ვის წარადგენენ პარტიები ქუთაისის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატებად, ჯერჯერობით, ოფიციალურ დონეზე უცნობია. ამ დროისთვის ღიად მხოლოდ კახა კუკავას თანამებრძოლის, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელის, გოგი წულაიას კანდიდატურა სახელდება. თავად წულაია აღნიშნულს არ უარყოფს, მაგრამ საარჩევნო მარათონში ჩაბმას მხოლოდ ერთი პირობით აპირებს.
„ქრონიკა+“-ს გოგი წულაია ესაუბრება:
_ ბატონო გოგი, თქვენ დასახელდით მაჟორიტარობის კანდიდატად. გადაწყვეტილება საბოლოოა?
_ დავსახელდი, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. მთელი ეს პერიოდი ვამბობ და ყველა არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას მოვუწოდებ, რომ თუკი არ გაკეთდება ბლოკი, ან მაჟორიტარებთან დაკავშირებით რამე სისტემა არ შემუშავდება, ამ საკითხში არ იქნება ერთი ხედვა, 73 ოლქიდან უმეტესობაში მეორე ტური გაიმართება. სამწუხაროდ, არც ქუთაისსა და არც საქართველოში არ არიან ისეთი ლიდერები, რომლებიც პირველივე ტურში 50%-ს აიღებენ. დარწმუნებული ვარ, ყველა ოლქში პირველ-მეორე ადგილზე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები გავლენ. დანარჩენ პარტიებს შანსი არ გააჩნიათ, თუკი რაღაც ძალიან გამოკვეთილი ლიდერი არ დასახელდა სადმე. ჩემი აზრით, ოპოზიცია წაგებული დარჩება და ამიტომ შეიძლება უარი ვთქვა და მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. თუ შევხედავ, რომ უნდა წავაგო, ტყუილად უნდა ვიწვალო, ტყუილად უნდა ვარბენინო მეგობრები თუ თანამოაზრეები, მაშინ აღარ მიღირს. მერამდენე წაგება უნდა ვიგემო?
_ როგორ წარმოგიდგენიათ გაერთიანება?
_ მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ძალიან დიდი გაერთიანება და ყველა შედიოდეს მასში თავის ალასანიანად, ნინო ბურჯანაძიანად, „ლეიბორისტებიანად“ და ბოდიში გამოთქმისთვის, მაგრამ თავის ხარახურიანად, თუ რამე არსებობს ამ ქვეყანაში.
_ ამდენი განსხვავებული იდეოლოგიის პარტია ერთად წარმოგიდგენიათ?
_ რა თქმა უნდა, მათ განსხვავებული იდეოლოგია აქვთ და ეს იდეოლოგია მერე პარლამენტში აფრქვიონ, რამდენიც უნდათ. ის, რომ რაღაცნაირად უნდა დაბალანსდეს სიტუაცია და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ თავისი ადგილი (ისეთი, როგორსაც იმსახურებენ) მონახონ „ნაცებმაც“ და „ოცნებამაც“, ეს არის მთავარი. მე არ ვამბობ, რომ გინდა თუ არა საარჩევნო ბლოკი გაკეთდეს. უნდა შემუშავდეს სხვა რაღაც სისტემა, რაც საშუალებას მოგვცემს მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებისა. გადაინაწილონ ოლქები და ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ. ბუნებრივია, ეს პარტიულ ხმებზე გავლენას იქონიებს, მაგრამ შენ თუ მიცხადებ, ქვეყნის გადარჩენა მინდაო, თავი მოგაქვს ამ ქვეყნის ანგელოზად და მხსნელად, მაშინ კეთილი უნდა ინებო და გადადგა ეს ნაბიჯი. აპრიორი იცი, რომ წაგებულ ომში მიდიხარ. გამოვიდეს ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და დამიმტკიცოს, რომ ასე არ იქნება!
_ ეს პარტიის მოსაზრებაა, თუ გოგი წულაიასი?
_ რაღაც დონეზე ამ პოზიციას კახა კუკავაც იზიარებს, მაგრამ ეს პირადად ჩემი მოსაზრებაა. პირველ-მეორე ადგილს აიღებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ოცნება“. ამის დასაპირისპირებლად აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
_ დარწმუნებული ხართ, რომ ქუთაისშიც ანალოგიური სცენარით დასრულდება არჩევნები?
_ რა თქმა უნდა. გინდა, ბურჯანაძის, გინდა, ლეიბორისტების, გინდა, ჩემი პარტიის კანდიდატები ისეთ პირობებში, როცა საარჩევნო კომისიაში არ გყავს ვინმე, ფულადი რესურსი არ გაგაჩნია და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ვერანაირად ვერ გაუწევენ კონკურენციას „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ოცნებას“. სააკაშვილის გუნდს, თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს და რაც არ უნდა ვხუჭოთ თვალები, ეს ასეა. უყვართ იმ ადამიანებს მიშა, ბატონო და მოკალი თუ გინდა! ისინი ჩვენი თანამოქალაქეები არიან და ვერც დავხოცავთ და ვერც ვაიძულებთ, გადაიყვარონ. სიყვარულში ყველა თავისუფალია. ქუთაისში „ნაცმოძრაობას“ ყოველთვის დიდი ხმები ჰქონდა, ვიდრე თბილისში, ოზურგეთში... ამ ჩერჩეტმა ხელისუფლებამ კი იმდენი მოახერხა, რომ ოზურგეთი, რომელიც „ანტინაციონალური“ იყო, ერთ უბანში წააგო. თუკი ქუთაისის სამივე ოლქთან დაკავშირებით ოპოზიციურმა პარტიებმა რადიკალური ღონისძიებები არ გაატარეს, არჩევნები ჩაივლის და თავად დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სისწორეში. ახლა ასეთ პირობებში, როცა გარანტიები არ არსებობს, ნამდვილად არ ვაპირებ მაგათ გალამაზებას და ხელის შეწყობას საარჩევნო ბიულეტენში საკუთარი გვარისა და სახელის დაფიქსირებით.
_ ვინ უნდა წარადგინონ ასეთი უკონკურენტოები „ოცნებამ“ და „ნაციონალურმა“ მოძრაობამ?
_ ავტოქარხნის სარჩევნო ოლქში ქუთაისის მერი შოთა მურღულია იყრის კენჭსს; დანარჩენ 2 ოლქში ვის წარადგენენ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვიცი. „ნაციონალების“ რეიტინგი რომ ამ ქალაქში მაღალია და, სადღაც, 28%-მდე ადის, ფაქტია. ყველა არჩევნებმა აჩვენა, ჩემდა სამწუხაროდ. „ოცნების“ რეიტინგი კატასტროფულად რომ დაეცა, ესეც ფაქტია. მხოლოდ და მხოლოდ, ადმინისტრაციული რესურსი აქვთ და ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებენ. ქალაქის ხელისუფლება მტვერსა და ბუღში გვაცხოვრებს რამდენიმე თვეა. ჩაფიქრებული აქვთ, გადათხრილ და ნაფრონტალ ქუჩებს საარჩევნოდ შეესიონ, _ არჩევნების წინ დაიწყება ასფალტის დაგება და ამით ათეულობით ადამიანს გააბრიყვებენ, მაგრამ რაც არ უნდა ურტყან ასფალტს თავი, ჩემი აზრით, ქუთაისში „ნაციონალებისა“ და „ოცნების“ ძალები მაინც თანაბარია.
_ ბოლო მოვლენებმა საზოგადოება შეაშინა. როგორ ფიქრობთ, რამდენად მშვიდი არჩევნები გველოდება ქუთაისში?
_ ჩვენდა სასახელოდ, ქუთაისი, ასე თუ ისე, მეტად სტაბილურია. იმ დოზის ჩხუბები, რაც დანარჩენ საქართველოშია მოსალოდნელი, სამეგრელოში, თბილისში, კახეთსა და სხვა, ქუთაისში არა მგონია, იყოს. მაგრამ ჩხუბის გარეშე არ ჩაივლის და არც არასოდეს ჩაუვლია არჩევნებს. მით უმეტეს, 4 თვით ადე რომ ასე ძაბავს „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთში ურთიერთობას, ეს ნამდვილად მოსალოდნელია. სამწუხაროდ, უკვე დაწყებული აქვს ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. გაზეთი დაგვიბეჭდეს ფერადი ფოტოებით ცარცის ქაღალდზე და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ქალაქის უბნებში ძღვენივით არიგებენ. ესეც უკვე იმაზე მიანიშნებს, რომ მაქსიმალურად გამოიყენებენ ბიუჯეტს. ის, რომ ააიპ-ებში, სხვადასხვა შპს-ში ხელშეკრულებით დაიწყეს ადამიანების აყვანა, ესეც იმის მანიშნებელია, რომ მაქსიმალურად იჭიდავებენ თბილი სკამების შესანარჩუნებლად. უზნებობაა, როცა ადამიანს ხელშეკრულებით აფორმებ სახელმწიფო სტრუქტურაში და ჩემ მიერ ბიუჯეტში შეტანილ ფულს იმისთვის უხდი, რომ მერე იმან ხმები გამიყალბოს და ამ უზნეობის გზას ადგას დღეს ხელისუფლება.
ხვიჩა ვაშაყმაძე