„ქრონიკა+“-ის მკითხველისთვის კარგად ცნობილია, რომ სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებიდან რედაქციაში ხშირად მოდის პატიმართა წერილები. პატიმრების ნაწილი მიიჩნევს, რომ უკანონოდ იხდის სასჯელს და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. ზოგი საპატიმროებში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე ჩივის და პატიმრობის ვადის მოხდას ღირსეულ პირობებში ითხოვს. ბევრი სამედიცინო პერსონალის გულგრილ დამოკიდებულებაზე ჩივის, ზოგიერთი ხელისუფლებისგან ყურადღების მიპყრობას გაზეთის მეშვეობით ცდილობს.
„ქრონიკა+“ გთავაზობთ ფრაგმენტებს პატიმართა წერილებიდან.
კახა მეცხვარიშვილი _ ბათუმის #3 დაწესებულება:
_ ჩემი უფლებები ირღვევა როგორც ადმინისტრაციის ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან, ასევე სამედიცინო კუთხით. კერძოდ, თავის უფლებებს ბოროტად იყენებს ექიმი ინგა სურმანიძე. მას არაერთხელ მივმართე, რომ მესაჭიროებოდა სამედიცინო მედბარათის ქსეროასლები, რადგან საჩივრით უნდა მიმემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის. ექიმმა მიპასუხა, რომ სასჯელაღსრულების მინისტრის 109-ე ბრძანების და მე-3 დაწესებულების დებულების თანახმად, არ შეიძლებოდა, საკანში მქონოდა ნებისმიერი სახის დოკუმენტი და ვისთანაც მეტყვით, იქ გავაგზავნიო. შესაბამისად, მე მივაწოდე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეკვიზიტები. აქვე აგიხსნით, რომ 109-ე ბრძანება ეხება განსაკუთრებული რისკის პატიმრებს, მე ეს რისკი მონიჭებული არ მაქვს. 31 მაისს ინგა სურმანიძემ მიპასუხა, _ რა ვიცოდი, რომელი ასლები უნდა გადამეგზავნა სტრასბურგშიო? პატიმრად არ დავბადებულვარ, უბრალოდ, მშობლებს იმედები არ გავუმართლე, რასაც დღემდე ვნანობ. ძალიან ცუდად ვარ, ექიმს უამრავჯერ ვთხოვე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესება, მისი პასუხია, რომ ადეკვატური ყურადღება უკვე მექცევა. ეს ადეკვატური მკურნალობა კი არა, უყურადღებობის შედეგია, რაც დღეს მჭირს. ინგა სურმანიძე დამპირდა, რომ გამოკვლევებზე წამიყვანდა, მაგრამ თვეებია, მატყუებს. ამიტომ საერთოდ აღარ ვაპირებ მასთან საუბარს, თუ ჰგონია, ეს ქვეყანა ჩალით არის დაფარული, ძალიან სცდება!
ფრიდონ ჯობავა, ავთანდილ სოფრომაძე:
_ სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებაში არ არის სამკურნალო მედიკამენტები, ასევე არ არიან კვალიფიციური ექიმები. უყურადღებობის გამო პატიმრები საშინელი ტკივილებით ვიტანჯებით. წყალი მოგვეწოდება გრაფიკით, რაც ჰიგიენურ პრობლემებს წარმოქმნის. დაწესებულებაში არ გვყავს პარიკმახერი, რომელიც პატიმრებს კანონით გვეკუთვნის. ერთი თმისა და წვერის საჭრელით სარგებლობს დაახლოებით 100 პატიმარი, რაც იწვევს დაავადებების გავრცელებას. ვითხოვდით, რომ ჩვენი ხარჯებით შეგვეძინა თმის საჭრელი აპარატი, რომელიც ამანათის სახით მოგვივიდოდა, მაგრამ ადმინისტრაციისგან უარი მივიღეთ. დაწესებულების თანამშრომლები ღირსებას გვილახავენ. ეკლესიაში გასვლის საშუალება კვირაში მხოლოდ ერთხელ გვეძლევა. აქ დღესაც მუშაობენ „ნაციონალური“ რეჟიმის დროინდელი კადრები, რომლებიც აწამებდნენ და უმოწყალოდ სცემდნენ პატიმრებს. ეს ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ.
მაქს შულგატი:
_ ენით აუწერელი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ვიმყოფები, რაც წამების ტოლფასია. სიცოცხლის ხელყოფით მემუქრებიან, რომელსაც, მათივე თქმით, ისე აღასრულებენ, თითქოს თავი მოვიკალი, შემდეგ კი ჩემ შესახებ არარსებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას გაავრცელებენ. მათი სიტყვები რომ გავიმეორო, იმდენად ღრმა ფეკალიის ფენებში დამარხავენ ჩემს სახელსა და ღირსებას, რომ ბულდოზერმა ცხრა საუკუნე რომ იმუშაოს, ვერაფერი ეშველება. ჩემ მიმართ გამოთქმული მუქარების განხორციელების შემთხვევაში მოვითხოვ, სისხლის სამართლის უმკაცრესი წესით აგოს პასუხი #3 დაწესებულების ადმინისტრაციამ დირექტორის ჩათვლით.
თედი ჯახაია:
_ ციხის ადმინისტრაცია პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობა. ღამის 3:00 საათზე შემოვიდა კორპუსის მორიგე ჯგუფი და გამაღვიძა _ უსაფრთხო საკანში უნდა გადაგიყვანოთო. ის უსაფრთხო საკანი კი არა, საწამებელი საკანია. წყალი არ მოდის, საპირფარეშო არ მუშაობს, სიბინძურეში იატაკზე აგდიხარ, ისინი კი ამით ერთობიან. გიწვევენ, ხმა ამოიღო, რომ უფრო მეტ ხანს გაგაჩერონ ამ საკანში. სანამ იქ ვიყავი, გვერდით საკანში ვაჟა აბურზანია იყო, რომელსაც 6-7 თანამშრომელი შეუცვივდა. ეუბნებოდნენ, პიჯაკი გაეხადა, ამის გამო ხან იატაკზე არტყმევინეს თავი, ხან კედელზე, მერე წიხლებით შედგნენ სახეზე და ძალით გახადეს. ხელბორკილებით დააბეს და ასე დატოვეს იატაკზე დაგდებული. ცოტა ხნის შემდეგ ერთ-ერთი თანამშრომელი „კარმუშკას“ მალ-მალე აღებდა და აგინებდა. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. ჩემს საკანში იმყოფება თორნიკე ვარდანიძე, ფეხი აქვს საოპერაციო და გამაყუჩებელი ნემსი მოითხოვა, ამის გამო კარცერში ჩასვეს. ყურადღებას არავინ გვაქცევს, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს შეურაცხყოფა?! ყოველგვარი კონტაქტი მაქვს ოჯახთან გაწყვეტილი, რადგან ამიკრძალეს ტელეფონიც, წერილიც და პაემანიც. ამით მხოლოდ მე არ ვისჯები, ჩემი ოჯახის წევრების უფლებებიც ირღვევა. ვითხოვ, რომ ძიებაში მიეცეს რეჟიმის უფროსი დავით შატაკიშვილი; უსაფრთხოების უფროსი ბექა გაგნიძე; ციხის უფროსი მიხეილ კანდელაკი და მისი მოადგილე სოსო, რომლის გვარი არ მახსოვს. ამ ოთხეულს აქაურობა ისე აქვს მოწყობილი, რომ თავისი სამფლობელო ჰგონია. ახალაიასა და ჭაკუას გადაასწრეს, ისეთ რამეებს სჩადიან.
ზურაბ ხაჩიძე:
_ გაუსაძლისი ტკივილები მაქვს, ვითხოვ გამოკვლევების ჩატარებას, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩება. მთავარი ექიმი ინგა სურმანიძე არაკვალიფიციური ადამიანია. რა გახდა ერთი ისეთი ექიმი, რომელიც პატიმართა სატკივარს გულთან ახლოს მიიტანს?! ჩვენი ყოფის შესახებ უამრავჯერ მივწერეთ სასჯელაღსრულების მინისტრ კახა კახიშვილს, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. თავის თანამშრომლებს მწვანე შუქს უნთებს. აბა, რას უნდა დავაბრალო ის, რომ ციხის თანამშრომლები გვეუბნებიან, _ ეგ თქვენი საჩივრები წერეთ და იკითხეთო.
ზვიად გველუკაშვილი, ლევან კახნიაშვილი, გიგა კეკუა:
_ სამედიცინო პერსონალი არაადამიანურად გვექცევა და იმ მედიკამენტებს არ გვაძლევს, რომელიც ექიმის დანიშნულებით გვაქვს გამოწერილი. სააკაშვილის რეჟიმი გამოვიარეთ და როგორ შეიძლება, ჯანმრთელობა გვქონდეს შენარჩუნებული?! ჩვენი ტკივილები გაუსაძლისია. ამ დაწესებულებაში რომ გადმოგვიყვანეს, ტანსაცმელი ჩამოგვართვეს. გარეცხვა რომ გვინდოდეს, გამოსაცვლელი არ გვაქვს. XXI საუკუნეა და ყოველ ღამე ისმის პატიმართა განწირული ხმები. თითქმის ყველა პატიმარს აკრძალული აქვს ტელეფონის გამოყენება, პაემანი, მიმოწერა და ამანათის მიღება. „ნაციონალები“ ფიზიკურად გვისწორდებოდნენ, ესენი ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენენ.
გიორგი მურველაშვილი, გიორგი მარსაგიშვილი, გიორგი ჟღენტი:
_ ჩვენ მიმართ წამება გრძელდება, რის შესახებაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტს არაერთხელ ვაცნობეთ. ამ დაწესებულებაში არსებობს 4 ვანდალური კარცერი, სადაც სრულიად უმიზეზოდ გვათავსებენ ციხის დირექტორის მიხეილ კანდელაკის, მისი მოადგილე სოსო მაზმიშვილის, უსაფრთხოების უფროსის ბექა გაგნიძისა და რეჟიმის უფროსის დავით შატაკიშვილის დავალებით. ეს ადამიანები ჩვენ მიმართ აგრესიით გამოირჩევიან. მძიმედ ვართ დაავადებულნი, მაგრამ არანაირი ყურადღება არ გვექცევა, რის გამოც ჩვენი ჯანმრთელობა უარესდება.
ბადრი სვანიშვილი _ რუსთავის #6 დაწესებულება:
_ სასჯელს ვიხდი 2005 წლიდან. ამ პერიოდში ჩემ მიმართ არასათანადო მოპყრობის საფუძველზე 2007 წელს მარცხენა ფილტვის სველი პლევრიტი დამემართა, მკურნალობა არ ჩამტარებია. 2009 წელს, წამების შედეგად, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვრამდე მივიდა. 2012-2013 წლებში გამოკვლევები ჩამიტარდა და უამრავი დაავადება დამიდგინდა. ოპერაციაც გავიკეთე. ბევრჯერ მივწერე დეპარტამენტის ხელმძღვანელ თამთა დემურიშვილს, რომ ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში გადავეყვანე, მაგრამ ყოველთვის უარს მეუბნება იმ მიზეზით, თითქოს ჩემი ჯანმრთელობა დინამიკაშია. 2017 წელს სასჯელის მოხდის ვადა მიმთავრდება და არ მინდა, ჩემი სოცოცხლე ფატალურად დასრულდეს. არც ადვოკატის აყვანის ფინანსური საშუალება მაქვს, რომ ჩემი უფლებები დაიცვას. არ მიტარდება ადეკვატური სამედიცინო მომსახურება, ეს ხდება მიზანმიმართულად, ჩემი სიცოცხლის განზრახ ხელყოფა სურთ. გარდა ამისა, ე. წ. ვანდალური საკნებიდან პატიმრების განწირული ხმები გვესმის, ბრძანებები და შეძახილები, რომ შველას ითხოვენ. ყველა საკანი აღჭურვილია ვიდეოთვალით, რომელსაც, დაწესებულების თანამშრომელთა თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და სამინისტრო უყურებს. ისინი ასეთ ფაქტებზე ინფორმირებული არიან, თუმცა არ რეაგირებენ. თვენახევარია, რადიო არ მოუტანიათ დაწესებულების მაღაზიაში მხოლოდ 170-ლარიანი ტელევიზორებია, რომლის ყიდვის საშუალება არ გამაჩნია, ასევე არ მოაქვთ არანაირი პრესა. გთხოვთ, საზოგადოებას გააგებინოთ, დღესაც რა არაადამიანურ პირობებში ვიხდით სასჯელს.
რომიკ კასიანოვი:
_ „ნაციონალურმა რეჟიმმა“ მაწამა. მათ შეკრებითობის პრინციპით 37 წელი და 8 თვე მომისაჯეს. „ოცნების“ მიერ გამოცემული ამნისტიის შედეგად სასჯელის ერთი მეოთხედი მომეხსნა და დამრჩა 26 წელი და 6 თვე, თუმცა დღემდე სასჯელს უკანონოდ ვიხდი. ვის არ მივმართე, მაგრამ პასუხს არავინ მცემს. მაინცდამაინც „ოცნებაში“ უნდა მყავდეს ვინმე, რომელიმე მინისტრის ან პარლამენტარის ნათესავი უნდა ვიყო, რომ სამართალი ვიპოვო?!
კუკური ნოზაძე _ ქსნის #15 დაწესებულება:
_ უკანონო პატიმარი ვარ, დაკავების დღიდან ჩემი ადვოკატები მამუკა ნოზაძე და ნათია კორკოტაძე თავდაუზოგავად იბრძვიან, მაგრამ არაფერი გამოდის. როგორც ჩანს, ძალიან დიდი უსამართლობა სუფევს ყველა სამართალდამცველ ორგანოში. დღეს ჩემ გვერდით არაერთი პატიმარია, რომელიც სასჯელს უსამართლოდ იხდის. ჩემი მიზანია, ბოლომდე ვიბრძოლო და უკანონო პატიმრობიდან გავთავისუფლდე. დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებიც უკანონოდ მომექცნენ.
იოსებ აზალაძე _ რუსთავის #17 დაწესებულება:
_ ხელთ მაქვს ის საბუთები, რომელიც დამეხმარება, რომ ამ დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გავიდე. მოვითხოვე უდო, მაგრამ უარი მომივიდა. შეწყალება დავწერე და ამაზეც უარი მითხრეს. ერთი წლის პატიმრობა დამრჩა და არანაირი შეღავათი არ გამიწიეს, ამ დროს ისეთებს უშვებენ, ვისაც უფრო მძიმე მუხლი და სასჯელის მოხდის მეტი ვადა აქვს განსაზღვრული. დაწესებულების ადმინისტრაციიდან მადლობები მივიღე, არავითარი დარღვევა არ გამაჩნია. ეკა ბესელიას ვთხოვე შეხვედრა, მაგრამ არც თვითონ მოვიდა და არც წარმომადგენელი გამოაგზავნა, ჩემი გასაჭირის შესახებ მომეყოლა, რომ ავადმყოფი ვარ. ციხიდან ვადაზე ადრე გასვლა მინდა, მყავს არასრულწლოვანი ბავშვი და ავამყოფი დედა. მათ ჩემ გარდა პატრონი არ გააჩნიათ. მეუღლეს გაშორებული ვარ, ის ბავშვს ყურადღებას არ აქცევს, დედაჩემს კი ბავშვის შენახვა უჭირს, მამაც ინვალიდია და მუშაობა არ შეუძლია. ვიღას მივმართო, აღარ ვიცი, იქნებ, ეს ამბავი გაახმაუროთ, რომ ჩემნაირ ადამიანებს რაღაც ეშველოს.
თეიმურაზ ბრეგაძე _ გლდანის #8 დაწესებულება:
_ უვადო პატიმარი გახლავართ. ამ წერილს იმიტომ გწერთ, რომ მოტყუებული მსჯავრდადებულების სახელით თქვენი მეშვეობით დავუსვათ შეკითხვები უმრავლესობის დეპუტატებს. ქალბატონო ეკა და ბატონო გედევან, თქვენ რამდენჯერმე იყავით შემოსული და განმარტეთ, რომ ამნისტიის შესახებ კანონში, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომა მოხდა, უვადო პატიმრებს რომ არ შეეხო სასჯელის ერთი მეოთხედით განახევრებაო. 4 წელი გადის და არც ახლა ჩანს შედეგი. ქალბატონი ხალვაშის თხოვნით კი გაუშვით უვადო პატიმარი, როგორც პოლიტპატიმარი. თქვენ ხომ ის ხალხი იყავით, რომ გვპირდებოდით, ყველაფერი მოგვარდებოდა?! სად არის დანაპირები?! გაეცით პასუხი უვადო მსჯავრდადებულებს!
,,ქრონიკა+“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაუკავშირდა. კომენტარს უცვლელი სახით გთავაზობთ:
- სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ პენიტენციურ სისტემაში მოთავსებული ყველა ბრალდებული/მსჯავრდადებული კანონით მინიჭებული უფლებებით სარგებლობს; დაცულია თითოეული მათგანის უსაფრთხოება და უზრუნველყოფილია სათანადო სამედიცინო სერვისებით.
ბათუმის N3 დაწესებულების მსჯავრდადებულ კ.მ.-ს პრეტენზია სამედიცინო მომსახურებასთან, ასევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დოკუმენტაციის მიწოდებასთან დაკაშირებით, უსაფუძვლოა. საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები მთავარი ექიმის მიერ მას 31.05.2016 წელს გადაეცა. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, კ.მ. სასჯელის მოხდის პერიოდში არაერთხელ არის კონსულტირებული შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის მიერ, ჩატარებული აქვს არაერთი გამოკვლევა და მკურნალობა დანიშნულებისამებრ. კონკრეტულად, იგი კონსულტირებულია კარდიოლოგის, ოტოლარინგოლოგის, ფსიქიატრის, დერმატოლოგის, უროლოგის, ფტიზიატრის, ნევროლოგის, ნარკოლოგის, ოფთალმოლოგის, ნევროპათოლოგის, ინფექციონისტის მიერ. ასევე, გაუკეთდა სხვადასხვა ორგანოს ექოსკოპია, ელასტოგრაფია, ჩაუტარდა რენტგენოლოგიური და კომპიუტერული კვლევები, ანალიზები. რენტგენოგრაფიისთვის იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც იყო გაყვანილი. დიაგნოზებისა და გამოკვლევების შესაბამისად, ჩაუტარდა მკურნალობა. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდადებული სამედიცინო მომსახურებაზე ხშირად აცხადებს უარს, ასევე, ზოგჯერ, არ იღებს დანიშნულებით განსაზღვრულ მედიკამენტებს. კ.მ.-ს ამჟამად უტარდება მედიკამენტური მკურნალობა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გარდა ამისა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამედიცინო დეპარტამენტში სამადლობელი წერილიც აქვს გაგზავნილი.
მსჯავრდადებული ფ.ჯ. პენიტენციურ დაწესებულებაში 2015 წლიდან იმყოფება. სასჯელის მოხდის პერიოდში სხვადასხვა დროს მსჯავრდებული მკურნალობის კურსს N19 სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში და სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, კონკრეტულად კი - აუდიოლოგის ეროვნულ ცენტრში გადიოდა. ფ.ჯ-ს არაერთხელ გაეწია ფტიზიატრის, ნევროლოგისა და ფსიქიატრის კონსულტაცია; ასევე, ჩატარებული აქვს კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები, გულ-მკერდის რენტგენოგრაფია და ანალიზები, აუდიომეტრია. პერიოდულად მსჯავრდებული უარს აცხადებდა ანალიზის ჩატარებაზე და ერთხელ საკუთარი სურვილითაც შეწყვიტა მკურნალობის კურსი. ამ ეტაპზე, ფ.ჯ-ს დანიშნული აქვს და მიეწოდება სპეციალისტის მიერ რეკომენდებული მედიკამენტური მკურნალობა.
რაც შეეხება N3 დაწესებულების წყალმომარაგების საკითხს, დაწესებულებას წყალი ქალაქ ბათუმში არსებული წყალმომარაგების გრაფიკის შესაბამისად მიეწოდება და ეს საკითხი არ განეკუთვნება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კომპეტენციას.
ჰიგიენის დაცვისთვის აუცილებელ ნივთებთან დაკავშირებით კი სასჯელარსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აღნიშნავს, რომ მსჯავრდადებულებს შეუძლიათ მათთვის საჭირო ნივთები შეუკვეთონ დაწესებულების მაღაზიაში და მისი ადგილზე მიტანა უზრუნველყოფილი იქნება.
მსჯავრდადებულ ზ.გ.-ს სასჯელის მოხდის პერიოდში არაერთხელ გაეწია სამედიცინო მომსახურება. კერძოდ, ჩატარებული აქვს ოჯახის ექიმის, ფსიქიატრისა და ნევროლოგის კონსულტაცია, ღვიძლის ფუნქცია, საჭირო ანალიზები, კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. ამ დროისთვის იგი დანიშნულებით განსაზღვრულ მკურნალობის კურსს გადის.
მსჯავრდადებულმა ლ.კ.-მ კი, სასჯელის მოხდის პერიოდში, არაერთხელ გაიარა მკურნალობის კურსი როგორც სასჯელაღსრულების N 18 და N19 სამკურნალო დაწესებულებებში, ასევე, სამოქალაქო სექტორის კლინიკებში: ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, ფილტვის დაავადებათა ეროვნულ სამედიცინო ცენტრში და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მას ჩატარებული აქვს კლინიკო-დიაგნოსტიკური კვლევები, გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია, ლაპარატომია, სინექიოლიზი, გულ-მკერდის გრადაცია, ქირურგიული მკურნალობა - თიაქარპლასტიკა, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, მათ შორის, სპირომეტრია, მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფია. იგი სასჯელის მოხდის პერიოდში ასევე კონსულტირებულია ფტიზიატრის, თორაკოქირურგის, ქირურგის, რეანიმატოლოგის, უროლოგის, ნევროლოგის და ფსიქიატრის მიერ. ამ ეტაპზე ლ.კ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება მსჯავრდადებულ გ.კ.-ს, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2013 წლის 10 იანვარს შევიდა. სასჯელის მოხდის პერიოდში მას არაერთხელ გაეწია სამედიცინო მომსახურება. კონკრეტულად, სხვადასხვა პერიოდში გ.კ.-ს ჩაუტარდა ოჯახის ექიმის, მორიგე ექიმის, ოფთალმოლოგისა და დერმატოლოგის კონსულტაციები, ასევე დაიგეგმა სტომატოლოგის კონსულტაცია, რაზეც მსჯავრდადებულმა თავად განაცხადა უარი. გ.კ.-ს ჩატარებული აქვს ტუბერკულოზის სკრინინგი, ულტრასონოგრაფიული, კლინიკო-ლაბორატორიული, დიაგნოსტიკური კვლევები და ელექტროკარდიოგრაფია.