2016 წლის პირველ აპრილს საქართველოს კლინიკები დონეების მიხედვით დაიყო. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის რატიფიცირებით ძალაში არ შესულა. დადგენილებას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოაწერა ხელი.
რას ნიშნავს კლინიკების დონეებად დაყოფა?!
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე _ ნანა სანაია:
_ ახალი კანონი გულისხმობს კლინიკების დაყოფას რამდენიმე დონედ. პოლიპროფილი მოიცავს „ა-ბე“, „ა-ცე“ და „ა-დე“ დონეებს. „ა-დე“ არის ყველაზე მაღალი დონე. თუ ხარ „ა-დე“ დონის კლინიკა, მინიმუმ, უნდა იყო პოლიპროფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გქონდეს ემერჯენსი, ტრავმის მართვის სერვისი და რეანიმაცია. ტრავმის მართვაში შედის ყველანაირი მომსახურება. კერძოდ, ტრავმატოლოგია, სისხლძარღვთა მიკროქირურგია და ა. შ. კლინიკას უნდა ჰქონდეს მძლავრი ლაბორატორიული ბაზა და საკუთარი კომპიუტერული ტომოგრაფია. რაც მთავარია, „ა-დე“ დონის შემთხვევაში აუცილებლად უნდა ჰქონდეს „კატლაბი“, ანუ კათეტერიზაციის ლაბორატორია. ეს მოთხოვნები, ფაქტობრივად, გადამწყვეტია. რაც უფრო მაღალი დონე მიენიჭება კლინიკას, სახელმწიფო ანაზღაურება შესაბამისად მაღალი იქნება. მეოთხე დონის კლინიკას სხვა ანაზღაურება აქვს, პირველი დონისას _ სხვა. მაგალითად, თუ კლინიკას 50 საწოლზე მეტი აქვს, რეანიმაციულ საწოლში სახელმწიფო იხდის 640 ლარს. თუ 50 საწოლზე ნაკლები, სახელმწიფო იხდის 570 ლარს. ახლა შეხედეთ, პაციენტისთვის ერთი და იგივე დიაგნოზია, ერთი და იგივე მკურნალობის კურსია გასავლელი, მაგრამ თანხა განსხვავებული იხდება თითოეულ ავადმყოფზე იმიტომ, რომ სახელმწიფომ ასე გადაწყვიტა.
_ ანუ საწოლების რაოდენობის მიხედვით?
_ დიახ. რა მნიშვნელობა აქვს, 51 საწოლი მექნება თუ 49? გარდა ამისა, თუ კლინიკას „კატლაბი“ არ ექნა, მეოთხე, ანუ უმაღლეს დონეს ვერ დააკმაყოფილებს. ამ დროს „კატლაბი“ რამდენიმე მილიონი დოლარი ღირს. შეიძლება კლინიკა მაღალპროფესიული სამედიცინო კადრით იყოს დაკომპლექტებული, მაგრამ აღჭურვილობა ვერ შეიძინოს. ამის გამო მას გარკვეული ტიპის ჩარევები ეკრძალება, ანუ იგი ვალდებულია, თავისი პაციენტი „ა-დე“ კლინიკაში გადაიყვანოს.
_ სახელმწიფომ რატომ გადაწყვიტა, რომ უმაღლესი დონის კლინიკას აუცილებლად უნდა ჰქონდეს კომპიუტერული ტომოგრაფია და „კატლაბი“?
_ აქ პრობლემა ცოტა სხვანაირად დგას: მაგალითად, ავიღოთ დიღმის სამედიცინო კომპლექსი, „რკინიგზის“ საავადმყოფო, ანდა იაშვილის კლინიკა. დავუშვათ, იქ პირველ სართულზე არის „კატლაბიც“ და კომპიუტერული ტომოგრაფიაც. ამავე კორპუსის მეოთხე სართულზე არის კომპიუტერული ტომოგრაფია, მე-2 სართულზე კი ხელმძღვანელობამ დადგა კომპიუტერული ტომოგრაფია და „კატლაბი“. შენობაში განთავსებულ 10-ზე მეტ კლინიკას, სავარაუდოდ, ყველას ენდომება „ა-დე“ დონის მინიჭება. წარმოგიდგენიათ, მარტო ერთი კორპუსიდან რამდენი რენტგენის სხივი გავა გარემოში?!
_ პირველ კლინიკურ საავადმყოფოში, იგივე „არამიანცში“ ანალოგიური ვითარებაა _ მჭიდრო დასახლება სავაჭრო ცენტრებით...
_ მანდ გვერდით გოჩა ინგოროყვას კლინიკაა, სადაც არის „კატლაბი“ და კომპიუტერული ტომოგრაფია; ჩავიდეთ ქვევით: ანზორ მელიას კარდიოლოგიური კლინიკა „კატლაბით“; მეზობლად არის „ამთელ ჰოსპიტალი“, სადაც კომპიუტერული ტომოგრაფია დგას და „კატლაბსაც“ აპირებენ; ახლოს არის უროლოგიის ცენტრი, დაახლოებით, 20 მეტრის რადიუსში. იქაც დგას კომპიუტერული ტომოგრაფია. ეს ხომ წარმოუდგენელია?! ამდენი რენტგენის სხივი ატმოსფეროში!
გადავიდეთ დიღომში _ თითო სართულზე, ერთ სადარბაზოში არის ხუთი კარდიოლოგიური კლინიკა. ეს ხდება „რკინიგზაში“, ჟვანიას კლინიკაში, იაშვილის კლინიკაში. ჟვანიას კლინიკის შენობაში მიხეილის საავადმყოფო გადავიდა და ხუთი სართული ერთ სადარბაზოში სართულ-სართულ უკავია სხვადასხვა კარდიოლოგიურ განყოფილებას. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა იქ კლინიკის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართეს და მათ განუცხადეს, რომ თუ სურდათ მიეღოთ კარდიოლოგიური პაციენტი, ყველას უნდა ჰქონოდა კათეტერიზაციის ლაბორატორია. როცა ექიმები ამაზე შეეკამათნენ, _ დავსხივდებით, ბატონო მინისტროო, ჯანდაცვის სამინისტრომ უკან დაიხია. საბოლოო ჯამში, შეთანხმდნენ, რომ ერთი კათეტერიზაციის ლაბორატორია ყოფილიყო ხუთ სართულზე.
_ დავაკონკრეტოთ, ჩვენ ახლა გარემოს დაცვითი კუთხით ვაყენებთ პრობლემას?
_ 2016 წლის პირველი აპრილის დადგენილება ძალიან საზიანოა გარემოსთვის. მეორე: კლინიკებს კაბალურ მდგომარეობაში აყენებს. მაგალითად, აქამდე კლინიკას თუ არ გააჩნდა „კატლაბი“, მას ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა იმ კლინიკასთან, რომელსაც აღნიშნული აღჭურვილობა ჰქონდა. როგორც წესი, ეს ერთსა და იმავე შენობაში ხდებოდა. დღეს, თუკი კლინიკას მეოთხე დონე ექნება, ხელშეკრულებით ამის უფლება აეკრძალება.
_ ეს ცოტა დეტალურად აგვიხსენით...
_ „ა-დე“ არის უმაღლესი დონე. ბოლოს წინა დონე გახლავთ „ა-ცე“. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ უკანასკნელის სერვისს გარკვეული საზღვრები აქვს დაწესებული, რომლის მიხედვითაც ამ დონის დაწესებულებას ყველა პაციენტის მიღება აღარ შეუძლია. მაგალიათაც, ქირურგიული პროფილის პაციენტს, რომელსაც მუცლის ღრუს ოპერაცია გაუკეთდა და რელაპარატომია დასჭირდა, ანუ განმეორებითი ოპერაცია, „ა-ცე“ დონის კლინიკას ეს ეკრძალება. მან განმეორებითი ოპერაციისთვის პაციენტი მე-4 დონეში უნდა გადაიყვანოს.
_ განმეორებითი ოპერაცია რატომ უნდა დასჭირდეს?
_ ხდება ხოლმე, მთელი რიგი თანმდევი დაავადებებია. შესაძლოა, აპენდიციტი განგრენოზული იყოს. რამდენიმე დღის დაგვიანებით მუცელში ჩირქის დაგროვების შედეგად ქირურგი იძულებული ხდება, რომ მეორეჯერ გახსნას მუცელი. ამის უფლება უკვე ამ ქირურგს აღარ ეძლევა. მეოთხე დონეში უნდა გადაიყვანოს. არადა, არავის სურს სხვის ნაოპერაციებ პაციენტზე პასუხისმგებლობის აღება. ამ პრობლემების გამო კლინიკები იძულებული ხდებიან, უზარმაზარი თანხები გაიღონ, რომ შესაბამისი აპარატურები შეიძინონ. შესაძლოა, კლინიკას აპარატურის შეძენის არც სურვილი ჰქონდეს და არც საშუალება, ბოლოს და ბოლოს, სხვა საქმეს მოახმარდნენ ამ თანხებს, მაგრამ იძულებული ხდებიან, ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს დაემორჩილონ, სხვანაირად ძალიან დიდ ჩამორჩენაზეა ლაპარაკი.
_ რას გულისხმობთ?
_ ეს ყველაფერი მიდის იქამდე, რომ „ა-დე“ დონის დაფინანსება განსხვავებული იქნება, ვიდრე „ა-ცე“, ან „ა-ბეს“ დაფინანსება.
_ უცხოეთში როგორ რეგულირდება სისტემა?
_ ძალიან მარტივად. პროფესორმა კარდიოლოგმა ბონდო ქობულიამ, როცა ექიმები ჯანდაცვის მინისტრთან თათბირზე ისხდნენ, ხმამაღლა განაცხადა, რომ დაუშვებელი იყო „კატლაბთა“ მსგავსი სიახლოვით განთავსება, რომ ეს იქნებოდა ჩერნობილი. მაშინ დაისვა საკითხი, რამაც მინისტრი დააფიქრა. სერგეენკომ თქვა, ამაზე არ მიფიქრიაო და მაშინ იყო, უკან რომ დაიხია ჯანდაცვის სამინისტრომ. არადა, მანამდე საუბრობდნენ, რომ თუ კლინიკებს არ ექნებოდათ ემერჯენსი და „კატლაბი“, სასწრაფო არ მოუყვანდა კარდიოლოგიურ პაციენტს. ექიმების თქმით, ამგვარი მომსახურება ძალიან აგვიანებდა საქმეს. წესით, მძიმე ინფარქტიანი პაციენტი პირდაპირ უნდა შედიოდეს კათეტერიზაციის ლაბორატორიაში. ამ დროს, სანამ ის ემერჯენსს გაივლის და მერე კარდიოლოგიურ განყოფილებას, მდგომარეობა, დაგვიანების გამო, დამძიმდება.
_ გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართეთ?
_ წინა ორშაბათს მივმართეთ. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სამინისტროს წარმომადგენელს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კანონის მიღებასთან დაკავშირებით ჰკითხა. წარმომადგენელმა არ იცოდა, თუ რა კანონი მიიღეს, _ მოვიძიებო. ამ დროს ჩვენ შემთხვევით წავიკითხეთ გამოქვეყნებული ინფორმაცია. როცა ჯანდაცვის სამინისტროს დავუკავშირდი, ვკითხე, თუ როდიდან შევიდოდა ძალაში კანონი, რადგან საქმეში ეწერა, რომ გამოქვეყნებისთანავე შევიდოდა. მათ იუარეს, _ რეგულაციები უნდა მიყვეს კანონის დამტკიცებას, თუ ვინ იქნება „ა-დე“, ვინ „ა-ცე“ და ვინ „ა-ბე“.
_ ე. ი. დონეები ჯერ არ მიუნიჭებიათ?
_ როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, წლის ბოლოს მიენიჭებათ, მაგრამ კანონი უკვე პირველი აპრილიდან ძალაშია.
_ თუ სტატუსი არ არის მინიჭებული, წესით, კანონი არ უნდა მოქმედებდეს.
_ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაგვაჩნია, თუ რატომ არ გამოქვეყნდა კანონი და რატომ არ მიჰყვა მას სტატუსის მინიჭება.
_ ვინ ანიჭებს სტატუსს?
_ ჩემი აზრით, რეგულირების სააგენტო. ყველა გაურკვევლობაშია და ვერავინ გვპასუხობს. ეს სერიოზული საკითხია ჯანდაცვისთვის. ძალიან ბევრმა შესაძლოა, არც იცოდეს ვითარება, რადგან „მაცნე“ არ წაუკითხავთ, სადაც აღნიშნულზე ინფორმაცია დაიბეჭდა. მე ჩემმა იურისტმა მომაწოდა და შევძელი, გავცნობოდი. ეს არის მინისტრის ბრძანებულება, რომელსაც რეგულაციები არ მოჰყვა.
_ ექიმები და კლინიკის ხელმძღვანელები არ შეგკრიბეს, როდესაც კანონი მიიღეს?
_ არა.
_ როცა ექიმები ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდნენ და პოზიცია დააფიქსირეს, რა იყო სამინისტროს პასუხი?
_ არ ინერვიულოთ, მართალია, გამოქვეყნდა კანონი, თუმცა ძალაში ახალ წლამდე არ შევაო. ამ დროს იქვე კანონში წერია, რომ ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.
_ ვის შეიძლება აწყობდეს ამ კანონის მიღება?
_ მსხვილ კლინიკებს
_ ბევრი გვყავს ასეთი?
_ „პეესპე“, „ევექსი“, „პლანცეტი“, „ჯეოჰოსპიტალსი“, „ავერსი“, სხვა დიდ კლინიკები.
_ ქვეყნის ეკონომიკა ხომ საშუალო ბიზნესის სეგმენტზე დგას? პატარა და საშუალო კლინიკებს რა ეშველებათ?
_ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ საქართველოში არავის აწყობს საშუალო ბიზნესის არსებობა.
_ რას აპირებთ?
_ კლინიკებს უზარმაზარი კრედიტის აღება მოუწევთ. შესაძლოა, მთელი რიგი კლინიკები გაკოტრდეს. აპარატურის შეძენას ყველა ვერ მოახერხებს. შეუძლიათ, მეორადი იყიდონ, მაგრამ იქაც ფასი 150-200 000 დოლარზე ნაკლები არ არის. დაახლოებით ასეთი სურათი მეორდება _ ჯანდაცვის მინისტრის დადგენილება, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ 1/3-ზე მეტი რეანიმაციული საწოლი არ უნდა ჰქონოდა დაწესებულებას, ამის გამო მთელი რიგი რეანიმაციული ტიპის კლინიკები დახურვის პირას დგას.
_ 1/3-ზე მეტი არ უნდა ჰქონდეს, რას ნიშნავს? რომელი რეანიმაციული კლინიკები დაზარალდნენ ამის შედეგად?
_ მაგალითად, „პირველი კლინიკური“, რომელიც 16-17 საწოლზე იყო გათვლილი. ძირითადად გახლდათ რეანიმაციული და ინტენსიური. ორი პროფილი ჰქონდა. დღეს ამ 16 საწოლიდან მას მხოლოდ 5 რეანიმაციული საწოლის გამოყენების უფლება აქვს. ეს უკვე მინისტრის 15 აპრილის დადგენილებაა.
_ რატომ კეთდება ეს? პაციენტები რომ გადაიქაჩოს სხვა მსხვილ კლინიკებში?
_ ალბათ. შესაძლოა, საკითხში ღრმად ვერ ვერკვევი და მათ სხვა არგუმენტები აქვთ, ჩვენ არ მოგვისმენია მათი დამოკიდებულება და შეხედულებები არსებულ საკითხზე. თუ მინისტრი ფიქრობს, რომ უხარისხოდ მკურნალობენ, მაშინ საერთოდ ნუ მისცემს ლიცენზიას საშუალო სეგმენტზე გათვლილ დაწესებულებებს.
როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, მინისტრის ბრძანებულება კი შევიდა ძალაში, მაგრამ კლინიკების დონეებად დაყოფა მხოლოდ პერინატალურ (სამშობიაროები, გინეკოლოგიური კლინიკები და ა. შ.) სეგმენტში დაიწყო. თვითონ დადგენილების დებულება და დონეებად დაყოფის სქემა, რომელსაც მინისტრმა მოაწერა ხელი, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტში მომზადდა.
„ქრონიკა+“ ჯანდაცვის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის უფროსს, ნათია ნოღაიდელს დაუკავშირდა:
_ ქალბატონო ნათია, პირველი აპრილის დადგენილებით კლინიკები დონეებად დაიყო და საკითხი თქვენმა დეპარტამენტმა შეიმუშავა.
_ გისმენთ.
_ რას გულისხმობს ეს დონეები?
_ ჯერ არ არის განსაზღვრული და, ზოგადად, დადგენილება 2017 წლიდან შევა ძალაში. ამაზე მეტს ვერ გიპასუხებთ, პრესსამსახურს დაუკავშირდით.
_
დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და იქ გარკვევით წერია: ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანვე...
_ პრესსამსახურს დაუკავშირდით.
ამის შემდეგ ვუკავშირდებით პრესსამსახურის თანამშრომელ თეა ჩუბინიძეს, რომელიც მინისტრის მოადგილე ნინო ბერძულთან გვამისამართებს. ნინო ბერძულის საკმაოდ საინტერესო ინტერვიუს პერინატალურ სეგმენტში კლინიკების დონეებად დაყოფის შესახებ „ქრონიკა+“-ს მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ამ ეტაპზე „კატლაბისა“ და კლინიკების მძლავრი გამოსხივების მქონე რენტგენებით აღჭურვის საკითხი გვაინტერესებს, ნოღაიდელმა კი ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა, „ქრონიკა+“ გარემოს დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.
მინისტრის თანაშემწე თეა ნაცვლიშვილს საქმის არსი დეტალურად ავუხსენით და როგორც გავარკვიეთ, მსგავს დადგენილებაზე მათ არაფერი სმენიათ. მეორე: ჯანდაცვის სამინისტროდან მათ არავინ დაკავშირებია. რაც შეეხება გარემოს რადიაქტიური დაბინძურების საკითხს, გვთხოვეს, დადგენილებაც და კითხვებიც გადაგვეგზავნა და შეეცდებოდნენ, ჯერ საკითხი შეესწავალთ და შემდეგ გვიპასუხებდნენ.
ასე რომ, თემა გრძელდება.
თამარ როსტიაშვილი