თეთრ ხიდი გადავიარეთ. მანქანამ ჯერ მარჯვნივ შეუხვია, მერე _ მარცხნივ და აღმართს ავუყევით. ჩამოვიტოვეთ ერთ დროს ცნობილი „კომპოზიტორები“ და პლატოს „ტურბაზა“, აქ ახლა დევნილები ცხოვრობენ, ბინების ნაწილი გაყიდულია, მუსიკოსთა ცნობილი დასასვენებელი კი ხელიდან ხელში ბევრჯერ გადასულა და გადაყიდულა. გარშემო ყველაფერი ჩამკვდარი და მიტოვებულია, ტურისტულ სეზონამდე ჯერ კიდევ დროა.
კარგად თუ დააკვირდები, ფიჭვისა და ნაძვის ტოტებს შორის ციყვებსაც შეამჩნევ, ღამით აქ ბევრი ციცინათელა იყრის თავს. საბაგიროს თავზე ახლად შეღებილი „ეშმაკის ბორბალია“, ჯერჯერობით, ისიც გაჩერებული...
გზა პირდაპირ ტყეში მიდის მიხვეულ-მოხვეულად. მარჯვნივ ჩასახვევია. სერაფიმ საროველის სახელობის დედათა მონასტერი, მის უკან პატარა ეკლესია, წმინდანის სასწაულმოქმედი ქვის ზუსტი ასლი, სადაც ქაღალდზე დაწერილ სურვილებს ტოვებ და ჭა. დედაო გულმოდგინედ გვიყვება წმინდანის ისტორიას. სანთლებს ვანთებთ, სურვილებს ვუთქვამთ და ვემშვიდობებით.
გზის გაყოლებით, ალაგ-ალაგ, ხის ტოტებს წვავენ. თუ კარგად დააკვირდები, შორიდან ხის საჭრელი მანქანის ხმაურსაც გაიგონებ. ქვემო და ზემო სადგერი, ტბა, მარცხნივ გზა ცემისკენ უხვევს... სოფლები, სადაც ძალიან უჭირთ, ისევე როგორც ყველგან საქართველოში. მოსახლეობაც გულგატეხილი, იმედგაცრუებული და გაბრაზებულია ყველაზე და ყველაფერზე, ძირითადად, ხელისუფლებაზე. სახლების ნაწილი მიტოვებულია, ნაწილი _ დაკეტილი. აქ მხოლოდ ზაფხულობით და, ისიც, ცოტა ხნით ჩამოდიან.
_ ჩვენ, შვილო, მხოლოდ დამსვენებლებისა და ხე-ტყის იმედად ვიყავით, ახლა ესეც არ გვაქვს, ამის უფლებაც წაგვართვეს! _ ოხრავს ქვემო სადგერელი ქალბატონი.
_ პატრონი არ გვყავს, _ ახალგაზრდა მამაკაცი მოგვიახლოვდა და მოსალმების ნაცვლად, საუბარი დაიწყო, _ მოგწონთ, ხომ, ეს ტყეები? იცით, რას აკეთებენ? ხე-ტყეს სპეციალურად არ წამლავენ, ხეების ნაწილი ავადდება. მათ მერე ჭრიან, თან ჯანმრთელ ხეებს აყოლებენ და ყიდიან(!!!)! მოგვაქციონ ყურადღება, თორემ აქ მალე აღარაფერი დარჩება.
_ ვინ ყიდის?
_ თქვენი აზრით, ვინ გაყიდის? _ კითხვას კითხვაზე გვიბრუნებს, _ ვისაც უფლება აქვს, ის. ადგილობრივ მთავრობას მოჰკითხეთ, ყველამ ყველაფერი იცის.
ზემო სადგერის შესასვლელთან, გზის სიღრმეში, ტოტებს წვავენ, ხმაური ისმის. ტყეში მუშაობენ.
_ გესმის, შვილო? ეს დამწვარი ტოტებიც ნახეთ? მოსახლეობას ტოტების გამოტანის საშუალებასაც არ გვაძლევენ. გათბობა ხომ გვინდა? ხუთი კუბური მეტრი ხე-ტყე ხომ გვეკუთვნის? ორი დღის წინათ გამგეობაში უთქვამთ, _ მაგასაც ვერ გაიტანთ, ტენდერში რომელიღაც კომპანიამ გაიმარჯვა და უფლება აღარ გექნებათო. გესმის, შვილო?! _ გაბრაზებულმა ქალბატონმა ხელი მომკიდა და მიმატრიალა, _ ხედავ ამ ტყეებს? გაჩეხეს, ყველაფერი გაიტანეს. ჩვენ ცხოვრება არ გვინდა?! ამათმა არ გაიხარონ!
შუა ხნის მამაკაცი მოგვიახლოვდა. მოსალმების შემდეგ სახლში შეგვიპატიჟა, _ დაღლილები იქნებით და შეისვენეთო. მადლობა გადავუხადეთ და უარი ვუთხარით.
თავი გაიქნია, სიგარეტს მოუკიდა და შემოგვხედა, _ ამდენი წლის კაცი ვარ, ხე-ტყე აქაურებზე კარგად არ მგონია, ვინმემ იცოდეს. სპეციალურად აკეთებენ ყველაფერს, არ წამლავენ ხეებს, ალაგ-ალაგ პარკებით ჩამოკიდებენ რაღაცას, ვითომ წამლავენ. მერე ჯანსაღ ხეებს ჩამოწერენ, ჭრიან, ამუშავებენ და ყიდიან. სახელებსაც და გვარებსაც დაგისახელებენ ამ სოფლებში, ვინ გაყიდა, ვინ იყიდა, ვის მფლობელობაშია და ვინ მოუწერა ხელი ტენდერებზე. დილის ხუთ საათზე აქედან სავსე ტრაილერები გადის. ეს არ იციან?! კარგად იციან! ეგენი „კრიშავენ“ ყველაფერს. სოციალურად გაჭირვებულებს იმ ტოტების გატანის საშუალებასაც არ აძლევენ! ჩვენს საკუთარ სოფელში უუფლებო სტუმრებივით ვართ. ასეა ეს საქმე! _ ნაფაზი დაარტყა და სიგარეტი მიწას დაასრისა.
ჩვენს შეკითხვაზე სოფელ ტბაში მწარედ ჩაიცინეს:
_ ქვემოთ ხომ მოგახსენეს ყველაფერი? აქაც ისეთივე სიტუაციაა. ხალხს უჭირს, შვილო, ძალიან უჭირს. ზემო უბანში ადით, გაჭირვებული ოჯახები არიან. სოციალური დახმარება მოუხსნეს და მეზობლების იმედად არიან. შედით, დაათვალიერეთ, იქნებ, თქვენ მაინც იპოვოთ რამე, რის გამო დააკლეს ქულები, ან სოციალური აგენტი ამოიყვანეთ და ერთად მოძებნეთ. მათ მოუხსნეს და ვისაც მაღაზიები აქვს, იმათ დაუნიშნეს. მაშ, ესაა მთავრობა? რომ მოდიოდნენ, ყველაფერს გვპირდებოდნენ, ჩვენც გაგვიხარდა, ვიფიქრეთ, გლეხებს გვეშველებოდა, ამათ რა გააკეთეს? ეჰ, ჩვენთვის არავინ არის! _ 83 წლის მოხუცმა ხელი ჩაიქნია და ეზოში შებრუნდა.
_ საიდან ხართ, შვილო, ქალაქიდან? _ მოგვიახლოვდა წელში მოხრილი მოხუცი.
გამოვეცნაურეთ.
_ პრობლემები გაინტერესებთ? _ ეშმაკურად ჩაიცინა, _ საიდან დავიწყო, შვილო? ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა. სოფელი დაიცალა. ლუკმა-პურის საშოვნელად ხალხი თბილისში გაიკრიფა, ნაწილი საზღვარგარეთაა წასული. აი, იმ გამოკეტილ სახლებს ხედავ? _ ჯოხით ზემო ორღობეზე მიგვანიშნა, _ აქ ვინ გაჩერდება, შვილო? არაფერია სოფელში, არც ქარხანაა, არც ფაბრიკა... სოფელში სამუშაო არ არის. რამდენმა კაცმა უნდა იმუშაოს ბორჯომში? ახალგაზრდობა აქ გაჩერდება? რა უნდა გააკეთოს? სმის გარდა არც არაფერს აკეთებენ, შვილო! ამ მთავრობამ არ გაიხაროს მათი ცოდვით.
_ 37 წლის მუშაობის სტაჟი მაქვს. რატომ უნდა ვიყო ამათი მათხოვრული პენსიის იმედად, თან ხუთ ლარს მიმატებენ და ამასაც მამადლიან, _ სანდომიანი სახის ქალბატონი ჭიშკარს მოადგა, _ სკოლა არ გვაქვს, ბორჯომში დაგვყავს ბავშვები. საბავშვო ბაღი გვქონდა, არასამთავრობო ორგანიზაცია ხელმძღვანელობდა, ისიც გაგვიუქმეს, სახლში დაგვიტოვეს ბავშვები... მერე ამბობენ, სოფელი იცლებაო. ასეთი უსინდისო მთავრობა არ მინახავს, პრემიებით გაისქელეს ჯიბეები. მარტო საარჩევნოდ ვახსენდებით, ხმები როცა მოუნდებათ. ნახე, მალე, სიარულს დაიწყებენ. გვეშველება ვითომ რამე? _ შეკითხვა დასვა და პასუხი თვითონვე გასცა, _ არაფერიც არ გვეშველება!
ბორჯომი განახლებულია, ქალაქის ცენტრიც, ბორჯომის ცნობილი პარკიც, ქალაქსა და ლიკანშიც ბევრი ახალი და ლამაზი სასტუმროა, ტურისტებსაც მრავლად შეხვდებით. იქ, ზემოთ, ხეობაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა, სიჩუმე, ატალახებული ორღობეები, პენსიას შეჩერებული მოხუცები და გაჭირვებაა. ხეობაში, სადაც საკუთარ სოფლებში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი „სტუმარივით“ ცხოვრობს...
ეკა ბუჩუკური