QronikaPlus
ვაზაგაშვილის საქმის ახალი დეტალები - ,,სოსანაშვილზე ირაკლი შოთაძე და მამუკა ვასაძე ზეწოლას ახდენდნენ!”

ვაზაგაშვილის საქმის ახალი დეტალები - ,,სოსანაშვილზე ირაკლი შოთაძე და მამუკა ვასაძე ზეწოლას ახდენდნენ!”

2016-07-02 07:24:07

პროკურატურის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდადებული გიორგი სოსანაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა. განაჩენის თანახმად, სასამართლომ ბრალდებული გიორგი სოსანაშვილი დამნაშავედ ცნო 2015 წლის 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ისეთი საშუალებით, რაც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ჩადენილი მსხვერპლის საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, იური ვაზაგაშვილი იყო საზოგადოებრივი მოძრაობა „გადაარჩინე სიცოცხლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი. აღნიშნული საზოგადოების მიზანი იყო საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, საჯარო მოხელეთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების, ბოროტად გამოყენებისა და სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებისადმი საზოგადოებრივი კონტროლის ხელშეწყობა, დაზარალებულის უფლებების დაცვა და სამართლიანობის აღდგენა ყველა სფეროში. 2014 წლის ბოლოს და 2015 წლის დასაწყისში იური ვაზაგაშვილი გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტივობით და საჯარო გამოსვლებში სისტემატურად მოითხოვდა მისი შვილის _ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის ობიექტურად გამოძიებასა და დამნაშავე პირების დასჯას. საჯარო გამოსვლებში ი. ვაზაგაშვილი აცხადებდა, რომ გეგმავდა საზოგადოებრივი მოძრაობის უფრო მეტად გააქტიურებას და საპროტესტო აქციების გამართვას, რაც გიორგი სოსანაშვილში იწვევდა განსაკუთრებულ გაღიზიანებას. იგი ნათლად ხედავდა, რომ ი. ვაზაგაშვილის საზოგადოებრივი აქტიურობის შედეგად შესაძლოა დამდგარიყო მისთვის პატივსაცემი პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. გიორგი სოსანაშვილმა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ზურაბ ვაზაგაშვილის შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის მოკვლის მიზნით დაამონტაჟა ასაფეთქებელი მოწყობილობა. 2015 წლის 20 იანვარს, ახლობლის დაკრძალვაზე, სოფელ ყარაფილაში ჩასული იური ვაზაგაშვილი მივიდა საკუთარი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე, სადაც სასაფლაოზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გიორგი სოსანაშვილი ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2015 წლის 7 თებერვალს, მკვლელობის ჩადენიდან მოკლე დროში. პროკურატურის მიერ მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე კიდევ ერთხელ უტყუარად დადასტურდა გიორგი სოსანაშვილის მიერ ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით, იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისატიკით მკვლელობის ფაქტი“, _ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.   „ქრონიკა+“ გიორგი სოსანაშვილის დამცველს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრს _ სოსო ჯოგლიძეს ესაუბრება: _ ბატონო სოსო, როგორია თქვენი პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით? _ აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე აპელაციამ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დააყენა გამამტყუნებელი განაჩენი. ფაქტობრივად, მტკიცებულებები არ არსებობს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მუდმივად აცხადებს, რომ სახელმწიფო ბრალდების ერთადერთი მტკიცებულება, ფალიაზე დნმ-ის კვალის არსებობა, არა პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაა. ასევე ამბობს, რომ აღნიშნული ფალია შეცვლილია, _ პირველად შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთი სავსებით განსხვავდება შემდგომ წარმოდგენილი ნივთისგანო. აქედან გამომდინარე, ის მტკიცებულებაც არ შეიძლება რაიმე მტკიცებულებად ჩაითვალოს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საერთოდ უდანაშაულოა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაზე ხელი აქვს მოწერილი ექსპერტ ნიგურიანს, რომელმაც თავიდან ბოლომდე დაამახინჯა ნივთიერი მტკიცებულებები. მოგეხსენებათ, სამართლებრივად ასეა, _ რა მტკიცებულებასაც ამოიღებ შემთხვევის ადგილიდან, იმავე ფორმაში, იმ ვითარებაში უნდა დაუდო საქმეს. ამ დროს სოფელ საკორინთოდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება (საცხოვრებელ ბინაში პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს) ორი „ეფ 1“ ტიპისა და ერთი „ერგედეს“ ტიპის ხელყუმბარები ფალიების გარეშე იყო. აქედან გამომდინარე, ნიგურიანმა ჯერ დააყენოს შესაბამისი ფალიები და მერე დადონ დასკვნა, რომ აღნიშნული ხელყუმბარები ვარგისია. ეს იგივეა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ექსპერტიზაზე „ზატვორის“ გარეშე რომ მიიტანო. ვერც ერთი ექსპერტი გააკეთებს დასკვნას, რომ აღნიშნული ავტომატური იარაღი გამოსაყენებლად ვარგისია. _ ბრძანეთ, რომ ნივთიერი მტკიცებულება შეიცვალა, ასე რატომ მოხდა? _ ჩემი აზრით, იმიტომ, რომ სახელმწიფო ბრალდებას გაუხსნელი საქმე კისერზე ვალად არ აჰკიდებოდა. მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი გახმაურებულ საქმეს ეხებოდა. _ რა შედეგები ექნება ამ ყველაფერს? _ სტრასბურგამდე რომ დამჭირდეს მისვლა, ბოლომდე მივყვები და გამამართლებელ განაჩენს დავაყენებ. შეიძლება, მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურებაც მოვითხოვოთ როგორ სახელმწიფო ბრალდების, ასევე დაზარალებულის მხრიდან. ეს იქიდან გამომდინარე, რომ დაზარალებულებისთვის სულერთია, მთავარია, ვიღაც იჯდეს ციხეში და ასევე საქმე გახსნილად მიიწერონ. მათ არ აინტერესებთ, ვინ არის ნამდვილი დამნაშავე. თუმცა პროკურატურა ნათლად აღნიშნავს, რომ მეორე დნმ-ს კვალიც იყო ხელყუმბარაზე. არ გამოირიცხება, რომ იმ მეორე პიროვნებამ ჩაიდინა ეს დანაშაული, რომელსაც ასე გამალებით ეძებს სახელმწიფო ბრალდება როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ, საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქედან გამომდინარე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. არ არსებობს არანაირი პირდაპირი მტკიცებულება, რასაც ბრალად შერაცხავს პროკურატურა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ის სავსებით უდანაშაულოა და გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს. ჩვენ ამის ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს. _ იმ მეორე დნმ-სთან დაკავშირებით რა კონკრეტული ინფორმაცია არსებობს? _ ეს თვითონ პროკურატურის პრეროგატივა იყო და მან დაადგინა, რომ აღნიშნულ ხელყუმბარაზე აღმოჩნდა მეორე დნმ-ის კვალი. მეტსაც გეტყვით: სასაფლაოს დათვალიერებისას ერთ-ერთი ძირითადი მოწმის დნმ-ის კვალი აღმოჩნდა. ეს იყო დამლაგებელი, რომელიც უეცრად, სააპელაციო სასამართლოს ჩანიშვნამდე, გარდაიცვალა(!!!). მანდ ასევე ბევრი დეტალია ყურადსაღები, თუ გნებავთ, თითის ბალიშების დაზიანება აწ გარდაცვლილ ვაზაგაშვილზე... ჩემი შეხედულებით და როგორც დაცვის ქვეშ მყოფი ფიქრობს და ვარაუდობს, ეს ე. წ. ექსპერტიზა დიდი შოუ იყო და დასკვნაც ასეთი დაწერეს. საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოეკითხათ სამხედრო ექსპერტები, რადგან იქ სასაფლაოს ქვებიც კი არ დარჩებოდა. ამ დროს ერთი პატარა ორმოც კი არ იყო გაკეთებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას. უბრალოდ, ჩავუკვირდეთ _ საქმის მასალებში (ნიგურიანი ხელს აწერს), შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას 1,85 მ-ში იქნა ამოღებული ხელყუმბარის ფალია, იქვე ქვაზე დგას პოლიეთილენის ცარიელი ჭიქა, რომელსაც ძვრა არ ჰქონია. რამდენიმე ხანში ტერიტორია ხელმეორედ დათვალიერდა და ნივთიერი მტკიცებულება, ეს ფალია, უკვე 2,5 მ-ში ამოიღეს. პოლიეთილენის ჭიქა იქ გაუნძრევლად დგას. უფრო მეტსაც გეტყვით: იქ რომ ასეთი ტიპის ხელყუმბარა აფეთქებულიყო, აწგარდაცვლილის სხეულში მარტო ხელყუმბარის ნაწილაკები არ უნდა ყოფილიყო... _ თქვენ გარკვეული წინააღმდეგობები აღნიშნეთ. მაშინ რეალურად რა მოხდა, თქვენი პოზიცია როგორია ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით? _ მე ადვოკატი ვარ და მოკლებული გახლავართ ამოღებას, ჩხრეკას, პირადი გამოძიების ჩატარებას, ეს პროკურატურის პრეროგატივაა. ამიტომ ჩემი ძალიან დიდი თხოვნა იქნება, თუ მართლა სამართლიანობას ვემსახურებით, ამ საქმით უნდა დაინტერესდეს პრესაც, ტელევიზიაც და საზოგადოებას თავიანთი ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ. _ თვითონ სოსანაშვილის პოზიცია ამ ეტაპზე როგორია? _ ყველა ეტაპზეც სოსანაშვილი უდანაშაულოა, არ ცნობს თავს დამნაშავედ. მასზე ზეწოლა განხორციელდა. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ დაკავებამდე ერთი დღით ადრე მას აკავებს გენინსპექცია, მიჰყავს და შეგნებულად უღებს დნმ-ს. მერე ჩვენ ვახმაურებთ აღნიშნულ ფაქტს, რასაც რამდენიმე პოლიციელის თანამდებობა შეეწირა. ვითომ გეგმური შემოწმება ჩაატარეს და თანამშრომლები გაუშვეს. რით შეედავები? ჯერ დასკვნა არ უჭირავს ხელში სახელმწიფო მბრალდებელს და დღევანდელი მთავრობის მთავარი პროკურორი, მაშინდელი მოადგილე შოთაძე ბრძანებს, რომ დანაშაული გახსნილია, დამნაშავე დავაკავეთო. და ეს ყველაფერი ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ხდება. ამიტომ ეს არის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის სასტიკი დარღვევა, ადამიანის უფლების დარღვევა... სახელმწიფო ბრალდება სათანადო დონეზე არ იყო, რომ რაღაც რეალური შედეგისთვის მიეღწია. _ სხვა ზეწოლა ხომ არ ყოფილა სოსანაშვილის მიმართ? _ ზეწოლაზე, თავის დროზე, ახსნა-განმარტება გამოვიტანე, სადაც სოსანაშვილი მიუთითებს, რომ ირაკლი შოთაძე და ახლანდელი პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე მოუწოდებენ, _ მიდი, აღიარე, ვინ დაგავალა აღნიშნული დანაშაული და შენსას მოგცემთ, შენი ოჯახი უზრუნველყოფილი იქნებაო. არაერთხელ გაიმეორა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა, რომ ის უდანაშაულოა, მას არ ჩაუდენია აღნიშნული დანაშაული. უბრალოდ, კიდევ გეუბნებით, ეს არის თითიდან გამოწოვილი ტყუილი ბრალდება. საქმე გაუხსნელი რომ არ ყოფილიყო, ამიტომ აინტერესებდა სახელმწიფო ბრალდებას ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა. რომ გაიაროთ და საზოგადოებაში გამოკითხვები ჩაატაროთ, 100%-დან 95% იტყვის, რომ აღნიშნული დანაშაული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია. _ ამ საქმესთან დაკავშირებით რას აპირებთ? _ შემდეგ ინსტანციებში გასაჩივრებას ვგეგმავთ, როგორც კანონი გვაძლევს სხვა საშუალებებს და გვავალდებულებს, ამიტომ ყველა ინსტანციას შემოვივლით. თუ სასურველი შედეგი არ მივიღეთ, რასაკვირველია, საქმეს სტრასბურგში შევიტანთ. _ საბოლოოდ, რა შედეგის დადგომას იმედოვნებთ? _ გამამართლებელი განაჩენის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. ასევე სახელმწიფოსა და მთავრობას მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას დავაკისრებ. პროცესი ძალიან ბრიყვულად არის წარმართული, ამიტომ სახელმწიფო ბრალდებას ნებისმიერ მომენტში შეუძლია მოხსნას მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება და მიიჩნიოს ახლად შექმნილი ვითარების გამოსაკვლევად. ალბათ, უზენაესი სასამართლო მაინც ჩაუკვირდება და სააპელაციოს, მეორე ინსტანციას დაუბრუნებს თავისი მითითებებით. ჩვენ გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. თუ არადა, აუცილებლად სტრასბურგში მოგვიწევს წასვლა. იქ პირადად მე ჩავალ და მაგ საქმეს მივხედავ.  

                                                                                                         გელა მამულაშვილი

 

გაზიარება