ჩემი ქალაქის მერმა, პლატონმა კი არა, იმან _ დიდმა პლატონმა საუკუნეების წინათ თქვა, რომ პოლიტიკა _ ეს ერთად ცხოვრების ხელოვნებაა. გვინდა თუ არ გვინდა, დღეს საქართველოში პოლიტიკურად ცხელი ზაფხულის კვალობაზე, ყველანი პოლიტიკოსები ვართ. არ აქვს მნიშვნელობა, მივდივართ თუ არა საარჩევნო ყუთთან, ჩვენთვის გულში მაინც ვბჭობთ, ვინ იქნება, ნეტავ, ჩემი ქალაქისა თუ სოფლის ხმა პარლამეტში?
პოლიტოლოგთა აზრით, 2016 წლის პარლამენტი პარტიულად ყველაზე ჭრელი იქნება. მართალია, ხელისუფლება გულზე მჯიღს ირტყამს და მოსახლეობას ტელეეკრანიდან არწმუნებს, რომ ამ არჩევნებს განსაკუთრებული უმრავლესობით მოიგებს, მაგრამ ამის პროგნოზირება დღეს ძალიან რთულია. სამწუხაროდ, ამომრჩეველთა დიდი ნაწილი სტატისტიკის მიხედვით არ მიდის არჩევნებზე, რაც იმის ნიშანია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ნიჰილიზმი შეჰპარვიათ... მიზეზი, თუ რატომ უნდა გინდოდეს ადამიანს პარლამენტში შესვლა, დღემდე ჩვენში დიდ ამოცანად რჩება... 150 მანდატისთვის ქვეყანაში, საშუალოდ, მინიმუმ, 1500 ადამიანი იბრძოლებს... ასე რომ, ერთობ დინჯი და უთქმელი კახეთიც საარჩევნო მარათონში ჩაერთო...
ვის უნდა სადეპუტატო მანდატი?!
„ქართული ოცნება“
ახმეტა-თელავის ზონის კანდიდატი თელავის დღევანდელი მოქმედი პარლამენტარი, გელა სამხარაული იქნება. გელა სამხარაული 2012 წლამდე მხოლოდ ბიზნესით იყო დაკავებული, მის ბიოგრაფიაში ნათლად წერია, როგორ დაიწყო ზეინკლობით და როგორ გახდა ერთ-ერთი წარმატებული მეწარმე საქართველოში. თუმცა 2012 წელს ალასანიას პარტიიდან იყარა კენჭი. მას მერე, რაც ალასანიასა და ივანიშვილის გზები გაიყარა, სამხარაული თანაგუნდელებს დაემშვიდობა და ივანიშვილის „ოცნებაში“ გადაბარგდა. დღემდე აგრარული კომიტეტის თავმჯდომარეა საქართველოს პარლამენტში. დაიბადა სოფელ იყალთოში. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თელავს დაუბრუნდა, ახლა კი ახმეტისკენ აპირებს გადაბარგებას;
რაც შეეხება გურჯაანს, აქ კენჭს იყრის კახეთის ყოფილი გუბერნატორის, ბიძინა სონღულაშვილის ვაჟი _ დავით სონღულაშვილი. დავით სონღულაშვილს პოლიტიკური წარსული არ გააჩნია, სამაგიეროდ, მისი მამა შევარდნაძის ეპოქის გუბერნატორი გახლდათ;
სიღნაღი-დედოფლისწყაროს ოლქში ალექსანდრე თამაზაშვილი იყრის კენჭს;
„თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის“ რექტორი, ყოფილი დეპუტატი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ქონების მართვის ყოფილი მინისტრი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, სოციალური დაზღვევის ინსპექციის უფროსი, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ემდ პრეზიდენტის სტიპენდიანტი, ეკონომიკის ექსპერტი და თან ოთხი შვილის მამა _ სოლომონ პავლიაშვილი _ საგარეჯოში მაჟორიტარობას აპირებს;
თელავი-ყვარლის მიმართულებით ორი კანდიდატურაა, რომლებზეც ჯერ „ოცნებაში“ ვერ შეჯერდნენ: ერთი ირაკლი სესიაშვილია, ხოლო მეორე _ დავით მათიკაშვილი. სესიაშვილი ცნობადია, თუმცა მათიკაშვილზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მრავალი წელია, „ქართუ ბანკის“ თანამშრომელია. ამ ეტაპზე ბანკის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა. 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ უკანონო შემომწირველად გამოუცხადებია და დაუჯარიმებია. წარმოშობით ყვარლიდან არის, თუმცა ყვარელში მას არავინ იცნობს.
ლაგოდეხში კანდიდატურა „ოცნებას“ დღემდე არ გადაუწყვეტია.
„ნაციონალური მოძრაობა“
ახმეტა-თელავი _ კახეთის გუბერნიის ყოფილი ზედმხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, შაქრო ტერტერაშვილი;
თელავი _ კახეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი, გიორგი ბოტკოველი;
გურჯაანი _ პარლამენტის წევრი, გიორგი ღვინიაშვილი;
ლაგოდეხი _ ყოფილი პარლამენტარი, გურამ კაკალაშვილი;
დედოფლისწყარო-სიღნაღი _ პარლამენტარი ლევან ბეჟაშვილი;
საგარეჯო _ ზურაბ ჭიაბერაშვილი;
ახლა, რა არის მთავარი? ნოდარ დუმბაძე ამბობდა:
„ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორით კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან. პირადად მე ჩემს მასწავლებლებად ის ადამიანები მიმაჩნია, რომლებმაც საგანი კი არ შემასწავლეს, არამედ შემაყვარეს. ჩემთვის მასწავლებლობა საგნის ცოდნა კი არ არის, არამედ ღვთით მომადლებული უნარია, სხვასაც გადასცე ცოდნა და საგანი ისე შეაყვარო, რომ განცვიფრებულმა იფიქროს, ეს რომ არ მცოდნოდა, რა მეშველებოდა და ამ ჩემს ცხოვრებას რა ფასი ექნებოდაო“.
არ ვიცი, ხალხი რას გადაწყვეტს, რას იფიქრებს, თუმცა მთავარი სხვა რამეა: „ამბობენ, პოლიტიკა მეორე უძველესი პროფესიაა, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მას გაცილებით მეტი საერთო აქვს პირველ უძველეს პროფესიასთან“, _ ამბობდა უინსტონ ჩერჩილი.
იმედი მაქვს, რომ პოლიტიკას კახეთში წესიერი ადამიანები შექმნიან და პოლიტიკურ როსკიპებად არ დაგვამახსოვრებენ თავს.
მაკა მოსიაშვილი