QronikaPlus
სოსო, წადი სახლში!

სოსო, წადი სახლში!

2016-06-19 10:41:29

არიან ადამიანები, რომლებიც ძალაუფლებისა და მოწყალების სიმძიმის ქვეშ არ იდრიკებიან, თავიანთ აღზევებას ადვილად ეგუებიან და თავბრუ არ ესხმით, რაც უნდა მაღალი თანამდებობა ეჭიროთ. ხოლო ისინი, რომელთაც ბრმა ფორტუნა დაუმსახურებლად გადმოხედავს მოწყალე თვალით და ლამის თრგუნავს თავისი მადლით, კადნიერად და განუზომლად ტკბებიან თავიანთი კეთილდღეობით. მათი გამოხედვა, სიარული, ხმა, ყოფაქცევა მრავალი ხნის განმავლობაში ამჟღავნებს, თუ რაოდენ მოსწონთ თავი. ისე დიდგულნი და ყოყოჩები ხდებიან, რომ მხოლოდ ძირს დაცემა თუ მოათვინიერებთ. ,,მაღალი თანამდებობა დიდ ადამიანს უფრო დიდს ხდის, პატარას კი _ უფრო პატარას“. ცნობისთვის: ეს ჰიუგომ თქვა. სულ რაღაც სამი დღის წინ ჩემი უახლოესი ბავშობის მეგობარი მეწვია, აღარც მახსოვს, რამდენი წელია, არ მინახავს. არც ველოდი. რატომღაც, მოვყევით ამ მთისა და იმ ბარისა. ბოლოს დავიწყეთ სოსო! გულწრფელად გითხრათ, სოსოს ხსენებას არც ვაპირებდი და მეც გამიკვირდა... _ მაკა, ძალიან მეშინია. _ რისი? _ აი, გოგაშვილზე რომ წერ, მაგის. მგონი, წარმოდგენაც არ გაქვს, ვინ არის. ცუდი გადაკიდება იცის. _ მაინც, როგორი? _ რა გითხრა, აბა?! სოფელში ვისაც ვერ იტანდა ბავშვობაში, ახლა ყველას სამაგიერო გადაუხადა. _ როგორ? _ ზოგს მიწა ჩამოართვეს და გაუყიდეს, ზოგს შვილი სამსახურიდან გაუგდეს... ზუსტად არ ვიცი... _ მაშ, რისი გეშინია? _ ისევ რომ დაგიჭირონ და თან უმიზეზოდ?! _ სოსომ არ იცის, ეტყობა, მე ბედი რასაც მარგუნებს, ყველაფრით ბედნიერი ვარ. ციხეშიც კი ვიცოდი ჩემი საქმე, რა იყო. დამიჭიროს და დამიჭიროს... მაგრამ რისთვის? _ არ ვიცი, ეს უნდა მეთქვა... _ ამხელა გზა ამის სათქმელად გამოიარე? _ კი... ჰოდა, მადლობა, სოსო! იმდენი წელია, არ მინახავს ჩემი მეგობარი, რომ სახეზეც კი არ მახსოვდა, როგორი იყო. ქიზიყიდან ქალი იმისთვის ჩამოვიდა, რომ მე გავეფრთხილებინე... ახლა კი მომისმინე, სოსო! ჰიუგოს სიტყვები ნახე? მისი ტექსტით დავიწყე სტატია... რომ დამიჭირო, ამისთვის მიზეზი გინდა... მიზეზი არ გაქვს და ვერც გექნება... თუ შენ გამოიგონებ, ეგ იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს გამოიჭერ... შენი თელაველი მტვერიყლაპია მოჭიდავე ბიჭები მე ვერ შემაშინებენ, პირიქით _ თუ გავბრაზდი, შეშინებული ვინ დარჩება, მაგასაც ნახავენ... პენსიონერი დედისა და მცირეწლოვანი შვილების მეტი არავინ მყავს. ასე რომ, ვერც მათ გაყრი სამსახურიდან. სახლი ერთი მაქვს და მის კარს არ ვკეტავ, არათუ მე, არამედ მამაჩემიც მასე იყო...  ვისაც მოსვლა უნდა _ მოვა, ვინც წასასვლელია _ წავა. მოკვლით თქვენ მე ვერ მომკლავთ, პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს შენ ვერ დამიდებ იმიტომ, რომ, უბრალოდ, შეყვარებული არ მყავს, თუ მეყოლება, არც მაგისი მომერიდება... ასე რომ, რას იზამ ახლა, ეგ შენი გადასაწყვეტია და სხვისი _ არა...   *** ეს ტექსტი იმ საღამოს დავწერე, მეგობარი რომ გავაცილე უკან, ქიზიყში სოფლად. მეგონა, ამით დასრულდა და სულ ეს იყო... მეორე დღეს... მორწმუნე ვარ, ერთი წლიდან მართლმადიდებელი ქრისტიანი, თუმცა განსხვავებით სხვებისგან, ყოველ შაბათ-კვირას კოჭებამდე კაბას არ ვიცვამ და ეკლესიაში მეტანიებს არ ვაკეთებ... არა იმიტომ, რომ არ მწამს, არამედ იმიტომ, რომ ჩემს ოთახში, ჩემს კელიაში უფრო ახლოს ვარ ღმერთთან, ვიდრე საჯაროდ რომელიმე მონასტრის შუაგულში... მოკლედ, ასე... ძალიან მიყვარს მამაოებთან საუბარი, საუბარი არა ასეთი ფორმით: `დამლოცე, მამაო; შემინდე, მამაო; მირჩიე, მამაო...~ არა რომელ მამოებსაც მე ვხვდები, მათთან, ძირითადად, მსჯელობა და პაექრობა მაქვს. მაქვს კითხვები და მინდა, პასუხები. მაქვს ჩემეული ხედვები და მინდა, რომ მეკამათონ, თუ არასწორად მიიჩნევენ... ასე რომ, მათ ხანდახან ჩაიზე ვხვდები და, მაგალითად, მაინტერესებს, ფიჭვის კევს რომ ყიდიან და ამბობენ, სიგარეტს გადაგაჩვევთო, რატომ არ მიშველა ამ ფიჭვის კევმა? ისინი მეუბნებიან, რომ რწმენა უნდა მქონდეს ძლიერი და მწამდეს, რომ მამაოს მოწვდილი, ბაკურიანიდან ჩამოტანილი ჩვეულებრივი ფიჭვის კევი ნიკოტინზე უარს მათქმევინებს, ანუ უნდა მწამდეს, რომ მას სხვა ძალა აქვს და ამით გადავრჩები... მე კი ვფიქრობ, რომ ამას მამაოს ხელიდან მოწვდილი ფიჭვის კევი კი არა, ჩემი ნებისყოფა და საკუთარი თავის რწმენა სჭირდება... მოკლედ, თემა რომ არ გამიგრძელდეს, ჩემთან ჩემი მეგობარი მამაო მოვიდა და მკითხა, თუ ვინ არის ეს ვინმე სოსო გოგაშვილი? გაოცებული და წარბაწეული სახით რომ შევხედე, მაუწყა... _ მე არ ვიცნობ, არც შეხება მქონია, უბრალოდ, ვიცი, რომ მამაოებთან ჰქონდა შენზე საუბარი. აინტერესებს, ვისი მრევლი ხარ? სურს, რომ ან დაგელაპარაკოს, ან, ალბათ, მამაოს პირით რამე შემოგითვალოს... _ მამაო, იცი, სად მუშაობს სოსო? _ არა, ზუსტად არ ვიცი, ძალოვანშია, სადღაც. _ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეა. მერე რა ვისაუბრეთ, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ახლა მე გეკითხები, სოსო... როგორ უნდა გიჭირდეს კაცს, რომ ფეისზე ,,ტროლები“ შექმნა, მაგალითად, ,,ეკე ეკე“, ,,აგრომეურნეობა“, და ა. შ. სტატიის დადება და მათი შემოცვენა ერთია... ტექსტი იწყება, დაახლოებით, ისე _ ერთმორწმუნე რუსეთზე რომ გვექადაგებიან ხოლმე... მორწმუნე ბიჭი! უკეთილშობილესი! უსაყვარლესი! კაცური კაცი! ეს ის ეპითეტებია, შენი `ტროლები~ რომ წერენ. წერონ, არც არავინ უშლის, არც არავინ ედავება, აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა ყოველთვის აქვთ ,,ქრონიკა+“-ის კედელზე. მაგრამ, ოჰ, ეს მაგრამ... აი, შენ რომ მე მამაოებთან მეძებ, ვისი მრევლი ვარ, იმიტომ არ ვაბარებ არავის აღსარებას... ალბათ, ჩემი 15 წლის უნახავი მეგობარი რომ ჩამოვიდა ჩემთან მარწყვის ვედრით ხელში და ჯერ ჩემი მონატრებით და მერე კიდე შენზე საუბრით დაასრულა ლაპარაკი, იმიტომ მეცინება მე... სხვა კი არაფერი... მაგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვა საქმე არ გაქვს? ან მოჭიდავეებს ატრენინგებ, რეგიონებში ბაზებს ქმნი, სარეკლამო ბილბორდებს ახარისხებ, სოფლად მამაშენს ნახევარი სოფელი მუშად აუყვანე, ერთი სახლის აშენებას 100 მუშა რად უნდა, რად?! მაგრამ თავი და თავი ის არის, რომ შენთვის ერთხელ გაისროლა ,,ავრორამ“... მეორედ ზუსტად იცი, რომ აღარ გაისვრის... ახლა შენსას ისწორებ... სტიქარი კი გაცვია, მაგრამ მაინც რომ ძალადობრივ ქმედებებს გეგმავ ამ ჩემს ქვეყანაში, ამას არ გიკრძალავს რწმენა? ასე რომ, არც ჯვაროსანთა ლიდერი ხარ, არც კლდეკარის ერისთავი, სასახლეს რომ იდგამ სოფლად, არც დიპლომატი ხარ, 10-წლიანი აშშ ვიზა რომ აიღე მთელი შენი ოჯახით და როგორც შენი გაბუტული ნათესავები ამბობენ, გასაქცევადაც მზად ხარ. შენ, უბრალოდ, სოსო ხარ, რომელსაც, ჰიუგოს თქმისა არ იყოს: ისე დიდგულნი და ყოყოჩები ხდებიან, რომ მხოლოდ ძირს დაცემა თუ მოათვინიერებთ. მაღალი თანამდებობა დიდ ადამიანს უფრო დიდს ხდის, პატარას კი _ უფრო პატარას. ჩემთან ვერც მამაოები მოგიგვარებენ საქმეს, ვერც მეგობრები, ვერც შვილები. აქ მოსაგვარებელი ერთი რამეა, _ შენ მოაგვარე შენი საქმე, რაც არ შეგიძლია, თავი დაანებე, რაც იცი, ის აკეთე... შენი ადგილი მაჩხაანშია, წადი სახლში.  

                                                                                                               მაკა მოსიაშვილი

   

გაზიარება