QronikaPlus
„ივანიშვილმა ტიტას ექიმები დაასია, ფესვებში 10 ტონა ხორბალი ჩაუყარა და ზაფხულის გადატანას ორივე ერთად ელოდება!”

„ივანიშვილმა ტიტას ექიმები დაასია, ფესვებში 10 ტონა ხორბალი ჩაუყარა და ზაფხულის გადატანას ორივე ერთად ელოდება!”

2016-06-19 10:39:20

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი „ლეიბორისტული პარტიიდან“, ნათია შარაშენიძე, ერთ-ერთი ააიპ-ის მაგალითზე, დოკუმენტებზე დაყრდნობით,  „ქრონიკა+“-ს ესაუბრა, თუ როგორ ნიავდება სახელმწიფო თანხები და რა ფორმებით თეთრდება ბიუჯეტის ფული. ის, ასევე, დოკუმენტების მოშველიებით მოგვიყვა, ოზურგეთის მერიაში თანამდებობის პირების კომფორტისთვის როგორ იხარჯება არც ისე მცირე თანხები და, რა თქმა უნდა, გვესაუბრა ივანიშვილის ტიტის ხეზე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც სრულიად საქართველოს ინტერესის საგანია.   ნათია შარაშენიძე: _ ერთ-ერთი ააიპ-ის საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვე და იქ რაც წავიკითხე, გაოგნებული ვარ. თუ ამდენი ადამიანი იქნებოდა დასაქმებული, ამდენი დარღვევა დამხვდებოდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი! ერთი ააიპ-ი თუ ამდენ სახელმწიფო თანხას ხარჯავს, ადვილი წარმოსადგენია, რამდენი ფული გაედინება გაუგებარი მიმართულებით? მით უფრო, რომ 2016 წლის დასაწყისში ააიპ-ებისთვის გრანტები გაზარდეს და გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი, მხოლოდ, ხელფასებში იხარჯება. ბიუჯეტი აფინანსებს არა სერვისებს, მომსახურებას, ხალხისთვის სასიკეთო საქმეს, არამედ მხოლოდ ხელფასებს, რომლის მიმღებებიც არიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები. ასე ხდებოდა წინა ხელისუფლებების პერიოდში და ეს მახინჯი პრაქტიკა ამ ხელისუფლებამაც გადმოიტანა. წლის დასაწყისში აღნიშნულმა სერვისცენტრმა შტატები 24 ადამიანით გაზარდა. დარწმუნებული ვარ, სხვა ააიპ-ებშიც იგივე ხდება, ან უარესი. ხელისუფლება ცდილობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენოს, რომელიც მან შუალედური არჩევნების დროს უკვე გამოსცადა. ააიპ-ებში რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიყვანეს, ხელფასები გადაუხადეს და მერე ეს ხალხი თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს შუალედურ არჩევნებზე. ააიპ-ების მუშაობაში აშკარა, ყურადსაღები და გამოსაკვლევია საშტატო ადგილები და თანამდებობრივი სარგო. მაგალითად, საშტატო განრიგში სერვისცენტრის დირექტორს კონსულტანტი ჰყავს, თუმცა გაუგებარია, რა კონსულტაცია უნდა გაუწიოს დირექტორს, _ როგორ უნდა დაალაგონ ქუჩა, როგორ დარგონ ბალახი და ხე?! რისთვის სჭირდება მას კონსულტანტი, ეს ვერავინ ამიხსნა! სერვისცენტრში, შუალედური არჩევნების წინ, მეეზოვეები დაამატეს. როცა შტატების დამატების მიზეზი ვიკითხე, მითხრეს, რომ ქუჩები კვადრატებად დაყვეს და უნდოდათ, უკეთესი მომსახურება ჰქონოდათ. თუმცა როცა დოკუმენტებში ჩავიხედე აღმოჩნდა, რომ მეეზოვეებს განსხვავებული ხელფასები აქვთ. ცხადია, კითხვა გამიჩნდა, ერთი და იგივე ზომის პერიმეტრის დასუფთავებაში მეეზოვეები რატომ იღებენ განსხვავებულ ხელფასს? _ დოკუმენტებით ვისაუბროთ. ამ ყველაფერზე თქვენ მიერ მიღებული საჯარო ინფორმაცია მეტყველებს? _ დიახ! დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ერთსა და იმავე პოზიციაზე მყოფი მეეზოვეები სხვადასხვა ხელფასს იღებენ. ერთს აქვს 400 ლარი, მეორეს _ 300 და მესამეს _ 250. გაუგებარია, რა პრინციპით ნაწილდება ხელფასები? ჩემი აზრით, დირექტორთან და ხელისუფლებასთან ვინც უფრო დაახლოებულია, მას მეტს უხდიან, ვინც ალალბედზეა _ გაცილებით ნაკლები აქვს. ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ ააიპ-ში სპეციალისტების ურიცხვი რაოდენობაა. მაგალითად, სერვისცენტრის დირექტორს უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჰყავს, მას კი, თავის მხრივ, 9 სპეციალისტი აბარია და ცალკე კიდევ ერთი სპეციალისტი უწერიათ. გაუგებარია, ამ პატარა მუნიციპალიტეტში 10 სპეციალისტი უსაფრთხოების საკითხებში რას აკეთებს?! როცა ვიკითხე, მითხრეს, რომ ისინი დაკისრებულ სამუშაოს ასრულებენ. როცა გარე განათებასთან პრობლემაა, დირექტორს კონსულტაციას უწევენო. 10 ადამიანის კონსულტაცია გარე განათებებთან დაკავშირებით როგორ მოგწონთ? ამ სპეციალისტებსაც განსხვავებული სარგოები აქვთ. ერთი სპეციალისტი განსაკუთრებულად რატომ ჰყავთ გამოყოფილი და რატომ წერენ 9-ს ერთად და 1-ს ცალკე? თუმცა ამ ერთს გაცილებით მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე 9-ს და რას აკეთებს ის განსხვავებულს, ესეც ვერ ამიხსნეს. იგივე მდგომარეობაა მუშებთან დაკავშირებითაც. ყველაზე მეტად კი იმ ფაქტმა შემაშფოთა, რომ ამ დოკუმენტების მიხედვით რომელიღაც X პიროვნება ხელფასს იღებს! ვერ გავარკვიე ისიც, რატომ არის ამ პიროვნების გვარ-სახელი გასაიდუმლოებული და ვის რისთვის უხდიან 250 ლარს ბიუჯეტიდან ყოველთვიურად? _ შეიძლება, გასაიდუმლოებული თანამდებობა, ან თანამშრომელი არსებობდეს? _ რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტში ასეთი თანამდებობა არ შეიძლება, იყოს, რადგან ის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მას შემდეგ, რაც ეს დოკუმენტები მივიღე და ვნახე, იქ რაც ხდება, კიდევ უფრო გამიმყარდა ეჭვი, რომ ააიპ-ებში მართლაც არსებობენ „დასაქმებული“ ადამიანები, რომლებიც თვალით არავის უნახავს და ესენი არიან „იქს“ ადამიანები. მათ თანამდებობი არ აქვთ, არაფერს აკეთებენ, მაგრამ სოლიდურ ხელფასებს იღებენ. სხვანაირად, ამდენი ადამიანი არაფრით არ შეიძლება რეალურად სჭირდებოდეს ერთ სერვისცენტრს პატარა მუნიციპალიტეტში. ადგილობრივი ხელისუფლება ნეპოტიზმში იხრჩობა, შინაურები ჰყავს დასაქმებული და ხელფასებს არაფრის კეთებაში უხდის. _ ამ სერვისცენტრს რაც ავალია, ის საქმე თუ კეთდება ოზურგეთში? _ რა თქმა უნდა, „კეთდება“. სერვისცენტრის თანამშრომლები გუბერნატორის ეზო-კარმიდამოში მუშაობენ, მის თხილის ბაღებს და ა.შ. ასუფთავებენ. ამის კადრებიც არსებობს და ადამიანებიც არიან, რომლებიც ცდილობენ, სიმართლე ყველასთან არ ილაპარაკონ და სამსახური არ დაკარგონ. თუმცა შინაურებში ყვებიან, რომ როცა გუბერნატორთან მთელი დღის განმავლობაში ამუშავეს, ერთი ლუკმაც არ მიაწოდეს და მშივრები, მონურ მდგომარეობაში ამყოფეს. ამ ადამიანებს არა მხოლოდ გუბერნატორი, მერიც კარგად იყენებს, როცა სჭირდება. აუცილებლად მოვა დრო, როცა აღნიშნულ ქმედებებზე მოკვლევა დაიწყება და ყველაფერი გაირკვევა. მასზე პასუხისმგებლობა არა მარტო მერს, არამედ გუბერნატორსაც და სერვისცენტრის დირექტორსაც მოუწევს, რადგან ბიუჯეტიდან დაფინანსებული პიროვნებები პირადი ინტერესებისთვის გამოიყენეს და მათი უფლებები ყველა ასპექტში დაარღვიეს. ააიპ-ის მუშები ასევე ხეების ქვეშ ბუჩქებს რგავენ. ეს, ალბათ, მერის ახირებაა, თორემ ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ მინახავს. სერვისცენტრიდან ასევე ერთ პირთან დადებული ხელშეკრულებები გამოვითხოვე. აქედან გამოვყოფ რამდენიმე მათგანს: ერთ-ერთ ხელშეკრულებაში წერია, რომ სერვისცენტრმა 2,5 კვ.მ. ნახევარი შუშა 100 ლარად იყიდა, მაშინ, როცა სხვა დროს იყიდა 10 კვადრატი შუშა და თითო კვადრატში 15 ლარი გადაიხადა. გაურკვეველია, რატომ გადაიხადა ამჯერად სერვისცენტრმა 2 კვადრატნახევარ შუშაში ამხელა თანხა, როცა თავადვე აქვს გადახდილი გაცილებით ნაკლები? მეორე ხელშეკრულებაში საუბარია იმაზე, რომ სერვისცენტრმა საკმაოდ მოკლე პერიოდში ორჯერ შეიძინა პური, ერთხელ _ 1260 ლარის და მერედ _ 1160 ლარის, თუმცა გაურკვეველია, რისთვის შეიძინა? ვეჭვობ, რომ ძაღლებისთვის, თუმცა რა რაოდენობის პურია ამ თანხით ნაყიდი, ერთ პურში დახარჯა ამხელა თანხები, თუ ასში, ვერც დოკუმენტით და ვერც სიტყვიერად ვერ გავარკვიე. იმდენად ბუნდოვანი და არაფრისმთქმელი ხელშეკრულებაა, რომ ბევრ ეჭვს ბადებს. ექვსი თვის განმავლობაში სერვისცენტრმა უამრავი სახის სამეურნეო საქონელი იყიდა. _ მაინც, რა იყიდა? _ ძალიან ხშირად ერთი და იგივე ნივთი _ ბენზოცელის ძაფი, ვედრო, ტარი, ბალახის საჭრელის ნაწილები და სხვ. ასეთი კონტრაქტები შესყიდულია ერთ პირთან მოლაპარაკებით. რა თქმა უნდა, ეს საქონელი სერვისცენტრს იმიტომ სჭირდება, საქმიანობა სრულფასოვნად რომ განახორციელოს, მაგრამ ბუნდოვანი და გაუგებარია, წლის დასაწყისში რატომ ვერ გეგმავს სერვისცენტრის დირექტორი სწორად და რატომ სჭირდება ყოველთვიურად იგივე რაოდენობისა და დასახელების საქონლის ყიდვა? ასეთი გეგმა ხომ წლის დასაწყისში უნდა დაიწეროს, რათა მასზე ტენდერი გამოცხადდეს და თანხები დაზოგონ? ჩემი გონივრული ეჭვით, ერთ პირთან მოლაპარაკებებით გაფორმებული ხელშეკრულებები კარგი იარაღია, რომ რაც შეიძლება მეტი ფული გაათეთრონ, არ გააკეთონ ეკონომია, სურვილისამებრ დადონ ხელშეკრულებები, კონკრეტული მეორე მხარე იყოს მისაღები, მოსაწონი და მას ბიუჯეტის ხარჯზე ააწყობინონ ბიზნესი. აღნიშნული დოკუმენტებიდან ისიც ირკვევა, რომ სერვისცენტრმა მსუბუქი ავტომანქანა 10 თვით იქირავა და თანხას ბიუჯეტი იხდის, თუმცა რისთვის სჭირდება ეს ავტომანქანა, არ ჩანს. ვსვამ კითხვას, _ თუ მას ავტომანქანა სჭირდებოდა, რატომ არ გამოაცხადა ტენდერი, იქნებ, უფრო ნაკლებ ფასად ექირავა? შეიძლება, სერვისცენტრის დირექტორის მომსახურებისთვის დაიქირავეს, მაგრამ ამ ადამიანს საკმოდ სოლიდური ხელფასი აქვს, ოზურგეთი კი პატარაა და შეეძლო, საკუთარი ავტომანქანითაც გადაადგილებულიყო. სერვისცენტრიდან მერიამდე პატარა მანძილია, ხალხზე და ბიუჯეტზე მზრუნველი დირექტორი ფეხითაც მშვენივრად იმოძრავებდა. დასკვნა: აღნიშნული ადამიანები იმისთვის მოვიდნენ, რომ ხალხის ხარჯზე მოიწყონ კომფორტი, არაფერი მოაკლდეთ, ხალხი კი იმ მდგომარეობაში იყოს, როგორშიც ოზურგეთში არიან. ასევე გამოვითხოვე მერიის ერთ პირთან დადებული კონტრაქტებიც და უკვე 6 თვის დოკუმენტები მომაწოდეს. _ იქაც დარღვევებია? _ მერმა ოზურგეთში 3 და 8 მარტისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო საღამო-ვახშამი გამართა და ამ ღონისძიებებისთვის 3 ათას ლარზე მეტი თანხა გადაუხადა საკუთარ საბანკეტო დარბაზს! დიახ! რესტორანი-საბანკეტო დარბაზი „ელეგანტი“ ეკუთვნის ქალაქ ოზურგეთის მერს _ ბეგლარ სიორიძეს და ეს მას დეკლარაციაშიც აქვს მითითებული, ამიტომ ვერ უარყოფს. დოკუმენტში ისიც წერია, რომ 3 და 8 მარტის სადღესასწაულო ვახშმის თანხა საკუთარ ბიზნესს ბიუჯეტიდან გადაურიცხა. ამ პიროვნებას ეს თანამდებობა იმიტომ სჭირდება, რომ საკუთარი ბიზნესი ააყვაოს. ეს მომსახურება მან ერთ პირთან მოლაპარაკების გზით იყიდა და არა ტენდერით, რადგან ოზურგეთში სხვა დარბაზებიც არის და რესტორნებიც, სადაც გაცილებით ნაკლები თანხით შეიძლებოდა გაეკეთებინათ ეს ყველაფერი. მან საკუთარ თავს თავად გადაურიცხა ბიუჯეტის ფული და ეს თუ დანაშაული არ არის, შესაბამისმა უწყებებმა გვითხრან. ბიძინას ქვეყანაში მერები ამას თავისუფლად აკეთებენ. ასევე მერიამ ხელშეკრულება დადო ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, რომლითაც 3 ფეხსაწმენდი „სემერუ“ იყიდა და თითოეულში 199 ლარი გადაიხადა. ასევე შეიძინა დასადგამი საფერფლე 2 ცალი 73 ლარად. ჯამში გადაიხადა 800 ლარამდე. ფეხსაწმენდები დიდ ბაზრობებზე 5 ლარი ღირს, მაგრამ ბეგლარ სიორიძეს როგორ ეკადრებოდა იაფფასიან ფეხსაწმენდზე ფეხის გასუფთავება? გარდა ამისა, დოკუმენტებით ირკვევა, რომ მერიამ 496 ლარად ყავის მაგიდა შეიძინა; 16 თებერვალს ძვირადღირებული რბილი სამეული შეიძინა თბილისში, „ნოვასტილ ჯორჯიაში“ 2800 ლარად და ცალკე სავარძელი _ 249 ლარად; თბილისიდან ტრანსპორტირებაში კი 350 ლარი გადაიხადა. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მერის გარემონტებულ კაბინეტში დაიდგა. _ ოზურგეთში ავეჯის მაღაზია არ არის, ტრანსპორტირებაში რომ არ დაეხარჯა ასეთი სოლიდური თანხა? _ ეკადრებოდა მერს ოზურგეთის მაღაზიაში რამის ყიდვა? აღარაფერს ვამბობ მერის მოადგილეებისა და ვიცე-მერების რბილ სავარძლებზე, მაცივარზე, რომელიც ასევე ახალი შეიძინეს. მოკლედ, სიორიძემ სრული კომფორტი შეიქმნა, რათა ძვირადღირებული საშუალებებით გაიგრილოს ყელი პოლიტიკურად ცხელ ზაფხულში და ხალხის ხარჯზე არაფერი დაიკლოს, რათა, მხოლოდ და მხოლოდ, საკუთარ ბიზნესზე იზრუნოს კარგად. ოზურგეთში უამრავი ოჯახია, სადაც ბავშვები მიწაყრილზე დადიან, იქ სძინავთ და მათ ეუბნებიან, რომ ბიუჯეტში ფული არ არის, ამიტომ ვერ დაეხმარებიან. „თევზი თავიდან ყარს“. როგორც იქცევა სიორიძე, ისე იქცევიან სხვებიც და სრული განუკითხაობა, ქაოსი და ფულის გაუგებარი ხარჯვაა. მკითხველმა კარგად იცის, რომ ჩვენ ხშირად ვბეჭდავთ ბეგლარ სიორიძის „საქმენი საგმირონის“ „ქრონიკა+“-ში, თუმცა იმის ნაცვლად, რომ ამ ყოველივეზე ვინმეს პასუხი მოეთხოვა, მოკვლევა დაწყებულიყო, ვინმეს რეაგირება გაეკეთებინა ხელისუფლებიდან, ამ მერს ჩააბარეს ოზურგეთში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა. ოზურგეთელებმა ძალიან კარგად იციან, როგორც უხელმძღვანელებს სიორიძე საარჩევნო შტაბს. დარწმუნებული ვარ, ოზურგეთშიც იგივე მოხდება, რაც _ კორცხელში, რადგან სიორიძეს ვინც იცნობს, ყველა დამეთანხმება, რომ ეს ადამიანი არის არაეთიკური, არაკულტურული, მოძალადე, გაუწონასწორებელი და მისთვის პრობლემის გადაჭრა და მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მუქარით, შეურაცხყოფით, ქურდულ-ძველბიჭურად საქმის გარჩევით. ოზურგეთში ამბობენ, რომ მისი შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნა კახი კალაძის გადაწყვეტილება იყო და რაც კალაძეა, ის არის სიორიძეც, რომელიც ასევე სპორტსმენია, ძველი მოჭიდავე. მინდა მივმართო ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და ვთხოვო, რომ აქტიურად ჩაერთონ წინასაარჩევნო პროცესებში და სიორიძეს არ მიეცეს იმის შანსი, რომ მეორე კორცხელი მოაწყოს ოზურგეთში. _ ბიძინა ივანიშვილმა ახლახან ჟურნალისტებთან შეხვედრისას კვლავ გაიხსენა „ლეიბორისტებისა“ და ოზურგეთელი ბავშვების საპროტესტო აქცია გასართობ ცენტრ „ციცინათელასთან“, სადაც ბავშვებმა მას უთხრეს, _ ბიძინა ბიძია, ნუ წაგვართმევ ბავშვობასო. ასე როგორ აწყენინეთ, რომ ამ ამბავს არ გივიწყებთ? _ სხვათა შორის, ეს საპროტესტო პლაკატი ბავშვებთან ერთად დაიწერა, მათი ნათქვამი იყო და არა _ ჩემი. ასე ძალიან თუ სძულდა ბავშვები, ვერ წარმოვიდგენდი, რადგან მათი უწყინარი მოთხოვნა, რომ მის გასართობ ცენტრში თვეში, ან ორ თვეში ერთხელ დაწესებულიყო შეღავათები, ფასები დაეკლოთ, რათა მშობლებს მიეყვანათ და გართობილიყვნენ, ვერაფრით დაივიწყა და ეს განცხადება არ აპატია. ამ აქციის გამო ხან „ქრონიკა+“-ის რედაქტორს უტევს, ხან „რუსთავი 2“-ს და ეუბნება, _ ამაში თქვენ ხართ სწორედაც დამნაშავენიო. არადა, ბავშვების ნათქვამი იყო. რადგან ბავშვების თხოვნა აქამდე არ გაითვალისწინა, რომ მათთვის ატრაქციონები გაეიაფებინა, ან თვეში რამდენიმე დღე ყოფილიყო უფასო, ახლაც არ გააკეთებს ამას. ამ გაჭირვებულ ქვეყანაში 5-10 ლარი ღირს ატრაქციონები „ციცინათელაში“, მაგრამ  ივანიშვილი ამაში საკუთარ თავს კი არ ადანაშაულებს, სხვას ებრძვის. დიახ, ეს აქცია ჩატარდა და არაფერ შუაშია არც „ქრონიკა+“ და არც „რუსთავი 2“, შუაშიც და თავშიც ვართ ბავშვები და ჩვენ, „ლეიბორისტული პარტია“. ივანიშვილს ვპირდები: ამ წელსაც თუ იგივე განმეორდა „ციცინათელაში“, უფრო მასშტაბურ აქციას ჩავატარებთ მის პარკთან. ასე რომ, რამდენიც არ უნდა თქვას, რომ ხალხზე და ბავშვებზე ზრუნავს, ეს აბსურდი იქნება და ამის მაგალითად „ციცინათელაში“ ატრაქციონის ფასები გამოდგება. აქედანაც კარგად ჩანს, როგორ ზრუნავს ივანიშვილი ხალხზე, როგორ აპირებს დანაპირების შესრულებას და რა მიდგომები აქვს საზოგადოებასთან. _ ამას წინათ გვითხარით, რომ ივანიშვილს ყბადაღებული ტიტის ხე უხმებოდა. ხომ არ იცით, ახლა როგორ არის? _ დიახ, ვიცი. მაშინ მითხრეს, რომ ტიტა ხმებოდა. მას მერე შევძელი და ივანიშვილის მომსახურე პერსონალს გავესაუბრე. ისინი შიგნით, ტიტასთან ახლოს საქმიანობენ. მათგან ვიცი, რომ არაერთხელ მოუყვანეს ტიტას „დოხტურ- სპეციალისტები“, რომლებიც თავზე დაჰკანკალებენ ხეს. ამის მერე მეც მივედი და ტიტა არც ისე შორიდან მოვინახულე, რადგან ძალიან მაინტერესებდა, ეს ჭორი იყო თუ სინამდვილე? მას ფოტოც გადავუღე და ახლა ექსკლუზიურად გაძლევთ მხოლოდ თქვენ. არ ვარ სპეციალისტი, რომ ზუტად შევაფასო ხის ჯანმრთელობა, მაგრამ რაც ვნახე, იმას გეტყვით: ხეს ქვედა ტანი მთლიანად ჩამოსხეპილი აქვს და მხოლოდ ზემოთღა დარჩა ტოტები. შიდა წყაროს თქმით, ასე მკურნალობის გამოა და ქვედა ტოტებიც იმიტომ მოაცილეს, რომ მკურნალობით გადაარჩინონ. თუმცა, ერთი შეხედვით, ის ჯანსაღად არ გამოიყურება და მეტად დაღონებული ჩანს. როგორც მითხრეს, თუ ზაფხულის სიცხე გადაიტანა, გადარჩება, თუ არადა... ასე რომ, ცხელი ზაფხული ტიტას წინ აქვს. სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი უამრავ ფულს დახარჯავს ხის მკურნალობაშიც! ეს იმ დროს, როცა ამ მხარეში ძალიან ბევრი ადამიანი უწამლობით, უექიმობით გვიკვდება. მამები თავს იკლავენ, რომ მათი გარდაცვალების შედეგად შემოსული ფულით შვილებმა იმკურნალონ და ოპერაციები გაიკეთონ. ასეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, ივანიშვილს მიმართავენ და იქ ეუბნებიან, რომ ეს მათი პრეროგატივა არ არის. ჩემ ირგვლივ არ არსებობს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ მკურნალობა ივანიშვილმა დაუფინანსა. არადა, იმდენი მომაკვდავი ავადმყოფია, რომლებიც ვერ იკეთებენ ოპერაციას, ვერ მკურნალობენ, რამდენიც გაგიხარდებათ. მეოთხე საუკეთესო წელს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ ადამიანებს უზრუნველ ცხოვრებას ჰპირდებოდა, იმაზეა გადასული, როგორ უმკურნალოს ტიტას. გურიაში ყოველი მეორე ლაპარაკობს, რომ მან ტიტას ფესვებში 10 ტონა საუკეთესო, დარჩეული ხორბალი ჩაუყარა. მათ ზოგჯერ შვილების საჭმელი პურიც არ გააჩნიათ და ამიტომაც არიან გაგიჟებულები.   „ქრონიკა+” ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა, მაგრამ ტრადიციულად – ოზურგეთის მერია და ბატონი ბეგლარ სიორიძე ნათია შარაშენიძის განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებენ. სამაგიეროდ, გუბერნატორის პრესსამსახურში განმარტეს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება სერვისცენტრის თანამშრომლების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება.    

                                                                         ნელი ვარდიაშვილი

     

გაზიარება