8-9 ივლისს ვარშავაში ნატოს სამიტი ჩატარდება. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვარშავაში უსაფრთხოების ახალ გარემოსთან ალიანსის ადაპტაციის უზრუნველსაყოფად კურსი დაისახება. ნატო პარტნიორ ქვეყნებთან საქმიანობას გააღრმავებს და კიდევ უფრო გააძლიერებს კავშირს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის. რას მიიღებს საქართველო ვარშავის სამიტზე და რამდენად მიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის?
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ექსპერტი სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებში _ თამაზ იმნაიშვილი:
_ როგორც ვიცით, წლის დასაწყისში გაიმართა მიუნხენის კონფერენცია, ამ საკითხზე თქვენს გაზეთთან უკვე ვისაუბრე. მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ ნატოს ბოლო 25 წლის არსებობის მანძილზე ეს იყო ისტორიული კონფერენცია, სადაც პირდაპირ გაცხადდა, რომ ნატოს საფრთხეები კურსს და ვექტორს იცვლის. რუსეთი ამ შემთხვევაში არის საფრთხე და ნატომ საკუთარი უსაფრთხოების თვალსაზრისით სხვა სტრატეგია უნდა გაატაროს. სამომავლო გეგმების შესახებ სამიტზე სხვა ბევრი რამეც ითქვა. პრაქტიკულად, ამის დადასტურება და დამოწმება უნდა მოხდეს ვარშავის სამიტზე. ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც იქ უნდა გადაწყდეს. ეს გახლავთ ნატოს ქვეყნების უსაფრთხოების გაზრდა, საფრთხეების დოკუმენტი, რომელიც შექმნილია ნატოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ და დამტკიცებულია ნატოს ასამბლეაზე, საფრთხეების მინიმალიზაციისა და მისი გაუვნებელყოფის სტრატეგიული გეგმები. რუსეთის საფრთხე _ ეს არის ერთ-ერთი მთავარი გეგმა აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი სამხედრო ძალებისა და ანტისარაკეტო სისტემების განთავსება. ლაპარაკია ბალტიის ქვეყნებზე, პოლონეთზე, ბულგარეთსა და რუმინეთზე. პლუს ნორვეგიაში ერთი დიდი სატანკო შენაერთის გაკეთება იგეგმება და ამას წინათ უცხოურ პრესაში დაიწერა, რომ დაახლოებით 6500-მდე ერთეული ჯავშანტექნიკა განთავსედება ნორვეგიაში ბუნებრივ მღვიმეებში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი დოტების გარემონტებულ საცავებში. მეორე ეს არის შავი ზღვის პროექტი, სადაც, თავის დროზე, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩვენ შავ ზღვაზე უპირატესობას უნდა მივაღწიოთ რუსეთის ფლოტთანო. რაზეა საუბარი: არის რუსეთის ფლოტი, არის ნატოს წევრი 3 ქვეყანა და მისი პარტნიორი 2 ქვეყანა _ საქართველო და უკრაინა. ამ 5 ქვეყნის საზღვაო ფლოტის სიძლიერეს 60%-ით აღემატება რუსეთის ფლოტი. მაშინ სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი წევრი ქვეყნების ფლოტები და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს დავეხმაროთ, განსაკუთრებით საქართველოს, საზღვაო უსაფრთხოებაშიო. არსებობს მონტრეს კონვენცია, რომელიც, ჯერ კიდევ, XX საუკუნის პირველი ნახევრიდან არის ძალაში. მერე გაძლიერდა და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შევიდა ძალაში, რომლის მიხედვით, შავი ზღვის არაწევრ ქვეყანას საკუთარი გემის აქ შემოყვანა და გაჩერება შეუძლია მხოლოდ 21 დღით. ეს არის ამ კონვენციის საფუძველთა საფუძველი. აქედან გამომდინარე, აშშ-ს საზღვაო ფლოტის აქ შემოყვანა და გაჩერება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. როტაციის პრინციპი შეიძლება იყოს, მაგრამ იქ თურქეთის საკითხი დგება, რადგან მონტრეს კონვენციის კურატორი, ამ შემთხვევაში, თურქეთია, რადგან აქედან უნდა შემოვიდეს. საუბარია იმაზე, რომ უნდა გაძლიერდეს შავი ზღვის თურქეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის ფლოტი. უკრაინას ჰყავს თავისი ფლოტი, რომლის გაძლიერებაზეც უნდა ისაუბრონ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქვეყანაში ძალიან არასტაბილური სიტუაციაა, თავს იკავებენ. არსებობს საქართველო, რომელსაც საზღვაო ფლოტი არ გააჩნია, არსებობს საზღვაო პატრული, რომლის ამოცანები აბსოლუტურად სულ სხვაა, ყოველ შემთხვევაში, სამხედრო ამოცანებს ვერანაირად ვერ პასუხობს. თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ჩვენ საზღვაო ფლოტი არ გაგვაჩნია და კარგა ხანს არც გვეყოლება იმიტომ, რომ ამის საშუალებები არ გვაქვსო. ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშანია. ეს არის უსაფრთხოების გაზრდის მეორე კომპონენტი. მესამე კომპონენტი გახლავთ ბიუჯეტების გაზრდა და მეოთხეა თანამედროვე ტექნოლოგიებში დიდი ფულის დახარჯვა. ეს ოთხი ძირითადი კომპონენტი ნიშნავს პირველი საკითხის, ანუ უსაფრთხოების გაზრდას და, ამავდროულად, როგორც ჩანს, კანონმდებლობაში უნდა შევიდეს ცვლილება, რომ თუ აქამდე ქარტიის მე-5 პუნქტი, რომელზედაც 12 ქვეყანას ჰქონდა მოწერილი ხელი, ახლა სავალდებულო უნდა იყოს, რომ ხელი ყველამ მოაწეროს. ასე არ არის, როგორც ბენილუქსის ქვეყნებს აქვთ -_ ნატოსგან ყევლაფერს მივიღებ, მაგრამ არაფრის გამცემი არ ვარო. სავალდებულო იქნება, ქარტიის მე-5 პუნქტის ამოქმედებას ხელი მოაწეროს აბსოლუტურად ყველა 29 ქვეყანამ. ახლა მონტენეგროს რომ მიიღებენ, იმანაც უნდა მოაწეროს ხელი. ესეც ერთ-ერთი პუნქტია. მეორე საკითხი, რომელიც ვარშავის სამიტზე მთავარი იქნება, ეს არის ნატოს სივრცის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი პარტნიორების უსაფრთხოების გაძლიერება, ეს უკვე პირდაპირ ეხება სამ ქვეყანას: საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, განსაკუთრებით კი _ საქართველოს.
_ დავაკონკრეტოთ, რა კუთხით გაძლიერდება საქართველოს უსაფრთხოება?
_ ამ კუთხით რა უნდა იყოს, უკვე გაცხადებულია. ერთი ის, რომ ემბარგო მოგვეხსნა აბსოლუტურად ყველა ტიპის იარაღზე. შეგვიძლია ყველანაირი იარაღის შესყიდვა სხვადასხვა წესით, ლიზინგი იქნება, ჩუქება თუ სხვა; მეორე ეს არის საქართველო-აშს-ს ჩარჩო-ხელშეკრულების საფუძველზე წვრთნების რაოდენობისა და მისი მასშტაბების გაზრდა. ისინი არ ქმნიან საკუთარ ბაზას, ანუ ამერიკული ჯარები აქ არ იქნება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წელიწადში, საშუალოდ, გარკვეული მასშტაბის 2 წვრთნა ტარდებოდა, მომავალი წლიდან შესაძლებელია ჩატარდეს 4, 2018 წელს _ 6, მასშტაბები გაიზარდოს და, პრაქტიკულად, აქ ამერიკული ჯარების როტაცია მოხდება. ესეც ამ შემთხვევაში შემაკავებელი ფაქტორია. ცალსახაა, რომ არ იქნება ხმამაღალი განცხადება, მაგრამ საუბარი იქნება იმაზე, რომ საქართველომ საკუთარი სამხედრო ბიუჯეტი უნდა გაზარდოს. 2,2% რომ უწერიათ სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტით, შესაძლებელია ეს ავიდეს 3%-ზე. მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტი ბიუჯეტით უნდა იყოს გამოხატული. გაიზრდება მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტი, გაიზრდება ბიუჯეტიც, თუ შემცირდება, ისიც შემცირდება. ამ პროცენტის გაზრდაზე იქნება საუბარი.
_ რაც შეეხება ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს?
_ საქართველოს ჰაერიდან დაცვას რაც შეეხება, ჩვენ შევისყიდეთ და აგვისტოდან სრულყოფილად უნდა ამოქმედდეს ფრანგული ანტისარაკეტო დანადგარები, რომელიც მხოლოდ თავდაცვითი ღონისძიებების მატარებელია და არა შეტევითი პირობისა, ის ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს მთელი საქართველოს საჰაერო სივრცის დაცვას. ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა, სატელიტებთან, თანამგზავრებთან ურთიერთობა და სხვ. მთელი კომპლექსია, რომელსაც, ჯერჯერობით, ვერ გამოვიყენებთ. ჩვენ კი ვართ ნატოს ერთიანი საჰაერო სივრცის წევრი, რომელსაც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მოეწერა ხელი, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ეს სამოქალაქო ავიაციას ეკუთვნის. წმინდა სამხედრო დანიშნულებით ამ სივრცის წევრი ჯერ ჩვენ არ ვართ, მაგრამ დიდწილად საქართველოს დედაქალაქისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვას უზრუნველყოფს, ოღონდ არა მთელი საქართველოს ტერიტორიის. მართალია, ტერმინი _ სტრატეგიული ობიექტები ამოღებულია, მაგრამ ხომ ვიცით, რომელია ეს ობიექტები.
_ როგორ უნდა დავიცვათ შავი ზღვის აკვატორია?
_ თუ ჩვენ იმაზე ვისაუბრებთ, რომ თურქეთს უნდა მიეცეს ამის ექსკლუზიური უფლება და მან უნდა დაიცვას ჩვენი საზღვაო სივრცე, ე. ი. ამ შემთხვევაში, თუ რუსეთიდან საფრთხე დაგვემუქრება, მაშინ თურქეთმა უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი? ამაზე ძალიან დიდი კითხვის ნიშანია! გაწერილი ოფიციალური ვალდებულება თურქეთს არ აქვს, ნება ერთია და კანონით გაწერილი ვალდებულება _ მეორე. მას ეს არ გააჩნია და მით უმეტეს, რუსეთთან ურთიერთობაში ვხედავთ, რაც ხდება. მაპატიეთ ამ სიტყვაზე, მაგრამ ერდოღანმა ძალიან ცუდად ჩაისვარა, რუსეთს ბოდიშებს უხდის, რადგან მას უდიდესი პრობლემა აქვს და საკუთარი პრობლემის გასაღებს მოსკოვში ეძებს. ერდოღანმა ყველაზე ცუდი რამ ჩაიდინა ახლა, როდესაც რუსეთმა გამოუქვეყნა, რა ტიპის წერილი მისწერა და როგორ ეხვეწება მოსკოვს, მოდი, მიშველე და შევრიგდეთო. ერდოღანისთვის ეს, პრაქტიკულად, კარიერის დასასრულია, პანოსმანიზმისა და პანოტომანიზმის იდეის კრახი თავიდან ბოლომდე მთელ თურქეთში. დიადი თურანის, პანოსმანიზმის, ოტომანიზმის იმპერიის გეგმები ჩაფლავდა და ლაპარაკი, რომ თურქული მოდგმის ხალხის გაერთიანების მედროშე იქნება ერდოღანი, ამით ყველაფერი დამთავრდა. აქ არ ჩანს ჩვენ მაგივრად ვინ უნდა დაიცვას საზღვაო სივრცე და ვერც გამოჩნდება. არც ერთი ქვეყანა არ გააფორმებს რაიმე ვალდებულებას, რომ შენ მაგივრად გააკეთოს ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ საკუთარი საზღვაო ფლოტი არ გვეყოლება, ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენი საზღვაო ფლოტი დაცული იქნება, თავიდან ბოლომდე ტყუილია. ეს არის მეორე მთავარი საკითხი, რომელიც ნატოს სამიტზე გავა და ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი იქნება საქართველო. მესამე საკითხი ეს არის კიბერუსაფრთხოება, ისლამური სახელმწიფო და ა. შ. თუმცა, ვხედავთ, რომ ისლამური სახელმწიფო მესამე რიგში ჩავიდა.
_ რატომ იქნება მთავარი ორიენტირი საქართველო?
_ ბოლო პერიოდის სამხედრო-პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ პროცესებს თუ შევხედავთ, ასეთ სურათს დავინახავთ _ ევროპა იშლება. ადრეც აღვნიშნე, რომ ევროპის ფორმატი ყველანაირად შეიცვლება. ეს პროცესი დაიწყო, დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმმა ეს გააკეთა და ამას ძალიან ბევრი რამ მოჰყვება. თურქეთი, პრაქტიკულად, ამოვარდა იმ საკითხიდან, რასაც მისი ევროკავშირში შესვლის მცდელობა ჰქვია. თურქეთს ძალიან დიდი ეკონომიკური, ასევე წმინდა სახელმწიფოებრივი პრობლემა შეექმნა. ერაყის ქურთისტანი, პრაქტიკულად, დე ფაქტო დამოუკიდებელია და დე იურედ გაფორმდება, როდესაც ისლამური სახელმწიფოს პრობლემა მოგვარდება. სირიის ქურთისტანში, დაახლოებით, 3-4 მილიონი ქურთი ცხოვრობს, ამ ქურთისტანის ტერიტორიაზე არიან ფრანგები, დიდი ბრიტანელები, ამერიკელები, იტალიელები, სპეცდანიშულების ნაწილები, რომლებიც მათ ცალკე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ეხმარებიან და ცალკე _ ბაშარ ასადის წინააღმდეგ ბრძოლაში. დასავლეთმა აჩვენა, რომ სამომავლოდ ქურთისტანს უყურებენ, როგორც ცალკე აღებულ პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ერთეულს. ეს ტერიტორია გეოგრაფიულად, პრაქტიკულად, ერთია და შემდგომში შესაძლებელია, ერთი ქურთისტანი გახდეს, რაც თურქეთისთვის სრული კატასტროფაა. შემიძლია ვთქვა, 0,85 კოეფიციენტით თურქეთს უდიდესი საფრთხე გაუჩნდა საკუთარი ქვეყნის დაშლის. აქედან გამომდინარე, ის დასავლეთს ვეღარ ენდობა, ევროპას, მით უმეტეს და ახლა ცდილობს, მოსკოვთან დაიკავოს კარგი ურთიერთობები. ამ შემთხვევაში მოსკოვი იქნება თურქეთის დაშლის გადამრჩენი. ამიტომ თურქეთს ახლა შეუძლია, ზურგი აქციოს ნატოს, ამერიკას, ევროპას... რუსეთი და თურქეთი ვერასდროს იქნებიან პარტნიორები, უბრალოდ, ახლა ორივეს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. თუ თურქეთი გადალახავს ამ კრიზისს, მერე ისევ მოსკოვის მტერი იქნება და მოსკოვიც თურქეთის მტერი იქნება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ, ჯერჯერობით, გეოპოლიტიკური პროცესები მიუთითებს, რომ ცდილობენ, ერთად იყვნენ. ნახეთ, რა ხდება: თუ საქართველო დაკარგა დასავლეთმა, მაშინ რუსეთსა და თურქეთს პირდაპირი სახმელეთო კომუნიკაცია აქვთ და შავი ზღვა მთლიანად უკვე ამათ ხელშია, დასავლეთი კი რჩება ეკატერინე II-ის პერიოდში, როდესაც ეკატერინემ შავი ზღვა მთლიანად წაიღო. ბალტიისპირეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, ევროპის მთელი საზღვარი იქ გაივლის, დანარჩენი გავლენის სფეროები მოკვდება, საქართველო და მთელი კავკასია წავა. აგერ, სუნიტური არაბული სამყარო, მთლიანად, უკვე რუსეთის გავლენის ქვეშ ექცევა, მას გაცილებით დიდი მექანიზმები და ინსტრუმენტები ექნება, რომ სუნიტურ-არაბულ სამყაროზე გავლენა იქონიოს. ამ შემთხვევაში საქართველო, როგორც გეოგრაფიული ლანდშაფტი, დასავლეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა ხდება, ერთი მხრივ, თურქეთსა და მოსკოვს შორის უნდა ჩადგეს ნატო (ევროპა ვერანაირად ვეღარ დგება, მან დაკარგა ამის შანსი), აშშ და ნატო უნდა ჩადგეს, რომ არ მოხდეს მათი დაახლოება და მეორე მხრივ, აქ არის გეოგრაფიული ლანდშაფტი, სადაც განთავსებულია საქართველოს სახელმწიფო, თუ ამას დაკარგავს.
_ როგორ შეიძლება დაკარგოს?
_ არ მისცეს ვიზალიბერალიზაცია, არ მისცეს მაპის მაგიერ რაიმე ინსტრუმენტი, არ გააძლიეროს და არ თქვას, _ მე ბოლომდე შენი მეგობარი ვარ, კი მიგიღებთ, მაგრამ არ ვიცით, როდის მიგიღებთო. ეს ჰაერიდან მოტანილი სიტყვები ცალსახად გეომეტრიული პროგრესიით ზრდის ანტიდასავლურ განწყობილებებს. აღარ არის იმის დრო, რომ საქართველოს ეთამაშონ. ახლა ვარშავის სამიტზე მკაცრი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ საქართველოსთან მიმართებით, რომ ხელიდან არ გაუვარდეთ საქართველო. ამის დიდი შანსია! მოთმინების სიმს თავისი წელვადობის კოეფიციენტი აქვს და შეიძლება გაწყდეს. ამიტომ ვარშავის სამიტზე მეორე მთავარ საკითხში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია. აქ უკრაინასა და მოლდოვას იმდენი დატვირთვა არ აქვს, არც კოსოვოსა და არც მონტენეგროს, რამდენიც საქართველოს. აქედან გამომდინარე, ნატოს მხრიდან ჩვენ უნდა ველოდოთ ძალიან ხელშესახებ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ეს არ არის საქართველოსთვის, ეს არის თვითონ აშშ-სთვის, ნატოსთვის და ევროპისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა. ვიმეორებ: ამას განსაზღვრავს გეოგრაფიული ლანდშაფტი, თუ ეს დაიკარგა, მაშინ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები ათჯერ უფრო ძლიერი იქნება და მარტივი, ვიდრე აქამდე იყო შესაძლებლობა. საქართველოს წაღება და ერთიანი დიდი სუბრეგიონის სივრცის შექმნა, იტერესების თანხვედრის სივრცე რომ შეიქმნება, ეს ნიშნავს, რომ შავი ზღვიდან მოყოლებული, არაბული სამყარო, ცენტრალური აზია, კასპია, იქით და იქით, უკვე ამათ ინტერესებშია ჩავარდნილი. ევროპა იქნება საკუთარ ნაჭუჭში და მერე ვნახავთ, რაც გამოუვათ.
_ დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგები მოახდენს თუ არა გავლენას ამ ყველაფერზე?
_ მეტ-ნალებად, მოახდენს, მაგრამ ნახეთ, რა ხდება დიდ ბრიტანეთში? _ ბრიტანელებს ძალიან შეეშინდათ, რას მოაწერეს ხელი. თან ფედერიკა მოგერინის განცხადება ყველაზე ძლიერი იყო, _ არავითარი მოლაპარაკება არ იქნება სხვა თემებზე, სანამ აქედან არ გახვალთო. თქვენ უნდა დაისაჯოთ ყველაზე მკაცრად, რომ სხვას არ მიეცეს იგივეს გაკეთების სტიმული! თქვენ მიხვდებით, რას ნიშნავს ევროკავშირიდან გასვლაო! პირდაპირ მინიშნება იყო, რომ შოტლანდიასაც ყველანაირად მხარს დავუჭერთ, ჩრდილოეთ ირლანდიის ირლანდიასთან გაერთიანებას მხარს დავუჭერთ და ჩაგიკეტავთ ყველაფერსო. იწვნიეთ საკუთარ ზურგზე, თან ძალიან სწრაფად, ხელი რას მოაწერეთო! პრაქტიკულად, მთელი დიდი ბრიტანეთი მიხვდა, რა ნაბიჯი გადადგა. ახლა დიდ ბრიტანეთში სამი ვარიანტი არსებობს, რომ რეფერენდუმი არ შედგეს: პირველი ვარიანტი ეს არის _ ჩატარდეს ხელახალი რეფერენდუმი. ასეთი საფუძველი აქვთ, დიდ ბრიტანეთში პრეცედენტული სამართალია და ყოველთვის მიღებულად ითვლებოდა გადაწყვეტილება, თუ მონაწილეობდა 75% და მეტი, გადაწყვეტილებას ეთანხმებოდა 60% და მეტი. ამ შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღო 72%-მა და მხარი დაუჭირა 51,8%-მა. პრეცედენტული სამართლის მიხედვით, შესაძლებელია ეს გადაწყვეტილება ძალაში არ შევიდეს. ეს უნდა გადაწყვიტოს საკონსტიტუციო სასამართლომ; მეორე ვარიანტია ხელახალი რეფერენდუმის ჩატარება, რაც ნაკლებ სავარაუდოა; მესამე ვარიანტია _ დედოფალი. საქმე ის არის, რომ დედოფალს აქვს განსაკუთრებული უფლება გაერთიანებულ სამეფოში. თუ ის მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტს სააფრთხე ემუქრება, გამოვა და ყველას ეტყვის ღვთისგან რჩეული, _ აქ მე ვარ კურთხეული, დაითხოვს მთელი მთავრობას, პარლამენტს და ამ საკითხს ვეტოს დაადებს. რამდენადაც დიდ ბრიტანეთში დაიწყება მოძრაობა, რომ გაუქმდეს რეფერენდუმის შედეგები და უკვე დაწყებულია, მაგრამ გაცილებით დიდ მასშტაბს მიიღებს, ბრიტანეთი მიხვდება, რომ ძალიან დიდ შეცდომას უშვებს. ბრიტანული იმპერიის წონისა და ფასის, დიდი ელიზაბეტის დროინდელი დიდების დაბრუნება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. 1914 წლის დაბრუნებაც შეუძლებელია, როდესაც დიდი ბრიტანეთი მსოფლიო ჰეგემონი იყო, შეუძლებელია, იმავე მდინარეში ვერ შევლენ. მეორე ვარიანტი: დავუშვათ, რომ მაინც გავიდა დიდი ბრიტანეთი, თავისთავად, ევროპაც პირველი ვარდება ეკონომიკურ რეცესიაში. პრაქტიკულად, 90-მილიონიანი ქვეყანაა და რაც მთავარია, დიდი ბრიტანეთი ძალიან დიდი მწარმოებელი ქვეყანაა. სანამ თითოეული ქვეყანა გააფორმებს ხელშეკრულებებს, ბრიტანეთთან ორმაგი დავები რომ არ იყოს, მერე ინგლისში მომუშავე, დაახლოებით, 15 მილიონ ევროპელს მოუწევს იქიდან აქეთ გადმოსვლა, 3-4 მილიონ ინგლისელს მოუწევს დიდ ბრიტანეთში დაბრუნება, ეს ძალიან სერიოზული პროცესია და ამ პრობლემების გადაწყვეტა, პრაქტიკულად, ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ რეცესიას გამოიწვევს. მერე უკვე ევროპაში პატარ-პატარა ქვეყნებს ბიძგს აძლევს, რომ კატალონია და ბასკონია წავიდეს ესპანეთიდან, ბელგიაში ფლამანდიელებმა წამოყვეს თავი და დღეს უკვე იმაზეა ლაპარაკი, რომ ცალკე უნდათ გასვლა. არ არის გამორიცხული, საფრანგეთში კიდევ რაღაცები მოხდეს, იქ გასკონელებმა დაიწყონ რაღაცა. იტალიაშიც არის ანალოგიური პროვინცია და იქ დაიწყოს ეს ყველაფერი, ანუ შესაძლებელია, ძალიან სერიოზული პრობლემები შეიქმნას, თუმცა ამით ევროპა არ ინგრევა. ევროპას ბევრჯერ ჰქონდა ასეთი შემთხვევები და ფენიქსივით მაინც წამომდგარა. როდესაც ვამბობდი, რომ ფორმატი შეიცვლება, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. დიდი ბრიტანეთი რომც დარჩეს, ფორმატი მაინც შეიცვლება.
_ კონკრეტულად, რა უნდა შეიცვალოს?
_ ინგლისი ევროზონაში ისედაც არ იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ევროზონას არ აქვს მომავალი. შესაძლებელია, ეკიუ დაბრუნდეს, რომელიც, თავის დროზე, კრეპტოვალუტა იყო, ვირტუალური ფული, ნებისმიერი ქვეყნის ფულის ეკიუზე ეკვივალენტირება ხდებოდა. ერთიანმა ევროსისტემამ დააზარალა პატარა ქვეყნები და ყველაზე მეტი მოგება მისცა ორ ქვეყანას _ საფრანგეთსა და გერმანიას. პრაქტიკულად, ისინი დომინანტები გახდნენ და ყველა ინტერესი დაექვემდება ამ ორი ქვეყნის ინტერესს, რაც პატარა ქვეყნებისთვის ძალიან სერიოზული პრობლემების შემქმნელი გახდა _ საბერძნეთის, პორტუგალიის, ესპანეთის კრიზისი და ა. შ. როგორც ჩანს, ევროზონას დიდი მომავალი არ გააჩნია და ეს ყველაფერი, რაღაცნაირად, უნდა შეიცვალოს. საქართველო-ევროპა ავიღოთ: თვითონ პრობლემები აქვს და გარედან ჩანს ქვეყანა, რომელიც ამბობს, _ ვიცი, რომ პრობლემებია, მაგრამ მინდა, შენთან ერთად მოვიდე, მიმიღე და ეს პრობლემები ერთად გადავლახოთო. თუ ეტყვი, რომ ახლა არ მცალია, მე ჩემსას მივხედავ და შენ შენსას მიხედეო, კიდევ ერთი ცუდად გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომ კავკასია საერთოდ დაკარგოს. ამიტომ, როგორც ევროკავშირისთვის, ისე ნატოსთვის და მთლიანად, დასავლური სტრუქტურებისთვის უაღრესად საინტერესო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის გეოგრაფიული ლანდშაფტი, სადაც განლაგებულია სახელმწიფო _ საქართველო! ტერმინ გეოპოლიტიკურს ხშირად იმიტომ ვიმეორებ, რომ მათი პირველი ინტერესია გეოგრაფიული ლანდშაფტი. ეს ინტერესი რომ არის, აქ უნდა იყოს სტაბილური გარემო, რომ პროექტები განახორციელო. სტაბილურობის მთავარი გარანტია სახელმწიფო. სტაბილურობისთვის სახელმწიფო ძლიერი უნდა იყოს ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით. ძლიერი ეკონომიკა ვერანაირად ვერ იქნება დამოუკიდებელი სასამართლოს, მედიისა და სხვა სფეროების გარეშე. თუ სამოქალაქო საზოგადოება არ ჩამოყალიბდა, ვერ მიიღებ იმას, რისი მიღებაც გინდა. საზოგადოება თუ ეკონომიკურად ძლიერი არ იქნება, ვერ ჩამოაყალიბებ სამოქალაქო საზოგადოებას, ეს ერთმანეთზე საფეხურებადაა მიბმული, როგორც ჯაჭვის რგოლები, ერთი რომ ამოვარდეს, ეს ყველაფერი იშლება. ამიტომ ვარშავის სამიტისთვის საქართველო უაღრესად მნიშვნელოვანია.
თამარ ბატიაშვილი