„ჯარში სავალდებულო გაწვევა 2017 წლიდან აღარ გვექნება“, _ ეს განცხადება გასულ კვირას თავდაცვის მინისტრმა გააკეთა, რითაც ცხელ წინასაარჩევნო სეზონზე, ფაქტობრივად, ყველა წამყვანი თემა გადაფარა. ქართულ საინფორმაციო სივრცეში და სოციალურ ქსელებში თინა ხიდაშელის ამ განცხადებას დიდი რეზონანსი მოჰყვა. სამხედრო წრეებში, სამთავრობო კულუარებსა და საზოგადოების ნაწილში ქალბატონი მინისტრის მიმართ პერსონალური ტიპის კრიტიკა არ წყდება. საკითხი იმ ადამიანებსაც აინტერესებთ, რომლებსაც ახლო მომავალში ჯარში გაწვევა უწევთ, თუმცა, ჯერჯერობით, კონცეფცია საჯარო არ არის, რომლის საფუძველზეც თავდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების მიღება სურს.
„ქრონიკა+“ ესაუბრება სამოქალაქო თავდაცვის განვითარების ცენტრის დამფუძნებელს, ანალიტიკოს ირაკლი საჯაიას:
_ ირაკლი, წინა ინტერვიუში ვისაუბრეთ საქართველოს შეირაღებულ ძალებზე, თავდაცვის სამინისტროში არსებულ საკადრო პოლიტიკაზე და გლობალურ უსაფრთხოებაზე, თუმცა, მას შემდეგ, სულ ახლახან, თავდაცვის მინისტრმა სკანდალური განცხადება გააკეთა. დავიწყოთ ამ განცხადების ანალიზი...
_ ა. წ. 27 ივნისს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, საჯაროდ, ტელეეთერის საშუალებით, მოსახლეობას ამცნო იმის შესახებ, რომ თავდაცვის უწყება წვევამდელთა გაწვევას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აღარ განახორციელებს. ამ განცხადების შემდეგ ჩვენ ვიხილეთ და მოვისმინეთ როგორც პრეზიდენტის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გაკვირვებულ ტონალობაში გაკეთებული შეფასებები, ასევე დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების კრიტიკული განცხადებები.
_ ხიდაშელის ამ ინიციატივის შესახებ თუ ჰქონდათ ინფორმაცია სამხედრო წრეებში? როგორ ფიქრობთ, ეს თავდაცვის მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო?
_ წესით და რიგით, ხიდაშელის ამ გადაწყვეტილების შესახებ შეიარაღებულ ძალებში იქამდე უნდა სცოდნოდათ, სანამ ფაქტის წინაშე დადგებოდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ერთხმად აღნიშნეს, რომ არ იყვნენ საქმის კურსში, თუ რატომ არ განიხილეს ეს საკითხი თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს ფორმატში და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში...
_ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ წლების წინათ კომუნიკაცია გქონდათ ირაკლი სესიაშვილთან. ალბათ, ნახეთ მისი და თინა ხიდაშელის ერთობლივი განცხადების ამსახველი კადრები. გულწრფელად რომ გვითხრათ, თავდაცვის მინისტრს ბატონ სესიაშვილთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა?
_ მე ნამდვილად დროულად და მართებულად მიმაჩნია ბატონი ირაკლის პოზიცია თავდაცვის მინისტრის ამ ნაბიჯთან დაკავშირებით. სესიაშვილის თქმით, ეს იყო პოპულისტური წინასაარჩევნო განცხადება და აღნიშნულს უარყოფითად გამოეხმაურა. მეტიც, მან ვერ დამალა გაღიზიანება იმის გამო, რომ იგი, როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, საქმის კურსში არავის ჩაუყენებია. რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ სცენას, რომელიც არაერთმა ტელეკამერამ დააფიქსირა, მიმაჩნია, რომ თავდაცვის მინისტრის ქცევით უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა ბატონი ირაკლი. ეს პასაჟი აშკარად უადგილო და არარელევანტური იყო.
_ როგორ ფიქრობთ, რისთვის გადადგა ხიდაშელმა ეს ნაბიჯი?
_ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მინისტრმა გამოიყენა რა დაკავებული თანამდებობა ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის, ამით დარტყმის ქვეშ დააყენა საქართველოს მთავრობის ერთიანობის საკითხი და რაც მთავარია, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა.
_ მან განაცხადა, რომ, XXI საუკუნეში მონური შრომა არ უნდა იყოს; ასევე ითქვა, რომ დაძალებით მოყვანილი კადრები არ გვიჭრდებაო. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?
_ მინდა, თავდაცვის მინისტრს ვუთხრა, რომ XXI საუკუნეში, ნატოს წევრ სახელმწიფოებში, დღემდე არსებობს სავალდებულო სამხედრო სამსახური _ გაწვევის სისტემა. მაგალითად: ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთმა პარტნიორმა და მეგობარმა სახელმწიფომ, პოლონეთმა, გაწვევის სისტემა აღადგინა. ევროპული ქვეყნების უმრავლესობა იმ დასკვნამდე მიდის, რომ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება ამ სეგმენტით მნიშვნელოვანია, სწორედაც იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დგანან.
_ რა უარყოფითი და დადებითი მხარეები აქვს და შედეგები შეიძლება მოჰყვეს გწვევის გაუქმებას?..
_ გაწვევის გაუქმებას მოჰყვება შეიარაღებული ძალებში რიცხოვნობის ჩავარდნა. ხშირად მომისმენია არგუმენტი იმის შესახებ, რომ გაწვევა თავდაცვის ბიუჯეტს ძვირი უჯდება და სჯობს, საკონტრაქტო სამსახურს მოხმარდეს ის თანხებიო. ამ პოზიციას კატეგორიულად არ ვეთანხმები. სხვა საკითხია, თუ რამდენად სწორი იყო გაწვევის ის ფორმა, რომელიც აქამდე არსებობდა.
_ შეგიძლიათ გაწვევის სუსტ მხარეებზე ისაუბროთ? რა ვითარება იყო აქამდე?
_ რა თქმა უნდა, ის მოდელი, რომელიც აქამდე არსებობდა, სრულიად შეუსაბამო და უმოქმედო იყო, თუმცა გაწვევის სისტემის ამ სახით გაუქმება, ან, თუნდაც, წლებით გადაწევა არ ხსნის იმ პრობლემებს, რის წინაშეც სამინისტრო იდგა. არსებული სისტემა სერიოზულ რეფორმირებას საჭიროებდა და არა გაუქმებას. ეს გადაწყვეტილება არის პრობლემისგან გაქცევა. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ქალბატონი მინისტრის გულშემატკივრებიც კი ღიად საუბრობდნენ, _ ამ ინიციატივაზე მათ თვეებით ადრე ჰქონდათ ინფორმაცია. საკითხავია, რატომ გაახმაურა ხიდაშელმა ეს, მაინცდამაინც, კარს მომდგარი არჩევნების წინ? მინისტრის პორტფელის გადაცემის წინ?
_ გაწვევის გაუქმების სამართლებრივ მხარეებზეც ვისაუბროთ.
_ მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით იურისტი არ ვარ, ჩემი შეხედულება ამ გადაწყვეტილების სამართლებრივ მხარეზეც მაქვს: მინისტრის ბრძანებით არ შეიძლება, გაუქმდეს რომელიმე საკანონმდებლო ნორმა, ან კანონი, ვინაიდან ეს კანონი მიღებულია საკანონმდებლო ორგანოში, კონსტიტუციაზე დაყრდნობით, შესაბამისად, ერთპიროვნულად ვერავინ გააუქმებს.
_ რა შედეგი დადგება, თუ ხიდაშელი დაწყებულს ბოლომდე მიიყვანს?
_ ამ გადასახედიდან ჩანს, რომ ნაჩქარევი და შეუთანხმებელი გადაწყვეტილება სერიოზულ ზიანს მოუტანს როგორც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ასევე მთავრობის გარკვეული შტოს მუშაობასაც სამომავლოდ. მაგალითად, ჩვენ გვახსოვს წინა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, როცა მან ირაკლი ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა ამ უკანასკნელის მიერ გაკეთებული დემონსტრაციული განცხადებების გამო, სადაც ის მთავრობას ევროპული კურსიდან გადახვევაზე ადანაშაულებდა. ახლა კი შეიარაღებული ძალების მინისტრის გაკეთებული მსგავსი განცხადება, თუ ერთპიროვნული გადაწყვეტილება რაღაც პოლიტიკურ ინტერესებს უფრო ემსახურება, ვიდრე სახელმწიფოებრივს.
_ ხიდაშელმა განაცხადა, რომ ჩვენ არ გვინდა, ძალით მოყვანილი ხალხი იცავდეს ქვეყანასო. რა გსმენიათ ასეთი განწყობების შესახებ? და აქვე: დეზერტირობის ფაქტებზეც გვესაუბრეთ.
_ არ დაგიმალავთ და ღიად ვიტყვი: მოსახლეობის გარკვეულ სეგმენტში, გაწვევასთან დაკავშირებით, ნეგატიურ განწყობებზე მსმენია და სწორედ აქედან გამომდინარე, რომ ის ხალხი, რომელთაც შეიარაღებულ ძალებში მოხალისედ წასვლა სურთ, ან გაწვევაში მონაწილეობის მიღება, იმსახურებს სწორ, გამართულ ინსტიტუციას და არა გაწვევის სისტემის მთლიანად გაუქმებას. ხოლო ის ადამიანები, რომელთაც არ სურთ შეიარაღებულ ძალებში მსახური, ისეთ ალტერნატიულ სამსახურებში უნდა წავიყვანოთ, რომელიც ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით გამოადგება. მოგეხსენებათ, ომი პოლიტიკის სისხლიანი გაგრძელებაა. ომის დროს იბრძვის მთლიანად სახელმწიფო, სახელმწიფოს კი, კრიტიკულ მომენტში, დასაკარგი რესურსები არ გააჩნია, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს იგი. მაგალითად, შეიძლება ადამიანს იარაღის ხელში აღება არ შეეძლოს, თუმცა მისი უნარები, მისი შესაძლებლობები სახელმწიფომ სხვადასხვა მიმართულებით უნდა გამოიყენოს, _ ვიღაცა სისხლს ჩააბარებს, ვიღაცამ მედდად უნდა იმუშაოს, ვიღაცამ სახელმწიფო სტრუქტურაში მოღვაწეობით შეიძლება ისეთი წვლილი შეიტანოს ქვეყნის საკეთილდღეოდ, რომ მისი გაწვევა ნამდვილად არ ღირდეს,
_ საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად ასეთი სპეციფიკური უწყების ხელმძღვანელად ქალი დაინიშნა, შეგიძლიათ შეაფასოთ ქალბატონი ხიდაშელის მოღვაწეობა? რით სჯობია ის მის წინამორბედებს: ალასანიას, შაშკინს და სხვებს?
_ ის ფაქტი, რომ პირველად გვყავს თავდაცვის მინისტრი ქალბატონი, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, ვინაიდან დაკავებული თანამდებობა არის არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური პოსტი. მარტივად რომ ვთქვათ, ჯართან უშუალო შეხება უწევს გენშტაბის უფროსს და არა თავდაცვის მინისტრს. ძალიან რთულია ამ გადასახედიდან პარალელების გავლება მის წინამორბედებთან, ვინაიდან ქალბატონი თინა ჯერ ისევ იკავებს თანამდებობას, აქედან გამომდინარე, ნაადრევად მიმაჩნია რომელიმე ყოფილ მინისტრთან მისი შედარება. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ თავდაცვის უწყებაში საგნობრივად არაფერი განსხვავებული არ მომხდარა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა.
_ თავად თქვენ ვის ისურვებდით, რომ ამ პოსტზე გეხილათ? სამხედრო წრეებში ბევრთან გაქვთ უშუალო ურთიერთობა, ზოგიერთთან კი მეგობრობთ...
_ კონკრეტულ პიროვნებებს ვერ დავასახელებ, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცი, თუ რა განწყობებია ხელისუფლების მაღალ ეშელონებში. ჩემს პირად აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით ვიტყვი მხოლოდ მას შემდეგ, რაც იმ სავარაუდიო კანდიდატისა თუ კანდიდატების შესახებ გავიგებ, რომლებიც შეიძლება თავდაცვის მინისტრად ვიხილოთ.
_ ამბობენ, კობა კობალაძესაც უჭირავს თვალი ამ პოსტზეო...
_ ბატონ კობა კობალაძეს კარგად ვიცნობ. ვიცი, თუ რამდენად პროფესიონალია ის სამხედრო საქმის. ვიმედოვნებ, რომ მისი დანიშვნის შემთხვევაში ყველა სირთულე დაიძლევა. შეიძლება, ჩემი ნათქვამი ბატონ კობასთან დაკავშირებით მიიღონ, როგორც ჩემი სუბიექტური აზრი, თუმცა, ალბათ, ბევრი საქმეში ჩახედული დამეთანხმება, რომ ბატონი კობა ნამდვილად პროფესიონალი და პატრიოტია.
_ არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ფინანსური დაინტერესებით მოქმედ სამხედროს ნაკლები მოტივაცია აქვს პატრიოტული კუთხით. აქვე განვმარტავ: ჩემი მიზანი ნამდვილად არ არის, რომ ათასობით კონტრაქტორს შეურაცხყოფა მივაყენო. უბრალოდ, ეს მოსაზრება ნატოსადმი ნეგატიურად განწყობილ ადამიანებში არსებობს და მინდა, თქვენ გააკეთოთ კომენტარი.
_ არც მე ვაპირებ სამხედრო მოსამსახურეებზე აუგის თქმას, ისინი ურთულეს მისიებს ასრულებენ და იმსახურებენ მაღალ ანაზღაურებას, სოციალური დაცვის გარანტიებს. ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ პროფესიონალი ჯარისკაცი ნაკლები მოტივაციით და პატრიოტიზმით არის განმსჭვალული!
_ რა ვითარებაა ამჟამად პატრიოტული სწავლების მხრივ? სახელმწიფო რამდენად ზრუნავს სამხედროების მორალურ მხარეზე?
_ ნამდვილად მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან სწორი პატრიოტული სულისკვეთების ჩანერგვა ახალ თაობაში. ყოფითმა, ფინანსურმა პრობლემებმა, სამწუხაროდ, ახალგაზრდების ნაწილში ეს მოტივაცია, რაღაც დონეზე, შეამცირა, ჩაკლა ამაღლებული განწყობები. გამოკითხვებს თუ დავეყრდნობით, დღეს ჩვენს ქვეყანაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უფრო ნაკლებად აღელვებთ უმუშევრობის ფონზე. არაერთი კვლევიდან ჩანს საგანგაშო გზავნილები. ვფიქრობ, ხელისუფლებამ, მიუხედავად მძიმე სოციალური ფონისა, ამ მიმართულებითაც უნდა იმუშაოს. სახელმწიფომ საზოგადოებას უნდა ჩააგონოს, რომ ქვეყნის დაცვა ერთეულების სამსახური არ არის.
_ რაც შეეხება საერთაშორისო უსაფრთხოებას, ისეთი ძლიერი ქვეყანა, როგორიც თურქეთია, ტერორისტების სამიზნე მორიგ ჯერზეც გახდა... 28 ივნისს ათათურქის აეროპორტში, ანუ თურქეთის სტრატეგიულ ობიექტზე, ტერაქტი მოხდა, რასაც ათობით ადამიანი შეეწირა. ტერორიზმთან წამყვანი ქვეყნებიც კი უძლურია?
_ თურქეთი მართლაც რომ ძლიერი ეკონომიკისა და სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყანაა, რომელიც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრია, ამიტომ ისინი კარგი სამიზნე არიან ტერორისტებისთვის. ნუ დაგვავიწყდება, _ იქამდე ტერაქტები მოხდა ევროპის შუაგულში _ პარიზსა და ბრიუსელში. ჩვენ მესამეხარისხოვანი ქვეყანა ვართ ტერორისტებისთვის, ამიტომ აქამდე არ გავხდით მათი საიერიშო. თუმცა თუ პლანეტის ერთ ადგილზე ცეცხლი არ ქრება, ჩვენ მაინც არ უნდა ვისხდეთ მშვიდად, მით უფრო, საუბარია მეზობელ და მეგობარ ქვეყანაზე. მსგავსი ტერორისტული აქტების მომზადება დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს საჭიროებს ტერორისტებისთვის, შესაბამისად, ისინი არ ხარჯავენ ჩვენზე ამ რესურსებს, ვინაიდან საქართველო და მისი მოსახლეობა არ არის მათი ძირითადი სამიზნე. მათი ძირითადი სამიზნეა ძლიერი ეკონომიკისა და პოლიტიკის მატარებელი ქვეყნები და მათი მოსახლეობა, დასავლური გავლენიანი სახელმწიფოები. ტერირისტებისთვის მნიშვნელოვანია, თითოეული მომხდარი ტერაქტი გაშუქდეს და რეზონანსი მიეცეს, ვინაიდან მათ სურთ, დანერგონ შიში.
_ არსებული საშინაო თუ საგარეო გამოწვევების ფონზე, როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გაუქმებამ ქვეყანა დააზარალოს?
_ იმ ტენდენციების გათვალისწინებით, რასაც ვხედავთ, წამყვანი ქვეყნების ნაწილი ნელ-ნელა უბრუნდება გეოპოლიტიკურ აზროვნებას. რუსეთის აგრესიული ქმედებები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა როგორც ევროპული ოჯახის უსაფრთხოებისთვის, ასევე აშშ-სთვის. აქედან გამომდინარე, საქართველომ არსებული გამოწვევების წინაშე უნდა მიიღოს სწორი და გეგმაზომიერი გადაწყვეტილებები, რომელიც ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგება და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
ზაზა სვანაძე