სახელმწიფო შესყიდვებით გაფორმებული ხელშეკრულებების მოცულობა ბოლო 3 წლის განმავლობაში შეადგენს საქართველოს მთლიანი ბიუჯეტის 30-33%-ს. 2015 წელს იგი ბიუჯეტის 33% იყო და დაახლოებით 3 მილიარდი ლარი შეადგინა.
შესაბამისად, ადვილი დასანახია, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, თუ რამდენად აკურატულად ხდება მიმწოდებლებზე ხელშეკრულებების გაფორმება.
მთავარი პრინციპები, რაც სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დროს უნდა იყოს დაცული, ეს არის:
• ეფექტიანობა და ეკონომიურობა;
• შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვა;
• სამართლიანობა;
• ბიზნესის განვითარებისთვის ხელშეწყობა.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო შესყიდვები არის ეკონომიკის წახალისების მძლავრი და ეფექტიანი ინსტრუმენტი და სახელმწიფო გვევლინება, როგორც ერთ-ერთი, უდიდესი დამკვეთი.
იმისათვის, რომ მთავრობის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან გამოირიცხოს პროტექციონიზმი, აგრეთვე თანხების არამიზნობრივი, არარაციონალური ხარჯვა, კორუფცია და მექრთამეობა, ამისათვის ყველა განვითარებული, ცივილიზებული ქვეყანა იყენებს ღია კონკურენტული ტენდერის გზას, სადაც ყველა ბიზნესმოთამაშეს, შესაბამისი გამოცდილებით, საშუალება ეძლევა, თანაბარ პირობებში გაეცნოს სატენდერო განცხადებებს, მიიღოს მონაწილეობა ტენდერში, გაიმარჯვოს და გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.
შესყიდვები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად:
• სამუშაოების შესყიდვა;
• საქონლის შესყიდვა;
• საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა.
სამივე მიმართულებას აქვს თავისი შესყიდვის მეთოდები და პროცედურები.
კანონი საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ითვალისწინებს ელექტრონული ტენდერის (ვადა 21 დღე), გამარტივებული ელექტრონული ტენდერის (მინ. 3 დღე), ელექტრონული პროცედურისა და გამარტივებული ხელშეკრულების დადების წესს (უტენდეროდ, ერთ პირთან მოლაპარაკებით).
საქართველოს შესყიდვების ოდენობის 3 000 000 000 ლარიდან, პირდაპირი წესით, ანუ ტენდერის გარეშე 1 000 000 000 ლარზე მეტი ხელშეკრულება ფორმდება.
ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ 1 მილიარდი ლარიდან, სინამდვილეში, მხოლოდ 10%-ის შესყიდვა იყო შესაძლებელი უტენდეროდ, დანარჩენი კი, შეგნებულად, „გაპრავებულია“ კანონის შესაბამისი მუხლით და კორუფციული გარიგების დადებისთვის მანიპულირება ხდება.
2014, 2015, 2016 წლებში მიმდინარე ხელშეკრულებების მონიტორინგი ჩავატარეთ. შედეგები შემაშფოთებელია. კერძოდ, სახელმწიფო თანხები არარაციონალურად იხარჯება, თითქმის ყველა სამინისტროში, სახელმწიფო შპს-ში და სახელმწიფო სსიპ-ში, ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების ყველა შტოში გამეფებულია კორუფცია.
ჩვენი აზრით, პირველ რიგში, დამნაშავე არიან, რა თქმა უნდა, შემსყიდველი სამინისტროები და შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მაგრამ ძირითადი პასუხისმგებელი, დამნაშავე, ხელშემწყობი არის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
სახელმწიფო შესყიდვების კანონის მიხედვით, სწორედ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოა პასუხისმგებელი:
• სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის შემუშავებაზე;
• შესყიდვების ზუსტი პროცედურების გაწერაზე;
• შესყიდვების მონიტორინგზე.
ამისთვის მას შექმნილი აქვს შესაბამისი სტრუქტურები და წესით, ისინი უნდა ახორციელებდნენ შესაბამის მონიტორინგს. ქვემოთ ჩვენ მიერ მოყვანილ მაგალითებში ცხადად გამოჩნდება, რომ მონიტორინგი არ ხორციელდება და დანაშაული შეგნებულად იმალება, რითაც ხელი ეწყობა კორუფციული ხელშეკრულებების დადებას.
ჩვენი კვლევის შედეგები უახლოეს პერიოდში დაიდება ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე WWW.PMTC.ORG.GE, მანამდე კი პერიოდულად შემოგთავაზებთ, სამინისტროების მიხედვით, კორუფციული გარიგებებისა და თანხების ფლანგვის კონკრეტულ მაგალითებს.
დავიწყოთ ჯანდაცვის სამინისტროთი (მინისტრი დავით სერგეენკო):
მომსახურების სააგენტომ 2014 წლის 21 ოქტომბერს გააფორმა ხელშეკრულება შპს „უნივერსალ ფუდთან“, რომელიც შეიქმნა 4 კვირით ადრე, 2014 წლის 23 სექტემბერს. ამ კომპანიას არ ჰქონდა არანაირი გამოცდილება; საერთოდ, ეს იყო ამ კომპანიის პირველი კონტრაქტი და მას ხელშეკრულება გაუფორმდა 962 394, 63 ლარზე, თითქმის მილიონ ლარზე. აქ ტენდერი არ გამოცხადებულა, ხელშეკრულება გაფორმდა უტენდეროდ. საინტერესოა, საიდან გაიგო ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, რომ ასეთი ფირმა არსებობდა და რატომ მოიწვია საერთოდ? ეს ერთი! შემდეგ: ნებართვა, რომ ეს ხელშეკრულება გაფორმებულიყო ტენდერის გარეშე, გასცა საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 14 აპრილს და, შესაბამისად, შესაძლებელი იყო ჩატარებულიყო 5 სრულფასოვანი ტენდერი. მთავრობამ მიიღო ეს განკარგულება სახელმწიფო შესყიდვების კანონის მე-10 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტის დ ქვეპუნქტის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადაში ჩატარებს.
რომ შევაჯამოთ: 2014 წლის აპრილში მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომ შეზღუდულ ვადებში სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიების ჩასატარებლად ჯანდაცვის სამინისტროს მიეცეს ნება, არ ჩაატაროს ტენდერი და გააფორმოს ხელშეკრულება. ამის შემდეგ გადის 6 თვე (რა შეზღუდულ ვადებზეა საუბარი!) და ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო მნიშვნელობის ხელშეკრულებას უფორმებს 4 კვირის გახსნილ კომპანიას, რომელსაც არც ოფისი გააჩნია, არც გამოცდილება და არავინ იცის, რას და როგორ შეასრულებს!
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას სამინისტროსთვის უნდა მიეწოდებინა „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის 2014 წლის პროგრამის“ მიხედვით, ბავშვთა ტანსაცმელი, პერანგები, შარვლები, სადილის მოწყობილობები (ჩანგლები, კოვზები და ა. შ.).
ანუ ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლი იყო და ნახეთ, როგორ მუშაობს სისტემა?! _ ჯერ მთავრობის სხდომაზე გააქვთ, უტენდერო შესყიდვაზე ნებართვას იღებენ, 6 თვის მერე ფირმა იხსნება და ხელშეკრულება უფორმდება. კლასიკური კორუფციული სურათი!
მაგრამ ამით არ მთავრდება: ამავე კომპანიას, შპს „უნივერსალ ფუდს“, კიდევ იმავე 2014 წლის 26 დეკემბერს და 2015 წლის 6 მარტს ჯანდაცვის სამინისტრო უფორმებს, შესაბამისად, 202 105 და 195 000 ლარზე ხელშეკრულებებს.
მაგრამ უფრო საინტერესო კიდევ წინ არის: ამ „უნივერსალ ფუდის“ დამფუძნებელი არის ვინმე ეკა გამყრელიძე, წილით 97,5%, პირადი ნომერი 01030014137. ეს პიროვნება ამ ხელშეკრულებების დადებამდე ამ ფირმიდან გამოდის და აფუძნებს კიდევ ახალ ფირმას, შპს „ლაქი“. ჯანდაცვის სამინისტრო უკვე ამ კომპანიასთან იგივე სცენარით აფორმებს იგივე კორუფციულ ხელშეკრულებებს თანხებით: 605 020, 240 000 ლარზე.
ერთი შეიძლება ითქვას: თუ ხარ სახელად და გვარად ეკა გამყრელიძე, ჯანდაცვის სამინისტროში კონტრაქტები უტენდეროდ გარანტირებული გაქვს.
ახლა შევაჯამოთ: ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, კანონის ყველა წესისა და საერთაშორისო პრაქტიკის დარღვევით, კორუფციული კონტრაქტი გააფორმა, რაც სააგენტოს ხელმძღვანელმა გაატარა, გაატარა მინისტრმაც, გაატარა შიდა აუდიტმაც და აგრეთვე აუდიტის სამსახურმაც, შსს-სა და სუს-ის შესაბამისმა სამსახურებმა და პროკურატურამაც, აგრეთვე გაატარა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომაც. ეს ხელშეკრულებები 2014 წელს დაიდო, შესაბამისად, მომკითხავი მოიკითხავდა! ეს არის კლასიკური მაგალითი სისტემური პრობლემისა და ასეთი კორუფციული გარიგება უამრავია.
შემდეგი მაგალითი გახლავთ იგივე ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები შპს „სამედიცინო საექსპერტო კომისიასთან“.
განვიხილოთ, რას ემსახურება ეს ხელშეკრულება? მოგეხსენებათ, თავდაცვის სამინისტრო ყიველწლიურად ახდენს გაწვევას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. წვევამდელებს სამედიცინო ექსპერტიზა უტარდებათ. წინასწარაა ცნობილი, რომ ყოველ წელს, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, სამედიცინო შემოწმება უნდა ჩატარდეს. შესაბამისად, იმის ნაცვლად, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ თადარიგი დაიჭიროს, ტენდერი ჩაატაროს და თანხები დაზოგოს, მაინცდამაინც ერთსა და იმავე კომპანიას, შპს „სამედიცინო საექსპერტო კომისიას“ უფორმებს ყოველწლიურად ხელშეკრულებებს და დებს 2 კონტრაქტს, დაწყებული 2012 წლიდან დღემდე. არ იფიქროთ, ეს კომპანია, სახელის მიუხედავად, რამე სახელმწიფო ორგანიზაცია იყოს, ეს არის 100%-იანი კერძო შპს და მისი მფლობელია ვინმე არჩილ გედენიძე პ/ნ 01024008424. ქვემოთ ცხრილის სახით იხილავთ მასთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს წლების მიხედვით.
ამ შემთხვევას დიდი საერთაშორისო გამოცდილება და ექსპერტობა არ სჭირდება. ყველაფერი ისედაც ნათელია. 4 წლის განმავლობაში არ ატარებ ტენდერს, ერთსა და იმავე კომპანიას აძლევ და თან წლობით ადრე იცი, რომ ეს მომსახურება დაგჭირდება, გაგაქვს მთავრობის სხდომაზე, იქაც „აპრავებენ“, შემდეგ ეს ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე იტვირთება და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო იქაც თვალს ხუჭავს! შედეგად _ დაკარგული მილიონობით ლარი! უფრო სწორად, მოსახლეობისთვის დაკარგული, თორემ, ალბათ, ადვილი მისახვედრია, ვიღაცები ძალიან მდიდრდებიან.
აქ პრობლემა მრავალმხრივია. პირველი: იფლანგება თანხები! მეორე: თანხები არ ნაწილდება სამართლიანად და თანაბრად ბიზნესზე (ყიველთვის ერთსა და იმავე კომპანიას აძლევენ). ეს კორუფცია არის სისტემური და მთავარი დამნაშავე, როგორც მოგახსენეთ, გახლავთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არაკვალიფიციური, უუნარო მენეჯმენტი, რომელიც ამ პროცესების თანამონაწილეა.
ჩვენ რეგულარულად მოგაწვდით სამინისტროების მიხედვით ასეთ ფაქტებს. დარწმუნდებით, რომ კორუფცია მძვინვარებს და ნაცვლად ელიტარული კორუფციისა, დღეს მივიღეთ სისტემური კორუფცია სახელისუფლებო ვერტიკალის ყველა დონეზე და სახელმწიფო დაწესებულებების ურთიერთჩართულობით.
დამკვეთი კონტრაქტორი შპს მეპატრონე
100% არჩილ გედენიძე კონტრაქტის თანხა კონტრაქტის გაფორმების თარიღი
ჯანდაცვის სამინ ისტრო შპს სამედიცინო საექსპერტო კომისია 100% არჩილ გედენიძე 367`595 01.08.2012
ჯანდაცვის სამინ ისტრო შპს სამედიცინო საექსპერტო კომისია 100% არჩილ გედენიძე 200`000 27.11.2012
ჯანდაცვის სამინ ისტრო შპს სამედიცინო საექსპერტო კომისია 100% არჩილ გედენიძე 400`000 06.02.2013
ჯანდაცვის სამინ ისტრო შპს სამედიცინო საექსპერტო კომისია 100% არჩილ გედენიძე 351`550 15.11.2013
ჯანდაცვის სამინ ისტრო შპს სამედიცინო საექსპერტო კომისია 100% არჩილ გედენიძე 400`000 12.02.2014
ჯანდაცვის სამინ ისტრო შპს სამედიცინო საექსპერტო კომისია 100% არჩილ გედენიძე 480`000 18.08.2014
ჯანდაცვის სამინ ისტრო შპს სამედიცინო საექსპერტო კომისია 100% არჩილ გედენიძე 450`000 04.02.2015
ჯანდაცვის სამინ ისტრო შპს სამედიცინო საექსპერტო კომისია 100% არჩილ გედენიძე 450`000. 11.08.2015
ჯანდაცვის სამინ ისტრო შპს სამედიცინო საექსპერტო კომისია 100% არჩილ გედენიძე 400`000 08.02.2016
ა/ო შესყიდვების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრი
ხელმძღვანელი
გიორგი ბაჯელიძე
,,ქრონიკა+” კომენტარისთვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა:
,,კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში, მიმწოდებლის გამოვლენისა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ არაერთხელ ჩაატარა ბაზრის კვლევა. კერძოდ, სათანადო ინფორმაცია აიტვირთა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (www.spa.ge), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა (www.moh.gov.ge) და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს www.ssa.gov.ge () ვებგვერდებზე. გარდა ამისა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მივმართეთ სუპერ/ჰიპერ მარკეტებს (კარფური, გუდვილი, ლაქი, ნუგეში, ფრესკო, სპარი, სმარტი, უნივერსალ ფუდი, ლიბრე), რათა მათ გამოეგზავნათ შესაბამისი ინფორმაცია. მიუხედავად ბაზრის კვლევის მაქსიმალურად ტრანსპარენტული ხასიათისა, გამოხმაურება მივიღეთ მხოლოდ შპს „ლაქისგან“, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება და მიმწოდებელმა სრული მოცულობით და პირნათლად შეასრულა საკონტრაქტო ვალდებულებანი.
არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის ალტერნატივას წარმოადგენს ტენდერი, რომლის გამოცხადება, პრაქტიკულად, შეუძლებელია ქვემოთ მოყვანილ მიზეზთა გამო:
ბ.ა) კონკრეტული ოჯახებისთვის სათანადო საქონლის გადაცემა ხდება „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი პირველადი დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის“ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებ(ებ)ის შესაბამისად. გადაწყვეტილება, თავის მხრივ, ეფუძნება სააგენტოში შემოსულ განაცხადებს. ამდენად, წლის განმავლობაში შესასყიდი საქონლის სახეობა და მოცულობა წინასწარ ცნობილი არ არის, რაც შეუძლებელს ხდის სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავებას;
ბ.ბ) შესაბამისი საქონლის ელექტრონული ტენდერით შესყიდვის შემდეგ დამაბრკოლებელ გარემოებად გვევლინება სატენდერო პროცედურების ხანგრძლივობა _ ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობა, საუკეთესო შემთხვევაში, 25 კალენდარულ დღეს მოითხოვს;
ბ.გ) იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს მთავრობა დაუშვებს გამონაკლისს და სააგენტოს მისცემს უფლებას, ქვეპროგრამის ფარგლებში აუცილებელი შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, ნაცვლად ელექტრონული ტენდერისა, საკითხის ამგვარად გადაწყვეტას ექნება თავისი უარყოფით მხარეები:
ბ.გ.ა) რამდენიმე კონტრაქტორის არსებობისას, თანმდევი მომსახურების (შესყიდული საქონლის ტრანსპორტირება) ღირებულების ანაზღაურება მოგვიწევს ნაცვლად ერთი მიმწოდებლისა, რამდენიმე ორგანიზაციისთვის, რაც თავისთავად გაზრდის სახელმწიფოს მიერ გასაწევ ხარჯს;
ბ.გ.ბ) ზემოხსენებული კომისიის მიერ გადაწყვეტილებიდან, შესაბამისი საქონლის ბენეფიციარის მიერ მიღებამდე, სულ მცირე, 10-12 სამუშაო დღე იქნება აუცილებელი (გამარტივებული ელექტრონული ტენდერის წინამოსამზადებელი სამუშაოები, გამოცხადება, კონტრაქტის გაფორმება). აღნიშნული კი, თავის მხრივ, ბენეფიციართა სამართლიან უკმაყოფილებას გამოიწვევს;
ბ.გ.გ) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი შესყიდვების უდიდესი მოცულობის გათვალისწინებით, საჭირო იქნება მეტი ადამიანური (სამუშაო დრო) და მატერიალური რესურსი.
რაც შეეხება შპს „სამედიცინო საექსპერტო კომისიას“, ის თითქმის 10 წელია, სერვისს აწვდის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, კერძოდ კი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. 2012 წლამდე ამ სერვისს ახორციელებდა #1 სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრი, მოგვიანებით, ამ ცენტრის გასხვისების გამო პროგრამის განხორციელება საფრთხის წინაშე დადგა, რადგან სახელმწიფოს და კერძო მფლობელის ინტერესი ერთმანეთს არ ემთხვეოდა. 2012 წელს სპეციალურად წვევამდელთა მომსახურებისთვის შეიქმნა შპს „სამედიცინო საექსპერტო კომისია“. ის დაკომპლექტდა იმ გამოცდილი კადრებით, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ #1 სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში, მონაწილეობდნენ ამ სპეციფიკური პროგრამის განხორციელებაში და ჰქონდათ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება.
აქვე დავამატებთ, რომ შპს „სამედიცინო საექსპერტო კომისია“ მთელი ამ ხნის განმავლობაში მაღალი სტანდარტებით, კვალიფიციურად და შეუფერხებლად ახორციელებს აღნიშნულ სერვისს და მას ამ სფეროში მუშაობის ექსკლუზიური გამოცდილება აქვს. რაც მთავარია, სახელმწიფოს სერვისი მიეწოდება ყველაზე ოპტიმალურ ფასად და სახელმწიფო იმაზე ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე 2012 წლამდე ხარჯავდა.”