ. სამხრეთ აზერბაიჯანის განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომლის მიზანი იყო ირანის აზერბაიჯანის პროვინციის საბჭოთა აზერბაიჯანთან მიერთება. მიუხედავად ქვეყნის შიგნით დაშვებული შეცდომებისა, ირანმა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა შეძლო და არასტაბილურობაზე ეტაპობრივად თქვა უარი. ირანელებმა საბჭოთა საფრთხის განეიტრალება ამერიკელების დახმარებით შეძლეს. გამომდინარე ამ ისტორიული პარალელიდან, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი უნდა იყოს აშშ. შეიძლება ერთბაშად, ყველა მიმართულებით, შედეგებს ამჟამად ვერ ვხედავდეთ, თუმცა ვაშინგტონისა და ნატოს მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად საშვილიშვილოა.
_ რამდენად უნდა ვიყოთ დღეს ევროპის იმედად მაშინ, როცა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს თავად აქვთ დაპირისპირებები ერთმანეთთან?
_ დღეს ევროპა სისტემურ კრიზისს განიცდის, რაც, ჩემი აზრით, გამოწვეულია ამ კონტინენტის ლიდერების მცდარი პოლიტიკით, რამაც გლობალური მასშტაბების შეცდომები განაპირობა. ერთი მხრივ, ბებერი კონტინენტის წამყვანი ფიგურები ყველაფერს აკეთებენ, რომ სამყარო იყოს ბევრად დემოკრატიული, ცივილიზებული და მშვიდობიანი, თუმცა ერთმანეთში შეუთანხმებლობისა და შიდა კონკურენციის ფონზე, იმის ფონზე, რომ იმპერიული ამბიციები რუსეთსაც აქვს, ევროპის მმართველები თავიანთ დეკლარირებულ ფასეულობებს ხშირად სრულადაც ვერ ახორციელებენ პრაქტიკაში, რითაც, პირველ რიგში, რუსეთი ხარობს. საქართველომ მაქსიმალურად უნდა წარმოაჩინოს თავი, როგორც დემოკრატიულმა ქვეყანამ, თორემ ევროპის კარზე ჩვენ გარდა ბევრი აკაკუნებს. აქ უნდა ჩატარდეს არჩევნები, რომელიც არ გაყალბდება, აქ უნდა ვცეთ პატივი სიტყვის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს, ასევე მნიშვნელოვანია სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რის შემდეგაც უფრო მისაღები გავხდებით ევროპული ოჯახისთვის და ნატოსთვის.
_ ამჟამად პოლონეთის დედაქალაქში ნატოს სამიტი მიმდინარეობს. რას უნდა ველოდოთ ვარშავაში გამართული სამიტიდან?
_ სამიტზე, რომელიც 8-9 ივლისს იმართება, ნატოს 28 წევრი ქვეყნისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. ეს სამიტი კარგა ხნის წინათ დაანონსდა და მისდამი ინტერესი დიდია, ვინაიდან მსოფლიო პოლიტიკის ამინდის შემქმნელები უსაფრთხოების მიმართულებით ალიანსის ახალ კურსზე ისაუბრებენ.
_ ამ ინტერვიუს ფარგლებში ბოლო კითხვა: უფრო კონკრეტულად ვისზე უნდა გავაკეთოთ სწორება და რა დოზით?
_ რეგიონში ძალთა ბალანსის შესანარჩულებლად და რუსეთის ზეწოლის გასანეიტრალებლად საჭიროა გონივრული, პრაგმატული და ფრთხილი საგარეო კურსი, რაც გამოიხატება შემდეგში: დასავლეთთან და, პირველ რიგში, აშშ-სთან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნებით, უფრო მოქნილი პოლიტიკის გატარებით ახლო-აღმოსავლეთის ქვეყნებთან. დამერწმუნეთ, პროდასავლურობა არ გულისხმობს აღმოსავლურ ფესვებზე უარის თქმას. საქართველო ხომ გზაჯვარედინია ევროპასა და აზიას შორის.
ზაზა სვანაძე