QronikaPlus
ვინ აძალებს „ქრონიკა+“-ის რესპონდენტს თავისი სიტყვების უკან წაღებას?!

ვინ აძალებს „ქრონიკა+“-ის რესპონდენტს თავისი სიტყვების უკან წაღებას?!

2016-07-04 11:49:05

„აფხაზთა კრებაში“ შემავალი მოძრაობა „დაბრუნების“ წევრზე, რომან ცერცვაძეზე, „ქრონიკა+“-ში გასული მასალის შემდეგ ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება. ცერცვაძემ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა ჯერ კიდევ აფხაზეთში მიმდინარე საომარი პროცესების დროს ჰუმანიტარული ტვირთის არაკეთილსინდისიერად მითვისებაში დაადანაშაულა და ასევე აღნიშნა, რომ მას ომის ვეტერანის მოწმობა არაკანონიერი გზებით აქვს მიღებული, რადგან არასოდეს უომია. ამ და სხვა ფაქტებიდან გამომდინარე, მოძრაობის წევრები მიიჩნევენ, რომ გვაზავას მორალური უფლება არ გააჩნია, აფხაზეთის ხელისუფლებას ხელმძღვანელობდეს. რა სახის ზეწოლა ხორციელდება რომან ცერცვაძეზე და ვინ არის ადამიანი, რომელიც მას აიძულებს, საკუთარი სიტყვები უკან წაიღოს? „ქრონიკა+“-თან რომან ცერცვაძემ ისაუბრა: _ სანამ „ქრონიკა+“-ში მასალა გავიდოდა, მანამდე გია გვაზავასთან პირისპირ მომიწია შეკამათება. ვკითხე, კონკრეტულად სად იბრძოდა, მაგრამ პასუხი ვერ გამცა. როგორც ადრე გითხარით, სოხუმში უშიშროების ინსტრუქტორად ვმუშაობდი, ჩემი უფროსი მაშინ ლევან კიკნაძე იყო. გვაზავასთან შეკამათების შემდეგ სწორედ მან დამირეკა და თავისთან დამიბარა. მითხრა, ჩემი სიტყვები უკან წამეღო, გვაზავა ინტელექტუალური ადამიანია, ძალიან განათლებული, იარაღის ხელში დაკავების დროც არ ჰქონდა, აფხაზები დასდევდნენო. ლამის ეროვნულ გმირად შერაცხა. დაანებე თავი, რად გინდა, ამაზე რომ საუბრობო. ჩემი შვილები მოიკითხა, დაინტერესდა, სად არიან დასაქმებულები, ბიჭებზე მკითხა, _ რას აკეთებენ და დაფინანსება საიდან მოდისო?.. _ „აფხაზთა კრების“ წევრები იგულისხმა? _ დიახ. ვუთხარი, რომ არანაირი დაფინანსება არ გვაქვს, საწევროების ფულს ვაკოწიწებთ და ზოგჯერ ბენზინს თუ ვასხამთ მანქანაში. მანდ ძალიან ცუდი ხალხია შეკრებილი, მალხაზიც (პატარაია, _ ავტ.) ცუდი ადამიანიაო. ახლა არა და მერე მის შესახებ კიდევ მოვყვები, აფხაზეთიდან გაგაცნობო... ეს შეხვედრა დამთავრდა იმით, რომ მომიწოდა, ამ ბიჭებს თავი დავანებო. საუბრის დასაწყისში და ბოლოსაც ვუთხარი, რომ ამ ყველაფრის შესახებ ბიჭებს საქმის კურსში ჩავაყენებ-მეთქი. ისიც ვუთხარი, რომ გვაზავას შესახებ ჟურნალისტებთანაც ვაპირებდი საუბარს. ამ ამბის სააშკარაოზე გამოტანა არ მინდოდა, მაგრამ ამის შემდეგ ისეთი ამბები წავიდა, იძულებული ვარ, ყველაფერი ვთქვა. _ რა მოხდა? _ კიდევ დამირეკა და მკითხა, _ რას აპირებო? ბოლოს ვუთხარი, _ ჩემი მრწამსი მაქვს და ბიჭებს ვენდობი-მეთქი. _ რამით ხომ არ ყავხარ ჩაჭერილი მალხაზსო? ვუთხარი, _ 52 წლის კაცი ვარ, საკუთარი აზრი რომ არ გამაჩნდეს და ისე მივიდე ადამიანთან, ასე მიცნობთ-მეთქი? შევახსენე, თავის დროზე თანამდებობა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან ის არ იყო ჩემი საქმე. მითხრა, რომ ნელ-ნელა გამოვსულიყავი ამ საქმიდან, შემდეგ თვეში ერთხელ მივსულიყავი და ამათ ჩამოვშორებულიყავი, რადგან მომავალი არ აქვთ, ფული არ აქვთ, ახლა „ქართული ოცნება“ მაინც მოიგებს არჩევნებს, ევროპა ამათ მხარს უჭერს და დასამარებულები იქნებიან მათი მოწინააღმდეგეები. _ „ქართული ოცნება“ რატომ ახსენა? _ აფხაზეთის ხელისუფლება თავს „ოცნების“ მომხრეებად წარმოაჩენს და ჩვენ როგორც მოწინააღმდეგეები, ისე გვიგულისხმა. ამ საუბრით დაადასტურა, რომ „ოცნება“ გაიმარჯვებს, ხელისუფლებაში მოვა, აფხაზეთის ხელისუფლებაში ისევ ისინი დარჩებიან და რა აზრი აქვს შენს ლაპარაკსო? პირდაპირ მითხრა, რომ ჩვენს საქმიანობას მწარედ ვინანებთ. ვუთხარი, _ იცით, რომ ომში არასდროს არ მიღალატია და ამ ბიჭებს ვერ გავწირავ-მეთქი. _ დაფიქრდი და მერე დარეკე, ან მე დაგირეკავო. გვაზავა წასულია, შენთან შეხვედრაც უნდოდა, მისი დაცვის უფროსსაც სურს შენი ნახვაო. _ დაცვის უფროსთან შეხვედრა რაში მჭირდება-მეთქი?! _ გაზეთში სტატიას რომ წერდი, რას აპირებო? _ უნდა დავწერო-მეთქი. _ ე. ი. არ მიჯერებო. _ გვაზავა სასამართლოში ჩივილს რომ აპირებს, საქმეს გავუადვილებ, რაც პირადად ვუთხარი, ახლა გაზეთში დავწერ-მეთქი. ასეთ რაღაცებს თავი დაანებე, თუ კარგად მოიქცევი, ყველაფერი დალაგდება, თუ არადა, ესენი, ჯერჯერობით, ხმას არ იღებენ, მაგრამ მერე ძალიან ცუდად წაგივა საქმეო. ამის გაკეთებას ვინმე ხომ არ გაიძულებსო? კარგად გამიგეთ, ეს საუბარი ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, ჩვენ ოჯახებით ვიცნობთ ერთმანეთს, თუ ბატონ ლევანს ჩემთვის რამე გაუკეთებია, არ ავწონი, მაგრამ არანაკლები გამიკეთებია მისთვის ომის დროს, მაგრამ მეტი აღარ დამრჩენია, სიმართლე უნდა ვთქვა. ბოლოს მითხრა, _ შენი საქმის შენ იცი, მაგრამ ძალიან კარგად დაფიქრდი, ბინძურ საქმეში ჰყოფ თავსო. ამის მერე მოგეცით ინტერვიუ. _ შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები? _ ამის შემდეგ გადარეული მირეკავს. რაღაც ხმები მესმოდა, დარწმუნებული ვარ, ჩემს საუბარს იწერდა და ეს არ უნდა ეკადრებინა. ასეთ რამეს მეკითხება, _ შენ ხომ თქვიო? _ რა ვთქვი-მეთქი? _ ახლა თქვი, რომ ვიღაც გაიძულებდაო. ვუთხარი, _ უკვე ხუთჯერ გეუბნებით, რომ არავინ მაიძულებს. _ ოჰ, ეს ხუთიანი თქვენ ძალიან გიყვართო. განგებ კიდევ არ ვასახელებ რაღაც-რაღაცებს, პირველ შეხვედრაზე ბევრ ადამიანზე სიბინძურეები მითხრა. ის მერე ცალკე საუბრის თემა იყოს. თუ რამის გახსენება უნდა, ყველაფერი კარგად გაიხსენოს, თუ არადა, მე გავახსენებ! კიდევ ვუთხარი, _ უკვე ხუთასჯერ გეუბნებით, არავინ არაფერს მაიძულებს-მეთქი. მიყვირა, _ გვაზავა ჩივილს აპირებს და შენ რა გგონია, მერე კიდევ დაწერო? მე დავწერ, რომ შენ ხარ მატყუარა, როდესაც უშიშროებაში ვმუშაობდით, ასეთი ინფორმაცია არ მიგვიღიაო. ვუთხარი, _ შაქარი რომ გაზიდეს, იმ ინფორმაციას იღებდით, საწყობი რომ გატეხეს და გვაზავას ჰუმანიტარული ტვირთი გააცალეს, რაც მე ვთქვი, იმას არ მიიღებდით-მეთქი?! ყოველთვის გვერდში გედექით და საქმეზე ერთად დავდიოდით-მეთქი. _ ვინ იყო მესამეო? ერთი ადამიანი დაასახელა, არ უყვარდა ის კაცი. ის ნამდვილად არ მიგულისხმია, მოვა დრო და იმ ადამიანსაც დავასახელებ. _ ხომ გითხარი, ამ ყველაფრისთვის თავი უნდა დაგენებებინაო. ვუთხარი, _ ძალიან კარგად იცით, შუა გზაზე არავინ და არაფერი მიმიტოვებია, ბოლომდე მივიყვან საქმეს, მიცნობთ და იცით, რომ არც მეშინია-მეთქი. _ მშიშარას ვერ გიწოდებს კაცი, მაგრამ თქვი, რომ დაგაძალეს და შენც მოგეშვებაო. ვუთხარი, _ არაფერი მომეშვება, რაც ვთქვი, გაზეთში ის დაწერეს, აბსოლუტურად ვეთანხმები ყოველ წერტილსა და მძიმეს-მეთქი. _ ახლა გაზეთზე დაბრალებას ცდილობდნენ? _ პირდაპირი ტექსტით არ უთქვამს, როგორც წესი, მინიშნებებით ლაპარაკობს. თქვა, რომ მალხაზი არ არის ეროვნული ადამიანი და მხარი არ უნდა დავუჭირო. ვუთხარი, _ იმდენი დრო გაგვიტარებია ერთად, გვაზავა არ ღირს იმად, რომ ჩვენ ერთმანეთს წავეჩხუბოთ-მეთქი. ამ დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემს ლაპარაკს იწერდა. ჩემზე უფროსი ადამიანია, მაგრამ მეგობრები და თანამებრძოლები ასე არ იქცევიან, ასე არ შეიძლება... ვუთხარი, _ აქედან პირდაპირ წავალ ჩემს მეგობრებთან-მეთქი. _ კიდევ გეუბნები, მალხაზი კარგ საქმეს არ ემსახურება, თავი დაანებე და შენ თავს მიხედეო. ბოლოს მითხრა გამზადებული ტექსტი, რა უნდა მეთქვა: თქვი, რომ ეს ყველაფერი მალხაზ პატარაიამ მოიფიქრა და მერე შენ იძულებული იყავი, გაგემეორებინაო. _ რით ვიყავი იძულებული-მეთქი? და, _ მე ამას დაგიმტკიცებ, როცა შევხვდით, ჩვენთან კამერები იყო და დაფიქსირებულიაო. ვუთხარი, _ თუ კამერები იყო, მე რაღას მირეკავდით, ადექით და გამოიტანეთ-მეთქი ეს ჩანაწერები. ვითომ დამაშანტაჟა... ვუთხარი, _ იქ ბევრი რამე ვილაპარაკეთ, ძალიან ბევრ თემაზე, ძირითადად, თქვენ ლაპარაკობდით, მე გისმენდით-მეთქი. რატომ მირეკავთ, ადექით და დადეთ ჩანაწერები-მეთქი. _ ეჰ, რომან, მე მეგონა, რომ დამიჯერებდი, სხვანაირი მეგონეო... მეც ვუთხარი, _ სიკვდილს ველოდი, მაგრამ თქვენგან ამას არ ველოდი, სხვანაირი მეგონეთ-მეთქი. ვიფიქრე მეტყოდით, ყოჩაღ, რომ სიმართლე ილაპარაკეო... ვითომ გზაზე მაყენებდა, თითქოს 12 წლის ჩამოუყალიბებელი ბავშვი ვიყავი. ბოლოს მეუბნება, _ იცოდე, შენთან სახლში დავრეკავო. _ რა იგულისხმა? _ დაახლოებით ვიცი, რაც იგულისხმა. მამაკაცი ვარ და შეიძლება, პირადი ცხოვრებიდან რაღაცები გამომიქექონ, დამაშანტაჟონ, შეთხზავენ რაღაცას... კიდევ გეუბნებით, ოჯახებით ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ეს ადამიანი ჩემით ცდილობს ვიღაცასთან ქულების დაწერას, ჩემზე ხელის შეხოცვა უნდა და ამას არავის ვაპატიებ, მიუხედავად წარსულისა და კარგი მოგონებებისა. წარმოიდგინეთ, მართლა რომ ავყვე მის ლაპარაკს, ჯერ ეს რა კაცობაა და ახლა სოხუმში ხომ ვერასოდეს ჩავალ, თვალებში როგორ უნდა შევხედო ადამიანებს?! იცით, კიდევ რა მითხრა პირველი შეხვედრის დროს? _ როცა ჩემს ნათქვამს გაიზიარებ, მერე ხალხს შეგახვედრებ და აბა, შენ იცი, უთხარი, რომ ეს საქმე მე გავაკეთებინე და აუხსენი, როგორი ვარო. რაც შეეხება გვაზავას, რაზედაც ადრე გელაპარაკეთ, ერთეული შემთხვევები არ არის, კიდევ არის რაღაცები, რომელიც მას შავ სიურპრიზად ელოდება. მალხაზ პატარაია და ამ ორგანიზაციის წევრები, კრისტალური, ვაჟკაცი ბიჭები არიან და მათ გვერდით ყოფნა ყოველთვის მეამაყება.   ჯონი კვარაცხელია _ არასამთავრობო ორგანიზაცია „ლაზარეს“ ხელმძღვანელი: _ რომან ცერცვაძის მიმართ ეს ამბავი დაიწყო მაშინ, როდესაც პირდაპირ ეთერში მე და მალხაზ პატარაიას დებატები გვქონდა გია გვაზავასთან და გივი ლომინაძესთან. იქ ამოიჩემეს და მეკითხებოდნენ, გინდა თუ არა თქვი, სად იყავი ომის პერიოდშიო? იქაც ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სოხუმში ვიყავი, მაგრამ იარაღი ხელში არ მჭერია. სწორედ ამ ფაქტმა გააღიზიანა ჩვენი მეგობარი რომა, რომელიც ამ დებატების დროს რამდენიმე მეგობართან ერთად ეზოში იდგა. ეთერის დასრულების შემდეგ, გვაზავა როგორც კი გარეთ გამოვიდა, ჰითხა, _ შენ თვითონ სად იყავი ამ დროს, სად იბრძოდიო და საერთოდ, იბრძოდი თუ არაო? ეს ვიდეოზეა აღბეჭდილი, რომელიც ჩვენს საიტზე გამოვაქვეყნეთ. რა თქმა უნდა, ამ ვიდეომ გააღიზიანა და მოყვა ის, რაზედაც რომა ბრძანებს. მერე ავდექით და მისი ვეტერანობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად გამოვითხოვეთ. როდესაც თქვენს გაზეთში მასალა გამოქვეყნდა და გვაზავას პრესსამსახურს მიმართეთ, გაზეთში დაფისქირებულია, რომ ვერ გიპასუხებდათ, რადგან საზღვარგარეთ იმყოფებოდა. ეს ინფორმაციაც გამოვითხოვეთ, რომელ ქვეყანაში, რა მიზნით და რა სახსრებით იმყოფებოდა. წერილი ჩავაბარეთ 6 ივნისს, ორ კვირაზე მეტია გასული, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ეს წერილი ჩვენს ვებგვერდზეც გამოვაქვეყნეთ, რომელმაც ისევ გააღიზიანა. ერთი სიტყვით, მათ აღიზიანებთ ყოველგვარი სიმართლე, ვერ ისვენებენ და ყველაფერზე მიდიან, რომ გააქარწყლონ, რასაც ისინი წარმოადგენენ.   „ქრონიკა+“ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, გია გვაზავას დაუკავშირდა: _ მე მათთან ლაპარაკი არ მაინტერესებს. სიტყვებზე ხომ არ დამიჯერებთ და ამიტომ, თქვენ მობრძანდით ჩემთან და გაჩვენებთ საბრძოლო მოკვლევას, სად ვიყავი. ჯერ ერთი, არასოდეს მითქვამს, რომ ტანკისტი ვიყავი. შეკითხვა მივეცი იმ ბიჭს (კვარაცხელია, _ ავტ.), რატომ არ იბრძოდი? ის კი არ მითქვამს, საერთოდ რატომ მიატოვე-მეთქი აფხაზეთი? მეტი არაფერი... ვალდებული არ არის, ყველამ იბრძოლოს, ზოგი პურს აცხობდა, ზოგი სხვა რამეში ეხმარებოდა. ახალგაზრდა კაცი გაიქეცი მოსკოვში, იქ შექმენი „ლაზარე“, მიშიკო ხუბუტიასთან ერთად ზიხარ და მე მელაპარაკები რაღაცას?! ამ ადამიანების აზრი არ მაინტერესებს, რადგან ისინი მართულნი არიან და სპეციალურად დაგეშილები თავიანთი რაღაც მიზნებისთვის. კიდევ ერთხელ გეუბნებით: მთელმა აფხაზეთმა იცის, ვინ სად იყო 28-ში საღამოს და ვისაც არ უნდა იცოდეს, ეს მათი ნებაა. ჩასაბარებელი ანგარიში არავისთან მაქვს, მხოლოდ ჩემი სინდისისა და ღმერთის წინაშე ვარ პსუხისმგებელი. ვისაც აინტერესებს, საბუთსაც ვუჩვენებ და ავუხსნი კიდეც და ვისაც არ აინტერესებს, ღმერთმა თავის გზაზე გაუმარჯოს.   „ქრონიკა+“ ლევან კიკნაძეს დაუკავშირდა: _ დიახ, ვადასტურებ, რომ რომან ცერცვაძე აფხაზეთის უშიშროების თანამშრომელი იყო. სხვათა შორის, ის არცთუ ურიგოდ ასრულებდა თავის ფუნქციას, არის ომის მონაწილე და დაიჭრა კიდეც, როდესაც აფხაზეთის უშიშროების ჯგუფი 1992 წლის მარტის ცნობილ საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა. მართლაც, მე, როგორც ომის დროინდელი აფხაზეთის უშიშროების ერთადერთ ცოცხალ ხელმძღვანელს, დამირეკეს გია გვაზავას დავალებით და დააზუსტეს, იყო თუ არა რომან ცერცვაძე ჩვენი თანამშრომელი? გადმომცეს ბატონი გიას თხოვნა, რომ შევხვედროდი ხსენებულ პიროვნებას და მისთვის გვაზავას მასთან შეხვედრისა და ურთიერთბის გარკვევის სურვილი გადამეცა. ასეც მოვიქეცი, დავუკავშირდი რომან ცერცვაძეს, ის მართლაც იცნობს ჩემს ოჯახს, ამდენი ხანი ერთად ვმსახურობდით, ვესაუბრე მას და რომან ცერცვაძისგან გია გვაზავასთან შეხვედრის დაპირება მივიღე. გარკვეული დროის შემდეგ ისევ მირეკავს ცერცვაძე და ცდილობს ამიხსნას, თუ რატომ გადაიფიქრა გვაზავასთან შეხვედრა. სხვათა შორის, კატეგორიულად ვუთხარი, რომ მათ დაპირისპირებაში არ ჩავერეოდი და არც მტყუან-მართლის გარჩევას დავიწყებდი. უბრალოდ, შევასრულე გია გვაზავას თხოვნა, რომ კაცურად, ადამიანურად, როგორც სოხუმელს, როგორც მებრძოლს უნდოდა, გასაუბრებოდა, დანარჩენი კი თვითონ გადაწყვიტე, შეხვდები თუ არა-მეთქი. თუ ის ამას ზეწოლად აფასებს, ეტყობა, იმ ადამიანებს კარგად მოერგო, რომლებიც მიზნის მისაღწევად ყველა საშუალებას იყენებენ. დავამთავრეთ საუბარი, ამის შემდეგ მირეკავს თვითონ გია გვაზავა და მთხოვს კომენტარს, აფხაზეთის ომის დროს რა ოპერატიულ მასალას ფლობდა აფხაზეთის უშიშროება ჰუმანიტარულ ტვირთთან დაკავშირებით, რომელიც თითქოს ომის მიმდინარეობის პერიოდში გია გვაზავას სახლში მალულად ინახებოდა. თან დაამატა, თუ ვინ გავაგზავნეთ ამის შესამოწმებლად? ძალიან გამიკვირდა და ვუპასუხე, რომ მსგავსი ინფორმაცია არც მიგვიღია და არც არავინ არსად გაგვიგზავნია. ისიც დავუმატე, რომ ომის დროს ოპერატიულ შტაბს პირადად მე ვხელმძღვანელობდი, ჩემი ნებართვისა და სანქციის გარეშე ჯგუფი არსად იგზავნებოდა. ის კი არა, თავმჯდომარის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები ჩემთან თანხმდებოდა, რადგან მე ვიყავი ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელი და ყველაფრის საქმის კურსში გახლდით. ამის პასუხად ბატონმა გიამ „ქრონიკა+“-ში დაბეჭდილი რომან ცერცვაძის ინტერვიუ გამომიგზავნა. რაც წავიკითხე, იმან ჩემზე ისე იმოქმედა, რომ ვერ აღგიწერთ. ცერცვაძე რომ თავიდან ბოლომდე ცრუობს, ზემოთ მოგახსენეთ. ჩემთვის აუხსნელია, სადამდე შეიძლება დაეცე ადამიანი, რომ ტყუილის მოწმედ გარდაცვლილი თანამებრძოლი დაიყენო?! თანაც, ყოველივე ამის შემდეგ თვალი გაუსწორო თანამებრძოლებს და თანამშრომლებს?!  

                                                                                               თამარ ბატიაშვილი

   

გაზიარება